მთავარი,სიახლეები

უკრაინამ კიდევ ერთხელ დაარტყა ანტონოვსკის ხიდს ხერსონთან

25.08.2022
უკრაინამ კიდევ ერთხელ დაარტყა ანტონოვსკის ხიდს ხერსონთან

25 აგვისტოს, დილას, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი დარტყმა მიაყენეს ანტონოვსკის ხიდს, რომელიც ოკუპირებულ ხერსონს აღმოსავლეთთან აკავშირებს.

ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ პრესმდივანმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, დარტყმისთვის გამოყენებული იყო არტილერია. „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ოკუპანტებს არ გამოეყენებინათ ხიდი მძიმე ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადასაზიდად“, – განაცხადა გუმენიუკმა.

მისი თქმით, დარტყმის შედეგები ზუსტდება, მაგრამ სარდლობას უკვე აქვს ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ხიდით ვერც სარგებლობენ და ვერც არემონტებენ – „სარემონტო ჯგუფებიც ევაკუირებულია, მიხვდნენ, რომ ცეცხლი არ ჩერდება“.

ანტონოვსკის ხიდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმას ადასტურებს რუსული მედიაც. სააგენტო „ტასი“ წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა HIMARS MLRS-იდან სცადეს დაბომბვა, საჰაერო თავდაცვა ამუშავდა, მაგრამ ხიდს „რამდენიმე ორმო დაემატა“.

ამ განცხადების შემდეგ Telegram-ის არხებზე ხიდის ახლოს ახალი აფეთქებების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ამაზე უკრაინის სარდლობას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ანტონოვსკის ხიდი დნეპრზე სამი გადასასვლელიდან ერთ-ერთია, რომელსაც რუსეთის არმია აკონტროლებს და რომელიც ოკუპირებულ ხერსონს ოლქის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს.

ამ ხიდის საშუალებით გადაჰქონდა რუსეთს შეიარაღება, საბრძოლო მასალები, გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა და ამარაგებდა ხერსონში მყოფ თავის დანაყოფებს.

ანტონოვსკის ხიდი 19 ივლისის შემდეგ უკრაინელთა სამიზნეა, მათ ხიდს რამდენჯერმე დაარტყეს და დააზიანეს ისე, რომ ის სამხედრო გადაზიდვებისთვის უსარგებლო გახდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: