რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში ისევ შემცირდა

რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა ისევ შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ივლისში 100.59 მილიონი აშშ დოლარი გამოგზავნეს, რაც 150 %-იანი წლიური ზრდაა.

თუმცა ივნისში კი, ეს მაჩვენებელი იყო 492 %-ით გაზრდილი [231.44 მლნ აშშ დოლარი]. ასევე, მაისში ყველაზე მეტად გაიზარდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა 888 %-ით [313.9 მლნ აშშ დოლარი], აპრილში კი, 300 %-ით [132.98 მლნ აშშ დოლარი].

აქ შეგიძლიათ ნახოთ ეკონომიკური ანალიზი, თუ რატომ ელოდნენ ჯერ კიდევ მაისში ეკონომიკის ექსპერტები რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებას.

ივლისში ასევე შემცირდა ფულადი გზავნილების რაოდენობა თურქეთიდან [-3.68%] და საბერძნეთიდან [-7.06%], ხოლო გაიზარდა გერმანიიდან 47.02 %-ით [14.64 მლნ  აშშ დოლარი] და იტალიიდან 7.91 %-ით [35.96 მლნ აშშ დოლარი].

 

ირანმა რუსეთს დრონების მსხვილი პარტია გადასცა – WP

ირანმა რუსეთს დამრტყმელი დრონების პირველი მსხვილი პარტია გადასცა უკრაინაში გამოსაყენებლად – ინფორმაციას ამერიკული The Washington Post-ი ამერიკის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის სატვირთო თვითმფრინავებმა ჯერ კიდევ 19 აგვისტოს წამოიღეს ირანიდან Mohajer-6 და Shahed სერიის ორი ტიპის ლეტალური უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც რადარებზე, არტილერიასა და სხვა სამხედრო სამიზნეებზე დასარტყმელად საბრძოლო მასალების გადატანა შეუძლიათ.

CNN-ის წყაროები აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ასევე ვარაუდობენ, რომ რუსეთმა უკვე მიიღო ირანული უპილოტო საფრენი აპარატების პარტია, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინაში გამოიყენებს. მანამდე ტელეკომპანია იუწყებოდა, რომ რუსმა სამხედროებმა ირანული დრონების Shahed-191-ისა და Shahed-129-ის მართვის ტრენინგი გაიარეს.

WP-ის რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ აგვისტოში რუსეთისთვის გადაცემული დრონები ირანთან შეთანხმების მხოლოდ ნაწილია, თეირანი მოსკოვისთვის რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატის გადაცემას აპირებს.

გამოცემის წყაროები ასევე ამტკიცებენ, რომ პირველი გამოცდის განმავლობაში, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩაატარეს, ირანული დრონები ხშირად გამოდიოდა წყობიდან, რის გამოც „რუსები უკმაყოფილონი იყვნენ“.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზას“ ინფორმაციით, თეირანი მუდმივად უარყოფდა მოსკოვისთვის დრონების გადაცემის ფაქტს, კომენტარზე უარს ამბობდნენ კრემლშიც.

თუმცა ამერიკელი ჟურნალისტების სტატიაზე დღეს შეკითხვა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ „The Washington Post ამ ბოლო დროს ბევრ არასანდო ინფორმაციას აქვეყნებს, ხოლო რაც შეეხება ირანთან ურთიერთობას, ეს ურთიერთობები ყოველთვის დინამიკურად ვითარდებოდა და მომავალშიც ასე განვითარდება“.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი, უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში წერდა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში უკვე ჩართო ირანისგან მიღებული 46 დრონი, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ამერიკულ „ჰაიმარსებზე“ თავდასხმისთვის გამოიყენებს.

მთავარ ფოტოზე: ირანული დრონები/ფოტო: ირანის არმია

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 714 ახალი შემთხვევა – ერთი კვირის მონაცემები

გასული ერთი კვირის განმავლობაში, 21 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ პერიოდში ჩატარდა 76 704 კვლევა ტესტით.

გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 3 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი – 6 586 ახალი  შემთხვევა თბილისში დადასტურდა. აჭარაში აღრიცხულია კოვიდის 714 დადასტურებული ახალი შემთხვევა.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 17.91 პროცენტი.

„შემწეობა არ მომცეს. არ ვიცი, დღეს რა ვჭამოთ“ – მეეზოვე ქალი და მწოლიარე ავადმყოფი ქმარი 

„არ ვიცი, დღეს რა უნდა ვჭამოთ… ალბათ, ისევ მაღაზიაში გადავალ და ვთხოვ, ავადმყოფი ქმრისთვის სუპი მაინც მომცენ,“ – გვიყვება მაყვალა მჟავანაძე, რომელიც 22 წელია ბათუმში მეეზოვედ მუშაობს და ნაქირავებ, ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს, სადაც აბაზანაც კი არ არის. მაყვალა მჟავანაძის ქმარი წელიწად-ნახევარია მწოლიარე ავადმყოფია.

„ბათუმელები“ ამ ცოლ-ქმრის შესახებ 2021 წლის ივნისშიც წერდა. ამჯერად მაყვალა მჟავანაძემ გვითხრა, რომ ის აგენტებმა შეამოწმეს, თუმცა შემწეობა არ დაუნიშნეს ოჯახს, სადაც კაცი მწოლიარე ავადმყოფია, ხოლო სახლში აბაზანა საერთოდ არ აქვთ.

„შემწეობასაც არ გვაძლევენ, შეგვამოწმეს და მაღალი ქულა მოვიდა. ჩემი შემოსავალი მხოლოდ მეეზოვის ხელფასია – თვეში 484 ლარი და ჩემი ქმრის პენსია – 140 ლარი“, – ამბობს მაყვალა მჟავანაძე.

მაყვალა მჟავანაძის ქმარი მურმან ზოიძე შშმ პირია და 59 წლისაა. ისიც მეეზოვედ მუშაობდა, თუმცა ქუჩაში მოპედით მიმავალს დაეჯახა მსუბუქი ავტომანქანა და მას შემდეგ არათუ მუშაობა, ფეხზე წამოდგომაც აღარ შეუძლია. ცოლ-ქმართან ცხოვრობს ასევე მათი შვილი – 34 წლის ავთო, რომელიც, მაყვალა მჟავანაძის თქმით, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მუშაობს.

„ქირა თვეში 300 ლარია, მაგრამ ბოლო 3 თვე არ გადამიხდია, ბინის დაცლას მთხოვენ… მთავრობიდან დაგვეხმარნენ რაღაც თანხით, მაგრამ ნაწილი მურმანის ოპერაციას დასჭირდა, მთლიანად არ დაიფარა ოპერაციის თანხა… ოპერაციას შედეგი არ აქვს, ჩემს ქმარს გადაადგილება ისევ არ შეუძლია.

ახლა მურმანს მედიკამენტებისთვის თვეში მინიმუმ  200 ლარი სჭირდება, რით ვიყიდო? წამლებსაც ვერ ვყიდულობთ…. ჯანდაცვის სამინისტრო გვეხმარება, ისევ დაგვპირდნენ ოპერაციის დაფინანსებას. ქობულეთის მერიამ ჩაგვირიცხა ბოლოს 500 ლარი, ბათუმის მერიაში კი მითხრეს, რომ ქობულეთში ხართ რეგისტრირებული, ჩვენ ვერ დაგეხმარებითო, მე კიდევ 22 წელია ბათუმის ქუჩებს ვასუფთავებ,“ – გვითხრა მაყვალა მჟავანაძემ.

რატომ არ დაუნიშნეს შემწეობა მაყვალა მჟავანაძის ოჯახს? – სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში გვითხრეს, რომ პერსონალური მონაცემების გამო კონკრეტულად ვერ გვიპასუხებენ, თუმცა პირად საუბარში დაგვიდასტურეს, რომ ამ ოჯახის შემოსავალი ამ დროისთვის ნამდვილად მეეზოვე ქალის ხელფასია – თვეში 484 ლარი და მწოლიარე ავადმყოფი კაცის პენსია – 140 ლარი.

___

ამავე თემაზე:

ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება

შშმ ქალი 34 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – „მინდა, სხვა შშმ ქალებსაც სტიმული მივცე“

დეა ერემაშვილი 34 წლის ასაკში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. დეა შშმ პირია და მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირების სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს, მან ეროვნულ გამოცდებზე 50-პროცენტიანი გრანტი მაინც აიღო.

როგორც დეამ „ბათუმელებს“ უთხრა, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე პირველად 18 წლის ასაკში ჩააბარა, თუმცა იძულებული გახდა, მესამე კურსიდან სწავლა შეეწყვიტა.

„მაშინ შშმ პირების სწავლას სახელმწიფო არ აფინანსებდა და ხარჯებს ვეღარ გავწვდი პირადი პრობლემების გამო. შემდეგ დავიწყე მუშაობა და ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხელი შემიშალა უდიპლომობამ, რადგან ყველგან უმაღლესი განათლება იყო საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მითითებული.

წელს აქტიურად დავიწყე შშმ ქალების უფლებებზე მუშაობა და მინდა, რომ უკეთესად, უფრო კვალიფიციურად შევძლო მათი უფლებების დაცვა.

შშმ ქალები ძალიან მოწყვლადი ჯგუფია, შესაბამისად, მათთვის ეკონომიკური სიძლიერე ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი განათლების გარეშე ვერ მიიღებ ამ ეკონომიკურ სიძლიერეს.

აჭარაში ბევრი შშმ ქალი გვყავს, ვისაც ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ მხოლოდ იმიტომ, რომ არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია. ამის გამოსწორების შესაძლებლობა დღეს არსებობს, რადგან შშმ პირების სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ჩემი მაგალითითაც მინდა ამ ქალებს სტიმული მივცე. ბევრ ჩვენგანს ფიზიკური შრომა არ შეგვიძლია, ამიტომ ნორმალური ანაზღაურების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლება, თუ კვალიფიკაცია გვექნება,“ – ამბობს დეა.

მისი თქმით, შშმ პირები სკოლის შემდეგ, ფაქტობრივად, სახლში არიან და ვერ ახერხებენ განათლების მიღებას სხვადასხვა გარემოების გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ არაადაპტირებულია გარემო, შემდეგი პრობლემა კი ფინანსებია.

დეა ამბობს, რომ მიუხედავად 16-წლიანი წყვეტისა, მას ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეპეტიტორებთან მომზადება არ დასჭირვებია.

„ჩემით ჩავაბარე, არ მიმეცადინია და ვფიქრობ, ახლანდელი ეროვნული გამოცდები იმაზე ბევრად ადვილი იყო, რაც 16 წლის წინ გავიარე. არ ვიცი, რატომ უწევთ აბიტურიენტებს ამხელა რესურსის ხარჯვა მომზადებაზე. ძალიან მარტივი კითხვებია.

ინგლისურში 23 ქულა ავიღე, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვსწავლობ ინგლისურს და ძალიან კარგად არ ვიცი. ამ ფონზე არ არის ცუდი შედეგი,“ – გვითხრა დეამ.

აფრიკაში ჩავიდა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი

აფრიკაში, ჯიბუტის პორტში, შევიდა ლიბანური დროშის ქვეშ მცურავი, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი.

ეს უკრაინული მარცვლეულის პირველი პარტიაა აფრიკაში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის, 24 თებერვლის შემდეგ.

ტრანსპორტირებას შავი ზღვიდან ჯიბუტამდე 2 კვირა დასჭირდა.

„ბიბისი“ წერს, რომ დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება ხორბლის შეფუთვას და ტრანსპორტირებას ეთიოპიაში, სადაც 20 მილიონ ადამიანს სჭირდება სურსათით დახმარება, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე გაეროს სასურსათო პროგრამა სასურსათო დახმარების სამი მეოთხედს უკრაინიდან და რუსეთიდან იღებდა.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიქმნა მარცვლეულის კრიზისი. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უკრაინის შავი ზღვის პორტებს ვერ ტოვებდნენ მარცვლეულით დატვირთული გემები, რამაც გამოიწვია კრიზისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სიტუაციას ართულებს საზღვაო ნაღმების არსებობა და უკრაინის შავი ზღვის საპორტო ქალაქებში მიმდინარე ბრძოლები.

საბოლოოდ, გაეროს ჩართულობით, შეიქმნა ე.წ. მარცვლეულის კორიდორი. თურქეთში გაიხსნა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის გასაკონტროლებლად.

შეთანხმების თანახმად, იგეგმება შავი ზღვის უკრაინის სამი პორტიდან (ოდესა, ჩორნომორსკი, იუჟნი) მარცვლეულის ექსპორტში ჩართული გემების შემოწმება. ცენტრის მიზანია, უზრუნველყოს უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის ტრანსპორტირება და განაწილება. გემების მოძრაობას მონიტორინგს და მთელ პროცესს კოორდინაციას უწევს გაერო და შეთანხმების მონაწილე მხარეები – უკრაინა, რუსეთი და თურქეთი.

რით დახოცეს უკრაინელი სამხედრო ტყვეები ოლენოვკაში – გამოძიებამ იარაღი დაასახელა

„დოიჩე ველეს“ ცნობით, გამოძიებამ ოლენოვკაში 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვის დაღუპვის მიზეზი გაარკვია. კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რა იარაღით დაარტყეს კოლონიის იმ ნაწილს, რომელშიც „აზოვსტალის“ დამცველები იმყოფებოდნენ.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილი გამოიწვია თერმობარულმა საბრძოლო მასალებმა, რომლებიც სავარაუდოდ „შმელიდან“ „შმელ M-იდან“ ან „რისიდან“ გაისროლეს.

ასეთ დასკვნამდე პროკურატურა ვიდეომასალების ანალიზის შემდეგ მივიდა. პროცესში ჩართულნი იყვნენ რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების სპეციალისტები.

თერმობარული იარაღი, რომელსაც აეროზოლურ, ვაკუუმურ ბომბსაც უწოდებენ, ისეთი ფეთქებადი მასალაა, რომელიც მაღალტემპერატურული აფეთქების გამოსაწვევად მის გარშემო არსებულ ჟანგბადს იყენებს. მის მიერ შექმნილი დარტყმითი ტალღა ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით ხანგრძლივია. ვაკუუმური ბომბი აფეთქებისას ადამიანების ფილტვებიდან ჰაერს ისრუტავს და მათ შინაგან ორგანოებს აზიანებს.

თერმობარული იარაღი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ შექმნა. დასავლეთის ქვეყნებმა და საბჭოთა კავშირმა მისი გამოყენება 1960-იანი წლებიდან დაიწყეს. ვარაუდობენ, რომ ის საბჭოთა კავშირმა ჯერ 1969 წელს, ჩინეთთან კონფლიქტის დროს, რამდენიმე წლის შემდეგ – ავღანეთში, შემდეგ კი რუსეთმა ჩეჩნეთში გამოიყენა. ამგვარ იარაღს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს.

ოლენოვკაში დაღუპულთა ცხედრები რუსეთს უკრაინისთვის დღემდე არ დაუბრუნებია. ომბუდსმენის დმიტრო ლუბინეცის თქმით, ცხედრები შესაძლოა მარიუპოლში ან დონეცკში იყოს.

ლუბინეცმა უკვე მოითხოვა დაღუპული ტყვეების ცხედრების გადმოცემა, თუმცა რუსული მხარისგან მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღია.

მისი ინფორმაციით, დაჭრილები, სავარაუდოდ დონეცკში ჰყავთ გადაყვანილი.

_____

თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის, „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისს, ღამით მოხდა.

თავდასხმას უკრაინამ ტერაქტი უწოდა და მისი გამოძიება გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვა, თუმცა როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამ დრომდე უცნობია, მისცემს თუ არა რუსეთი საგამოძიებო მისიებს კოლონიაში შესვლის ნებართვას.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ უკრაინელი ტყვეები რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს კოლონიის იმ ნაწილში, სადაც აფეთქებები მოხდა. დაზვერვამ თავდასხმის ავტორად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ დაასახელა.

საერთაშორისო ორგანიზაციები, უწყებები და მედიასაშუალებები, რომლებმაც ოლენოვკიდან ვიდეომასალები შეისწავლეს, აცხადებდნენ რომ რუსეთის თავდაცვის მტკიცების მიუხედავად, რომ კოლონიას უკრაინამ შორსმოქმედი ამერიკული შეიარაღებით დაარტყა, კადრებში ასახული ზიანი „ჰაიმარსის“ დარტყმას არ შეესაბამებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში 50 დაღუპული და 73 დაჭრილია, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით კი თავდასხმისას 130-მდე უკრაინელი ტყვე დაიჭრა.

ხარკოვის ცენტრი დაბომბეს, მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა – ქალაქის მერი

დღეს, 30 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით დაბომბეს ქალაქ ხარკოვის ცენტრი.

ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი, ტელეგრამზე წერს, რომ დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 7 კი – დაშავდა.

დაბომბვის შედეგად ხარკოვის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. მაშველების თქმით, არიან დაშავებულები.

30 აგვისტოს, დილას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვის მიმართულებით რუსეთის არმია ბომბავდა რეგიონის დასახლებებს.

________________

ფოტოზე: ხარკოვი, დაბომბვის შედეგად გაჩენილი ორმო ქუჩაში. 27 აგვისტო. ფოტო: EPA-EFE/SERGEY KOZLOV

32 100 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 32 100 აბიტურიენტი, რომლებმაც ეროვნული გამოცდები ჩააბარეს, სტუდენტი გახდა. აქედან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა სტუდენტმა მოიპოვა.

ცენტრის ინფორმაციით, 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება ათასზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, 70%-იანი გრანტი – 1 500-მდე, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა სტუდენტმა.

„ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 1 390-მდე გამოსაცდელი, დაფინანსდა 200-ზე მეტი,“ – აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა პირველი არჩევანის მიხედვით, გასული წლის მსგავსად, ლიდერობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მიმართულებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიმართულება.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილმა 22-მა საგამოცდო ცენტრმა 90 000-მდე აპლიკანტი მიიღო, მათ შორის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი. ძირითადი სესიების პარალელურად მიმდინარეობდა დამატებითი სესიები იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ.

ბათუმში სიცხე შენარჩუნდება | უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აგვისტოს 21 საათიდან 31 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 30 – 35 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, პირველ და 2 სექტემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსია.

_______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

პუტინს სურს, უკრაინის განადგურება და ძალაუფლების შენარჩუნება – ამერიკელი გენერალი

ვლადიმერ პუტინს უკრაინაში რამდენიმე მიზანი აქვს – მას არამხოლოდ უკრაინის განადგურება სურს, არამედ რუსეთის შიგნით საკუთარი ძალაუფლების გამყარებასაც ცდილობს – ფიქრობს ამერიკელი გენერალი მარკ არნოლდი, რომელმაც უკრაინის 24-ე არხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

არნოლდი მიიჩნევს, რომ პუტინს უკრაინაში ომი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და რუსეთის ტერიტორიების გასაფართოებლად სჭირდება.

„ჩემი აზრით, პუტინი შეიჭრა უკრაინაში, რათა საკუთარი ძალაუფლება გაიმყაროს, გააფართოვოს რუსული ტეირტორიები. დიახ, მას სურს უკრაინის მთლაინად განადგურება, მისი კულტურის განადგურება, თუმცა მისი მთავარი მიზანი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა,“ – ამბობს ბრიგადის გადამდგარი გენერალი.

მარკ არნოლდი დასძენს, რომ უკრაინაში წამოწყებულ ომს, პროპაგანდის დახმარებით, ფაქტობრივად, ნულამდე უნდა დაეყვანა პუტინისთვის ქვეყნის შიგნით არსებული რისკები.

„ყოველწლიურად უკეთ და უკეთ ხვდებიან რუსები, რომ მათ დიქტატორი მართავს და ეს დიქტატორი უფრო და უფრო მყარად უჭერს ჭანჭიკებს. ომი კი ხშირად არის ხოლმე კიდევ ერთი მიზეზი, რომ დიქტატორის პოპოლარობა გაიზარდოს. აი, ამაშია საქმე“.

ბრიგადის გენერალმა მარკ არნოლდმა შეერთებული შტატების არმიაში 37 წელი იმსახურა, ძირითადად სპეცრაზმში (მწვანე ბერეტები). მონაწილეობდა ავღანეთისა და ერაყის ოპერაციებში, როგორც სპეციალური ოპერაციების კოალიციური ძალების მეთაური. მიღებული აქვს უამრავი სამხედრო ჯილდო.

2400-ზე მეტი ჯარისკაცი 22 ქვეყნიდან – ვაზიანში სამხედრო სწავლება დაიწყო

29 აგვისტოს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნა მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ [Noble partner-2022].

საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობს, ხოლო მხარდამჭერია წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC).

„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებაში წელს პირველად მონაწილეობენ იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული.

წელს მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.

სწავლება ვაზიანში. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო/facebook

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2022“ უკვე მეექვსედ მასპინძლობს.

საერთაშორისო სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ასევე, ნატოს ძირითადი ჯგუფის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

დროა, გაიქცეთ ან ტყვედ ჩაბარდეთ – ზელენსკი რუს სამხედროებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმებზე ხელისუფლება არ ილაპარაკებს, რუს სამხედროებს კი მოუწოდებს, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ.

„ვის აინტერესებს ჩვენი გეგმები? კონკრეტულ გეგმებზე ვერცერთი პასუხისმგებელი პირისგან ვერაფერს შეიტყობთ, რადგან ეს ომია – და ომში ასეა.

თუმცა ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ საზღვრებამდე გავყრით. ჩვენს საზღვრებამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა და ოკუპანტებმა ძალიან კარგად იციან, სად გადის ის.

თუ სიცოცხლე უნდათ – დროა, გაიქცნენ. წადით სახლებში. თუ შინ, რუსეთში, დაბრუნების გეშინიათ, მაშინ ასეთი ოკუპანტები ტყვედ ბარდებიან და ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ ჟენევის კონვენციის ყველა ვალდებულებას შევასრულებთ,“ – ამბობს ზელენსკი თავის ვიდეომიმართვაში.

პრეზიდენტი რუს სამხედროებს აფრთხილებს, რომ თუ ისინი მის რჩევას არ გაითვალისწინებენ, საქმე უკრაინის დამცველებთან ექნებათ, ისინი კი „არ გაჩერდებიან, ვიდრე არ გაათავისუფლებენ ყველაფერს, რაც უკრაინას ეკუთვნის“.

ზელენსკის თქმით, ომი ყირიმისა და დონბასის ოკუპაციით დაიწყო და მათი გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

გუშინ, 29 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და რამდენიმე მიმართულებით შეტევა დაიწყეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის არმიამ უკან დაახევინა დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის 109-ე პოლკს და რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც საბრძოლო პოზიციები მიატოვეს.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა მედიას დაუდასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

CNN-ის ინფორმაციით, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანს ეყრდნობა, უკრაინის ძალებმა სამხრეთში, ხერსონთან ახლოს, ოთხი სოფელი გაათავისუფლეს – სოფლებია ნოვოდმიტრიევკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. ეს ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 აგვისტოს მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 47 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +450]
  • ტანკი – 1 954 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 4 294 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 1079 ერთეული [+19]
  • MLRS – 282 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 151 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 204 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 847 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 217 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 103 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 278 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 837 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 370 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 539 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 822 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 357 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 136 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმებზე ხელისუფლება არ ილაპარაკებს, რუს სამხედროებს კი მოუწოდებს, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ:

[yellow_box]დროა, გაიქცეთ ან ტყვედ ჩაბარდეთ – ზელენსკი რუს სამხედროებს[/yellow_box]

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა კი, ადასტურებს, რომ 29 აგვისტოს დილიდან უკრაინის შეიარაღებული ძალებმა საარტილერიო შეტევა დაიწყეს სამხრეთ უკრაინაში ფრონტის ხაზის რამდენიმე სექტორზე:

[yellow_box]უკრაინული წყარო 4 სოფლის გათავისუფლებაზე იუწყება, რუსეთი — კონტრშეტევის ჩაფლავებაზე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში რუსების დაცვის პირველი ხაზი გაარღვია – კონტრშეტევა და რეაქციები

ბრიტანეთის დაზვერვა ხერსონში უკრაინელთა კონტშეტევის პერსპექტივებს აფასებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ 29 აგვისტოს დილიდან უკრაინის შეიარაღებული ძალებმა საარტილერიო შეტევა დაიწყეს სამხრეთ უკრაინაში ფრონტის ხაზის რამდენიმე სექტორზე.

30 აგვისტოს რელიზში, უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინელთა ზუსტი დარტყმები კვლავაც ართულებს რუსეთის არმიის მომარაგებას, თუმცა ჯერჯერობით შეუძლებელია დაზუსტებით თქმა, თუ რამდენად წაიწიეს წინ უკრაინის ჯარებმა.

„აგვისტოს დასაწყისიდან, რუსეთმა დიდი ძალისხმევა გასწია, რათა მდინარე დნეპრის სანაპიროზე მყოფი თავისი დანაყოფები გაეძლიერებინა.

სამხრეთის სამხედრო ოლქის 49-ე საერთო საჯარისო არმიას, აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 35-ე საერთო საჯარისო არმია შეუერთდა. თუმცა ხერსონის გარშემო მყოფი დანაყოფების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ცუდადაა დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობით და მთლიანად დამოკიდებულია მომარაგებაზე, რომელიც თავის მხრივ ბორანსა და პონტონის ხიდებზეა დამოკიდებული,“ – მიუთითებს დაზვერვა.

უწყების შეფასებით, სამხრეთისა და აღმოსავლეთის დანაყოფების ინტეგრაცია რუსეთის ძალების მნიშვნელოვან რეორგანიზაციაზე მიუთითებს, თუმცა თუ უკრაინა შეძლებს, სტაბილურად და ინტენსიურად გააგრძელოს შეტევა, რუსეთის ჯერ კიდევ ახალი და გამოუცდელი შენაერთის სიმტკიცე გახდება ის მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად გაუძლებს რუსეთის დაცვა უკრაინელთა კონტრშეტევას.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აახლებს. გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, უკრაინაში წარუმატებლობის გამო, ფაქტობრივად, ჩამოშორებულია მართვას და პუტინს ომის შესახებ ანგარიშს პირდაპირ ოპერატიული მეთაურები აბარებენ.

რატომ აცხადებს „საქართველოს რკინიგზა“ რუსულ ენაზე შესყიდვას – ტენდერი 775 ათას ლარზე 

„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა ტენდერი, სადაც განცხადებისა და დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი რუსულ ენაზეც აქვს გამოქვეყნებული.

„საქართველოს რკინიგზაში“ გვითხრეს, რომ მათ ამის ვალდებულება საქართველოს მთავრობის დადგენილებით აქვთ. „საქართველოს რკინიგზა“ სახელმწიფო კომპანიაა.

საუბარია „ვმკ სერიის ელექტრომატარებლის ვაგონთშორისი ავტოგადასაბმელის შესყიდვაზე“, სადაც სატენდერო თანხა 775 ათას 170 ლარია [დღგ-ს გარეშე].

  • „შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა: 12 ცალი/12 штук
  • მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 350 კალენდარული დღის განმავლობაში/ В течение 350 календарных дней со дня заключения договора
  • ვმკ სერიის ელექტრომატარებლის ვაგონთშორისი ავტოგადასაბმელის შესყიდვა/закупка межвагонных автосцепок для электропоезда серии ВМК“ – „რკინიგზის“ სატენდერო განცხადებიდან.

საქართველოს რკინიგზას“ ამავე ტენდერში რუსულ ენაზე აქვს ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციაც.

„საქართველოს რკინიგზის“ ერთ-ერთი სატენდერო განცხადება, ქართულ და რუსულ ენაზე / წყარო: შესყიდვების პორტალი

„საქართველოს რკინიგზის“ სატენდერო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რუსულ ენაზე სატენდერო დოკუმენტების გამოქვეყნების ვალდებულება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 თებერვლის დადგენილებით აქვთ და ამას რკინიგზა დამოუკიდებლად არ წყვეტს.

საქართველოს მთავრობამ აღნიშნული დადგენილებით სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით  არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების  წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“ დაამტკიცა.

ამ წესის მე-9 მუხლის [რომელიც შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებას ეხება] მე-7 პუნქტში აღნიშნულია, რომ

„შემსყიდველის გადაწყვეტილებით, განცხადება და დოკუმენტაცია შესაძლებელია, განთავსდეს დამატებით სხვა უცხო ენაზეც (რუსული ან/და ინგლისური). თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს, დღგ-ის გარეშე, მათი უცხო ენაზე განთავსება სავალდებულოა.“

ვინაიდან ამ კონკრეტულ ტენდერში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატებოდა 500 ათას ლარს, მთავრობის დადგენილებით „რკინიგზა“ ვალდებული იყო დოკუმენტაცია განეთავსებინა უცხო ენაზეც.

თუმცა, რატომ რუსულად და არა ინგლისურად? – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან „საქართველოს რკინიგზის“ შესაბამის პირებს ვერ დავუკავშირდით.

„ბათუმელების“ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ტენდერები, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება ნახევარ მილიონ ლარს, „საქართველოს რკინიგზას“ უცხო ენაზეც აქვს გამოქვეყნებული, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა რუსულ ენაზეა.

ვმკ სერიის ელექტრომატარებელი, როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ გვითხრეს, ჩინეთშია აწყობილი. ასეთი შემადგენლობა მოძრაობს, მაგალითად, თბილისი-ზუგდიდის ხაზზე.


ერთი წლის წინ საქართველოს რკინიგზის მიერ მაგისტრალური რელსების შესასყიდად გამოცხადებული 52.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი კონკურენციას ზღუდავდა – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ [TI] განაცხადა. ორგანიზაციის განცხადებით, ამ ტენდერში „საქართველოს რკინიგზა“ მომწოდებლებისგან მხოლოდ რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის საბაჟო კავშირის მიერ განსაზღვრულ სერტიფიკატებს ითხოვდა:

„ბათუმელები“ მაშინაც დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ რკინიგზა ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებდა.

აღნიშნულ ტენდერში მხოლოდ შპს „უნი-2“ მონაწილეობდა, რომლის მესაკუთრე და დირექტორი, დოკუმენტების მიხედვით, გიორგი ღუდუშაურია. ამ კომპანიასთან კი, ხელშეკრულება „საქართველოს რკინიგზამ“, დღგ-ს ჩათვლით 19 679 299 აშშ დოლარზე გააფორმა 2021 წლის სექტემბერში.

კომპანია რკინიგზას რუსული წარმოების რელსებს მიაწვდის. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სერტიფიკატი; ასევე რუსული კომპანიის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი:

სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი / წყარო: შესყიდვების პორტალი

შესაძლოა, მიმდინარე სატენდერო განცხადებაც გათვლილი იყოს რუსულ კომპანიებზე, ვინაიდან „საქართველოს რკინიგზის“ ტენდერებში ადრე რუსული კომპანიებიც იმარჯვებდნენ. რუსულ კომპანიებს კი, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა თავისუფლად შეუძლიათ.

ამ თემაზე ვრცლად:

რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ

 

მზვერავი 93-ე მექანიზებული ბრიგადიდან – უკრაინისთვის დაღუპული გმირი ჩემპიონი

წყარო: Hromadske.ua

კრასნოპოლიეს სასაფლაო დნეპრში. ორივე მხარეს ხეივანია და ჯვრები წარწერით: „უცნობი გმირი“. იქვეა სერგეი კარნაუხოვის საფლავიც, უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპული მსოფლიო ჩემპიონის.

ალინა პლასტმასის გვირგვინებს შორის ცოცხალ ყვავილებს აწყობს. ყელზე ჩამოკიდებულ ჯაჭვზე უკეთია, რაც ქმრისგან დარჩა  – ჟეტონი, საქორწინო ბეჭედი და გაჭეჭყილი ტყვია.

„ტომარას, რომელშიც სერგეი იწვა, ეწერა: „უცნობი მზვერავი 93-ე მექანიზებული ბრიგადიდან“. შემდეგ იყო ამოცნობის პროცედურა და ეს ნივთები დამიბრუნეს,“ – ამბობს ალინა. – „ახლა ყველას თან ვატარებ“.

ქმრის სიკვდილის შესახებ სამხედრო კომისარიატიდან შეატყობინეს. იხსენებს, როგორ იდგა ღამით პროზექტურასთან, რომელიც ერთ დროს სამოქალაქო საავადმყოფო იყო და უმტკიცებდა ექიმებს, რომ მისი ქმარი ნამდვილად იქ უნდა ყოფილიყო. ვერ პოულობდნენ, ბოლოს ერთ-ერთმა ექიმმა ტელეფონი ამოიღო და უცნობი ცხედრის ფოტო აჩვენა – სერგეი იყო.

„ოლეგი, დაღუპულები რომ გადაჰყავთ, იმ მანქანის მძღოლი, ძალიან ადამიანურად მომექცა, საშუალება მომცა ვმჯდარიყავი სატვირთოს ცივ საბარგულში ჩემი ქმრის სხეულთან ერთად – მოვხვეოდი, მეკოცნა და მეთქვა, არ ენერვიულა, რადგან მე მის გვერდით ვიყავი,“ – იხსენებს ალინა.

იზიუმის რაიონში, სოფელ დიბროვნოესთან, დაზვერვის ჯგუფი მტრის ცეცხლში მოხვდა. 27 მაისს სერგეი კარნაუხოვი – 1999 წლის მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – თავში მიღებული ჭრილობით დაიღუპა. ის 43 წლის იყო.

სერგეი კარნაუხოვი/ფოტო მიაწოდეს Hromadske-s

სიყვარული ომიანობისას

სერგეი ომში ჯერ კიდევ 2014 წლის მარტში წავიდა, 93-ე მექანიზებულ ბრიგადაში ჩაეწერა და ძალიან მალე პირველ სასტიკ ბრძოლაშიც მოხვდა, პოკროვსკის საგუშაგოზე.

დანაკარგი დიდი იყო: 7 დაღუპული და 7 დაჭრილი. საგუშაგომ გაუძლო, არტილერიამ სატანკო შეტევა მოიგერია, თუმცა ტანკიდან ნასროლმა ჭურვმა სერგეის თვალწინ დაფლითა მისი თანამებრძოლები.

იბრძოდა დონეცკში, ავდეევკაში, სადაც დაიჭრა კიდეც.

მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების ოცეულის მეთაური გახდა, თუმცა მანამდე დაქორწინდა.

წყვილმა ერთმანეთი 2015 წლის ზაფხულში, დონეცკთან ახლოს გაიცნო. ალინა მაშინ მოხალისეობდა – პოკროვსკიდან ფრონტზე დახმარება დაჰქონდა. 2016-ში სერგეი და მისი ბრიგადა ახალ ადგილას გადაიყვანეს – ლუგანსკის ოლქში. ეს პერიოდი მათი ურთიერთობის გამოცდა აღმოჩნდა.

„ძალიან ბევრს ვწერდი, ვუყვებოდი, რას ვაკეთებდი მთელი დღე: რომ გავიღვიძე, რას ვფიქრობდი, რას ვგრძნობდი, როგორ მინდოდა მასთან; რას ვხედავდი, როცა ქუჩაში მივდიოდი; როგორ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა, რას ვეტყოდი, როგორ ჩავეხუტებოდი, როგორ ვაკოცებდი. ხშირად ხდება, რომ რაღაცას ვგრძნობთ და ვერ ამოვთქვამთ რატომღაც, მე კი ყველაფერს ვეუბნებოდი ამ წერილებში,“ – ჰყვება ალინა.

ალინა და სერგეი/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს

ალინას მაღვიძარა ღამის სამ საათზე ჰქონდა დაყენებული, სწორედ ამ დროს გამოდიოდა სერგეი ხაზზე.

„როგორც პაემანს, ისე ველოდებოდი ამ დროს,“ – ამბობს ალინა. – „რომ მიყვარდა, ეგეც მე ვუთხარი პირველმა, ტელეფონით. ამის თქმა რომ არ მომესწრო და მას რამე დამართნოდა, თავს ვერასოდეს ვაპატიებდი. ძალიან მინდოდა, მომესწრო, ეს ხომ ომია“.

როდესაც სერგეი მარიუპოლის მიმართულებაზე გადაიყვანეს, ალინასთვის იქ ჩასვლა და დარჩენა შეუძლებელი იყო. ამიტომ დილის 4-ზე მიდიოდა, მთელ დღეს მასთან ატარებდა და საღამოს შინ ბრუნდებოდა.

„სულ ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი საერთოდ არ მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. ეს ისტორია, ეს სიყვარული არ ყოფილიყო. უზომოდ გამიმართლა, რომ ასეთი სიყვარული მქონდა, ეს ადამიანი მყავდა“.

ის, რაც დარჩა

2020-ში სერგეიმ უკრაინის შეიარაღებული ძალები დატოვა. ბერდიანსკში ბინა იყიდეს, სამსახურიც იშოვა, თუმცა როგორც კი სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ოჯახი დნეპრში წაიყვანა, თვითონ კი მშობლიურ 93-ე ბრიგადას დაუბრუნდა.

„ვცდილობ, მოგონებები შევინახო – თუნდაც როგორი სუნი აქვს ჩვენს საწოლს. ალბათ, ჩვენს სახლში ყველაფერი თავის ადგილზეა, გაურეცხავი ჭურჭელია ნიჟარაში… მაგრამ ჩვენ იქ აღარ ვართ. სერგეი იქ ვეღარასოდეს იქნება. იქნებ კარგიცაა, რომ იმ ბინაში დაბრუნება არ შემიძლია და ვერ ვხედავ ნივთებს, რომლებსაც ის ვეღარასოდეს შეეხება“.

ყველაზე ძვირფასი ნივთები ახლა თან აქვს – სერგეის საბრძოლო ჯილდოები. სერგეის კიტელი, რომელსაც მედლები უკეთია, ალინამ ოკუპაციიდან ნაცნობს გამოატანინა.

„ვერ დავუშვებდი, ოკუპანტებს დარჩენოდათ. სახლი წამართვეს, ქმარი მომიკლეს, მაგრამ მოგონებებს არ დავთმობ“.

სერგეის საბრძოლო ჯილდოები/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს

მთავარ ფოტოზე: სერგეი კარნაუხოვი/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს

გავლენიანი „ორბის“ ბეტონის ქარხანა ზღვისპირას ისევ ამუშავდა – რას ამბობს მთავრობა

ბათუმში, ზღვისპირას, ბულვართან ახლოს, „ბეტონის ქარხანა“ ისევ მუშაობს. კომპანია „ორბის“ ბეტონის ქარხნის მუშაობას განსაკუთრებით ღამის საათებში ხმაურისა და მტვრის გამო მოსახლეობა 5 წელია უშედეგოდ აპროტესტებს. ეს ქარხანა შრომის ინსპექციამ 2022 წლის 10 ივნისს გააჩერა და 50 ათასი ლარით დააჯარიმა.

„დარღვევების გამოსწორების შედეგად სუბიექტს მიეცა სამუშაოების განახლების უფლება,“ – გვიპასუხეს შრომის ინსპექციაში, საიდანაც საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ: რის გამო შეაჩერეს ბეტონის ქარხნის მუშაობა, რა დარღვევა დაფიქსირდა და რა გამოსწორდა 10 ივნისიდან დღემდე?

აღმოჩნდა, რომ შრომის ინსპექცია „ბეტონის ქარხნით“ დაინტერესდა მხოლოდ 9 მარტს, როცა ინსპექციისავე ინფორმაციით, ქარხანაში „უბედური შემთხვევა“ დაფიქსირდა, ხოლო მეორედ ინსპექციამ ბეტონის ქარხანა 10 ივნისს დახურა. 9 ივნისს კი, „ბათუმელები“ წერდა: „თუ გამამტყუნებს სასამართლო, დავანგრევ“ – ყოვლისშემძლე „ორბის“ გავლენები

შრომის ინსპექცია ორჯერ შევიდა „ბეტონის ქარხანაში“ და ორივეჯერ დაადასტურა, რომ ქარხანა დასახურია. დღეს კი, ინსპექცია მიიჩნევს, რომ აქ „დარღვევები გამოსწორდა“.

ფაქტია, რომ შუაგულ ქალაქში მუშაობს ბეტონის ქარხანა, რომელიც ბათუმის მერიის შეფასებითაც კი, უკანონოა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო და საჯარო ყველა უწყება იუწყება, რომ შესაბამისად რეაგირებს, გავლენიანი ბიზნესისთვის არაფერი იცვლება: მუნიციპალური ინსპექცია მიიჩნევს, რომ ქარხანა უკანონოა, მაგრამ 2019 წელს სასამართლოში შეტანილი სარჩელი ამ დრომდე არ განუხილავთ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში ვერც დღეს გვითხრეს, როდის მოიცლის ბეტონის ქარხნისთვის მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე – 2023 წელს „ორბი“ ბეტონის ქარხანას ისედაც დაშლის – აქ მშენებლობას ასრულებს. ივნისის დასაწყისში, როცა „ბათუმელები“ ამ თემაზე მუშაობდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გვითხრეს, რომ მოსამზადებელი სხდომა 7 ივნისს ჩაინიშნა, თუმცა ის გადაიდო. მორიგი სხდომის თარიღი კი, ამ დრომდე უცნობია.

ოფიციალური დოკუმენტებით, რაც შრომის ინსპექციამ საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდა „ბათუმელებს“, ირკვევა, რომ  10 ივნისის ინსპექტირების შედეგად დადგინდა „კრიტიკული შეუსაბამობები“:

„…ობიექტზე მიმდინარეობდა ბეტონის წარმოება და შენობის სადემონტაჟო სამუშაოები. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, დასაქმებული ფილტრის შეცვლის სამუშაოებს ახორციელებდა სიმაღლეზე [დაახლოებით 20 მეტრი] უსაფრთხოების ღვედის გამოყენების გარეშე, ასევე კონვეირის ლენტის გვერდით სამოძრაო კიდეზე არ არის დამონტაჟებული მოაჯირები…. კომპანიის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მიმდინარე სამუშაოების წარმოების თაობაზე რისკების შეფასების დოკუმენტი, ობიექტზე არ არის იდენტიფიცირებული  საფრთხეები და რისკები, მოედანი არ არის სრულად შემოღობილი. არ არის დამონტაჟებული სტანდარტის შესაბამისი მოაჯირები, ღიობები… არ არის მოწყობილი უსაფრთხოების ბადე,“ – ვკითხულობთ შრომის ინსპექციის მიერ 10 ივნისს გამოცემულ სამართალდარღვევის ოქმში.

შრომის ინსპექცია ასევე მიუთითებს სამართლებრივ ნორმაზე, რომლის მიხედვითაც 2 კალენდარული წლის განმავლობაში „კრიტიკული შეუსაბამობის განმეორებით დაფიქსირებისთვის“ ობიექტი დააჯარიმეს 50 ათასი ლარით.

შრომის ინსპექციის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ინსპექციამ „ორბის“ ბეტონის ქარხანა 9 მარტს შეამოწმა „ბეტონის საამქროში მომხდარი უბედური შემთხვევის  მოკვლევისა და ინსპექტირების მიზნით“. თუმცა ინსპექციაში არ დაგვიკონკრეტეს, რა უბედური შემთხვევის გამო შევიდა ბეტონის საწარმოში ინსპექცია, ან რატომ არ დაინტერესდა ამ ქარხნით ინსპექცია წინა წლებში, როცა მოსახლეობა პროტესტს გამოხატავდა და ხელისუფლების ყურადღებას ითხოვდა.

9 მარტის ინსპექტირების შედეგადაც შრომის ინსპექციამ ბეტონის ქარხნის მუშაობა ასევე შეაჩერა „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტის“ დარღვევის გამო. სამართალდარღვევის ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ ოქმის გაფორმების დროს „ობიექტზე დირექტორი არ იმყოფებოდა“ და ინსპექციის წარმომადგენელს 112-ზე დაურეკავს, ოქმის ჩაბარებას ვერ ვახერხებთო.

კომპანია „ორბის“ პრესცენტრში, ასევე, კომპანიის მთავარმა იურისტმა დღეს, 29 აგვისტოს, „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებებს არ უპასუხეს.

მთავარი ფოტო: მტვერი ბეტონის ქარხნიდან, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რა შეიძლება მიიტანოთ უკრაინელ ლტოლვილთა დასახმარებლად ბათუმის შტაბში

ბათუმში, უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების შტაბში ისევ ითხოვენ დახმარებას. შტაბიდან უკრაინელი ლტოლვილებისთვის ერთჯერადად გაიცემა ყველაფერი, რაც აქ მოქალაქეებს მათთვის მოაქვთ. გროვდება:

  • საკვები პროდუქტი (მარცვლეული, დაკონსერვებული საკვები, ბურღული)
  • თეთრეული, პისახოცები, საბნები
  • საბავშვო ნივთები
  • ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის
  • საკანცელარიო ნივთები
  • ჰიგიენური საშუალებები
  • მედიკამენტები
  • ძაღლებისა და კატების საკვები

უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების შტაბი ბათუმში პარტია „ლელოს“ ოფისშია განთავსებული, მისამართზე: ფარნავაზ მეფის ქუჩა №46 / Telegram: @help_ua_ge / Tel.: 568 92 92 92.

„ექვს თვეზე მეტია, რაც შტაბი ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში 3500 ოჯახზე მეტმა მიიღო ერთჯერადი დახმარება. 70 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ უკრაინაში – საკვები და ჰიგიენური საშუალებები. ყველაზე დიდი პრობლემაა უკრაინელ ლტოლვილთა დაბინავება, დროებითი თავშესაფარი. ჩვენ არაერთი ოჯახი დავაბინავეთ ბათუმში, მაგრამ მოთხოვნა გაცილებით დიდია.

დიდი პრობლემაა ასევე ლტოლვილთა დასაქმება თუნდაც დროებით სამსახურში, რომ ამ ადამიანებს საარსებო სახსრები ჰქონდეთ, სანამ მათ ქვეყანაში ომია.

ეს ქართულ-უკრაინული და ბელორუსული შტაბია. ბელორუსები ძალიან ეხმარებიან უკრაინელებს, ერთმანეთსაც ეხმარებიან უკრაინელები. ჩვენს შტაბში ქართული მხარისგან ყველაზე აქტიურები „ლელოს“, „დროას“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.

ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებდით ზამთარში, მარტსა და აპრილშიც, რომ ეს ადამიანები ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ, სიცივეში“, – ამბობს პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, გენო თებიძე.

მისივე თქმით, უკრაინელი ლტოლვილების შვილებს სჭირდებათ ბაღებსა და სკოლებში ადგილები, ასევე შეღავათი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას:

„დაიწყო მუნიციპალურ ტრანსპორტში დაჯარიმებები და ბევრი უკრაინელია მათ შორის. აუცილებლად უნდა ვახსენოთ უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამედიცინო სერვისების არახელმისაწვდომობაც საქართველოში. ჩვენთან უცხოელებს სამედიცინო სერვისების სანაცვლოდ მაღალი ტარიფი აქვთ დაწესებული, უკრაინელებზეც იგივე ვრცელდება. აუცილებლად უნდა გადაიხედოს ეს საკითხი და რაღაც ტიპის სუბსიდირებაზე უნდა დავიწყოთ საუბარი. უხერხულია ომის ლტოლვილს სამედიცინო მომსახურებაში იმდენივეს ახდევინებდე, რამდენსაც ჩვეულებრივ ტურისტს. ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი, ოპერაციების, მკურნალობის საფასური, რისი საშუალებაც ამ ხალხს ახლა ნამდვილად არ აქვს“, – ამბობს გენო თებიძე.

უკრაინელთა დახმარების შტაბში აგროვებენ როგორც ფულად სახსრებს, ისე სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს.

„ერთხელ მეც დავიკარგე ნისლში“ – ამბები გომის მთის იალაღებიდან ფეხით მომავალი მგზავრისთვის

„ნისლი ყველაზე მეტად უხდება აქაურობას. აბა, გახედეთ, როგორ მოეფინა მიწას ნისლი და რა უცებ გაქრება, ჩვენ კიდევ ღრუბლების ზემოთ ვართ,“ – 70 წლის იაილის აივნიდან მარწყვის ბაღებს გაბადრული სახით გადახედა დავით ლომინაძემ და შესვენებისკენ მოგვიწოდა, ფეხით მიმავალს ჩვენ ამბებს დაგამგზავრებთო.

ამ დროს გომის მთაზე, სადაც ღრუბლებს ზემოთ, თენდებოდა.

დავით და ნათელა ლომინაძეები
თოვლი გომის მთის ფერდობზე, 2022 წლის აგვისტო

გომის მთის გზა [შუახევის მიმართულება]
გომის მთის შორეულ იალაღებზე, საიდანაც სამანქანო გზა მოდის შუახევისკენ და დღეჩაგდებით „ცხვირიანი ავტობუსით“ დადის, როგორც აქაურები ჰყვებიან, ფეხით მიმავალი მგზავრი იშვიათობაა და უკვირთ. ახლო წარსულში მთაზე ფეხით ადიოდა და უკან ბრუნდებოდა დამსვენებელი და მოიალაღეც, რომელსაც ზაფხულობით საქონელი ალპური ზონაში აჰყავს საბალახოდ და რძის პროდუქტებს აგროვებს. ბოლო წლებია მოიალაღეებს საქონელი მთაში სატვირთო ავტომანქანებით აჰყავთ.

გომის მთას მეორე საავტომობილო გზა ოზურგეთიდან აქვს, თუმცა აქ ახალი გზა კეთდება და გადაადგილება მხოლოდ შაბათ-კვირასაა შესაძლებელი, ისიც მაღალი გამავლობის მანქანით. გომის მთის ცენტრში ტურისტებისთვის გამოკრული აბრა კი იუწყება, რომ 2100 მეტრი სიმაღლიდან შეგიძლია ფეხითაც დაეშვა და ულამაზეს ლანდშაფტების ცქერით პირისპირ დატკბე. აბრაზევე წერია, რომ იქიდან შუახევის ყველაზე ახლო სოფლამდე – ხაბელაშვილებამდე 27,8 კილომეტრია და ამისთვის ფეხით დაახლოებით 10 საათი დაგჭირდებათ.

გზად კი, შეიძლება იმ იალაღებზეც შეიაროთ, რომელიც ყველაზე მაღალ მთებზეა შეფენილი  და სადაც პერიოდულად შემოჭრილი ნისლების ბურუსის ხმას მხოლოდ საქონლის ეჟვნების წკრიალი არღვევს. აქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც გეტყვიან, რომ ნისლებს ამქვეყნად არაფერი სჯობს.

გომის მთის შორეული იალაღები

„ერთი კაცი 18 დღე იყო დაკარგული ნისლში,“ – გვიყვება დავით ლომინაძე, რომელსაც გომის მთის ნისლებში ადამიანების დაკარგვის შემთხვევების გახსენება ვთხოვეთ. – „წარმოიდგინეთ, 18 დღე ეძებეს ტყე-ღრეში და იპოვეს ბოლოს, ბალახებში იყო გაგორებული, მაგრამ ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა, მხოლოდ ბალახის ჭამა შეძლო… მერე გვითხრა, მესმოდა ბოლო დღეს მამაჩემი რომ გეუბნებოდათ, დავიშალოთ ჯობია, დავბრუნდეთ სახლებში, დაიკარგა ჩემი შვილი და უნდა შევეგუო ამასო. მე ეს მეყურებოდა და ხმას ვერ ვიღებდი, არ მქონდა ამის ძალაო.

დათვიც მისულა ერთხელ, მასე გაგორებული ყოფილა ისევ ბალახებში, დამსუნა და წავიდა უკანო, უნარი არ მქონდა, ხელი და ფეხით გამექანებიაო.

მერე 4 წლის ბავშვი დაგვეკარგა ტყეში. ის დიდხანს ვეძებეთ და ვერსად ვიპოვეთ, თანაც სეტყვა წამოვიდა, სასტიკი ქარიშხალი იყო…“ – თხრობის დასრულება უჭირს დავით ლომინაძეს.

ნისლი გომის მთაზე

„საქონელს უნდა გამოჰყვე თურმე მაგ დროს, არ დაიკარგები,“ – დილის მზეს მიეფიცხა ნათელა ლომინაძეც. ნისლები ისე გაიფანტა, თითქოს რამდენიმე წუთის წინ არც კი ყოფილა.

„მართალია,“ – ცოლს დაეთანხმა დავითი და მისი ამბავიც გაიხსენა, როგორ დაიკარგა ნისლში: „გურიის მხარეს გადავედი და იქ დავიკარგე. რთული ისაა, რომ ვერ იჯერებ, დაკარგული რომ ხარ, იწყებ გზას და ჩერდები, მერე სხვა გზა გგონია მართალი, რამდენიმე საათი ვიყავი დაკარგული, ცხოვრებაც ასე არაა? მერე საქონელს გამოვყევი და მომიყვანა შინ მშვიდობით,“ – დაასრულა დავით ლომინაძემ.

„მარწყვის კომპოტი გაგვისინჯეთ, აქ დაკრეფილი მარწყვია,“ – ოთახიდან თბილი კომპოტით ხელში დაბრუნდა ისევ აივანზე ნათელა ლომინაძე.

ნათელა ლომინაძე

„მარწყვის ბაღსაც ვუვლი,“ – გამჭვირვალე ჭიქაში ათამაშებულ მარწყვებს ადევნებს თვალს ქალი და თან თავის ყოველდღიურობაზე გვიყვება: „დილის 7-ზე ფეხზე ვართ უკვე, ათასი საქმეა, საქონელი უნდა მოვაწესრიგო, ჩამოვწველო, მერე ყველი ამოვიყვანო, ყავის დალევის დროც არ გვრჩება ზოგჯერ.

მარწყვს ნაწილს ბარში ვაგზავნი, იქაც მოამზადონ კომპოტი. განსაკუთრებით მიყვარს მარწყვი, მარწყვს არაფერი მირჩევნია,“ – თავდაჯერებულობა ეტყობა ნათელას ხმაში.

„სიყვარულია ადამიანის უპირველესი გრძნობა, უსიყვარულოდ ადამიანის ცხოვრება მშვენიერი ვერ იქნება,“ – მზეს მიეფიცხა აივნის სკამზე ჩამომჯდარი დავით ლომინაძეც. – „16 წლის იყო, მე კი ჯარიდან ახალდაბრუნებული, სკოლიდან ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ არ უნდოდა ჩემზე დაქორწინება: მარტო ვიყავი, მშობლები არ მყავდა, შეეშინდა, მარტო რაფერ, რა უნდა ვქნათო, თორემ ისე კი მოვწონდი,“ – ხითხითებს დავით ლომინაძე.

„იმიტომაც მაჭანკლობიე დაგაჭირვებიე“, – იცინის ნათელა ლომინაძეც.

ნისლი გომის მთაზე
ლევან კილაძე მეუღლესთან ერთად

„ჩვენთან თუ არ შემოხვალთ და ყავას არ დალევთ, არ მიგასწავლით, სწორი გზით მიდიხართ თუ არა,“ – აივნიდან გვპასუხობს ლევან კილაძე. ისიც ზაფხულის სიცხეს ცოლთან ერთად მთაში გამოექცა.

„ფეხით ბევრჯერ ამოვსულვარ მთაში, ჩასვლაც არაა იოლი, დაღმართია და ფეხი გეღლება, დაძაბული ხარ, მაგრამ გზად ისეთი საცივი წყალია, იმის დალევა სხვანაირად გემრიელია, ფეხით როცა მიდიხარ… ჯვარიმინდორს რომ გასცდები, მერე სულ დაღმართია,“ – გვიხსნის ლევან კილაძე და მთისთვის ტრადიციული, ძველი სახლის პატარა სარკმლისკენ გვითითებს: ძლიერ წვიმს, შესაძლოა, სეტყვაც მოვიდესო და მერე ცოლის ნაქარგებით გაფორმებულ კედლებს გვათვალიერებინებს.

ლევან კილაძის სახლი

ამასობაში მზე გამოდის ისევ, მოიალაღეები საქონელს მიერეკებიან, ეჟვნების ხმას ადამიანების გადაძახილები ერევა: „ჩემი ნიკორაც გაიყოლეთ ბარემ“, „გადმოდი, მოცვის ჩაი გიმისინჯე ერთი“…

„ხარიათაღზე“, ანუ იქ, სადაც მოიალაღეები არიან, ხაზს უსვამენ გზის პრობლემას, სადაც მაღალი გამავლობის მანქანებით გადაადგილდებიან, ასევე ექიმს, რომელიც სასწრაფოდ გადაუდებელ შემთხვევაში კურორტზე არ ჰყავთ.

„პრობლემაა ის, რომ მერიის წარმომადგენელი აქ არავინ არის, არაა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, რამე რომ დაგჭირდეს, შუახევიდან უნდა ამოვიდეს სასწრაფო, რასაც 2 საათი მაინც დასჭირდება,“ – გვიყვება ნათელა ირემაძე, ისიც მოიალაღეა და დაახლოებით 2 თვე რჩება გომის მთაზე ოჯახთან ერთად.

შუახევის მერიაში დღის განმავლობაში ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია: რატომ ვერ გვარდება ეს პრობლემები დღემდე.

პრობლემები აქვთ გომის მთის საკურორტო ნაწილშიც, ანუ იქ, სადაც მხოლოდ დასასვენებლად ადიან. კურორტის ეს ნაწილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. აქ გამოწვევაა იგივეა, რაც ბათუმში – ჩაბეტონება. აქ თითქმის ყველა მიწის ნაკვეთი მონიშნულია და კოტეჯი კოტეჯზე შენდება.

გომის მთის ამ ნაწილში პრობლემაა ასევე სასმელი წყალი, რომელიც დღეში მხოლოდ ერთხელ – ნახევარი საათით, ან საერთოდ არ მოდის.

რა რეაგირებას ახდენს ოზურგეთის მერია უკანონო მშენებლობებზე? როდის დასრულდება კურორტისკენ ოზურგეთიდან მიმავალი საავტომობილო გზის მშენებლობა და როდის ექნება სასმელი წყალი გომის მთის დამსვენებელს? – კითხვებზე პასუხს ოზურგეთის მერიის პრესცენტრში დაგვპირდნენ, თუმცა ის ჯერ არ მიგვიღია.

„ჩვენც გადაგვიღეთ,“ – მეტყევეები აჩერებენ მანქანას ჯვარიმინდორთან
ბავშვები გომის მთიდან

გომის მთა, 2022 წლის აგვისტო

უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში რუსების დაცვის პირველი ხაზი გაარღვია – კონტრშეტევა და რეაქციები

29 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და რამდენიმე მიმართულებით შეტევა დაიწყეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის არმიამ უკან დაახევინა დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის 109-ე პოლკს და რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც საბრძოლო პოზიციები მიატოვეს.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერი, ნატალია გუმენიუკი სამხრეთში საბრძოლო მოქმედებებს ადასტურებს და აცხადებს, რომ კონტრეშეტევისთვის მზადება დიდი ხანია დაიწყო – უკრაინის არმია რუსების სატრანსპორტო არტერიებსა და ლოგისტიკურ კვანძებს ურტყამს და საბრძოლო მასალების საწყობებს ანადგურებს.

„სამხრეთში“ აცხადებენ, რომ სამხრეთში ვითარება მარტივი არაა, თუმცა მას უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე მოუწოდეს მოსახლეობას, უსაფრთხო ადგილებს მიაშურონ და წყალი, წამლები და საკვები მოიმარაგონ.

უკრაინული მედიის ცნობით, „კონტრშეტევის შესახებ სიახლემ ოკუპანტებში პანიკა გამოიწვია, დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ ლიმანში, რუსებმა გასამგზავრებლად მზადება დაიწყეს“.

უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება უკრაინის სამხრეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე არ გაუკეთებია. პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მოუწოდა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, „არ ისპეკულირონ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ან უკრაინის თავდაცვის ოფიციალური პირების განცხადებებამდე“.

„ასევე, ვთხოვ ჟურნალისტებს, დღესაც და მომავალ დღეებშიც, განსაკუთრებული სიფრთხილით გადაამოწმონ ინფორმაციის წყაროები და სპიკერების ექსპერტიზა,“ – დაწერა პოდოლიაკმა.

„ხერსონი უკრაინაა. წინ ჩვენი ხერსონია“, – მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ტელეგრამზე ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი.

მან უკრაინელი სამხედროს ფოტოც გამოაქვეყნა მინაწერით: „თქვენ არასოდეს გატყდებით. უკრაინას სჭირდება გამარჯვება და ის იქნება“.

პარალელურად, რუსების თავდასხმის შესახებ ნიკოლაევში იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება.

„ინტენსიურად ესვრიან ქალაქის ცენტრს. არ გამოვდივართ თავშესაფრებიდან, თუმცა სულს მაინც უხარია :) გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების,“ – წერს ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი.

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში რუსების ბაზა გაანადგურეს და დაარტყეს ბერისლავსკის მანქანათმშნებელ ქარხანას, რომელშიც რუსეთის არმიას ტექნიკა და საბრძოლო მასალები ჰქონდა და ცოცხალი ძალა ჰყავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების ხმა ისმოდა ანტონოვსკის ხიდზე. ანტონოვსკისა და ნოვა კახოვკის ხიდები უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად დაზიანებულია და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის გამოიყენება.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები/ფოტო: სარდლობა “სამხრეთი”

ქართველი გოგო უკრაინელ ბებიაზე: ლისიჩანსკში გარდაიცვალა შიმშილით და უწყლობით

89 წლის უკრაინელი ელენა სვენციცკაია ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში მარტო, შიმშილითა და უწყლობით გარდაიცვალა.

მარტის მერე ლისიჩანსკს არ მიეწოდებოდა წყალი და ელექტროენერგია, ივნისიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მახლობლად უკრაინული შენაერთების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ.

ლისიჩანსკი ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოექცა, რუსულმა არმიამ ქალაქი არტილერიით, ტანკებითა და თვითმფრინავებით დაბომბა.

89 წლის ქალი დაბომბვებს გადაურჩა, უწყლობას და შიმშილს კი ვეღარ გაუძლო.

„მარიუპოლის კადრები რომ ნახა დედაჩემმა, დაურეკა ბებია ელენას და სთხოვდა, ევედრებოდა, წაჰყოლოდა ევაკუირებულებს. ვთხოვდით, ახლობლებს ვურეკავდით და იყო ხალხი, ვინც მანქანით მიაკითხავდა, გამოიყვანდა, მაგრამ არ უნდოდა სახლის დატოვება. ამბობდა: მოხუცი ვარ, სახლიდან რომ წავიდე, სხვაგან მოვკვდები და ვეღარც მიპოვით. ჩემს სახლში თუ დავრჩები და აქ მომისწრებს სიკვდილი, გეცოდინებათ მაინც სად დამმარხესო“, – გვეუბნება ელენა სვენციცკაიას ქართველი შვილიშვილი, ქრისტინე კიკაბიძე.

ქრისტინე კიკაბიძის ნაამბობი

ელენა ბებო დედაჩემის დეიდა იყო. დედაჩემი უკრაინელია. მამაზე დაქორწინდა და საქართველოში გამოჰყვა საცხოვრელად. დედას უკრაინაში ჰყავდა მხოლოდ დედ-მამა და მარტოხელა დეიდა ელენა. ელენა ბებო ჩვენი უკანასკნელი უკრაინელი ნათესავი იყო.

მარტიდან გაითიშა ლისიჩანსკში ელექტროენერგია, ვეღარ ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. ძალიან აქტიური ბებო იყო: იცოდა სმარტფონის გამოყენება, კამერით ვსაუბრობდით, ესემესებსაც ხშირად მწერდა.

ელენა ბებოს ვყავდით მხოლოდ ჩვენ: მე, ჩემი ძმა და დედაჩემი.

მე უკრაინაში, დონეცკში ვსწავლობდი უნივერსიტეტში. დიდხანს იყო ჩემთან და მივლიდა, მიფრთხილდებოდა. მერე მე ჩავდიოდი ხოლმე მასთან, ლისიჩანსკში ყოველ მეორე შაბათ-კვირას სტუდენტობისას.

მწირი პენსიის მიუხედავად, ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა გადანახული გზის ფული. დონეცკის უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, საქართველოში წამოსვლამდე ჩავაკითხე, 300 დოლარი მაჩუქა, ძალიან დიდი ფული იყო მაშინ და მითხრა: შენებმა საქართველოდან უკრაინაში ჩამოსასვლელი ფული თუ ვერ მოგცეს, ეს შეინახე თვითმფრინავის ბილეთისთვის და იცოდე, სულ დაგელოდებიო.

ამის შემდეგ უკრაინაში დიდ ხანს აღარ ვყოფილვარ. ჩავაკითხე 2009 წელს, მერე კი – 2012 წელს.

2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს, ლისიჩანსკი არ დაუბომბავთ, ამ ომს ბებია გადაურჩა. წელს კი, 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა ბებიაჩემის სიცოცხლე წაიღო.

ომი რომ დაიწყო, ერთ კვირაში დავურეკე. მანამდე ვერ ვბედავდი მისი ნომრის აკრეფას. არ ვიცოდი რა მეთქვა, რით მენუგეშებინა. მის ქალაქს ბომბავდნენ და მე ვიყავი შორს, საფრანგეთში, სადაც საბუთებს ველოდებოდი და ქვეყანას ვერ ვტოვებდი. უძლური ვიყავი, ვერაფრით ვეხმარებოდი. ვერც უკრაინიდან გამომყავდა. ვერც დედაჩემი ჩადიოდა ომის ცხელ წერტილში.

მარტიდან შუქი და წყალი აღარ ჰქონდა ლისიჩანსკს. მაისში ერთი კვირით ჩაურთეს შუქი ქალაქს, ტელეფონი დამუხტა და დედას ელაპარაკა, ცოტა მშვიდად იყო, ეგონა, შუქს აღარ გათიშავდნენ, მაგრამ 17 მაისიდან ისევ ჩაბნელდა ქალაქი. კავშირი გაწყდა…

სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში დიდი ბრძოლები მიდიოდა, ტელეგრამით ვადევნებდი თვალს ლისიჩანსკის ამბებს, სოცქსელებში ატვირთული დაბომბილი სახლების ფოტოებს შორის მის სახლს ვეძებდი.

იქაურ პოლიციას ვწერდით, რომ დაგვხმარებოდნენ, გაეგოთ როგორ იყო, იყო თუ არა ცოცხალი… პოლიცია გვპასუხობდა, რომ ამის დრო არ ჰქონდათ…

ერთხელ მეზობელმა მოგვაწვდინა ხმა და გაგვამხნევა საშინელი დაბომბვების მერე: გადარჩა ბებია და მისი სახლი, მეზობლები შუაცეცხლზე გაკეთებულ წვნიანს ვუნაწილებთო.

ოთხი თვე, აპრილის მერე ელენა ბებოს არ ჰქონდა წყალი, გაზი და შუქი, საჭმელს მხოლოდ ხანდახან ჭამდა: გადანახულ მურაბებს, მწნილებს, რაც წინა წელს შეინახა. ვერ გადიოდა სახლიდან, ჰუმანიტარულ დახმარებას ვერ იღებდა.

მისი მეზობლები ხანდახან გვატყობინებდნენ ამბავს, რომ მშრალ სპირტს ანთებდა ჩაის დასალევად. კატები ჰყავდა ბებოს, რამდენიმე კატა ჰყავდა შვილივით. კონსერვები რომ გამოელია და ვეღარაფერს აჭმევდა კატებს, გაუშვა გარეთ ყველა თურმე…

ელენა სვენციცკაია

სასწაულებრივად, ერთი მეზობელი, როგორღაც მუხტავდა ტელეფონს და ბებოს სიკვდილამდე დავუკავშირდით. გვითხრა, რომ გონება უკვე გათიშული ჰქონდა. საწოლიდან გადმოვარდა და იატაკიდან ვეღარ დგებოდა. სიკვდილამდე ბოლო ორი კვირა იატაკზე იწვა უძლურებისგან. ვდარდობ იმას, რომ ასეთ მარტოობაში გარდაიცვალა, ვოცნებობ იმაზე, რომ ნეტა მისი 14 წლის კატა მაინც ყოფილიყო ბებოს გვერდით სიკვდილის წუთებში, ნეტა ვინმე ყოფილიყო, ვინც სიკვდილის წინ მას ეტყოდა, რომ ჩვენ ვნერვიულობდით, რომ მე და დედას გვიყვარს, რომ მის გამო ვდარდობთ… ამის მთქმელიც კი არავინ გამოჩნდა.

არც ერთი ცოცხალი არსება მის გვერდით არ იყო სიკვდილის წუთებში. მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ სიკვდილს. სჯობს ბომბი დაგეცეს, სჯობს უცებ აფეთქდე“.

დამტკიცდა 2022-2030 წლების განათლების ეროვნული სტრატეგია – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დამტკიცდა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა.

სამინისტროს ინფორმაციით, განათლების ეროვნული სტრატეგია სამ ძირითად პრიორიტეტს მოიცავს. ეს არის:

  • საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი და მდგრადი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა;
  • თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა;
  • განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვისა და ანგარიშვალდებულების სისტემის უზრუნველყოფა.

„განსაზღვრულია 15 სტრატეგიული მიზანი და 28 ამოცანა,“ – წერს სამინისტრო.

განათლების სტრატეგიის პროექტის მიხედვით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში განხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები პედაგოგების მომზადების, პროფესიაში შესვლისა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით.

აღნიშნული აგრეთვე მოიცავს შესრულებული სამუშაოს შეფასების, კარიერული განვითარების დაგეგმვისა და წახალისების სისტემების განვითარებას.

სტრატეგიის მიხედვით, მასწავლებლები უნდა ჩაერთონ საჭიროებებზე დაფუძნებულ უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში. „მასწავლებლის პროფესიული განვითარება იქცევა ყოველდღიურად მიმდინარე პროცესად და არა საჩვენებელ აქტივობათა ერთობლიობად,“ – წერია სტრატეგიაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, პედაგოგები მიიღებენ ინტენსიურ, კონსტრუქციულ უკუკავშირს და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად გაიზიარებენ სწავლის შედეგებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას.

„ამავდროულად ხელი შეეწყობა სკოლის დირექტორების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ იმოქმედონ, როგორც ინსტრუქციულმა ლიდერებმა,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, დოკუმენტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-მკვლევართა დასაქმება, შეფასება და წახალისება დაეფუძნება მათი მიღწევების შეფასებას გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული კრიტერიუმების გათვალისწინებით. „სწავლება/სწავლისა და კვლევისა და ინოვაციის სფეროში წახალისდება ინოვაციური მიდგომები, ხოლო აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს მთელი კარიერის მანძილზე ექნება პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა,“ – წერია სტრატეგიის დოკუმენტში.

ამავე წყაროს მიხედვით, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის წლიური დაფინანსების გაზრდას მხოლოდ 2030 წლიდან აპირებს, რაც გადაჭრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: მოძველებული და არაადაპტირებული ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ძვირადღირებული აპარატურის ნაკლებობა და სამეცნიერო-კვლევითი რესურსების ფრაგმენტაცია და მათი არათანაბარი გადანაწილება.

სტრატეგიის მიხედვით, წახალისდება დამსახურებაზე დაფუძნებული სისტემები, „რომლის ფარგლებში დაფასებულია მაღალი ხარისხის სწავლება. პოსტსადოქტორო და სამეცნიერო-კვლევითი პოზიციების შექმნის მიზნით დაინერგება ემერიტუს პროფესორთა სისტემა, რომელიც დამატებით ასევე მხარდაჭერილი იქნება შესაბამისი საპენსიო სქემებით“.

_________________

მსგავს თემაზე:

საქართველოში უნივერსიტეტები სოციალურ თავშესაფრად იქცა – ინტერვიუ

„დასაქმდა 20 ათასი სოციალურად დაუცველი “ – ღარიბაშვილი

„დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 55 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა ქვეყანაში, სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში,“ – ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, გაიზარდა სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მაჩვენებელი. „ჩვენი ინიციატივის ფარგლებში 20 ათასი სოციალურად დაუცველი დასაქმდა, ისინი ჩართული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებში, ინფრასტრუქტურაა, სატყეო თუ სხვა და ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი გააქტიურება,“ – ამბობს ღარიბაშვილი.

ამის შესახებ მან დღეს, 29 აგვისტოს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე, თუმცა მას არ აუხსნია, კონკრეტულად რის ხარჯზე და რა სფეროებში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ „რეგიონში და მსოფლიოში არსებული უპრეცედენტო გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში იზრდება სავალუტო შემოდინებებიც“ და მცირდება უმუშევრობა.

მას  შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ღარიბაშვილი თითქმის ყოველ თვეში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ „ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს წინსვლა“.

___

ამავე თემაზე:

ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება

„როგორც ჩანს, სააღლუმო ეგზემპლარია“ – უკრაინელი ოფიცერი, რომელმაც რუსული T 80 ჩაიგდო ხელში

95-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის სამხედროებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც საზოგადოებას თავიანთ სამხედრო ნადავლს, რუსულ ტანკ Т-80-ს ათვალიერებინებენ.

„ეგრევე თვალში მოსახვედრია, რომ სავალ ნაწილზე და ჯავშანზე თეთრი საღებავი უსვია. როგორც მერე გაირკვა, გარბენიც თითქმის არ აქვს, არადა, თვითონ მანქანა ახალი არაა. ასე რომ, როგორც ჩანს, საჩვენებელი სააღლუმო ეგზემპლარია,“ – ამბობს ვიდეოში ოფიცერი იური კოვაჩენკო.

მისი თქმით, ასეთი ტანკის ფრონტზე გამოყვანა მიუთითებს, რომ რუსებმა უკვე „ყველაფერი ამოთხარეს, რისი ამოთხრაც შეიძლება და რაც დადის“.

„ახლა ეს ტანკი რუს ოკუპანტებს დაარტყამს და თუკი აღლუმშიც მიიღებს მონაწილეობს, ეს მხოლოდ უკრაინის გამარჯვების აღლუმი იქნება,“ – დასძენს უკრაინელი ოფიცერი.

T 80  საბჭოთა კავშირმა პირველად 1976 წელს გამოუშვა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მისი წარმოება რუსეთში გაგრძელდა. ის რუსეთის შეიარაღებაში ერთ-ერთი ძირითადი საბრძოლო ტანკია და დაახლოებით 3 მილიონი დოლარი ღირს. T 80 ბოლოს 2001 წელს ომსკში გამოუშვეს.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, მანამდე 79-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის არტილერიის დანაყოფის მებრძოლებმა განაცხადეს, რომ ხელში ჩაიგდეს რუსების თვითმავალი საარტილერიო დანადგარი 2C9 „ნონა“ და მას ახლა მტრის წინააღმდეგ იყენებენ.

მთავარ ფოტოზე: რუსული T 80, კადრი ვიდეოდან.

საქართველოს სამაშველო ვერტმფრენები არ აქვს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „ბათუმელებმა“ 9 აგვისტოს ჰკითხა, აქვს თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო ვერტმფრენები?

როგორც სამინისტროში გვიპასუხეს, ამ ეტაპზე უწყებას არც ერთი სამაშველო ვერტმფრენი არ აქვს. „სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არ ირიცხება სამაშველო ვერტმფრენები“, – მოგვწერა შს სამინისტრომ.

უწყების განცხადებით, ხანძრის ჩაქრობის დროს ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას ისინი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს იძახებენ.

„წყალზე, მთაში და სასიმაღლო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას შესასრულებელი სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, ფასდება ვერტმფრენის გამოყენების შესაძლებლობა და საჭიროების შემთხვევაში, ხდება მისი გამოძახება. ასეთ შემთხვევაში, სამაშველო სამუშაოებში ერთვება სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ვერტმფრენი“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

უწყების განმარტებით, 29 ივლისს საავიაციო ინციდენტში მონაწილე ვერტმფრენიც, რომლის ჩამოვარდნასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე ირიცხებოდა.

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადაში სამაშველო ოპერაციებისთვის „პუმას“ ტიპის, ფრანგული წარმოების 2 ძვირადღირებული ვერტმფრენი შეიძინა სახელმწიფომ, რომლებიც საგანგებო სიტუაციების დროს არსად ფიგურირებს.

სამინისტროს ამ ვერტმფრენების შესახებაც ვკითხეთ, თუ რომელი უწყების ბალანსზეა ვერტმფრენები, არის თუ არა გამართული, ხომ არ გაუყიდია სახელმწიფოს და თუ გაყიდა, რატომ არ მოხმარდა შემოსული თანხა სხვა სამაშველო ვერტმფრენების შეძენას?

სამინისტროდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ „პუმას“ ტიპის ფრანგული წარმოების ორი ვერტმფრენი ირიცხება სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე.

სხვა კითხვებზე სამინისტრომ არ გვიპასუხა.

საქართველო, მისი ბუნებრივი რელიეფიდან გამომდინარე, მთიანი ქვეყანაა და უცხოელი ტურისტებიც ყველაზე ხშირად სწორედ მთიანი ადგილებით ინტერესდებიან. თითქმის ყოველ წელს ათეულობით შეტყობინება შედის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცხელ ხაზზე – მთებში თუ სხვა მიუვალ ადგილებში ჩარჩენილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

მაგალითად, 2018 წლის ივლისში თეთნულდზე ორი უკრაინელი მთამსვლელი დაიკარგა. მაშველებმა მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, რადგან დაშავებულ ტურისტთან უამინდობის მიზეზით ვერტმფრენი დროულად ვერ მიფრინდა. ამ შემთხვევაშიც სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული.

მომდევნო, 2019 წელს, ასევე თეთნულდზე დაიღუპა ორი უცხოელი ტურისტი. სპეციალიზებული სამაშველო ჯგუფი კი ხილვადობის შეზღუდვის გამო სამაშველო ოპერაციაში დროულად ვერ ჩაერთო. ოპერაციაში ამ შემთხვევაშიც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა.

რატომ იყენებს შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს სამაშველო ოპერაციების დროს და არა, ვთქვათ, „პუმას“ ტიპის ვერტმფრენებს, ამ კითხვაზე სამინისტრო არაფერს ამბობს.

დღეს, 29 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „[ვახტანგ] გომელაურის უწყება [შსს] მუშაობს 3 ახალი ვერტმფრენის შეძენაზე, იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი არის აბსოლუტურად გამართული“.

ღარიბაშვილმა ამავე სხდომაზე დღეს ახსენა „პუმას“ ტიპის ვერტმფრენებიც, რომლებიც, მისი თქმით, „ფუფუნებისთვის“ არის განკუთვნილი. „ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავის არ ესარგებლა“, – ამბობს ღარიბაშვილი. მისი თქმით, „პუმას“ ტიპის ვერტმფრენი არ არის გათვალისწინებული სამაშველო ოპერაციებისთვის, „ეს არის ტყუილი“, – ამბობს ღარიბაშვილი. პრემიერის თქმით, ამ ვერტმფრენებს აღნიშნულ ქარხანას უკან გადასცემენ და სანაცვლოდ 3 ახალ ვერტმფრენს იყიდის სახელმწიფო.

რამდენიმე დღეა ბორჯომში ტყე იწვის, ცეცხლის ლოკალიზება მას შემდეგ მოხერხდა, რაც სამაშველო ოპერაციაში თურქული ვერტმფრენები ჩაერთო.

პეტერბურგში ივლისის შემდეგ მხოლოდ 100 მოხალისე მოაგროვეს უკრაინაში გასაგზავნად – ISW

რუსული მედიასაშუალებები, სავარაუდოდ, კრემლის დავალებით, აკრიტიკებენ სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორს, ალექსანდრ ბეგლოვს, რომელმაც უკრაინასთან ომში გასაგზავნად მოხალისეები ვერ შეაგროვა.

ამის შესახებ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს.

„კრემლმა, სავარაუდოდ, დაავალა მოსკოვთან მჭიდროდ დაკავშირებულ მედიასაშუალებებს, გააკრიტიკონ სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი იმის გამო, რომ მან მოხალისეთა ბატალიონებში ხალხი ვერ მიიზიდა.

ISW-ი მანამდეც წერდა, რომ პეტერბურგის ზოგიერთმა სამხედრო კომისარიატმა მოწვევა გაუგზავნა ყველა ადგილობრივ კაცს, რათა რეკლამა გაეწია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისთვის. ამან ადგილობრივების კრიტიკა გამოიწვია და პეტერბურგის ხელისუფლება იძულებული გახდა, უარეყო, რომ წერილები მათი გაგზავნილი იყო,“ – ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების ცნობით, ადგილობრივ ხელისუფლებას სანკტ-პეტერბურგში მოხალისეთა 3 ბატალიონი უნდა შეექმნა: „ნევა“ „კრონშტადტი“ და „პავლოვსკი“, თუმცა ივლისის შემდეგ მხოლოდ 100 მოხალისე გამოჩნდა.

„ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ბეგლოვსა და მის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, რომ მათ არ გამოყვეს შესაბამისი რესურსები, არ გამოსცეს აუცილებელი ბრძანებები და არ აწარმოეს საინფორმაციო კამპანია მედიაში,“ – აღნიშნავს ISW-ი და დასძენს, რომ რუსეთის ქალაქებისა და ოლქების ადმინისტრაციები, როგორც წესი, დაინტერესებულნი არიან, პუტინს ასიამოვნონ და ყველა შესაძლო გზით უწევენ რეკლამას საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს.

ISW-ი იხსენებს, რომ ბეგლოვმა კრემლის კრიტიკა ადგილობრივი პრობლემების გამო ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაიმსახურა და ვლადიმერ პუტინისგან თებერვლის დასაწყისში შეხვედრაზე უარი მიიღო. სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორმა მოსკოვთან ურთიერთობების გამოსწორება იმით სცადა, რომ პეტერბურგი მარიუპოლის მფარველ ქალაქად დაასახელა.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, მოხალისეთა ბატალიონები „მოსკოვი“ და „პეტერგურგი“ არ არსებობს და სავარაუდოდ არც იარსებებს, „თუკი ასეთი ბატალიონები სადმე იქნება, მხოლოდ ქაღალდზე, სინამდვილეში კი მათ შემადგენლობაში შეიყვანენ იაკუტებს, ჩუვაშებს და რუსეთის მიერ თავის დროზე კოლონიზებულ სხვა ხალხებს“.

სააგენტო „უნიანი“ წერს, რომ მოსკოვისა და პეტერბურგის მცხოვრებლები უკრაინაში დაღუპულ სამხედროთა შორის თითქმის არ არიან.

უკრაინასთან ომისთვის რუსეთის 20 რეგიონში უკვე „მოხალისეთა“ 40 ქვედანაყოფი შექმნეს. მსურველთა მიღება რაზმებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაზაფხულიდან დაიწყო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეში გაემგზავრა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) მისია, რომელსაც მისი დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ხელმძღვანელობს, უკრაინაში გაემგზავრა. ამის შესახებ ტვიტერზე თავად სააგენტოს დირექტორმა დაწერა.

„ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ ვხელმძღვანელობ ამ მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამ კვირაში ჩავა,“ – წერს გროსი.

აესს-ში განმარტავენ, რა იქნება მისიის მთავარი მიზანი: ფიზიკური ზიანის, დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მუშაობის, პერსონალის სამუშაო პირობების შეფასება და უსაფრთხოების მიზნით სასწრაფო ზომების მიღება.

The New York Times-ის ინფორმაციით, ჯგუფში სააგენტოს დირექტორის გარდა, სხვადასხვა ქვეყნის 13 ექსპერტი შედის, მათ შორის არიან ექსპერტები უკრაინის მეგობარი პოლონეთიდან და ლიეტუვიდან და რუსეთის მეგობარი ჩინეთიდან და სერბეთიდან.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 25 აგვისტოს მთლიანად გაითიშა უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან. მეორე დღეს, უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ცნობით, სადგურის ორი ენერგობლოკი კვლავ ჩართეს ქსელში.

უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გათიშვა სადგურზე რუსების სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია და გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს სასწრაფო რეაგირება სთხოვა.

რუსმა სამხედროებმა ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავეს.

მთავარ ფოტოზე: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, რომელიც ზაპოროჟიეში გაემგზავრა/ფოტო: რაფაელ მარიანო გროსის ტვიტერიდან

დღეს Z-ით ხარ, ხვალ ტანკით შემოხვალ – როგორ ხვდებიან ყაზახეთში რუსებს

„მოხსენი სტიკერი Z და ისე გაიარე. ჩახვალ რუსეთში და დააკრავ ისევ, ვინ დაგიშლის? დღეს Z-ით ხარ, ხვალ ტანკით შემოხვალ ჩემს მიწაზე, ყაზახეთის მიწაზე,“ – ასე მიმართვას სატვირთო ავტომანქანის მძღოლს ყაზახეთის მოქალაქე და Z-იან სტიკერს ახსნევინებს.

როგორც Настоящее Время წერს, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. სოციალურ ქსელებში გაჩენილი უამრავი ვიდეო ადასტურებს, რომ რუსულ ავტომანქანებზე დაკრული Z და V ასოები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის სიმბოლოებად იქცა, ყაზახების პროტესტს იწვევს.

ასეთ ვიდეოებს ზოგჯერ თვითონ ადგილობრივები, ზოგჯერ კი მათი საქციელით აღშფოთებული რუსი ტურისტები იღებენ და აქვეყნებენ. ერთ-ერთი ტურისტი, რომლის ვიდეოშიც ავტომანქანაზე კარგად ჩანს სტიკერი Z, ჰყვება, რომ ყაზახეთის კურორტზე მათ „ძალიან, ძალიან, ძალიან არაკეთილგანწყობილად“ შეხვდნენ.

„ჩვენი მანქანის მინაზე ასეთი ნიშანი დაინახეს და გვეცნენ ბრალდებებით, რომ უკრაინას დავესხით თავს. „რუსებო, წაეთრიეთ აქედან, თქვენ ფაშისტები ხართ,“ – გვითხრა ავტობუსის ყაზახმა მძღოლმა,“ – ამბობს ტურისტი ქალი.

მოქალაქეები რუს მძღოლებს ან თავად აიძულებენ, ასეთი სტიკერები მოხსნან ან იძახებენ პოლიციას, რომელიც ავტომანქანების მფლობელებს „სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევის“ გამო აჯარიმებს.

ყაზახეთში არ არსებობს კანონი, რომელიც ამ სიმბოლოებს კრძალავს.

სერგეი დუვანოვი, ცნობილი ყაზახი ჟურნალისტი, „ყაზახგეიტის“ სკანდალის ავტორი, რომელიც ყაზახეთის მთავრობამ 2003 წელს დააპატიმრა კიდეც, ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ასეთ კანონს რუსეთის შიშით არ იღებს.

„ყაზახეთი რუსეთის პოლიტიკის გავლენის ქვეშაა და ჩრდილოელ მეზობელთან კონფლიქტი არ უნდათ. კანონი რომ მიიღონ, იძულებულნი იქნებიან, აკრძალვის პოლიტიკური მოტივი გააცხადონ, ეს კი, ჩემი აზრით, კრემლს არ მოეწონება,“ – ამბობს ჟურნალისტი Настоящее Время-სთან ინტერვიუში.

ასოები Z, V და O, რომლებიც რუსულ სამხედრო ტექნიკაზეა გამოსახული, უკრაინაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის სიმბოლოებად იქცა. ამ ნიშნების გამოყენება რამდენიმე ქვეყანამ, სპორტულმა ორგანიზაციამ და ბიზნესკომპანიამ აკრძალა.

ასევე წაიკითხეთ:

90-დან 26 გადავრჩით – „აზოვის“ ყაზახმა მებრძოლმა უკრაინის დაცვისთვის სიმამაცის ორდენი მიიღო

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 47 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
  • ტანკი – 1 947 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 4 269 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 1060 ერთეული [+10]
  • MLRS – 279 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 149 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 203 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 844 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 188 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 101 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 276 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 832 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 370 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 408 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 822 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 354 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 126 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ისე ელოდება რუსეთი ზამთარს“ – გადამდგარი გენერალი

 

შოიგუ ფაქტობრივად ჩამოაშორეს მართვას უკრაინაში წარუმატებლობის გამო – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რომელიც დამოუკიდებელი რუსული მედიის ბოლოდროინდელ ცნობებსაც ეყრდნობა, უკრაინასთან ომში შექმნილი პრობლემების გამო რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ფაქტობრივად, ჩამოშორებულია რუსეთის ხელმძღვანელობას, ხოლო ვლადიმერ პუტინს ომის მიმდინარეობაზე ანგარიშს პირდაპირ ოპერატიული მეთაურები აბარებენ.

„უკრაინაში რუსეთის პროგრესი შეჩერებულია, რუსეთის ოფიცრები და ჯარისკაცები კი, რომლებსაც ომის გამოცდილება აქვთ, სავარაუდოდ, გამუდმებით დასცინიან შოიგუს მისი არაეფექტიანი და რეალობიდან მოწყვეტილი მოქმედებების გამო.

შოიგუ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, როგორმე მოეშორებინა იმ ადამიანის რეპუტაცია, რომელსაც სერიოზული სამხედრო გამოცდილება არ აქვს, რადგან მან თავისი კარიერის დიდი ნაწილი სამშენებლო სექტორში და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში გაატარა,“ – წერს უწყება 29 აგვისტოს რელიზში.

სერგეი შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებს. მანამდე ის მოსკოვის ოლქის გუბერნატორი და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი იყო. შოიგუ პროფესიით ინჟინერ-მშენებელია.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება არმიის რაოდენობის გაზრდაზე პუტინის ბრძანებას აფასებდა და მიუთითებდა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის პროგრესს ვერ დააჩქარებს.

ოდესაში სასამართლომ კაცს წიგნების წაკითხვა დაავალდებულა

ოდესის სასამართლომ კონსტიტუციური წესრიგის დამხობისკენ მოწოდებაში მსჯავრდებულ კაცს ორი ისტორიული წიგნის წაკითხვა დაავალდებულა.

ამის შესახებ უკრაინული გამოცემა hromadske წერს სასამართლო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

სასამართლომ დაადგინა, რომ კაცი უკრაინაში აკრძალულ რუსულ სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკში“ ავრცელებდა მოწოდებებს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივ დამხობაზე, უკრაინის ტერიტორიის საზღვრების შეცვლასა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა საბოლოოდ 3-წლიანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. ასევე, სასამართლომ კაცს დაავალდებულა წაიკითხოს წიგნები: სერგი პლოხის „ევროპის კარიბჭე. უკრაინის ისტორია სკვითების ომებიდან დამოუკიდებლობამდე“ და რომან ივანიჩუკის ისტორიული რომანი „ურდო“.

უკრაინული გამოცემა წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოდესაში წიგნის წაკითხვას ავალდებულებენ ბრალდებულს: 2022 წლის იანვარში ოდესის სასამართლომ კაცს, რომელმაც უცნობს სახეში გაარტყა, რეკომენდაცია მისცა, წაეკითხა ელინორ პორტერის საბავშვო რომანი „პოლიანა“ – უფრო მეგობრული რომ გამხდარიყო სხვა ადამიანების მიმართ.

ხოლო 2021 წლის ოქტომბერში ოდესის რაიონულმა სასამართლომ 19 და 23 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ქურდობაში იყვნენ ბრალდებულები, 3 წელი მიუსაჯა ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით და ასევე, დაავალდებულა, წაეკითხათ მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”, ჯეკ ლონდონის “თეთრი ეშვი” და ტარას შევჩენკოს ლექსები.

მაშინ სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები სრულწლოვნები იყვნენ, მათ არ ახსოვდათ სკოლის ლიტერატურა და „ფაქტობრივად, ისინი მაინც ბავშვები იყვნენ განვითარების თვალსაზრისით“. ეს სასამართლოში გამოვლინდა მათი მწირი ლექსიკით, ხოლო ქურდობისას დაუდევრობით – დანაშაულის ჩადენისას მათ თან ჰქონდათ საკუთარი საბუთები.

რა შემთხვევაში დააბრუნებს უკრაინა 24 თებერვლის პოზიციებზე რუსეთს – გენერალი ჰოჯესი

2022 წლის ბოლოსთვის უკრაინამ შესაძლოა რუსეთი დააბრუნოს 23 თებერვლის პოზიციებზე იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას საჭირო მოცულობით იარაღს მიაწვდიან – ამბობს ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი. ჰოჯესის ციტატას უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს იმ ინტერვიუზე დაყრდნობით, რომელიც ჰოჯესმა „დოიჩე ველეს“ უკრაინულ ბიუროს მისცა.

„უკრაინელები წარმოუდგენლად გამძლეები, ნოვატორულები იყვნენ, მაგრამ მათ სჭირდებათ უფრო შორსმსროლელი და ზუსტი არტილერია. არტილერია და რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ უფრო შორს სროლა და რუსული არტილერიისა და ლოგისტიკის განადგურება, დარტყმა რუსეთის აეროდრომებზე. ეს არის ის, რაც საჭიროა.

ჩვენ რაღაც მივეცით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის გადამწყვეტი ეფექტისთვის, აი, ამიტომ ფრონტის ხაზი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში არ შეცვლილა“, – განაცხადა ჰოჯესმა.

მისი თქმით, რუსებმა კულმინაციას მიაღწიეს და მეტი არ შეუძლიათ, მაგრამ უკრაინელებს გამარჯვების შესაძლებლობა სჭირდებათ.

„რუსებმა უკვე მიაღწიეს შეტევის კულმინაციას და ვეღარ ახერხებენ წინსვლას. უფრო მეტიც, მათ არ შეუძლიათ ზურგის დაცვაც კი.

ომის ხანგრძლივობა იმაზე იქნება დამოკიდებული, გავაკეთებთ თუ არა ყველაფერს, რასაც დავპირდით, ვასრულებთ თუ არა ყველაფერს. მე მჯერა, რომ ამ წლის ბოლომდე ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ ისინი 23 თებერვლის ხაზამდე“, – განაცხადა ჰოჯესმა.

დავარტყით ოკუპანტების პუნქტებს ხერსონში, ნოვა კახოვკასა და დარიევკაში – „სამხრეთი“

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს რუსული ჯარების სამ სამეთაურო პუნქტს ხერსონსა და დარიევკაში, ასევე რუსეთის 35-ე არმიის შტაბს ნოვა კახოვკაში.

ასევე, დაზიანდა რუსეთის საბრძოლო მასალის საწყობები ლიუბიმოვკასა და ხერსონში.

„სამხრეთი“ აცხადებს, რომ დღეის მონაცემებით, ხიდი და გადასასვლელი მდინარე ინგულეცზე ხერსონთან ახლოს დარიევკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის კონტროლის ქვეშაა, დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს.

ხიდი მდინარე ინგლუზეცზე ერთადერთი გადასასვლელია, რომლის გამოყენებაც რუსეთის ჯარებს შეუძლიათ იარაღის, აღჭურვილობისა და საწვავის გადასატანად ნოვაია კახოვკადან ხერსონში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე.

__________

ფოტო: ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“/facebook

ამავე თემაზე: 

„წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ისე ელოდება რუსეთი ზამთარს“ – გადამდგარი გენერალი

როგორია მემთეური ქალის შრომა და ცხოვრება ხულოს იალაღზე

„პირველად რომ წამოვედი მთაში, იმაზე ვფიქრობდი, ეს სამი თვე,  90 დღე როდის უნდა გავიდეს-მეთქი“, – იხსენებს 57 წლის მანანა დიასამიძე.

მანანა 30-ზე მეტი წელია, ლოდიძირის იალაღზე მემთეურად დადის. 17-18 წლის იყო, როცა მთაში პირველად მეუღლის ბებიას გამოჰყვა ბავშვებთან ერთად და მემთეურობაც ბებიასგან ისწავლა.

მისი თქმით, ახალგაზრდობაში მთაში წასვლა ყველაზე მეტად იმიტომ არ უნდოდა, რომ მის ქმარს სამუშაოდ ბარში  დარჩენა უწევდა. „ძალიან ძნელად გადიოდა დღეები ბარში დაბრუნებამდე“, – გვითხრა მანანამ.

გვიყვება, რომ შეუძლებელი იყო თავადაც ბარში დარჩენილიყო:

„არ მინდოდა [მთაში ყოფნა], მაგრამ შვილების გამო… შვილები რომ გამეზარდა. არ მსიამოვნებდა [მთაში ყოფნა], მაგრამ რძალი მერქვა და რასაც უფროსები გადაწყვეტდნენ, მაშინდელი რძლები იმას ვაკეთებდით შვილების გამო“.

მანანას მეუღლე აღარ მუშაობს და ახლა მთაში ერთად მოდიან ხოლმე. ქალი ამბობს, რომ ისინი ბედნიერი ცოლ-ქმარი არიან და ერთმანეთს რომ შრომა შეუმსუბუქონ, საქმის გადანაწილებას ცდილობენ.

ძროხების მოწველა, რძის ნაწარმის, საჭმლის გაკეთება და სისუფთავე მანანას ევალება. მისი ქმარი საქონელს უშვებს საბალახოდ, რძეს ხდის, ცოლს მძიმე ალუმინის ქვაბის გადატანა-გადმოტანაში ეხმარება, შეშას ჩეხავს და ა.შ.

ადრე ბევრ საქონელთან ერთად ჰყავდათ ხარიც და კამეჩემებიც, ახლა კი მხოლოდ 5 ძროხა ჰყავთ.

მანანას თქმით, ახლაც იმიტომ მემთეურობს, რომ უნდა მის შვილებსა და შვილიშვილებს ნატურალური რძის პროდუქტები ჰქონდეთ. არც სტუმრებს ივიწყებს. „გასაყიდად არაფერს ვამზადებ“, – გვითხრა მან.

ჩვენთან საუბრისას მანანამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მემთეურებს მთაში ყოფნისას, ყოველ დღე, ერთი და იგივე საქმე აქვთ.

თუ ბევრი ძროხა ჰყავს მემთეურს, სხვა ქალებთან შედარებით კიდევ უფრო ადრე, 5 საათზე იღვიძებს. მანანას დღე  დილის შვიდის ნახევარზე იწყება, 5 ძროხის მოწველას მაქსმუმ ერთ საათს ანდომებს, შემდეგ ყველი ამოჰყავს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს სხვა საქმეების გაკეთებას.

მანანა დიასამიძე

„მე ვფიქრობ, ახალგაზრდისთვის მემთეურობა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ყოველდღე ერთი და იგივე საქმე მომაბეზრებელია. ახალგაზრდებს დილით ძილი ურჩევნიათ, რთულია ყოველდღე დილიანად ადგომაც. ახალგაზრდა როცა ვიყავი, არც ჩემთვის იყო [დილით გაღვიძება] სასიამოვნო. არ მომწონდა მაშინ [მემთეურობა] და ალბათ, ყველა ახალგაზრდისთვის ასე იქნება.

ჩემი ხნის ქალები შევეჩვიეთ, ამ საქმეს დავეუფლეთ და კარგად ვაკეთებთ. აღარ მიჭირს არც გაღვიძება, არც ადრე დაძინება და არაფერი“, – ამბობს მანანა.

მისი თქმით, ახლა მხოლოდ კარაქის ცივ წყალში გარეცხვა უძნელდება.

მემთეური ქალები შუამთობის დღესასწაულისთვის ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადებიან სტუმრების დასახვედრად, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან მათთან.

მანანას თქმით, მისი მთის სახლი ერთ საუკუნეს ითვლის და ყოველდღიური ლაგების მიუხედავად, შუამთობის მოახლოების დროს გულდასმით წმენდს მტვერს, ასუფთავებს სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს, რეცხავს თეთრეულს და ბევრ კერძს ამზადებს, სტუმრებს შესაფერისად რომ დახვდეს.

„სტუმრებს დიდი სიხარულით ვხვდებით. ვის რა უყვარს, იმას ვუმზადებთ. ასე რომ ვთქვათ, სამი დღეა თუ ოთხი, ყველა სტუმრისთვის ცალფეხზე ვართ დამდგარი. გვინდა ყველას ვასიამოვნოთ და აქედან, ჩვენი მთიდან ბედნიერები, კმაყოფილები წავიდნენ.

ერთ ამბავში ვართ, რომ ყველაფერი ნორმალურად გავაკეთოთ. საჭმელიც გვქონდეს, ნამცხვარი, [სხვა] ტკბილეული, ხილიც“, – გვიყვება მანანა.

მანანა ამზადებს საჭმელს

მემთეურის თქმით, დასასვენებლად ასული რძლებიც ეხმარებიან ტრადიციული კერძებისა და ტკბილეულის მომზადებაში და თუ ახერხებს შვილებთან, რძლებთან თუ სხვა სტუმრებთან ერთად კონცერტზეც მიდის და დოღის სანახავადაც, მაგრამ თუ ოჯახში სხვა სტუმრებსაც ელოდება, მანანა სახლში რჩება. ამბობს, რომ ეს დიასახლის მოვალეობაა.

„თუ ისურვებ და გინდა წახვიდე, [შუამთობაზე] წახვალ, თუ არ გინდა, არ გაინტერესებს – არ წახვალ. მოინდომებ, წინასწარ გათვლი ყველაფერს, გააკეთებ შენს საქმეს, მოიცლი და გაყვები სხვებს შუამთობაზე“, – ამბობს მანანა.

მემთეური არც ერთ სტუმარს არ უშვებს ხელცარიელს და ყველას იმას ატანს, რაც ყველაზე მეტად მოეწონებათ, იქნება ეს ყურუთი, აჭარული დაწნული ყველი, კაიმაღი, მურაბა თუ სხვა რამ.

მანანას თქმით, რახან მათი მთის სახლი ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზასთან ძალიან ახლოსაა, თითქმის ყოველდღე ჰყავს სტუმრები, რომლებსაც ძირითადად ტრადიციული აჭარული კერძებით უმასპინძლდება.

გვითხრა, რომ ახლა წყალი სახლში აქვთ, მაგრამ ადრე მეზობელი სახლის ეზოდან ხელით ეზიდებოდნენ და სარეცხსაც ხელით რეცხავდნენ.

მემთეურის დღე საღამოს, ძროხების მოწველით მთავრდება. მანანა ცდილობს, ძროხები საღამოს ადრე მოწველოს, რადგან ამ შემთხვევაში დასვენებისთვის შედარებით უფრო მეტი დრო რჩება.

მემთეურობა – ეს წარმოუდგენლად მძიმე შრომა, მხოლოდ ზაფხულის პერიოდს არ მოიცავს. ქალები გვიან შემოდგომამდე, ვიდრე თოვლი არ დაფარავს მთებს, აგრძელებენ პირუტყვს მოვლას სრულიად მარტო – ამჯერად ეგრეთ წოდებულ ყიშლებში.

„გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებას არ დავდებთ – ბულგარეთის მთავრობა

ბულგარეთი რუსულ კორპორაცია „გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას არ აპირებს. ამის შესახებ 27 აგვისტოს, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ქრისტო ალექსიევმა ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატის გენერალურ დირექტორთან ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნის ვიცე-პრემიერის თქმით, ბულგარეთის ტექნიკური კაბინეტი თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს.

სოფიაში აცხადებენ, რომ „გაზპრომთან“ არსებული კონტაქტი მხოლოდ მოქმედ კონტრაქტს შეეხება.

„ბულგარეთმა ასევე დაადასტურა თავისი ინტერესი ენერგოგადამზიდავების ერთობლივი შესყიდვის მექანიზმებში მონაწილეობით, რომელიც შეიძლება შეიქმნას ევროკავშირის ენერგეტიკული პლატფორმის ფარგლებში“, – აცხადებენ მთავრობაში.

ბულგარეთი საჭიროებების 90 პროცენტზე მეტს რუსული გაზით ფარავდა, სანამ „გაზპრომმა“ არ შეწყვიტა ქვეყნისთვის გაზის მიწოდება აპრილში, მას შემდეგ, რაც ბულგარეთის ყოფილმა მთავრობამ, ევროპული სანქციების გამო, უარი თქვა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე, როგორც ამას მოსკოვი ითხოვდა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ბულგარეთს „გაზპრომთან“ კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ახლა ოფიციალური სოფია ითხოვს გაზის დარჩენილი მოცულობების მიღების ვადის გაგრძელებას წლის დასრულებამდე ან 2023 წლის ზაფხულამდე.

ბულგარეთი, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი სჭირდება, გაზის მესამედს აზერბაიჯანიდან იღებს, დანარჩენს კი მსოფლიო ბაზარზე ყიდულობს.

2 აგვისტოს ასობით ბულგარელი გამოვიდა ქუჩებში დროებითი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, იმის შიშით, რომ მთავრობა რუსული გაზის მიწოდების აღდგენას შეეცდებოდა, რაც გაზრდიდა კრემლის გავლენას ბულგარეთის ეკონომიკაზე.

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა დაითხოვა მთავრობა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2 ოქტომბერს დანიშნა.

_______________

ფოტოზე: აქცია სოფიაში, „გაზპრომთან“ კონტრაქტის წინააღმდეგ. „თავისუფლება გაზპრომისგან“ – წერია პლაკატზე.

Exit mobile version