მთავარი,სიახლეები

ოდესის ლიტერატურული ფესტივალი წელს ბათუმში გაიმართება

24.08.2022
ოდესის ლიტერატურული ფესტივალი წელს ბათუმში გაიმართება

ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს ბათუმში გაიმართება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

ფესტივალი ბათუმში 5 ოქტომბერს დაიწყება და 8 ოქტომბრამდე გასტანს.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა მსოფლიოზე.

ბათუმი ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს, როგორც ოდესის პარტნიორი ქალაქი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი, ქართველი, შვეიცარიელი, რუმინელი, პოლონელი, თურქი და სხვა უცხოელი მწერლები და ფესტივალის მონაწილეები. 

ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ქართულ-უკრაინული პოეზიის ღონისძიებებს, საბავშვო ლიტერატურულ პროგრამას, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, დისკუსიებს და მთარგმნელობით სემინარებს.

ასევე, ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ღონისძიება ბათუმში მყოფი იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვებისთვის.

ფესტივალის პროგრამა განხორციელდება ჰიბრიდული ფორმატით; ზოგიერთი უკრაინელი მწერალი მხოლოდ ონლაინღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ყველა ღონისძიება, რომელიც ბათუმში გაიმართება, ხელმისაწვდომი იქნება YouTube და Facebook გვერდებზე.

„ამ ფესტივალით კიდევ ერთი, მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ მხარეს შორის. ამავდროულად, სიმბოლურიცაა, რომ სწორედ ქალაქ ბათუმში, სანაპიროზე, ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ძეგლებია,“ – აღნიშნულია ღონისძიების პრესრელიზში.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: Peter Weiss Foundation for Art and Politics-ი (გერმანია), ქართული ლიტერატურული ინიციატივა და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.

ფესტივალი ხორციელდება Konrad Adenauer Foundation-ის  (გერმანია), Jan Michalski Foundation-ის (შვეიცარია), international literature festival berlin (ilb)-ის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, Prohelvetia-ს (შვეიცარია) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ფესტივალი წელსაც განაგრძობს თანამშრომლობას Odesa Academic Ukrainian Music and Drama Theater named after V. Vasylko-სთან.

ფესტივალის ორგანიზატორები აგრძელებენ მოლაპარაკებებს სხვა დაინტერესებულ პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან.

ფესტივალის სრული პროგრამა გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე.

ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

ფესტივალის მედიამხარდამჭერები არიან: „ბათუმელები“, „ნეტგაზეთი“ და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: