მთავარი,სიახლეები

17-ლარიანი ყველი 25 ლარამდე გაძვირდა – ყველით მოვაჭრე

24.08.2022
17-ლარიანი ყველი 25 ლარამდე გაძვირდა – ყველით მოვაჭრე

თამაზ დარჩიძე ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველს ყიდის. 6 შვილი და 9 შვილიშვილი ჰყავს. გადაწყვიტა საპენსიო ასაკში შინ არ მჯდარიყო და ასე დაიწყო მუშაობა ბაზარში.

ყველი და რძის პროდუქტი ბათუმის აგრარულ ბაზარში საგრძნობლად გაძვირებულია. თამაზ დარჩიძე გვეუბნება, რომ ყველი ბოლო 20 დღის განმავლობაში გაძვირდა განსაკუთრებით:

„გლეხები ვეღარ ყიდულობენ კომბინირებულ საკვებს საქონლისთვის, დაკლეს და ხორცად გაყიდეს. რძე ამიტომ შემცირდა, ფასი მოიმატა.

12-ლარიანი იმერული ყველი 18 ლარი ღირს, 13-ლარიანი სულგუნის ფასი 18, 20 ლარია. ნადუღი 4 ლარი ღირდა და 6 გახდა.

17-ლარიანი ქარხნის ყველი 25 ლარი ღირს. 20 დღეში შეიცვალა ასე საგრძნობლად ფასები რძის პროდუქტზე“, – ამბობს თამაზ დარჩიძე.

მისი თქმით, ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველი აჭარის სოფლებიდან, დიდი რაოდენობით კი დიდაჭარიდან, ბახმაროდან, სამეგრელოდან, კახეთიდანაც შემოაქვთ.

„ბევრი მომხმარებელი, განსაკუთრებით პენსიონერები – შემოდიან, ათვალიერებენ პროდუქტს და უკან ხელცარიელი ბრუნდებიან. ვერ სწვდებიან ამ ფასებს. ძალიან ბევრია ასეთი.

თითქმის ვერცერთი აქ შემოსული პენსიონერი ყველს ვერ ყიდულობს“, – ამბობს ყველით მოვაჭრე.

ბაზარში მას გადასახადიც საკმაოდ მაღალი აქვს: ყველის მაცივარი, საერთო მაცივარი, ელექტროენერგია, ბაზარში ყოველდღე მანქანით შემოსვლის თანხა და ლაბორატორიის გადასახადი. ამ ყველაფერში, როგორც თამაზ დარჩიძემ გვითხრა, 700-მდე ლარს იხდის ყოველთვიურად.

„მეც მომხმარებელი ვარ და მიწევს ყოველდღიურად საკვები პროდუქტის ყიდვა. ზოგიერთი პური 100%-ით გაძვირდა, ადრე თუ ერთკილოგრამიან პურს ვყიდულობდი, ახლა ამ პურის წონა 600 გრამამდე შეამცირეს, თუმცა 50%-ით გააძვირეს.

ზეთი, მაკარონი, საკონდიტრო ნაწარმი – ყველაფერი გაძვირდა. პატარა შვილიშვილები მყავს. ერთკილოგრამიან არაჟანს ვყიდულობდი 8 ლარად, ახლა ეს არაჟანი 12 ლარი ღირს. 50%-ით გაძვირდა არაჟანი, ანუ ამ 2, 3 თვის განმავლობაში.

დოლარის ფასი რომ 3,70 ლარი გახდა, ამით ხსნიდნენ სიძვირეს, მაგრამ მერე დოლარის ფასი 2,60 ლარამდე დავიდა, თუმცა არაჟანი აღარ გაიაფებულა.

დოლარის კურსის დაცემით პროდუქტებს ფასი არასდროს დაჰკლებია“, – ამბობს თამაზ დარჩიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: