რუსეთის არმიის მაღალჩინოსნები განიხილავდნენ, სად და როგორ შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ – ინფორმაციას, რომ კრემლში ამგვარი საუბრები შედგა, ამერიკული The New York Times-ი კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ განხილვაში თავად ვლადიმერ პუტინი არ მონაწილეობდა, თუმცა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ დისკუსია მიმდინარეობდა უკრაინაში ბრძოლის ველზე არაერთი მარცხისა და რუსეთის გაძლიერებული ბირთვული რიტორიკის ფონზე.
The New York Times-ის ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ მაღალჩინოსანი რუსი სამხედროები ასეთ შესაძლებლობას განიხილავენ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეს აჩვენებს, რამდენად იმედგაცრუებულნი არიან რუსი გენერლები საკუთარი წარუმატებლობით უკრაინაში და ადასტურებს, რომ პუტინის მუქარები ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, შესაძლოა, ცარიელი სიტყვები არ აღმოჩნდეს.
როგორც გამოცემის წყაროები დასძენენ, ჯერჯერობით შეერთებულ შტატებს არ მიუღია მტკიცებულება, რომ რუსებმა ბირთვული იარაღი გადააადგილეს ან დარტყმისთვის ემზადებიან.
ჟურნალისტების თქმით, დაზვერვის ცნობები რუსი სამხედროების მსჯელობის შესახებ, შეერთებული შტატების ხელისუფლების შიდა წრეებში ოქტომბრის შუა რიცხვებში გავრცელდა, თუმცა გამოცემის წყაროები არ აკონკრეტებენ, თუ რა სცენარებს განიხილავდა რუსეთის სარდლობა.
შეერთებული შტატების უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ „დაზვერვის ამ ანგარიშის“ კომენტირებაზე უარი განაცხადა.
„ჩვენ თავიდანვე ცხადად განვმარტეთ, რომ რუსეთის კომენტარები ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ამ განცხადებებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ განვაგრძობთ დაკვირვებას და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ამ იარაღის გამოყენებას აპირებს,“ – ამბობს კირბი.
პენტაგონის შეფასებით, რუსეთს შეიარაღებაში 2000-მდე ერთეული ტაქტიკური ბირთვული იარაღი აქვს. დღემდე არც ერთი მათგანი ბრძოლაში არ გამოუყენებია, თუმცა ეს შესაძლებელია ნებისმიერი გზით, მათ შორის, რაკეტების ან საარტილერიო ჭურვების დახმარებით.
ტაქტიკური ბირთვული იარაღი ნაკლები სიმძლავრისაა და განკუთვნილია შედარებით ნაკლებ დისტანციაზე გამოსაყენებლად, ვიდრე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო თავები.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პუტინს აქვს ერთპიროვნული უფლება გადაწყვიტოს, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს და ამ გადაწყვეტილების მიღება მას თავისი გენერლების გარეშეც შეუძლია.