მთავარი,სიახლეები

მარიუპოლში დაგეგმილი სასამართლო უკანონობა და მართლმსაჯულების დაცინვაა – აშშ

25.08.2022 • 854
მარიუპოლში დაგეგმილი სასამართლო უკანონობა და მართლმსაჯულების დაცინვაა – აშშ

შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლოს გამართვა მართლმსაჯულების დაცინვა იქნება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში ნათქვამია, რომ კრემლი „ტრიბუნალით“ ცდილობს პასუხისმგებლობა ჩამოაშოროს პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი საშინელი დანაშაულებიდან ყურადღება ამ სასამართლოზე გადაიტანოს.

„დაგეგმილი საჩვენებელი სასამართლო უკანონოა და მართლმსაჯულების დაცინვას წარმოადგენს, ჩვენ მკაცრად ვგმობთ მას. უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა წარმომადგენელი, მათ შორის, ადგილობრივი თუ უცხოელი მოხალისეები, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში შედიან, ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში სარგებლობენ სამხედრო ტყეების სტატუსით და უფლება აქვთ, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა და დაცვა, რასაც ჟენევის კონვენცია ითვალისწინებს“, – აღნიშნავს პრაისი.

სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლით დაკისრებული ვალდებულებები, განცხადებას კი ამ სიტყვებით ასრულებს:

„შეერთებული შტატები კვლავაც მყარად იდგება უკრაინელთა გვერდით, რადგან ისინი საკუთარ თავისუფლებას იცავენ.“

________

6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსებმა მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე რკინის გალიების დამონტაჟება დაიწყეს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, საოკუპაციო ძალები „აზოვტალის“ დამცველთა საჩვენებელ სასამართლოს გეგმავენ.

თავდაპირველად, სასამართლოს სავარაუდო თარიღად 24 აგვისტო, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე სახელდებოდა.

22 აგვისტოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ მოითმენს დამპყრობლებისგან თავისი გმირებისა და უკრაინის თავისუფლების დამცველების დამცირებას და თუ ასეთი სასამართლო შედგება, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების ყველა გზას მოიჭრის.

დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის მეთაურის, დენის პუშილინის თქმით, ზელენსკის გაფრთხილება მარიუპოლში დაგეგმილ სასამართლოზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან „აზოვსტალის“ მებრძოლების „ტრიბუნალისთვის“ უკვე ყველაფერი მზადაა და გეგმები არ შეიცვლება, თუმცა პუშილინს არ დაუზუსტებია, როდის გაიმართება საჩვენებელი სასამართლო.

უკრაინის ხელისუფლებამ, „აზოვის“ პოლკმა, უკრაინელი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრებმა არაერთხელ მოუწოდეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს, შეაჩერონ „აზოვსტალის“ დამცველების წინააღმდეგ დაგეგმილი უკანონო ტრიბუნალი.

_______

„აზოვსტალის“ მცველები 82-დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ 16-17 მაისს ტყვედ ჩაბარდნენ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსეთის ტყვეობაში 2 500-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა.

29 ივნისს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა პირველი მასშტაბური გაცვლა შედგა – უკრაინაში დაბრუნდა 144 სამხედრო, მათ შორის 95 – „აზოვსტალის“ დამცველი.

გაცვლიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 29 ივლისს, ოლენოვკაში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. მომხდარს უკრაინამ რუსეთის მიერ დაგეგმილი ტერაქტი უწოდა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, თავდასხმა „ვაგნერმა“ მოაწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: