მთავარი,სიახლეები

ირანი რუსეთს დრონებისა და რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა – REUTERS

18.10.2022 • 949
ირანი რუსეთს დრონებისა და რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა – REUTERS

ბრიტანული გამოცემა „როიტერსი“ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა ორი მაღალი რანგის ირანელ ოფიციალურ პირსა და ორ ირანელ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანი რუსეთს, დამატებით დრონებთან ერთად, „მიწა-მიწა“ კლასის რაკეტების მიწოდებას დაჰპირდა. აღნიშნული ნაბიჯი სავარაუდოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ძალების აღშფოთებას გამოიწვევს.

„როიტერსის“ თანახმად,  შეთანხმება 6 ოქტომბერს შედგა, როდესაც მოსკოვში რუსეთთან იარაღის მიწოდების განსახილველად ჩავიდნენ ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი, ირანის „რევოლუციის გუშაგთა“ ორი მაღალი რანგის ოფიციალური პირი და ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ერთი ოფიციალური პირი.

„რუსებმა ითხოვეს მეტი დრონები და გაუმჯობესებული სიზუსტის ირანული ბალისტიკური რაკეტები, კონკრეტულად Fateh და Zolfaghar-ის რაკეტები“, – ციტირებს „როიტერსი“ ერთ-ერთ ირანელ დიპლომატს, რომელსაც მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდა.

„მათ [რუსებს] სურდათ ჩვენი ასობით რაკეტის ყიდვა. საშუალო დიაპაზონისაც კი, მაგრამ ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ სწრაფად მხოლოდ მათ მიერ მოთხოვნილი მოკლე დიაპაზონის – რამდენიმე ასეული Zolfaghar-ის და Fateh 110 მიწა-მიწა რაკეტების მიწოდება შეგვიძლია“, – თქვა უსაფრთხოების თანამდებობის ერთმა პირმა.

როგორც „როიტერსი“ წერს, მიწოდების პერიოდთან დაკავშირებით მან აღნიშნა:

„ზუსტ დროს ვერ გეტყვით, მაგრამ მალე, ძალიან მალე ამათ გააგზავნიან 2-3 რეისით“.

„როიტერსი“ ირანელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემდეგი მიწოდება მაქსიმუმ 10 დღეში შედგება.

დასავლელი ოფიციალური პირები უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას გავრცელებულ ცნობებზე, ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. როგორც რამდენიმე ოფიციალურმა პირმა უთხრა „როიტერსს“, დრონების, ისევე როგორც რაკეტების რუსეთისთვის მიწოდება, დაარღვევს ირანთან 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დასავლეთი ირანის მიერ ბირთვული სამუშაოების შემცირების საფუძველზე ამსუბუქებს.

როგორც მეორე ირანელმა დიპლომატმა უთხრა ბრიტანულ გამოცემას, არაერთი ირანელი ოფიციალური პირი უკვე აღშფოთებულია რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო, დასავლეთის მიერ ირანის სანქცირების „უსამართლო“ გეგმებით.

როდესაც „როიტერსმა“ ერთ-ერთ ირანელ ოფიციალურ პირს [ანონიმურ წყაროს], ირანის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების უარყოფის მიზეზი ჰკითხა, მან თქვა, რომ არსებობდა „რამდენიმე ტექნიკური პრობლემა“:

„ასევე (რევოლუციის) გვარდიის მეთაურები წუხდნენ, რომ თუ რუსეთი გამოიყენებს ამ Arash 2-ის დრონებს უკრაინაში, ამერიკელებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა ჩვენს ტექნოლოგიაზე“, – აღნიშნა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: