როცა მშობლის ქონება ბიჭს რჩება: რას ფიქრობენ ბებია – სედიკო, შვილი – იამზე, შვილიშვილი – ირმა

გოგოს თუ ბიჭს? ვის „ეკუთვნის“ მშობლების ქონება მემკვიდრეობით? – ეს იყო ძირითადი კითხვა, რაც ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელს – ბებია სედიკოს, შვილ იამზეს და შვილიშვილ ირმას ჰკითხა „ბათუმელებმა“. როგორია მათი დამოკიდებულება ქონების განაწილებისადმი, ვის რჩება ქონების დიდი ნაწილი, ვისზე როგორ უნდა ნაწილდებოდეს ქონება, როგორ ნაწილდება რეალურად და როგორ მოიქცნენ ან მოიქცევიან თავად.

სედიკო გელაძემ 4 შვილი გაზარდა. ის ხულოს სოფელ დანისპარაულში ცხოვრობს. მას ბიჭი არ ჰყავს, მაგრამ ფიქრობს, რომ ქონების მესაკუთრე ბიჭი უნდა იყოს.

„საერთოდ, გოგონებს ოჯახები ქონებას არ უნაწილებენ. ჩვენ მზითვს ვეძახით, როცა გაათხოვებდნენ ოჯახიდან გოგოს, კარადებს და მსგავს რაღაცებს ატანდნენ. ოჯახის რაღაც [ქონება] მისცენ, გაუნაწილონ გოგონებს, ასეთი ადათ-წესები არ არის ჩვენში. ოჯახის ქონებიდან რაიმეს საჩუქრად თუ მოგვცემენ, თორემ რასაც ჰქვია წილი ქონებიდან, გოგო შვილს არ შეუძლია ძმასთან გაინაწილოს.

რაც შეეძლო ოჯახს [მზითვში] გაატანდა გოგო შვილს, ხოლო ბიჭ შვილებზე ქონებას [თანაბრად] გაარიგებდნენ“, – გვეუბნება სედიკო.

სედიკო თავადაა მრავალშვილიანი ოჯახიდან. 2 ძმა და 2 და ჰყავდა. ერთი ძმა ადრე დაეღუპა და მშობლებს ბიჭ შვილებს შორის ქონების განაწილება აღარ დასჭირდათ. თუმცა დარწმუნებულია, ეს ტრაგედია რომ არ მომხდარიყო მათ ოჯახში, მისი მშობლები ორივე ძმას თანაბრად გაუყოფდნენ ქონებას.

„მაგალითად, ორი საწოლი თუ ექნებოდათ, ერთს ერთ ძმას მისცემდნენ, ერთს – მეორეს. თუ, მაგალითად, წყვილად არ ექნებოდათ რაიმე ოჯახში, სხვა ნივთს შეუწყვილებდნენ. ასე არიგებენ აქ [ქონებას]“, – გვიყვება სედიკო.

სედიკოს შეუძლია დაუშვას, რომ ქონება თანაბრად უნდა განაწილდეს გოგოსა და ბიჭ შვილებს შორის, რადგან მათ შორის განსხვავება არ არის, მაგრამ „რადგან გოგო ქორწინდება, ქმრის ოჯახში ხვდება [ქონება]. არ ვიცი, რად უნდა გოგოს მშობლის ქონება, არც წაიღებენ და არც მიზანშეწონილია. რა [ქონება] უნდა გაუყოს ან/და მშობელმა ყველა შვილს, სოფელში ისეთი რა აქვს გასაყოფი?“

სედიკოს თქმით, გოგო მზითვსაც თავად „გამომიმუშავებს“: „მზითვის შეძენა როგორ ხდება იცით? გოგო შვილს მშობელი გადაუხდის ქორწილს, შემოუვა ფული და იმ ფულით უყიდის, თორემ თვითონ თუ რაღაცას აჩუქებს [გოგოს], ეს უკვე მშობლის ამბავია“, – გვეუბნება სედიკო.

სედიკოს სმენია, რომ ადრე ოჯახები გოგოსა და ბიჭ შვილებზე თანაბრად ანაწილებდნენ მიწის ნაკვეთებს, მაგრამ მსგავსი შემთხვევა თავად მას არ ახსენდება და მის ირგვლივ – სამეზობლოში, სანათესავოში, სამეგობროში თუ ა.შ. ყოველთვის გოგონებს ამზითვებდნენ, სხვა ქონება კი ბიჭებზე ნაწილდებოდა.

სედიკოს ვკითხეთ, თავად როგორ გაანაწილა ქონება  შვილებზე. მას ოთხი შვილი ჰყავდა – 3 გოგო და 1 ბიჭი. ბიჭი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა. სედიკოს თქმით, ასე რომ არ მომხდარიყო, წილს ქონებიდან ქალიშვილებს მხოლოდ მაშინ მისცემდნენ მშობლები, თუ ამას ბიჭი შვილი თავად მოინდომებდა.

ქალი გვიყვება, რომ მის სახლში უმცროსი შვილი დარჩა ქმართან ერთად. შესაბამისად, ოჯახის მთელი ქონებაც ამ ქალიშვილს ეკუთვნის. უფროსი ქალიშვილები კი დედამ გამზითვა.

„ქორწილები გადავუხადე და შემოსული ფულით რისი ყიდვაც შევძელით, ყველაფერი მზითვში გავატანეთ. ოჯახიდან ავიღო, მაგალითად, გამოყენებული საწოლი და მივცე, ასე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია… არ გამინაწილებია მათზე მიწები, სადაც გათხოვდნენ, იქ აქვთ მიწა. მე სხვა სოფელში ვცხოვრობ, ისინი – სხვა სოფელში, მიწას როგორ გავუნაწილებ? პატარა გოგო რადგან ოჯახში დარჩა და მისი ქმარი მოვიდა ჩვენს ოჯახში, ყველაფერი მისია.

მგონია, რომ სხვა შვილებს მამის სახლიდან არაფერი სჭირდებათ. შესაძლოა, გოგო ღარიბ ოჯახში გათხოვდეს და ამიტომ მისცე ქონების ნაწილი. ჩემ შემთხვევაში ეგ არ ყოფილა საჭირო“, – გვითხრა სედიკომ ბოლოს.

2 ქალიშვილისა და 1 ბიჭის დედაა სედიკოს უფროსი შვილი, 44 წლის იამზე გელაძე. იამზე ბათუმში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და გვიყვება, როგორ იყოფოდა მშობლების ქონება მის თაობაში.

„ჩვენთან ტრადიციულად, ბიჭებს თანაბრად ვუყოფთ [ქონებას] და გოგოს მზითვს ვატანთ. გამართლებული ის იქნებოდა, რომ ყველა შვილს თანაბრად გაუნაწილო ქონება… მეც ტრადიციების მომხრე ვარ. თუ საშუალება გექნება, რატომაც არა, გოგოსაც გაუკეთე იგივე, რასაც ბიჭს გაუკეთებ. მაგრამ, როცა ერთი სახლი გაქვს, იმის განაწილებას როგორ შეძლებ გოგოსა და ბიჭ შვილზე? ანუ, სადაც შენი საძირკველია, შენ სადაც ცხოვრობ, რა თქმა უნდა, ბიჭთან ერთად იცხოვრებ და ჩვეულებრივად რჩება [ყველაფერი] ბიჭს. ამას ვერ გაანაწილებ, თორემ განაწილების მხრივ მეც ვფიქრობ, რომ გოგოსაც ეკუთვნის [ქონების] რაღაც წილი“, – გვეუბნება იამზე.

რაც შეეხება თავისი მშობლების ქონების გაყოფას, იამზეს თქმით, ყველაფერი უმცროსი დისაა, რომელმაც ოჯახში დარჩენით „ბიჭის როლი შეითვისა“. ფიქრობს, რომ თუ მშობლების ქონებას უფროსი დები გაინაწილებდნენ, უმცროსს არაფერი დარჩებოდა. „ჩვენი პატარა და უფრო დაჩაგრული დარჩებოდა. ჯერ ისედაც დაჩაგრულის როლშია, რომ დედაჩემს უნდა მოუაროს. რაღაც ისეთი ხომ უნდა შეხვედროდა მასაც, რაც თავს ცოტა კომფორტულად აგრძნობინებდა“, – ამბობს იამზე.

იამზეს ვკითხეთ, როგორ აპირებს ქონების განაწილებას თავის შვილებზე. ქალის თქმით, ფიქრობს, თუ შეძლებს, ქალიშვილებსაც  შეუძინოს ბინები, მაგრამ რა ქონებაც აქვს ამ ეტაპზე – სახლი და სხვა ყველაფერი, ბიჭის იქნება.

„როგორც მშობელი, სამივე შვილს ერთნაირ ცხოვრებას ავუწყობდი. შვილებს ვერ განვასხვავებ. თუ კი ჩემი შვილი მოხვდება ისეთ ოჯახში [დაქორწინდება], რომ უჭირს და სჭირდება ბინა, რა თქმა უნდა, ბოლო გროშსაც გავყოფ და ისეთ ცხოვრებას შევუქმნი, როგორც ბიჭს, არ განვასხვავებ.

სადაც ცხოვრობ, ის [სახლი] ავტომატურად ბიჭის სახელზე რჩება. როცა ერთი სახლი გაქვს და 1 ოჯახზეა [საცხოვრებლად] გათვლილი, იმას ვეღარ გაყოფ. თუ უყურებ, რომ გოგოს ცხოვრება ბევრად სჯობია ბიჭის ცხოვრებას, შესაძლოა მხოლოდ მზითვით შემოიფარგლო, მაგრამ ბიჭ შვილს წაართვა და გოგოს მისცე უფრო მეტი?“ – შეკითხვით ამთავრებს საუბარს ჩვენთან იამზე გელაძე.

იამზეს სტუდენტ შვილს, ირმა კოჩალიძესაც ვკითხეთ, რას ფიქრობს ქონების განაწილების უკვე ნახსენებ ფორმაზე და როგორი მოლოდინი აქვს, როგორ გაანაწილებენ ქონებას მასზე და მის და-ძმაზე.

ირმა მიიჩნევს, რომ ქონების განაწილების ყველაზე გამართლებული ფორმა ქონების თანაბრად გაყოფაა შვილების სქესის განურჩევლად, თუმცა მიუხედავად ამისა, გვეუბნება: „ქონების დიდი ნაწილი ბიჭს [ჩემს ძმას] დარჩება, რადგან მე დავქორწინდები. თუ არ დავქორწინდები, ვფიქრობ, ჩემი მშობლები თანაბრად გადაანაწილებენ ქონებას. თუ ქონება თანაბრად არ გადანაწილდება, რატომაც არა, ჩემს მშობლებს ქონების თანაბრად გადანაწილებას მოვთხოვ. [ქონების განაწილების] შესახებ არც ერთხელ არ მისაუბრია მშობლებთან“, – გვითხრა ირმამ.

ირმას თქმით, შვილებზე როგორ გადანაწილდეს მშობლების ქონება არ უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რომელ შვილთან ერთად იცხოვრებენ თავად მშობლები.

„უმეტეს შემთხვევაში ოჯახში ქონების განაწილების ტენდენცია დიდად არ იცვლება. ახლაც იმ შემთხვევაში დარჩება გოგოს ქონება, თუ ბიჭი არ იქნება გვარში“, – გვეუბნება ირმა. ირმას თქმით, მზითვის არსებობა იმას ნიშნავს, რომ გოგო შვილს მშობლები მთლად ხელცარიელს არ ტოვებენ.

„მეტწილად ქონებას მშობლები ამ ფორმით სწორედ რომ კულტურის გამო ანაწილებენ. ჩვენთან ხომ არის ტრადიცია, რომ ქონება უნდა გადაეცეს ბიჭს. ყველაფერი ამის გამო ხდება“, – გვითხრა ირმამ.

იმ შემთხვევაში, თუ შვილების ყოლას გადაწყვეტს ირმა, ამბობს, რომ ქონებას შვილებს მაქსიმალურად თანაბრად გაუნაწილებს და მისთვის შვილების სქესი მნიშვნელოვანი არ იქნება.

საქართველოს მოქალაქეობა გვინდა, რუსეთის არა – მობილიზაციას გამოქცეული ძმები

34 წლის ვასილი ნიკიტინი საქართველოში რუსეთიდან ერთი თვის წინ, 22 სექტემბერს ჩამოვიდა ძმასთან ერთად – ლარსის გზით. ვასილს და მის 27 წლის ძმას, საშას, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია ეხებოდათ. ომში გაწვევა მათ არ მისვლიათ, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ ადრე თუ გვიან გამოიძახებდნენ.

პეტერბურგში ვასილიმ დატოვა მეუღლე, მშობლები, ნათესავები, მეგობრები, სახლი, მანქანები და ძმასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. ამბობს, რომ ომი მისთვის მიუღებელია და არ სურს რუსეთში დაბრუნება პუტინის პრეზიდენტობის პირობებში.

ვასილ ნიკიტინი

არ შემიძლია ვინმეს მითითებით წავიდე და ჩემნაირი ხალხი მოვკლა. უკრაინელებს არაფერი დაუშავებიათ. ერთია, როცა სამშობლოს, შენს მიწას იცავ და მეორეა, როცა მიდიხარ სხვაგან, სხვის ტერიტორიაზე და გაურკვეველია, რატომ იბრძვი. არ ვუჭერ მხარს პუტინის პოლიტიკას.

სამ დღეზე მეტ ხანს მოვდიოდით საზღვარზე, უზარმაზარ საცობში ვიდექით. ველოსიპედებით, მანქანებით და „სამაკატებითაც“ რომ მოდიოდა ხალხი გეცოდინებათ.

საცობში, რუსეთის საზღვართან კაცი გავიცანით, რომელიც უკან გააბრუნეს, სადღაც წაიყვანეს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოებიდან იყვნენ და გამოჰკითხეს დაწვრილებით, სად და რატომ მიდიოდა, როცა ასე მნიშვნელოვანია სამშობლოსთვის ბრძოლაო.

არ ვიცი, რატომ უნდა წავიდე სხვა ქვეყნის მიწაზე, რისთვის უნდა ვიბრძოლო. ხალხს, ვის მოსაკლავადაც მგზავნის ჩემი ხელისუფლება, ჰყავთ ოჯახები, პატარა ბავშვები, ცოლები, დები, დედები და ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ. უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა.

რასაც რუსეთი აკეთებს ბანდიტიზმია. აქ ჩამოსვლისას გავიგეთ, რომ საქართველოშიც წევს საზღვარს რუსეთი ნელ-ნელა და ბორდერიზაციით იტაცებს მიწევს, აფხაზეთის და გორის ომის შესახებაც არ ვიცოდით, ამ ომებზეც აქ გვითხრეს, საქართველოში.

საქართველოში თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ, აქ ხალხი ძალიან კარად გვექცევა, გეხმარებიან, რჩევები არ ენანებათ, კეთილგანწყობილები არიან, მეზობლებმაც კარგად მიგვიღეს, ხშირად გვეძახიან: ჩამოდით ხოლმე ეზოში, ვისაუბროთ, კონტაქტი გვქონდესო.

გვაქებენ, ყოჩაღ რომ არ წახვედით ომში და რუსეთი დატოვეთო – ქობულეთში ვცხოვრობთ.

რუსეთში ხალხს სხვანაირი მენტალიტეტი აქვს, აქ ხალხი კეთილგანწყობილია და ურთიერთობების მოყვარული, ჩვენთან პირიქითაა, რუსს რუსი არ უყვარს. ყველა ასე არ არის, მაგრამ ძირითადად ასეა.

აქ კი ჩემს ძმას, საშას, უცებ აპოვნინეს ქართველებმა სამსახური. ელექტრომექანიკოსია. მიასწავლეს, სად იყო კარგი პირობები და ანაზღაურება, რომელ ვულკანიზაციაში. ისიც კი გაგვიგეს წინასწარ მისცემდნენ თუ არა ჩემ ძმას ახალ სამსახურში სუფთა სპეცტანსაცმელს ხშირად, გაგვიგეს სისუფთავე იყო თუ არა სამუშაო ადგილზე.

ერთი თვეა უკვე აქ ვართ, საქართველოში არ ჭირს ჩვენთვის სამსახურის პოვნა. მე მძღოლი ვარ, მაგრამ ჯერ არ დამიწყია მუშაობა.

თავიდან თბილისში ჩავედით და ბაზარი შევისწავლეთ, ძვირი იყო ბინები, ბათუმში და ქობულეთში იმავე ფასად უკეთესი ბინებია გასაქირავებელი. დავსახლდით ქობულეთში.

კერძო სახლის მეორე სართული დავიქირავეთ მთლიანად, 4 ოთახია, 600 დოლარს ვიხდით. წინასწარ შევუთანხმდით სახლის მეპატრონეს, რომ ექვსი თვით ნამდვილად დაგვჭირდება სახლი და დავრჩებით.

საქართველო ან ლატვია, ვნახოთ, სად გაგრძელდება საბოლოოდ ჩვენი ცხოვრება. ლატვიელი ბებია გვყავს მე და ჩემ ძმას, თუ საქართველოს მოქალაქეობას ვერ მივიღებთ, ლატვიაში წავალთ და რეპატრიაციაზე ვიფიქრებთ, შეიძლება იქაური მოქალაქეობა მივიღოთ. სულერთია საქართველო იქნება თუ ლატვია, ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქეობა გვირჩევნია რუსეთის მოქალაქეობას.

რუსეთის გარდა არსად ვყოფილვართ აქამდე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბავშვობაში ეგვიპტეში ვიყავით ერთხელ. კი არის პეტერბურგშიც, ისევე როგორც მთელ რუსეთში კრემლის პროპაგანდა, რომ ამერიკა ცუდია და ბაიდენმა ჩაითრია პუტინი ომში, მაგრამ ფაქტია, რომ მობილური ტელეფონი, რომელსაც ვიყენებ ამერიკულია.

მე არ ვიცოდი პუტინის განცხადების შესახებ, რომ გადასახედია მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხი. არ მგონია, რომ ეს საქართველოსთვის საშიშ განცხადება იყოს, თუმცა პუტინი ყირიმსა და დონბასშიც, ლუგანსკშიც იმავე მოტივით ამართლებს ომს – ამბობს, რომ თავისიანებს იცავს ამ ტერიტორიებზე.

ლატვიაში ბევრი რუსი ცხოვრობს და ლატვიას არ ესხმის რუსეთი თავს. შესაბამისად, არც საქართველოს ემუქრება საფრთხე ჩვენი აქ ყოფნით. მაგრამ ალბათ რახან ლატვია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ამიტომ ვერ შედის პუტინი? არ ვიცი, მაგრამ მაინც არ უნდა შეგეშინდეთ…

ხალხს აღარ უნდა მიტინგებზე სიარული, როცა პროტესტი იყო ახშობდნენ, ნავალნი დაიჭირეს, ნემცოვი მოკლეს, აქციაზე ერთხელ დგომის გამო შეიძლება 8, 10 წლით დაგაპატიმრონ. ციხეში კიდევ ვის როგორ ექცევიან ცალკე თემაა…

პეტერბურგში კულტურული და განათლებული ხალხი ცხოვრობს, მაგრამ უამრავ მანქანას ნახავთ სტიკერთ – СССР. საკმაოდ ბევრია ასეთი და ასე ფიქრობს ახალგაზრდების არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილი.

მე რას ვიტყოდი საბჭოთა წარსულზე? არ ვიცი, მე ხომ იმ ეპოქაში არ მიცხოვრია. უმრავლესობა ამბობს, რომ ხალხი მაშინ კარგად ცხოვრობდა.

ომით ხალხი კმაყოფილი არ არის პეტერბურგში, მაგრამ ამ უკმაყოფილების გამოხატვა მხოლოდ ერთმანეთთან შეუძლიათ. საჯაროდ ვერავინ გამოთქვამს აზრს.

დაგიჭერენ.

ვფიქრობ, ძალიან რთულია რუსეთში ცვლილებების გამოწვევა. სულ რომ არავის დაეტოვებინა რუსეთი და ყველა, ვისაც არ მოსწონს პუტინი დარჩენილიყო ქვეყანაში, მაინც ვერაფერს შეძლებდნენ. მაინც არ იქნებოდა ადამიანების ეს რაოდენობა საკმარისი ცვლილებებისთვის.

პუტინის რეჟიმმა შემოიკრიბა ირგვლივ ძალაუფლების მქონე სტრუქტურები, გავლენიანი ადამიანები, ხალხი მათ ვერაფერს უზამს. მეეჭვება ვინმემ შეძლოს შედეგის მომტანი წინააღმდეგობის გაწევა.

„ბომბია ფაქტობრივად“ – „სოკარის“ ყოფილი მენეჯერი საფრთხეზე, რასაც ადასტურებს სემეკიც

„ბომბია, ფაქტობრივად, რომელიც ოდესღაც შეიძლება აფეთქდეს, მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი?“ – კითხულობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილი უფროსი ლაშა წულუკიძე გაზის მილებზე, რომლებიც ბათუმში, ერთ-ერთ ახალ კორპუსში, აეროპორტის ქუჩა #73-ში, პირდაპირ ფასადიდან შეუყვანიათ.

„სოკარის“ ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ გაზის შეყვანა ფასადიდან ახლა დაიწყეს, მას შემდეგ, როცა სემეკმა დაადასტურა, რომ ბათუმში, კორპუსების სადარბაზოებში გაზი დარღვევებით და „საფრთხის შემცველად“ გაჰყავდათ.

აღნიშნული სიტუაცია რისკის ქვეშ აყენებს მომხმარებელთა უსაფრთხოებას და უგულებელყოფს ბუნებრივი გაზით მომარაგების ერთ-ერთ ძირითად პრინციპს – მომხმარებელთა უსაფრთხო მომარაგებას,“ – ეს სემეკის 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაში წერია, სადაც ბათუმში 12 ახალი საცხოვრებელი კორპუსის გაზგაყვანილობაა აღწერილი. სემეკმა დარღვევების გამო კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ გააფრთხილა, ასევე მისცა კონკრეტული დრო დარღვევის აღმოსაფხვრელად.

11 მისამართზე, რაც სემეკმა შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია და შეისწავლა ლაშა წულუკიძის მიმართვის შემდეგ, გაზი კორპუსების სადარბაზოებშია გაყვანილი. თუმცა სემეკს ჯერ არ შეუსწავლია ფასადიდან კორპუსში გაზის შეყვანის უსაფრთხოების საკითხი. ლაშა წულუკიძე აპირებს ამ შემთხვევაშიც მიმართოს სემეკს.

„კორპუსების სადარბაზოებში, სადაც ეს დარღვევები დაფიქსირდა, ხარვეზები აღარ არის გამოსწორებადი, ეს ფიზიკურად შეუძლებელია,“ – მიიჩნევს ლაშა წულუკიძე, რომელიც 2007 წლიდან მუშაობს გაზიფიცირების სფეროში, ხელმძღვანელობდა ფოთის გაზიფიცირების ჯგუფსაც, ხოლო 2019 წლიდან კომპანია „გაზის სახლის“ უფროსია, მას „სოკარი“ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების გამო დაუტოვებია.

ლაშა წულუკიძის კომპანიაც გაზიფიცირების პროექტირებასა და მშენებლობაზე მუშაობს. ის საუბრის დასაწყისშივე ამბობს, რომ საუბრობს კონკურენტზე  – „გაზსერვისზე“, რომელიც „სოკარის“ კონტრაქტორია და ხაზს უსვამს იმას, რომ მისი აქცენტი უსაფრთხოებაა, რასაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყება – სემეკიც ადასტურებს.

„სოკარის“ ყოფილი თანამშრომელი უსაფრთხოების იმ რისკებზე გვესაუბრა, რასაც ქმნის გაზის მილების გაყვანა კორპუსის ფასადიდან.

„ეს მილები არ უნდა იყოს ერთმანეთში ახლართული, რიგის მიხედვით უნდა იყოს ჩაწყობილი,“ – ლაშა წულუკიძე კონკრეტულ რისკებს ასახელებს. – „რამე რომ დაზიანდეს, როგორ უნდა გაიგო, რომელი მილია? მეორეა ჩამკეტები, რაც ასეთ შემთხვევაში პირველ სართულზეა. თუ სადარბაზოებში გაყვანის შემთხვევაში ყველა სართულზეა ჩამკეტი, აქ რა უნდა ქნა, ვიდრე მოვა სამაშველო, მაგალითად, მე-12 სართულიდან?“ – კითხულობს სპეციალისტი და იქვე დასძენს, რომ მსგავს ავარიულ სიტუაციაში, ლიფტის გამოყენებაც აკრძალულია.

ლაშა წულუკიძე ყურადღებას ამახვილებს სამაგრებზეც, რადგან მილებს წონა აქვთ და სიმყარის დაცვა მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ყინვისგან, მზისა და წვიმისგან შესაბამისი დაცვის შესაძლებლობა.

„გასაგებია, რომ ეს მილები შეიფუთება, მაგრამ როგორ დაიცავ ამ რისკებისგან? აღარაფერს ვამბობ იერ-სახეზე – შეფუთვის შემთხვევაშიც ეს გაყვანილობა ფასადს ამახინჯებს. ტურისტულ ქალაქში მით უმეტეს, რატომ უნდა იყოს ასე,“ – დასძინა ლაშა წულუკიძემ.

ლაშა წულუკიძე გვიყვება, რომ სემეკის აგვისტოს გადაწყვეტილების შემდეგ, როცა დარღვევები დაფიქსირდა შენობებს შიგნით გაზგაყვანილობაში, გაზის გაყვანის სამუშაოები „სოკარმა“ შეაჩერა, ბოლო პერიოდში კი, რამდენიმე მისამართზე მილების შეყვანა ფასადიდან დაიწყეს. „სოკარის“ ყოფილი თანამშრომელი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს მიღებულ 41-ე დადგენილებაზე, რომელიც გაზგაყვანილობის საკანონმდებლო რეგულირებას ამკაცრებს.

„ეს დადგენილება რეალურად ამოქმედდა 2019 წელს, მე წამოვედი ამ დროს „სოკარიდან“… ახლა ჩათვალეს, რომ თუ ფასადიდან შეიყვანენ გაზის მილებს, ასე დადგენილების მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. კანონი არ კრძალავს ფასადიდან გაზის მილების შეყვანას, მაგრამ მას სჭირდება კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნების შესრულება, რაც დარღვეულია. იმედი მაქვს, ამასაც დაადასტურებს სემეკი,“ – ამბობს ლაშა წულუკიძე.

„ეს მილები შეიფუთება, არავითარი დარღვევა არ არის. მილების გარედან შეყვანა ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მოსახერხებელია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვახტანგ ბერიშვილმა, „სოკარ გაზი აჭარას“ ხელმძღვანელმა. მისი თქმით, წინა წლებშიც იყენებდნენ მსგავს პრაქტიკას, თუმცა კონკრეტულ ასეთ რომელიმე შემთხვევას ახლა ვერ იხსენებს.

„მისამართი ასე არ მახსოვს, მაგრამ იყო მსგავსი პრაქტიკა ადრეც, რამდენიმე კორპუსია ასეთი,“ – აღნიშნა ვახტანგ ბერიშვილმა.

რამდენად მართებულია გაზგაყვანილობის შეყვანა კორპუსში ფასადიდან?

„ტექნიკური რეგლამენტით არ არის შეზღუდული ბუნებრივი გაზის მილების შენობის გარე თუ შიდა ნაწილში განთავსება. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ იყოს დაცული რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები. რაც შეეხება „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ მიცემულ გაფრთხილებას კონკრეტულ სადავო საკითხთან მიმართებაში, შეეხება ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებას. კომპანიამ ნორმების დაცვით უნდა განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად. სამუშაოებს თუ რა ტრაექტორიით განახორციელებს, ამაში შეზღუდული არ არის“, – მოგვწერეს სემეკის პრესცენტრიდან.

რაც შეეხება კორპუსებს, სადაც სადარბაზოებში დადგინდა გაზგაყვანილობის კუთხით დარღვევები:

„საფრთხის შემცველია აღნიშნულ საცხოვრებელ შენობებში მცხოვრები მობინადრეებისთვის,“ – წერს სემეკი 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაში, სადაც ბათუმში 12 ახალ კორპუსში გაზგაყვანილობის უსაფრთხოება დეტალურადაა განხილული. უმთავრესი საფრთხე შესაბამისი მასალის გარეშე შეუფუთავი გაზის მილებია, რაც პირდაპირი საფრთხეა ხანძრის დროს.

„მითითებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გაზმომარაგების სისტემები მოწყობილია მეტალოპლასტიკის მრავალშრიანი მილების გამოყენებით. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სამუშაოების პროცესში დაშვებული ტექნიკური ხასიათის შემდეგი არსებითი ხარვეზები:
– ყველა შენობის შიგნით გაზგაყვანილობა (პლასტმასის მრავალშრიანი მილები, გოფრირებული გარცმით) მოწყობილია ღიად დამცავი კორპუსის, მოწყობილობის ან მასალის გარეშე, რაც ვერ უზრუნველყოფს მის დაცვას ხანძრისგან დროის მოცემული მონაკვეთისათვის;

– რიგ შემთხვევებში გაზგაყვანილობა (მასზე არსებული გადაბმები და დამხშობები) დამონტაჟებულია არავენტილირებად სათავსებში;

– მილსადენებზე არსებული გასართი შეერთებები მოწყობილია იმ ადგილებში, სადაც მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით არ არის დასაშვები;

– რიგ შემთხვევებში მრიცხველები მოწყობილია არავენტილირებად სათავსებში,“ – ვკითხულობთ სემეკის გადაწყვეტილებაში.

საინტერესო დეტალი: სემეკი ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ უწყებას მოქალაქე ლაშა წულუკიძემ მიაწოდა ინფორმაცია და ამის შემდეგ მოიკვლიეს შემთხვევითობის პრინციპით რამდენიმე ახალი კორპუსი ბათუმში. გამოდის, რომ გაზგაყვანილობის უსაფრთხოების კუთხით პასუხისმგებლობას ახლაც არავინ იღებს და არც ამოწმებს იგივე „ლეოგრანდის“ ტრაგედიის და თითქოს გამკაცრებული კანონმდებლობის ფონზე.

„ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლენილი დარღვევები არ შემოიფარგლება მხოლოდ შემოწმებული ობიექტებით, ანალოგიური ხარვეზებით ხორციელდება მიერთების სამუშაოები მრავალბინიან საცხოვრებელ შენობებში ქ. ბათუმში წლების (5-6 წელი) განმავლობაში (როგორც კომპანიის მიერ, ასევე დამოუკიდებელი სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციების მიერ), რაც წარმოადგენს სისტემურ პრაქტიკას ქ. ბათუმში,“ – ვკითხულობთ სემეკის გადაწყვეტილებაში, თუმცა სემეკის პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ეს პირველი გადაწყვეტილებაა „სოკარ ჯორჯია გაზის“ წინააღმდეგ, როცა დარღვევა დადასტურდა.

რა შეიცვალა აგვისტოში სემეკის გაფრთხილების შემდეგ?

„არ მაქვს ამდენი დრო, ვერ გიპასუხებთ,“ – მოკლედ მოგვიჭრა და ტელეფონი გამორთო „სოკარ ჯორჯია აჭარას“ ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბერიშვილმა, მას ვკითხეთ: რატომ მოეწყო საფრთხის შემცველად გაზგაყვანილობა საცხოვრებელ კორპუსებში, ან რა შეიცვალა სემეკის გაფრთხილების შემდეგ?

ვერც სემეკი ამბობს, რომ გაფრთხილების შემდეგ ხარვეზები „სოკარმა“ აღმოფხვრა, მით უფრო, იმ საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც ადამიანები უკვე ცხოვრობენ და გაზსაც მოიხმარენ.

„არის მუდმივი კომუნიკაცია კომპანიასთან. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის…მიმდინარეობს მონიტორინგი,“ – გვიპასუხეს სემეკის პრესცენტრში.

„აშკარად სახეზეა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობების, მოთხოვნების, ნორმებისა და ვალდებულებების, ასევე, კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული პირობების უგულებელყოფის ფაქტები, ვინაიდან კომპანიას პირველად ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები ანალოგიური დარღვევებისთვის, ასევე, კომპანიამ კვალიფიციურად ითანამშრომლა კომისიასთან, სრულად გაითავისა მის მიერ ჩადენილი ქმედება და თანახმაა მოკლე ვადებში აღმოფხვრას ქ. ბათუმში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში გაზგაყვანილობის სამუშაოების შესრულების დროს დაშვებული ყველა ტექნიკური ხარვეზი. კომისია თვლის, რომ ლიცენზიანტს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება,“ – ასე სრულდება სემეკის გადაწყვეტილება.

სემეკი თავის გადაწყვეტილებაში კონკრეტული მოთხოვნითაც მიმართავს „სოკარ ჯორჯია გაზს“.

„ხანძრისაგან დაცვის მიზნით მრავალშრიანი მილები უნდა მოთავსდეს დამცავ კორპუსში (რომელიც უზრუნველყოფს დაცვას ხანძრის შემთხვევაში) ან მოხდეს მილგაყვანილობის დაფარვა დამცავი მასალით, რაც შესაძლებელს გახდის მილგაყვანილობამ გაუძლოს მაღალ ტემპერატურებს, დროის მოცემული მონაკვეთისათვის,“ – წერს სემეკი.

სემეკის ეს მოთხოვნა ჯერ შესრულებული არ არის.

სარფში გაზი 4 ნოემბრამდე გაითიშა

„სოკარის“ ცნობით, დღეს, 2 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავარიული დაზიანების გამო 14:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა სარფის აბონენტებს.

„ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 4 ნოემბრის 15:00 საათიდან“ – აცხადებს კომპანია.

„სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

როგორ ჩანს აჭარის სანაპირო ევროკავშირის PONTOS პლატფორმაზე – ცვლილება და ეროზია 

საქართველოს ზღვის სანაპიროს ეროზია და წყლის დაბინძურების მზარდი მაჩვენებელი, გაუტყეურება და მდინარეების მოდიფიკაცია წლების მიხედვით – ამ და სხვა მონაცემების ნახვა ნებისმიერ ადამიანს ევროკავშირის პროექტის PONTOS [გარემოს მონიტორინგი შავი ზღვის აუზში პროგრამა კოპერნიკუსის] ფარგლებში შექმნილ ონლაინბაზაში შეუძლია.

PONTOS პლატფორმაში ინტეგრირებულია კოსმოსური სატელიტებით, დისტანციური ზონდირებითა და საველე კვლევებით მიღებული ინფორმაცია. შესაბამისად, ინფორმაციის დიდი ნაწილი ცოცხალ რეჟიმში ახლდება. პროექტი შეისწავლის საპილოტე რეგიონებს სომხეთიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან [შავი ზღვის სანაპირო ზოლი და კოლხეთის დაბლობი]. ორი წლის განმავლობაში საპილოტე რეგიონებში ჩატარდა კვლევები ისეთ გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორებიცაა: შავი ზღვის სანაპირო ზოლის ცვლილები, ტყის საფარის ცვლილება, ჭაობისა და მოტივტივე მცენარეულობის შეფასება და წყლის დაბინძურება.

Pontos ანგარიშის მიხედვით, შავი ზღვის სანაპირო ზოლი ძლიერი სანაპირო ეროზიის საფრთხის წინაშე დგას, რაც გამოწვეულია ზღვის დონის მატებით, მიწის ტექტონიკური ჩაძირვით, მდინარეების ბუნებრივი რეჟიმისა და ნატანის ცვლილებით. კოლხეთის დაბლობის ეკოლოგიურ პრობლემას განეკუთვნება რიონის აუზში არსებული, რამდენიმე მარეგულირებელი კაშხლისა და წყალსაცავის ზეგავლენით მდინარის ჩამონადენის და მყარი ნატანის შემცირება, რაც გავლენას ახდენს დელტასა [მდინარის შესართავთან წარმოქმნილი ნარიყი არე, რომელიც დასერილია ამ მდინარის ტოტების ქსელით (ხშირად სამკუთხედის ფორმისა)] და ბუნებრივ ჰაბიტატზე.

სხვა საფრთხეებს შორისაა მიწის ეროზია და სანაპირო ზონის კარგვა, აგრეთვე ტყეების ჩეხვა. ზუთხის სახეობების საქვირითე ადგილები ძლიერ დეგრადირდა ან დაიკარგა. სხვა საფრთხეებიდან აღსანიშნავია წყლის დაბინძურება და წყალჭარბი ტერიტორიების დეგრადაცია, ასევე ტყის საფარის კარგვა.

 ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, ირაკლი მაჭარაშვილი კვლევების მიგნებებზე საუბრისას განმარტავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს სატელიტიდან მაღალი ხარისხით მოწოდებულ გამოსახულებას პრობლემის სწორად შეფასებისთვის.

„ძალიან საინტერესო იყო ტყის საფარის ცვლილებასთან დაკავშირებული მონაცემები, პირველად გამოიცადა ეს ალგორითმი და ჩემი შეფასებით, კოლხეთის დაბლობის ტყეებისთვის ეს ყველაზე კარგი მეთოდოლოგიაა, რომელიც აჩვენებს არა მხოლოდ პირწმინდა ჭრებს და საბოლოო კარგვას, არამედ ტყის დეგრადაციას. იმის გამო, რომ კოლხეთის დაბლობზე არის ტენიანი გარემო, ხშირი ტყეები და ისე სწრაფად ხდება განახლება, პირწმინდა ჭრაც რომ იყოს, არ ჩანს. ვერ აფიქსირებენ სხვა სატელიტები – რაღაც ტოტები [ბარდი] წამოვა და სატელიტს ჰგონია, რომ ტყე ამოვიდა, ჩვენ კი ვაჩვენებთ დეგრადაციასაც“.

ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, საინტერესო ტენდენცია შეინიშნება პალიასტომის ტბაში დაბინძურებისა და ქლოროფილის კონცენტრაციის დონის კვლევისას, რომელიც არყევს წარმოდგენას, რომ გარემოს დაბინძურების ძირითადი ტვირთი მოსახლეობას ეკისრება. რეალურად, როგორც წყლის, ისე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ინდუსტრიები და კორპორაციებია.

„სატელიტური გამოსახულებებით შემოწმებისას კვლევამ აჩვენა, რომ [ზოგადად] დაბინძურება იმატებს, თუმცა ჩავარდნა იყო, ანუ ცოტა გამოსწორებული იყო სიტუაცია ლოკდაუნის პირობებში. ეს აჩვენებს, რომ გარკვეული ინდუსტრიები ახდენს ზეგავლენას წყლის დაბინძურებაზე და არა მოსახლეობა.

როდესაც სატელიტური გამოსახულებებით ვამოწმებდით როგორ იმატებდა ქლოროფილის კონცენტრაციის, ანუ ორგანული დამაბინძურებლების დონე პალიასტომის ტბაში და შავ ზღვაში (იმ ადგილას, სადაც მას პალიასტომი ერთვის), ვნახეთ, რომ უფრო სუფთა, ნაკლებად დაბინძურებული იყო წყალი, კოვიდით გამოწვეული ლოკდაუნის პერიოდში. რა თქმა უნდა, საჭიროა ამის მიზეზების დამატებითი კვლევა, მაგრამ ჰიპოთეზის დონეზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძირითადად ამ რეგიონის დაბინძურება დაკავშირებულია არა საყოფაცხოვრებო, არამედ სამრეწველო დაბინძურებასთან. ლოკდაუნის დროს შეჩერებული იყო ბევრი სამრეწველო საქმიანობა, იგივე თევზის რეწვა, ზოგიერთი ქარხნის საქმიანობა ან ეკოტურიზმიც – ამით შეიძლება გამოწვეული იყოს ეს სურათი. თუმცა შესაძლოა ამას შემდეგი დამაზუსტებელი კვლევები დასჭირდეს“, – ამბობს ის.

სანაპირო ზოლის ცვლილებები 1987-2021 წლებში; ეროზია აჩვენებს ნაპირის კარგვას წღვის წინ წამოწევით, აკრეცია, ხმელეთის მატება სანაპირო ზოლში ნაპირის გაფართოებითა და ზღვის უკან დახევით

ირაკლი მაჭარაშილის თქმით, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა აჭარის სანაპიროსთვის არის ეროზია, რომელიც გამოწვეულია როგორც ანთროპოგენური [ანუ ადამიანისმიერი], ისე ბუნებრივი ფაქტორებით.

„ანთროპოგენური ფაქტორებიდან შემიძლია გამოვყო მდინარეების მოდიფიკაცია და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. პირველად, მოდიფიკაცია მოხდა წინა საუკუნეებში, როდესაც მდინარე ჭოროხი სამი ტოტით ერთვოდა შავ ზღვას, შემდეგ ერთ ტოტში მოხდა მათი გაერთიანება. აღმოჩნდა, რომ ნატანი აღარ ნაწილდება და ის პლიაჟწარმომქმნელ ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ის ერთი ნაკადი, რომელიც დარჩა ჭოროხს კანიონის მოპირდაპირედ, ასე ვთქვათ, ამ კანიონში იკარგება; ამან განაპირობა ის, რომ დაიწყო  ეროზიის შეუქცევადი პროცესი ადლია-ანგისის მონაკვეთზე“.

მისივე თქმით, პროცესს უფრო გაამწვავებს თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე უკვე აშენებული და მშენებარე ჰესების შედეგები: „მომავალში შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ 500 მეტრითაც შემოვიდეს სიღრმეში [ზღვა] და ახალი წონასწორობა დამყარდეს ზღვისა და ხმელეთის“.

მდინარე ჭოროხს ჩაჰქონდა ბუნებრივად შავი ზღვის ამ ნაწილში ნატანის 87%. მდინარე ჭოროხის ასე მოდიფიკაციის და ჰესებით გადაღობვის შედეგად შემცირდა შავი ზღვის სანაპიროს შევსება.


9 წლის ანიტას ხელზე სატვირთომ გადაუარა, მას თურქეთში ოპერაცია სჭირდება 

9 წლის ანიტა შანთაძე მეოთხე კლასელია. უყვარს ხატვა და სკოლაში სიარული, რადგან იქ არიან ადამიანები, ვისი ნახვაც უხარია.

ანიტას და მისი ოჯახის ცხოვრება ათი თვის წინ შეიცვალა, როცა ანიტა ავარიაში მოჰყვა – მარჯვენა ხელზე სატვირთო მანქანამ გადაუარა. მარჯვენა ხელის ორი თითი დაკარგა, ხოლო მკლავი დეფორმირებული აქვს.

ანიტას დედა, ნათია შანთაძე ცრემლების გარეშე ვერ ჰყვება იმ ამბავს, როცა ის და ანიტა ავარიაში მოყვნენ. შემთხვევა ბათუმში, მათ სახლთან ახლოს მოხდა, ავტობუსის გაჩერებაზე. ანიტას და მას დიდი სატვირთო მანქანა დაეჯახათ.

9 წლის ანიტას ხელზე სატვირთომ გადაუარა    მას თურქეთში ოპერაცია სჭირდება

„გზაზე გადასვლისას ორივე მხარეს გავიხედე, არაფერი იყო. ერთმა მანქანამ გზა დაგვითმო, გადადითო. გადავედით და ავტობუსისკენ წავედით, რომელში ჩაჯდომაც გვინდოდა. ვერ ვიხსენებ რა მომენტებში წამოვიდა [მანქანა], რა მოხდა, არაფერი აღარ მახსოვს. მახსოვს, რომ გავითიშე. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ. როცა თვალი გავახილე, ბავშვი საბურავის  ქვეშ იყო. „ანიტა როგორა ხარ, შვილო რა გჭირს-მეთქი და ხელი ვიტკინეო“.

როცა იქიდან გამოვიყვანეთ, ღმერთო რა დღეში იყო… კლინიკა „მედინაში“ მივიყვანეთ პირველად. „დედიკო ხელი არ მომჭრან უთხარიო, ამას მეუბნებოდა“. ღმერთო, ის რა განცდა იყო…“ – ჰყვება ნათია.

ანიტა დედასთან ერთად

თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემული ფორმა 100-ის მიხედვით, ანიტა შანთაძე კლინიკაში 2021 წლის 28 დეკემბერს შეიყვანეს. 2022 წლის 20 იანვარს გაწერეს.

კლინიკაში ანიტას ორი თითის ამპუტაცია ჩაუტარეს, ხელის შენარჩუნება კი შეძლეს. თუმცა ახლა ანიტას ხელი დეფორმირებულია და სტკივა.

მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ ანიტას ხელის აღდგენა ქართულ კლინიკებში შეუძლებელი იყო, ოჯახმა თურქეთში დაიწყო კლინიკების მოძიება. იპოვეს კიდეც, თუმცა ანიტას ოპერაცია ძვირი ჯდება – 18 ათასი დოლარი.

„ანიტას ზოგჯერ ისეთ სიტყვებს ამბობს, ვდგები და სახლიდან გარეთ გავდივარ – „რა დავაშავე, რომ დამეჯახა“, „რატომ ვარ ცოცხალი, ნეტა მოვმკვდარიყავიო“ გვეუბნება. ახლა ვცდილობ თანხის შეგროვებას, რომ წავიყვანო ბავშვი და გადავურჩინო ხელი. ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია, ამიტომ მე თავად არანაირი სახსრები არ მაქვს, რომ ეს 18 ათასი დოლარი შევაგროვო. ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვე და მითხრეს, რომ 70 %-ით დააფინანსებენ ანიტას, მაგრამ დარჩენილი თანხაც ძალიან დიდია ჩემთვის. არც გზის და იქ საჭირო სხვა ხარჯების დაფარვა შემიძლია“, – ამბობს გოჩა შანთაძე.

ანიტა მარცხენა ხელით წერს, რადგან მარჯვენა ხელის გამოყენება აღარ შეუძლია

ანიტას კი იმედია აქვს, რომ ოპერაციას გაუკეთებენ და მარჯვენა ხელის ძველებურად გამოყენებას შეძლებს. ყველაზე მეტად ხატვა უყვარს და ქართული ლიტერატურა. უყვარს სკოლაც – ბავშვებთან ერთად თამაშის და კლასელების გამო.

იმის გამო, რომ მარჯვენა ხელი დაზიანებული აქვს, ხატვაც და წერაც თავიდან ისწავლა მარცხენა ხელით.

„ექიმი მინდა გამოვიდე. ოპერაციების ექიმი მინდა ვიყო და როცა ვინმე ავად გახდება, მინდა დავეხმარო,“ – ამბობს ანიტა.

ანიტას და მისი მშობლების თურქეთში კონსულტაციაზე ჩასვლა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა. თუმცა ახლა ოჯახს ანიტას მკურნალობისთვის სოლიდური თანხა სჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არ აქვთ. დაფინანსებაზე განაცხადი შეტანილი აქვთ და პასუხს ელოდებიან.

ანიტას მკურნალობისთვის მამამ სპეციალური ანგარიშიც გახსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის გადარიცხვა.

ანგარიშის ნომერი: GE73BG0000000807779800

მიმღები: გოჩა შანთაძე

როგორ აპირებს მთავრობა „ოცნების ქალაქის“ განაშენიანებას – საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა

„ოცნების ქალაქის“ განაშენიანების კონცეფცია, რომელიც აჭარის მთავრობამ მოამზადა, 15 ჰექტარს მოიცავს. დოკუმენტი მეჯინისწყლის დასახლებაში, კერძოდ, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის #188-ში და მის მიმდებარედ არსებულ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიას [140551კვ.მ], სამ კერძო მიწის ნაკვეთს და აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებულ ერთ ნაკვეთს აერთიანებს.

კონცეფცია ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალური გეგმის შემუშავებას გულისხმობს.

ოცნების ქალაქის ტერიტორია – ტერიტორიის განაშენიანების კონცეფცია ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა

კონცეფციის მიხედვით, ერთ-ერთი კვარტლის ბენეფიციარები „ოცნების ქალაქში“ თვითნებურად დასახლებულები არიან. მთავრობა განმარტავს, რომ მათგან უმრავლესობა ეკომიგრანტია, გდგ დოკუმენტის შემუშავება კი სწორედ მათ საცხოვრისით უზრუნველყოფას ემსახურება. კონცეფციის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ ასეთი 1607 ოჯახია.

ამონარიდი კონცეფციიდან:

„კონცეფციის დამტკიცების მიზანია არსებული განაშენიანების მაცხოვრებელთა დაკმაყოფილება ტერიტორიის ერთ ნაწილში [1607 ოჯახი – ბინების გადაცემა საკუთრების დადგენილი ფორმით], აპრობირებული ნომენკლატურისა და სტანდარტების სოციალური საცხოვრისის მშენებლობისათვის მშენებლობის ხანგრძლივობა – 2023-2026.“

დარჩენილ ნაწილზე კი მთავრობა კერძო ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. კონცეფციით დადგინდა და შემდგომში განაშენიანების დეტალური გეგმით [გდგ] უნდა დაზუსტდეს პირობები კერძო ინვესტორებისთვის – კომპლექსის დარჩენილი ნაწილის განვითარების მიზნით: „მშენებლობის ხანგრძლივობა – 2023-2030“.

ესკიზი

მთავრობის ინფორმაციით, სამხედრო ბაზის კაპიტალური ნაგებობების უმეტესობა მთლიანად ან ნაწილობრივ დაშლილია. დარჩენილია მხოლოდ ოთხი შენობა, რომელიც ტერიტორიის ათვისების შედეგად დემონტაჟს დაექვემდებარება.

არსებული განაშენიანების სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ამჟამად, მიმდინარეობს მრავალბინიანი სოციალური საცხოვრებელი სახლების [3 ბლოკი] მშენებლობა, რომელშიც მთავრობამ ბინები უნდა გადასცეს ოჯახების ნაწილს, რომლებიც ბარაკული ტიპის სახლებში ცხოვრობენ.

საცხოვრებელი კომპლექსი „ოცნების ქალაქში“

კონცეფციის მიხედვით: გეგმარებით ტერიტორიაზე არ არის წარმოდგენილი საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიები და სივრცეები. ხალვაშის ქუჩის გასწვრივ ხეივანი კი დეგრადირებულია:

„არსებულ განაშენიანებას არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული ქუჩათა/გზათა ქსელი.“

გეგმარებით ერთეულში ასევე არ არის სოციალური ინფრასტრუქტურა, არ არის ადმინისტრაციული, ჯანდაცვის, კულტურის და სხვა ობიექტები.

დოკუმენტის მიხედვით, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საჭიროა მაღალი ინტენსივობის საცხოვრისის განვითარება – კ-1/კ-2 პარამეტრების დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ცალკეულ შემთხვევებში კი, პარამეტრების განსხვავებული მაჩვენებლების დადგენა.

მცირე ნაწილში წარმოდგენილი იქნება ასევე საქმიანი ზონა, რომლის საჭიროებაც განაპირობა მრავალფუნქციური კომპლექსის დაგეგმვამ საცხოვრებელი ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ხალვაშისა და ოპიზრების ქუჩების კვეთასთან.

დოკუმენტის თანახმად, დაგეგმილ პროექტებს ესაჭიროება კ 2 კოეფიციენტის გადამეტება განაშენიანებისთვის განკუთვნილ 11 მიწის ნაკვეთზე.

„ოცნების ქალაქი“ / ფოტომონტაჟი ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საკონკურსო დოკუმენტიდან

დოკუმენტის მიხედვით, მთლიანი გეგმარებითი ტერიტორია დაიყოფა საცხოვრებელი განაშენიანების და მისი დამხმარე ინფრასტრუქტურის შემცველ კვარტლებად – სამეზობლო ბლოკებად, რომელთა შემაკავშირებელ და ქალაქის დანარჩენ ნაწილებთან დამაკავშირებელ ფუნქციას შეასრულებს გამჭოლი კვარტალშორისი ქუჩები, სადაც საგზაო მოძრაობის ორგანიზებისთვის მომზადებულია ორი ალტერნატიული გადაწყვეტა: ცალმხრივი და ორმხრივი მოძრაობებით.

კონცეფციის მიხედვით, „გამჭოლი კვარტალშორისი ქუჩები ჯვარედინ ბადეზეა დაგეგმარებული და დაახლოებით შუაზე კვეთს  ტერიტორიას. მათ პარალელურად, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დაგეგმარებულია შიდაკვარტალური გამჭოლი და პასიური მოძრაობის პარალელური ქუჩები.“

მთლიან გეგმარებით ტერიტორიაზე დაგეგმილია საცხოვრებელი ზონის [საგზაო მოძრაობის] რეჟიმის ამოქმედება, სიჩქარის მაქსიმალური შეზღუდვით – 20 კმ/სთ. ქუჩებზე ასევე გათვალისწინებულია ველობილიკის არსებობა.

კონცეფციის თანახმად, ტერიტორიის უკიდურეს დასავლეთ კვარტალს იკავებს მიმდინარე მშენებლობა, რომელიც განიხილება პირველ ეტაპად. მის მიმდებარედ კვარტლებში დაიგეგმა: საბავშვო ბაღი, სკოლა და სპორტ-კომპლექსი. სამივე ინფრასტრუქტურა საერთო სარგებლობისაა. ამასთან, ყველა საცხოვრებელ კვარტალში დაგეგმარებულია შიდაკვარტალური ინფრასტრუქტურა: საბავშვო მოედნები და სპორტ-მოედნები.

დოკუმენტის მიხედვით, განაშენიანების სიმაღლის ზრდის შეზღუდვის ერთ-ერთი ფაქტორი განპირობებულია აეროდრომის უსაფრთხოების რეჟიმით.

სკრინინგის განცხადებაზე თანდართული შპს ,,ბათუმის აეროპორტის” წერილის მიხედვით, დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული აეროდრომის რაიონში და დასაშვებია ისეთი შენობა-ნაგებობების და სხვა ობიექტების განთავსება, რომელთა მაქსიმალური სიმაღლის ნიშნული არ აღემატება საშუალო ზღვის დონიდან +56.38 მეტრს.

ამ საკითხთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო წერს: „საჭიროა, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული წერილში მითითებული საკითხი და მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები მაქსიმალური სიმაღლის ნიშნულის გადაჭარბების თავიდან აცილების
თაობაზე, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში. მათ შორის, განხილულ იქნას აღნიშნული ნიშნულის შემცირების/ არასრული ათვისების საკითხი.“

კონცეფციის მიხედვით, არასამშენებლო ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს საერთო სარგებლობის ბულვარი, ხეივნი და სკვერი, დარგობრივი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაკმაყოფილების პირობით.

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმის მერიაში შეურაცხყვეს, მერია უარყოფს

მოქალაქე გიორგი რომანოვსკი ამბობს, რომ მას ბათუმის მერიაში შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, ის ბათუმის მერიაში კონკრეტული საქმის გამო მივიდა, სადაც სამუშაო საათებში საჯარო მოხელეები ნასვამ მდგომარეობაში დახვდნენ.

„მივედი მერიაში, გარე რეკლამასთან დაკავშირებით რაღაც დეტალების გარკვევას ვაპირებდი და შევედი ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც რამდენიმე ადამიანი დამხვდა. ვისკი ჰქონდათ მაგიდაზე და სვამდნენ.

ხელმძღვანელი სად არის-მეთქი ვიკითხე და „ცისფერი მთები“ ხომ გახსოვთ ფილმი, იქ რომ ეუბნებიან „შვებულებაშია, მაგრამ დაელოდეთ“, ასე მიპასუხეს დაახლოებით, „წასულია, ლექციებზეა და დაელოდეთ“. არ მითხრეს, როდის მოვა ან საერთოდ მოვა თუ არა.

ვუთხარი – „რა კარგია ვისკი, რა კარგი ცხოვრება გაქვთ“, ადმინისტრაციულ შენობაში ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს-მეთქი? ამან ისინი გააღიზიანა. რამე არ მოგწონთ? თუ არ მოგწონთ, მიბრძანდით თქვენს რუსეთში ან თქვენს ისრაელშიო, მითხრეს.

მე დედა მყავს ებრაელი და ამიტომ მითხრეს. რას ნიშნავს „მიბრძანდი აქედან“. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება საჯარო მოხელისგან შეურაცხმყოფელია.

მე შეიძლება ახლა რუსეთში ვცხოვრობ, მაგრამ აქაური ვარ, აქ ვცხოვრობდი წლების განმავლობაში. ადმინისტრაციულ შენობაში სვამენ და კიდევ აქეთ მასწავლიან როგორ მოვიქცე? თუკი მერმა მის სამსახურებში ვერ მოაგვარა საქმე, ქალაქში როგორ მოაგვარებს, როგორ მიიყვანა საქმე აქამდე“, – ამბობს გიორგი რომანოვსკი.

მან დღევანდელი ინციდენტის გამო არჩილ ჩიქოვანის სახელზე განცხადებაც დაწერა: „ასეთი დამოკიდებულება ანტისემიტური და არატოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს მერიაში“ – აღნიშნულია განცხადებაში.

„ბათუმელები“ მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მსგავს შემთხვევას ადგილი მერიაში. მერიის პრესსამსახურში გიორგი რომანოვსკის მერიაში ყოფნა დაადასტურეს, თუმცა არ ადასტურებენ მერიის თანამშრომლებისგან მისი შეურაცხყოფის ფაქტს.

„ეს ადამიანი ნამდვილად იმყოფებოდა მერიის არქიტექტურის სამსახურში. მას ჰქონდა სურვილი, რომ შეხვედროდა ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომელს, რომელიც არ იმყოფებოდა ადგილზე, რადგან სალექტორო საქმიანობით არის პარალელურად დაკავებული.

უთხრეს, რომ ხუთშაბათობითაა მოქალაქეთა მიღება და მოსულიყო ამ დღეს, რამაც გამოიწვია ამ ადამიანის გაღიზიანება და შეურაცხყოფა მიაყენა იმ მყოფ ქალებს“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება სამუშაო საათებში მერიის შენობაში ალკოჰოლის მიღებას, პრესსამსახურში ამ ფაქტს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ „ეს არის ცილისწამება და არ შეესაბამება სინამდვილეს“.

ვინ რას მალავს? ხარვეზები თანამდებობის პირთა დეკლარაციებში – „გამჭვირვალობის“ კვლევა

ბინები, მიწის ნაკვეთები, წილები კომპანიებში, მიღებული ანაზღაურების ოდენობა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ აჭარაში არაერთი თანამდებობის პირის დეკლარაციაში ქონების შესახებ ინფორმაცია სრულად ასახული არ არის.

„გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა აჭარის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის თანამდებობის პირების მიერ 2021-2022 წლებში შევსებული დეკლარაციები და 39%-ში ხარვეზები გამოავლინა.

„გამჭვირვალობის ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღემდე მართვის უფლებით მესამე პირს არ გადასცა მის საკუთრებაში არსებული შპს „აჭარა ბერრის ლიმითედის“ 25%-იანი წილი.

„მან 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ამ შპს-ეს წილი მინდობის ხელშეკრულებით მართვის უფლებით გადასცა მადონა ბოლქვაძეს, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეს ცვლილება დღემდე არ აუსახავს.

2022 წლის დეკლარაციაში კი, 2021 წლის დეკლარაციისგან განსხვავებით, თორნიკე რიჟვაძემ საერთოდ არ მიუთითა, რომ წილი მინდობის საფუძველზე მადონა ბოლქვაძისთვის აქვს გადაცემული. მანამდე, 2017 წლის 31 ივლისს, თორნიკე რიჟვაძე ცდილობდა, აღნიშნული ბიზნესწილი ეჩუქებინა თორნიკე კუჭავასთვის, რომელიც მისი მთავრობის თავმჯდომარეობის გარკვეულ პერიოდში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა, მაგრამ წილის ჩუქების ხელშეკრულების სარეგისტრაციო წარმოება საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო, კერძოდ, რეესტრში არ იქნა წარდგენილი პარტნიორთა კრების ოქმი – თანხმობა“, – წერს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაციის ცნობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის საკუთრებაში არსებული 104,39 კვ.მ ბინა ქალაქ ბათუმში.

„მან დეკლარაციაში, ასევე, არ აღნიშნა, რომ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში, კერძოდ, დავით გაბაიძე ფლობს 25%-იან წილს შპს გაბაიძე და პარტნიორებში (კანონმდებლობის თანახმად, წილი მართვის უფლებით გადაცემული აქვს სხვა პირისთვის). დავით გაბაიძეს აგრეთვე არ აქვს დეკლარირებული 2021 წელს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი“, – წერს ორგანიზაცია.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით ბაციკაძემ, 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის საკუთრებაში არსებული 199 კვ.მ მიწის ნაკვეთი 460,8 კვ.მ შენობა-ნაგებობებით და 74,5 კვ.მ ბინა ქალაქ ბათუმში.

„მან დეკლარაციაში, ასევე, არ აღნიშნა მისი და მისი მეუღლის, ნანა ბაჯელიძის სამეწარმეო საქმიანობა.

კერძოდ, დავით ბაციკაძე ფლობს შპს „როიალ ბათუმის” 25%-იან წილს და ნანა ბაჯელიძე ამავე კომპანიის დირექტორია (ნანა ბაჯელიძეა დავით ბაციკაძის 25%-ის მინდობით წილის მმართველიც). დავით ბაციკაძეს არ აქვს დეკლარირებული 2021 წელს მის მიერ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება და მისი მეუღლის მიერ შპს „როიალ ბათუმის” დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული ხელფასი“, – წერს ორგანიზაცია.

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ფატი ხალვაშმა, 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მისი მეუღლის, ნუგზარ ყურშუბაძის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში, კერძოდ, შპს „პრიზას“ დირექტორობა.

ორგანიზაციის ცნობით, სსიპ „ბათუმის ბულვარის” დირექტორის მოადგილემ, სოფიო გუჯაბიძემ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, გიორგი ლომთათიძე ფლობს 34% წილს შპს „მაი ქებ ჯორჯიაში“, 50%-იან წილს შპს „ანდაგში“ და არის შპს „PLAY 4 WIN“-ის დირექტორი.

„გიორგი ლომთათიძე ასევე არის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“ და ა(ა)იპ „ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის” დირექტორი, საიდანაც, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით მიიღო 15 000 ლარის შემოსავალი“, – წერს „გამჭვირვალობა“.

ასევე, „გამჭვირვალობის“ ცნობით, სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, თამარ გაბაიძემ, 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის საკუთრებაში არსებული 97,75 კვ.მ, 65,70 კვ.მ და 65,70 კვ.მ ბინები ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე.

„თამარ გაბაიძემ დეკლარაციაში არასწორად მიუთითა წილის ოდენობა შპს „ძველ ქალაქში“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. ის ასევე არის შპს „სპექტრუმის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თამარ გაბაიძემ უნდა დატოვოს შპს „ძველი ქალაქის“ და შპს „სპექტრუმის“ დირექტორის თანამდებობები და მესამე პირს მართვის უფლებით გადასცეს ამ კომპანიების წილები. მან დეკლარაციაში აგრეთვე არ მიუთითა მეუღლის, კახა ცეცხლაძის 100%-იანი წილი და დირექტორის თანამდებობა შპს „პრექლაბში“ – წერს „გამჭვირვალობა“.

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გიორგი მანველიძემ, 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ფლობს შპს I-G-ის 50% წილს, თუმცა მართვის უფლებით იგი არ გადაუცია მესამე პირზე, რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა.

ორგანიზაციის ცნობით, სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ლაბორატორიის“ უფროსმა, ირაკლი ლოჩოშვილმა, 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის თანასაკუთრებაში არსებული 300 კვ.მ და 300 კვ.მ (158,75 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობებით) მიწის ნაკვეთები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურეხში – „მან აგრეთვე დეკლარაციაში არ აჩვენა მისი მეუღლის, შორენა მახაჭაძის საკუთრებაში არსებული 64,75 კვ.მ ბინა ქალაქ ბათუმში, თამარის დასახლებაში“.

„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ, 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მისი მეუღლის, თეონა ნუმანიშვილის საკუთრებაში არსებული 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში.

„დეკლარაციიდან აგრეთვე ირკვევა, რომ თეონა ნუმანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტია და პარალელურად „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით მუშაობს შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ შესყიდვების სპეციალისტად.

ნუმანიშვილი, ასევე, მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში. ის, ასევე, არის 100% წილის მფლობელი და დირექტორი შემდეგ კომპანიებში: შპს „G.M.T company“, შპს „გორა+“ და შპს „G.T.GROUP“. მანამდე სამივე კომპანიის მფლობელი და დირექტორი გიორგი რომანაძე იყო“, – წერს ორგანიზაცია.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს” უფროსმა თემურ ყურშუბაძემ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მეუღლის, თამილა დუმბაძის საკუთრებაში არსებული 2,500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, რომელზეც განთავსებულია 4 შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 330,37 კვ.მ. დეკლარაციაში აგრეთვე არ აჩვენა 2021 წელს აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება.

ასევე,  სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძემ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის საკუთრებაში არსებული 150,40 კვ.მ ბინა ქალაქ ბათუმში“ – წერს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლევაში წერს უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატების დეკლარაციებში აღმოჩენილ ხარვეზებზეც.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2021 წელს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის პარალელურად, 1-ელი იანვრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა შპს „GIMG“-ის დირექტორის მოადგილედ და ხელფასის სახით მიიღო 25,920 ლარი, 1-ელი მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით მუშაობდა შპს „NEW CITY“-ში კონსულტანტად და ხელფასის სახით მიიღო 900 ლარი შემოსავალი, 1-ელი მაისიდან 1-ელი სექტემბრის ჩათვლით მუშაობდა შპს „სტორნო აუდიტში“ კონსულტანტად და ხელფასის სახით მიიღო 6,000 ლარი. ამ სამუშაოების შესრულებითა და შემოსავლის მიღებით მან დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა.

„უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ანთაძემ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2021 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის პარალელურად, 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ის მუშაობდა შპს „საქართველოს სამედიცინო ჯგუფის“ ლიაზონ ოფიცრად და ხელფასის სახით მიიღო 654 ლარი. ამ სამუშაოს შესრულებასაც და მისგან შემოსავლის მიღებასაც მას კანონმდებლობა უკრძალავს“, – წერს „გამჭვირვალობა“.

ასევე, ორგანიზაციის ცნობით, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ, 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის საკუთრებაში არსებული 149 კვ.მ და 389 კვ.მ მიწის ნაკვეთები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში და 114,61 კვ.მ ბინა ბათუმში. მან დეკლარაციაში არ აჩვენა, რომ ფლობს 50%-იან წილს შპს „ასხში“, რომელიც, დეკლარაციაში ჩვენების პარალელურად, მართვის უფლებით უნდა გადაეცა მესამე პირისთვის, რაც მან არ გააკეთა და ამით დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა“.

„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მედეა ვასაძემ, 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მისი ინდივიდუალური მეწარმეობა.

„დეკლარაციის შევსებისას მედეა ვასაძე შპს „როიალ გარდენსის“ დირექტორიც იყო და პარალელურად ფლობდა ამ კომპანიის 50%-იან წილს, ხოლო დარჩენილ 50%-იან წილს ფლობდა თამაზ დავითაძე.

დეკლარაციის შევსების შემდეგ ორი ცვლილება შევიდა შპს-ეს წილებსა და ხელმძღვანელობაში, კერძოდ, 2022 წლის 11 მაისის ცვლილებით, თამაზ დავითაძემ კუთვნილი 50%-იანი წილი საკუთრებაში გადასცა ქეთევან ბაგრატიონს, 25 მაისის ცვლილებით კი, ქეთევან ბაგრატიონმა მედეა ვასაძე ჩაანაცვლა დირექტორის პოზიციაზე და მართვის უფლებით მიიღო მისი 50%-იანი წილი. მედეა ვასაძემ დეკლარაციაში, აგრეთვე, არ აჩვენა მისი მეუღლის, შალვა ჯინჭარაძის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში. კერძოდ, ის არის შპს „კომფორტი 2“-ის დირექტორი, შპს „BROS“-ის 20% წილის მფლობელი, შპს „პრესტიჟი-2“-ის 50% წილის მფლობელი და დირექტორი, სპს „დანელია და კომპანიის” დამფუძნებელი და დირექტორი“ – წერს „გამჭვირვალობა“.

კვლევაში საუბარია ხარვეზებზე სხვა თანამდებობის პირების დეკლარაციებშიც.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, ჯამში 62 მოქმედი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით 24-მა შეავსო. მათგან 12-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში არ მიუთითა მისი ან/და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

12 თანამდებობის პირს არ აქვს დეკლარირებული მისი ან/და მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში – წილების ფლობა და საწარმოს ხელმძღვანელობა.

11 თანამდებობის პირს არ გადაუცია წილის მართვის უფლება სხვა პირისათვის.

4 თანამდებობის პირს დეკლარაციაში არ მიუთითებია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება, 3-მა პირმა თანამდებობაზე ყოფნისას მიიღო შემოსავლები აკრძალული/ნებადაურთველი საქმიანობიდან.

„ორმა თანამდებობის პირმა – უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ილია ვერძაძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ გამოასწორეს ჩვენს 2019 წლის კვლევაში მითითებული ხარვეზები, ხოლო მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, არ გაითვალისწინა 2020 წლის კვლევაში ნახსენები ხარვეზი“, – წერს ორგანიზაცია.

_________________

ფოტოზე: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე

ნათია კაპანაძის სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

ნათია კაპანაძის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო და იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს. ის სასამართლოში ითხოვდა უნდობლობის საკითხზე აჭარის ტელევიზიის ბორდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დირექტორის პოზიციაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას.

——————

ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოსეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის [ნატა იმედაიშვილი, გიგა ჩხარტიშვილი, ირაკლი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე] არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანა.

„ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 25 მაისს დაიწყო.

რა თქვეს მოწმეებმა სასამართლო პროცესებზე ნახეთ აქ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ტელევიზიის ყოფილი ბორდის არგუმენტები გაიზიარა სატელევიზიო რეიტინგის, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის, შრომის ანაზღაურების ცვლილებისა და თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ნაწილში. მოსამართლემ გაიზიარა ყოფილი ბორდის მოსაზრება, მაგალითად, რეიტინგებზე, მაშინ, როდესაც ბორდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატა იმედაშვილმაც კი უთხრა, რომ რეიტინგი არაა საკითხი, რაც შესაძლოა იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

მოსამართლეს რეიტინგების დათვლის სპეციალისტმაც უთხრა, როგორც მოწმემ, რომ რეიტინგის შემცირება უკავშირდებოდა სატელევიზიო ბადიდან მექანიკის (სერიალები, მხატვრული ფილმები) ამოღებას და მცდელობას, ტელევიზიას საკუთარი გადაცემები შეეთავაზებინა მაყურებლისთვის.

ნათია კაპანაძის შემდეგ სასამართლოს 11-მა ჟურნალისტმა და რედაქტორმა მიმართა, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის პირობებში სამსახურიდან გაუშვეს, ან მათი სამსახურებრივი მდგომარეობა შეცვალეს. ამ საქმეების დიდი ნაწილის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

2023 წლისთვის რუსეთი ზაპოროჟიესა და სუმის მხრიდან თავდასხმას გეგმავს – უკრაინელი გენერალი

უკრაინის რადის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი მიხაილო ზაბროდსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ჯარები, რომლებიც ახლა ხერსონის ოლქში არიან, ხერსონის დეოკუპაციის შემდეგ კრემლმა შესაძლოა ზაპოროჟიესა და სუმის ოლქებისკენ გადაისროლოს.

მისი თქმით, ამ მანევრით რუსეთი ეცდება, 2023 წლისთვის ამ ტერიტორიებზე შექმნას ძლიერი დანაყოფები, რომლებიც შემდეგში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის არმიის ალყაში მოქცევას მოახერხებენ.

საკუთარი პროგნოზის შესახებ ზაბროდსკი „უკრინფორმზე“ გამოქვეყნებულ ბლოგში წერს.

„სწორედ ახალშექმნილი დაჯგუფებების დახმარებით რუსები ეცდებიან,  ერთდროულად შეუტიონ სუმა-პოლტავა-დნეპრისა და ზაპოროჟიე-დნეპრის მიმართულებებს. პარალელურად, დონბასში მყოფი რუსეთის არმია ეცდება, უკრაინის ძალები ამ რეგიონში შეაკავოს და მათ სხვა მიმართულებებზე ბრძოლის საშუალება არ მისცეს,“ – წერს ზაბროდსკი.

გენერალი განმარტავს, რომ რუსეთის ამგვარი ქმედებების მიზანი ასევე შეიძლება იყოს უკრაინის იძულება, კრემლის პირობებით დათანხმდეს მოლაპარაკებებს.

ზაბროდსკი დასძენს, რომ ამ გეგმას ოკუპანტი არმიის სარდლობა ჯერ კიდევ გაზაფხულზე განიხილავდა, ამიტომაც ის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სიახლე არ იქნება.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, არ არის გამორიცხული, რუსებმა გარკვეული დასკვნები გააკეთონ უკვე წარსული მარცხიდან და მომავალში დიდი ქალაქების დაკავების ნაცვლად საგზაო მაგისტრალები და ის ლოგისტიკური გზები დაიკავონ, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ მიმართულების მომარაგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ზაბროდსკი აღნიშნავს, რომ უკრაინამ უკვე დაიწყო ამ ორ მიმართულებაზე თავისი ჯარების გაძლიერება, თუმცა მისი აზრით, რუსეთის შესაძლო გეგმასთან დასაპირისპირებლად უკრაინას საგანგებო დანაყოფების შექმნაც მოუწევს. ამისთვის უკრაინას ცოცხალი ძალის გარდა დასჭირდება 600-მდე ტანკი, 1100-მდე ჯავშანტრანსპორტიორი, ასევე ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანები და 500 ერთეული არტილერია.

ბათუმის სანდასუფთავება 27 460 ლარად სამბორბლიან ველოსიპედებს ყიდულობს

ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავება“ სამბორბლიან  8 ველოსიპედის ყიდვას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 27 460 ლარია.

ანუ ერთ ველოსიპედში „სანდასუფთავება“ მაქსიმუმ 3 398 ლარს გადაიხდის [ტენდერში ფასის კლების ბიჯი 270 ლარია].

ტექნიკური პირობის მიხედვით, ველოსიპედი უნდა იყოს:

  • სამბორბლიანი, მრავალფუნქციური [ქარხნული წარმოების], ახალი, ფოლადის კორპუსით და სამუხრუჭე სისტემით;
  • ტვირთამწეობა – არანაკლებ 190 კგ.
  • გადაცემა: მრუდ მხარეს ვარსკვლავას სიჩქარის თანაფარდობა არის 36 კბილანა წინა დისკისთვის და 20 კბილანა უკანა დისკისთვის.
  • დამატებითი აქსესუარები: ხმოვანი სიგნალი (ზარი);  კაბინას სამ მხარეს უნდა გააჩნდეს ამრეკლები;
  • ველოსიპედი უნდა იმართებოდეს ჯაჭვისა და პედლების საშუალებით.
შესასყიდი ველოსიპედის ნიმუში ტენდერიდან

ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტი ვერ გაივლის შერჩევას, თუ ფასების ცხრილში მითითებული არ იქნება მწარმოებელი და წარმოშობის ქვეყანა.

„პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქარხნული ტექნიკური მახასიათებლები (დამოწმებული მწარმოებლის მიერ), რომლითაც დადასტურდება მოსაწოდებელი საქონლის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ტექნიკურ მახასიათებლებთან.

ასევე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დადასტურდება მოსაწოდებელი საქონლის შესაბამისობა მოთხოვნილ ტექნიკურ მახასიათებლებთან“, – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.

ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 8 ნოემბერს და 10 ნოემბერს დასრულდება.

გამარჯვებულმა „სანდასუფთავებას“ ველოსიპედები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა მიაწოდოს [მოთხოვნიდან 5 დღეში კი, უნდა წარუდგინოს 1 ცალი ნიმუში].

ადიდებული მდინარის გამო მტირალას პარკში ჩარჩენილი 11 მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს

მტირალას ეროვნული პარკიდან სამაშველო ოპერაციის შედეგად 11 მოქალაქე გამოყვანეს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, მაშველებმა მდინარე ჩაქვის წყლის ერთ-ერთ შენაკადზე ფორსირებისთვის სპეციალური აღჭურვილობა უმოკლეს დროში დაამონტაჟეს და ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს.

სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის მთავარი სამმართველოს 7 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

რუსი გენერლები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდნენ – NYT

რუსეთის არმიის მაღალჩინოსნები განიხილავდნენ, სად და როგორ შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ – ინფორმაციას, რომ კრემლში ამგვარი საუბრები შედგა, ამერიკული The New York Times-ი კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ განხილვაში თავად ვლადიმერ პუტინი არ მონაწილეობდა, თუმცა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ დისკუსია მიმდინარეობდა უკრაინაში ბრძოლის ველზე არაერთი მარცხისა და რუსეთის გაძლიერებული ბირთვული რიტორიკის ფონზე.

The New York Times-ის ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ მაღალჩინოსანი რუსი სამხედროები ასეთ შესაძლებლობას განიხილავენ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეს აჩვენებს, რამდენად იმედგაცრუებულნი არიან რუსი გენერლები საკუთარი წარუმატებლობით უკრაინაში და ადასტურებს, რომ პუტინის მუქარები ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, შესაძლოა, ცარიელი სიტყვები არ აღმოჩნდეს.

როგორც გამოცემის წყაროები დასძენენ, ჯერჯერობით შეერთებულ შტატებს არ მიუღია მტკიცებულება, რომ რუსებმა ბირთვული იარაღი გადააადგილეს ან დარტყმისთვის ემზადებიან.

ჟურნალისტების თქმით, დაზვერვის ცნობები რუსი სამხედროების მსჯელობის შესახებ, შეერთებული შტატების ხელისუფლების შიდა წრეებში ოქტომბრის შუა რიცხვებში გავრცელდა, თუმცა გამოცემის წყაროები არ აკონკრეტებენ, თუ რა სცენარებს განიხილავდა რუსეთის სარდლობა.

შეერთებული შტატების უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ „დაზვერვის ამ ანგარიშის“ კომენტირებაზე უარი განაცხადა.

„ჩვენ თავიდანვე ცხადად განვმარტეთ, რომ რუსეთის კომენტარები ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ამ განცხადებებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ განვაგრძობთ დაკვირვებას და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ამ იარაღის გამოყენებას აპირებს,“ – ამბობს კირბი.

პენტაგონის შეფასებით, რუსეთს შეიარაღებაში 2000-მდე ერთეული ტაქტიკური ბირთვული იარაღი აქვს. დღემდე არც ერთი მათგანი ბრძოლაში არ გამოუყენებია, თუმცა ეს შესაძლებელია ნებისმიერი გზით, მათ შორის, რაკეტების ან საარტილერიო ჭურვების დახმარებით.

ტაქტიკური ბირთვული იარაღი ნაკლები სიმძლავრისაა და განკუთვნილია შედარებით ნაკლებ დისტანციაზე გამოსაყენებლად, ვიდრე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო თავები.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პუტინს აქვს ერთპიროვნული უფლება გადაწყვიტოს, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს და ამ გადაწყვეტილების მიღება მას თავისი გენერლების გარეშეც შეუძლია.

საუდის არაბეთმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანი მასსა და ერაყზე თავდასხმას ამზადებს – WSJ

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ „უახლოეს მომავალში“ ირანი ერაყსა და საუდის არაბეთზე თავდასხმას ამზადებს, რათა თავისი მოსახლეობის ყურადღება შიდა ანტისამთავრობო პროტესტებისგან სხვა პრობლემაზე გადაიტანოს.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ The Wall Street Journal საუდის არაბეთისა და შეერთებული შტატების თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საუდის არაბეთის სამეფომ შეერთებულ შტატებს თავისივე დაზვერვის მიერ მოპოვებულ ცნობებთან ერთად ირანის გეგმების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც გაუგზავნა. ამ შეტყობინების თანახმად, ირანი ამზადებს თავდასხმას როგორც საუდის არაბეთზე, ისე ერაყის ქალაქ ერბილზეც.

The Wall Street Journal-ს დაუდასტურეს, რომ თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭო ამ ინფორმაციით შეშფოთებულია და მზად არიან, ირანის ქმედებებს უპასუხონ.

„შეშფოთებულები ვართ საფრთხით და მუდმივი კონტაქტი გვაქვს საუდის არაბეთის კოლეგებთან. ეჭვგარეშეა, რომ ვიმოქმედებთ რეგიონში ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ინტერესების დასაცავად,“ – ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო.

ირანმა ჩრდილოეთ ერაყზე თავდასხმები ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს დაიწყო. ქვეყანამ ათობით ბალისტიკური რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ქალაქ ერბილში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზის ძალებმა ჩამოაგდეს.

თეირანი ამ თავდასხმებს იმით ამართლებს, რომ მისი თქმით, ირანში არეულობებს იწვევენ ქურთი სეპარატისტების დაჯგუფებები, რომლებიც თითქოს ქალაქ ერბილში არიან თავმოყრილნი.

პარალელურად, ურთიერთობა ირანსა და საუდის არაბეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოფიციალურმა თეირანმა საუდის არაბეთი, შეერთებული შტატები და ისრაელი ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების წახალისებაში დაადანაშაულა.

ცემით მოკლეს ირანელი სკოლის მოსწავლე, რომელმაც არ იმღერა ხამენეის მადიდებელი ჰიმნი

თურქეთი მიწისძვრის დროს გადარჩენის წვრთნებს შაბათს მთელ ქვეყანაში ჩაატარებს

თურქეთი პირველად ჩაატარებს მიწისძვრის საწინააღმდეგო სწავლებას ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 81 პროვინციაში.

თურქული მედიის ცნობით, სწავლება შაბათს, 12 ნოემბერს, 18:57 საათზე გაიმართება. სწორედ ამ დღეს, 1999 წელს, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განცხადებები გაკეთდება ტელევიზიისა და რადიოსადგურების საშუალებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, კატასტროფის ავტომატიზებული გაფრთხილების საშუალებით.

თურქეთის შს მინისტრმა სოილუმ აღნიშნა, რომ ეს იქნება მილიონობით ადამიანისთვის მარტივი სავარჯიშოები, რაც მოიცავს მიწისძვრის მომენტში გადარჩენის სამ ძირითად წესს: ვარდნას თავის შეფარებასა და გაძლებას.

თურქეთი, განსაკუთრებით დიდი ქალაქები დასავლეთ მხარეს, მიწისძვრის მუდმივი საფრთხის ქვეშაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული რღვევის ხაზების გამო. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, თურქეთში 2021 წელს სულ 23 753 სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

თურქეთის ხელისუფლება მუშაობს ქვეყნის მასშტაბით კატასტროფების საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნაზე. ცოტა ხნის წინ თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (AFAD) მოსახლეობას მობილურ ტელეფონებზე გაუგზავნა გაფრთხილება მარმარილოსა და შავი ზღვის რეგიონებში შესაძლო საფრთხის შესახებ ძლიერი წვიმის წინ.

_____________________________

მთავარ ფოტოზე: მოსწავლეები მიწისძვრის საწინააღმდეგო წვრთნებზე კარაბუკში, ჩრდილოეთ თურქეთში. ფოტო: İHA

„სიყვარული მძიმეა“ – ბათუმის ბულვარი ქანდაკებაში 25 ათას ლარს იხდის

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბულვარში გელა წულაძის ახალ სკულპტურას – „სიყვარული მძიმეა“ დადგამენ.

ესკიზის მიხედვით, ქანდაკების დამზადება-მონტაჟის სამუშაოებს ბულვარი გამარტივებული წესით შეისყიდის და შპს „ლიბერტეს“ 25 000 ლარს გადაუხდის.

ამ კომპანიის მფლობელი და დირექტორი კი თავად გელა წულაძეა. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით, 25 ათასი ლარიდან 4 ათასი ლარი საავტორო ჰონორარია.

„სიყვარული მძიმეა“ / ესკიზი-ფოტომონტაჟი

სკულპტურის დადგმა ბულვარის ადმინისტრაციას გელა წულაძემ 2022 წლის 24 ოქტომბერს შესთავაზა.

ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მიქელაძემ კი ბრძანება გამარტივებულ შესყიდვაზე დღეს, 2 ნოემბერს გამოსცა.

ბულვარის ადმინისტრაციამ დღესვე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც, გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად.

 „მოქანდაკე გელა წულაძე გახლავთ ბათუმის ბულვარში არსებული რამდენიმე საავტორო ქანდაკების ავტორი, რომლებიც ბულვარის სიმბოლოდ და სავიზიტო ბარათადაა ქცეული. გელა წულაძის „სიყვარულის სერიად“ წოდებული რამდენიმე თანამედროვე სკულპტურა, როგორიცაა: „ვარიაცია სიყვარულზე 1“; „ვარიაცია სიყვარულზე 2“; „ვარიაცია სიყვარულზე 3“; „ყირამალა“ უკვე ათწლეულზე მეტია ამშვენებს ბულვარის ზღვისპირა ზოლს და დიდ მოწონებას იმსახურებს ვიზიტორებში.

ახალი ქანდაკება „სიყვარული მძიმეა“ წარმოადგენს ერთგვარ გაგრძელებას აქამდე არსებული ზემოაღნიშნული ნამუშევრების, რომლებიც გელა წულაძის მიერაა შექმნილი ბულვარის ტერიტორიაზე, შესაბამისად, ახალი ქანდაკების „სიყვარული მძიმეა“ განთავსება კიდევ უფრო მეტად გაამდიდრებს არსებულ ქანდაკებათა ანსამბლს, რომელიც შექმნის ბათუმის ბულვარის ვიზიტორებისთვის კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ სანახაობრივ ატრაქციას. სწორედ ზემოაღნიშნულმა განაპირობა შესყიდვის საჭიროება“, – აღნიშნულია ბულვარის განაცხადში.

გელა წულაძის მიერ ბულვარის ადმინისტრაციაში გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სკულპტურის დადგმა სასურველია „ბულვარის შიდა ხეივანში, კერძოდ, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე ერთ-ერთ მწვანე სივრცეში“.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გელა წულაძის საავტორო რამდენიმე სკულპტურა, რომლებიც დაზიანებული იყო, ბულვარში უკვე აღდგენილია.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ბათუმის ბულვარი 72 ათას ლარს გადაიხდის 4 ქანდაკების რეაბილიტაციაში

ბათუმში ზღვაში წუხელ გაუჩინარებული კაცი ჯერ კიდევ ვერ იპოვეს

ამ დრომდე არ უპოვიათ კაცი, რომელიც წუხელ, პირველ ნოემბერს, ბათუმის სანაპიროზე, ზღვაში გაუჩინარდა.

პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში „პიერ ბათუმის“ პირსიდან გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, კაცი სავარაუდოდ პირსიდან გადახტა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძებნისა და სამაშველო ღონისძიება.

ბათუმში ახალ ველობილიკებს მოაწყობენ – რა წერია საკრებულოს მიერ დატმკიცებულ გენგეგმაში

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 10-ზე მეტი წელია არსებობს ველობილიკები, იმართება ველომსვლელობები და ველომარათონები, ველოსიპედით გადაადგილება პრაქტიკული დანიშნულებით ბათუმში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის აქტუალური. მიმდინარე ურბანიზაციისა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, ქალაქში გაძლიერდა ზეწოლა ურბანული ტრანსპორტის სისტემებზე, ველოსიპედით მოძრაობა სამანქანო გზაზე არ არის უსაფრთხო, ველობილიკებისა და ტროტუარების დიდი ნაწილი კი ავტომობილების საპარკინგე სივრცედ არის გამოყენებული.

ქალაქის ველოგადაადგილების გენერალური გეგმა ბათუმის საკრებულომ მხოლოდ ახლა, 2022 წლის 31 ოქტომბერს დაამტკიცა.

გეგმის მიზანია „ყველას შეეძლოს ველოსიპედით უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილება ქალაქის ყველა ნაწილში, ყოველდღიური მიზნებისთვის“. მასზე დაახლოებით ერთი წელია მუნიციპალიტეტის, ველომომხმარებელთა ადგილობრივი ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) რეგიონული პროგრამის ფარგლებში მუშაობდნენ.

ბათუმში ამჟამად 26 კმ სიგრძის ველოინფრასტრუქტურაა, რომელიც ძირითადად ზღვისპირა პარკისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს.

გეგმაში შემოთავაზებულია, ბათუმში 66 კმ სიგრძის პერიფერიული მარშრუტების ქსელის დაგეგმვა, ველოინფრასტრუქტურის დიზაინის პროექტის ჩათვლით. შემოთავაზებული ქსელი მთელ ქალაქს მოიცავს და ეფუძნება დაცული ველობილიკების შემოღებას, რომელთა დახმარებითაც ველოსიპედით მოძრაობის სამანქანო მოძრაობისგან სტრუქტურულად განცალკევებულია. შემოთავაზებული ველოქსელების ღირებულება დაახლოებით 3.1 – 5.2 მილიონი ლარია.

ქსელის არსში უკეთ წვდომის მიზნით, ბათუმის მარშრუტიზებული ქსელი დაყოფილია პირველად და მეორად კატეგორიებად. პირველადი ქსელი არის ბათუმში ველოსიპედის ქსელის განვითარების პირველი და ყველაზე კრიტიკული ეტაპი, ხოლო მეორადი ქსელი შედგება დამატებითი საგზაო კავშირებისაგან, რომლებიც შეიქმნება განხორციელების შემდგომ ეტაპზე.

გეგმის მიხედვით, მთლიანი ქსელის მოწყობისთვის მუშაობა მომავალი წლიდან დაიწყება და ეტაპობრივად 2025-2030 წლებში დასრულდება. დაფინანსებისა და განხორციელების საკითხებზე ბათუმის მერიამ უნდა იმუშაოს.

 

ზოგიერთი ე.წ. ამაღლებული ველობილიკის კრიტიკული მდგომარეობა ბათუმში (ფოტოები: თიმ რედი)

ველოსიპედების უსაფრთხო საპარკინგე ადგილები – იმის გამო, რომ ქალაქში ველოსიპედის საპარკინგე ობიექტების ნაკლებობაა, ველოსიპედის ქურდობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რის გამოც ველოსიპედები ადამიანებს შეაქვთ შენობებში. საცხოვრებელ კორპუსებში, როგორც წესი, არ არის ველოსიპედის შესანახი სარდაფები ან ღამით ველოსიპედის დაცვის სხვა საშუალებები. გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ველოსიპედების უსაფრთხო საპარკინგე ობიექტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა სათანადო დანიშნულების ადგილზე, ასევე საცხოვრებელ ადგილებში და საცხოვრებელ კორპუსებთან.

ველოსიპედის გაზიარების სერვისის (ბათუმველოს) განახლება – ბათუმში 2011 წელს ამოქმედდა ველოსიპედების გაზიარების მუნიციპალური სისტემა. მის განკარგულებაშია 370 ველოსიპედი და 23 ტერმინალი. მათი უმეტესობა მდებარეობს ქალაქის სანაპირო და ცენტრალურ რაიონებში.  თუმცა 2020 წლიდან სისტემის მუშაობა შეიზღუდა: 370 ველოსიპედიდან უმეტესობა აღარ არის გამოსაყენებლად ვარგისი, ბევრი ტერმინალი მწყობრიდან გამოსულია.

2020 წელს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ განახორციელა „ბათუმველოს“ მოდერნიზება. ველოსიპედების გაზიარება და დაბრუნება შესაძლებელია „ბათუმველოს“ 15 სადგურზე. 100 ველოსიპედი აღჭურვილია განახლებული GPS სისტემით. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ველოსიპედი ძველია, დაზიანებულია ან მწყობრიდან არის გამოსული. გეგმის მიხედვით, დაგეგმილია 2024 წლისთვის ველოსიპედების გაზიარების სქემის გაფართოება მთელ ქალაქში, მაღალი ხარისხის ველოსიპედების შეთავაზების მეშვეობით.

გეგმის მიხედვით, რეკომენდებულია ველოქსელის გაფართოება ბათუმის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით აქტუალურია კავშირი ჩრდილოეთით ქობულეთის მუნიციპალიტეტთან (მათ შორის, ჩაქვთან), სამხრეთით სარფისკენ გაგრძელება და აღმოსავლეთით მირვეთის ჩანჩქერის მიმდებარე ბილიკების დაკავშირება.

რეკომენდაციის სახით გეგმაში ჩადებულია, რომ ქალაქში ხშირად მოეწყოს „დღეები მანქანის გარეშე“ (2023-დან), ქალაქის დღეს – ბათუმობაზე ქალაქის ზოგიერთი ნაწილი იქცეს ველოქუჩებად (023).

გენგეგმაში წერია, რომ ვინაიდან არ არსებობს ველოინფრასტრუქტურის დიზაინის ეროვნული რეგულაცია ან არასავალდებულო სახელმძღვანელო დოკუმენტი, ბათუმის მერიამ უნდა შეიმუშაოს დიზაინის ადგილობრივი გაიდლაინი, რომელიც შეიძლება დაეფუძნოს სწორედ ამ გენგეგმაში წარმოდგენილ ინფრასტრუქტურის დიზაინს, ან სხვა საერთაშორისო გაიდლაინებს. მათ შორის არის:

დაცული ველობილიკი/განცალკევებული ველობილიკები
ველოქუჩები, რომლებზეც დაბალია საავტომობილო მოძრაობის მოცულობა და სიჩქარე და რომლებიც ისეა მონიშნული და დაპროექტებული, რომ უპირატესობა მიენიჭოს ველოგადაადგილებას.
საზიარო სივრცე – სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდული სიჩქარისა და ინტენსივობის გზები შეიძლება საზიაროდ იქნას გამოყენებული ველოსიპედისტებისა და ავტომობილისტების მიერ და მონიშნულია საზიარო საველოსიპედო-საავტომობილო ზოლის ისრებით („sharrows“).

გეგმის მიხედვით, იმისათვის, რომ ველობილიკები გზის არსებულ განზომილებებში მოთავსდეს, ზოგიერთ შემთხვევაში საავტომობილო მოძრაობის ზოლები და პარკირების ადგილები შეიძლება შემცირდეს ზოლების შევიწროების, პარკირების ადგილების რაოდენობის შეზღუდვის ან პარკირების ადგილების სრულად გაუქმების გზით, „ასეთი მიდგომა ეხება მხოლოდ გზებს, სადაც, სულ მცირე, ორი ზოლია და ერთი ზოლის გაუქმება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მოძრაობაზე“; მაგალითად:

ჯავახიშვილის ქუჩის განივი კვეთა ხიმშიაშვილისა და გორგილაძის ქუჩებს შორის, არსებული მდგომარეობა (პროგრამა Streetmix-ის გამოყენებით შედგენილი საკუთარი ნახაზი)
ჯავახიშვილის ქუჩის განივი კვეთა ხიმშიაშვილისა და გორგილაძის ქუჩებს შორის, ახალი შემოთავაზება (პროგრამა Streetmix-ის გამოყენებით შედგენილი საკუთარი ნახაზი)

გვცემდნენ კონდახით და ელექტროშოკით – ბრიტანელი ტყვეები რუსებზე

ბრიტანელები – შონ პინერი და ეიდენ ასლინი რუსეთის ტყვეობაში გატარებულ დღეებს იხსენებენ და ჰყვებიან, რომ მათ აშიმშილებდნენ, იარაღის კონდახით სცემდნენ და ელექტროშოკით აწამებდნენ.

49 წლის შონ პინერი, რომელიც 2018 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იბრძოდა, რუსებმა ჯერ კიდევ აპრილში დააკავეს მარიუპოლში და ეიდენ ასლინთან და მაროკოელ საადუნ ბრაჰიმთან ერთად სიკვდილი მიუსაჯეს.

პინერი იხსენებს, რომ დაახლოებით 50 დღის განმავლობაში მას მხოლოდ წყალსა და პურს აძლევდნენ, ტყვეობის 5 თვეში კი ელექტროშოკით წამება და იარაღის კონდახით ცემა გადაიტანა.

„ფეხში დანას მირტყამდნენ… სიკვდილით დასჯა მოგვისაჯეს, თუმცა ვფიქრობდი, რომ ვიდრე დაგვხვრეტდნენ, მანამდე შიმშილით დავიხოცებოდით,“ – ამბობს შონ პინერი.

„ნორმალურად ტუალეტშიც ვერ გავდიოდით, რადგან ტუალეტი საერთოდ არ გვქონდა, ამ საქმისთვის ცარიელ ბოთლებს ვიყენებდით,“ – იხსენებს ტყვეობიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი ბრიტანელი ეიდენ ასლინი, რომლის თქმითაც, მათ „ძაღლსაც რომ არ ექცევიან, ისე ექცეოდნენ“.

როგორც ეიდენი ჰყვება, ჯერ იმის გამო სცემეს, რომ ბრიტანელი იყო, შემდეგ კი იმის გამო, რომ სხეულზე უკრაინის გერბის გამოსახულების ტატუ აღმოუჩინეს.

10 უცხოელი ტყვე სექტემბერში უკრაინასა და რუსეთს შორის ყველაზე მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. სწორედ მაშინ დაიბრუნა უკრაინამ „აზოვსტალის“ დამცველები და „აზოვის“ პოლკის მეთაურები, რომლებიც შეთანხმებისამებრ, ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან.

10 უცხოელი – მათ შორის ხუთი ბრიტანელი – შონ პინერი, ეიდენ ასლინი, ჯონ ჰარდინგი, დილან ჰილი და ენდრიუ ჰილი ჯერ საუდის არაბეთში ჩაიყვანეს, შემდეგ კი ბრიტანეთში დააბრუნეს.

„როდესაც ომი დამთავრდება, ძალიან მინდა ისევ დავბრუნდე და დავრჩე უკრაინაში, ეს შესანიშნავი ქვეყანაა,“ – ამბობს შონ პინერი, რომელიც ოჯახს დაჰპირდა, რომ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ საბრძოლველად აღარ წავიდოდა.

მთავარ ფოტოზე: ჯონ ჰარდინგი (მარცნივ), შონ პინერი (ცენტრში) და ეიდენ ასლინი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ/ფოტო: ეიდენ ასლინი

თიბისის ციფრულ ბანკში საჩუქრებია

დღეიდან თიბისი ციფრულ ბანკში მასშტაბურ კამპანიას იწყებს. ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ყოველდღიური ფულადი პრიზები, ან გახდეს 50 000, 20 000 ან 10 000 ლარის მფლობელი.

წესები ძალიან მარტივია! ციფრულ ბანკში შესვლისას, საჩუქრის ღილაკია, რომელზეც თითის დაჭერის შედეგად, გამოჩნდება კითხვა, რომელსაც სწორად და სწრაფად უნდა ვუპასუხოთ. სწორი პასუხის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს 50 ქულას, ხოლო არასწორი პასუხის შემთხვევაში – 10 ქულას. ბონუს კითხვებზე პასუხის გაცემით კი, ქულები ორმაგდება.

დაგროვებული ქულების გადაცვლა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი სხვადასხვა საჩუქარზე, ან ბოლო ეტაპზე, მინიშნებებზე.

კამპანია 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი თიბისის ციფრული ბანკის მომხმარებლებისთვის, მთავარია მომხმარებელს გადმოწერილი ჰქონდეს თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაცია და იყოს სრულწლოვანი.

თიბისის ციფრული ბანკი 800 000-ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილია. ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს სხვადასხვა ტრანზაქციის შესრულება, თუ მომსახურების მიღება მცირე დროშია შესაძლებელი. თიბისი აგრძელებს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის.

გაიგეთ უფრო მეტი აქ: https://www.products.tbconline.ge/digital-bank-gifts

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 73 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
  • ტანკი – 2 714 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 5 525 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 1 733 ერთეული [+3]
  • MLRS – 387 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 198 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 277 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 258 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 438 ერთეული [+23]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 397 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 153 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 154 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 330 თვითმფრინავი
  • 167 ვერტმფრენი
  • 2 414 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 384 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 270 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 881 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 544 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 6 967 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ოქტომბერში უკრაინამ 2535 კმ2 ტერიტორია დაიბრუნა

„ვაგნერის“ წინსვლა დღეში 200 მეტრია, უკრაინის არმიის – 20 კილომეტრი | ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების სისტემაში საკუთარი ავტორიტეტის გამყარებას ცდილობს.

„ბოლო ორ თვეში, პრიგოჟინი აღარ უარყოფს თავის კავშირს „ვაგნერთან“, ღია და საჯარო განცხადებებს აკეთებს,“ – აღნიშნავს უწყება 2 ნოემბრის რელიზში.

დაზვერვა იხსენებს პრიგოჟინის 23 ოქტომბრის განცხადებას, რომელშიც ის ადასტურებდა, რომ მისი დაჯგუფების ძალების წინსვლის მაჩვენებელი უკრაინაში დღეში 100-200 მეტრია, რაც მისივე თქმით „თანამედროვე ომისთვის სრულიად ნორმალურია“.

„მათი სამხედრო დოქტრინის თანახმად, რუსეთის არმია დღეში 30 კმ-ით და მეტით წინსვლას გეგმავს. ჯერ კიდევ თებერვალში რუსეთი თვის განმავლობაში უკრაინაში 1000 კმ-ით წინსვლას აპირებდა,“ – წერს უწყება და მიუთითებს, რომ პრიგოჟინის მონაცემების საპირისპიროდ, სექტემბერში უკრაინის არმია დღეში დაახლოებით 20 კმ-ით მიიწევდა წინ.

ევგენი პრიგოჟინის ამბიციების შესახებ არაერთხელ წერდა ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტიც (ISW), რომლის ანალიტიკოსების შეფასებითაც, „ვაგნერის“ მფლობელი და „პუტინის მზარეულად“ წოდებული ოლიგარქი პოლიტიკურ ძალად ყალიბდება და საფრთხეს უქმნის პუტინის ძალაუფლებას.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. დაზვერვის გუშინდელი რელიზის ყურადღების ცენტრში ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული გამანადგურებელი თვითმფრინავები და ბალისტიკური რაკეტები იყო. ამ შეიარაღებას, უწყების შეფასებით, რუსეთი ბელარუსში დასავლეთის დასანახად ინახავს.

რუსეთმა უკრაინაში პარტიზანული მოძრაობის ჩახშობა ვერ შეძლო – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინელ პარტიზანთა ეფექტიანი თავდასხმები იძულებულს ხდის რუსეთის ხელისუფლებას, თავისი რესურსები ფრონტის ოპერაციებიდან ზურგის რაიონების უსაფრთხოებისკენ მიმართოს.

როგორც დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, პარტიზანები მნიშვნელოვნად აუარესებენ რუსეთის შესაძლებლობას, წინააღმდეგობა გაუწიოს უკრაინელთა შეუჩერებელ კონტრშეტევას, რის ფონზეც რუსეთის არმიას შეტევების ძალა აღარ რჩება.

„უკრაინელ პარტიზანთა თავდასხმები შესაძლებელი გახადა ცუდმა რუსულმა ოპერატიულმა უსაფრთხოებამ, ხოლო ცოცხალი ძალის მზარდი დეფიციტი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო აუარესებს რუსების უნარს, ეფექტიანად დაიცვან პარტიზანებისგან ზურგის რაიონები და ამავდროულად, უკრაინელთა კონტრშეტევასაც დაუპირისპირდნენ,“ – წერს ISW.

ISW-ის აზრით, კრემლმა დღემდე ვერ მოახერხა, ეფექტიანი წინააღმდეგობა გაეწია ორგანიზებული უკრაინული პარტიზანული მოძრაობისთვის და ახლა ამას მით უმეტეს ვეღარ შეძლებს.

ინსტიტუტის მონაცემებით, პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ყირიმის გარდა რუსეთს უკრაინაში ოკუპირებული აქვს 85 300 კმ 2, პირადი შემადგენლობის ნაკლებობა კი სერიოზულად უშლის მას ხელს ამ ტერიტორიების შენარჩუნებაში.

ISW-ი ეყრდნობა უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსებს დაახლოებით 40 000 სამხედრო (თავისი ძალების დიდი ნაწილი) ჰყავთ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, სადაც რუსეთი დაახლოებით 23 000 კმ2-ს იკავებს.

„ხერსონის ოლქისთვის პრიორიტეტის მინიჭებამ რუსეთის ძალების უსაფრთხოება შეასუსტა ზაპოროჟიეში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. პარტიზანული თავდასხმები გრძელდება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ამ ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ძალების უუნარობას, უზრუნველყონ უსაფრთხოება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

ISW-ის თავის ანგარიშში მოყვანილი აქვს 35-მდე შემთხვევა. ყველა ეს თავდასხმა პარტიზანულმა ჯგუფებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმეს და განახორციელეს – მათ შორისაა კოლაბორაციონისტთა ავტომანქანების აფეთქებები და თავდასხმები საოკუპაციო ადმინისტრაციებზე.

აჭარაში სავალუტო პუნქტების უკანონოდ მოწყობისთვის 10 პირი პასუხისგებაში მისცეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ცხრა ფაქტი, რაზედაც პასუხისგებაში მისცეს ათი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 550 000 ლარის ოდენობის ექვივალენტი უცხოური ვალუტა.“ – აცხადებს სამსახური

აღნიშნული სახის დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.

დაჩქარებულად რისი განხილვა სთხოვა ომბუდსმენმა საკონსტიტუციოს და რა არის პასუხი

„მიმდინარეობს მუშაობა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ – გვიპასუხეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში, სადაც დღეს, პირველ ნოემბერს ვიკითხეთ, რა შეიცვალა იმ საქმეებზე, რის გამოც სახალხო დამცველმა 21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელების „მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში“ განხილვა სთხოვა.

ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი სარჩელის გამო მიმართა.

„ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული სარჩელებიდან ორი სარჩელი უშუალოდ შეეხება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას. კერძოდ, 1684-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი შეეხება გარკვეული კატეგორიის პირთათვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით თანასწორად სარგებლობის უფლების შეზღუდვას. #1724 კონსტიტუციური სარჩელით კი, სადავოდაა გამხდარი 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობების განხორციელება შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითხოვს კიდევ ერთ სარჩელზეც, რომელიც საერთო სასამართლოს მოსამართლეებს ეხება, მათ 2021 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით განუსაზღვრეს მივლინების წესი. „გაჩნდა მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების შესაძლებლობა,“ – მიიჩნევს სახალხო დამცველი და დასძენს, რომ ანალოგიური შინაარსით საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა მოსამართლეებმაც მიმართეს.

სამივე სარჩელზე ომბუდსმენს მოთხოვნა აქვს სადავო ნორმის შეჩერება, რაც გულისხმობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე [რასაც ზოგჯერ წლები სჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით] შეჩერდეს სადავო აქტის სათანადო ნაწილის მოქმედება.

ამისთვის კი, მოსამართლეები უნდა შეიკრიბონ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.

მოსამართლეები, მაგალითად, სამოქალაქო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, ბოლო დღეს განიხილა და არ დააკმაყოფილა „სახელმწიფო ინსპექტორის საქმეზე“ სადავო ნორმის შეჩერება. სადავო ნორმის შეჩერების შემთხვევაში კი, აზრი არ დაეკარგებოდა, რას გადაწყვეტენ მოსამართლეები ახლო, ან შორეულ მომავალში – პარლამენტმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ინსპექტორი ლონდა თოლორაია მისი სამსახურის გაუქმებით ჩამოიშორა. ამ საქმეზე განსხვავებული აზრი პირველი კოლეგიის მოსამართლეებს შორის მხოლოდ მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ დააფიქსირა.

ბათუმის საკრებულომ რუსთაველზე 2 სამშენებლო პროექტს დაუჭირა მხარი

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ რუსთაველის ქუჩაზე ორი განაშენიანების დეტალური კონცეფცია დაამტკიცა. ორივე პროექტი მშენებლობას არსებულის ნგრევის ხარჯზე ითვალისწინებს და ორივე მშენებელი კომპანია პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს. სამშენებლო ტერიტორიები ძეგლის დაცვის ზონაშია.

რუსთაველის #21 -ში  ე.წ. ბარაკული დასახლების გარდა ორი ორსართულიანი სახლია, რომლებსაც კომპანია მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში  დაანგრევს, ახალი მშენებლობის დასაწყებად.

განაშენიანების დეტალური კონცეფციის მიხედვით, რუსთაველის #21-ში შპს „გრინკო“ 978კვ.მეტრის ათვისებას გეგმავს, სამშენებლო მიწის ნაკვეთის წინ, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ არსებული სკვერი, შემდეგ კი ბულვარია. შესაბამისად, აქ აშენებულ კორპუსს ქუჩის მხარეს არსებული ღიობებიდან ბულვარისა და ზღვის ხედი ექნება, რაც კომპანიისთვის დამატებითი სარგებლის მიღების საშუალებაა.

ეს ორსართულიანი სახლი, რომელიც ბათუმის ბულვარს უყურებს რუსთაველის #21-ში მდებარეობს, იმ შემთხვევაში თუ შპს „გრინკო“ მშენებლობის ნებართვას მიიღებს, ამ სახლს დაანგრევენ
ბათუმი რუსთაველის #21

გადაწყვეტილებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. შპს „გრინკო“ ისრაელის მოქალაქის, თამარ კობრინსკის საკუთრებაა.

ბათუმი, რუსთაველის #21

რუსთაველის #20-ში არსებული შენობის ათვისების ხარჯზე სასტუმროს მშენებლობას გეგმავს ასევე შპს „ორიქსი“.

ბულვართან მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავენ

საკრებულოს წევრმა, ნატალია ძიძიგურმა მოითხოვა კომპანიებს K2 კოეფიციენტის  მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით, ამავე უბანში ავტოსადგომის მოწყობა დაავალონ. მოთხოვნას დაეთანხმა თეკლა კავაზაშვილიც. მისი თქმით, უცხოეთში მიღებული სტანდარტი – მშენებელს უბანში საჯარო სივრცის მოვლა-პატრონობის ვალდებულებას აკისრებენ, ბათუმისთვისაც პრაქტიკად უნდა იქცეს.

ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

დღეს, პირველ ნოემბერს, საღამოს, ბათუმში, ყოფილ „პიერ ბათუმის“ პირსიდან, ზღვაში ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სანაპიროსთან იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

თვითმხილველების თქმით, კაცი სავარაუდოდ პირსიდან გადახტა.

„მე იქვე ახლოს ვმუშაობ, ვიღაც კაცი მოვიდა და გვითხრა, რომ კაცი ზღვაში გადახტა და ვეღარ ამოყვინთა. იქვე მდგომ ქალს და კაცს ხელში ამ ადამიანის ტანსაცმელი ეჭირათ. შემთხვევა დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა“, – ამბობს თვითმხილველი „ბათუმელებთან“.

შს სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაციას აზუსტებენ.

_________________

ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

ჩხუბის მონაწილე ბავშვები სხვა სკოლებში გადავიდნენ, რამდენიმეს კი სასარგებლო შრომა დაეკისრა

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში გადავიდნენ.

როგორც სკოლის დირექტორმა, გივი ხალვაშმა „ბათუმელებს“ უთხრა, ეს მშობლების გადაწყვეტილება იყო და სკოლის მხრიდან რაიმე იძულებას ადგილი არ ჰგონია.

„თვითონ მშობლებმა გადაწყვიტეს სხვა სკოლაში გადაყვანა, სკოლა არ ჩავრეულვართ ამაში. დაზარალებული ბავშვი ქალაქის სხვა სკოლაში გადავიდა, მეორე კი, ვისაც თანაკლასელის ცემას ედავებიან, ქედის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში გადავიდა“, – გვეუბნება დირექტორი.

დირექტორს ვკითხეთ, როგორი იყო კონფლიქტში მონაწილე ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და თუ იმუშავა ვინმემ მათთან?

გივი ხალვაშის თქმით, მას შემდეგ, რაც ბავშვებმა იჩხუბეს, არცერთი მოსწავლე სკოლაში აღარ დაბრუნებულა. „ფსიქოლოგმა მხოლოდ კლასთან იმუშავა, კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეებს კი ადმინისტრაცია აღარ შეხვედრია.

ჩემთვის რომ ეკითხათ, სკოლისთვის უკეთესი იყო ეს ბავშვები დაბრუნებულიყვნენ სკოლაში, ჩვენ გვემუშავა მათთან და დაგვეყენებინა სწორ გზაზე. მაგრამ რადგან მშობლებმა გადაწყვიტეს გადაყვანა, მათ წინააღმდეგ ხომ ვერ წავიდოდით“, – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, ზოგადი განათლების კანონით, ყველაზე მკაცრი ღონისძიება, რომელსაც დისციპლინური საბჭო ბავშვებთან მიმართებაში იღებს, სკოლიდან გარიცხვაა, თუმცა ამავე კანონით, სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს უფლება აქვს სხვა სკოლაში გააგრძელოს სწავლა.

„სკოლის დისციპლინურმა საბჭომ იმსჯელა რამდენიმე ბავშვზე, რომლებიც ჩხუბის დროს, იქ ადგილზე იმყოფებოდნენ და მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაუწესეს“, – გვეუბნება დირექტორი.

მოზარდებს შორის კონფლიქტი ერთ-ერთ გაკვეთილზე დაიწყო და სკოლის გარეთ გაგრძელდა. ჩხუბის შედეგად ერთ-ერთმა ბავშვმა მძიმე დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ჩხუბში 20-ზე მეტი პირი მონაწილეობდა.

2017 წლის არჩევნების შემდეგ დაწერილი სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო ხვალ იწყებს

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მომზადებული სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 2022 წლის 2 ნოემბერს დაიწყებს.

მოსარჩელეები პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც 2018 წლის მაისში მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და ის სამართლებრივი რეგულირება გააპროტესტეს, რომელიც არჩევნებზე დამკვირვებლების უფლებამოსილებას განსაზღვრავს – წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებზე ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ამომრჩეველთა ნების კონტროლი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების, ან რეალურად მათთან დაკავშირებული დამკვირვებლების მხრიდან.

„2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ტოტალური კონტროლის პირობებში.

ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი გამოიხატებოდა სისტემურად: ყველა საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის ოთახში რეგისტრატორი კომისიის წევრის გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების დგომით, რომლებიც რეგისტრატორის სამაგიდო სიიდან ახორციელებდნენ უბანზე მოსული და არმისული ამომრჩევლის მონაცემების ამოღებას, მათ ვინაობას და ამომრჩევლის სიაში რეგისტრაციის ნომერს და სურვილის შემთხვევაში მათ პირად ნომერსაც. აღნიშნულზე არ რეაგირებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, პირიქით, ხელს უწყობდნენ მათ, რადგან ისინი ერთ „ორგანიზმად“ განიხილებოდნენ.

ამომრჩევლის ნებაა ის, რომ გამოცხადდეს არჩევნებზე და მისივე ნებაა ასევე ის, რომ არ გამოცხადდეს არჩევნებზე, შესაბამისად, მათი იდენტიფიცირება და არგამოცხადებული ამომრჩევლების დადგენა, მათი იძულებითი გამოცხადების მიზნით წარმოადგენს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს. ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი არ უნდა იქნას გაგებული გაღარიბებული მნიშვნელობით და არ უნდა იქნას დაყვანილი მხოლოდ საარჩევნო კაბინაში კონტროლზე,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მოსარჩელეები არიან:„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები,“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა,“ „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“, „აპრიორი“, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“.

მოსარჩელეები პრაქტიკულად აღწერენ არჩევნების დღეს, როცა დამკვირვებლების მხრიდან ჩარევაზე საჩივრები დაწერეს, თუმცა მათი შეფასებით, ცესკოს მაშინდელმა თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ პირიქით ხელი შეუწყო ამომრჩევლის ნების კონტროლს.

„…ხსენებულზე რეაგირებისა და აღკვეთის ნაცვლად, ამ პროცესს ხელი შეუწყო კენჭისყრის მიმდინარეობის პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას საჯარო, სატელევიზიო განცხადებამ, რამაც წაახალისა გამოცხადებული და არგამოცხადებული ამომრჩეველთა კონტროლი მმართველი პარტიის მხრიდან. ცესკოს თავმჯდომარის ჟვანიას სატელევიზიო განცხადების ტექსტი მმართველმა პარტიამ მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით დაუგზავნა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს და სახელმძღვანელო მითითებად დაუდგინა ის… შედეგად, კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში ვერ აღიკვეთა და ვერ შეეშალა ხელი ამგვარი უკანონო კონტროლს ამომრჩეველზე“, – ვკითხულობთ სარჩელში.

მოსარჩელეების მტკიცებით, დამკვირვებლის ეს როლი ამომრჩევლის ნების კონტროლის სქემის ნაწილად იქცა:

„…ინტერესი გახლდათ როგორც უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობის, ასევე (უფრო მეტად) უბანზე მოსული ამომრჩევლების ვინაობის დადგენა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, რაც გამოიხატა უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის აღრიცხვაში და არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებაში, რომლის შედეგადაც სახელისუფლო პარტიამ გააკეთა მათი მობილიზება და არჩევნებზე იძულებით მიყვანა, კონკრეტული პირებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე პედალირებით – ამომრჩევლის ან მისი ოჯახის წევრის სამსახურიდან გათავისუფლების, სოციალური შემწეობის მოხსნის, პრობაციონერი პირის დაშინების და სხვა.

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვამდე მოსარჩელეებს მიუმართავთ საერთო სასამართლოებისთვის, „თუმცა ყველა ინსტანციამ ყოველგვარი განმარტების გარეშე, ხსენებულ ნორმაზე მშრალი მითითებით გაამართლა პარტიული წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების სამაგიდო სიიდან ამოღების, საუბნო კომისიაში არმისული და მისული ამომრჩევლების კონტროლი,“ – წერდნენ მოსარჩელეები 4 წლის წინ მომზადებულ სარჩელში.

მოსამართლეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შეახსენეს თავად საკონსტიტუციოს მანამდე შემუშავებული განმარტება: „არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია.“

პოლიტიკური ოპოზიციის მოსაზრებით, საკანონმდებლო რეგულირება იმგვარად უნდა მოეწყოს, რაც თვითნებობას გამორიცხავს. „ბუნდოვანი და გაუგებარი კანონმდებლობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს თვითნებობისთვის. შესაბამისად, კანონმდებელმა მაქსიმალურად მკაფიო, განსაზღვრული ნორმატიული რეგულირებით უნდა შეამციროს თვითნებობის რისკები სამართალშეფარდების პროცესში“, – დასძენენ მოსარჩელეები.

რატომ იწყებს 2018 წელს შეტანილი სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო 4 წლის შემდეგ? – სასამართლოს პრესცენტრში ამ საკითხზე განმარტება ვერ მოგვაწოდეს.

სკოლაში ბავშვებს შიათ და აღარც სივრცე დარჩა განვითარებისთვის – მასწავლებელი

„სკოლაში დილით მოვდივარ და საღამოს ვბრუნდები სახლში, რადგან ორ-სამ ცვლაში მიწევს მუშაობა. სივრცე, ადგილი აღარ დარჩა სკოლაში არაფორმალური განათლებისა და განვითარებისთვის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დათო ჩხაიძე.

მასწავლებლის თქმით, მაღალკონტინგენტიან სკოლებში სერიოზული პრობლემაა გადატვირთულობა.

„ფაქტობრივად, ყოველ დღე გაქვს გაკვეთილი ხომ? დღეში მინიმუმ 4 კლასი მყავს, კლასში მინიმუმ 25-30 მოსწავლეა, რომ გავამრავლოთ, 120 მოსწავლე გამოდის.

ამდენ მოსწავლეს ხარისხიანად როგორ უნდა მოემსახურო? ხომ უნდა გაასწორო ნამუშევრები ხარისხიანად, უკუკავშირი ხომ უნდა გქონდეს, ანალიზი ხომ უნდა გააკეთო, ხომ უნდა განიხილო მოსწავლესთან თითოეული ხარვეზი, შეცდომა, – წარმოუდგენელია ეს ყველაფერი ასეთ ვითარებაში.

იმის გამო, რომ თავისუფალი სივრცეები აღარ არსებობს და სკოლა ორ-სამცვლიანი გახდა, შემცირდა გაკვეთილების ხანგრძლივობა და 40 წუთზე ჩამოვიდა, ასეც რომ არ იყოს, მაშინ [ღამის] ცხრა საათზე დამთავრდება საერთოდ სწავლა.

წარმატებულ სისტემებში სკოლის აქტიური ცხოვრება გაკვეთილების შემდეგ იწყება. ჩვენს სკოლებში კი კლასგარეშე აქტივობებისთვის, არაფორმალური განათლებისთვის საერთოდ აღარ დარჩა სივრცე“, – ამბობს დათო ჩხაიძე.

მისი თქმით, გადატვირთული სკოლების პრობლემაზე ჯერ კიდევ განათლების წინა მინისტრს ესაუბრა, როცა სკოლის დირექტორი იყო, თუმცა ვერც მაშინ დ ვერც შემდეგ ეს პრობლემა სახელმწიფომ ვერ მოაგვარა.

„იცით, რატომ მიდიან რეპეტიტორებთან ბავშვები? იმიტომ, რომ იქ ინდივიდუალურად მუშაობენ ბავშვებთან, დავალებებს აანალიზებენ, ამოწმებენ, 116 ბავშვის შემთხვევაში ეს შეუძლებელია.

კომპლექსური დავალებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლის პრაქტიკულ, შემოქმედებით უნარებზეა ორიენტირებული, ამის დაგეგმვა, განხორციელება სასკოლო სივრცეში დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 40-წუთიან გაკვეთილზე ამას ვერ გააკეთებ და ასეთ სკოლებში რატომ უნდა იყოს ბავშვი?“ – კითხულობს დათო ჩხაიძე.

მისი თქმით, თავისუფალი სივრცის გარდა სკოლებში სხვა კომპლექსური პრობლემებიცაა. მაგალითად, ის, რომ სკოლაში ბავშვი მშიერია და სახელმწიფომ დღემდე ვერ მოაგვარა ეს პრობლემა.

„ერთი ფუნთუშა ლარზე ნაკლები არ ღირს და ესეც არ იჭმევა, ისეთია. ყველა ბავშვს ამის ფულიც არ აქვს და შემდეგ იწყება „20 კაპიკი მომეცი“. ვინც ძლიერია, სხვას ართმევს, ვინც მორჩილია, ის იჩაგრება.

პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ იმდენი როგორ ვერ უნდა მოახერხო, რომ ერთი ჭიქა კაკაო და ერთი ფუნთუშა აჭამო ბავშვს დღეში. თუ სახელმწიფო ხარ, უნდა შეძლო და თუ არ ხარ, მაშინ დაანებე თავი ყველაფერს… ძნელია, აზრი აღარ აქვს რამეს“, – ამბობს დათო ჩხაიძე.

მისი თქმით, ასეთ სკოლაში ბავშვი არ გაჩერდება, ამიტომ სკოლას მისი დაშინება უწევს.

„არას დაგიწერ, დაგიგროვდება და გაგაგდებთ“ – ამის შიშით ვერ მოიყვან ბავშვს სკოლაში. რომელი საუკუნეა? როდის იყო ბავშვი ძალით ჩერდებოდა სკოლაში. ბავშვს უნდა უხაროდეს სკოლაში მოსვლა და ყველა პირობა უნდა იყოს ამისთვის შექმნილი.

დღევანდელი ბავშვები ძალიან ერუდირებულები არიან, ინფორმაციასაც მეტს ფლობენ, დღეს თუ ბოლომდე განადგურებული არ ვართ, მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლის გარდა საგანმანათლებლო სისტემას ყველა ნაბიჯზე თავად ცხოვრება ეწევა, – ინფორმაციის ათასი წყაროა ინტერნეტში და ამით რაღაცას აღწევენ.

თვითონ სკოლის სისტემა ვერაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განათლება იყოს ღირებული“, – გვეუბნება მასწავლებელი.

დათო ჩხაიძის თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა იყოს ახალი სკოლების მშენებლობა და მეტი ფინანსების ჩადება განათლებაში, რადგან ერთ სკოლაში 1000-ზე მეტი ბავშვი არ უნდა იყოს. „ესეც მაქსიმუმია. ორცვლიანი და მით უმეტეს, სამცვლიანი სწავლება სკოლაში არ შეიძლება. გაკვეთილების შემდეგ აუცილებელია დარჩეს თავისუფალი სივრცე აქტივობებისთვის“, – გვეუბნება ის.

მასწავლებლის თქმით, სწავლა-განათლება, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ყველა ბავშვს სურს, „ოღონდ ჩვენთან ისეთი პირობები შეიქმნა, რომ ოსწავლესა  და მასწავლებელს მხოლოდ ვალდებულება და იძულება აკავშირებს სკოლასთან. ბუნებრივია, ხელფასიც, რომელიც ისე მცირეა, რომ განათლებული და ერუდირებული ახალგაზრდა კადრები სკოლისკენ არც კი გაიხედავენ. ვაკანსიები ცხადდება, შესაბამისი კადრები კი არ არიან“, – ამბობს დათო ჩხაიძე.

მისი თქმით, საერთო პრობლემებზე ასევე გავლენას ახდენს მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობა და მისგან გამოწვეული მაღალი მიგრაცია ქვეყნიდან.

„გარდა იმისა, რომ ბავშვები მშივრები არიან სკოლაში, არც სახლში აქვთ ხშირად სწავლის მოტივაცია, რადგან ზოგს პირობები არ აქვს ამისთვის, ძალიან ბევრი ბავშვი კი მშობლის გარეშეა დარჩენილი.

ყველა ბავშვს არ აქვს იმის ნებისყოფა, რომ დაჯდეს და მარტო იმეცადინოს, ვიღაც ხომ უნდა ჰყავდეს სახლში, რომ აზრი გაუზიაროს, რაღაცაში დაეხმაროს, წაახალისოს“.

დათო ჩხაიძის თქმით, ქართულ სკოლაში არსებული რეალობა ერთ ანეკდოტს ახსენებს, სადაც მშობელი სკოლის დირექტორს ბავშვის სკოლიდან გათავისუფლებას მხოლოდ იმიტომ სთხოვს, რომ ბავშვმა განათლება მიიღოს.

„პირველი კლასიდან მე-12 კლასამდე ვისაც შეუძლია, ყველა ემზადება. სკოლაში კი არ მოდიან განათლებისთვის, არამედ რეპეტიტორთან და ანეკდოტია, აბა რა“, – გვეუბნება დათო ჩხაიძე.

ირანი რუსეთს დამატებით ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს უგზავნის – CNN

ირანის ხელისუფლება რუსეთისთვის დაახლოებით 1000 ერთეული იარაღის გასაგზავნად ემზადება, კერძოდ ლაპარაკია „მიწა-მიწის“ ტიპის ახლო მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებზე და უპილოტო საფრენ აპარატებზე – ინფორმაციას დასავლელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

CNN-ის წყაროები ამბობენ, რომ ირანის მომავალ გზავნილს ყურადღებით დააკვირდებიან, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც თეირანი მოსკოვს უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად მოწინავე მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებს აწვდის.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთი ტვირთს წლის ბოლოსთვის მიიღებს.

მანამდე ამ თვეში, ჯონ კირბიმ, აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა განაცხადა, რომ უკრაინაში ირანელი ინსტრუქტორების ყოფნა კონფლიქტში თეირანის პირდაპირ ჩართულობაზე მიუთითებს.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსი სამხედროები, რომლებიც ბაზირებული არიან ყირიმში, მართავენ ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს და იყენებენ მათ მთელი უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე დარტყმებისთვის,“ – განაცხადა კირბიმ.

შეერთებული შტატები „ეძებს გზებს, რა შეიძლება გააკეთოს, არამხოლოდ სანქციებით“, რომ როგორმე ხელი შეუშალოს ირანული შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდებას  – თქვა ტონი ბლინკენმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას და დასძინა, რომ შტატები ცდილობს „ეს ქსელი დაშალოს“.

თუმცა, როგორც CNN აღნიშნავს, ბუნდოვანია, რამდენად მოახერხებს შეერთებული შტატები შეაჩეროს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება.

ირანული წარმოების ლეტალურ აპარატებს რუსეთი უკრაინაში განსაკუთრებით აქტიურად ბოლო პერიოდში იყენებს. 10 ოქტომბრიდან დაწყებულ მასობრივ სარაკეტო და საავიაციო თავდასხმებში მთავარი როლი სწორედ „შაჰედებს“ აქვთ.

რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის შესახებ ცნობილი პირველად აგვისტოში გახდა. 11 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ირანს დამატებით 2 400 კამიკაძე-დრონი შეუკვეთა.

18 ოქტომბერს დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების გარდა ბალისტიკური რაკეტების გადაცემასაც აპირებდა.

ოფიციალურმა თეირანმა რუსეთისთვის დრონების მიწოდება არაერთხელ უარყო, თუმცა როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, უკრაინა მზადაა წარუდგინოს ევროკავშირის ქვეყნებს მტკიცებულებები, რომლებიც თეირანისგან მოსკოვისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებას დაადასტურებს.

ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა აჭარის საჯარო სკოლებში

ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამის მონაწილეები შვედეთის სამეფოს სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს შეხვდნენ.

ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა უკვე მეორე წელია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – მიერ ხორციელდება საქართველოში.

პროგრამა გულისხმობს სასწავლო მასალების შექმნის პარალელურად, სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების წახალისებას, გახდნენ გარემოსდაცვითი ცოდნის გადამცემები და ამ თემის ირგვლივ სხვადასხვა სასარგებლო აქტივობა და პროექტი დაგეგმონ.

შეხვედრა ბათუმის #3 საჯარო სკოლაში
შეხვედრა ბათუმის #3 საჯარო სკოლაში
შეხვედრა ბათუმის #3 საჯარო სკოლაში

შეხვედრაზე ბათუმის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ის შედეგები, რასაც ეკოსკოლების პროექტის ფარგლებში მიაღწიეს, ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რაც გარემოსდაცვითი კუთხით არსებობს და გადაწყვეტის გზები, ახალი იდეები გაუზიარეს სტუმრებს.

ეკოსკოლების პროგრამა ეფუძნება შვიდსაფეხურიან მეთოდოლოგიას, რომლის ფარგლებში თითოეული სკოლა ირჩევს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ თემას და შესაბამის აქტივობებს ახორციელებს. შვიდივე საფეხურის წარმატებით გავლის შემდეგ კი სკოლას „მწვანე დროშის“ მისაღებად განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა, რითაც საქართველოს ეკოსკოლების მსოფლიო რუკაზე მის კუთვნილ ადგილს დაუმკვიდრებს.

ეკოსკოლების პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარემოსდაცვითი განათლების ფონდის წევრ 80-ზე მეტ ქვეყანას და მილიონობით მოსწავლეს და მასწავლებელს აერთიანებს.

ოქტომბერში უკრაინამ 2535 კმ2 ტერიტორია დაიბრუნა

ოქტომბერში უკრაინამ დაახლოებით 2, 535 კმ2 ტერიტორია გაათავისუფლა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უკრაინაში ახლა 17.30%-ით ნაკლები ფართობი აქვს ოკუპირებული – ასე აჯამებს უკრაინელთა კონტრშეტევის შედეგებს ოქტომბერში ონლაინპლატფორმა War Mapper, რომელიც უკრაინაში ომის მიმდინარეობას რუკაზე ასახავს.

უკრაინა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთში აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრიდან კონტრშეტევას აწარმოებს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სექტემბერში თითქმის მთლიანად დაიბრუნეს ხარკოვის ოლქი, რომელშიც ოლქის ადმინისტრაციის თქმით, მხოლოდ 25 დასახლებული პუნქტი დარჩა გასათავისუფლებელი.

„ეს დასახლებული პუნქტები რჩება რუსეთის კონტროლქვეშ. საზღვრის სიახლოვეს მძიმე ბრძოლები მიდის, უკრაინის დამცველები ჩვენი ტერიტორიის თითოეული მეტრისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან,“ – უთხრა ჟურნალისტებს ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ სინეგუბოვმა.

ხარკოვის უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ოლქია, საერთო ფართობით 31, 4 ათასი კმ2, რაც უკრაინის საერთო ტერიტორიის 5,25-ია. ოლქში 27 ადმინისტრაციული რაიონი, 17 ქალაქი, 60 ქალაქური ტიპის დასახლება და 1 718 სოფელია. ოლქში 2 895 813 ადამიანი ცხოვრობს.

ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში და უკრაინის სამხრეთშიც, სადაც უკრაინის არმია ოკუპირებული ხერსონისკენ მიიწევს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელთა კონტრშეტევის მოლოდინში რუსეთის არმია და საოკუპაციო ხელისუფლება მოსახლეობასთან ერთად ხერსონის დასავლეთ ნაწილს ტოვებენ, თუმცა უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, უკან დახევის პარალელურად, რუსეთი ხერსონში თავდაცვით პოზიციებს აძლიერებს და ქალაქის ბრძოლებისთვის ემზადება.

უკრაინული მედია წერს, რომ ბოლო კვირებში უკრაინის არმიის წინსვლა სამხრეთში შესამჩნევად შენელდა. თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი უამინდობა იყო.

„ჩვენ განვაგრძობთ კონტრშეტევის კამპანიას სამხრეთში. ახლა გარკვეული ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები გვიშლის ხელს, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ და ვიბრუნებთ ჩვენს სოფლებს, მეტრებსა და კილომეტრებს და ამის კეთებას გავაგრძელებთ“, – უთხრა რეზნიკოვმა Fox News-ს რამდენიმე დღის წინ.

თავდაცვის მინისტრის ვარაუდით, წინასწარი ცნობების მიუხედავად, რუსები ხერსონში ქუჩის ბრძოლებს არ გარისკავენ, რადგან დნეპრზე გადასასვლელებს კვლავაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ და საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის არმიას უკან დახევის შესაძლებლობა არ ექნება.

„დნეპრზე ყველა ხიდს ჩვენ ვაკონტროლებთ HIMARS-ებითა და ზალპური ცეცხლის სხვა ისეთი რეაქტიული სისტემებით, როგორიცაა M270. ეს NATO-ს თანამედროვე სისტემებია. მათთვის ხერსონში დარჩენა რეალური რისკია, რადგან გაქცევის საშუალება აღარ ექნებათ, როგორც ეს ხარკოვში, იზიუმში და სხვა ქალაქებში მოახერხეს,“ – ამბობს ოლექსი რეზნიკოვი.

გასულ კვირაში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში „სამხრეთის“ ძალებმა 90 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით/War Mapper

პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინას 8 NASAMS-ს გადასცემს

პენტაგონმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 8 საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ს გადასცემს: ორი კომპლექსი უკრაინაში უკვე უახლოეს მომავალში ჩავა, დანარჩენ ექვსს კი პენტაგონი მოგვიანებით გაგზავნის.

ინფორმაცია ამის შესახებ მედიას დახურულ ბრიფინგზე პენტაგონის მაღალჩინოსანმა მიაწოდა.

მისი თქმით, უკრაინის ცის დასაცავად შეერთებული შტატებმა არაერთი ნაბიჯი გადადგა:

  • უკრაინას  უკვე გადასცეს 1400 ერთეული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი Stinger;
  • შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, მიაწოდოს უკრაინას NASAMS-ის 8 კომპლექსი და მისთვის საჭირო საბრძოლო მასალები;
  • შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, დაეხმაროს უკრაინას გამანადგურებელ უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლაში, რისი ნაწილიც უკრაინისთვის VAMPIRE და სხვა რადიოლოკაციური სისტემების გაგზავნაა;
  • სწორედ აშშ-ის დახმარებით გადასცა სლოვაკეთმა უკრაინას С-300-ის სისტემები ომის დასაწყისში;
  • პენტაგონმა კიევს „მიაწოდა სათადარიგო ნაწილები უკრაინის საბჭოთა ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის”.

NASAMS – ეს არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი ნებისმიერი საჰაერო სამიზნის განადგურება შეუძლია, იქნება ეს რაკეტა, თვითმფრინავი თუ დრონი.

კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს.

სისტემის თავისებურებები:

  • მოქმედების მანძილი – 2,5-დან 40 კილომეტრამდე;
  • მოქმედების სიმაღლე – 30 მეტრიდან 16 კილომეტრამდე;
  • რეაგირების დრო – 10 წამი.

NASAMS იყენებს „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტას, რის გამოც მისი მოქმედების რადიუსი ნაკლებია, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, ეს რაკეტა რომ თვითმფრინავიდან გაეშვათ. მეორე მხრივ, თვითმფრინავი მუდმივად ვერ იმორიგევებს ჰაერში, მისგან განსხვავებით, კარგად შენიღბულ გამშვებ დანადგარს შეუძლია მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში იყოს.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ერთი ასეთი კომპლექსიც კი საკმარისია, რათა უკრაინამ დახუროს ცა მაგალითად, ხარკოვის, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის თავზე. ორ NASAMS-ს კი კიევის დაცვა შეუძლია.

მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ქალაქების მასობრივი დაბომბვა დაიწყო, შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ კიევი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს მიიღებდა. მაშინ აშშ-ის ხელისუფლებას შეიარაღების გადაცემის ვადები არ დაუსახელებია, თუმცა პირობა დადო, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდებოდა.

26 ოქტომბერს NASAMS-ის მწარმოებელმა კომპანიამ Raytheon Technologies-მა დაადასტურა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას უკვე გადასცა უკრაინისთვის განკუთვნილი  ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ორი სისტემა.

14 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ NASAMS-ის პირველი კომპლექსები უკრაინაში უკვე ოქტომბრის ბოლოს ჩავიდოდა.

NASAMS-ის პირველი ორი კომპლექსი აშშ-ის იმ $820-მილიონიანი დახმარების პაკეტში შევიდა, რომლის შესახებაც პენტაგონმა ჯერ კიდევ პირველ ივლისს გამოაცხადა.

ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი „რეპერტუარიდან მოხსნა“

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის განცხადებით, სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ მსახიობი თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა და მის მიმართ გაატარა „შესაბამისი ზომები“.

„ბათუმელებმა“ სცადა თეატრის ხელმძღვანელისთვის ეკითხა, თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოთქმისთვის თანამშრომლის „მოხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან“, ფაქტობრივად სამსახურიდან გათავისუფლება, რამდენად კანონიერია? თეატრში გვითხრეს, რომ ნუკრი ქანთარია რეპეტიციაზეა და მოგვიანებით გვიპასუხებს.

„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმული შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.

ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცვლელი გამონათქვამები.

აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები“, – წერია დრამატული თეატრის მიერ დღეს, პირველ ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

თამარ მაყაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 31 ოქტომბერს გასულ გადაცემაში ნათქვამი ფრაზების გამო მოხსნეს.

„არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს, იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა? ცისარტყელა, ბეშუმური“, – თქვა თამარ მაყაშვილმა ოჯახის წევრებზე საუბრისას.

გადაცემის გასვლის შემდეგ ფეისბუქგვერდებზე მოქალაქეები ხულოელი ბავშვებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ თამარ მაყაშვილს. პოსტებმა კამპანიის სახე მიიღო, რაშიც აჭარის მაღალჩინოსნებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

თამარ მაყაშვილმა გადაცემის გასვლის დღესვე ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც თქვა, რომ გულწრფელად ნანობს ნათქვამს და ბოდიში იმ დღესვე მოიხადა.

ბოდიშის მიუხედავად თამარ მაყაშვილი ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ მიმდინარე რეპერტუარიდან დღეს გაათავისუფლა.

ამავე თეატრის მსახიობი, ოთარ ქათამაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თეატრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შესახებ პოსტი ახლახან წაიკითხა და მიაჩნია, რომ მსახიობის რეპერტუარიდან მოხსნა გადაჭარბებული რეაგირებაა.

„თეატრს შეეძლო უბრალოდ გამიჯვნოდა თამარ მაყაშვილის გამოთქმებს, შეეძლო საყვედურიც გამოეცხადებინა მსახიობისთვის, ეს შეიძლებოდა ადეკვატურ რეაქციად ჩამეთვალა, მაგრამ ყველა მიმდინარე სპექტაკლიდან ჩახსნა მსახიობისთვის დიდი სასჯელია.

თეატრის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება შემაშფოთებელია. მით უფრო, რომ თამარ მაყაშვილმა არაეთიკური გამონათქვამების გამო მოიხადა ბოდიში საზოგადოების წინაშე.

ჩვენ ვნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში, როგორ დასცინეს ჟურნალისტებმა შშმ პირებს, ყვებოდნენ ანეკდოტებს ეთერში სმენადაქვეითებულებზე და ასეთი ეთერის გამო ისინი არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან, ბოდიშის მოხდაც მათთვის ასე მკაცრად არავის მოუთხოვია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ოთარ ქათამაძე.

„ბათუმელები“ ნუკრი ქანთარიას ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა. თეატრის ხელმძღვანელისთვის გვინდოდა გვეკითხა, რა „შესაბამისი ღონისძიებები“ გატარდა მსახიობის წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნეს?

რის საფუძველზე შეაფასა ნუკრი ქანთარიამ თამარ მაყაშვილის ფრაზები იმ სიმძიმის შეურაცხყოფად, რის გამოც მსახიობი ყველა სპექტაკლიდან მოხსნა, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის ანაზღაურებას ვეღარ მიიღებს; სამხატვრო ხელმძღვანელმა დისციპლინური საქმის წარმოების შედეგად „მოხსნა სპექტაკლებიდან“ მსახიობი, თუ ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება?

თეატრის ხელმძღვანელის პასუხებს ამ კითხვებზე „ბათუმელები“ მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

მსახიობი თამარ მაყაშვილი „ბათუმელებთან” ამბობს, რომ მან ახლახან გაიგო კოლეგებისგან სპექტაკლებიდან მოხსნის შესახებ. მსახიობი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე თეატრის ხელმძღვანელი და ადმინისტრაცია მას არ დაჰკავშირებია და არც არავის უცნობებია დისციპლინური წარმოების შესახებ:

„მეც ახლა გავიგე, რომ სპექტაკლებიდან მომხსნეს. ბოდიში მოვიხადე, ამის შემდეგ კიდევ რა შემეძლო გამეკეთებინა არ ვიცი. მეტს ვერაფერს ვიტყვი”, – ამბობს თამარ მაყაშვილი.

მსახიობი თეატრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

Exit mobile version