მთავარი,სიახლეები

ზაპოროჟიეს ატომური სადგურის თანამშრომლები ზელენსკის მიმართავენ – გაათავისუფლეთ ქალაქი

25.08.2022 • 1501
ზაპოროჟიეს ატომური სადგურის თანამშრომლები ზელენსკის მიმართავენ – გაათავისუფლეთ ქალაქი

უკრაინული მედია ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ქალაქ ენერგოდარის მცხოვრებლები არიან, უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინის არმიას და უკრაინელ ხალხს მიმართავენ და ქალაქისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსებისგან გათავისუფლებას სთხოვენ.

„ჩვენ ქალაქ ენერგოდარის მცხოვრებნი, სრულ სასოწარკვეთილებაში მყოფნი, მოგმართავთ თქვენ და დახმარებას გთხოვთ. დღეს ჩვენ, ამ ქალაქის მცხოვრებნი, ატომური ელექტროსადგურის ყველა თანამშრომელი, რუსი სამხედროების ტყვეობაში ვართ. მათ დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მთელ მსოფლიოს ბირთვული კატასტროფით ემუქრებიან. ოკუპანტებს ჩვენ და ჩვენი შვილები ვყავართ აფარებული ცოცხალ ფარად და ენერგოდარის მიწაზე გენოციდს აწყობენ,“ – ნათქვამია მიმართვაში.

ისინი ჰყვებიან, რომ ქალაქის მცხოვრებლებს ქუჩაში პროდუქტებისა და წყლისთვის გასვლისაც კი ეშინიათ, რადგან ხალხს რუსები ქუჩიდან იტაცებენ და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ. შემდეგ კი ეს ადამიანები უბრალოდ ქრებიან.

„რაშისტები, კადიროველებთან და კოლაბორაციონისტებთან ერთად, იჭრებიან ჩვენს სახლებში, ჩვენს ბინებში, მაროდიორობენ, ძარცვავენ, ვითომ უკრაინელ ნაციონალისტებს, მებრძოლებსა და დონბასის ომის მონაწილეებს ეძებენ,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე ვიდეომიმართვაში.

მათი თქმით, რუსები რეგულარულად უხსნიან ცეცხლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს: „ძალიან გთხოვთ, ნუ მიგვატოვებთ ამ უბედურების დროს. გთხოვთ, გაათავისუფლეთ ჩვენი ქალაქი და ჩვენი ატომური ელექტროსადგური ამ ტერორისტებისგან.“

რა ხდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოკლედ:

  • 19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში გაეროს მისიის ჩასვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა, თუმცა მივიდნენ თუ არა პრეზიდენტები რაიმე შეთანხმებამდე, უცნობია.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ 19 აგვისტოს, როდესაც უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი იქნებოდა, კიევი ზაპოროჟიეს სადგურზე პროვოკაციას გეგმავდა. უწყების ცნობით, პროვოკაციის მიზანი სადგურის საცავების უსაფრთხოების დარღვევა და რადიაციის გაჟონვის გამოწვევა იყო, რათა ამ ტექნოგენურ კატასტროფაში შემდეგ რუსეთი დაედანაშაულებინათ.
  • აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთი თავად გეგმავდა პროვოკაციას სადგურზე, რათა შემდეგ ის უკრაინისთვის დაებრალებინა.
  • საბოლოოდ, 19 აგვისტოს, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მოსალოდნელი ინციდენტი არ მომხდარა.
  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მზადაა თავად უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც ზაპოროჟიეში ჩავა და იქ შექმნილ სიტუაციას შეისწავლის.
  • დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობების თანახმად,  სადგურის ტერიტორიაზე კვლავაც განლაგებულია მძიმე ტექნიკა და ამას 21 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოებიც ადასტურებს.
  • უკრაინის ხელისუფლების თქმით, რუსმა სამხედროებმა ატომური ელექტროსადგური დანაღმეს და მუდმივი საარტილერიო დარტყმებით საფრთხეს უქმნიან მას.
  • დასავლური მედიის ცნობით, რუსებმა ატომური სადგურის ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღება და ტექნიკა განალაგეს და სადგურს სამხედრო ბაზად იყენებენ.
  • რუსეთის თავდაცვამ ეს ინფორმაცია უარყო. უწყების თქმით, რუს სამხედროებს ტერიტორიაზე არ აქვთ მძიმე შეიარაღება და მზად არიან ეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სატელიტური ფოტოებით დაუმტკიცონ.
  • „ენერგოატომის“ განცხადებით, რუსებმა არაერთხელ გაუხსნეს სადგურს საარტილერიო ცეცხლი, რათა მისი ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ და ელექტროსადგური უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან გაეთიშათ.
  • მას შემდეგ, რაც 11 აგვისტოს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა სადგურის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.
  • ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის თქმით, ატომურ სადგურზე ავარიის შემთხვევაში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიდან დაახლოებით 400 000 ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო.
  • ექსპერტების გათვლებით, ავარია ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე გამანადგურებელ შედეგებს მოიტანს და ევროპის რამდენიმე ქვეყანას დააზარალებს.
  • რუსმა სამხედროებმა ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: