ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის დასრულდება სამუშაოები გმირთა ხეივანში, სადაც საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ

13.08.2022 • 2097
როდის დასრულდება სამუშაოები გმირთა ხეივანში, სადაც საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ

ბათუმში გმირთა ხეივანში და მის გაგრძელებაზე, ბაგრატიონის ქუჩამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო ხეივნები რამდენიმე თვეა გადაკეტილია.

სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს. ფონდის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ სამუშაოები 2022 წლის სექტემბერში უნდა დაასრულოს.

გმირთა ხეივანი [ჟიული შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთა], ბათუმი / 13.08.2022

ძირითადი სამუშაო, რაც აქ გაკეთდა/კეთდება არის ის, რომ არსებული ბეტონის საფარი აყარეს და ახლით ცვლიან. ჩაანაცვლებენ მცენარეების ნაწილსაც [ხეივნის მთელ სიგრძეზე, მაგალითად, ტყემლის და სხვა ხეები ამოთხარეს და სხვაგან გადარგეს], ახალ ნერგებს კი, ბეტონით გაკეთებულ, ასე ვთქვათ, ქოთნებში ჩარგავენ.

ეს სამუშაოები თითქმის დასრულებულია გმირთა ხეივნის ერთ მონაკვეთზე [ფიროსმანისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთი], სადაც ახალ ხე-მცენარეებს უკვე რგავენ:

გმირთა ხეივანი ბათუმში / ბეტონის „ქოთნები“, რომელშიც ნერგებს რგავენ / 13.08.2022

გმირთა ხეივანი ბათუმში / 13.08.2022

გმირთა ხეივნიდან არდაგანის ტბაზე გადასასვლელი ხიდებიც უნდა მოეწყოს [ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარედ], თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხიდების მშენებლობაზე ცალკე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

საფეხმავლო ხიდები, რომლებიც გმირთა ხეივანს არდაგანის ტბასთან აკავშირებს / ესკიზი ტენდერიდან

 

ტენდერი ფონდს 679 193 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ვრცლად ნახეთ ბმულზე:

კიდევ ერთ საფეხმავლო ხიდს აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთაში ააშენებენ. ხიდი, ესკიზის მიხედვით, რკინის თაღში გაივლის და ის „საბა კონსტრაქშენმა“ უნდა ააშენოს. „ბათუმელები“ კომპანიას ვერ დაუკავშირდა იმის გასაგებად, თუ როდის უნდა დაიწყოს და დასრულდეს ამ საფეხმავლო ხიდის მშენებლობა.

აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთა / საფეხმავლო ხიდი / რენდერი ტენდერიდან

რკინის თაღი, ბათუმი / შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთა / 31.07.2022

ხეივანი შარტავას გამზირზე, სადაც საფეხმავლო ხიდი უნდა აშენდეს / ბათუმი / შარტავას და აბუსერიძის ქუჩების კვეთა / 31.07.2022

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: