მთავარი,სიახლეები

უკრაინა ჩაპლინოს სადგურზე რუსეთის თავდასხმას მალე უპასუხებს – არესტოვიჩი

25.08.2022 • 1026
უკრაინა ჩაპლინოს სადგურზე რუსეთის თავდასხმას მალე უპასუხებს – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის თავდასხმას უახლოეს დღეებში უპასუხებს.

ამის შესახებ მან რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინთან საუბრისას განაცხადა.

არესტოვიჩმა გაიხსენა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილება, რომ შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში იქნება საპასუხო რეაქცია.

„პასუხი იქნება – მტკიცე. დასხდნენ და იფიქრონ, დღეს დააფრინდებათ თუ არა თავზე [რაკეტა]. აუცილებლად მიფრინდება, ეჭვიც კი არ შეგეპაროთ. უკვე ხვალ დილიდანვე იქნება სიახლე. მაქსიმუმ ერთი-ორი დღეა საჭირო მოსამზადებლად – სერიოზული, მსუყე სამიზნეების დამატებით დაზვერვისთვის. საპასუხო რამ უახლოეს მომავალში მოფრინდება“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ უკან დარჩა ის დრო, როდესაც რუსეთი დაუსჯელად ისროდა უკრაინაში რაკეტებს.

„ჩვენ უკვე შეგვიძლია ყირიმსაც კი მივწვდეთ. ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

როგორც უკრაინული გამოცემა UNIAN-ი იტყობინება, დღეს რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურს დაარტყა. რაკეტები ოთხ სამგზავრო ვაგონს დაეცა – მათ ცეცხლი გაუჩნდა.

ბოლო ცნობებით დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე თავდასხმას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერზე გამოეხმაურა. მან ამ თავდასხმას „სიმხეცე“ უწოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: