განათლება,მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა – რა იცვლება სწავლებაში

23.02.2021 • 18599
რას ნიშნავს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა – რა იცვლება სწავლებაში

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. რას შეცვლის მესამე თაობის გეგმა და მოიტანს თუ არა ძირეულ ცვლილებებს სწავლებაში – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ახალი სკოლის  მოდელის ექსპერტი ლიდერობის მიმართულებით, თამთა კვარაცხელია საუბრობს.

  • ქალბატონო თამთა, რა უპირატესობები აქვს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას და რას მიაღწევს ამით სკოლა ხარისხის გაზრდის მხრივ?

ეროვნული სასწავლო გეგმა იმიტომ არის უმთავრესი დოკუმენტი საგანმანათლებლო სივრცეში, რომ ის განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობას. ის ერთგვარი საშუალებაა, რომ მივაღწიოთ ზგემით (ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები) გათვალისწინებულ შედეგებს. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მესამე წელია ინერგება სკოლაში. პირველ წელს I-VI კლასი ჩაერთო, შემდეგ განხორციელდა მე-7 კლასში, წელს კი მე-8 კლასში. ასე ეტაპობრივად, ნელ-ნელა დაინერგება როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურზე.

საინტერესო იმით არის, რომ გათვალისწინებულია ცნებებით სწავლება, ანუ ცნებების დამუშავება და თემატური დაგეგმვა. მოსწავლეები და მასწავლებლები მუშაობენ თემებზე, მსხვილ თემატურ ბლოკზე,  ერთ  ცნებას ამუშავებენ სხვადასხვა თემის ფარგლებში და ეს ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლის ცოდნა გახდეს უფრო მოქნილი და მოსწავლეს ეხმარება ერთ საგანში მიღებული ცოდნა სხვა საგანშიც გამოიყენოს. პანორამულად ანუ ერთიანობაში ხედვას უწყობს ხელს.

  • შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითი მოიყვანოთ, თუ რას ნიშნავს ცნებებით სწავლება?

მაგალითად, როცა მიდის მუშაობა იმაზე, თუ რა არის კომპოზიცია, სად ვლინდება კომპოზიციური ელემენტები და ასე შემდეგ, ერთი და იგივე ცნება მრავალი თემის ფარგლებში მუშავდება. ამის საფუძველზე იქმნება კომპლექსური დავალებები. ცნებებზე ორიენტირებული სწავლება, თემატური დაგეგმვა და კომპლექსური დავალებები არის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კომპლექსურ დავალებებს, რადგან ის მოითხოვს დეკლარატიული, ფუნქციური და პირობისეული ცოდნის გამოვლენას. ეს არ არის მხოლოდ სტატიკური ცოდნა, ის ავითარებს  უნარებს, მათ შორის – ტრანსფერის უნარს, ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

ისეთი დავალებები ეძლევა მოსწავლეს, რომლებიც თანამედროვეობასთან კავშირშია. მაგალითისთვის ავიღოთ ისეთი ნაწარმოები, როგორიცაა „ვეფხისტყაოსანი“ – როგორ გააშუქებდა თანამედროვე ჟურნალისტი, ვთქვათ, ჭაშნაგირის მოკვლის ეპიზოდს, როგორ სტატიას დაწერდა ის გაზეთისთვის, ან როგორ რეპორტაჟს მოამზადებდა ტელევიზიისთვის. რაზე გააკეთებდა აქცენტს. აქედან გამომდინარე, მრავალმხრივ უვითარებს მოსწავლეს უნარს, აჩვევს აზროვნებას და მსჯელობას. აჩვევს კრიტიკულ აზროვნებას, არგუმენტირებულ მსჯელობას და რაც მთავარია, აჩვევს ცოდნის ტრანსფერს, ანუ ცოდნის გადატანას სხვა საგნებში და ცხოვრებაშიც. თეორიულად მიღებული ცოდნა მოსწავლემ პრაქტიკულად უნდა გამოიყენოს და შეხედოს ამ თაობის პერსპექტივიდან, რათა გაყინული არ დარჩეს ის ცოდნაც ან ლიტერატურა და ისტორიული მოვლენები. მოარგოს თანამედროვე ცხოვრებას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით.

ახლა ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა. საგნობრივი ექსპერტები მუშაობენ მასწავლებლებთან, დგება საგნის კურიკულუმები და ამაზე დაყრდნობით დგება სკოლის კურიკულუმი. ყველა სკოლას ექნება თავისი კურიკულუმი. შესაძლოა ერთ უბანში არსებულ სხვადახვა სკოლას ჰქონდეს სხვადასხვა კურიკულუმი.

  • სკოლებისთვის სხვადასხვა კურიკულუმი რამ განაპირობა?

იმან, რომ ყველა სკოლა არის სპეციფიკური, აბსოლუტურად უნიკალური. აქვთ ზოგადი საერთო მახასიათებლები, მაგრამ მაინც აბსოლუტურად სხვა კულტურაა თითოეულ სკოლაში. ამ კულტურას და ამ გარემოს ქმნიან მოსწავლეები და მასწავლებლები და ისინი უნიკალურები არიან. ყველა სკოლას სხვადასხვა საჭიროება აქვს, ისე როგორც ყველა მოსწავლეს და ყველა კლასს. როდესაც ყველა მოსწავლე განსხვავებულია, კლასის პროფილიც განსხვავებულია და შეუძლებელია ყველა კლასს ერთნაირად ასწავლო.

  • ანუ აქ გულისხმობთ იმას, რომ კონკრეტულ ბავშვზე იქნება სასწავლო პროცესი მორგებული?

რა თქმა უნდა. თანაც, თავისი შესაძლებლობისა და წინარე ცოდნის გათვალისწინებით, ეს კომპლექსური დავალებები შეიძლება ნებისმიერმა მოსწავლემ შეასრულოს თავისი ინტერესებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე. ანუ, ყველამ დაწეროს, მაგალითად, ტექსტი ამ რეპორტაჟისთვის ან სტატიისთვის ისე, რომ დაამუშაოს, ვთქვათ, ცნება „კომპოზიცია“ და ეს კარგად ჩანდეს მის ნამუშევარში. კომპოზიცია რაც არის, ამის განმარტებას სწავლობს და პრაქტიკულადაც ახორციელებს თავისივე ნაშრომში.

  • ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თემები უნდა ისწავლებოდეს სხვადასხვა საგანთან ინტეგრაციაში, ამას თუ ითვალისწინებს ახალი ეროვნული გეგმა?

რა თქმა უნდა, მაგრამ გააჩნია მასწავლებლის შესაძლებლობებს. „ვეფხისტყაოსნისა“ და მათემატიკის ინტეგრირება შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ „ვეფხისტყაოსანი“ ოქროს კვეთის პრინციპით არის აგებული და თუნდაც ერთი საკითხი – ოქროს კვეთა, მათემატიკაში რომ ისწავლება, შეიძლება გამოიყენოს ქართულის მასწავლებელმა და პირიქით. გარდა ამისა, ვთქვათ, ისტორიული თვალსაზრისით, პოლიტიკური სიტუაციების ანალიზის თვალსაზრისით, გეოგრაფია, ვაჭრობა, კულტურა, ეთნოგრაფია  – ყველაფერი ჩანს აქ. „ვეფხისტყაოსანი“ ისეთი უნიკალურია, რომ ნებისმიერ საგანთან შეიძლება ინტეგრირება. მასწავლებლის შესაძლებლობას, ოსტატობას, გემოვნებას გააჩნია და ცხადია, მოსწავლეების ინტერესებს, იმიტომ, რომ მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს მრავალმხრივი შესაძლებლობა და მოსწავლეების ინტერესები იყოს განსხვავებული.

  • ადრე მასწავლებლები საუბრობდნენ იმაზე, რომ ვერ ასწრებდნენ პროგრამის გავლას იმ დროში, რაც დათმობილი ჰქონდა ამა თუ იმ ნაწარმოებს და უწევდათ საკითხების გადარბენა და არა სიღრმისეული სწავლება. მესამე თაობის სასწავლო გეგმა იძლევა ჩაღრმავების შესაძლებლობას, როგორ დგას აქ ეს საკითხი?

მაშინაც არ ვეთანხმებოდი იმ მასწავლებლებს, რომლებიც ამას ამბობდნენ. რატომ უნდა გაიარო ყველა ნაწარმოები, მაგალითად, ქართულში. სხვა საგნების სპეციფიკას ვერ შევეხები, რადგან არ ვიცი, მაგრამ მე გეტყვით ქართულში და აქ შემიძლია დავაჯგუფო მსგავსი ნაწარმოებები, ზოგიერთი მათგანი ვასწავლო, ზოგიერთი – არა და დამატებით საკითხავად მივცე. მასწავლებელს აქვს დიდი თავისუფლება, ოღონდ ამ თავისუფლების გამოყენებისთვის ის არ არის მზად. მასწავლებლების დიდ ნაწილს სამწუხაროდ ურჩევნია, რომ მოვიდეს დაბეჭდილი გეგმებით და იყოს უბრალოდ გაკვეთილის ჩამტარებელი.

  • ანუ მასწავლებელს აქვს თავისუფლება და ვერ იყენებს? რატომ?

ვერ ვიყენებთ, რადგან სჭირდება მეტი დრო, მეტი უნარი, მეტი შემოქმედებითობა. ეს ერთი და მეორე, ახალი სასწავლო გეგმა თემების გაერთიანების საშუალებას იძლევა. არ არის კატეგორიული ტონი, თვითონ საგნების შინაარსი, რაც უნდა ვასწავლოთ, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის და არა სავალდებულო.

ჩვენ, მასწავლებლები, შინაარსში ვართ თავისუფალი. მაგალითად, როცა მინდა ვასწავლო ბრბოს შესახებ, სასწავლო გეგმა მეუბნება, რომ შემიძლია ვასწავლო „მარიტა“ ან „ეშმაკი და ქვა“ . მასწავლებელმა უნდა აირჩიოს, ორივეს ასწავლის თუ ერთს. თუ კლასი ყოჩაღია და სწრაფად ითვისებს, მაშინ ორივე შეუძლია ასწავლოს. აი, ეს შინაარსი, საგნის პროგრამის შინაარსი არის სარეკომენდაციო, თვითონ დოკუმენტი ეს არის სავალდებულო, ნომერ პირველი დოკუმენტი ჩვენთვის ზგემი-ს შემდეგ.

თუმცა, გეთანხმებით იმაში, რომ ეს საკითხი მაინც გადასახედია და უბრალოდ, ჩემი აზრია, რომ დიდი ნაწარმოებები სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს ან ძალიან ადაპტირებულად უნდა ისწავლებოდეს. შეგვიძლია ჩვენ მწერლის შემოქმედება, ეპოქის სული ვასწავლოთ მცირე ზომის ნაწარმოებებითაც.

  • რომელ ნაწარმოებს ამოიღებდით, მაგალითად?

„ჯაყოს ხიზნები“, „დიდოსტატის მარჯვენა“ ძალიან დიდია. შეიძლება ან ადაპტირებულად ვასწავლოთ, ან ამავე მწერლის სხვა ნაწარმოებებით ჩავანაცვლოთ.

  • „ჯაყოს ხიზნები“ ეპოქალური ნაწარმოებია, რით შეიძლება ის ჩავანაცვლოთ?

„ლამბალო და ყაშა“, იმავე ავტორის. ეს ჩემი მოსაზრებაა. პროგრამა განსატვირთია, რადგან ჩვენ არ გვაქვს პროფილური სკოლები, ჰუმანიტარული პროფილის სკოლაში შეიძლება ვასწავლოთ დიდტანიანი ნაწარმოებები, მაგრამ როდესაც ყველა ტიპის მსწავლელია სკოლაში და მეტ-ნაკლებად უნიფიცირებულია, მაშინ ამ სიტუაციაში დიდი ტექსტები ნამდვილად ტვირთავს მოსწავლეს.

  • მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას სახელმძღვანელოები უწყობს ხელს?

პირველ ეტაპზე I-VI კლასის სახელმძღვანელოები შეიცვალა, რომლებიც მორგებულია ამ ახალ მიდგომებზე, მეორე ეტაპზე მე-7 კლასის და წელს იყო მე-8 კლასის სახელმძღვანელოები. დანერგვის პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ, იმიტომ, რომ სახელმძღვანელოებზე მუშაობენ ექსპერტები და ყოველ წელს თითო კლასის სახელმძღვანელოები გამოდის დღის სინათლეზე.

  •  სკოლაში ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა და ეროვნული გამოცდების თემატიკა აცდენილია ერთმანეთს. მესამე თაობის გეგმა როგორ წყვეტს ამ პრობლემას?

ეროვნული გამოცდების ჩაბარება საერთოდ არ არის პრობლემა, თუ ბავშვი აზროვნებს. მეტსაც გეტყვით, მოაზროვნე ბავშვები გაცილებით უფრო კარგად და საინტერესოდ წერენ უცნობი ტექსტის შესახებ თემებს, იმიტომ, რომ არსებობს სხვა ინტერესი და არსებობს უნარები. მთავარია, მოსწავლეს ჰქონდეს წერა-კითხვის, ტექსტის გაგების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი და ნებისმიერ გამოცდას დაძლევს. თანამედროვე ეროვნულ გამოცდებზე ნამდვილად არ ითხოვენ მაინცადამაინც სასკოლო პროგრამის ცოდნას, ისეთ თხზულებებს სთავაზობენ აბიტურიენტს, რომ ნებისმიერ კარგ მოსწავლეს შეუძლია დაწეროს. ესეს წერა ერთ-ერთი მსუყე ნაწილია ეროვნულზე, ამიტომ მოსწავლეს ესეს წერის კულტურა უნდა ჰქონდეს და შეთავაზებული ორი ნაწარმოებიდან, რომელთაგან ერთი საპროგრამოა და მეორე უცხო, შეუძლია აირჩიოს. მე ვსაუბრობ ქართულის სპეციფიკაზე ოღონდ და არც ვიცი მათემატიკის ან ქიმიის სპეციფიკა. იქ შესაძლოა აცდენა იყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: