მთავარი,სიახლეები

„ბომბია ფაქტობრივად“ – „სოკარის“ ყოფილი მენეჯერი საფრთხეზე, რასაც ადასტურებს სემეკიც

02.11.2022 • 3748
„ბომბია ფაქტობრივად“ – „სოკარის“ ყოფილი მენეჯერი საფრთხეზე, რასაც ადასტურებს სემეკიც

„ბომბია, ფაქტობრივად, რომელიც ოდესღაც შეიძლება აფეთქდეს, მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი?“ – კითხულობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილი უფროსი ლაშა წულუკიძე გაზის მილებზე, რომლებიც ბათუმში, ერთ-ერთ ახალ კორპუსში, აეროპორტის ქუჩა #73-ში, პირდაპირ ფასადიდან შეუყვანიათ.

„სოკარის“ ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ გაზის შეყვანა ფასადიდან ახლა დაიწყეს, მას შემდეგ, როცა სემეკმა დაადასტურა, რომ ბათუმში, კორპუსების სადარბაზოებში გაზი დარღვევებით და „საფრთხის შემცველად“ გაჰყავდათ.

აღნიშნული სიტუაცია რისკის ქვეშ აყენებს მომხმარებელთა უსაფრთხოებას და უგულებელყოფს ბუნებრივი გაზით მომარაგების ერთ-ერთ ძირითად პრინციპს – მომხმარებელთა უსაფრთხო მომარაგებას,“ – ეს სემეკის 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაში წერია, სადაც ბათუმში 12 ახალი საცხოვრებელი კორპუსის გაზგაყვანილობაა აღწერილი. სემეკმა დარღვევების გამო კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ გააფრთხილა, ასევე მისცა კონკრეტული დრო დარღვევის აღმოსაფხვრელად.

11 მისამართზე, რაც სემეკმა შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია და შეისწავლა ლაშა წულუკიძის მიმართვის შემდეგ, გაზი კორპუსების სადარბაზოებშია გაყვანილი. თუმცა სემეკს ჯერ არ შეუსწავლია ფასადიდან კორპუსში გაზის შეყვანის უსაფრთხოების საკითხი. ლაშა წულუკიძე აპირებს ამ შემთხვევაშიც მიმართოს სემეკს.

„კორპუსების სადარბაზოებში, სადაც ეს დარღვევები დაფიქსირდა, ხარვეზები აღარ არის გამოსწორებადი, ეს ფიზიკურად შეუძლებელია,“ – მიიჩნევს ლაშა წულუკიძე, რომელიც 2007 წლიდან მუშაობს გაზიფიცირების სფეროში, ხელმძღვანელობდა ფოთის გაზიფიცირების ჯგუფსაც, ხოლო 2019 წლიდან კომპანია „გაზის სახლის“ უფროსია, მას „სოკარი“ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების გამო დაუტოვებია.

ლაშა წულუკიძის კომპანიაც გაზიფიცირების პროექტირებასა და მშენებლობაზე მუშაობს. ის საუბრის დასაწყისშივე ამბობს, რომ საუბრობს კონკურენტზე  – „გაზსერვისზე“, რომელიც „სოკარის“ კონტრაქტორია და ხაზს უსვამს იმას, რომ მისი აქცენტი უსაფრთხოებაა, რასაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყება – სემეკიც ადასტურებს.

„სოკარის“ ყოფილი თანამშრომელი უსაფრთხოების იმ რისკებზე გვესაუბრა, რასაც ქმნის გაზის მილების გაყვანა კორპუსის ფასადიდან.

„ეს მილები არ უნდა იყოს ერთმანეთში ახლართული, რიგის მიხედვით უნდა იყოს ჩაწყობილი,“ – ლაშა წულუკიძე კონკრეტულ რისკებს ასახელებს. – „რამე რომ დაზიანდეს, როგორ უნდა გაიგო, რომელი მილია? მეორეა ჩამკეტები, რაც ასეთ შემთხვევაში პირველ სართულზეა. თუ სადარბაზოებში გაყვანის შემთხვევაში ყველა სართულზეა ჩამკეტი, აქ რა უნდა ქნა, ვიდრე მოვა სამაშველო, მაგალითად, მე-12 სართულიდან?“ – კითხულობს სპეციალისტი და იქვე დასძენს, რომ მსგავს ავარიულ სიტუაციაში, ლიფტის გამოყენებაც აკრძალულია.

ლაშა წულუკიძე ყურადღებას ამახვილებს სამაგრებზეც, რადგან მილებს წონა აქვთ და სიმყარის დაცვა მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ყინვისგან, მზისა და წვიმისგან შესაბამისი დაცვის შესაძლებლობა.

„გასაგებია, რომ ეს მილები შეიფუთება, მაგრამ როგორ დაიცავ ამ რისკებისგან? აღარაფერს ვამბობ იერ-სახეზე – შეფუთვის შემთხვევაშიც ეს გაყვანილობა ფასადს ამახინჯებს. ტურისტულ ქალაქში მით უმეტეს, რატომ უნდა იყოს ასე,“ – დასძინა ლაშა წულუკიძემ.

ლაშა წულუკიძე გვიყვება, რომ სემეკის აგვისტოს გადაწყვეტილების შემდეგ, როცა დარღვევები დაფიქსირდა შენობებს შიგნით გაზგაყვანილობაში, გაზის გაყვანის სამუშაოები „სოკარმა“ შეაჩერა, ბოლო პერიოდში კი, რამდენიმე მისამართზე მილების შეყვანა ფასადიდან დაიწყეს. „სოკარის“ ყოფილი თანამშრომელი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს მიღებულ 41-ე დადგენილებაზე, რომელიც გაზგაყვანილობის საკანონმდებლო რეგულირებას ამკაცრებს.

„ეს დადგენილება რეალურად ამოქმედდა 2019 წელს, მე წამოვედი ამ დროს „სოკარიდან“… ახლა ჩათვალეს, რომ თუ ფასადიდან შეიყვანენ გაზის მილებს, ასე დადგენილების მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. კანონი არ კრძალავს ფასადიდან გაზის მილების შეყვანას, მაგრამ მას სჭირდება კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნების შესრულება, რაც დარღვეულია. იმედი მაქვს, ამასაც დაადასტურებს სემეკი,“ – ამბობს ლაშა წულუკიძე.

„ეს მილები შეიფუთება, არავითარი დარღვევა არ არის. მილების გარედან შეყვანა ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მოსახერხებელია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვახტანგ ბერიშვილმა, „სოკარ გაზი აჭარას“ ხელმძღვანელმა. მისი თქმით, წინა წლებშიც იყენებდნენ მსგავს პრაქტიკას, თუმცა კონკრეტულ ასეთ რომელიმე შემთხვევას ახლა ვერ იხსენებს.

„მისამართი ასე არ მახსოვს, მაგრამ იყო მსგავსი პრაქტიკა ადრეც, რამდენიმე კორპუსია ასეთი,“ – აღნიშნა ვახტანგ ბერიშვილმა.

რამდენად მართებულია გაზგაყვანილობის შეყვანა კორპუსში ფასადიდან?

„ტექნიკური რეგლამენტით არ არის შეზღუდული ბუნებრივი გაზის მილების შენობის გარე თუ შიდა ნაწილში განთავსება. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ იყოს დაცული რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები. რაც შეეხება „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ მიცემულ გაფრთხილებას კონკრეტულ სადავო საკითხთან მიმართებაში, შეეხება ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებას. კომპანიამ ნორმების დაცვით უნდა განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად. სამუშაოებს თუ რა ტრაექტორიით განახორციელებს, ამაში შეზღუდული არ არის“, – მოგვწერეს სემეკის პრესცენტრიდან.

რაც შეეხება კორპუსებს, სადაც სადარბაზოებში დადგინდა გაზგაყვანილობის კუთხით დარღვევები:

„საფრთხის შემცველია აღნიშნულ საცხოვრებელ შენობებში მცხოვრები მობინადრეებისთვის,“ – წერს სემეკი 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაში, სადაც ბათუმში 12 ახალ კორპუსში გაზგაყვანილობის უსაფრთხოება დეტალურადაა განხილული. უმთავრესი საფრთხე შესაბამისი მასალის გარეშე შეუფუთავი გაზის მილებია, რაც პირდაპირი საფრთხეა ხანძრის დროს.

„მითითებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გაზმომარაგების სისტემები მოწყობილია მეტალოპლასტიკის მრავალშრიანი მილების გამოყენებით. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სამუშაოების პროცესში დაშვებული ტექნიკური ხასიათის შემდეგი არსებითი ხარვეზები:
– ყველა შენობის შიგნით გაზგაყვანილობა (პლასტმასის მრავალშრიანი მილები, გოფრირებული გარცმით) მოწყობილია ღიად დამცავი კორპუსის, მოწყობილობის ან მასალის გარეშე, რაც ვერ უზრუნველყოფს მის დაცვას ხანძრისგან დროის მოცემული მონაკვეთისათვის;

– რიგ შემთხვევებში გაზგაყვანილობა (მასზე არსებული გადაბმები და დამხშობები) დამონტაჟებულია არავენტილირებად სათავსებში;

– მილსადენებზე არსებული გასართი შეერთებები მოწყობილია იმ ადგილებში, სადაც მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით არ არის დასაშვები;

– რიგ შემთხვევებში მრიცხველები მოწყობილია არავენტილირებად სათავსებში,“ – ვკითხულობთ სემეკის გადაწყვეტილებაში.

საინტერესო დეტალი: სემეკი ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ უწყებას მოქალაქე ლაშა წულუკიძემ მიაწოდა ინფორმაცია და ამის შემდეგ მოიკვლიეს შემთხვევითობის პრინციპით რამდენიმე ახალი კორპუსი ბათუმში. გამოდის, რომ გაზგაყვანილობის უსაფრთხოების კუთხით პასუხისმგებლობას ახლაც არავინ იღებს და არც ამოწმებს იგივე „ლეოგრანდის“ ტრაგედიის და თითქოს გამკაცრებული კანონმდებლობის ფონზე.

„ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლენილი დარღვევები არ შემოიფარგლება მხოლოდ შემოწმებული ობიექტებით, ანალოგიური ხარვეზებით ხორციელდება მიერთების სამუშაოები მრავალბინიან საცხოვრებელ შენობებში ქ. ბათუმში წლების (5-6 წელი) განმავლობაში (როგორც კომპანიის მიერ, ასევე დამოუკიდებელი სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციების მიერ), რაც წარმოადგენს სისტემურ პრაქტიკას ქ. ბათუმში,“ – ვკითხულობთ სემეკის გადაწყვეტილებაში, თუმცა სემეკის პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ეს პირველი გადაწყვეტილებაა „სოკარ ჯორჯია გაზის“ წინააღმდეგ, როცა დარღვევა დადასტურდა.

რა შეიცვალა აგვისტოში სემეკის გაფრთხილების შემდეგ?

„არ მაქვს ამდენი დრო, ვერ გიპასუხებთ,“ – მოკლედ მოგვიჭრა და ტელეფონი გამორთო „სოკარ ჯორჯია აჭარას“ ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბერიშვილმა, მას ვკითხეთ: რატომ მოეწყო საფრთხის შემცველად გაზგაყვანილობა საცხოვრებელ კორპუსებში, ან რა შეიცვალა სემეკის გაფრთხილების შემდეგ?

ვერც სემეკი ამბობს, რომ გაფრთხილების შემდეგ ხარვეზები „სოკარმა“ აღმოფხვრა, მით უფრო, იმ საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც ადამიანები უკვე ცხოვრობენ და გაზსაც მოიხმარენ.

„არის მუდმივი კომუნიკაცია კომპანიასთან. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის…მიმდინარეობს მონიტორინგი,“ – გვიპასუხეს სემეკის პრესცენტრში.

„აშკარად სახეზეა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობების, მოთხოვნების, ნორმებისა და ვალდებულებების, ასევე, კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული პირობების უგულებელყოფის ფაქტები, ვინაიდან კომპანიას პირველად ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები ანალოგიური დარღვევებისთვის, ასევე, კომპანიამ კვალიფიციურად ითანამშრომლა კომისიასთან, სრულად გაითავისა მის მიერ ჩადენილი ქმედება და თანახმაა მოკლე ვადებში აღმოფხვრას ქ. ბათუმში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში გაზგაყვანილობის სამუშაოების შესრულების დროს დაშვებული ყველა ტექნიკური ხარვეზი. კომისია თვლის, რომ ლიცენზიანტს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება,“ – ასე სრულდება სემეკის გადაწყვეტილება.

სემეკი თავის გადაწყვეტილებაში კონკრეტული მოთხოვნითაც მიმართავს „სოკარ ჯორჯია გაზს“.

„ხანძრისაგან დაცვის მიზნით მრავალშრიანი მილები უნდა მოთავსდეს დამცავ კორპუსში (რომელიც უზრუნველყოფს დაცვას ხანძრის შემთხვევაში) ან მოხდეს მილგაყვანილობის დაფარვა დამცავი მასალით, რაც შესაძლებელს გახდის მილგაყვანილობამ გაუძლოს მაღალ ტემპერატურებს, დროის მოცემული მონაკვეთისათვის,“ – წერს სემეკი.

სემეკის ეს მოთხოვნა ჯერ შესრულებული არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: