ბათუმი,განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმში მე-16 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს – თანხა 1,4 მლნ-ით გაზარდეს

25.08.2022
ბათუმში მე-16 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს – თანხა 1,4 მლნ-ით გაზარდეს

ბათუმში მე-16 საჯარო სკოლის ადგილას ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო თანხა 1 419 013 ლარით გაიზარდა და 17 388 170 ლარია. აჭარის განათლების სამინისტრომ ამ თანხით ხელახალი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

წინა ტენდერი, რომელიც 15 969 157 ლარით იყო გამოცხადებული, არ შედგა – მონაწილეობა არავინ მიიღო. ამ ტენდერში წინადადებების მიღება ივლისის ბოლოს დასრულდა.

ახალ ტენდერში კი, წინადადებების მიღება 2022 წლის 22 სექტემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 27 სექტემბერს დასრულდება. მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან სამ წელში უნდა დასრულდეს. 16 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მე-16 საჯარო სკოლა ავარიულად გამოაცხადეს.

სამინისტროს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 17 388 170 ლარს, დღგ-ს გათვალისწინებით [სავარაუდო განაწილება: 2022 წელი – 500 ათასი ლარი, 2023 წელი – 5,5 მილიონი ლარი, 2024 წელი – 5,5 მილიონი ლარი და 2025 წელი – დანარჩენი თანხა].

„საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია სს „აჭარკაპმშენის“ მიერ, ხოლო ტენდერის გამოცხადებამდე განხორციელდა ხარჯთაღრიცხვის გადაფასება მოქმედი ფასების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია სატენდერო კომისიის 25 აგვისტოს ოქმში. სამინისტრომ ტენდერი დღეს, 25 აგვისტოს გამოაცხადა.

სატენდერო წინადადების ფასის კლების ბიჯად 200 ათასი ლარია განსაზღვრული. ელექტრონული ტენდერი ვაჭრობის დაფარული მონაცემებით [აუქციონის გარეშე] არის გამოცხადებული.

პროექტით უნდა აშენდეს 3-სართულიანი შენობა, გათვლილი 1000 მოსწავლეზე [40 საკლასო ოთახი] ერთ ცვლაში. ახალი შენობა არსებულის ადგილზე უნდა აშენდეს.

მე-16 სკოლა – რენდერი

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა 2021 წლის აპრილში იმდენად დაიბზარა, რომ შეფასდა, როგორც ბავშვებისთვის სახიფათო. მას შემდეგ ამ სკოლის მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი მე-10 საჯარო სკოლაში ტარდება.

ამავე თემაზე:

ბათუმის მე-16 სკოლის მშენებლობაზე 14.9 მილიონი ლარი დაიხარჯება – პროექტირება დასრულდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: