მთავარი,სიახლეები

როდესაც მარტო ხარ, მომვლელი არ გყავს, მაგრამ ბინა გაქვს – როგორი კონტრაქტი გჭირდება? | რჩევები

22.09.2022 • 2554
როდესაც მარტო ხარ, მომვლელი არ გყავს, მაგრამ ბინა გაქვს – როგორი კონტრაქტი გჭირდება? | რჩევები

ჩვენს გარშემო ცხოვრობენ ადამიანები, ვისთვისაც ოჯახის წევრებს და ახლობლებს აღარ სცალიათ ან ასეთი ახლობლები უბრალოდ არ ჰყავთ. მათთვის არც ეფექტური მუნიციპალური სერვისები არსებობს. ზოგჯერ ამ ადამიანებს გადაადგილება უჭირთ, უახლოეს მარკეტამდე მისვლა, ან ექიმამდე, შემდეგ უკან დაბრუნება, საჭმლის მომზადება… ელემენტარული ჰიგიენის დაცვა… როგორ უნდა მოიქცეს ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი – საკუთარ ქონება აჩუქოს ნათესავს იმ პირობით, რომ გარდაცვალებამდე მასზე იზრუნებენ?

მაგრამ ზოგჯერ ეს სიტყვიერი შეთანხმება არ სრულდება.

იურისტების დაკვირვებით, ცოტამ თუ იცის საქართველოში, რომ ადამიანს შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება მისთვის სასურველ, ნებისმიერ პირთან, ვინც იზრუნებს მასზე ქონების მიღების სანაცვლოდ.

რა შემთხვევაში შეიძლება მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება და სად არის დაცვის გარანტია, მაგალითად, ხანდაზმულ ადამიანს, ვისაც ზრუნვა სჭირდება, პირიქით, ბინის გარეშეც არ დარჩება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, პაატა დიასამიძეს ესაუბრა:

  • პაატა, რა სახის ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს, როცა ადამიანს სჭირდება მოვლა და სურს, ქონების სანაცვლოდ მასზე ვინმემ იზრუნოს? 

პრაქტიკულად მსგავს ვითარებაში ადამიანები ძირითადად აფორმებენ ჩუქების, ან ნასყიდობის ხელშეკრულებას, რაც დაცვის გარანტიას ვერ ქმნის. ამ დროს მარჩენალი მხოლოდ სიტყვიერად იღებს ვალდებულებას, რომ არჩენს სარჩენს, ვისი ქონების მესაკუთრეც ხდება, შემდეგ კი, სარჩენი რისკის წინაშე დგება. იშვიათად, მაგრამ ვინც იცის ამის შესახებ, ის აფორმებს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას, რაც თვისობრივად სხვა ხელშეკრულებაა და დაცვის გარანტიებს ქმნის.

სამისდღეშიო ხელშეკრულება ნიშნავს იმას, რომ მარჩენალი იღებს ვალდებულებას, მიღებული ქონების სანაცვლოდ, გადაუხადოს სარჩო სარჩენს. ამ დროს უძრავი ქონება გადადის მარჩენლის საკუთრებაში, თუმცა კონკრეტული ვალდებულებებით. თუ მარჩენალი არ ასრულებს სამისდღეშიო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას სარჩენის წინაშე, უძრავი ქონება უბრუნდება სარჩენს.

  • განგვიმარტეთ: რა შეიძლება იყოს სარჩო? 

ეს შეიძლება კვება, მოვლა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სხვა აუცილებელი დახმარება. მხარეებს შორის შეთანხმებაზე დამოკიდებული, რა უნდა განისაზღვროს სარჩოდ. შესაძლებელია, მაგალითად, ხელშეკრულებაში ჩაიწეროს, რომ თვეში 500 ლარის მედიკამენტებით უნდა უზრუნველყოს მარჩენალმა სარჩენი პირი მის გარდაცვალებამდე, ან დაიქირაოს მომვლელი დღე-ღამეში კონკრეტული დროით.

  • როგორ დადგინდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარჩოთი მარჩენალი უზრუნველყოფდა თუ არა სარჩენს? შესაძლოა, მედიკამენტი გაძვირდა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ან მომვლელის მომსახურება? 

ამიტომაც მაქსიმალურად დეტალურად უნდა გაიწეროს ხელშეკრულებაში ეს პირობები. დავის შემთხვევაში მხარეებმა უნდა დაასაბუთონ, არის თუ არა შესრულებული ვალდებულება, მაგალითად, თუ მხარეები შეთანხმებული არიან, რომ 500 ლარის მედიკამენტების მიწოდებაზე და მარჩენალი წარმოადგენს ქვითარს…

ჩემი, როგორც იურისტის რჩევაა, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდეს ნოტარიუსთან იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს უძრავი ქონების გადაცემას არ ეხება. კანონის მიხედვით, ნოტარიუსთან მაშინაა სავალდებულო სამისდღეშიო ხელშეკრულების გაფორმება, როცა ეს უძრავ ქონებას ეხება. ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმებაც დამატებით დაცვის გარანტიაა.

  • ანუ შესაძლებელია ბინა არ გქონდეს და სხვა ნივთზე, მაგალითად, ავტომანქანის გადაცემაზე გაფორმდეს სამისდღეშიო ხელშეკრულება? 

დიახ, ეს შესაძლებელია და დამოკიდებულია მხარეებს შორის შეთანხმებაზე. ხელშეკრულებაში უნდა გაიწეროს დეტალურად, რაზე თანხმდებიან მხარეები.

  • რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება?

იმ შემთხვევაში, თუ მარჩენალი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. შესაძლოა, ეს გახდეს სასამართლო დავის საგანი, თუ მარჩენალი იტყვის, რომ ის ასრულებდა ვალდებულებებს და აქვს შესაბამისი მტკიცებულებები.

საინტერესო ნიუანსია ის, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მარჩენალს არ აუნაზღაურდება სარჩოს ის ღირებულება, რაც მან მანამდე გასწია. შესაძლებელია ხელშეკრულება ითვალისწინებდეს ამ კუთხით მარჩენლის მიერ მანამდე გაწეული ხარჯის სხვაგვარად ანაზღაურებას, მაგრამ თუ ხელშეკრულებაში ამის შესახებ არაფერი წერია, მარჩენალს გაწეული ხარჯები არ უბრუნდება, სარჩენი პირი კი, თავდაპირველი მდგომარეობით იბრუნებს უძრავ ქონებას.

  • შეიძლება თუ არა მოითხოვო ხელშეკრულების შეწყვეტა იმ შემთხვევაშიც, რომ მარჩენალი ვალდებულებას არ არღვევს, მაგრამ მაგალითად, მესაკუთრემ გადაწყვიტა, რომ აღარ სურს ხელშეკრულების გაგრძელება?

მოქმედებს ზოგადი წესი, თუმცა ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტულ შემთხვევებს. როცა გაუთვალისწინებელი შემთხვევით ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა, შესაძლებელია მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

გასათვალისწინებელია სხვა შემთხვევებიც, რაც ხელშეკრულებაშია არაა გათვალისწინებული, მაგრამ შეუძლებელი ხდება მხარეებს შორის ურთიერთობის გაგრძელება: მაგალითად, მარჩენალი შეურაცხყოფას აყენებს, ძალადობს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაშიც ქონება უბრუნდება სარჩენს და არ აუნაზღაურდება მარჩენალს გაწეული ხარჯი.

შესაძლოა, მარჩენალსაც ჰქონდეს ხელშეკრულების შეწყვეტის ლეგიტიმური მიზანი, მაგალითად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაჩნდა ახალი გარემოება – სარჩენი ჰყავს შვილი და ალიმენტი აქვს მისთვის გადასახდელი. ხელშეკრულება გაუქმდება, თუ მას სხვა ვალდებულება აქვს შესასრულებელი.

  • თუ მარჩენალი გარდაიცვლება სარჩენზე უფრო ადრე? 

მაშინ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მარჩენლის მემკვიდრეზე გადადის.

  • სამისდღეშიო ხელშეკრულების შემთხვევაში შესაძლოა ადამიანმა თავისი ქონება გადასცეს, როგორც რომელიმე მემკვიდრეს, ვისაც გაუფორმებს ამ ხელშეკრულებას, ან სრულიად სხვა პირს. ამ დროს რა ხდება სავალდებულო სამკვიდროს კუთხით? 

სამკვიდრო უფლებები წარმოიშობა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, აქ კი, ადამიანი თავის სიცოცხლეში განკარგავს თავის საკუთრებას. საკუთრების დაცვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი რეალიზების დროს ვერაფერი ვერ იქნება დამაბრკოლებელი გარემოება. სავალდებულო სამკვიდროს ვერ მოითხოვენ მემკვიდრეები იმ ქონებაზე, რაც მამკვიდრებელმა სამისდღეშიო ხელშეკრულებით გადასცა კონკრეტულ პირს.

მიღებული პრაქტიკაა ასევე სარჩენი პირის გარდაცვალების მიზეზის დადგენა. ხშირად მემკვიდრეებს აქვთ ეჭვი, რომ საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ადამიანი მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ამ საკითხის გათვალისწინებაც შესაძლებელია ხელშეკრულებაში, რომ ექსპერტიზის ბიურომ დაადგინოს გარდაცვალების მიზეზი.

  • სად არის დაცვის გარანტი, რომ მარჩენალმა მიღებული ბინა, მაგალითად, არ გაუყიდოს მოხუცს, ვისაც მოვლა სჭირდება? 

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმების დროს, ქონება გადადის მარჩენლის საკუთრებაში, მაგრამ მას არ შეუძლია ამ ქონების გასხვისება, დაგირავება, იპოთეკით დატვირთვა და ასე შემდეგ, თუ სარჩენის წერილობითი თანხმობა არ ექნება.

კიდევ ერთი დეტალი: მაგალითად, მარჩენლის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია, ანუ თუ ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ შემდეგ მარჩენალს ვალები დაედო, ვალებს ამ ქონებით ვერ გადაიხდის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: