ნეტგაზეთი • RU

დროა, წითელ ჯვარში გაიხსენონ თავიანთი დანიშნულება და იფიქრონ რეპუტაციაზე – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობას მიმართავს და მოუწოდებს, იმოქმედონ უკრაინელი სამხედრო ტყვეების დემონსტრაციული გასამართლების საკითხზე.

მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე, მათ შორის, აზოვსტალის დამცველები, ლეგალურად იცავდნენ საკუთარ ქვეყანას და „მარიუპოლის გალიები“ ოფიციალური რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულია.

6 აგვისტოს მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ, გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები სექტემბერში უკრაინის დამცველების წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლოს გამართვას გეგმავენ. ბოიჩენკოს თქმით, ამ სასამართლოსთვის რუსი ოკუპანტები მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე რკინის გალიებს აწყობენ.

„ყველა სამხედრო ტყვე და განსაკუთრებით „აზოვსტალის“ დამცველები არიან მებრძოლები, რომლებიც კანონიერად იცავდნენ საკუთარ ქვეყანას. მაშასადამე, „მარიუპოლის გალიები“ რუსეთის ომის დანაშაულია ოფიციალურად. დროა, წითელმა ჯვარმა და მისმა პრეზიდენტმა, პეტერ მაურერიმ, გაიხსენონ თავიანთი დანიშნულება და იფიქრონ საკუთარ რეპუტაციაზე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

რუსეთი აპირებს აზოვსტალის დატყვევებული მებრძოლების გასამართლებას. „აზოვის პოლკი“ რუსეთმა  ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან