მთავარი,სიახლეები

„ომი არ ახსენო“ – დაპირისპირება ბათუმში ამჯერად უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის გამო

24.08.2022 • 4666
„ომი არ ახსენო“ – დაპირისპირება ბათუმში ამჯერად უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის გამო

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიებაა დაგეგმილი. ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ ბათუმის მერია ჯერ დაჰპირდა, შემდეგ კი უარი უთხრა სცენის დათმობაზე.

ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნიკა ქაშიბაძის თქმით, ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაში, აქციის ორგანიზატორებს სთხოვდა, ღონისძიებაზე არ ეჩვენებინათ ქართველი და უკრაინელი სამხედროების ვიდეოები, რომლებშიც ისინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდნენ უკრაინას.

ორგანიზატორების თქმით, ისინი მერის მოადგილის ამ პირობას არ დასთანხმდნენ და საკუთარი ძალებით სცადეს ღონისძიების გასამართად საჭირო აპარატურისა და ეკრანის მოძიება. მცირე სცენა საკუთარი ძალებით უკვე ააწყვეს.

სცენის აწყობის შემდეგ, დღეს, 24 აგვისტოს, ანბანის კოშკთან მუნიციპალური ინსპექცია მივიდა და მისი დაშლა სცადა. ორგანიზატორებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ამ დროის [14:50] მონაცემებით, ბათუმის მერია ღონისძიების ორგანიზატორებს საკუთარ სცენას არ უთმობს, თუმცა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „უკრაინის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ევროპის მოედნიდან ანბანის კოშკამდე მსვლელობა მოაწყონ“.

რა მოხდა

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნიკა ქაშიბაძე „ბათუმელებს“ უყვება ბათუმის მერიასთან გამართული მოლაპარაკების დეტალებს. მისი თქმით, როდესაც 24 აგვისტოს გასამართი ღონისძიების მზადება დაიწყეს, პირველად ბათუმის კულტურის ცენტრს დაუკავშირდნენ.

„კულტურის ცენტრში გვთხოვეს, არ გვეხსენებინა ომი და ღონისძიებიდან ამოგვეღო ომის თემატიკა. გვითხრეს, ომზე არ ვისაუბროთ, იმიტომ, რომ „გაღიზიანდებიან სტუმრები“. როცა ვკითხე, რომელ სტუმრებს გულისხმობდნენ, მითხრეს, რომ „შენ კარგად იცი, რომელ სტუმრებზეცაა საუბარი“. პროვოკაცია არ მოხდეს სცენასთან, ამიტომ ომზე არ ისაუბროთო.

ჩვენთვის ეს პირობა იყო მიუღებელი.

ამიტომ შევეცადეთ მოგვეძებნა ისეთი ადამიანი, ვისთანაც შეიძლებოდა საუბარი. გვირჩიეს, რომ სოფო ხალვაში იყო „საღად მოაზროვნე, პროევროპული ადამიანი და მასთან მივსულიყავით“. მას რომ შევხვდით, რამდენიმე საათში დამირეკა და მითხრა – ყველაფერი წესრიგშია, თქვენ გაქვთ უფლება, რომ გააკეთოთ ისეთი ღონისძიება, როგორსაც აკეთებდით. ერთადერთი თხოვნაა, რომ ცოტა დოზირებულად ვისაუბროთ ომზე და ძალიან დეტალებში არ შევიდეთ.

ამაზე დავთანხმდით. ჩავთვალეთ, რომ ყველაფერი მოგვარებული იყო და შევუდექით მუშაობას. მაგრამ გუშინ, ღონისძიების გამართვამდე ერთი დღით ადრე, სოფო ხალვაშმა წამოგვიყენა პირობა, რომ ამოგვეღო ვიდეოები, რომლებშიც ქართველი და უკრაინელი სამხედროები ულოცავდნენ დამოუკიდებლობის დღეს უკრაინას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამხედროების ჩვენებაო.

ჩვენ ამაზე ვერ დავთანხმდებოდით. იძულებული გავხდით, ეს ამბავი გაგვესაჯაროებინა და გაეგო საზოგადოებას ბათუმის მერიის პოზიცია,“ – უყვება „ბათუმელებს“ ნიკა ქაშიბაძე.

ნიკა ქაშიბაძე

როგორ აღმოჩნდნენ პოლიტიკური პარტიები ღონისძიების ორგანიზატორებთან

ნიკა ქაშიბაძე ხაზგასმით ამბობს, რომ აქცია არ არის პოლიტიკური და მან ამის შესახებ სოფო ხალვაშსაც უთხრა. მას შემდეგ, რაც მერის მოადგილისგან დაპირება მიიღეს, 24 აგვისტოს ღონისძიების ორგანიზატორებს ენმ-ის წევრი ლევან ანთაძე და „ლელოს“ წევრი გენო თებიძე დაეხმარნენ.

ლევან ანთაძის თქმით, მან პირადი კავშირები გამოიყენა ბათუმის საკრებულოში, დაუკავშირდა საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძესა და მის მოადგილეს, თენგიზ აფხაზავას. საკრებულოში მიუტანეს ვიდეომიმართვები, რომელთა გაშვებაც იყო დაგეგმილი.

„რამაზ ჯინჭარაძე და თენგო აფხაზავა რომ გაეცნენ ამ მიმართვებს, გვითხრეს: არაფერი აქ ისეთი არაა, შევალთ მერთან და აუცილებლად დადებითად გადაწყდება ეს საკითხიო. ეს გუშინ, 23 აგვისტოს, ხდებოდა.

დაახლოებით 4 საათზე მოვიდა პასუხი, რომ მერი კატეგორიულად წინააღმდეგია. არ ჩატარდება ეს ღონისძიებაო. გენო თებიძეს დაურეკა რამაზ ჯინჭარაძემ. ამ გადაწყვეტილებით, საბოლოოდ ნიღაბი ჩამოიხსნეს. ამიტომ დავიწყეთ ჩვენი ძალებით სცენის აწყობა. მეგობრებს ვთხოვეთ, ზოგმა უფასოდ გადმოგვცა აპარატურა, პოდიუმიც ავაწყვეთ. აპარატურაც ვნახეთ, ეკრანსაც ველოდებით, გზაშია,“ – უყვება ლევან ანთაძე „ბათუმელებს“.

მარცხნივ სცენა, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორებმა საკუთარი ძალებით ააწყვეს; მარჯვნივ ბათუმის მერიის სცენა, რომლის გამოყენებაზეც მერიამ ნებართვა არ მისცა

რას ამბობს ბათუმის მერი

ბათუმის მერიიდან ოფიციალური კომენტარი ამ საკითხზე მხოლოდ მერმა, არჩილ ჩიქოვანმა გააკეთა. ჩიქოვანმა ყველაფერში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა და თავის გამოსვლაში არ გასცა პასუხი იმ ბრალდებებს, რის შესახებაც აქციის ორგანიზატორებმა ისაუბრეს.

სპეციალურად ამ თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე არჩილ ჩიქოვანმა თქვა:

„დღეს 24 აგვისტოა და მსურს უკრაინელ ხალხს მივულოცო ეროვნული დღესასწაული, დამოუკიდებლობის დღე და ბუნებრივია ვუსურვო მათ მშვიდობა და წარმატება. ამავდროულად გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სწორედ დღევანდელ დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტმა ტელევიზიებმა შეეცადნენ მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული ღონისძიებების თითქოსდა მოფიქრებით კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას, რაც ამ ქალაქისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის არის სამწუხარო ფაქტი. საქმე ეხება და უნდა განვუმარტო საზოგადოებას, ვინაიდან  ვალდებულად ჩავთვალეთ გაგვეკეთებინა განცხადება გუშინდელ ისტერიასთან დაკავშირებით, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა რადიკალურმა ტელევიზიებმა მოაწყო. ეს არის ფაქტი, სცენასთან დაკავშირებით თითქოსდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის საფარქვეშ მოწყობილი პროვოკაცია.

ჩვენს ინფორმაციას ადასტურებს ის კონკრეტული ისტერია, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი. რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, კომუნიკაცია ჰქონდათ ბათუმის მერის სამსახურებთან.

მას შემდეგ, რაც ბათუმის მერის მოადგილისგან შესაბამისი სამსახურებისგან სცენის ტექნიკურ გაუმართაობასთან მიმართებაში მიიღეს ინფორმაცია… ისედაც დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომელიც უნდა გაჟღერებულიყო  ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე, ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა, წამოწიეს წინა პლანზე.

მინდა ერთ კონკრეტულ ფაქტზე გავამახვილო ყურადღება, ეს არის პერსონალური მონაცემების ნაწილი და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ვიხილეთ ჩვენ ტელევიზიებით. დარწმუნებული ვარ, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე. ჩვენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით ვაცხადებთ, რომ როგორც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ნაწილში, ასევე ბუნებრივია სხვა იმ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით ვიქნებით მზად იმ გამოწვევასთან მიმართებაში, რათა ჩვენს ქალაქში იყოს სიმშვიდე და არავის მიეცეს საშუალება აი, ამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის განხორციელების.  მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის, განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომადგენელს,  შეინარჩუნონ სიმშვიდე და ჩვენი ქალაქისათვის ისტერიისა და მსგავსი ტიპის ორგანიზებას ნუ შეეცდებიან და ნუ გამოიყენებენ ჩვენი მეგობარი ხალხის ასეთ მნიშვნელოვან თარიღს“.

მერის განცხადებას „ბათუმელები“ სტილის დაცვით აქვეყნებს.

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში გააკეთა

კითხვაზე, მისცემს თუ არა მერია უფლებას ორგანიზატორებს ჩაატარონ დაგეგმილი ღონისძიება, არჩილ ჩიქოვანმა უპასუხა:

„გუშინ გვიან საღამოთი შემოვიდა დაინტერესებულ პირთა მიერ კონკრეტული განაცხადი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც მოგვაწოდეს ინფორმაცია მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ერას მოედნიდან დაიწყება და გაგრძელდება საოცრებათა მოედანზე, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, ყველა სამსახური ინფორმირებულია. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ მხარდაჭერას ჩვენი უკრაინელი თანამოქალაქეების მიმართ და ყველა ჩართულ მხარესა და პირს ვეუბნებით და ვაფრთხილებთ, რომ არ გამოიყენონ ეს პოლიტიკური სარჩულისათვის“.

კიდევ ერთ კითხვაზე, რატომ ცდილობდა ღონისძიების შინაარსში ჩარევას ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, არჩილ ჩიქოვანმა უპასუხა:

„კულტურული ღონისძიებების ნაწილში ბათუმის მერის მოადგილე არის უფლებამოსილი, კონკრეტული საორგანიზაციო საკითხები შეითანხმოს, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული ღონისძიება მიმართული იყო კონკრეტული დაინტერესებული პირების მიმართ და პროვოკაციისათვის, აქ უკვე თვალნათელი გახდა ის ორგანიზებული ქმედებები, რომლებიც ბუნებრივია და სამწუხაროა, იმ ტელევიზიებთან ერთად გამოიყენეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. სინამდვილეში, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე მოქმედებდა მისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

მიუხედავად არსებული წინააღმდეგობისა, ღონისძიება, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, საოცრებათა პარკში, მაინც გაიმართება. ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: