მთავარი,სიახლეები

უკრაინელ ბავშვებს ბათუმში სასკოლო წიგნების ამოსაბეჭდად დახმარება სჭირდებათ

22.09.2022 • 947
უკრაინელ ბავშვებს ბათუმში სასკოლო წიგნების ამოსაბეჭდად დახმარება სჭირდებათ

ბათუმის მე-20 სკოლაში 900 უკრაინელი ბავშვი სწავლობს უკრაინულ სექტორზე. შევსებულია ყველა საფეხური პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით, უკრაინულ სექტორზე პარალელური კლასებიც არის.

მოსწავლეებს სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების ამობეჭდვა თავად უწევთ. თითო საგნის სახელმძღვანელოს ამოსაბეჭდად მშობლებს დაახლოებით 25-40 ლარი სჭირდებათ. სახელმძღვანელოებს ახლავს მოსწავლის რვეულებიც.

უკრაინელი მშობლები საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართავენ, დაუჭირონ მხარი  წიგნების ამობეჭდვაში.

უკრაინელი ბავშვების მშობლებს სკოლაში მასწავლებლები ზუსტად ვერ ეუბნებიან, როდის იქნება ხელმისაწვდომი სახელმძღვანელოები ან იქნება თუ არა საერთოდ წლის ბოლომდე.

ვიქტორიას ორი შვილი ჰყავს, მე-4 და მე-6 კლასელი. მშობელი ამბობს, რომ 200 ლარი სჭირდება მხოლოდ ერთი სემესტრის სახელმძღვანელო მასალების ამოსაბეჭდად.

„მშობლები ვერ ბეჭდავენ სახელმძღვანელოებს, ბევრს ამის საშუალება არ აქვს და ბავშვები ტელეფონებში ადიდებენ ტექსტს, რომ ისწავლონ“, – ამბობს ვიქტორია.

ამას მეხუთეკლასელი ბიჭის ბებია, ოლენაც ადასტურებს. შვილიშვილისთვის მან მხოლოდ სამი საგნის სახელმძღვანელოების ამობეჭდვა შეძლო: მათემატიკის, უკრაინული ლიტერატურის და ინგლისურის:

„სწავლის დაწყებისთანავე გაძვირდა სახელმძღვანელოების ბეჭდვის საფასური, გვერდი 20, 25 თეთრი ღირდა, ახლა ღირს 30, 35 თეთრი. სამი სახელმძღვანელო ამოვბეჭდეთ – მთავარი საგნების. დანარჩენისთვის ფული არ დაგვრჩა.

ზოგ კლასში არაფერს ეუბნებიან მშობლებს, როდის იქნება სახელმძღვანელოები. ჩვენ კი გვითხრეს, რომ არ იქნება და ამობეჭდილი ვერსიებით უნდა ვამეცადინოთ ბავშვები, ან ტელეფონებში უნდა იკითხონ გაკვეთილები.

ტელეფონში კითხულობს ისტორიას, გეოგრაფიას და დანარჩენ საგნებს მე-5 კლასელი ბავშვი. წუწუნებს, ეზარება. ტელეფონის ეკრანზე შრიფტს რომ ადიდებ იკარგება დანარჩენი ნაწილი და უნდა გასწიო, გამოსწიო გვერდი ბოლომდე რომ წაიკითხო. მოკლედ, წვალებაა“, – ამბობს მეხუთეკლასელის ბებია. ბიჭს სულ 7 წიგნი სჭირდება სკოლაში თანმხლები მოსწავლის რვეულებით.

ჩემს შვილიშვილს ჯამში 8 წიგნი სჭირდება.

ოლიას შვილიც მეხუთეკლასელია. მან მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს ამობეჭდვა შეძლო.

„დავალება ჰქონდა ბავშვს, სადაც ეკითხებოდნენ, რომელი ფერის კვადრატში რამდენი პატარა კუბი ჩაეტეოდა. იცინოდა ბავშვი. საიდან გავიგო ამ შავ-თეთრ წიგნში, რომელი ფერის კვადრატებზე მეკითხებიანო“, – ამბობს მშობელი.

ოლიას თქმით, მას სკოლაში ურჩიეს სახელმძღვანელოების მხოლოდ პირველი სემესტრის ნაწილის ამობეჭდვა. მეხუთეკლასელის დედა ამბობს, რომ 15 სექტემბერს სკოლაში პირველად მისულ უკრაინელ ბავშვებს რვეულები, პასტები, ფლომასტერები, ფანქრები და პენლები დაურიგეს, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც. თუმცა სახელმძღვანელოების ამობეჭდვა პრობლემად რჩება.

ოქსანამ მეხუთე და მერვეკლასელი შვილებისთვის ვერცერთი სახელმძღვანელო ვერ ამობეჭდა. მშობელი ამბობს, რომ მისი თითო ბავშვის სახელმძღვანელოების მხოლოდ პირველი ნაწილის ამობეჭდვას 170 ლარი სჭირდება, რაც არ აქვს.

„ჯერ მხოლოდ ატლასი და კონტურული რუკები ამოვბეჭდეთ. მადლობა ღმერთს მეხუთეკლასელი ჯერ არ სწავლობს გეოგრაფიას. ფერადი ბეჭდვა დაგვჭირდა, რაც საკმაოდ ძვირი ღირს. ბავშვებს სჭირდებოდათ ტანსაცმელიც სკოლაში წასასვლელად და სახელმძღვანელოების ამოსაბეჭდი ფული არ დაგვრჩა. ტელეფონში მეცადინეობენ ბავშვები. როცა ორი შვილი გყავს რთულია. ორი ტელეფონი უნდა გქონდეს, ან რიგ-რიგობით უნდა იმეცადინონ, თვალები სტკივათ, წვრილი შრიფტის გარჩევა პატარა ეკრანზე უჭირთ და ძალიან მოუხერხებელია“, – ამბობს ოქსანა.

„ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირება საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახურთან, რათა გვეკითხა, ხომ არ მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინულ მხარესთან წიგნების მისაღებად. პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

როგორც გამოცემისთვის ცნობილია, საქართველოს განათლების სამინისტრო მოლაპარაკებას აწარმოებს უკრაინულ მხარესთან, რათა საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვებისთვის გამოითხოვოს სახელმძღვანელოები უკრაინიდან.

2022 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში შემოვიდა 14 000 უკრაინელი ლტოლვილი, თუმცა მას შემდეგ 6 თვე გავიდა და ომსგამორიდებულ ლტოლვილთა რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მეტია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: