მთავარი,სიახლეები

„ჯაყოს ხიზნების“ სკოლაში სწავლება სავალდებულო გახდა – სამინისტროს ბრძანება

22.09.2022 • 1961
„ჯაყოს ხიზნების“ სკოლაში სწავლება სავალდებულო გახდა – სამინისტროს ბრძანება

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, სადაც „სავალდებულო ლიტერატურის“ ჩამონათვალში დაზუსტდა, მიხეილ ჯავახიშვილის რომელი ნაწარმოები იქნება სავალდებულო სკოლაში სწავლებისას.

აქამდე არსებულ რედაქციაში ეწერა: მიხეილ ჯავახიშვილი – „სულ მცირე, ერთი მოთხრობა“. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლას, მასწავლებელს არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდა და არ არსებობდა „ჯაყოს ხიზნების“ სწავლების ვალდებულება.

ბრძანება 21 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ეს ჩანაწერი – „სულ მცირე ერთი მოთხრობა“, თავის დროზე გააპროტესტა მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების მკვლევარმა, ფილოლოგიის დოქტორმა ლელა წიქარიშვილმა. მისი აზრით, ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ დღესაც თანამედროვე და აქტუალურია, ამიტომ მისი სავალდებულო ჩამონათვალში შეტანა მისასალმებელია.

„ეს ჩანაწერი თვალში მომხვდა ამ ზაფხულს და როგორც მკვლევარმა ჩამოვაყალიბე პოზიცია: ნაწარმოები, რომლებსაც ვასწავლით, უნდა უკავშირდებოდეს ჩვენს თანამედროვეობას, პირად სივრცეს, გამოცდილებას. „ჯაყოს ხიზნები“ ამ მხრივაც ძალიან აქტუალურია დღეს.

ამ ნაწარმოების არცერთი პერსონაჟი არ არის დადებითი და ის დრამა, ტრაგედია, რაც აქ არის აღწერილი, თანაბარი სიცხადით აცოცხლებს, როგორც პიროვნულ ფსიქოდრამას, ასევე ნაციონალურ დრამას და ტრავმას. ამიტომ ამ ტექსტის დაკავშირება კარგად შეიძლება თანამედროვეობასთან“, – ამბობს ლელა წიქარიშვილი.

მისი თქმით, მოსწავლეებს შეუძლიათ გაავლონ პარალელი თანამედროვე პოლიტიკურ თუ გეოპოლიტიკურ კონტექსტებთანაც.

„შესაბამისად, ძალიან მოსახერხებელი მასალაა და იმ მოთხოვნებსაც პასუხობს, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა აყენებს, რომ სასწავლო დოკუმენტი დაფუძნებული უნდა იყოს კონსტრუქტივისტულ მიდგომაზე“, – ამბობს წიქარიშვილი.

მკვლევრის თქმით, მიხეილ ჯავახიშვილის მიმართ ინტერესი იზრდება უცხოეთში, აქტიურად ითარგმნება ინგლისურ და გერმანულ ენებზე, ითარგმნება ავსტრიასა და თურქეთშიც.

მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის დანერგვის დროს, მასწავლებლები საუბრობდნენ სკოლებში დიდტანიანი ნაწარმოებების სწავლების შესახებაც.

არის მოსაზრება, რომ გარკვეული ნაწარმოებები რთულია, მის შესწავლაზე გამოყოფილი საათები კი არასაკმარისი და მაინც „გადარბენა“ უწევთ სკოლაში.

საუბარი იყო მათ შორის „დიდოსტატის მარჯვენაზე“ და „ჯაყოს ხიზნებზეც.

მასწავლებლების აზრით, „ჯაყოს ხიზნები“ არაჩვეულებრივი ნაწარმებია, მაგრამ „დროში იწელება“, რაც დინამიურ ცვლილებებსა და სიახლეებზე ორიენტირებულ ბავშვებს ღლის.

„რა არის მთავარი ორიენტირი, მარადიული ღირებულება თუ სწავლის ტექნოლოგიები და ორიენტირები, რომელიც ყოველთვის შეიძლება შეცვალო“, – ამბობს ლელა წიქარიშვილი. მისი აზრით, „თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ მოსწავლეებს სასკოლო მერხზე უნდა ჰქონდეთ ხარისხობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურა, მაშინ ეს კითხვა, – ვასწავლოთ თუ არა სკოლაში „ჯაყოს ხიზნები“, საერთოდ არ უნდა ჩნდებოდეს.

„ჯაყოს ხიზნები“ ძალიან მნიშვნელოვანია ეპოქალურების თვალსაზრისითაც და ლიტერატურულითაც, მაგრამ თუ ვსაუბრობთ კურიკულუმებზე, მეთოდოლოგიაზე და რაღაც სისტემებზე, ეს სხვა საკითხია.

მე არა მხოლოდ მომხრე ვარ სკოლაში ამ ნაწარმოების სწავლების, მიმაჩნია, რომ მე-12 კლასელები არ იმსახურებენ ენის მოჩლექით და გამარტივებით მიდგომას და არა მარტო „ჯაყოს ხიზნებს“, სხვა ღირებულ ნაწარმოებებსაც მშვენივრად ისწავლიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: