ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები,სპორტი

შუახევში, „ჯვარიმინდორობაზე“, ოფროუდში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

25.08.2022
შუახევში, „ჯვარიმინდორობაზე“, ოფროუდში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჯვარიმინდორში, 2022 წლის 27-28 აგვისტოს „ჯვარიმინდორობა“ იმართება. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ოფროუდში საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც მაღალი გამავლობის ჯიპებით გაიმართება როგორც სტანდარტულ, ასევე მომზადებულ და პროფესიონალურ კატეგორიაში.

შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს, თურქეთისა და სომხეთის პროფესიონალი მრბოლელები მიიღებენ.

მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს 4×4 ზე ავტომობილი. ისინი მანქანის მომზადების დონიდან გამომდინარე შესაბამის კატეგორიაში გადანაწილდებიან [სულ 4 კატეგორიაა], რომელსაც ადგილზე მობილიზებული სპეციალური სპორტული ტექნიკური კომისია განსაზღვრავს.

მონაწილეობის მსურველები ჯვარიმინდორში აუცილებლად უნდა გამოცხადდნენ 27 აგვისტოს, რათა გაიარონ ტექნიკური დათვალიერება და გადანაწილდნენ შესაბამის კატეგორიაში, აიღონ სასტარტო ნომერი, გაიზიარონ შეჯიბრის წესები, აკრძალვები და უფლებები.

ღონისძიებაზე არ დაიშვებიან მართვის მოწმობის არმქონე მოქალაქეები. ასევე, აკრძალულია ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების მონაწილეობა.

მონაწილეებმა საშეჯიბრო მანქანებში უნდა იქონიონ ცეცხლმაქრი, პირველადი დახმარების ყუთი, უსაფრთხოების ჩაფხუტი და საძილე კარვები, ადგილზე ღამის გასათევად.

შეჯიბრი 28 აგვისტოს დილით 09:00 საათზე აიღებს სტარტს და 14:00 საათამდე გაგრძელდება. გამარჯვებულები  იმ დღესვე გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან ფულადი და სხვა სახის პრიზებით.

ჯვარიმინდორობა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით იმართება სამთო ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად, ხოლო ოფროუდის საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორი აჭარის ოფროუდფედერაციაა.

ჯვარიმინდორი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისის მოსახლეობის საზაფხულო იაილებია და დაბიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ხოლო ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ჯვარიმინდორზე გადის ახალმარკირებული, 88-კილომეტრიანი საფეხმავლო ქსელური მარშრუტი – კინტრიში-გომისმთა-ცხემლისი-ხაბელაშვილები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: