მთავარი,სიახლეები

უახლოეს თვეებში რუსეთი ახალ ტერიტორიებს სავარაუდოდ ვეღარ დაიკავებს – ISW

22.08.2022
უახლოეს თვეებში რუსეთი ახალ ტერიტორიებს სავარაუდოდ ვეღარ დაიკავებს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის პროგნოზით, უახლოეს თვეებში რუსეთი ვერ შეძლებს ერთი რომელიმე შეტევითი ოპერაციისთვის საკმარისი რესურსების გამოყოფას და მეტი ტერიტორიის დაკავებას.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის აღმოსავლეთში დაკარგა საბრძოლო იმპულსი, რომელიც ივლისის ბოლოს მოიპოვა.

ISW-ის შეფასებით, რუსეთი ვერ ახერხებს, ბახმუტისა და ავდეევკის გარშემო მიღწეული ტაქტიკური წარმატება ოპერაციულ წარმატებად აქციოს, რაც რუსეთის არმიის ფუნდამენტური პრობლემაა.

„რუსეთი ვერ იყენებს ტაქტიკურ გარღვევებს საიმისოდ, რომ უკრაინელთა ზურგში იმოქმედოს ან წყობიდან გამოიყვანოს  უკრაინის თავდაცვითი შეიარაღების დიდი ნაწილი. ისინი მუდმივად აძლევენ უკრაინელებს დროს, გავიდნენ ბრძოლიდან და გაიმაგრონ პოზიციები, რომელთა წინააღმდეგაც რუსებს შემდეგ ახალი შეტევების დაწყება უწევთ,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ სწორედ ეს ფაქტორი შეუშლის ხელს რუსეთს, სერიოზულ ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიოს უახლოეს თვეებში, „თუ ბრძოლის ველზე რაიმე გაუთვალისწინებელი ცვლილებები არ მოხდება.“

„რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ გამოყონ საკმარისი რესურსი ერთი რომელიმე შეტევისთვის და აღიდგინონ ტერიტორიული წინსვლისთვის საჭირო იმპულსი, რომელიც მათ ოპერაციულ წარმატებამდე მიიყვანს. ამისთვის, რუსებს დამატებითი შემტევი ჯგუფების შექმნა, შეიარაღება და საბრძოლო განწყობის ამაღლებაც დასჭირდებათ,“ – წერს ISW-ი.

ინსტიტუტის ცნობით, რუსეთმა რამდენიმე წარუმატებელი შეტევა განახორციელა იზიუმის, სევერსკისა და ბახმუტის გარშემო და მცირე წარმატებას მიაღწია დონეცკის დასავლეთით. ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის არმია განაგრძობდა შეტევებს ავდეევკასთან, დასახლებულ პუნქტებზე, ასევე, ხერსონ-ნიკოლაევის ფრონტზე და ნაწილობრივ წაიწია წინ ნიკოლაევის აღმოსავლეთით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: