მთავარი,სიახლეები

ცემით მოკლეს ირანელი სკოლის მოსწავლე, რომელმაც არ იმღერა ხამენეის მადიდებელი ჰიმნი

19.10.2022 • 2065
ცემით მოკლეს ირანელი სკოლის მოსწავლე, რომელმაც არ იმღერა ხამენეის მადიდებელი ჰიმნი

ირანის უსაფრთხოების სამსახურმა, კიდევ ერთი სკოლის მოსწავლე მოკლა ქალაქ არდებილში. გოგონას საკლასო ოთახში სცემეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა რეჟიმის მადიდებელი ჰიმნის სიმღერაზე. მისი სკოლა გასულ კვირას შეამოწმეს, მას შემდეგ მთელი ირანის მასშტაბით, ახალი საპროტესტო ტალღა წამოვიდა.

ირანელ მასწავლებელთა სავაჭრო ასოციაციების საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, 16 წლის ასრა პანაჰი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა 13 ოქტომბერს არდაბილში შაჰედის გოგონების საშუალო სკოლა დაარბიეს და გოგონების ჯგუფს მოსთხოვეს ემღერათ ჰიმნი, რომელიც ადიდებს ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლას ალი ხამენეის.

როდესაც მათ უარი თქვეს სიმღერაზე, უსაფრთხოების ძალებმა სცემეს მოსწავლეები, რის შედეგადაც რამდენიმე გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვები დააკავეს. პარასკევს, გავრცელებული ინფორმაციით, პანაჰი სკოლაში მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: ვინ არიან დემონსტრანტები, რომლებსაც ირანში კლავენ

გოგონები სკოლებიდან აქტიურად მონაწილეობენ ირანში მიმდინარე სახალხო პროტესტში, რომელიც 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა – ის აგვისტოში ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა და სცემა, ახალგაზრდა ქალი, აქედან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანში მაქსიმალურად იზღუდება ინტერნეტზე წვდომა, სოციალურ ქსელებში ირანელები დღემდე ავრცელებენ პროტესტის და ირანის ხელისუფლების მიერ ხალხზე ძალადობის კადრებს.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ვიდეო გავრცელდა საკლასო ოთახებიდან, სადაც მოსწავლე გოგონები ჰაერში ატრიალებენ ჰიჯაბებს, ხსნიან რანის უზენაესი ლიდერების სურათებს და ყვიროდნენ ანტირეჟიმულ ლოზუნგებს 22 წლის მაჰსა ამინის მხარდასაჭერად.


მინაწერი: „დაახლოებით 10-12 წლის სკოლის მოსწავლეები, თავსაბურავებით ხელში, თავდაჯერებულად მარშირებენ ირანის ქუჩაში და სკანდირებენ: „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება!“

პროტესტის ამ ფორმას, ირანის ხელისუფლებამ გასულ კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებზე რეიდების სერიით უპასუხა, სადაც გავრცელებული ცნობების მიხედვით, ოფიცრები ძალით შევიდნენ საკლასო ოთახებში, ძალადობრივად დააკავეს სკოლის მოსწავლეები, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი სკოლის შენობებში.

კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში, ირანის მასწავლებელთა კავშირმა დაგმო „სასტიკი და არაადამიანური“ რეიდები და მოითხოვა განათლების მინისტრის, იუსეფ ნურის გადადგომა.

ფრაგმენტი განცხადებიდან: სამწუხაროდ, მათი სასტიკი და არაადამიანური ქცევის სპექტრი გავრცელდა უნივერსიტეტებში, სკოლებსა და საგანმანათლებლო სივრცეებში, რომლებიც ითვლება უსაფრთხო და მეორე სახლად იმ სტუდენტებისთვის. ისინი თავხედურად და უკანონოდ შემოიჭრნენ სკოლაში, სცემეს და დააკავეს სტუდენტები, ცრემლსადენი გაზიც კი გამოიყენეს დაწყებით სკოლებში. და რაც ყველაზე ცუდია, სკოლების მარიონეტული ადმინისტრატორები, კანონიერი და ჰუმანიტარული მოვალეობის საწინააღმდეგოდ, თანამშრომლობდნენ რეპრესიულ ძალებთან და გაუღეს სკოლების კარი უსაფრთხოების ძალებს, რათა დაეშინებინათ და დაეკავებინათ სტუდენტები. მათ გადასცეს მოსწავლეების ფოტოები და ინფორმაცია. და ეს მახინჯი ქმედებები რეგიონების ხელმძღვანელების, გენერალური მენეჯერების ბრძანებით და განათლების არაკომპეტენტური მინისტრის მწვანე შუქით ხორციელდება.

ირანელი უფლებადამცველების თქმით, სულ მცირე 240 მომიტინგე დაიღუპა, მათ შორის 32 არასრულწლოვანი. ირანელი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია რომ ირანის 111 ქალაქში 8000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: