ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების განმარტებით, რუსეთის ხელისუფლების მკაცრი მიდგომა მობილიზაციისადმი აძლიერებს საზოგადოების აღშფოთებას და უნდობლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ISW აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება, მოჩვენებითი საბაბით, იძულების წესით იწვევს მოქალაქეებს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, ის არღვევს დანაპირებს, რომ წაიყვანს მხოლოდ სამხედრო გამოცდილების მქონე პირებს.
ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ანალიტიკოსების განმარტებით, მობილიზაციის გამოცხადება რუსეთის ხელისუფლებამ სავარაუდოდ, კიდევ ერთი მიზნისთვის გამოიყენა – იმავე დღეს ჩაატარა სამხედრო ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა უკრაინასთან, რათა ამ გაცვლის მნიშვნელობა დაეკნინებინა.
„კრემლმა, სავარაუდოდ, სცადა გაეუფასურებინა უკრაინასთან ტყვეების გაცვლის მნიშვნელობა, რაც ძალზე არაპოპულარულია რუს ნაციონალისტებსა და მილიტარისტ ბლოგერებს შორის და ეს გაცვლა მოაწყო იმავე დღეს, როცა პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა“, – აღნიშნავს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი.
ISW დასძენს, რომ ტყვეთა ფართომასშტაბიანი გაცვლის ფარგლებში უკრაინაში დაბრუნდნენ მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის დამცველები, „აზოვის პოლკის“ მეთაურები, რომლებსაც პროპაგანდისტები რუსეთში ნაცისტებს უწოდებდნენ და ფართოდ აშუქებდნენ მათ დატყვევებას.
ულტრამემარჯვენე რუსმა ბლოგერებმა ეს გაცვლა მკაცრად გააკრიტიკეს. ისინი კითხულობენ, კრემლმა უარი ხომ არ თქვა უკრაინის „დენაციფიკაციაზე“, – რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ გაცხადებულ მიზანზე“.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. რუსული წყაროების თანახმად, გუშინ რუსეთში 1300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. მათგან უმეტესობა – სულ მცირე 542 – სანქტ-პეტერბურგში, დაახლოებით 504 ადამიანი კი – მოსკოვში.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 23 სექტემბრის ანგარიში უკრაინაში ბრძოლის ველის აღწერას ეთმობა. როგორც ბრიტანული დაზვერვა იუწყება, საბრძოლო მოქმედებების ველი კომპლექსურია, თუმცა უკრაინა იმ ტერიტორიებს ურტყამს, რომლებსაც რუსეთი თავისი საომარი მიზნებისთვის არსებითად მიიჩნევს.
ბრიტანული დაზვერვის უახლესი მონაცემების მიხედვით, უკრაინულ ძალებს წინსვლა აქვთ სამხრეთითაც, სადაც სოფელ ლიმანს უტევენ და ასევე გაამაგრეს პოზიციები ხარკოვის ოლქში, მდინარე ოსკილზეც.
„ბოლო სამ დღეში, უკრაინულმა ძალებმა გაამაგრეს ხარკოვის ოლქში მდინარე ოსკილის ხიდის მიმდებარედ პლაცდარმები. რუსეთმა სცადა ოსკილის ინტეგრირება თავდაცვით ხაზთან, რომელიც თვის დასაწყისში თავისი ძალების უკან დახევის შედეგად შექმნა.
სამხრეთით, დონეცკის ოლქში ბრძოლები გრძელდება, რამდენადაც უკრაინული ძალები თავს ესხმიან ქალაქ ლიმანს მდინარე სივერსკი დონეცის აღმოსავლეთით, რომელიც რუსეთმა მაისში დაიკავა.
საბრძოლო მოქმედებების ველი კვლავაც კომპლექსურია, მაგრამ ახლა უკრაინა ზეწოლას ახდენს ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთი თავისი საომარი მიზნებისთვის არსებითად მიიჩნევს“.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 23 September 2022
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. უწყების გუშინდელი რელიზის ყურადღების ცენტრში პუტინის მიერ გამოცხადებულ „ნაწილობრივ მობილიზაციას“ ეძღვნებოდა. დაზვერვა წერდა, რომ მობილიზაციით კრემლმა აღიარა, რომ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებით, ვლადიმერ პუტინი სერიოზულ პოლიტიკურ რისკზე მიდის და ფაქტობრივად, აღიარებს, რომ რუსეთმა უკრაინაში წამსვლელ მოხალისეთა მთელი რესურსი ამოწურა“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 სექტემბრის საღამოს 9 საათიდან 24 სექტემბრის საღამოს 9 საათამდე, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, ზოგან ძლიერი, ელვა-ჭექა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 18 – 23 გრადუსი,
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
მაღალ მთაში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი,
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ზღვაზე ტალღის სიმაღლე 15-20დმ (4-5 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა კი +23 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 25 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა, ელვა-ჭექა; ხოლო 26 და 27 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რესპუბლიკაში მობილიზაცია არ იქნება. მისი თქმით, ჩეჩნეთმა „გეგმა 254%-ით გადააჭარბა“. ჩეჩნეთის მეთაურმა ეს განცხადება „სპეციალური ოპერაციის“ ოპერატიული შტაბის თათბირზე გააკეთა, რომელიც ჯერ ჩეჩნეთის ტელევიზიით გადაიცა, მოგვიანებით კი იგივე ტექსტი დაპოსტა თავის ტელეგრამის არხზე.
კადიროვის თქმით, უკრაინის ომში უკვე წავიდა 20 000 ჩეჩენი, ამიტომ ჩეჩნეთმა „254%-ის გადამეტებით შეასრულა თავისი გეგმა“. რეგიონის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა რა გეგმაზეა საუბარი.
კადიროვმა თავის Telegram არხზე დაწერა, რომ „ეს მექანიზმი თავიდანვე, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე შეიმუშავეს. გარდა ამისა, რესპუბლიკას ჰყავს ათასობით მოხალისე, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეავსებენ სამშობლოს დამცველთა რიგებს“.
კადიროვმა ასევე ისაუბრა ომის საწინააღმდეგო აქციაზე, რომლის გამართვაც 21 სექტემბერს ქალებმა სცადეს გროზნოში. მისი თქმით, ჩეჩნეთის ამ 40 მცხოვრების ახლობლები უკვე მობილიზებულნი არიან და უკრაინაში გააგზავნეს. კადიროვი ასევე დაიმუქრა, რომ ვინც მიიღებს აქციაში მონაწილეობას, მათ ქმრებსა და ყველა შვილს „ფრონტის ხაზზე“ გააგზავნის.
მანამდე ამის შესახებ განაცხადა მოძრაობა 1ADAT-ის წარმომადგენელმა, ოპოზიციონერმა იბრაგიმ იანგულბაევმა. მისი ინფორმაციით, აქციის მონაწილე ქალების ნათესავები აიძულეს ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, საიდანაც ირკვევა, რომ ისინი ფრონტზე მიდიან, როგორც მოხალისეები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 56 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
ტანკი – 2 254 ერთეული [+18]
ჯავშანტექნიკა – 4 796 ერთეული [+20]
საარტილერიო სისტემა – 1 355 ერთეული [+14]
MLRS – 326 ერთეული [+8]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 170 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 254 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 219 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 950 ერთეული [+9]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 240 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 659 ერთეული [+29]
სპეცტექნიკა – 126 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
298 თვითმფრინავი
155 ვერტმფრენი
2 054 უპილოტო საფრენი აპარატი
376 საზენიტო სარაკეტო სისტემა
5 077 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
844 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 410 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
5 794 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ინგლისური ენის შესასწავლად, საქართველოს 13 ქალაქში, მათ შორის ბათუმში მოზარდებისთვის კონკურსს აცხადებს. ენის შესწავლასთან ერთად ამერიკის მთავრობის მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამა სკოლის მოსწავლეებს ჩართავს მრავალფეროვან ღონისძიებებში, რომლის მიზანიც მათი თვალსაწიერის გაფართოება და პიროვნული განვითარებაა.
ბათუმის გარდა კონკურსი გაიმართება ახალქალაქში, პანკისში, რუსთავში, გორში, ნინოწმინდაში, საგარეჯოში, თელავში, ახალციხეში, დუშეთში, მარნეულში, ოზურგეთსა და ზუგდიდში.
ეს ორგანიზაცია ზემოხსენებულ პროგრამას 2010 წლიდან ახორციელებს.
პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა 13-16 წლის მოზარდებისთვის ეკონომიკურად და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან.
„პროგრამაში ჩართული ბავშვები ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად განივითარებენ ლიდერის თვისებებს, შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ თავიანთი უნარ-ჩვევები, დაისახონ მიზნები და ისწრაფოდნენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისკენ“, – წერია პროგრამის აღწერაში.
პროგრამა ორწლიანია და მოიცავს 4 სემესტრს, ჯამში 420 სასწავლო საათს.
25 მონაწილის არჩევენ კონკურსის საფუძველზე. შერჩეული მოსწავლეები გადანაწილდებიან ორ ჯგუფში წინასწარი ტესტირების საფუძველზე, ისე, რომ თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 13-ს. პროგრამის მონაწილეებს ორსაათიანი ინგლისურის გაკვეთილები ჩაუტარდება კვირაში სამჯერ, არასასკოლო საათებში.
ლანჩხუთის ტერიტორიაზე სამტრედია-გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იწყება. გზას, რომელიც ლანჩხუთიდან სოფელ ხაჯალიამდე მონაკვეთს მოიცავს, ჩინური კომპანია ააშენებს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მშენებლობის ვადა 2 წელია. ამ მონაკვეთის მშენებლობა შეჩერებული იყო, ვინაიდან წინა კონტრაქტორებთან დეპარტამენტმა ხელშეკრულებები შეწყვიტა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად მშენებლობაზე ხელშეკრულება საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია Hunan Road & Bridge Construction Group Co Ltd-სთან გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულება 324.6 მილიონი ლარია.
„სამტრედია-გრიგოლეთის გზის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის [ლოტი 3] მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის“, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, „სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომელიც, საერთო ჯამში, 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. აღნიშნული გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად [ლოტად] ხორციელდება. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე – ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი უკვე ექსპლუატაციაშია შესული, ხოლო პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება მიმდინარე, 2022 წლის ბოლოს იგეგმება.“
კონკრეტულად როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, ამის შესახებ დეპარტამენტს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მე-4 მონაკვეთი [ყვითელი ხაზი], რომლის მშენებლობაც 2023 წლამდე უნდა დასრულდეს; მე-3 მონაკვეთი [წითელი წყვეტილი ხაზი], რომელიც ორ წელში, ანუ 2025 წლამდე უნდა აშენდეს და მე-2 მონაკვეთი [მწვანე ხაზი], რომელიც უკვე გახსნილიაგზის მე-4 მონაკვეთი [ლოტი] გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას გრიგოლეთთან [შემდგომში, მაგისტრალის ეს მონაკვეთი, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ჩქაროსნულ გზას უნდა მიუერთდეს].
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავა ჰქონდა კომპანიებთან, რომლებსაც კონტრაქტი შეუწყვიტა.
Road Building ALTCOM LLC-ს გზის პირველი მონაკვეთი უნდა აეშენებინა, ხოლო Todini Costruzioni Generali S.p.A-ს მესამე მონაკვეთი, თუმცა, დეპარტამენტის ინფორმაციით ამ კომპანიებმა ვალდებულებები არ შეასრულეს.
დეპარტამენტში ასევე განაცხადეს, რომ ყველა დავა მოიგეს:
„რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟში (პარიზი, საფრანგეთი) მოგებულ დავებს, საერთაშორისო არბიტრაჟმა Road Building ALTCOM LLC-ს მიაკუთვნა დაახლოებით 64 მილიონი ლარი, Todini Costruzioni Generali S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 56 მლნ ლარი და Astaldi S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 68 მლნ ლარი. გარდა აღნიშნულისა, გაცნობებთ, რომ მთლიანად საერთაშორისო კონტრაქტორების მიმართ ამოქმედებული გარანტიების ფარგლებში ამოღებულ იქნა 123,7 მლნ ლარი. არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და მიმდინარეობს სააღსრულებო პროცედურები“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან დაახლოებით ერთი თვის წინ.
მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი თავის ტელეგრამ არხზე 35 წლამდე კაცებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ოკუპირებული რეგიონები და წასვლა სცადონ ან ზაპოროჟიეში ან ყირიმის გავლით საქართველოში წავიდნენ, რადგან რუსი ოკუპანტები დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალის გამოყენებით აგროვებენ უკრაინელებს საომრად.
ფედოროვის ცნობით, რუსი სამხედროები დღეიდან, უკვე აღარ უშვებენ 18-დან 35 წლამდე კაცებს ზაპოროჟიესკენ ვასილიევკას საგუშაგოს გავლით.
მელიტოპოლის მერის თქმით, რუსები აპირებენ უკრაინელები „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენონ.
ივან ფედოროვმა აღნიშნა, რომ კვაზი რესპუბლიკის ტერიტორიებზე მსგავს მეთოდებს 2014 წელსაც იყენებდნენ. „მაშინ ოკუპანტებმა დაიწყეს „კაცებზე ნადირობა“. სავარაუდოდ იგივე სცენარი განმეორდება ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ნაწილებში“, – ამბობს ფედოროვი.
უკრაინის ხელისუფლება დაჟინებით სთხოვს ამ რეგიონში მცხოვრებ კაცებს, არ ჩაიგდონ თავი საფრთხეში და რაც შეიძლება მალე დატოვონ ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.
„აუცილებელია ახლავე ან სცადოთ გასვლა ზაპორიჟიეს მიმართულებით, ან აირჩიოთ ალტერნატიული მარშრუტი – საქართველოს მიმართულებით დროებით ოკუპირებული ყირიმის გავლით. დრო ცოტა რჩება!“ – წერს მელიტოპოლის მერი.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რუსეთის მოქალაქეებ კილომეტრიან რიგებში დგანან.
საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ტელეგრამში სპეციალურად შექმნილ ჯგუფში ლაივ რეჟიმში ახლდება ინფორმაცია ლარსიდან. რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს აძლევენ რჩევებს, როგორ უნდა გადაკვეთონ საზღვარი, რას ჰკითხავენ ქართველი მესაზღვრეები, რა ტიპის კონტროლია და ა.შ.
აქვეყნებენ ფოტო და ვიდეო მასალებს.
რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე, რომა დრუგოვი, რომელიც უკვე საქართველოშია, ჯგუფში საკუთარ გამოცდილებაზე წერს.
„უკვე საქართველოში ვარ. ყველაფერი კარგადაა. ამიტომ რიგში დგომისას პანიკაში ნუ ჩავარდებით და ნუ გაუსწრებთ სხვებს.
01:00 – მივედით ზემო ლარსზე, რიგში ჩავდექით.
16:20 – შევედით რუსეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე.
16:42 – გავიარეთ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. კითხვები საერთოდ არ დაუსვამთ. ერთი თანამშრომელი მივიდა მეორესთან და ჰკითხა – დაკითხვებს რატომ აღარ ვატარებთ? მან კი უპასუხა – გვითხრეს, რომ ჯერ არ დაკითხოთო.
17:10 – მივედით საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე
17:27 – გავიარეთ საქართველოს საგუშაგო. იქაც არანაირი კითხვა არ ყოფილა, მხოლოდ ბეჭედს გირტყამენ და გიშვებენ,“ – წერს რომა დრუგოვი.
ვითარება ლარსში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე. ფოტო ტელეგრამ ჯგუფიდან 22.09.2022
რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, საკუთარ გამოცდილებას წერს, თუ როგორ ამოწმებენ რუსეთის მხარეს მოქალაქეებს:
„რუს მესაზღვრეებს შეუძლიათ გაჩხრიკონ მანქანები, შერჩევით შეამოწმონ ჩანთები ან უბრალოდ გარედან, ვიზუალურად დაათვალიერონ და იკითხონ, რა გაქვთ ჩანთაში. ერთი კვირის წინ საქართველოს მხარეს შემოწმება საერთოდ არ ყოფილა. წუთში ჩაურტყეს შტამპი და გაუშვეს“.
რიგი საქართველო-რუსეთის საზღვრამდე ფოტო ტელეგრამ ჯგუფიდან 22.09.2022
“7 კილომეტრიანი რიგი სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტამდე. მარცხნივ ორი ზოლია. 3 საათი მოვუნდი 50-70 მეტრის გავლას“, – წერს რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობს და ამის დამადასტურებელ ფოტოს აქვეყნებს.
რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, ვიტალი, საკუთარ გამოცდილებას წერს, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი.
„საქართველოს საზღვარი 5 წუთში გავიარეთ. ქართველები, [რუსებთან შედარებით] 3-ჯერ ნაკლები არიან და ათჯერ უფრო სწრაფად გიშვებენ – ყოჩაღი ქართველები. რუსეთის საზღვარი კუსავით გავიარეთ“, – წერს ვიტალი.
დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ „სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არიან მესაზღვრეები, რომლებიც ამოწმებენ შესაბამის დოკუმენტაციას დადგენილი წესის მიხედვით. ბუნებრივია, ისინი განსაზღვრავენ პირი გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს თუ ვერა“.
ბათუმის მე-20 სკოლაში 900 უკრაინელი ბავშვი სწავლობს უკრაინულ სექტორზე. შევსებულია ყველა საფეხური პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით, უკრაინულ სექტორზე პარალელური კლასებიც არის.
მოსწავლეებს სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების ამობეჭდვა თავად უწევთ. თითო საგნის სახელმძღვანელოს ამოსაბეჭდად მშობლებს დაახლოებით 25-40 ლარი სჭირდებათ. სახელმძღვანელოებს ახლავს მოსწავლის რვეულებიც.
უკრაინელი მშობლები საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართავენ, დაუჭირონ მხარი წიგნების ამობეჭდვაში.
უკრაინელი ბავშვების მშობლებს სკოლაში მასწავლებლები ზუსტად ვერ ეუბნებიან, როდის იქნება ხელმისაწვდომი სახელმძღვანელოები ან იქნება თუ არა საერთოდ წლის ბოლომდე.
ვიქტორიას ორი შვილი ჰყავს, მე-4 და მე-6 კლასელი. მშობელი ამბობს, რომ 200 ლარი სჭირდება მხოლოდ ერთი სემესტრის სახელმძღვანელო მასალების ამოსაბეჭდად.
„მშობლები ვერ ბეჭდავენ სახელმძღვანელოებს, ბევრს ამის საშუალება არ აქვს და ბავშვები ტელეფონებში ადიდებენ ტექსტს, რომ ისწავლონ“, – ამბობს ვიქტორია.
ამას მეხუთეკლასელი ბიჭის ბებია, ოლენაც ადასტურებს. შვილიშვილისთვის მან მხოლოდ სამი საგნის სახელმძღვანელოების ამობეჭდვა შეძლო: მათემატიკის, უკრაინული ლიტერატურის და ინგლისურის:
„სწავლის დაწყებისთანავე გაძვირდა სახელმძღვანელოების ბეჭდვის საფასური, გვერდი 20, 25 თეთრი ღირდა, ახლა ღირს 30, 35 თეთრი. სამი სახელმძღვანელო ამოვბეჭდეთ – მთავარი საგნების. დანარჩენისთვის ფული არ დაგვრჩა.
ზოგ კლასში არაფერს ეუბნებიან მშობლებს, როდის იქნება სახელმძღვანელოები. ჩვენ კი გვითხრეს, რომ არ იქნება და ამობეჭდილი ვერსიებით უნდა ვამეცადინოთ ბავშვები, ან ტელეფონებში უნდა იკითხონ გაკვეთილები.
ტელეფონში კითხულობს ისტორიას, გეოგრაფიას და დანარჩენ საგნებს მე-5 კლასელი ბავშვი. წუწუნებს, ეზარება. ტელეფონის ეკრანზე შრიფტს რომ ადიდებ იკარგება დანარჩენი ნაწილი და უნდა გასწიო, გამოსწიო გვერდი ბოლომდე რომ წაიკითხო. მოკლედ, წვალებაა“, – ამბობს მეხუთეკლასელის ბებია. ბიჭს სულ 7 წიგნი სჭირდება სკოლაში თანმხლები მოსწავლის რვეულებით.
ჩემს შვილიშვილს ჯამში 8 წიგნი სჭირდება.
ოლიას შვილიც მეხუთეკლასელია. მან მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს ამობეჭდვა შეძლო.
„დავალება ჰქონდა ბავშვს, სადაც ეკითხებოდნენ, რომელი ფერის კვადრატში რამდენი პატარა კუბი ჩაეტეოდა. იცინოდა ბავშვი. საიდან გავიგო ამ შავ-თეთრ წიგნში, რომელი ფერის კვადრატებზე მეკითხებიანო“, – ამბობს მშობელი.
ოლიას თქმით, მას სკოლაში ურჩიეს სახელმძღვანელოების მხოლოდ პირველი სემესტრის ნაწილის ამობეჭდვა. მეხუთეკლასელის დედა ამბობს, რომ 15 სექტემბერს სკოლაში პირველად მისულ უკრაინელ ბავშვებს რვეულები, პასტები, ფლომასტერები, ფანქრები და პენლები დაურიგეს, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც. თუმცა სახელმძღვანელოების ამობეჭდვა პრობლემად რჩება.
ოქსანამ მეხუთე და მერვეკლასელი შვილებისთვის ვერცერთი სახელმძღვანელო ვერ ამობეჭდა. მშობელი ამბობს, რომ მისი თითო ბავშვის სახელმძღვანელოების მხოლოდ პირველი ნაწილის ამობეჭდვას 170 ლარი სჭირდება, რაც არ აქვს.
„ჯერ მხოლოდ ატლასი და კონტურული რუკები ამოვბეჭდეთ. მადლობა ღმერთს მეხუთეკლასელი ჯერ არ სწავლობს გეოგრაფიას. ფერადი ბეჭდვა დაგვჭირდა, რაც საკმაოდ ძვირი ღირს. ბავშვებს სჭირდებოდათ ტანსაცმელიც სკოლაში წასასვლელად და სახელმძღვანელოების ამოსაბეჭდი ფული არ დაგვრჩა. ტელეფონში მეცადინეობენ ბავშვები. როცა ორი შვილი გყავს რთულია. ორი ტელეფონი უნდა გქონდეს, ან რიგ-რიგობით უნდა იმეცადინონ, თვალები სტკივათ, წვრილი შრიფტის გარჩევა პატარა ეკრანზე უჭირთ და ძალიან მოუხერხებელია“, – ამბობს ოქსანა.
„ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირება საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახურთან, რათა გვეკითხა, ხომ არ მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინულ მხარესთან წიგნების მისაღებად. პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
როგორც გამოცემისთვის ცნობილია, საქართველოს განათლების სამინისტრო მოლაპარაკებას აწარმოებს უკრაინულ მხარესთან, რათა საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვებისთვის გამოითხოვოს სახელმძღვანელოები უკრაინიდან.
2022 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში შემოვიდა 14 000 უკრაინელი ლტოლვილი, თუმცა მას შემდეგ 6 თვე გავიდა და ომსგამორიდებულ ლტოლვილთა რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მეტია.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, სადაც „სავალდებულო ლიტერატურის“ ჩამონათვალში დაზუსტდა, მიხეილ ჯავახიშვილის რომელი ნაწარმოები იქნება სავალდებულო სკოლაში სწავლებისას.
აქამდე არსებულ რედაქციაში ეწერა: მიხეილ ჯავახიშვილი – „სულ მცირე, ერთი მოთხრობა“. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლას, მასწავლებელს არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდა და არ არსებობდა „ჯაყოს ხიზნების“ სწავლების ვალდებულება.
ბრძანება 21 სექტემბერს გამოქვეყნდა.
ეს ჩანაწერი – „სულ მცირე ერთი მოთხრობა“, თავის დროზე გააპროტესტა მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების მკვლევარმა, ფილოლოგიის დოქტორმა ლელა წიქარიშვილმა. მისი აზრით, ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ დღესაც თანამედროვე და აქტუალურია, ამიტომ მისი სავალდებულო ჩამონათვალში შეტანა მისასალმებელია.
„ეს ჩანაწერი თვალში მომხვდა ამ ზაფხულს და როგორც მკვლევარმა ჩამოვაყალიბე პოზიცია: ნაწარმოები, რომლებსაც ვასწავლით, უნდა უკავშირდებოდეს ჩვენს თანამედროვეობას, პირად სივრცეს, გამოცდილებას. „ჯაყოს ხიზნები“ ამ მხრივაც ძალიან აქტუალურია დღეს.
ამ ნაწარმოების არცერთი პერსონაჟი არ არის დადებითი და ის დრამა, ტრაგედია, რაც აქ არის აღწერილი, თანაბარი სიცხადით აცოცხლებს, როგორც პიროვნულ ფსიქოდრამას, ასევე ნაციონალურ დრამას და ტრავმას. ამიტომ ამ ტექსტის დაკავშირება კარგად შეიძლება თანამედროვეობასთან“, – ამბობს ლელა წიქარიშვილი.
მისი თქმით, მოსწავლეებს შეუძლიათ გაავლონ პარალელი თანამედროვე პოლიტიკურ თუ გეოპოლიტიკურ კონტექსტებთანაც.
„შესაბამისად, ძალიან მოსახერხებელი მასალაა და იმ მოთხოვნებსაც პასუხობს, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა აყენებს, რომ სასწავლო დოკუმენტი დაფუძნებული უნდა იყოს კონსტრუქტივისტულ მიდგომაზე“, – ამბობს წიქარიშვილი.
მკვლევრის თქმით, მიხეილ ჯავახიშვილის მიმართ ინტერესი იზრდება უცხოეთში, აქტიურად ითარგმნება ინგლისურ და გერმანულ ენებზე, ითარგმნება ავსტრიასა და თურქეთშიც.
მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის დანერგვის დროს, მასწავლებლები საუბრობდნენ სკოლებში დიდტანიანი ნაწარმოებების სწავლების შესახებაც.
არის მოსაზრება, რომ გარკვეული ნაწარმოებები რთულია, მის შესწავლაზე გამოყოფილი საათები კი არასაკმარისი და მაინც „გადარბენა“ უწევთ სკოლაში.
საუბარი იყო მათ შორის „დიდოსტატის მარჯვენაზე“ და „ჯაყოს ხიზნებზეც.
მასწავლებლების აზრით, „ჯაყოს ხიზნები“ არაჩვეულებრივი ნაწარმებია, მაგრამ „დროში იწელება“, რაც დინამიურ ცვლილებებსა და სიახლეებზე ორიენტირებულ ბავშვებს ღლის.
„რა არის მთავარი ორიენტირი, მარადიული ღირებულება თუ სწავლის ტექნოლოგიები და ორიენტირები, რომელიც ყოველთვის შეიძლება შეცვალო“, – ამბობს ლელა წიქარიშვილი. მისი აზრით, „თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ მოსწავლეებს სასკოლო მერხზე უნდა ჰქონდეთ ხარისხობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურა, მაშინ ეს კითხვა, – ვასწავლოთ თუ არა სკოლაში „ჯაყოს ხიზნები“, საერთოდ არ უნდა ჩნდებოდეს.
„ჯაყოს ხიზნები“ ძალიან მნიშვნელოვანია ეპოქალურების თვალსაზრისითაც და ლიტერატურულითაც, მაგრამ თუ ვსაუბრობთ კურიკულუმებზე, მეთოდოლოგიაზე და რაღაც სისტემებზე, ეს სხვა საკითხია.
მე არა მხოლოდ მომხრე ვარ სკოლაში ამ ნაწარმოების სწავლების, მიმაჩნია, რომ მე-12 კლასელები არ იმსახურებენ ენის მოჩლექით და გამარტივებით მიდგომას და არა მარტო „ჯაყოს ხიზნებს“, სხვა ღირებულ ნაწარმოებებსაც მშვენივრად ისწავლიან.
ჩვენს გარშემო ცხოვრობენ ადამიანები, ვისთვისაც ოჯახის წევრებს და ახლობლებს აღარ სცალიათ ან ასეთი ახლობლები უბრალოდ არ ჰყავთ. მათთვის არც ეფექტური მუნიციპალური სერვისები არსებობს. ზოგჯერ ამ ადამიანებს გადაადგილება უჭირთ, უახლოეს მარკეტამდე მისვლა, ან ექიმამდე, შემდეგ უკან დაბრუნება, საჭმლის მომზადება… ელემენტარული ჰიგიენის დაცვა… როგორ უნდა მოიქცეს ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი – საკუთარ ქონება აჩუქოს ნათესავს იმ პირობით, რომ გარდაცვალებამდე მასზე იზრუნებენ?
მაგრამ ზოგჯერ ეს სიტყვიერი შეთანხმება არ სრულდება.
იურისტების დაკვირვებით, ცოტამ თუ იცის საქართველოში, რომ ადამიანს შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება მისთვის სასურველ, ნებისმიერ პირთან, ვინც იზრუნებს მასზე ქონების მიღების სანაცვლოდ.
რა შემთხვევაში შეიძლება მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება და სად არის დაცვის გარანტია, მაგალითად, ხანდაზმულ ადამიანს, ვისაც ზრუნვა სჭირდება, პირიქით, ბინის გარეშეც არ დარჩება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, პაატა დიასამიძეს ესაუბრა:
პაატა, რა სახის ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს, როცა ადამიანს სჭირდება მოვლა და სურს, ქონების სანაცვლოდ მასზე ვინმემ იზრუნოს?
პრაქტიკულად მსგავს ვითარებაში ადამიანები ძირითადად აფორმებენ ჩუქების, ან ნასყიდობის ხელშეკრულებას, რაც დაცვის გარანტიას ვერ ქმნის. ამ დროს მარჩენალი მხოლოდ სიტყვიერად იღებს ვალდებულებას, რომ არჩენს სარჩენს, ვისი ქონების მესაკუთრეც ხდება, შემდეგ კი, სარჩენი რისკის წინაშე დგება. იშვიათად, მაგრამ ვინც იცის ამის შესახებ, ის აფორმებს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას, რაც თვისობრივად სხვა ხელშეკრულებაა და დაცვის გარანტიებს ქმნის.
სამისდღეშიო ხელშეკრულება ნიშნავს იმას, რომ მარჩენალი იღებს ვალდებულებას, მიღებული ქონების სანაცვლოდ, გადაუხადოს სარჩო სარჩენს. ამ დროს უძრავი ქონება გადადის მარჩენლის საკუთრებაში, თუმცა კონკრეტული ვალდებულებებით. თუ მარჩენალი არ ასრულებს სამისდღეშიო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას სარჩენის წინაშე, უძრავი ქონება უბრუნდება სარჩენს.
განგვიმარტეთ: რა შეიძლება იყოს სარჩო?
ეს შეიძლება კვება, მოვლა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სხვა აუცილებელი დახმარება. მხარეებს შორის შეთანხმებაზე დამოკიდებული, რა უნდა განისაზღვროს სარჩოდ. შესაძლებელია, მაგალითად, ხელშეკრულებაში ჩაიწეროს, რომ თვეში 500 ლარის მედიკამენტებით უნდა უზრუნველყოს მარჩენალმა სარჩენი პირი მის გარდაცვალებამდე, ან დაიქირაოს მომვლელი დღე-ღამეში კონკრეტული დროით.
როგორ დადგინდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარჩოთი მარჩენალი უზრუნველყოფდა თუ არა სარჩენს? შესაძლოა, მედიკამენტი გაძვირდა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ან მომვლელის მომსახურება?
ამიტომაც მაქსიმალურად დეტალურად უნდა გაიწეროს ხელშეკრულებაში ეს პირობები. დავის შემთხვევაში მხარეებმა უნდა დაასაბუთონ, არის თუ არა შესრულებული ვალდებულება, მაგალითად, თუ მხარეები შეთანხმებული არიან, რომ 500 ლარის მედიკამენტების მიწოდებაზე და მარჩენალი წარმოადგენს ქვითარს…
ჩემი, როგორც იურისტის რჩევაა, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდეს ნოტარიუსთან იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს უძრავი ქონების გადაცემას არ ეხება. კანონის მიხედვით, ნოტარიუსთან მაშინაა სავალდებულო სამისდღეშიო ხელშეკრულების გაფორმება, როცა ეს უძრავ ქონებას ეხება. ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმებაც დამატებით დაცვის გარანტიაა.
ანუ შესაძლებელია ბინა არ გქონდეს და სხვა ნივთზე, მაგალითად, ავტომანქანის გადაცემაზე გაფორმდეს სამისდღეშიო ხელშეკრულება?
დიახ, ეს შესაძლებელია და დამოკიდებულია მხარეებს შორის შეთანხმებაზე. ხელშეკრულებაში უნდა გაიწეროს დეტალურად, რაზე თანხმდებიან მხარეები.
რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება?
იმ შემთხვევაში, თუ მარჩენალი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. შესაძლოა, ეს გახდეს სასამართლო დავის საგანი, თუ მარჩენალი იტყვის, რომ ის ასრულებდა ვალდებულებებს და აქვს შესაბამისი მტკიცებულებები.
საინტერესო ნიუანსია ის, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მარჩენალს არ აუნაზღაურდება სარჩოს ის ღირებულება, რაც მან მანამდე გასწია. შესაძლებელია ხელშეკრულება ითვალისწინებდეს ამ კუთხით მარჩენლის მიერ მანამდე გაწეული ხარჯის სხვაგვარად ანაზღაურებას, მაგრამ თუ ხელშეკრულებაში ამის შესახებ არაფერი წერია, მარჩენალს გაწეული ხარჯები არ უბრუნდება, სარჩენი პირი კი, თავდაპირველი მდგომარეობით იბრუნებს უძრავ ქონებას.
შეიძლება თუ არა მოითხოვო ხელშეკრულების შეწყვეტა იმ შემთხვევაშიც, რომ მარჩენალი ვალდებულებას არ არღვევს, მაგრამ მაგალითად, მესაკუთრემ გადაწყვიტა, რომ აღარ სურს ხელშეკრულების გაგრძელება?
მოქმედებს ზოგადი წესი, თუმცა ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტულ შემთხვევებს. როცა გაუთვალისწინებელი შემთხვევით ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა, შესაძლებელია მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
გასათვალისწინებელია სხვა შემთხვევებიც, რაც ხელშეკრულებაშია არაა გათვალისწინებული, მაგრამ შეუძლებელი ხდება მხარეებს შორის ურთიერთობის გაგრძელება: მაგალითად, მარჩენალი შეურაცხყოფას აყენებს, ძალადობს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაშიც ქონება უბრუნდება სარჩენს და არ აუნაზღაურდება მარჩენალს გაწეული ხარჯი.
შესაძლოა, მარჩენალსაც ჰქონდეს ხელშეკრულების შეწყვეტის ლეგიტიმური მიზანი, მაგალითად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაჩნდა ახალი გარემოება – სარჩენი ჰყავს შვილი და ალიმენტი აქვს მისთვის გადასახდელი. ხელშეკრულება გაუქმდება, თუ მას სხვა ვალდებულება აქვს შესასრულებელი.
თუ მარჩენალი გარდაიცვლება სარჩენზე უფრო ადრე?
მაშინ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მარჩენლის მემკვიდრეზე გადადის.
სამისდღეშიო ხელშეკრულების შემთხვევაში შესაძლოა ადამიანმა თავისი ქონება გადასცეს, როგორც რომელიმე მემკვიდრეს, ვისაც გაუფორმებს ამ ხელშეკრულებას, ან სრულიად სხვა პირს. ამ დროს რა ხდება სავალდებულო სამკვიდროს კუთხით?
სამკვიდრო უფლებები წარმოიშობა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, აქ კი, ადამიანი თავის სიცოცხლეში განკარგავს თავის საკუთრებას. საკუთრების დაცვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი რეალიზების დროს ვერაფერი ვერ იქნება დამაბრკოლებელი გარემოება. სავალდებულო სამკვიდროს ვერ მოითხოვენ მემკვიდრეები იმ ქონებაზე, რაც მამკვიდრებელმა სამისდღეშიო ხელშეკრულებით გადასცა კონკრეტულ პირს.
მიღებული პრაქტიკაა ასევე სარჩენი პირის გარდაცვალების მიზეზის დადგენა. ხშირად მემკვიდრეებს აქვთ ეჭვი, რომ საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ადამიანი მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ამ საკითხის გათვალისწინებაც შესაძლებელია ხელშეკრულებაში, რომ ექსპერტიზის ბიურომ დაადგინოს გარდაცვალების მიზეზი.
სად არის დაცვის გარანტი, რომ მარჩენალმა მიღებული ბინა, მაგალითად, არ გაუყიდოს მოხუცს, ვისაც მოვლა სჭირდება?
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმების დროს, ქონება გადადის მარჩენლის საკუთრებაში, მაგრამ მას არ შეუძლია ამ ქონების გასხვისება, დაგირავება, იპოთეკით დატვირთვა და ასე შემდეგ, თუ სარჩენის წერილობითი თანხმობა არ ექნება.
კიდევ ერთი დეტალი: მაგალითად, მარჩენლის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია, ანუ თუ ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ შემდეგ მარჩენალს ვალები დაედო, ვალებს ამ ქონებით ვერ გადაიხდის.
ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისისთვის 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. ახალი თაობის მუსიკოსები, შემოქმედები, სპორტსმენები, გამომგონებლები, სტარტაპერები, ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ ბრენდის და კომპანიის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავი და საამაყოა, რომ თიბისი რეგიონის მასშტაბით, ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია.
მეოთხე ათწლეულის დასაწყისში, თიბისიმ გადაწყვიტა ახალი თაობის ხელშეწყობის მიმართულებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს და განსაკუთრებული შესაძლებლობები შეუქმნას იმ თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატების საწყის ეტაპზე არიან. ბიზნესი, კულტურა, განათლება, ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება, სპორტი, ახალი თაობის პროფესიები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რომელთა ხელშეწყობა თიბისისთვის, როგორც რეგიონში წამყვანი კომპანიისთვის, პრიორიტეტულია.
ახალი თაობის მხარდაჭერის გზავნილის პირველი ეტაპი მუსიკალური ვიდეო Take Over არის, რომელზეც კრეატიულმა დირექტორმა ნიკუშა ანთაძემ და წარმოების კომპანია „ენკენი ფილმსა“ იმუშავეს, ხოლო პოპულარულმა ქართულმა ბენდმა „Bedford Falls”-მა, სპეციალურად ამ კაპანიისთვის, კომპოზიცია Take Over დაწერა.
„თიბისისთვის, ახალი თაობის მხარდაჭერა და განვითარებაზე ზრუნვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ამ თაობისთვის და ამ თაობასთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი შევქმნათ. ახალ თაობას შეუძლია განსაკუთრებული როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის და მსოფლიოს მომავლის შექმნაში“ – ნიკა ქურდიანი, გენერალური დირექტორის მოადგილე, თიბისი.
აქ.ახლა თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას დასაქმების, განათლების და ახალი პროექტების განვითარების კუთხით.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, სკოლა ვალდებულია შინ სწავლის რეჟიმზე გადაიყვანოს ბავშვი, რომელსაც სამედიცინო ცნობის საფუძველზე ესაჭიროება მკურნალობა, ერთ თვეზე მეტი ხნით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეკუთვნება რისკჯგუფს პირისპირ სწავლების შემთხვევაში.
სკოლას ამ საჭიროებისთვის ბავშვის მშობელმა უნდა მიმართოს.
აქ არ იგულისხმებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები.
მინისტრის ამავე ბრძანების მიხედვით, საშუალო საფეხურზე სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ასევე მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში, სავალდებულო პროექტებში მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით.
განმავითარებელი შეფასება ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმითაც.
„სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალს“ კი დაემატება მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“.
ბრძანება ძალაში შევიდა გუშინ, 21 სექტემბერს. ბრძანებას ხელს აწერს თამარ მახარაშვილი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.
ლიტერატურული პრემია “საბასთვის” წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ზუსტად 20 წლის წინ პოეტმა რატი ამაღლობელმა და თიბისი ბანკმა კონკურსი ერთად დაარსეს.
გამარჯვებულები გუშინ, ფუნიკულიორზე გამართულ დაჯილდოების საიუბილეო ცერემონიაზე გამოავლინეს.
2022 წელს საუკეთესო წიგნები და ავტორები ჟიურიმ 9 ნომინაციაში გამოავლინა. წელს კონკურსზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი. გამარჯვებულები კი შემდეგი ავტორები და მთარგმნელები გახდნენ:
რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), „მკვლელობა სადგურის უბანში“ (პალიტრა L)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
ლელა სამნიაშვილი, „ავირეკლოთ“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო რომანი
არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა) და ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე)
წლის საუკეთესო ქართული თარგმანი
კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ (ინტელექტი)
წელს, უკვე მეორედ ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“. ნომინაცია „საბას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოსთან“ თანამშრომლობით დაემატა. ამ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ:
„როგორც რუსეთის ფედერაციიდან, ასევე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან შემოდიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე შესაბამისი სახელმწიფოს მოქალაქეები. ბუნებრივია, ამის შესაბამისი სტატისტიკა არსებობს. ეს ექნება საზღვარს. ჩვენც, რა თქმა უნდა, გვაქვს სტატისტიკა.
რაც შეეხება [რუსეთის მოქალაქეების მხრიდან] ბინადრობის მოთხოვნებს, ეს ინფორმაცია არის საჯარო. პრაქტიკულად ყოველდღე გავცემთ ამ ინფორმაციას. ეს შეიძლება ყოველდღიურად იცვლებოდეს. [სტატისტიკა] იუსტიციის მინისტრმა ნამდვილად კარგად იცის, მეც კარგად ვიცი. სტატისტიკა თუ გაინტერესებთ გააგზავნეთ [საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა] და მოგაწოდებენ,“ – ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, დღეს, 22 სექტემბერს, ბათუმში გააკეთა.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში 2022 წელს და აქედან რამდენმა ითხოვა ბინადრობა.
იუსტიციის მინისტრს ასევე ჰკითხეს, თუ როგორ ამოწმებენ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებს.
„სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არიან მესაზღვრეები, რომლებიც ამოწმებენ შესაბამის დოკუმენტაციას დადგენილი წესის მიხედვით. ბუნებრივია, ისინი განსაზღვრავენ პირი გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს თუ ვერა,“ – თქვა მინისტრმა.
მისივე მტკიცებით სუს-ი კარგად მუშაობს და თუკი რაიმე სახის რისკი იარსებებს, მას აღმოფხვრიან.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს ძალიან კარგად, მას ჰყავს ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი, რომელსაც პირადად ვცემ ძალიან დიდ პატივს. ზოგადად, ეს სამსახური ნამდვილად არის მოწოდების სიმაღლეზე და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც რაიმე სახის რისკი არსებობს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, სამსახური ახდენს შესაბამის რეაგირებას და პრევენციას,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრი დღეს, 22 სექტემბერს, ბათუმში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.
21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.
ორი დღეა სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომლის თანახმადაც, ლარსში, საქართველო რუსეთის-საზღვარზე კილომეტრიანი რიგებია – რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას ცდილობენ.
___
მთავარი ფოტო: სქრინი ფეისბუქში კერძო პირის მიერ გავრცელებული ვიდეოდან – ავტომანქანების კილომეტრიანი რიგები ლარსში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.
რუსეთის ხელმძღვანელობის არც ერთი განცხადება არ იმოქმედებს უკრაინელების მზადყოფნაზე იბრძოლონ თავისუფლებისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგურებს ყველას, ვინც უკრაინაში ჩამოდის იარაღით, მიუხედავად იმისა, ნებაყოფლობით იქნება ისინი აქ თუ მობილიზებით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა.
ზალუჟნი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციაზე.
„აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის არც ერთი განცხადება არ იმოქმედებს ჩვენს მზადყოფნაზე ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე მოვა იარაღით – ნებაყოფლობით თუ მობილიზებით“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები 8 წელი და 7 თვე აკავებენ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
„ჩვენ მტრის სრულმასშტაბიანმა შეტევამ ვერ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და ღირსეულად შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება“, – წერს ის.
ზალუჟნიმ დასძინა, რომ ასობით ათასი კაცი და ქალი იცავს უკრაინის მიწას, საკუთარ სახლებს, ბავშვებს და უკრაინის მომავალს.
___
21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.
პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. რუსული წყაროების თანახმად, გუშინ რუსეთში 1300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. მათგან უმეტესობა – სულ მცირე 542 – სანქტ-პეტერბურგში, დაახლოებით 504 ადამიანი კი – მოსკოვში.
ბათუმში მყოფი იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში თუკი მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, მოსამართლეებმა სამართალდამცავებს უნდა მიმართონ.
„ზოგადად, ნებისმიერი სახის ზეწოლა, სასამართლო ხელისუფლების და საქმიანობის ხელშეშლა ზოგადად დანაშაულია. შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუ მსგავსი ფაქტი ბუნებაში შეიძლება არსებობდეს. ამ შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს და რა თქმა უნდა მოსამართლეს შეუძლია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და დარწმუნებული ვარ აუცილებლად იპოვიან სიმართლეს.
მე არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და ახორციელებდეს სასამართლოზე ზეწოლას,“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ ზეწოლის ფაქტებზე თავად მოსამართლეები საუბრობენ, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მისთვის „ზეწოლა მიუღებელია“.
„მე თქვენ უკვე გითხარით, რომ თეორიული დაშვებაც კი, რომ მოსამართლეზე ვინმემ შეიძლება განახორციელოს რაიმე სახის ზეწოლა, არის მიუღებელი. თუკი რომელიმე მოსამართლის მიმართ ხორციელდება მუქარა ან ვინმე უკანონოდ ერევა ის საქმიანობაში, ბუნებრივია ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ. ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო ვერ დაიწყებს გამოძიებას. თუმცა პოზიცია არის რა თქმა უნდა ის, რომ ნებისმიერი სახის ჩარევა მოსამართლის საქმიანობაში არის მიუღებელი. ეს არამხოლოდ ჩემი პირადი პოზიციაა, არამედ ამის შესახებ საუბრობს კონსტიტუცია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რასაც ეფუძნება სახელმწიფო, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი“, – თქვა რატი ბრეგაძემ.
სასამართლოში არსებულ კლანზე დასმულ კითხვაზე კი ბრეგაძემ თქვა, რომ ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ სიტყვათშეთანხმება „სასამართლოს კლანი“ აღარ უნდა გამოიყენონ.
„სამწუხარო ტენდენციას ვაკვირდებით. გარკვეული ძალები ცდილობენ შემდეგი ტერმინის დამკვიდრებას და ეს არის კლანი, კლანი, კლანი… სასამართლოში არსებული კლანი. დაუშვებელია, რომ სასამართლოზე გამოვიყენოთ სიტყვა კლანი. იმიტომ, რომ ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფის გაერთიანება.
თუ სადმე არსებობს დამნაშავე, რომელიც აცხადებს, რომ სადღაც არის, არ ერიდება ამ პოზიციის დაფიქსირებას და ამბობს, რომ არის დამნაშავე, კი ბატონო, მას შეიძლება უწოდონ კლანი. ცნობილია, მაგალითად მაფიოზური კლანი და ა.შ. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე, მე მინდა მოგიწოდოთ თქვენც, როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს, ისაუბროთ მეტი პატივისცემით. იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და ჩემთვის პირადად დაუშვებელია ამ ტერმინის გამოყენება,“ – თქვა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, მიზანმიმართულად ხდება სასამართლოს დისკრედიტაცია.
„ეს არის მიზანმიმართული მცდელობა იმისკენ, რომ დამკვიდრდეს მსგავსი ტერმინოლოგია. იქ ჩაბუდებული არიან დამნაშავეები და ა.შ. როდესაც დღეს ვსაუბრობთ დღევანდელ სასამართლო სისტემაზე არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ რამხელა ევოლუციური განვითარება გაიარა სასამართლო სისტემამ 2012 წლიდან მოყოლებული. როდესაც ვინმე საუბრობს სასამართლო სისტემაზე, მთელი ეს განვითარება უნდა იყოს გაანალიზებული. რამხელა რეფორმები ჩატარდა, რამხელა დამოუკიდებლობა მოიპოვა სასამართლომ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრი დღეს, 22 სექტემბერს ბათუმში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.
აჭარის ტელევიზიის დირექტორობა 8 კანდიდატს სურს, განცხადების მიღება უკვე დასრულდა.
აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დირექტორობის სურვილი 8 ადამიანმა გამოხატა, სამ დღეში კი, ისინი კანდიდატებად დარეგისტრირდებიან. მრჩეველთა საბჭო დირექტორს გასაუბრების შემდეგ შეარჩევს. დირექტორის არჩევას მრჩეველთა საბჭოს ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორობის მსურველები არიან:
ლაშა მიქაძე
ნათია თავდგირიძე
გიორგი კოხრეიძე
ვლადიმერ ტატიშვილი
ირაკლი გიორგაძე
ირინა ფუტკარაძე
დავით ჩხარტიშვილი
აკაკი ბერიძე
აჭარის ტელევიზიის დირექტორი სამი წლის ვადით ირჩევა. ამ დრომდე აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძეა.
აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ კანდიდატების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გამოქვეყნდება, როცა ისინი კანდიდატებად დარეგისტრირდებიან.
————
აჭარის ტელევიზიის წინა დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის წესით გათავისუფლების და ჟურნალისტების სამსახურიდან გაშვების შემდეგ გამოიხატა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოს, ეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე.
„ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 25 მაისს დაიწყო. რა თქვეს მოწმეებმა სასამართლო პროცესებზე ნახეთ აქ.
ბათუმში 15 სექტემბრიდან 900-მა უკრაინელი ბავშვმა დაიწყო სწავლა სკოლაში. „ბათუმელები“ რამდენიმე დღის წინ ამ ბავშვების მშობელთა ნაწილს შეხვდა, რომლებმაც ისაუბრეს, თუ რა სჭირდებოდათ მათ შვილებს სკოლაში წასასვლელად.
მშობლები ამბობდნენ, რომ ბავშვებს ძირითადად სჭირდებოდათ თბილი სამოსი, რეზინის ფეხსაცმელები, ქოლგები და ქუდები, სასკოლო-საკანცელარიო ნივთები.
ბავშვებს ადგილობრივი მოსახლეობა დაეხმარა ნივთების და სამოსის ნაწილით. თუმცა შემოდგომის და ზამთრის ფეხსაცმლის პრობლემა ბათუმში მყოფ თითქმის ყველა უკრაინელ ბავშვს აქვს.
მშობლებმა, რომლებსაც შევხვდით, გვთხოვეს გამოგვექვეყნებინა მათი შვილების ასაკი და ფეხის ზომა იმ ხალხისთვის ხმის მისაწვდენად, ვისაც ბავშვების მხარდაჭერა შეუძლია საშემოდგომო და ზამთრის ფეხსაცმელებით, მათ შორის რეზინის ბოტებით.
6 წლის გოგო – ფეხის ზომა 30 (დედა: ოქსანა Tel.: 591 75 55 40)
16 წლის გოგო – ფეხის ზომა 37; ბიჭი 7 წლის – ფეხის ზომა 34 (დედა: მარგარიტა Tel.: 555 32 04 72)
8 წლის გოგო – 33; გოგო 10 წლის – 36 (დედა: ვიქტორია Tel.: 571 77 61 85)
14 წლის გოგო – ფეხის ზომა 40; ბიჭი 7 წლის – ფეხის ზომა 35, 36 (დედა: ვალერია Tel.: 555 37 52 38)
10 წლის ბიჭი – ფეხის ზომა 36, 37 (ბებია ოლენა: Tel.: 557 15 53 90)
8 წლის ბიჭი – ფეხის ზომა 37, 38 (დედა: ალიონა Tel.: 577 30 21 34)
18 წლის გოგო – ფეხის ზომა 38; ბიჭი 9 წლის – ფეხის ზომა 32; 2 წლის – ფეხის ზომა 23 (დედა: ოლია Tel.: 591 09 40 28)
11 წლის ბიჭი – ფეხის ზომა 36, 37; გოგო 14 წლის – ფეხის ზომა 37, 39 (დედა: ოქსანა Tel.: 555 56 04 83)
8 წლის გოგო – ფეხის ზომა 36, 37; ბიჭი 11 წლის – ფეხის ზომა 40 (დედა: ოქსანა Tel.: 558 24 61 99)
7 წლის ბიჭი ბიჭი 5 წლის (დედა: დარია Tel.: 555 47 35 30)
5 წლის ბიჭი – ფეხის ზომა 32; ბიჭი 11 წლის – ფეხის ზომა 36, 37 (დედა: ოქსანა Tel.: 551 10 53 31)
4 წლის ბიჭი – ფეხის ზომა 26; ბიჭი 8 წლის – ფეხის ზომა 32 (დედა: ნატალია Tel.: 591 93 90 73)
2 წლის გოგო – ფეხის ზომა 36, 37 (დედა: ნატალია Tel.: 579 33 93 21)
6 წლის ბიჭი – ფეხის ზომა 31 (დედა: ნასტია Tel.: 599 48 18 87)
7 წლის გოგო – ფეხის ზომა 34 (დედა: ეკატერინა Tel.: 555 36 34 43)
15 წლის ბიჭი – ფეხის ზომა 40 (დედა: მარინა Tel.: 555 37 41 37)
15 წლის გოგო – ფეხის ზომა 41; ბიჭი 7 წლის – ფეხის ზომა 33, 34 (დედა: ინდირა Tel.: 568 91 32 57)
ბათუმის ბულვარმა პლაჟზე განსათავსებელი საზაფხულო კაფეების დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებულმა ასევე უნდა მოამზადოს ობიექტის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც. ახალი დიზაინის კაფეებს კი, შემდგომში თავად ბულვარის ადმინისტრაცია მოაწყობს და მათ იჯარით გასცემს.
კონკურსში 117 ათას 694 ლარითაა გამოცხადებული.
ახალი დიზაინის ობიექტების აშენების შემდეგ, პარალელურად, როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, ეტაპობრივად განხორციელდება ბულვარის მთელ სიგრძეზე [ახალი ბულვარის ჩათვლით] არსებული კაფე-ბარების დემონტაჟი.
ბულვარის დაკვეთით ამჯერად კვების ობიექტის [პლაჟის საზაფხულო კაფეს] სამი, ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინის ესკიზი უნდა შეიქმნას.
ბულვარი/პრომინადის საერთო ხედი / ესკიზი „გენგეგმიდან“, რომელიც საკონკურსო დოკუმენტაციას ახლავს
ტექნიკური დავალების მიხედვით:
„ახალი დიზაინის კაფეები ბულვარის ტერიტორიაზე სანაპირო ზოლში 18 სხვადასხვა ადგილას განთავსდება;
კვების ობიექტები განკუთვნილია ძირითადად პლაჟის მომსახურებისთვის, თუმცა წვდომა უნდა ჰქონდეს პრომენადის მხრიდანაც; ობიექტების სავარაუდო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 250 კვ.მეტრს;
ობიექტები უნდა იყოს ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი, არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია ჩაღრმავებული საძირკველი ან/და მიწისქვეშა სათავსები;
ღია დასაჯდომი სივრცის პერიმეტრის შემოზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ მობილური ავეჯითა და გამწვანებით, რომლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს იატაკის დონიდან 1 მეტრს;
ობიექტები საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს დაშლადი, მათი საძირკველი უნდა მოეწყოს წინასწარ მომზადებულ, ფოლადით გაძლიერებულ ბეტონის ბალიშებზე, რომელშიც გათვალისწინებულია ანკერი, ან ჩაანკერდება შემდეგ – ფოლადის სვეტის სამონტაჟოდ.
კაფე-ბარის შესასვლელისა და ბაქნის მოწყობისას (პრომენადის მხრიდან), გათვალისწინებული უნდა იქნას მისაწვდომობის პრინციპები, რათა ბარიერი არ შეიქმნას ეტლით გადაადგილებისთვის.
კვების ობიექტის დახურულ სივრცეში უნდა განთავსდეს სამზარეულო, სასაწყობე სივრცე და სანკავნძები, ხოლო დასაჯდომი ადგილები უნდა იყოს ღია მსუბუქი გადახურვის კონსტრუქციით მოწყობილი;
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამი განსხვავებული კვების ობიექტების არქიტექტურული პროექტის მომზადება, რომელიც მონაცვლეობის პრინციპით უნდა განთავსდეს სანაპირო ზოლზე, ბულვარის განაშენიანების გეგმაში მითითებული ლოკაციების შესაბამისად;
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები, რათა ბარიერი არ შეიქმნას ეტლით გადაადგილებისთვის.
კვების ობიექტის საინჟინრო ქსელების პროექტი უნდა იყოს ერთიანი სისტემა, ბულვარში არსებულ სისტემებთან ადაპტირებული.
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“-ს შესაბამისად გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (სკოპინგი და გზშ) მომზადება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შემსყიდველ უწყებასთან წარმოდგენა“.
ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „განაშენიანების გეგმა“ უკვე მუშაობს და ეს კონკურსიც გენგეგმის შესაბამისად მომზადდა.
ბულვარის გენგეგმით სკეიტპარკის მოწყობაც დასაშვებია. ბულვარის ადმინისტრაციას კი, სკეიტპარკის მოედნის პროექტზე კონკურსი გენგეგმის დამტკიცებამდე უკვე გამოცხადებული ჰქონდა [სკეიტპარკი ახალ ბულვარში მოეწყობა].
აღნიშნული კონკურსი დამთავრდა და ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეულია ინდმეწარმე/ფიზიკური პირი – Борисов Г.В., დოკუმენტების მიხედვით ის უკრაინის მოქალაქეა, იურიდიულ მისამართად კი, უკრაინის ქალაქი კრივოი როგია მითითებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 55 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
ტანკი – 2 236 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 4 776 ერთეული [+28]
საარტილერიო სისტემა – 1 341 ერთეული [+1]
MLRS – 318 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 169 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 253 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 218 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 941 ერთეული [+9]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 240 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 630 ერთეული [+20]
სპეცტექნიკა – 125 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
295 თვითმფრინავი
155 ვერტმფრენი
2 035 უპილოტო საფრენი აპარატი
375 საზენიტო სარაკეტო სისტემა
5 073 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
842 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 406 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
5 786 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, საცხოვრებელ სახლში ამზადებდა ყალბ 100-ლარიან კუპიურებს, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა თბილისის სავაჭრო ქსელში. დადგენილია არაერთი სავაჭრო ობიექტი, სადაც ბრალდებულის მიერ გასაღებულ იქნა ყალბი 100 ლარიანი კუპიურები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში, ამოღებულია 800 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა.“
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებით, ვლადიმერ პუტინი სერიოზულ პოლიტიკურ რისკზე მიდის და ფაქტობრივად, აღიარებს, რომ რუსეთმა უკრაინაში წამსვლელ მოხალისეთა მთელი რესურსი ამოწურა.
უწყების 22 სექტემბრის რელიზის თემა სწორედ რუსეთში გუშინ გამოცხადებული მობილიზაციაა.
„21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა უკრაინაში თავისი „სამხედრო ოპერაციის“ მხარდასაჭერად. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ მოგვიანებით დააზუსტა, რომ მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
დიდი ალბათობით, რუსეთი სერიოზული ლოგისტიკური და ადმინისტრაციული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მაშინაც კი, თუ ამ 300 000 კაცს შეაგროვებს. სავარაუდოდ, მოსკოვი ეცდება ამ ძალებისგან შექმნას ახალი ფორმირებები, რომლებიც მომდევნო რამდენი თვის განმავლობაში ეფექტიან ბრძოლას ვერ შეძლებენ,“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
უწყების შეფასებით, რუსეთის მოხალისეობის ნაწილში ეს „შეზღუდული მობილიზაცია“ კი უკიდურესად არაპოპულარული იქნება.
„პუტინი ძალიან დიდ პოლიტიკურ რისკზე მიდის იმ იმედით, რომ მისთვის ასე აუცილებელი სამხედრო ძალა შექმნას. ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, იმის აღიარებაა, რომ რუსეთმა უკრაინაში წასვლის მსურველ მოხალისეთა მთელი თავისი რესურსი ამოწურა,“ – ასკვნის უწყება.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ერთადერთი არაა, ვინც პუტინის „ნაწილობრივ მობილიზაციას“ ასე აფასებს.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ „ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში, უახლოეს თვეებში ომის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს და ვერ შეუშლის ხელს უკრაინის შესაძლებლობას გაათავისუფლოს მეტი ოკუპირებული ტერიტორია.
21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.
პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. რუსული წყაროების თანახმად, გუშინ რუსეთში 1300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. მათგან უმეტესობა – სულ მცირე 542 – სანქტ-პეტერბურგში, დაახლოებით 504 ადამიანი კი – მოსკოვში.
„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში, უახლოეს თვეებში ომის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW).
ინსტიტუტის უახლოეს ანგარიში ნათქვამია, რომ პუტინის მიერ 21 სექტემბერს გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ მიუთითებს ბევრ პრობლემაზე, რომელთა წინაშეც რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ დადგა და რომელთა გადაწყვეტასაც მოსკოვი სავარაუდოდ უახლოეს თვეებში ვერც მოახერხებს.
„პუტინის ბრძანება „გაწვრთნილი“ რეზერვის მობილიზაციის შესახებ, იმ პირების, რომლებსაც აუცილებელი სამხედრო სამსახური აქვთ გავლილი, რუსეთისთვის სერიოზულ საბრძოლო ძალას ვერ შექმნის. ეს შეიძლება საკმარისი იყოს საიმისოდ, რომ დანაკარგების კომპენსაციის ხარჯზე, 2023 წელსაც შეინარჩუნონ რუსეთის შეიარაღებული ძალების ახლანდელი დონე, თუმცა ესეც ბოლომდე ცხადი არაა.
„ნაწილობრივი მობილიზაცია“ ნამდვილად ვერ შეუშლის ხელს უკრაინის შესაძლებლობას გაათავისუფლოს მეტი ოკუპირებული ტერიტორია ამ ზამთრის განმავლობაში,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
მათი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რუსული რეზერვის რა ნაწილი იყო აქამდე უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში ჩართული. ISW-ის ვარაუდით, რუსეთის ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ ომამდე გაიწვია შედარებით ბრძოლისუნარიანი რეზერვი, რაც იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ახლანდელი მობილიზაცია შედარებით ნაკლებად ბრძოლისუნარიან პირადი შემადგენლობას შეეხება.
„რუსი რეზერვისტები ცუდად გაწვრთნილები არიან და პირველი სამხედრო სამსახურის შემდეგ ხელახალი მომზადება აღარ გაუვლიათ. სავალდებულო სამხედრო სამსახური რუსეთში მხოლოდ ერთ წელს გრძელდება, რაც ძალიან ცოტა დროა ახალწვეულების გასაწვრთნელად. ამ საწყისი პერიოდის შემდეგ გადამზადების არარსებობა დროთა განმავლობაში, დამწყები ჯარისკაცების უნარებს კიდევ უფრო აუარესებს. მათ გარდა, ვინც ახლა უკრაინაში იბრძვის, საბრძოლო გამოცდილება ძალიან ცოტა რუს რეზერვისტს აქვს,“ – წერს ISW.
21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.
თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ რუსეთს 25 მილიონი ადამიანის მობილიზება შეუძლია, თუმცა პრეზიდენტის ბრძანება მხოლოდ 300 000 კაცს შეეხება.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. რუსული წყაროების თანახმად, გუშინ რუსეთში 1300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. მათგან უმეტესობა – სულ მცირე 542 – სანქტ-პეტერბურგში, დაახლოებით 504 ადამიანი კი – მოსკოვში.
აზოვსტალის მცველთა მეთაურები ტყვეობიდან გათავისუფლდნენ – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის ტყვეობიდან თავისუფალია აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო – “რედისი”, პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი – “კალინა” და საზღვაო ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინსკი – “ვოლინა”.
უკრაინული გამოცემა „ჰრომადსკე“ წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ერმაკმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ აზოვსტალის მეთაურები: დენის პროკოპენკო “რედისი”, სერგეი ვოლინსკი “ვოლინა”, სვიატოსლავ პალამარი, დენის შლეგა და ოლეგ ხომენკო უკვე უსაფრთხოდ არიან.
მისი თქმით, ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის პირადი შეთანხმების შედეგი.
აზოვის პოლკის დამფუძნებელმა და პირველმა მეთაურმა, ანდრეი ბილეცკიმ დააზუსტა, რომ აზოვსტალის მცველთა მეთაურები უკვე თავისუფალი არიან, მაგრამ მესამე ქვეყანაში, სადაც ჩავიდნენ გაცვლითი ხელშეკრულებების შესაბამისად და ისინი იქ იქნებიან გარკვეული დროით.
„პოპულარული პოლიტიკის“ [არხი] წამყვანმა, დმიტრი ნიზოვცევმა პირდაპირ ეთერში პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შვილს ნიკოლაის, სამხედრო კომისარიატის თანამშრომლის სახელით დაურეკა და აცნობა, რომ მეორე დღეს, დილის 10 საათზე სამხედრო კომისარიატში უნდა გამოცხადდეს, რაზეც პესკოვის შვილი პასუხობს, რომ მისვლას არ აპირებს.
„დილის 10 საათზე, ცხადია, ხვალ მე არ მოვალ. თუ ის იცით, რომ მე ბატონო პესკოვი ვარ, ისიც უნდა გესმოდეთ, რომ არც ისე მართებულია, რომ მე იქ ვიყო. მე ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ. მე საერთოდ უნდა გავერკვე, რა ხდება და რა უფლებები მაქვს…
ხვალ რომ წამიყვანონ – დამიჯერეთ, ეს არც თქვენ გინდათ და არც მე. მე სამშობლოს დაცვის პრობლემა არ მაქვს – მაგრამ უნდა მესმოდეს ჩემი იქ გამოჩენის მიზანშეწონილობა, მე თქვენ გელაპარაკებით გარკვეულ პოლიტიკურ ნიუანსებზე“, – ამბობს ნიკოლაი პესკოვი.
კითხვაზე, მზადაა თუ არა მოხალისედ წავიდეს ფრონტზე, ნიკოლაი პასუხობს, რომ – არა. კერძოდ, მას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა კითხვარში მისი გასწვრივ მონიშნონ – „თანახმაა ვარ წავიდე ფრონტზე მოხალისედ“.
„არა, ასეთ რამეს ნუ მონიშნავთ“, – პასუხობს ნიკოლაი პესკოვი და მოგვიანებით დასძენს, რომ თანახმაა წავიდეს – „ოღონდ არა თქვენი თხოვნით. თუ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი (პუტინი) მეტყვის, რომ მე იქ უნდა წავიდეს, მე იქ წავალ“.
ვლადიმერ პუტინმა რუსეთში გამოაცხადა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც დღეიდანვე დაიწყო. რუსულ სოციალურ ქსელებში უკვე ავრცელებენ მოქალაქეები სამხედრო კომისარიატებიდან მიღებულ გაწვევის ფურცლებს.
პუტინის გამოსვლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააზუსტა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
დღეს საღამოსვე რუსეთის ზოგიერთ ქალაქში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები დაიწყო. ვრცელდება ცნობები პირველი დაკავებების შესახებაც.
სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ მოქალაქეთა ჯგუფები გამოვიდნენ ტომსკში, ირკუტსკში, ბარნაულში, იაკუტსკში, ულან-უდეში, კრასნოიარსკში, ეკატერინბურგსა და სხვა ქალაქებში.
როგორც გამოცემა „მედუზა“ წერს ტელეგრამის არხებზე დაყრდნობით, პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა ძირითადად რამდენიმე ათეულია.
მთავარ ფოტოზე: დიმიტრი პესკოვი და მისი შვილი ნიკოლაი.
„ვმოგზაურობდი მარტო. ვიყავი რუმინეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში და ჩავედი თურქეთში, სადაც კაბადოკიაც მოვინახულე. ტრაბზონიდან მქონოდა ფრენა ფილიპინებში და ვიფიქრე, მოდი, ბათუმი აქედან ძალიან ახლოსაა და ხომ არ ვნახო? ასე დაუგეგმავად და შემთხვევით მოვხვდი ბათუმში,“ – ამბობს ესპანელი მიგელ ანხელ კაფინეს ხარენიო, რომელსაც გადაწყვეტილება უკვე მიუღია – ბათუმში აპირებს საცხოვრებლად დარჩენას.
„ულამაზესი ბუნებაა აქ, ზღვა, მთები, სამზარეულო, ხალხი… მინდა ვისწავლო ქართულიც. გამარჯობა – ასე ხომ?“ – განსაკუთრებული აქცენტით ამბობს მიგელი „გამარჯობას“ და როცა ვეკითხებით, რას გამოყოფდა ამ ჩამონათვალიდან, რის გამოც, მან მოულოდნელად საქართველოში არჩია დარჩენა, პაუზის შემდეგ ამბობს:
„ეს გულია, გულიანი ხალხი ცხოვრობთ საქართველოში“, – გვიყვება მიგელი და კონკრეტულ ამბავსაც იხსენებს: „ახალი ჩამოსული ვიყავი ბათუმში, ავტობუსის ბარათი ავიღე, მაგრამ ერთხელ ავტობუსში ბარათი არ გატარდა, ახმაურდა აპარატი და უცებ რამდენიმე ადამიანი მომიახლოვდა, არაა პრობლემა, ჩვენ გადაგიხდითო…
განსაკუთრებულად მომეწონა ქართული ცეკვები, ამასაც მოულოდნელად შევესწარი ერთ რესტორანში: ის რა ფორმები ეცვათ გოგოებს და ბიჭებს, როგორ ატრიალებდნენ ხელებს, რა რიტმი იყო.
ესპანეთშიც უყვართ ცეკვა და კარგი ღვინო, მაგრამ, ჩემი აზრით, აქ უფრო კარგი ღვინოა, თანაც, უფრო ხშირად სვამენ ქართველები ღვინოს, ვიდრე ესპანელები. ძალიან მეგობრული ხალხია ქართველები და სანდო. მე ასე დავახასიათებდი საქართველოს,“ – ამბობს მიგელ ანხელ კაფინეს ხარენიო.
მიგელი საქართველოში ჩამოსვლამდე ესპანეთის სამხედრო-სამაშველო გაერთიანებაში მუშაობდა, როგორც ტელეკომუნიკაციის სპეციალისტი. ეს გაერთიანება ესპანეთის არმიის ნაწილია. მიგელი ამბობს, რომ ერთ დღესაც სამსახურის მიტოვება გადაწყვიტა და მოგზაურობა წამოიწყო.
„კიდევ ბევრ ქვეყანაში ვაპირებდი წასვლას ფილიპინებიდან, თუმცა მოგზაურობა საქართველოში შევწყვიტე. არ ვიცი, აქ რამდენ ხანს გავჩერდები, მაგრამ აქ ვეძებ ბინას. შესაძლოა, აქ დავქორწინდე კიდეც ქართველ ქალზე… ერთი თვეა, ჰოსტელში ვცხოვრობ. განსაკუთრებით მომწონს მახინჯაური და მწვანე კონცხი.
მე ვმუშაობდი სამაშველო აღჭურვილობის კომუნიკაციის მიმართულებით, ეს იყო თოვლიან მთებზე მცოცავი ხალხის სამაშველო ოპერაციები, მდინარეებზე სამაშველო და ასე შემდეგ. ახლა ადგილიდან ვმუშაობ სხვადასხვა პროგრამაზე ჩემი ლეპტოპით. ასე უფრო მოსახერხებელია. ბათუმი სიცოცხლით სავსე ქალაქია ზაფხულში და განსაკუთრებულია სექტემბერი, სადაც სასიამოვნოდ გრილა. ვფიქრობ, წვიმაშიც განსაკუთრებულია ბათუმი,“ – გვიყვება მიგელი.
უცხოელის ყურადღება მიუქცევია მშენებლობებსაც ბათუმში. მიგელი მარტივ პრინციპს გვახსენებს: „ყველგან შენობა, შენობა, შენობა. მესმის, რომ ადამიანებს ბევრი ფულის გაკეთება უნდათ, მაგრამ მარტივია: ასე აღარ იქნება ჟანგბადი. თუ არ იქნება ქალაქში ჟანგბადი, აქ ცხოვრება აღარავის მოუნდება მალე… მნიშვნელოვანია ისტორიული შენობები, რომელშიც ქალაქის ხასიათი ჩანს.
ჯერ საქართველოს სხვა რეგიონებში არ ვყოფილვარ, მხოლოდ თბილისში ვიყავი და აჭარის მთებში, თუმცა რაც ვნახე, უძველესი შენობები და არქიტექტურა, ეს განსაკუთრებულია.
განსაკუთრებულია ასევე ქართული სამზარეულო, თევზის ბაზარი მომეწონა ბათუმში და თევზის რესტორანიც. მიყვარს ხაჭაპურებიც,“ – გვიყვება მიგელ ხარენიო და თან ხელის მოძრაობებით გვიხსნის, რომ „აჩარელა ხაჩაპური“ მისი საყვარელი კერძი გახდა. ესპანელი შენიშნავს, რომ საქართველოში იაფია საკვები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბინის ფასებიც.
მიგელ ხარენიოს ვკითხეთ რუსეთ-უკრაინის ომზეც. მას არ აქვს მოლოდინი, რომ პუტინი გაჩერდება, მაგრამ სჯერა, რომ მას გააჩერებენ.
„პუტინი არ გაჩერდება, მაგრამ მას გააჩერებენ – მას რუსეთში გადააყენებენ, ან მოკვდება. ესაა ჩემი გულწრფელი პასუხი,“ – აღნიშნა მიგელ ანხელ კაფინეს ხარენიომ „ბათუმელებთან“.
ბრიტანულმა The Guardian-მა გამოარკვია, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი, ივნისის შემდეგ არაერთ რუსულ კოლონიაში იმყოფებოდა.
გამოცემასთან საუბრობენ პატიმრები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ციხეებში პრიგოჟინი პირადად ჩავიდა და პატიმრებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ, სასჯელისგან გათავისუფლება შესთავაზა.
—-
ივლისის ერთ შუადღეს, როდესაც მოსკოვიდან 500-მდე კილომეტრით დაშორებული ტამბოვის კოლონიაში ვერტმფრენის ხმა გაიგონეს, პატიმრები საკუთარი საკნების ფანჯრებს მიაწყდნენ.
„არავინ არასდროს იყენებს ვერტმფრენს აქ მოსასვლელად. გვაინტერესებდა რა ხდებოდა ასეთი,“ – იხსენებს ივანი, ერთ-ერთი პატიმარი.
ნახევარ საათში, მას და დანარჩენებსაც უბრძანეს, ციხის მთავარ მოედანზე შეკრებილიყვნენ.
„თვალებს არ ვუჯერებდით, რომ მან ამხელა გზა გამოიარა ჩვენთან შესახვედრად,“ – ამბობს ივანი, რომელიც კოლონიაში 23-წლიან სასჯელს იხდის მკვლელობისთვის. მისი სახელი მისი თხოვნით და უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია. – „მაგრამ ის იქ იდგა, ჩვენ წინ: ნამდვილად პრიგოჟინი და გვეხვეწებოდა „ვაგნერში“ გავწევრიანებულიყავით და უკრაინაში გვებრძოლა.“
ზაფხულის დასაწყისიდან არაერთი ცნობა გაჩნდა იმის შესახებ, რომ ევგენი პრიგოჟინი, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი და „ვაგნერის“ ხელმძღვანელი (რასაც ის ყოველთვის უარყოფდა) მებრძოლებს რუსეთის პენიტენციურ სისტემაში ეძებდა, რათა როგორმე რუსეთის დანაკარგი და სამხედროების დეფიციტი შეევსო.
გასულ კვირაში გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც რუსულ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, ჩანს კაცი, რომელიც ძალიან ჰგავს პრიგოჟინს. ეს კაცი პატიმრებს ხვდება ტამბოვიდან 800 კილომეტრით დაშორებულ ციხეში და ეუბნება, რომ ისინი თავისუფლებას მოიპოვებენ, თუ ექვსს თვეს მის ჯგუფთან იმსახურებენ. ეს ვიდეო, ამ პროცესის ამსახველი პირველი კადრებია.
„როდესაც ეს ვიდეო ვნახე, ვიფიქრე, პრიგოჟინს ალბათ ძალიან რთული გრაფიკი აქვს, რადგან იგივე სიტყვები გვითხრა ჩვენც,“ – იხსენებს ივანი. – „შეგვპირდა, რომ გაგვათავისუფლებენ თუ ექვსი თვე ვიბრძოლებთ. მაგრამ ისიც გვითხრა, რომ შეიძლებოდა, უკან ცოტა ჩვენგანი დაბრუნებულიყო“.
The Guardian-ი ოთხ მსჯავრდებულს და პატიმართა ოჯახის წევრებს ელაპარაკა, ყველა მათგანმა პრიგოჟინის შეთავაზების შესახებ მსგავსი ისტორია მოჰყვა.
ივანმა შეთავაზებაზე უარი თქვა, თუმცა გამოცემას უთხრა, რომ დაახლოებით 120 პატიმარი ჩაეწერა სიაში და ერთკვირიანი წვრთნის შემდეგ უკრაინაში წავიდნენ.
ივანი ამბობს, რომ თუ პრიგოჟინი მათ კოლონიაში კიდევ მივა, ამჯერად ისიც დათანხმდება შეთავაზებას. „კიდევ 11 წელი მაქვს დარჩენილი ციხეში“ – ამბობს ის. – „ან ამ მძ***ში მოვკვდები ან მოვკვდები სადმე იქ, რა მნიშვნელობა აქვს. იმის შანსი მაინც მექნება, რომ ჩემი თავისუფლებისთვის ვიბრძოლო. ჩვენ ყველა რუსულ რულეტს ვადარებთ ამ სიტუაციას.
ამასთან, ახლა იქ წასვლა მოხალისეობრივია. მალე შესაძლოა არჩევანი აღარ გვქონდეს და იძულებით წაგვიყვანონ“, – ამბობს ივანი და მის ნათქვამს სხვა პატიმრებიც ეთანხმებიან, ვისაც The Guardian-ი ელაპარაკა.
ჩრდილოეთ კომის მე-2 კოლონიის პატიმარი გამოცემასთან ზუსტად მსგავს შეხვედრას აღწერს პრიგოჟინთან. ეს შეხვედრა ივლისის შუა რიცხვებში შედგა.
ვლადიმირმა, რომელსაც სულ სამი კვირა ჰქონდა დარჩენილი თავისი სასჯელის ვადის დასრულებამდე, გადაწყვიტა, პრიგოჟინის შეთავაზებაზე უარი ეთქვა. თუმცა ამბობს, რომ მისი ბიძაშვილი, რომელსაც 15 წელი ჰქონდა დარჩენილი ციხეში, ერთ-ერთი იყო იმ 104 პატიმარს შორის, რომლებიც უკრაინაში წასვლაზე დათანხმდნენ.
გამოცემა წერს, რომ The Guardian-მა ვერ შეძლო მსჯავრდებულების მიერ მოთხრობილი ყველა დეტალის გადამოწმება და დაზუსტება, თუმცა მათი მონაყოლი სრულად ემთხვევა მანამდე არსებულ ცნობებს, რომლებიც რუსულმა საგამოძიებო გამოცემებმა მოიპოვეს.
ვლადიმირის თანახმად, პატიმრებს პრიგოჟინის ვიზიტის დროს აჩვენეს ვიდეო, თუ რა „მამაცად იბრძვიან“ რუსი სამხედროები უკრაინაში და დაჰპირდნენ იმასაც, რომ იქ ჩადენილი ქმედებების გამო არ დაისჯებიან.
„პატიმრებს შეუძლიათ იმოქმედონ სრულიად დაუსჯელად,“ – ამბობს ვლადიმირი, რომელმაც საპატიმრო უკვე დატოვა. – „ციხე ცხოველად გაქცევს და უდიდეს სიძულვილს აგროვებს შენში. მათ იქ ხელები გაეხსნებათ.“
ყველა მსჯავრდებული, რომლებსაც გამოცემა ესაუბრა, ამბობს, რომ მათ ექვსთვიანი „სამხედრო სამსახურის“ შემდეგ პრეზიდენტის შეწყალებას და თვეში 100 000 რუბლს ($ 1 600) შეჰპირდნენ.
როგორც ვლადიმირი იხსენებს, პრიგოჟინმა შეკრებილ მსჯავრდებულებს უთხრა, რომ ისინი აგროვებდნენ „პატიმრებს ყველანაირი წარსულით, მთავარია ჯანმრთელები ყოფილიყვნენ“, თუმცა აფრთხილებდა, რომ სმა, ნარკოტიკები, მაროდიორობა და დეზერტირობა დაისჯებოდა.
უკრაინის ომისთვის ციხეებიდან გამოყვანილი პატიმრების ზუსტი რაოდენობის დადგენა ძალიან რთულია – წერს The Guardian-ის და დასძენს, რომ აშშ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, „ვაგნერი“ 1500-მდე მსჯავრდებულის გადაბირებას ცდილობდა.
თუმცა ოლგა რომანოვა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დაპატიმრებული რუსეთის“ ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. მისი შეფასებით, უკრაინაში მებრძოლთა სიაში უკვე დაახლოებით 11 000 რუსი პატიმარი ჩაეწერა:
„პროცესი დაჩქარებული წესით მიდის. მხოლოდ ამ დილით მივიღეთ ცნობა 600 პატიმრის გამოყვანაზე ნიჟნი ნოვგოროდიდან“.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთმა ამ გზით შესაძლოა მოკლევადიანად ამოავსოს „შექმნილი ორმო“, თუმცა ეს მის მწვავე დეფიციტს ვერ უშველის.
„რუსეთს უკვე აღარ ჰყავს პროფესიონალი არმია ტრადიციული გაგებით. ის ახლა შედგება ზოგიერთი პროფესიონალი დანაყოფისგან, კონტრაქტით აყვანილი სამხედროებისგან, დაქირავებული მებრძოლებისგან და ახლა უკვე როგორც ჩანს პატიმრებისგან,“ – ამბობს რობ ლი, სამხედრო ანალიტიკოსი. – „არმია მაშინაა ეფექტიანი, როდესაც ცხადი იერარქია და წესრიგია. წარმოდგენაც მიჭირს, რა დისციპლინარულ პრობლემებს შექმნიან მსჯავრდებულები“.
„რის მიღწევა შეუძლია ასეთ არმიას ბრძოლაში?“ – კითხულობს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ახლა თვითონაც პატიმარია. ნავალნიმ ერთ-ერთ კოლონიაში გადაღებული ვიდეო ტვიტერზე გააზიარა და სხვა პრობლემებთან ერთად, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ასეთი შეთავაზება დანაშაულის წახალისებაა, რადგან ადამიანებმა რუსეთში იციან – რაც უნდა ჩაიდინონ, სასჯელისგან თავის დაღწევა ამ გზით შეუძლიათ.
როგორც გამოცემა წერს, პრიგოჟინთან დაკავშირებულმა ტელეგრამ არხებმა უკვე დაიწყეს იმ პატიმრების ვიდეოების გამოქვეყნება, რომლებიც „ვაგნერში“ გაწევრიანდნენ და ახლა იმისკენვე სხვა მსჯავრდებულებს მოუწოდებენ, თუმცა დასძენს, რომ პრიგოჟინის სიტყვამ ყველა პატიმარზე თანაბარი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და არც ყველა აღმოჩნდა მზად, უკრაინაში საბრძოლველად წასულიყო.
იური ბუტუსოვმა, უკრაინელმა ჟურნალისტმა, გასულ კვირას გამოაქვეყნა ინტერვიუ რუს პატიმართან, რომელიც უკრაინაში იბრძოდა და ტყვედ ჩავარდა. ის ამბობს, რომ მან პრიგოჟინის მიცემული შანსი გამოიყენა, რათა უკრაინაში ტყვედ ჩაბარებულიყო.
„საკუთარ თავს ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავნებდე-მეთქი“, – ამბობს ის.
პატიმართა უფლებების დამცველი ოლგა რომანოვა ფიქრობს, რომ რუსეთში, ქვეყანაში, რომელიც პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, პრიგოჟინის ვერტმფრენი ჯერ კიდევ კარგა ხანს იფრენს.
„როგორი გავლენაც უნდა ჰქონდეს ამას ომზე, პრიგოჟინის ეს უჩვეულო კადრები, დამკვირვებლებმა უკვე შეაფასეს, როგორც პუტინის პრეზიდენტობის სასტიკი სახე,“ – წერს The Guardian-ი და სტატიას ტამბოველი პატიმრის, ივანის სიტყვებით ამთავრებს:
„სიმართლე ისაა, რომ ჩვენ – ქურდები და მკვლელები ახლა რუსეთის ომში ვიბრძვით“.
22 წლის ბათუმელი ამირან დოლიძე თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში სტრატეგიულ კომუნიკაციებზე სწავლობს. ის მესამე კურსზეა და სწავლის გასაგრძელებლად დედაქალაქში ამ დღეებში ბრუნდება.
ამბობს, რომ ბინის ძებნა, სადაც თბილისში იცხოვრებდა, მეორე კურსის დასრულებისთანავე დაიწყო: „ვიცოდი, რა სიტუაციაც იქნებოდა, რომ მიაწყდებოდნენ ბინებს და, შესაბამისად, დავრჩებოდი ბინის გარეშე. ეს რომ არ მომხდარიყო, ბინის ძებნა თავიდანვე, ივლისში დავიწყე“.
ამის მიუხედავად, ამირანს ბინის პოვნა ძალიან გაუჭირდა – „იმდენად გამოუვალი ჩანდა სიტუაცია, რომ მშობლებს ვესაუბრე სტუდენტის სტატუსს შევიჩერებ-მეთქი“.
როგორც ამირანი გვიყვება, ბინას ივლისიდან მოყოლებული უძრავი ქონების ყველა საიტზე ყოველდღე ეძებდა და საბოლოოდ, დაახლოებით ერთი კვირის წინ შეძლო პოვნა. მისი თქმით, ბინის ფასები საიტებზე ძირითადად გაზვიადებულია. მაგალითად, ერთოთახიანი ბინების ქირაობა 900 ლარი ღირს. სტუდენტის თქმით, ბინის აქტიურად ძებნის დაწყების შემდეგ მალე მის მთავარ პრობლემად ის იქცა, რომ ბიჭია და ამის გამო, გამქირავებლები უნდობლობას უცხადებდნენ.
„დიდი ხანი ვეძებდი ბინას, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა სად იქნებოდა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი თანხის გადახდას ბინის ქირაში ვერ ვახერხებდი, მაგრამ მთავარი პრობლემა ის გახდა, რომ ბიჭი ვიყავი. ალბათ იმიტომ, რომ ბიჭები განთქმული არიან არეულობების შექმნით, იმით, რომ ბევრს სვამენ და ა.შ. მხოლოდ მე არ ვარ ამ სიტუაციაში, ბევრ ჩემს მეგობარს, ბიჭებს იგივე პრობლემა აქვთ“, – გვითხრა ამირანმა.
ამირანმა სტუდენტობის პერიოდში ბევრგან იცხოვრა. თავიდან მეგობართან ერთად ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა, სადაც პრობლემები არ ჰქონია, მაგრამ ბოლო სემესტრში თავის 2 მეგობართან ერთად ყველაფერი გადახდა თავს, რაც ბინის დაქირავებასთან არის კავშირში.
„წარმოიდგინეთ, დიღმის მასივში 600 ლარს ვიხდიდით ისეთი სახლში, სადაც წყალი არ ცხელდებოდა, შესაბამისად, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა ჭირდა. ამის მიუხედავად, ბინის მეპატრონემ დაარღვია შეთანხმება და საფასური გაგვიზარდა.
აუცილებლად წადით, დაცალეთ ბინაო. ამისთვის კი ერთი საღამო მოგვცა… ამოიყვანა ვიღაც კაცი, რომელმაც თავი პოლიციელად გაგვაცნო. არ ვიცი პოლიციელი იყო თუ არა ეს ადამიანი ნამდვილად, შეიძლება ჩვენს დაშინებას ცდილობდა [მეპატრონე]. ამ კაცს პოლიციის ფორმა არ ეცვა.
ბინის მეპატრონე ქალი და ეს კაცი გვეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა დაგვეცალა ბინა, რადგან სხვაზე აქირავებდა.
ჩვენ ვუთხარით, რომ არ დავცლიდით ბინას – ზოგადად ასე ხდება, სანამ სხვა ბინას არ იპოვი, იქამდე მეპატრონეს არ აქვს მორალური და თუნდაც, სამართლებრივი უფლება, გაგიშვას ბინიდან“, – გვეუბნება ამირანი.
ამირანის თქმით, ლამის გარეთ დარჩა მეგობრებთან ერთად, საბოლოოდ კი იძულებულები გახდნენ დროებით სხვა მეგობრებს შეჰკედლებოდნენ.
უნივერსიტეტში არდადეგების დაწყებისთანავე ამირანი ბათუმში დაბრუნდა. გვიყვება, რომ იცნობს სტუდენტებს, რომლებმაც თბილისში სწავლის გაგრძელებაზე უარი იმიტომ თქვეს, რომ ბინის ფასები გაიზარდა.
„ჩემი აზრით, ყველა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სტუდენტებთან თანამშრომლობით უნდა უზრუნველყოს საერთო საცხოვრებლების აშენება. პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას სახელმწიფოსა და უნივერსიტეტების მხრიდან, საერთო საცხოვრებლის პრობლემის მოგვარება.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისში სწავლის ძირითადი ხარჯი ბინისა და სწავლის გადასახადზე მოდის. როცა საცხოვრებლის პრობლემა მოუგვარებელია, სწავლაზე ვერ იფიქრებ. სად დავრჩეთ, სად ვიცხოვროთ? ადამიანები ვართ – ეს იწვევს სტრესს. მეც მქონია ეს სტრესი, მართალია ცოტა ხნით, თუმცა მაინც“, – გვეუბნება ამირანი.
ის ამბობს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების საერთო ჯგუფში სტუდენტები ხშირად წერენ საცხოვრებელთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ბინის ვერ პოვნაზე ან შეუსაბამო პირობებზე და მათი უმრავლესობა გამოსავალს სტუდენტური საცხოვრებლების აშენებაში ხედავს.
ამირანი ფიქრობს, რომ მას ახლა ძალიან გაუმართლა, ბინის ქირაობა რომ შეძლო, რადგან მოლაპარაკება რამდენჯერმე მხოლოდ იმის გამო ჩაეშალა, რომ მეპატრონეს არ სურდა მის სახლში მხოლოდ 2 ბიჭს ეცხოვრა.
„ახლა ვიპოვე ბინა, სადაც მეგობართან ერთად ვიცხოვრებ და პრობლემა არ იქნება. ძალიან საინტერესო მიდგომაა – თუ ბინას ბიძაშვილ გოგოსთან ერთად ვიქირავებდი, მაშინ თანახმა იყვნენ [მოექირავებინათ]. სადაც გოგოა, იქ აუცილებლად სისუფთავესთან, მოწესრიგებასთან ხდება ასოცირება. ჩემი აზრით, ეს სქესობრივ ნიშნით დისკრიმინაციაა და არ ვიცი, რატომ არ ითვლება პრობლემად“, – ამბობს ამირანი.
ამირანი და მისი მეგობარი ბინის ქირაში 550 ლარს გადაიხდიან. ამირანს ბინა ჯერ მხოლოდ ფოტოებით აქვს ნანახი, რადგან თბილისში ჩაუსვლელად შეუთანხმდა მეპატრონეს და მისი შთაბეჭდილებით, ქირის ფასის მიხედვით არ უნდა იყოს ცუდ პირობები.
ამირანი ასევე იმედოვნებს, რომ ამ ბინის დაცლას მეპატრონე არ მოსთხოვს. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ასე მოხდეს: „თუ ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავვარდები, რადგან, გასაქირავებელი ბინები [თბილისში] ფაქტობრივად, აღარ არის. ამას ხელი შეუწყო რუსების შემოდინებამ“.
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის და ამჟამად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას შვილის უცხოეთში სწავლა სახელმწიფომ 29 686 ლარით დააფინანსა.
ამის შესახებ მოცემულია თამარ გაბუნიას წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში [ყოველი წლის დეკლარაცია ასახავს წინა წლის ქონებრივ მდგომარეობას], რომელიც მან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნის დროს შეავსო.
თამარ გაბუნიას შვილი ანი მუხიგულაშვილი, ავსტრიაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მან სწავლის დაფინანსება განათლების საერთაშორისო ცენტრისგან მიიღო, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს.
ცენტრის დებულების მიხედვით, უცხოეთში სწავლის ან ცხოვრების დაფინანსების მოსაპოვებლად აპლიკანტმა კონკურსში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
დებულების მიხედვით, დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით და „სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით“.
ამავე დეკლარაციის მიხედვით, თამარ გაბუნიას შვილს 2021 წელს 10 000 ევროც აქვს მიღებული გრანტის სახით, სწავლის საფასურისა და ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისგან.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თამარ გაბუნიას ოჯახის წლიური შემოსავალი 2021 წელს 46 900 ლარი იყო იჯარა-გაქირავებით მიღებული შემოსავლიდან, ხელფასის სახით კი გაბუნიას 60 537 ლარი აქვს მიღებული.
თამარ გაბუნიას მეუღლის, კახი მუხიგულაშვილის გასული წლის შემოსავალიც 69 798 ლარი, ხოლო მის შვილს, ანი მუხიგულაშვილს 17 763 ლარი აქვს მიღებული სამუშაოდან.
რა თქმა უნდა, კანონი, საჯარო მოხელეების შვილებს არ უკრძალავს მონაწილეობა მიიღონ მსგავსი ტიპის კონკურსებში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დიდია კონტრასტი განათლების ხელმისაწვდომობაზე ქვეყანაში, თანამდებობის პირების ოჯახის წევრების მონაწილეობა მსგავს კონკურსებში, კიდევ უფრო ზრდის ამ უთანასწორობას.
სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილე საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მინიმუმ სამი წელი შესაბამის სფეროში იმუშაოს. დეკლარაციის მიხედვით, ანი მუხიგულაშვილი ამ წლების განმავლობაშიც მუშაობდა იურისტადა ა(ა)იპ „უფლებები საქართველოში“.
___
2021 წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა 10 სასტიპენდიო პროგრამაზე 124 ახალი სტიპენდია გასცა. ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფომ 5 920 000 ლარით დააფინანსა.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, განათლების საერთაშორისო ცენტრს არ ჰქონდა შემუშავებული უცხოეთში მყოფი სტუდენტების საყოფაცხოვრებო თანხების ზღვრული ოდენობები ქვეყნების მიხედვით და 2014-2015 წელს მისი განსაზღვრა ხდებოდა „ცალკეული ბენეფიციარის მიხედვით და განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან“.
2016 წლიდან კომისიის სხდომის ოქმებში აღნიშნულია, რომ კონკურსანტთა უმეტესი ნაწილი სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად გაცილებით დიდი ოდენობის თანხას ითხოვდა, ვიდრე რეალურად ესაჭიროებათ სტუდენტური ცხოვრებისთვის. „აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყო ყოველი ქვეყნისთვის საცხოვრებელი ხარჯების ზღვრული ოდენობის დადგენა”, – წერია ანგარიშში.
ამჟამად უცნობია, გაითვალისწინა თუ არა განათლების საერთაშორისო ცენტრმა აუდიტის რეკომენდაციები საყოფაცხოვრებო ხარჯებთან მიმართებაში.
ასევე აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ცენტრს არ აქვს გაწერილი კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმები და მეთოდოლოგია.
„კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები კი არ არის დეტალური, იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და საჭიროებს დამატებით განმარტებას.
შედეგად, აუდიტის განცხადებით, კომისიის წევრების მიერ კონკურსანტთა შეფასების პროცესში გამოყენებულია არათანაბარი მიდგომები“, – წერს აუდიტი.
ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ცენტრში დანერგილი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს კონკურსის მესამე ეტაპის – აპლიკანტთა გასაუბრების პროცესის სრულად აღდგენის შესაძლებლობას, რაც ხელს უშლის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ამცირებს სანდოობას.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციაში წერია, რომ „კონკურსანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრის პროგრამული კომისია იღებს.“
პუტინს სურს, უკრაინა საკუთარი ჯარისკაცების სისხლში ჩაახრჩოს, რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია ოფიცრებისა და სხვა სამხედრო პერსონალის სერიოზულ ნაკლებობაზე მიუთითებს, – უთხრა გერმანულ Bild-ს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
„ჩვენ უკვე ვიცით, რომ მათ (რუსეთის ხელისუფლებამ) მობილიზაცია გაუწიეს კადეტებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც ბრძოლა არ იციან. ეს კურსანტები დაიხოცნენ. მათ სწავლის დასრულებაც კი ვერ მოასწრეს. ამ ადამიანებს ბრძოლა არ შეუძლიათ. ისინი ჩვენთან სიკვდილისთვის მოდიან,“ – ამბობს ზელენსკი.
ზელენსკი აცხადებს, რომ კრემლის მიერ დაგეგმილი ფსევდორეფერენდუმებისა და პუტინის გადაწყვეტილებების ფონზე, არ აპირებს, რუსეთის მიერ დაპყრობილი უკრაინული რეგიონების დეოკუპაცია „გააუქმოს“.
„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედებთ ჩვენი გეგმების შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ტერიტორიას გავათავისუფლებთ. „რეფერენდუმები“ – ეს 90% ფიქტიური რეფერენდუმებია, მათ სახელმწიფოები არ აღიარებენ,“ – განმარტავს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას პუტინს მსოფლიო არ მისცემს. „არ მჯერა, რომ ის ამ იარაღის გამოყენებას შეძლებს. არ ვფიქრობ, რომ მსოფლიო მას ამის საშუალებას მისცემს“, – თუმცა თავად რუსეთის მხრიდან ბირთვულ დარტყმას არ გამორიცხავს. – „ჩვენ ამ კაცის თავში ვერ ჩავიხედავთ, ცხადია, რისკები არსებობს,“ – ამბობს ზელენსკი და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, პუტინის მუქარებისთვის აყოლა არ ღირს. – „ხვალ პუტინმა შეიძლება თქვას: უკრაინის გარდა, ჩვენ გვინდა პოლონეთის ნაწილიც, თორემ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ. ჩვენ ამ კომპრომისებზე ვერ წავალთ.“
რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე დღევანდელი სატელევიზიო მიმართვისას ილაპარაკა. მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და გაფრთხილება გაუგზავნა – „რუსეთს NATO-ზე თანამედროვე იარაღიც აქვს“ და „საკუთარი ქვეყნის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს“.
„მათ, ვინც რუსეთთან მიმართებაში ასეთი განცხადებების უფლებას აძლევს თავს, მინდა შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანაც ფლობს განადგურების სხვადასხვა საშუალებას, ცალკეულ კომპონენტებში კი – უფრო თანამედროვესაც კი, ვიდრე NATO-ს ქვეყნები.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დასაცავად, რასაკვირველია, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. ეს ბლეფი არაა,“ – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა. – „ხოლო მათ, ვინც ბირთვული საფრთხით ჩვენს დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ ქარების ვარდი შეიძლება მათკენაც შებრუნდეს“.
ვლადიმერ პუტინმა დღესვე რუსეთში გამოაცხადა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც დღეიდანვე დაიწყო. რუსულ სოციალურ ქსელებში უკვე ავრცელებენ მოქალაქეები სამხედრო კომისარიატებიდან მიღებულ გაწვევის ფურცლებს.
პუტინის გამოსვლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააზუსტა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
პუტინმა დღესვე მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ ოკუპირებულმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების განცხადებას, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმების ჩატარების შესახებ.
დღეს, 21 სექტემბერს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას. ცვლილება შეეხება უცხოური ენის გამოცდასა და სერტიფიკატის აღიარების წესს.
განათლების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს რომელიმე უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მას საგნის გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება და სკოლაში მუშაობასაც შეძლებს.
„მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა შესაბამის საგანში, თუმცა, ამავდროულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვთ, მეორე ან მესამე უცხოურ ენად აირჩიოს დამატებითი საგანი, რომელშიც შესაძლოა გამოცდების ცენტრი საგნის გამოცდას არ ატარებს.
წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, ასეთი უცხო ენის ჩაბარებასთან დაკავშირებით რეგულაციის შემოღება.
კერძოდ, საგნის გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუკი პირი წარმოადგენს შესაბამისი უცხოური ენის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც გაცემული იქნება შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მიერ“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტი დაამტკიცებს, განათლების მინისტრი ვალდებულია კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს უცხოური ენის სერტიფიკატების გამცემი ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები, ხოლო კანონის მიღებიდან 9 თვეში, გამოაქვეყნოს ამ ორგანიზაციების ჩამონათვალი.
მილიონერი გალიფ ოზთურქი პატიმრობაში დატოვეს. დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გალიფ ოზთურქის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომა მოსამართლე კოტე ჭილაიამ ჩაატარა.
საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს უნდა შემდგარიყო, თუმცა ეს სხდომა პროკურატურის მოთხოვნით სექტემბრამდე გადაიდო – პროკურატურამ ეს მოთხოვნა ფინანსურ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებით დაასაბუთა. ეს გულისხმობდა იმას, რომ ოზთურქისთვის ნარკოდანაშაულის გარდა, ახალი ბრალი უნდა წარედგინათ.
საქმე იმაშია, რომ „ოზთურქის საქმეზე“ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური დანაშაულის მუხლებით დაიწყო, თუმცა მას სპეცოპერაციის შემდეგ ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს. ფინანსური დანაშაულის მუხლებით გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
დღეს გაირკვა, რომ პროკურატურას ფინანსურ დანაშაულზე ისევ არ წარუდგენია ბრალი ოზთურქისთვის.
„თუმცა გამოძიება გრძელდება, ვნახოთ“, – გვითხრა სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა მტკიცებულებები წარმოადგინა, კონკრეტული ჩამონათვალი, რის გამოც გამოძიება მიიჩნევს, რომ ოზთურქი დამნაშავეა.
ოზთურქისთვის კი, ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მიუტანა მოსამართლეს, სადავოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყება და მოსამართლე უშუალოდ მოუსმენს მოწმეთა ჩვენებებს, ასევე გამოიკვლევს სხვა მტკიცებულებებს.
დაცვის მხარემ მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაც მოითხოვა, რაც გულისხმობს უკანონო გზით მოპოვებულ მტკიცებულებებს – თუ მტკიცებულებას მოსამართლე დაუშვებლად მიიჩნევს, მისი გამოკვლევაც ვეღარ მოხდება სასამართლოში.
მაგალითად, მხარეებს შორის დავის საგანი გახდა ბინის საკადასტრო მისამართი, სადაც ოზთურქი გაჩხრიკეს. ოზთურქის მტკიცებით, ბინის იმ ნაწილზე, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, მოსამართლის ნებართვა არ არსებობდა და საქმეში სხვა საკადასტრო კოდია მითითებული.
„ბინა, რომელიც გაჩხრიკეს, ლიფტის მარჯვნივაა, მას სხვა საკადასტრო კოდი აქვს, აქ კი, სხვა საკადასტრო კოდია მითითებული“, – მტკიცებულებებს ჩახედა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.
„მაგრამ ეს ბინა იზოლირებულია?“- იკითხა პროკურორმა.
„ჩხრეკა ჩატარდა მე-18 და მე-19 სართულებზე, მე-17 სართულზე არ იყო ჩხრეკა“, – დიალოგში ჩაერთო ოზთურქიც, რომელიც დღევანდელ პროცესს დისტანციურად დაესწრო. ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დღეს დაურთეს საქმეს ადვოკატებმა, დასტურდება, რომ ოზთურქს „პროგრესულად მძიმე“ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
„მას უჭირს ფიზიკურად გადაადგილება და ვითხოვთ სპეციალური აღჭურვილობას“, – მოსამართლეს მეორე ადვოკატმა, თენგიზ კახიძემაც მიმართა.
პროკურორმა დააზუსტა, რომ გაჩხრიკეს ბინა, რომელიც გაერთიანებულია და ორი სხვადასხვა სადარბაზოდან აქვს შესასვლელი.
მეტი დამაჯერებლობისთვის, პროკურორმა მოსამართლეს ასევე უთხრა, პრაქტიკაშიც გვქონდა შემთხვევა, როცა სხვენიც შევამოწმეთ ერთ-ერთ ბინაში და ზუსტად სხვენში ვიპოვეთ ცეცხლსასროლი იარაღიო.
პროკურორმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩხრეკის ოქმში ოზთურქმა შენიშვნა გააკეთა, მაგრამ ამ გარემოების შესახებ მაშინ არ მიუთითებია.
„მან ჩაწერა, რომ იქ გადაადგილდებოდა 15-მდე პოლიციელი და შესაძლოა, მოაწყვეს პროვოკაცია. ადვოკატ დავით ჩავლეიშვილსაც ამის შესახებ ჩხრეკის ოქმის დროს არაფერი დაუფიქსირებია“, – ადვოკატებს ჩხრეკის ოქმი გაახსენა პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ.
ადვოკატ დავით ჩავლეიშვილს ამ საქმეში უკვე მოწმის სტატუსი აქვს. მას დაცვის მხარე წარადგენს, როგორც მოწმეს, ვინც ოზთურქის ჩხრეკას ადევნებდა თვალს.
ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა კი, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გამოძიება „ოზთურქის საქმეზე“ ფინანსურ დანაშაულზე დაიწყო და ჩხრეკის დროს გამომძიებლებმა ოზთურქის ოფისიდან „სოლიდური თანხაც“ ამოიღეს.
„მაგრამ ეს თანხა არ გამხდარა მისი დაკავების საფუძველი… დაკავების დროს მტკიცებულებების სტანდარტი არ დასტურდება“, – აღნიშნა ადვოკატმა და მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ ფინანსურ დანაშაულზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმავე დღეს, როცა ოზთურქი დააკავეს, ოზთურქის პარალელურად კიდევ 4 პირი გაჩხრიკეს.
„მაგრამ ვიდეო მხოლოდ აქ გადაიღეს, ოზთურქის შემთხვევაში“, – დასძინა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.
რატომ იყო საეჭვო ის, რომ ოზთურქის ჩხრეკის დროს გამოძიებამ ვიდეო გადაიღო? – ეს შესვენების დროს ვკითხეთ ადვოკატს. რობერტ გრიგალაშვილმა გვითხრა, რომ მსგავს დეტალებზე საუბრის უფლება ბრალდებულ ოზთურქთან შეთანხმებული არ აქვს.
ადვოკატმა ასევე არ დაგვიკონკრეტა, რა ოდენობის „სოლიდური თანხა“ ამოიღეს ჩხრეკის დღეს გამომძიებლებმა ოზთურქის პირადი სეიფიდან?
„ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ნამდვილად სოლიდური თანხა იყო“, – დასძინა ადვოკატმა.
შესვენების შემდეგ კი, მოსამართლემ სცადა აეხსნა, რატომ არ იზიარებს დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურატურის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაზე: „შინაარსობრივი შეფასება უნდა მოხდეს არსებითი განხილვის დროს“, – აღნიშნა მოსამართლე კოტე ჭილაიამ და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მტკიცებულებებში კანონით გათვალისწინებული პროცედურა ფორმალურად დაცული იყო.
„გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებული წითელი ცირკულარით იძებნება“, – ეს მთავარი არგუმენტია პროკურორისთვის იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ არ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან მილიონერი ბიზნესმენი. დღევანდელ პროცესზე იმსჯელეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზეც.
„და მხოლოდ პოლიციელები არ არიან ეს მოწმეები“, – დასძინა პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ.
ადვოკატების თქმით კი, უსამართლოა მითითება მხოლოდ იმაზე, რომ მოწმეებზე შესაძლოა ზემოქმედება მოხდეს, თუ ოზთურქი გირაოთი გათავისუფლდება.
ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ოზთურქს არ დაუდასტურდა რომელიმე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება.
„ეს არის ახალი გარემოება“, – ხმის აწევით ყურადღების მიპყრობა სცადა ადვოკატმა და შემდეგ მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ რეცეპტიც არსებობს, რაც ადასტურებს, ოზთურქს ხერხემლის ოპერაციის შემდეგ გარკვეული ფსიქოტროპული მედიკამენტებიც რომ ჰქონდა გამოწერილი.
„მისი აწგანსვენებული მეუღლეც, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, იღებდა ფსიქოტროპულ და ნარკოტიკულ ნივთიერებებს“, – აღნიშნა ადვოკატმა.
სასამართლო სხდომის შემდეგ ადვოკატმა გვითხრა, რომ ოზთურქის ჯერ არ აქვს ვერსია გამოძიების ვერსიის საპირისპიროდ.
„მე მინდა მონაწილეობა მივიღო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, – მოკლე მიმართვა გამოუვიდა ოზთურქს ამჯერად. მან ძირითადად ბიზნესის საფრთხეზე ისაუბრა, თუკი საპატიმრო დაწესებულებაში დარჩება.
„თუ გამათავისუფლებთ, არ შეგიქმნით უხერხულობას“, – ბოლოს მოსამართლეს ასე მიმართა მილიონერმა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ გირაოს ოდენობა თავად მოსამართლეს შეუძლია განსაზღვროს.
წინა სასამართლო პროცესზე ოზთურქმა გათავისუფლება მილიონი ლარი გირაოს სანაცვლოდ ითხოვა.
მოსამართლემ ოზთურქი პატიმრობაში დატოვა და აღნიშნა, რომ ახალი გარემოება არ გამოვლენილა, რაც აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.
არსებითი განხილვა „ოზთურქის საქმეზე“ 28 სექტემბერს დაიწყება.
————
მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.
5 ივლისს კომპანიამ „მეტრო ტერმინალი“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანას „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა, მარიხუანას ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.
რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იგეგმება. „არა მობილიზაციას, არა მოგილიზაციას!“ – ამ სლოგანით განცხადებას ტვიტერზე ახალგაზრდული მოძრაობა „ვესნა“ აქვეყნებს და რუსეთის მოქალაქეებს, დღესვე, საღამოს 19:00 საათზე თავიანთი ქალაქების ცენტრებში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
პლაკატზე ასო ბ გადაშლილია და გ-თი ჩანაცვლებული, რის შემდეგაც იკითხება „არა მოგილიზაციას” – Нет Могилизации! – Могила – რუსულად საფლავს ნიშნავს.
„ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუსი კაცი – ჩვენი მამები, ძმები, ქმრები – ომის ხორცის საკეპ მანქანაში უნდა გადაუშვან. რისთვის უნდა დაიხოცონ? რისთვის უნდა დაღვარონ დედებმა და შვილებმა ცრემლი? პუტინის სასახლისთვის?
ახლა ომი ნამდვილად მოვა თითოეულ სახლში და თითოეულ ოჯახში. მანამდე ხელისუფლება ამბობდა, რომ მხოლოდ „პროფესიონალები“ იბრძვიან – და რომ ისინი გაიმარჯვებენ. გაირკვა, რომ ვერ იმარჯვებენ – და ფრონტზე პატიმრების წაყვანა დაიწყეს. ახლა მობილიზაცია გამოცხადდა.
ეს ნიშნავს, რომ ვითარება უკიდურესად რთულია. ომი უკვე „სადღაც იქ“ აღარაა – ის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სახლებში, ჩვენი ახლობლების წასაყვანად მოვიდა. და ისინი უნდა დაიხოცონ, რომ პუტინის რეჟიმის შეცდომები გამოასწორონ. რეჟიმის, რომელმაც რუსეთი საზარელ ხოცვა-ჟლეტაში, იზოლაციასა და სიღატაკეში გადაჩეხა,“ – ნათქვამია „ვესნას“ განცხადებაში.
⚡️⚡️⚡️ Нет могилизации! Всероссийская акция протеста. Сегодня, 21 сентября, в 19:00. Центры всех городов
რუსეთის პრეზიდენტმა 21 სექტემბერს გამოაცხადა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც დღეიდანვე დაიწყება. რუსულ სოციალურ ქსელებში უკვე ავრცელებენ მოქალაქეები სამხედრო კომისარიატებიდან მიღებულ გაწვევის ფურცლებს.
ინფორმაცია „მობილიზაციის გაწვევა ეხება მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება, ვისაც უმსახურია შეიარაღებულ ძალებში და აქვს კონკრეტული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.
პუტინის გამოსვლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააზუსტა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
თითოეული რეგიონიდან წვევამდელთა რაოდენობას რუსეთის თავდაცვის უწყება დაადგენს, გაწვევის უზრუნველყოფა კი გუბერნატორებს დაევალებათ.