მთავარი,სიახლეები

ბათუმში აივნიდან ძაღლი გადმოაგდეს – გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო

25.08.2022 • 5959
ბათუმში აივნიდან ძაღლი გადმოაგდეს – გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო

ბათუმში სახლის აივნიდან ძაღლი გადმოაგდეს. შემთხვევა 24 აგვისტოს, დილით მოხდა კობალაძის ქუჩაზე.

„ბათუმელები“ ესაუბრა მოქალაქე გიგა სოფრომაძეს, რომელიც აღნიშნული შემთხვევის თვითმხილველი გახდა და ადგილზე ფოტო და ვიდეოც გადაიღო. მან გვითხრა, რომ ძაღლის სავარაუდოდ მესამე სართულის აივნიდან გადმოგდებას წინ ხმამაღალი საუბარი უძღოდა.

„იყო უხეში და ხმამაღალი საუბარი, რომ ავიხედე მაღლა, სილუეტი დავინახე, რაღაცამ გაიელვა ჰაერში და იყო დავარდნის ხმა. დავიძარი ამ ადგილისკენ, მეორე მხრიდან მამაკაცი მოდიოდა, მან თქვა – რას ყრიან აქო. რომ მივედი ადგილზე, ვნახე, ძაღლი იყო გადმოგდებული. შემდეგ ქალბატონმა ჩამოირბინა სახლიდან, დაემხო ამ ძაღლთან და დაიწყო ტირილი, მერე მამაკაცი ჩამოვიდა და ამ ქალმა უთხრა, ცოტა უხეშად, ადი სახლში, არ მოხვიდე აქო,“ – გვიამბო მან.

გიგა სოფრომაძე ამბობს, რომ არ შეუძლია დანამდვილებით თქმა, კონკრეტულად ამ კაცმა გადმოაგდო თუ არა ძაღლი აივნიდან, რადგან უშუალოდ ეს მომენტი მას არ დაუნახავს. თუმცა იგი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ძაღლი აივნიდან თავისით გადმოვარდნილიყო, რადგან აივანს მოაჯირი ჰქონდა, ძაღლი რიკულებში ვერ გამოძვრებოდა და ვერც მოაჯირზე გადმოხტომას შეძლებდა.

„ძაღლი რომ დაეცა, ცოცხალი იყო, ეს ქალი რომ ეფერებოდა, მოძრაობდა მინიმალურად, თუმცა რამდენიმე წუთში მოძრაობა შეწყვიტა,“ – ამბობს ის.

მოქალაქემ პოლიციას მიმართა და ჩვენებაც მისცა. „დღეს ვიყავით გამომძიებლებთან, გვითხრეს, რომ იდენტიფიცირებულია პირი, შევხდით აქ მცხოვრებლებსაც და მათაც გვითხრეს, რომ ორი დღეა პოლიცია მოდის ადგილზე და მუშაობენ,“ – გვითხრა გიგა სოფრომაძემ დღეს, 25 აგვისტოს.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით – ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

ფოტოზე: კადრები ვიდეომასალიდან.

ამავე თემაზე: 

რა მიუსაჯა სასამართლომ კაცს, რომელმაც ძაღლი ბავშვების თვალწინ მოკლა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: