მთავარი,სიახლეები

რა ხდება ლარსის გამშვებ პუნქტზე – რას წერენ რუსეთის მოქალაქეები ტელეგრამში

22.09.2022 • 3607
რა ხდება ლარსის გამშვებ პუნქტზე – რას წერენ რუსეთის მოქალაქეები ტელეგრამში

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რუსეთის მოქალაქეებ კილომეტრიან რიგებში დგანან.

საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ტელეგრამში სპეციალურად შექმნილ ჯგუფში ლაივ რეჟიმში ახლდება ინფორმაცია ლარსიდან. რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს აძლევენ რჩევებს, როგორ უნდა გადაკვეთონ საზღვარი, რას ჰკითხავენ ქართველი მესაზღვრეები, რა ტიპის კონტროლია და ა.შ.

აქვეყნებენ ფოტო და ვიდეო მასალებს.

რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე, რომა დრუგოვი, რომელიც უკვე საქართველოშია, ჯგუფში საკუთარ გამოცდილებაზე წერს.

„უკვე საქართველოში ვარ. ყველაფერი კარგადაა. ამიტომ რიგში დგომისას პანიკაში ნუ ჩავარდებით და ნუ გაუსწრებთ სხვებს.

01:00 – მივედით ზემო ლარსზე, რიგში ჩავდექით.

16:20 – შევედით რუსეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე.

16:42 – გავიარეთ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. კითხვები საერთოდ არ დაუსვამთ. ერთი თანამშრომელი მივიდა მეორესთან და ჰკითხა – დაკითხვებს რატომ აღარ ვატარებთ? მან კი უპასუხა – გვითხრეს, რომ ჯერ არ დაკითხოთო.

17:10 – მივედით საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე

17:27 – გავიარეთ საქართველოს საგუშაგო. იქაც არანაირი კითხვა არ ყოფილა, მხოლოდ ბეჭედს გირტყამენ და გიშვებენ,“ – წერს რომა დრუგოვი.

ვითარება ლარსში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე. ფოტო ტელეგრამ ჯგუფიდან 22.09.2022

რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, საკუთარ გამოცდილებას წერს, თუ როგორ ამოწმებენ რუსეთის მხარეს მოქალაქეებს:

„რუს მესაზღვრეებს შეუძლიათ გაჩხრიკონ მანქანები, შერჩევით შეამოწმონ ჩანთები ან უბრალოდ გარედან, ვიზუალურად დაათვალიერონ და იკითხონ, რა გაქვთ ჩანთაში. ერთი კვირის წინ საქართველოს მხარეს შემოწმება საერთოდ არ ყოფილა. წუთში ჩაურტყეს შტამპი და გაუშვეს“.

რიგი საქართველო-რუსეთის საზღვრამდე  ფოტო ტელეგრამ ჯგუფიდან 22.09.2022

“7 კილომეტრიანი რიგი სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტამდე. მარცხნივ ორი ზოლია. 3 საათი მოვუნდი 50-70 მეტრის გავლას“, – წერს რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობს და ამის დამადასტურებელ ფოტოს აქვეყნებს.

რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, ვიტალი, საკუთარ გამოცდილებას წერს, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი.

„საქართველოს საზღვარი 5 წუთში გავიარეთ. ქართველები, [რუსებთან შედარებით] 3-ჯერ ნაკლები არიან და ათჯერ უფრო სწრაფად გიშვებენ – ყოჩაღი ქართველები. რუსეთის საზღვარი კუსავით გავიარეთ“, – წერს ვიტალი.

დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ „სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არიან მესაზღვრეები, რომლებიც ამოწმებენ შესაბამის დოკუმენტაციას დადგენილი წესის მიხედვით. ბუნებრივია, ისინი განსაზღვრავენ პირი გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს თუ ვერა“.

რას ამბობს იუსტიციის მინისტრი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: