მთავარი,სიახლეები

რა შეუთვალა შოიგუმ რეზნიკოვს და რა უპასუხა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა

24.08.2022
რა შეუთვალა შოიგუმ რეზნიკოვს და რა უპასუხა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა The Washington Post-თან გაიხსენა ომის პირველი დღეები და ის შეთავაზებაც, რომელიც რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელისგან, სერგეი შოიგუსგან მიიღო.

როგორც გამოცემა წერს, 22 თებერვალს რეზნიკოვი ელაპარაკებოდა ბელარუს კოლეგას, ვიქტორ ხრენინს, რომელიც ოფიცრის სიტყვას იძლეოდა და ჰპირდებოდა, რომ რუსეთის ჯარები უკრაინაში ბელარუსიდან არ შეიჭრებოდნენ.

„და მან იცრუა,“ – ამბობს რეზნიკოვი.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ რეზნიკოვმა და ხრენინმა კიდევ ერთხელ ილაპარაკეს ტელეფონით.

ბელარუსის მინისტრმა უთხრა, რომ თავისი რუსი კოლეგის სერგეი შოიგუს გზავნილი ჰქონდა გადასაცემი: თუ უკრაინა კაპიტულაციის აქტს მოაწერდა ხელს, სამხედრო აგრესია შეწყდებოდა.

„მზად ვარ, მივიღო რუსული მხარის კაპიტულაცია,“ – უპასუხა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ოლექსი რეზნიკოვმა ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის იმ ლიდერებს შორის იყო, ვისაც სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მოახლოების არ სჯეროდა.

როგორც The Washington Post-ი წერს, მსგავსი „შეთავაზებით“ დაურეკეს ომის პირველივე დღეს ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს, ანდრეი ერმაკს. მასთან გზავნილი პუტინის უახლოესმა პირმა, დიმიტრი კოზაკმა მიიტანა.

კოზაკმა, რომელიც უკრაინაში დაიბადა და უკვე ორი ათწლეულია კრემლში მაღალ თანამდებობებს იკავებს, ერმაკს უთხრა, რომ დრო იყო, უკრაინა დანებებულიყო, რაზეც ერმაკმა შეიგინა და ტელეფონი გათიშა.

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ გასულ კვირაში გამოაქვეყნა ვრცელი ექსკლუზიური მასალა, რომელშიც მოთხრობილია, რა გეგმები ჰქონდა პუტინს, როგორ აპირებდა ის სამ დღეში კიევის აღებას და პრეზიდენტ ზელენსკის მოკვლას, ასევე, რა მოვლენები უძღოდა წინ უკრაინაში ომის დაწყებას და როგორ ვერ შეძლო შეერთებულმა შტატებმა, დაერწმუნებინა უკრაინის ხელისუფლება და ევროპელი პარტნიორები, რომ ომის საფრთხე რეალური იყო.

24 აგვისტოს ექვსი თვე შესრულდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 24 თებერვალს კიევზე შეტევა სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: