მთავარი,სიახლეები

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე რუსებს კვლავ აქვთ მძიმე ტექნიკა – ბრიტანეთის დაზვერვა

25.08.2022 • 1016
ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე რუსებს კვლავ აქვთ მძიმე ტექნიკა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ინფორმაციით, 21 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსებს კვლავ აქვთ დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა.

„ჯავშანტრანსპორტიორები მეხუთე რეაქტორიდან 60 მეტრში დგას. რუსეთის ძალებმა, სავარაუდოდ, სამხედრო ტრანსპორტის შენიღბვა სცადეს და ისინი ჰაერში გაყვანილი მილებისა და სასიგნალო ხიდების ქვეშ დააყენეს,“ – წერს უწყება 25 აგვისტოს რელიზში.

დაზვერვის შეფასებით, რუსეთი მზადაა, ზაპოროჟიეს სადგურთან უკრაინელთა ნებისმიერი სამხედრო აქტივობა თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს.

„ვიდრე რუსეთის არმია იკავებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რეაქტორების ექსპლუატაციის ძირითად რისკებს წარმოადგენს რეაქტორების გაცივების სისტემის დარღვევა, მისი კვების სარეზერვო წყაროების დაზიანება ან შეცდომა, რომელიც შესაძლოა ზეწოლის ქვეშ მომუშავე თანამშრომლებმა დაუშვან,“ – აღნიშნავს უწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზაპოროჟიეს სადგურის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების არსებობა უარყო. 18 აგვისტოს უწყებამ განაცხადა, რომ მზადაა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარუდგინოს ფოტომტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ასეთი შეიარაღება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში მყოფ რუსულ არმიას არ აქვს.

რა ხდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზემოკლედ:

  • 19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში გაეროს მისიის ჩასვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა, თუმცა მივიდნენ თუ არა პრეზიდენტები რაიმე შეთანხმებამდე, უცნობია.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ 19 აგვისტოს, როდესაც უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი იქნებოდა, კიევი ზაპოროჟიეს სადგურზე პროვოკაციას გეგმავდა. უწყების ცნობით, პროვოკაციის მიზანი სადგურის საცავების უსაფრთხოების დარღვევა და რადიაციის გაჟონვის გამოწვევა იყო, რათა ამ ტექნოგენურ კატასტროფაში შემდეგ რუსეთი დაედანაშაულებინათ.
  • აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთი თავად გეგმავდა პროვოკაციას სადგურზე, რათა შემდეგ ის უკრაინისთვის დაებრალებინა.
  • საბოლოოდ, 19 აგვისტოს, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მოსალოდნელი ინციდენტი არ მომხდარა.
  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მზადაა თავად უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც ზაპოროჟიეში ჩავა და იქ შექმნილ სიტუაციას შეისწავლის.
  • უკრაინის ხელისუფლების თქმით, რუსმა სამხედროებმა ატომური ელექტროსადგური დანაღმეს და მუდმივი საარტილერიო დარტყმებით საფრთხეს უქმნიან მას.
  • დასავლური მედიის ცნობით, რუსებმა ატომური სადგურის ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღება და ტექნიკა განალაგეს და სადგურს სამხედრო ბაზად იყენებენ.
  • რუსეთის თავდაცვამ ეს ინფორმაცია უარყო. უწყების თქმით, რუს სამხედროებს ტერიტორიაზე არ აქვთ მძიმე შეიარაღება და მზად არიან ეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სატელიტური ფოტოებით დაუმტკიცონ.
  • „ენერგოატომის“ განცხადებით, რუსებმა არაერთხელ გაუხსნეს სადგურს საარტილერიო ცეცხლი, რათა მისი ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ და ელექტროსადგური უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან გაეთიშათ.
  • მას შემდეგ, რაც 11 აგვისტოს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა სადგურის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.
  • ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის თქმით, ატომურ სადგურზე ავარიის შემთხვევაში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიდან დაახლოებით 400 000 ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო.
  • ექსპერტების გათვლებით, ავარია ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე გამანადგურებელ შედეგებს მოიტანს და ევროპის რამდენიმე ქვეყანას დააზარალებს.
  • რუსმა სამხედროებმა ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავეს.

მთავარ ფოტოზე: დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული სატელიტური ფოტო, რომელზეც მონიშნულია რუსული ჯავშანტექნიკის ადგილმდებარეობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: