მთავარი,სიახლეები

ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი „რეპერტუარიდან მოხსნა“

01.11.2022 • 19345
ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი „რეპერტუარიდან მოხსნა“

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის განცხადებით, სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ მსახიობი თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა და მის მიმართ გაატარა „შესაბამისი ზომები“.

„ბათუმელებმა“ სცადა თეატრის ხელმძღვანელისთვის ეკითხა, თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოთქმისთვის თანამშრომლის „მოხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან“, ფაქტობრივად სამსახურიდან გათავისუფლება, რამდენად კანონიერია? თეატრში გვითხრეს, რომ ნუკრი ქანთარია რეპეტიციაზეა და მოგვიანებით გვიპასუხებს.

„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმული შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.

ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცვლელი გამონათქვამები.

აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები“, – წერია დრამატული თეატრის მიერ დღეს, პირველ ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

თამარ მაყაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 31 ოქტომბერს გასულ გადაცემაში ნათქვამი ფრაზების გამო მოხსნეს.

„არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს, იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა? ცისარტყელა, ბეშუმური“, – თქვა თამარ მაყაშვილმა ოჯახის წევრებზე საუბრისას.

გადაცემის გასვლის შემდეგ ფეისბუქგვერდებზე მოქალაქეები ხულოელი ბავშვებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ თამარ მაყაშვილს. პოსტებმა კამპანიის სახე მიიღო, რაშიც აჭარის მაღალჩინოსნებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

თამარ მაყაშვილმა გადაცემის გასვლის დღესვე ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც თქვა, რომ გულწრფელად ნანობს ნათქვამს და ბოდიში იმ დღესვე მოიხადა.

ბოდიშის მიუხედავად თამარ მაყაშვილი ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ მიმდინარე რეპერტუარიდან დღეს გაათავისუფლა.

ამავე თეატრის მსახიობი, ოთარ ქათამაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თეატრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შესახებ პოსტი ახლახან წაიკითხა და მიაჩნია, რომ მსახიობის რეპერტუარიდან მოხსნა გადაჭარბებული რეაგირებაა.

„თეატრს შეეძლო უბრალოდ გამიჯვნოდა თამარ მაყაშვილის გამოთქმებს, შეეძლო საყვედურიც გამოეცხადებინა მსახიობისთვის, ეს შეიძლებოდა ადეკვატურ რეაქციად ჩამეთვალა, მაგრამ ყველა მიმდინარე სპექტაკლიდან ჩახსნა მსახიობისთვის დიდი სასჯელია.

თეატრის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება შემაშფოთებელია. მით უფრო, რომ თამარ მაყაშვილმა არაეთიკური გამონათქვამების გამო მოიხადა ბოდიში საზოგადოების წინაშე.

ჩვენ ვნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში, როგორ დასცინეს ჟურნალისტებმა შშმ პირებს, ყვებოდნენ ანეკდოტებს ეთერში სმენადაქვეითებულებზე და ასეთი ეთერის გამო ისინი არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან, ბოდიშის მოხდაც მათთვის ასე მკაცრად არავის მოუთხოვია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ოთარ ქათამაძე.

„ბათუმელები“ ნუკრი ქანთარიას ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა. თეატრის ხელმძღვანელისთვის გვინდოდა გვეკითხა, რა „შესაბამისი ღონისძიებები“ გატარდა მსახიობის წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნეს?

რის საფუძველზე შეაფასა ნუკრი ქანთარიამ თამარ მაყაშვილის ფრაზები იმ სიმძიმის შეურაცხყოფად, რის გამოც მსახიობი ყველა სპექტაკლიდან მოხსნა, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის ანაზღაურებას ვეღარ მიიღებს; სამხატვრო ხელმძღვანელმა დისციპლინური საქმის წარმოების შედეგად „მოხსნა სპექტაკლებიდან“ მსახიობი, თუ ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება?

თეატრის ხელმძღვანელის პასუხებს ამ კითხვებზე „ბათუმელები“ მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

მსახიობი თამარ მაყაშვილი „ბათუმელებთან” ამბობს, რომ მან ახლახან გაიგო კოლეგებისგან სპექტაკლებიდან მოხსნის შესახებ. მსახიობი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე თეატრის ხელმძღვანელი და ადმინისტრაცია მას არ დაჰკავშირებია და არც არავის უცნობებია დისციპლინური წარმოების შესახებ:

„მეც ახლა გავიგე, რომ სპექტაკლებიდან მომხსნეს. ბოდიში მოვიხადე, ამის შემდეგ კიდევ რა შემეძლო გამეკეთებინა არ ვიცი. მეტს ვერაფერს ვიტყვი”, – ამბობს თამარ მაყაშვილი.

მსახიობი თეატრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: