მთავარი,სიახლეები

კრემლის მკაცრი მიდგომა მობილიზაციისადმი რუსეთში იწვევს აღშფოთებას და უნდობლობას – ISW

23.09.2022
კრემლის მკაცრი მიდგომა მობილიზაციისადმი რუსეთში იწვევს აღშფოთებას და უნდობლობას – ISW

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების განმარტებით, რუსეთის ხელისუფლების მკაცრი მიდგომა მობილიზაციისადმი აძლიერებს საზოგადოების აღშფოთებას და უნდობლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ISW აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება, მოჩვენებითი საბაბით, იძულების წესით იწვევს მოქალაქეებს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, ის არღვევს დანაპირებს, რომ წაიყვანს მხოლოდ სამხედრო გამოცდილების მქონე პირებს.

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ანალიტიკოსების განმარტებით, მობილიზაციის გამოცხადება რუსეთის ხელისუფლებამ სავარაუდოდ, კიდევ ერთი მიზნისთვის გამოიყენა – იმავე დღეს ჩაატარა სამხედრო ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა უკრაინასთან, რათა ამ გაცვლის მნიშვნელობა დაეკნინებინა.

„კრემლმა, სავარაუდოდ, სცადა გაეუფასურებინა უკრაინასთან ტყვეების გაცვლის მნიშვნელობა, რაც ძალზე არაპოპულარულია რუს ნაციონალისტებსა და მილიტარისტ ბლოგერებს შორის და ეს გაცვლა მოაწყო იმავე დღეს, როცა პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა“, – აღნიშნავს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი.

ISW დასძენს, რომ ტყვეთა ფართომასშტაბიანი გაცვლის ფარგლებში უკრაინაში დაბრუნდნენ მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის დამცველები, „აზოვის პოლკის“ მეთაურები, რომლებსაც პროპაგანდისტები რუსეთში ნაცისტებს უწოდებდნენ და ფართოდ აშუქებდნენ მათ დატყვევებას.

ულტრამემარჯვენე რუსმა ბლოგერებმა ეს გაცვლა მკაცრად გააკრიტიკეს. ისინი კითხულობენ, კრემლმა უარი ხომ არ თქვა უკრაინის „დენაციფიკაციაზე“, – რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ გაცხადებულ მიზანზე“.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. რუსული წყაროების თანახმად, გუშინ რუსეთში 1300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. მათგან უმეტესობა – სულ მცირე 542  – სანქტ-პეტერბურგში, დაახლოებით 504 ადამიანი კი – მოსკოვში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: