მთავარი,სიახლეები

ოქტომბერში უკრაინამ 2535 კმ2 ტერიტორია დაიბრუნა

01.11.2022 • 1269
ოქტომბერში უკრაინამ 2535 კმ2 ტერიტორია დაიბრუნა

ოქტომბერში უკრაინამ დაახლოებით 2, 535 კმ2 ტერიტორია გაათავისუფლა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უკრაინაში ახლა 17.30%-ით ნაკლები ფართობი აქვს ოკუპირებული – ასე აჯამებს უკრაინელთა კონტრშეტევის შედეგებს ოქტომბერში ონლაინპლატფორმა War Mapper, რომელიც უკრაინაში ომის მიმდინარეობას რუკაზე ასახავს.

უკრაინა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთში აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრიდან კონტრშეტევას აწარმოებს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სექტემბერში თითქმის მთლიანად დაიბრუნეს ხარკოვის ოლქი, რომელშიც ოლქის ადმინისტრაციის თქმით, მხოლოდ 25 დასახლებული პუნქტი დარჩა გასათავისუფლებელი.

„ეს დასახლებული პუნქტები რჩება რუსეთის კონტროლქვეშ. საზღვრის სიახლოვეს მძიმე ბრძოლები მიდის, უკრაინის დამცველები ჩვენი ტერიტორიის თითოეული მეტრისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან,“ – უთხრა ჟურნალისტებს ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ სინეგუბოვმა.

ხარკოვის უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ოლქია, საერთო ფართობით 31, 4 ათასი კმ2, რაც უკრაინის საერთო ტერიტორიის 5,25-ია. ოლქში 27 ადმინისტრაციული რაიონი, 17 ქალაქი, 60 ქალაქური ტიპის დასახლება და 1 718 სოფელია. ოლქში 2 895 813 ადამიანი ცხოვრობს.

ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში და უკრაინის სამხრეთშიც, სადაც უკრაინის არმია ოკუპირებული ხერსონისკენ მიიწევს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელთა კონტრშეტევის მოლოდინში რუსეთის არმია და საოკუპაციო ხელისუფლება მოსახლეობასთან ერთად ხერსონის დასავლეთ ნაწილს ტოვებენ, თუმცა უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, უკან დახევის პარალელურად, რუსეთი ხერსონში თავდაცვით პოზიციებს აძლიერებს და ქალაქის ბრძოლებისთვის ემზადება.

უკრაინული მედია წერს, რომ ბოლო კვირებში უკრაინის არმიის წინსვლა სამხრეთში შესამჩნევად შენელდა. თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი უამინდობა იყო.

„ჩვენ განვაგრძობთ კონტრშეტევის კამპანიას სამხრეთში. ახლა გარკვეული ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები გვიშლის ხელს, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ და ვიბრუნებთ ჩვენს სოფლებს, მეტრებსა და კილომეტრებს და ამის კეთებას გავაგრძელებთ“, – უთხრა რეზნიკოვმა Fox News-ს რამდენიმე დღის წინ.

თავდაცვის მინისტრის ვარაუდით, წინასწარი ცნობების მიუხედავად, რუსები ხერსონში ქუჩის ბრძოლებს არ გარისკავენ, რადგან დნეპრზე გადასასვლელებს კვლავაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ და საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის არმიას უკან დახევის შესაძლებლობა არ ექნება.

„დნეპრზე ყველა ხიდს ჩვენ ვაკონტროლებთ HIMARS-ებითა და ზალპური ცეცხლის სხვა ისეთი რეაქტიული სისტემებით, როგორიცაა M270. ეს NATO-ს თანამედროვე სისტემებია. მათთვის ხერსონში დარჩენა რეალური რისკია, რადგან გაქცევის საშუალება აღარ ექნებათ, როგორც ეს ხარკოვში, იზიუმში და სხვა ქალაქებში მოახერხეს,“ – ამბობს ოლექსი რეზნიკოვი.

გასულ კვირაში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში „სამხრეთის“ ძალებმა 90 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით/War Mapper

გადაბეჭდვის წესი


ასევე: