ბათუმის სანაპიროზე ხრეში უკვე ახალი ბულვარის გასწვრივ შეაქვთ. ხრეშის შეტანა აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ამ დროისთვის, როგორც სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ბონდი 2009“-ში გვითხრეს, 200 ათას კუბურ მეტრზე მეტი ხრეშია შეტანილი.
ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვებისთვის, შესაბამისად ხელოვნური პლაჟების მოსაწყობად, ჯამში კომპანიამ სანაპიროზე სულ 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეიტანოს.
ხრეშის შეტანა სანაპიროზე ახალ ბულვართან / 20.01.2023
ბათუმის სანაპირო ზოლი ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში. ჭოროხის შესართავიდან ახალი ბულვარის მიმართულებით აქ ნაპირი ირეცხება, ბათუმის კონცხზე კი გროვდება დიდი რაოდენობით ნატანი, რომელიც დროთა განმავლობაში ზღვის სიღრმეში [ბათუმის კანიონში] იკარგება:
ხრეშის შეტანა სანაპიროზე ახალ ბულვართან / 20.01.2023ხრეშის შეტანა სანაპიროზე ახალ ბულვართან / 20.01.2023
იმ ხრეშს, რომელიც შეაქვთ სანაპიროზე, ზღვა შტორმის დროს გადაანაწილებს ბათუმის პლაჟზე, საბოლოოდ კი, გარკვეულ ნაწილს თავს ბათუმის კონცხთან მოუყრის. რა რაოდენობით და რა პერიოდში – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შტორმული პროცესები განვითარდება სანაპიროზე მომავალში.
ხრეშის შეტანა სანაპიროზე ახალ ბულვართან / 20.01.2023ხრეშის შეტანა სანაპიროზე ახალ ბულვართან / 20.01.2023
ვინაიდან სანაპიროზე ხრეშის ხელოვნურად შეტანა დაგვიანდა, მდინარე ჭოროხს კი, საკმარისი ნატანი ზღვაში ვეღარ შეაქვს, ზღვამ ახალი ბულვარის გასწვრივ ნაპირის წარეცხვა დაიწყო.
ზღვის შტორმის შედეგად დანგრეული ახალი ბულვარი / 20.01.2023ზღვის შტორმის შედეგად დანგრეული ახალი ბულვარი / 20.01.2023ზღვის შტორმის შედეგად დანგრეული ახალი ბულვარი / 20.01.2023
დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა და რომლის საფუძველზეც ამჯერად სანაპიროზე ხრეში შეაქვთ, აღნიშნულია ასევე, რომ
„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.
თევზსაშენი მეურნეობების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეტიციით მიმართავენ. კერძო მეწარმეები პრემიერს სთხოვენ, რომ მიმართოს საქართველოს პარლამენტს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ვალდებულებების დროებითი შეჩერების/გადავადების შესახებ.
„თევზსაშენი მეურნეობების საქმიანობა, საუბარია დაახლოებით 200-ზე მეტ სუბიექტზე, 2023 წლის პირველი მარტიდან ცხადდება კანონგარეშედ და მათი საქმიანობა იქნება უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ისინი დაჯარიმებას დაექვემდებარებიან,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე, იქთიოლოგი, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე.
დღეს, 20 იანვარს, ორგანიზაცია „მწვანე სექტორმა“ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოში აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივებზე და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე თევზსაჭერი მეურნეობების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ახალი კანონით დაწესებული ვალდებულებების ამოქმედება აკვაკულტურის სფეროში მომუშავეთა საქმიანობას დიდ პრობლემებს შეუქმნის.
„ჩვენს მუშაობას აზრი აღარ ექნება,“ – ამბობენ ისინი.
არჩილ გუჩმანიძე
არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ აკვაკულტურის შესახებ კანონმდებლობა ისე შეიმუშავეს, განიხილეს და მიიღეს, რომ სფეროში ჩართულ ადამიანებს არაფერი ჰკითხეს – არც თევზის მომშენებლებს და არც კვალიფიციურ სპეციალისტებს.
პეტიციაში, რომლითაც აკვაკულტურაში ჩართულმა ადამიანებმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს, ტექსტის ავტორები წერენ, რომ სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლობის გამო „კანონმა არსებულ რეალობასთან კრიტიკულად შეუსაბამო ნორმები დააწესა“.
„ამოქმედდა მთელი რიგი ვალდებულებები და ახალი გადასახდელები, ჩამოყალიბდა ნებართვის გაცემის ბიუროკრატიული და ხანგრძლივი პროცედურები, დადგინდა სანებართვო განაცხადის რთული ფორმა და განისაზღვრა იმგვარი რეგულაციები, რომელთა შესრულებას აკვაფერმების უმრავლესობა ვერ შეძლებს.
ეს განსაკუთრებით დაამძიმებს მცირე წარმადობის თევზსაშენ მეურნეობებს, რომლებიც საოჯახო-სამეზობლო ხასიათის გაერთიანებებს წარმოადგენენ. მათი ეკონომიკური მდგრადობა და ოპერირების რესურსები საკმაოდ სუსტია. ისინი მოკლებული არიან სპეციალურ კომპეტენციას, რაც აუცილებელია აკვაკულტურის სანებართვო განაცხადის და მისი ტექნიკური დანართების შესავსებად.
აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტების დაკმაყოფილება მათთვის გადაულახავ ბარიერად იქცევა და ათეულობით ოჯახს შემოსავლის წყაროს დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენებს,“- ნათქვამია პრემიერისთვის გაგზავნილ პეტიციაში.
პეტიციას ხელს აჭარაში არსებული 20 თევზსაშენი მეურნეობის მფლობელი აწერს.
ისინი კანონით დაწესებული ვალდებულებების დროებით შეჩერებას და მინიმუმ 2024 წლის პირველ იანვრამდე გადავადებას ითხოვენ.
პეტიციის ავტორები ასევე ითხოვენ, ამ დროში აკვაკულტურის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გამოსწორდეს და სისტემურად განახლდეს კვალიფიციური სპეციალისტების და თევზმომშენებლების აქტიური ჩართულობით.
რა მოხდება თუკი სახელმწიფო აკვაკულტურაში მომუშავე პირების მიმართვას არ გაითვალისწინებს? – ვკითხეთ არჩილ გუჩმანიძეს.
„ვითარება არის კრიტიკული,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე და აგრძელებს:
„რა უნდა მოასწროს ამ ხალხმა პირველ მარტამდე? პირველი მარტის მერე სახელმწიფო მათ ეტყვის, რომ ისინი უკანონოდ მუშაობენ, არც ბანკი არ მისცემს მათ სესხს, ვერც სახელმწიფო პროგრამაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ვერც გრანტს ვერ აიღებენ და სავარაუდოდ, დააჯარიმებენ კიდეც.
იმედია, ამდენი ჭკუა ეყოფათ და კარდაკარ არ ჩამოივლიან დასაჯარიმებლად, თუმცა კანონით ვალდებული არიან.
საშუალო სიდიდის მეურნეობას ნებართვის აღება საკმაოდ დიდი თანხა უჯდება. მაგალითისთვის, სანებართვო მოსაკრებელი არის 200 ლარი, ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ ემატება რეგულირების გადასახადი და ბუნებრივი რესურსის მოსაკრებელი მოცულობის მიხედვით. საშუალოდ 10 ტონიან საკალმახეს, რომელიც წვრილ საკალმახედ ითვლება, თვეში გადასახადი ექნება 1000 ლარამდე.
ცალკეა ნებართვის მიღების პროცესი. იმისთვის, რომ ამ მეკალმახემ ნებართვა აიღოს, უნდა დაიქირაოს კომპეტენტური სპეციალისტი და მას უნდა გადაუხადოს ფული. უნდა მოიყვანოს ამზომველები, შეადგინოს საკადასტრო ნახაზები და ტოპოგრაფიული რუკები.
თუ ვთქვათ, აიღო ნებართვა და გადაიხადა გადასახადი, შემდეგ მოდის სხვა მოთხოვნები, როგორიცაა წყლის ხარისხის რეგულარული მონიტორინგი. ერთი სინჯი ჯდება მინიმუმ 500 ლარი. ამას ეუბნებიან, რომ შენ სისტემური მონიტორინგი უნდა გქონდეს, კვირაში ერთხელ უნდა აიღო, გამწმენდი ნაგებობა უნდა გქონდესო. გამწმენდი ნაგებობა დააყენო საკალმახეზე ამისთვის კოლოსალური თანხებია საჭირო. ამას ვინ გადაიხდის?“- კითხულობს არჩილ გუჩმანიძე.
იგი ამბობს, რომ კანონით დაწესებული ვალდებულებები დროებით უნდა შეჩერდეს და გადავადდეს, იმისათვის, რომ სფერო გადარჩეს.
დღეს, 20 იანვარს, საგარეჯოში ყოფილმა სამხედრო პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 5 ადამიანი მოკლა, 5 კი – დაჭრა. ოთახში შესვლის დროს, როგორც შს-ს მინისტრი ამბობს, ის გარდაცვლილი იპოვეს საწოლზე. სავარაუდოდ მან თავი მოიკლა.
ითქვა, რომ ყოფილ სამხედროს, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა, ავღანეთშიც მსახურობდა და სხვა მისიებშიც, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ჯერ არ გაუვრცელებიათ.
რა სერვისებს სთავაზობს თავდაცვის სამინისტრო სამხედროებს და ყოფილ სამხედრო პირებს, თუკი მათ სჭირდებათ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ თავდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა აქ კითხვებს არ უპასუხეს და გვითხრეს, რომ კითხვები წერილობით უნდა გადავუგზავნოთ.
„ბათუმელები“ ამ საკითხზე გადამდგარ გენერალს, გიორგი სურმავას ესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორი იყო საქართველოში პრაქტიკა, რა სერვისები არსებობს სამხედრო პირებისთვის ფსიქორეაბილიტაციისთვის და იღებენ თუ არა რეალურად სამხედროები მსგავს მომსახურებას.
მისი თქმით, სამხედრო მისიებში მყოფი სამხედრო პირები მისიიდან დაბრუნების შემდეგ დამატებით ერთთვიანი შვებულებით სარგებლობდნენ. დაჭრის შემთხვევაში ისინი გადიოდნენ მკურნალობას როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებს კი იმ შემთხვევაში იღებდნენ სამხედროები, თუ პრობლემა რეალურად გამოხატული იყო.
„თუ ფსიქიკური პრობლემა იყო გამოკვეთილი და რომელიმე სამხედროს ამ მხრივ რაიმე დისკომფორტი ჰქონდა, მაშინ იყო მკურნალობის სერვისები. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პირდაპირ გადმოუფრენიათ მისიიდან ადამიანი და გაუწევიათ დახმარება, მაგრამ მასიურად ყველა სამხედროს, ვინც მისიაში იყო, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ღონისძიებები ჩატარებოდა, ასეთი რამ არ ყოფილა და არც არსებობს ასეთი პროგრამა.
საერთოდაც, მგონია, რომ ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა, ქვეყნის პასუხისმგებლობაა უფრო“, – ამბობს გიორგი სურმავა.
მისი თქმით, თუ ადამიანი ჩამოვიდა, ვთქვათ, მისიიდან და არ აქვს გამოხატული ფსიქიკური დარღვევის ნიშნები, მაგრამ შემდეგ გამოუვლინდა, ამას, პირველ რიგში, სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა მიაქციოს ყურადღება.
თუკი ფსიქოლოგიური პრობლემის გამო უშვებენ სამხედროს სამსახურიდან, ამ შემთხვევაში თუ ამისამართებენ მას შესაბამის ცენტრში და რამდენად შეიძლება იმავე მიზეზით გამოეშვათ სამსახურიდან ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც დღეს, სავარაუდოდ, 5 ადამიანი მოკლა?
„თუ ამ მიზეზით გამოუშვეს, ესე იგი, მოარიდეს იმ გარემოს და სწორი ქნეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრობლემა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ასეთ ადამიანზე.
თუ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ხდება პირის დათხოვნა და ეს დარღვევა დაკავშირებულია სამსახურებრივ ფაქტორთან, პენსია იქნება თუ მკურნალობა, უნდა დაენიშნოს ასეთ შემთხვევაში პირს, რა თქმა უნდა.
თუ ჯარის შემდეგ აღმოაჩნდა მსგავსი პრობლემა პირს, ამის კონტროლს თავდაცვის სამინისტრო ვეღარ გააგრძელებს“, – ამბობს გიორგი სურმავა.
მისი თქმით, სამხედროების ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმება საქართველოშიც მაღალ დონეზეა.
„სამხედრო სამსახურში მიღების დროს ის, ვისაც შენ იარაღს ანდობ, ბევრნაირად უნდა იყოს შემოწმებული, მათ შორის ფსიქოლოგიურადაც. როგორც ვიცი, ჯარში ეს კონტროლი მაღალ დონეზეა.
სხვა ქვეყნების გამოცდილებას რაც შეეხება, აშშ-ში განსხვავებული მიდგომებია, თავის დროზე მიაქციეს ამ ფაქტორს ყურადღება და მთელი რიგი ორგანიზაციები შეიქმნა, მათ შორის ცალკე შეიქმნა ვეტერანთა სამინისტრო ძალიან დიდი ბიუჯეტით და ისინი ზრუნავენ ამ ადამიანებზე. ცალკე ჰოსპიტლები აქვთ, ცალკე დასასვენებელი ცენტრები ვეტერანებისთვის. ვფიქრობ, საქართველოშიც ამ მხრივ მსგავსი სერვისებია განსავითარებელი“, – გვითხრა გიორგი სურმავამ.
„ბათუმელები“ ამ საკითხზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსაც ესაუბრა. მათი თქმით, არ ჰქონიათ პრაქტიკაში შემთხვევა, რომ რომელიმე ყოფილ სამხედროს მათთვის ფსიქორეაბილიტაციის მოთხოვნით მიემართა.
„თავდაცვის სამინისტროს აქვს ფსიქორეაბილიტაციის დეპარტამენტი. როგორც ვიცით, ისინი უწევენ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას სამხედროებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამერიკელები იყვნენ ჩართული ამ ცენტრის ორგანიზებაში და უფრო კონკრეტულად მათ უნდა ისაუბრონ“, – გვითხრა აღნიშნული უწყების მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა შორენა სიხარულიძემ.
მისი თქმით, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს შექმნილი აქვს შშმ სამხედროებისთვის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი და ასევე ცდილობენ ფინანსურად დაეხმარონ მათ, თუკი მედიკამენტებით ან სხვა რაიმე სერვისით დახმარება დასჭირდებათ.
„გვყავს შშმ სამხედროები და ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ მათ რეაბილიტაციაში ამ ფორმით. ვეტერანებს 15 000-ლარიანი ჯანდაცვის პაკეტი აქვთ. გარდა ამისა, ჩვენს სამსახურსაც მომართავენ ხოლმე და წელიწადში ორჯერ, ეს იქნება წამლების დაფინანსება თუ სხვა, ვცდილობთ დახმარება გავუწიოთ. ეს ყველაფერი უნისონშია სახელმწიფო და ჯანდაცვის პროგრამებთან“, – გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, მისი თქმით, ამის საჭიროება არსებობს და სახელმწიფომ ამ მიმართულებითაც უნდა გააძლიეროს სერვისები.
„ძალიან დიდი ხანიაა ამაზე საუბარი და ჩვენი დირექტორიც იმყოფებოდა უკრაინაში, სადაც ვეტერანთა ჰაბები არსებობს. გვინდა, რომ ჩვენთანაც არსებობდეს ასეთი სერვისები, სადაც ადამიანები მივლენ, ისაუბრებენ, განიტვირთებიან ემოციებისგან, რადგან პოსტომის სინდრომი ყველგან არსებობს.
ის ადამიანიც, რომელმაც დღეს 5 ადამიანი მოკლა, ავღანეთის მისიის მონაწილე იყო, 2008 წლის ომშიც იბრძოდა.
არ ვიცით, ფსიქიკური პრობლემების გამო მოუწია თუ არა მას სამსახურის დატოვება, მაგრამ ფსიქიკური აშლილობები გლობალური პრობლემაა და მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.
იგივე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილეებიც, როცა ომი დასრულდა, ქუჩაში აღმოჩნდნენ და არავის უზრუნია მათ რეაბილიტაციაზე. ამან, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი გამოიღო, ზოგმა ვერ გაუძლო და ნარკოტიკებში ჩაიძირა, ზოგი – სასმელში, ზოგი ფეხზე ვეღარ დადგა.
2008 წლის შემდეგაც გამოჩნდა ეს პრობლემა და ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, მოსმენილი მაქვს, რომ უცხოეთშიც თვითმკვლელობების 42% ყოფილ სამხედროებზე მოდის, მიუხედავად იმისა, რომ იქ ძალიან კარგად აქვთ ჩვენთან შედარებით სერვისები განვითარებული“, – ამბობს შორენა სიხარულიძე.
მისი თქმით, თუ ადამიანი ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით მიმართავს, აღნიშნული სამსახური მათ დაეხმარება, თუმცა ამის პრაქტიკა დღემდე არ ყოფილა.
„ვერავისთან ვერ მიხვალ და ვერ ეტყვი, რომ მკურნალობა სჭირდება, ან ოჯახმა უნდა მოგვმართოს, ან თვითონ იმ ადამიანმა. არასდროს მოუმართავთ ამ პრობლემით ჩვენთვის ვეტერანებს“, – გვითხრა მან.
2022 წლის დეკემბერში საქართველოში რუსეთის 131 546 მოქალაქე შემოვიდა, რაც 306 პროცენტით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებზე – სტატისტიკას შს სამინისტრო აქვეყნებს.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკის ზრდა დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს.
ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 405 552 მოქალაქემ გადმოკვეთა.
უცნობია, ამჟამად რუსეთის ზუსტად რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში და რამდენმა დატოვა ქვეყანა.
დღეს, 20 იანვარს, ბათუმის სასამართლოში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
წინა სხდომებისგან განსხვავებით, დისტანციურად, მაგრამ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გალიფ ოზთურქი.
ვიდრე მოსამართლე საქმის განხილვას შეუდგებოდა, ბრალდებულმა თქვა, რომ სხდომაზე დასწრება აღარ სურს.
„ეს თქვენი უფლებაა, შეგიძლიათ დაესწროთ, შეგიძლიათ – არა, თქვენი ადვოკატი ესწრება სხდომას,“ – უთხრა მას მოსამართლე ლევან ყოლბაიამ, რომელსაც თითქმის საათ-ნახევარი დააგვიანდა სხდომის დაწყება თურქული ენის თარჯიმნის დაგვიანების გამო.
სანამ სხდომას დატოვებდა ოზთურქმა განმარტა, რომ ისევ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება სხდომას.
ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
დღეს, 20 იანვარს, ოზთურქის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყეს. მოსამართლეს ადვოკატებმა პირველ რიგში იმ კორპუსის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აჩვენეს, სადაც გალიფ ოზთურქი დაკავებამდე ცხოვრობდა.
კადრებში ჩანს, როგორ შედიან შენობაში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები.
– და რომელია აქ ფინანსური პოლიციის თანამშრომელი?- იკითხა პროკურორმა ლევან მურვანიძემ, თან ვიდეოკადრს გააყოლა თვალი.
– როგორ, თქვენ ვერ იცნობთ ამათ?- გაოცდა ადვოკატი თენგიზ კახიძე, – აი, მაგალითად, ეს უფროსი გამომძიებელი არჩილ სურმანიძეა.
– ასე ზურგით ვერ ვცნობ ხალხს, – პროკურორმა მოსამართლეს ანიშნა, რომ კადრებში გამოკვეთილი გამოსახულება არ არის.
– როგორ ვერ ცნობ, ერთად დავბერდით ამ ქალაქში,- აღნიშნა ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ.
ვიდეოჩანაწერებით და სხვა მტკიცებულებებით დაცვის მხარე იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ ოზთურქის აპარტამენტში გარეშე პირებსაც შეეძლოთ გადაადგილება ჩხრეკამდე ან ჩხრეკის დროს.
მერე კადრებში გამოჩნდა, როგორ ჩამოართვეს ადგილზე თავმოყრილ „მეტრო ჰოლდინგის“ თანამშრომლებს მობილური ტელეფონები – შენობაში, სადაც ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტია, განთავსებულია მისი ბიზნესკომპანიაც.
„ისინი არ დაუკავებიათ, ტელეფონები რატომ ჩამოართვეს, მე არ ვიცი,“ – კითხვა აღარ დაუსვამს ადვოკატ თენგიზ კახიძეს.
გალიფ ოზთურქის საქმე ბათუმის სასამართლოში. 20 იანვარი, 2023 წელი
ადვოკატმა მოსამართლეს მიუთითა სპეცრაზმელებზე, რომლებიც ახლდნენ ფინანსური დანაშაულის გამოსაძიებლად ადგილზე მისულ გამომძიებლებს.
გამოძიებას ფინანსურ დანაშაულზე ბრალი ოზთურქისთვის არ წარუდგენია.
ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის დასრულების შემდეგ პროკურორმა ითხოვა სიტყვა:
„დაცვის მხარე მუდმივად მიუთითებდა, რომ ადვოკატის მისვლამდე რაღაც პროცესები იყო თითქოს…. აქ კი, ნათლად ჩანს ერთი რამ, რომ იქ ადვოკატის მისვლას ელოდებიან და დგანან გამომძიებლები,“ – თქვა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.
შემდეგ სხდომაზე მოსამართლე დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს მოისმენს, მათ შორის, ადვოკატის, რომელიც ოზთურქის აპარტამენტის ჩხრეკას ესწრებოდა.
გალიფ ოზთურქის წინასწარი პატიმრობის ვადა ამ საქმეზე თებერვლის ბოლოს იწურება.
__________________________
მილიონერი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულსედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში ოზთურქს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.
5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.
ოთხშაბათს აშშ-ის ხელისუფლებამ მაიამიში დააკავა ჩინური კრიპტოვალუტის ბირჟის Bitzlato-ს 40 წლის რუსი მფლობელი ანატოლი ლეგკოდიმოვი, ასევე ცნობილი როგორც „Gandalf“-ი. ამის პარალელურად ევროპაში მისი ხუთი თანამზრახველი დააკავეს.
ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.
ლეგკოდიმოვს, რომელიც ძირითადად ჩინეთის ქალაქ შენჟენში ცხოვრობს, ბრალად ედება სავარაუდოდ 700 მილიონი დოლარის უკანონო ბრუნვა. რუსეთის მოქალაქეს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ოფიციალური პირების განცხადებით, კრიმინალები იყენებდნენ ბირჟას, როგორც უსაფრთხო თავშესაფარს ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მოპარული ფინანსური ინფორმაციის გასაყიდად.
ამ ბირჟასთან დაკავშირებული კიდევ ხუთი კაცი, ძირითადად რუსები და უკრაინელები, დააკავეს ესპანეთში, პორტუგალიასა და კვიპროსში, საფრანგეთის პოლიციის სპეცოპერაციის ფარგლებში. დაკავებების შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ დაშალა Bitzlato-ს ციფრული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მისი სერვერები საფრანგეთში და ჩამოართვეს 17 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
პარიზის პროკურორმა ლორ ბეკიუმ განაცხადა, რომ Bitzlato კრიპტოვალუტას, მათ შორის ბიტკოინსა და ეთერიუმს, რუსულ რუბლში ცვლიდა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ლეგკოდიმოვი შპს Bitzlato-ს აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი აქციონერია.
ჰონგ კონგში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Bitzlato, რომელიც გლობალურად მუშაობს, მინიმალურ იდენტიფიკაციას ითხოვდა მისი მომხმარებლებისგან.
ამავდროულად, პროკურორების თქმით, ლეგკოდიმოვმა და მისმა თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ Bitzlato-ს მომხმარებლები ფიქტიური სახელებით იყვნენ დარეგისტრირებულნი. უფრო მეტიც, „განდალფმა“ ეს ღიად აღიარა შიდა მიმოწერაში.
Bitzlato-ს ყველაზე დიდი პარტნიორი იყო Hydra, ანონიმური ონლაინბაზარი დარქნეტში, რომელიც აშშ-ის და გერმანიის სამართალდამცავებმა გაანადგურეს გასულ წელს.
ამერიკისა და გერმანიის ხელისუფლებამ Hydra მსოფლიოში ყველაზე დიდ უკანონო ბაზრად შეაფასა. თუმცა მისი მთავარი აუდიტორია თავმოყრილი იყო რუსეთში.
გერმანიის კრიმინალური პოლიციის ოფისის მონაცემებით, მხოლოდ 2020 წელს გაყიდვებმა ადგილზე მინიმუმ 1,23 მილიარდი ევრო შეადგინა – რუსულენოვანი ბაზარი ფუნქციონირებდა 2015 წლიდან და აქ შეიძლებოდა ნარკოტიკების და ზოგიერთი სახის ყალბი საბუთების შეძენა.
მიუხედავად იმისა, რომ Hydra-ს ძირითადი მიმართულება იყო ნარკოვაჭრობა, ცნობილია მინიმუმ ერთი შემთხვევა, როდესაც პირის მკვლელობა რეალურად იქნა შეკვეთილი ამ ვებგვერდის საშუალებით – გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობა მოსკოვის მახლობლად.
გერმანიის პოლიციის ცნობით, 2022 წლის აპრილში, დახურვის დროს, Hydra-ს საიტზე დაახლოებით 17 მილიონი მომხმარებლის ანგარიში და 19 000-ზე მეტი მიმწოდებელი იყო.
აშშ-ის ხელისუფლება აძლიერებს კონტროლს კრიპტოვალუტის სექტორზე.
BBC-ი წერს, რომ დიდი ხანია არსებობს ჩივილები კრიპტოვალუტით მოვაჭრე პლატფორმების გამჭვირვალობაზე.
2017 წლის ზაფხულში ყველაზე დიდი რუსულენოვანი ბირჟა BTC-ი დაიხურა საბერძნეთში მისი ერთ-ერთი სავარაუდო ადმინისტრატორის, ალექსანდრე ვინიკის დაკავების შემდეგ.
ბირჟა BTC-ი ძალიან პოპულარული იყო, რადგან მომხმარებლის რაიმე დამადასტურებელ ინფორმაციას არ ითხოვდა კრიპტოვალუტის გასაყიდად ან შესაძენად, საკმარისი იყო მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მითითება.
დასავლური ვებგვერდების პრინციპია „იცოდე ვინ არის შენი მომხმარებელი“ და ამგვარი ანონიმურობა შეუძლებელია.
ბევრი დასავლური ბირჟა მომხმარებლებს სთხოვს არამხოლოდ პასპორტის ასლს, არამედ, მაგალითად, კომუნალური გადახდების დამადასტურებელ ინფორმაციასაც.
აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, სწორედ ანონიმურობამ აქცია BTC-ი პოპულარულ პლატფორმად კიბერ თაღლითებს შორის. მისი მეშვეობით, მაგალითად, იაპონური კრიპტოვალუტის პლატფორმიდან Mt.Gox-დან მოპარული 530 ათასი ბიტკოინი „გათეთრდა“.
იმავე წლის შემოდგომაზე იგივე ბირჟა ხელახლა გაჩნდა ახალი სახელით Wex-ი. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, მისი მეშვეობით სულ მცირე 4 მილიარდი დოლარი „გაათეთრეს“.
2018 წლის ბოლოს ბირჟა Wex-ი, რომელიც ასობით მილიონი დოლარის ბიტკოინებითა და სხვა კრიპტოვალუტით ვაჭრობდა, დაინგრა და 2021 წლის აგვისტოში მისი მფლობელი, დიმიტრი ვასილიევი ყაზახეთის მოთხოვნით ვარშავაში დააკავეს.
2020 წლის დეკემბერში პარიზის სასამართლომ რუს ალექსანდრე ვინიკს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამერიკის ხელისუფლებამ ის BTC-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაასახელა, საფრანგეთში კი ვინიკი დაადანაშაულეს ერთ-ერთი ყველაზე „მომგებიანი“ გამოსასყიდი ვირუსის, Locky-ის გავრცელებაში.
2021 წლის დეკემბერში კიბერუსაფრთხოების კომპანიის Recorded Future-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მოსკოვში ყვაოდა უკანონო კრიპტოვალუტის ტრანზაქციები. კომპანიის ცნობით, მოსკოვის საქმიან ცენტრებსა და უბნებში კრიპტოვალუტის 50-მდე ბირჟა იყო, რომლებიც უკანონო საქმიანობით იყვნენ დაკავებულები.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა გასული კვირის ბოლოს შედგა და აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელმა უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას გააცნო CIA-ს ხელთ არსებული ინფორმაცია უახლოეს კვირებში რუსეთის მიერ უკრაინაში დაგეგმილი სამხედრო ოპერაციების შესახებ.
ანონიმური წყაროების ცნობით, ზელენსკისა და მისი კაბინეტისთვის მნიშვნელოვანი იყო საკითხი, თუ კიდევ რამდენ ხანს შეუძლია კიევს აშშ-სა და დასავლეთის დახმარების იმედი ჰქონდეს, მას შემდეგ, რაც უკრაინის მხარდაჭერის დონე აშშ-ის ელექტორატის ნაწილში დაეცა, ხოლო წარმომადგენელთა პალატის კონტროლი რესპუბლიკელებმა მოიპოვეს.
ბერნსმა აღნიშნა, რომ რაღაც მომენტში უკრაინისთვის დახმარების მიღება რთული იქნება.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი და მისი გუნდი ბოლო შეხვედრიდან გამოვიდა გრძნობით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კიევის მხარდაჭერა ძლიერი რჩება, თუმცა ნაკლებად აქვთ იმედი, რომ კონგრესი წინა წლის მსგავსად, ამ გაზაფხულზეც მიიღებს უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტს.
ეს არ არის CIA-ს დირექტორის პირველი ვიზიტი კიევში. წინა ვიზიტი 15 ნოემბერს შედგა, როდესაც უკრაინის დედაქალაქი და უკრაინის სხვა მსხვილი ქალაქები რუსეთის მასიური სარაკეტო დარტყმის ქვეშ იყო.
„ბერნსი პატივსაცემი ფიგურაა ზელენსკის ახლო წრეში 2022 წლის იანვარში მისი ზუსტი გაფრთხილების გამო, რომ რუსული ძალები შეეცდებიან დაიკავონ უკრაინაში ანტონოვის აეროპორტი უკრაინაში შეჭრისას. მისი შეტყობინება, რომელიც პირადად იქნა გადმოცემული, ეფუძნებოდა აშშ-ს დაზვერვის შეფასებას,“ – წერს გამოცემა.
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, საზოგადოებრივ ცენტრთან ახლოს, სროლა იყო.
პირველადი ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს ქობულეთიდან, იარაღიდან კონკრეტული პირის მიმართულებით ისროლეს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
„ბათუმელები“ ქობულეთის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სროლა ნამდვილად იყო. „თუმცა სხვა ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია,“- გვითხრეს მერიაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-მოხმარებას გულისხმობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 იანვრის 21 საათიდან 21 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 იანვარს ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 20 იანვრის ანგარიში რუსეთში „ვაგნერის“ დაჯგუფების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2022 წლის 27 დეკემბერს, რუსეთის ერთიან სახელმწიფო რეესტრში „ვაგნერის“ მარიონეტული გასამხედროებული დაჯგუფება იურიდიულ პირად დარეგისტრირდა.
ამ იურიდიული პირის სახელწოდება შეიცავს სიტყვას – „ცენტრი“ [ЧВК Вагнер Центр], უკრაინაში მებრძოლ არაფორმალური დაჯგუფებას კი მოიხსენიებენ, როგორც ЧВК Вагнер.
ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, დაჯგუფებას კომპანიის რეგისტრაციისას საქმიანობის ძირითად სფეროდ „მენეჯმენტის კონსულტაცია“ აქვს მითითებული და საბრძოლო სერვისი ნახსენები არაა.
კერძო სამხედრო კომპანიების შექმნა რუსეთში კვლავაც არალეგალურია, მიუხედავად კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებული გაჭიანურებული დისკუსიებისა. შესაბამისად, ბრიტანელი დაზვერვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ არ არის ნათელი, რა დონეზე იქნება ЧВК Вагнер Центр-ი გამოყენებული „ვაგნერის“ გასამხედროებული აქტივობების ადმინისტრირებისთვის.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ცნობით, „ვაგნერის“ მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა, ორგანიზაცია, სავარაუდოდ, ნაწილობრივ თავისი სხვა კომპანიების მიერ მიღებული სახელმწიფო კონტრაქტების მეშვეობით დააფინანსა.
„ვაგნერის“ დაჯგუფების ოფიციალური რეგისტრაცია, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ტრადიციულად გაუმჭვირვალე დაჯგუფების საჯარო იმიჯის გასაოცრად სწრაფი განვითარების გაგრძელებაა: პრიგოჟინმა მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში აღიარა თავი „ვაგნერის“ დამფუძნებლად, ოქტომბერში კი გაპრიალებული სათავო ოფისი გაუხსნა სანქტ-პეტერბურგში.
როგორც ბრიტანული დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფება უკრაინაში 50 ათასამდე მებრძოლს ხელმძღვანელობს და ამ ომის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს.
„სავარაუდოდ, რეგისტრაცია, პრიგოჟინის კომერციული მოგების მაქსიმალიზებასა და მზარდი ცნობადობის მქონე ორგანიზაციის დამატებით ლეგიტიმაციას ემსახურება“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 20 იანვრის ანგარიშში.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ISW-ის ცნობით, კრემლის მაღალი რანგის ოფიციალური პირები განაგრძობენ შეხვედრებს ბელარუსის მთავრობასთან, რაც შეიძლება მიუთითებდეს უკრაინაზე რუსეთის შეტევის განზრახვაზე ბელარუსიდან, თუმცა არა უახლოეს კვირებში.
ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 2023 წლის დასაწყისში რუსეთის მიერ უკრაინაზე ბელორუსის ტერიტორიიდან ახალი თავდასხმის სცენარის განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ეს შესაძლებელია მოხდეს 2023 წლის ბოლოს.
ამავე დროს, რუსი ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერები აკრიტიკებენ რუსული ჯარების უკრაინაზე ბელარუსიდან თავდასხმის იდეას.
ISW-ის 19 იანვრის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სულ უფრო მეტად უჭერს მხარს „ვაგნერის“ ფინანსისტის, ევგენი პრიგოჟინის მტრებს, სავარაუდოდ, პრიგოჟინის გავლენის შესამცირებლად.
ასევე, ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა, შესაძლოა, განაცხადა, რომ „ვაგნერი“ არ არის რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურის ნაწილი და რომ რუსი სამხედროები არ თანამშრომლობენ „ვაგნერის“ ჯგუფთან, მიუხედავად მრავალი მტკიცებულებისა, რომ პირიქით ხდება.
ბოლო 24 საათის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო ცნობებით, უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას სვატოვოს მიმართულებით, ხოლო რუსულმა ძალებმა განახორციელეს შეზღუდული კონტრშეტევები კრემენნაიას მახლობლად.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოფიციალური პირები აგრძელებენ მზადებას მობილიზაციის მეორე ტალღისთვის.
20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში 48 წლის ყოფილმა სამხედრომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 5 ადამიანი მოკლა, 5 კი დაიჭრა. გარდაცვლილია პოლიციის ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი, ერთი პოლიციელი კი მძიმედ არის დაჭრილი. თვითმხილველების თქმით, კაცმა ესროლა სასწრაფოს ექიმებსაც.
როგორც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, ყოფილმა სამხედრომ სროლა სახლის აივნიდან დაიწყო.
„მოქალაქემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა სახლიდან. სახლში მისი სრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა. ჯერ აივნის ერთი მხრიდან დაიწყო სროლა, შემდეგ მეორე მხრიდან, შვილმა დატოვა სახლი.
პოლიციელის თანამშრომლები რომ მივიდნენ გახსნა ცეცხლი და დაიღუპა ერთი პოლიციელი“, – ამბობდა გომელაური.
ყოფილმა სამხედრომ სამსახური 2021 წელს დატოვა. ის ავღანეთის მისიაშიც მსახურობდა. „რა მოხდა არავინ იცის ჯერჯერობით“, – ამბობს გომელაური.
მისი თქმით, როდესაც სპეცდანიშნულების წევრები ოთახში შევიდნენ, აღნიშნულ პირს თავიდან სისხლი მოსდიოდა. „გვერდით ედო ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარის რგოლები, რამდენიმე ცალი ქვეშ ჰქონდა ამოდებული, ამოვიდნენ გამნაღმველებიც და დაათვალიერეს ხელყუმბარა“, – ამბობს გომელაური.
მინისტრს ამ დროისთვის არ აქვს პასუხი კითხვებზე, თუ რა უძღოდა ამ ტრაგედიას წინ. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოკითხვა, მათ შორის დაღუპული ყოფილი სამხედროს შვილის, თუმცა კონკრეტული მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 1974 წელს არის დაბადებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 20 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 119 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770]
ტანკი – 3 139 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 6 241 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 2 129 ერთეული [+7]
MLRS – 442 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 287 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 277 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 886 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 903 ერთეული [+7]
სპეცტექნიკა – 190 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 20 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
374 თვითმფრინავი
202 ვერტმფრენი
2 908 უპილოტო საფრენი აპარატი
401 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 583 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
985 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 878 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
8 121 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
უკვე 22 წელია, ყოველ საღამოს, ექვსი საათის შემდეგ, 75 წლის ნორა ახალაძე ბათუმის მერიისა და საკრებულოს შენობაში შედის და სხვადასხვა სამსახურის კაბინეტს თავისი გასაღებით აღებს. როცა აქ დასაქმებული მოხელეების სამუშაო საათები სრულდება, ამ დროს მისი სამუშაო იწყება. ოთახებში, რომელთა დასუფთავებაც ნორას ევალება, ბევრი მოვიდა და წავიდა, ბევრიც დარჩა, ნორას ყველაფერი ახსოვს.
თავად გვიყვება, რომ ამ საქმეს დღემდე გულმოდგინედ ასრულებს. მთელი ამ წლების განმავლობაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასი ბევრჯერ გაიზარდა, თუმცა ნორას შრომის ანაზღაურებამ მხოლოდ 269 ლარს მიაღწია.
2022 წლის იანვარში საარსებო მინიმუმი წლიურად 29.2 ლარით გაიზარდა და 226.2 ლარი შეადგინა.
ამ დრომდე ნორას არასდროს მიუღია პრემია, დანამატი, ჯილდო. სამსახურში, თვითმმართველობის ორგანოში, არავის უკითხავს რამდენი აქვს ხელფასი, როგორ ცხოვრობს, რამე ხომ არ სჭირდება, რა ხდება მის ქუჩაზე, მის უბანში, თუმცა არ სწყინს და ამ ყველაფრის გამართლებას ცდილობს:
„ჩვენ რომ მოვდივართ, აქ არავინ არის. ოთახები დაკეტილია, ყველა წასულია.“
ნორა მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს – საჩუქარს, რომელმაც როგორც თვითონ გვიყვება, „ძალიან გაახარა“. ახალ წლამდე, 2023 წლის დადგომამდე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს ნორასთვის 100 ლარი უჩუქებია:
„ჩემმა თავმჯდომარემ პატივი მცა, 100 ლარი მაჩუქა, მე მას რამაზის არ ვეძახი, ლამაზ ბიძიას ვეძახი. ეს კი არ გამამდიდრებს, მაგრამ სტიმულია, გაგიხარდება. ამ დროს ფიქრობ, რომ რაღაცას წარმოადგენ“, – გვიყვება ნორა. მან გვითხრა ისიც, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რამაზ ჯინჭარაძე პირველი იყო, ვინც დაინტერესდა და ჰკითხა რამდენი ჰქონდა ხელფასი:
„ვუთხარი რა ხელფასიც მაქვს და ძალიან გაუკვირდა. ჰო, მე ვუთხარი ეს გადადის შთამომავლობით, როგორც ძვირფასი საგანძური, რომ ექნება ოჯახს. მოვა ახალი, რამდენი აქვთ? – დაგვენიშნება ისევ იმდენი და ასე მივდივართ, ასე ბრუნავს-მეთქი. მე მაგას გავითვალისწინებო და ალბათ მისი დახმარებით წელს რაღაც დაგვიმატეს. მაგრამ ჯერ არ აგვიღია, რა გვექნება, ზუსტად არ ვიცით.“
ნორას კოლეგების თქმით, ამ დრომდე ხელფასის სახით 265 ლარი ჰქონდათ და ახლა 295 ლარს ელოდებიან, ანუ გაზრდილ ხელფასს.
ასე, მარტივად მოიგო რამაზ ჯინჭარაძემ ნორას და მისი კოლეგების გული. თავად საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 6050 ლარამდე გაიზარდა გასული წლის ბოლოს.
ნორა ბათუმის მერიასა და საკრებულოში 2008 წლიდან დასაქმდა, ჯერ შტატით იყო დასაქმებული, შემდეგ კი მერიამ დასუფთავების მომსახურება ტენდერით შეისყიდა. ნორას, ისევე როგორც მის კოლეგებს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესთავაზა თანამშრომლობა და ისინიც დათანხმდნენ.
ბათუმის მერიასა და საკრებულოში იმავე პოზიციასა და ხელფასზე მუშაობს ნარგიზ ირემაძეც, ისიც პენსიონერია. თვითმმართველობის ორგანოში მუშაობა 1992 წელს დაუწყია. თავიდანვე გაგვაფრთხილა მე ბევრს არ ვილაპარაკებო: „ცოტას ვიტყვი“.
„მაშინ ბათუმის მერი თენგიზ ასანიძე იყო. უბრალოდ მოვედი, ვიკითხე დამლაგებლის ადგილი თუ არის-მეთქი და მიმიღეს. მას შემდეგ ვმუშაობ აქ. კუპონებიდან რომ გადმოვედით ლარებზე, ძალიან მცირე ხელფასები იყო. ტენდერში მოვხდით 2008 წელს და ამ დროიდან კიდევ შემცირდა ჩვენი ხელფასი – 270 ლარი გვქონდა და 160 ლარზე ჩამოვიდა“.
ნარგიზ ირემაძემარჯვნივ ნორა ახალაძე და მისი კოლეგა ლალი ლომთათიძე
„ტენდერი ჩატარდა, ეს საქმე აიღო „სუფთა სამყარომ“. ეს უკვე კერძო სამსახურია, თუ იმ პირობებით იმუშავებ, რასაც გთავაზობენ, იმუშავებ და მოგცემენ ხელფასს, თუ არ გინდა, უნდა წახვიდე – ეს უკვე კერძოა. ახლა ხელფასი მოგვემატა, ბევრი არაფერი, მაგრამ 295 ლარი გვექნება. დატვირთვა არის, როგორც იყო ისეა. დერეფნებიც გვაქვს და ოთახებიც, საკმაოდ ბევრი, თუ ვერ მოვასწარით საღამოს დასუფთავება, დილით მოვდივართ ასე 7 საათზე. ზოგჯერ ნახევარს საღამოს ვასუფთავებთ და ნახევარს დილით. ამ შენობაში ორი დამლაგებლის შტატია. ერთი არის ბატონი არჩილის დამლაგებელი [ბათუმის მერი] და მეორე ტუალეტებს ასუფთავებს. ჩვენ გვევალება კაბინეტები, ასევე დერეფნები, დარბაზი“, – გვიყვება ლალი ლომთათიძე.
საჩუქარი საკრებულოს წევრი ქალისგან ლალისაც მიუღია: „ერთ უფროს ქალს ცოტა ჭურჭელი გავურეცხე და 50 ლარი მაჩუქა“, შემდეგ გაგვიმხილა, რომ ეს ქალი ნერიმან ცინცაძეა [საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“].
ლალი გვიყვება, რომ დამლაგებლები მერიას, ასევე საკრებულოს მაშინაც ავიწყდება, როცა დღესასწაულებზე ქალებისთვის ყვავილები მოაქვთ.
„არ მახსოვს ჯერ ვინმეს გახსენებოდა ჩვენი თავი. 22 წელია აქ ვმუშაობ. ან ყვავილებს როცა ჩუქნიან. ხანდახან მივდივარ და მე თვითონ ვართმევ. დავახტები და წამოვიღებ ერთ ცალს. ეს გოგოებისააო ერთხელ მითხრეს, ვუთხარი მე კაცი ვარ-მეთქი? – თუ მორჩება რამე… შემდეგ დამლაგებელს, მანამდე დამლაგებელს არაფერი“.
ლალის და მის კოლეგებს ვთხოვეთ გაეხსენებინათ იყვნენ თუ არა დაპატიჟებულები მერიის რომელიმე ღონისძიებაზე ან კორპორატიულ წვეულებაზე.
„არა, ჩვენ დაბალი ფენა ვართ“, – გვიპასუხა ლალიმ, ნორას მისი ნათქვამი არ მოეწონა. ლალიმ მაინც გაიმეორა: „რა, ტყუილი ვთქვი რამე? – დაბალი ფენა ვართ.“
„ეჰ, ასე ფიქრობენ, რომ ჩვენ ცოცხით დავიბადეთ. ახლა ჩვენ პენსიონერები რადგან ვართ, ვერც ვამბობთ რამეს, მუშაობა შემიძლია, რაც გვევალება, ვაკეთებ“, – კოლეგას დაეთანხმა ნორაც.
საუბრის ბოლოს ლალი ფრთხილობს: „ერთხელ უკვე დამატოვებინეს სამსახური, მაშინ მიტინგზე წასვლის გამო… მინდა გთხოვოთ, აუცილებლად დაწეროთ, რომ ახლა ძალიან კარგი ქალი უფროსი გვყავს, ხელს გვიწყობს და მადლობელი ვარ. არ არის ცუდი ჩვენი სამსახური, მე ახლოს ვცხოვრობ, ფეხით დავდივარ, გზაში ფული არ მეხარჯება.“
დამლაგებლის ანაზღაურებაზე ვკითხეთ საჯარო სკოლებში დასაქმებულებსაც. გვიყვებიან, რომ მათი ანაზღაურება 220-300 ლარია. სამუშაო კი – მთელი დღის განმავლობაში სრული დატვირთვა, რადგან სკოლების უმეტესობა ბათუმში ორ ცვლაში მუშაობს.
„ერთ-ერთ სკოლაში ვმუშაობდი, მთელი დღე იყო სამუშაო ოთხსართულიან შენობაში, ხელფასი კი 300 ლარი. „ნაზილბეში“ გადავედი, შემდეგ იქიდანაც წამოვედი და ახლა „აგროჰაბში“ ვარ. აქ უკეთესი ხელფასია და კმაყოფილი ვარ, მაგრამ გრაფიკი არ მომწონს. სხვა მხრივ კარგია. მენეჯერი გვყავს ძალიან კარგი. ხელს გვიწყობს, გვეხმარება. ფიზიკურადაც გვეხმარება და ხან მასაც დაინახავთ ცოცხით ხელში ,“ – გვიყვება ნელი დუმბაძე.
საჯარო სექტორთან შედარებით მაღალი, თუმცა მაინც დაბალია დამლაგებლის ხელფასი კერძო სექტორში, რადგან დატვირთვა გაცილებით მეტია. სამუშაო დღე დილის რვა საათიდან იწყება და საღამოს 9-10 საათამდე გრძელდება. მაგალითად, „აგროჰაბში“ დამლაგებლების მოვალეობა კატეგორიებადაა გაყოფილი. ოთხი დამლაგებელი უშუალოდ მარკეტის სისუფთავეზეა პასუხისმგებელი და ხელფასი 600 ლარი აქვთ, მათი სამუშაო დღე დილის რვა საათზე იწყება და საღამოს 10 საათზე სრულდება. 3 დამლაგებელი კი წარმოებას ეხმარება [სადაც საკვებს ამზადებენ, ასევე აცხობენ]. მარკეტის დამლაგებლები დღეგამოშვებით ისვენებენ, წარმოების დამხმარეები კი 2 დღეს მუშაობენ და ორი დღე ისვენებენ.
„აგროჰაბს“ დასუფთავების მომსახურებას შპს „ჰიგიენ სერვისი“ უწევს, შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, დამლაგებლებიც, რომლებიც „აგროჰაბში“ მუშაობენ „ჰიგიენ სერვისის“ თანამშრომლები არიან.
„ექვსი წელი სასტუმროში ვიმუშავე, იქ სხვა მოთხოვნები იყო. გასული წლის სექტემბერში აქ გადმოვედი, მარკეტს სხვა გამოცდილება სჭირდება. სასტუმროში განსხვავებული მიდგომაა. იქ კარგი ისიც იყო, რომ სამჯერადი კვება გვქონდა. თავიდან როცა დავიწყე მუშაობა, 500 ლარი მქონდა ხელფასი, შემდეგ 50 ლარი დაგვემატა, ახლა 600 ლარი მაქვს. შეწუხებულები ვიყავით, როცა პერსონალი არ იყო საკმარისი, დამატებას ვითხოვდით. ესეც მოგვარდა“, – გვიყვება მარგო მიქელაძე.
მანანა მეგრელიძე „აგროჰაბში“ ცოტა ხნის წინ დასაქმდა, ეს მისი პირველი სამსახურია და ამბობს, რომ მოსწონს: „კარგი ანაზღაურებაა, ძალიან კარგი მენეჯერი გვყავს და კმაყოფილი ვარ.“
მანანა მეგრელიძე და მარგო მიქელაძე
ნანა აგროჰაბში გადმოსვლამდე რესტორანში მუშაობდა, ამბობს, რომ კმაყოფილი იყო. „ხელფასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი გარემო გაქვს, როგორი თანამშრომლები არიან, იქ მეგობრები მყავდა, მაგრამ ხელი მტკიოდა და მუშაობა ვეღარ გავაგრძელე. 700 ლარი მაქვს ხელფასი, მაგრამ არ მყოფნის, ნაქირავებში ვცხოვრობ. ვფიქრობ, ჩვენზეც უნდა იფიქროს მთავრობამ, აბა, 700 ლარი რაშია საკმარისი? – რას იყიდი ამ თანხით? ღამის 11 საათი მიხდება სახლში მისვლამდე“, – ამბობს ნანი აბუსელიძე, თუმცა ამავდროულად კმაყოფილია სამსახურით.
მარცხნიდან ნელი დუმბაძე, მანანა მეგრელიძე, მარგო მიქელაძე და ნანი აბუსელიძე.
„აგროჰაბის“ დამლაგებლების მენეჯერი მარინა გოგიტიძე [ისიც „ჰიგიენ მარკეტის“ თანამშრომელია], ვისაც ასე ემადლიერებიან თანამშრომლები, ამბობს, რომ დამლაგებლის შრომა არ არის დაფასებული საქართველოში და ხელფასი მათი შრომის შესაბამისი არ არის:
„მართლა ბევრს აკეთებენ, მაგრამ არ ფასდება. ძალიან დიდ ხანს ჩემს თანამშრომლებს 500 ლარი ჰქონდათ ხელფასი და ბევრი ვიბრძოლე, რომ ცოტა მაინც მომატებოდათ. ყველანაირად ვცდილობ, ისინი შევინარჩუნო. ხელფასი რომ არ გაზრდილიყო, ალბათ გამექცეოდნენ. საახალწლოდ ბონუსის სახით არაფერი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ახალ წელზე დატვირთვა იზრდება. თუ 12 საათია მისი სამუშაო და ერთ საათს დაუმატებენ, ამას უნაზღაურებენ, მაგრამ რამდენად დატვირთულია ის 12 საათი, ხშირად ამას აღარ ითვალისწინებენ.“
ქართველმა რეჟისორმა ნინო შაბურიშვილმა ვენეციის ბიენალეს პროექტის – Biennale College Cinema-ს დაფინანსება მიიღო სადებიუტო ფილმის „სიჩუმის ქაოსის“ გადასაღებად. რეჟისორი ამბობს, რომ ფილმის პროექტზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მიზნისკენ შეუჩერებელმა სწრაფვამ კი გვიან, მაგრამ კარგი შედეგი გამოიღო.
„ბათუმელები“ რეჟისორს მომავალ ფილმსა და ვენეციის კინოფესტივალზე მოხვედრის გზებზე ესაუბრა.
ნინო,მოგვიყევით თქვენ შესახებ, სად სწავლობდით და როგორ მოხვდით Biennale College Cinema-ში?
ვსწავლობდი საფრანგეთში, სტრასბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოს ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 2016 წელს.
2015 წელს, ჯერ კიდევ დამთავრებამდე მოვასწარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება. ეს არ იყო სტუდენტური პროექტი, არამედ იყო ჩემი დამოუკიდებელი, პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქართულ-ფრანგულ ენაზე, რომელიც გურიაში გადავიღე. შეიძლება ითქვას, ამ ფილმმა საკმარისი წარმატება მომიტანა.
ამ ფილმის მერე მინდოდა მთლიანად მიმეძღვნა დრო იმისთვის, რომ მოკლემეტრაჟიანიდან პირდაპირ გადავსულიყავი სრულმეტრაჟიან ფილმზე, რადგან არ მინდოდა კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება. მთელი ეს წლები მოვახმარე იმას, რომ მალე უნდა გადავიღო სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმი.
რაც შეეხება კონკრეტულად Biennale College Cinema-ს, აქამდე ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე.
სამი წლის წინ დავწერე „სიჩუმის ქაოსი“, ჩემი სადებიუტო ფილმის სცენარი, რომელიც განვავითარე ჩემს პროდიუსერთან, თინათინ ყაჯრიშვილთან ერთად. ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ დაფინანსების მოპოვება საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მოწინავე ადგილზე გავდიოდით კონკურსში, დაფინანსება არ შეგვხვდა. ამიტომ პარალელურად მონაწილეობას ვიღებდით სხვადასხვა განვითარების პლატფორმაზე – საქართველოში და საზღვარგარეთ.
ერთ-ერთი აღმოჩნდა ის პლატფორმა, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, ვენეციის კინოფესტივალის განვითარების პლატფორმა – Biennale College Cinema, რომელიც ფინანსდება ფრანგული ჯგუფის მიერ. თავიდან მოვხვდით 12 მონაწილეს შორის, აქედან იყო 3 იტალიელი მონაწილე, დანარჩენი კი ვიყავით სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს უკვე ძალიან დიდი სიხარული და წარმატება იყო, რადგან ცხადი გახდა, „სიჩუმის ქაოსი“ აუცილებლად იქნებოდა წარმოებული უახლოეს მომავალში.
თუმცა კიდევ უფრო გაგვიმართლა, როდესაც ნოემბერში გვითხრეს, რომ მოვხვდით იმ ოთხეულში, რომელსაც თვითონ Biennale College Cinema აძლევს გრანტს იმისთვის, რომ სწრაფად გადავიღოთ ფილმი.
ნოემბერში უკვე ვიცოდით, მაგრამ გვთხოვეს ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა. ჩვენ დიდი ხანია უკვე ვმუშაობთ, მოსამზადებელი პერიოდი დაწყებულია. ახლა ვართ კასტინგისა და გადაღების ადგილის შერჩევის ფაზაში. უნდა გადავიღოთ აპრილში, პრემიერა კი იქნება სექტემბრის პირველ კვირაში, ვენეციის მე-80 კინოფესტივალზე.
როგორც ჩანს თქვენ, როგორც რეჟისორმა, გრძელი გზა გაიარეთ გამარჯვებამდე. მოთმინების გარდა კიდევ რა სჭირდება რეჟისორს, რომ საერთაშორისო პროექტში გაიმარჯვოს?
არიან რეჟისორები, რომლებიც პარალელურად სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებული. მე რაც შემეხება, მთლიანად მხოლოდ ამ საქმეზე ვარ ფოკუსირებული, ამიტომ ჩემი რესურსი მთლიანად ამაზე იხარჯებოდა.
„სიჩუმის ქაოსზე“ ძალიან ბევრი განსაცდელის და გამოწვევის გადალახვა მომიხდა. იყო ძალიან ბევრი კრიტიკა, თითქოსდა სცენარს რაღაც ისეთი ჰქონდა დრამატურგიულად, რაც გაუგებარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ კინოპროფესიონალებთან მოვხვდი, რომლებსაც ზუსტად ეს ელემენტი მოეწონათ და ზუსტად ეს გახდა წარმატების მიღწევის მთავარი ფაქტორი.
ძალიან დიდი ნებისყოფა სჭირდება და პირველ რიგში რწმენა, რომ ბოლომდე მიიყვანო დასახული მიზანი. „სიჩუმის ქაოსი“, შეიძლება ითქვას, რომ რწმენით გადარჩა. იმიტომ, რომ ყველა საფეხურზე მხვდებოდა ძალიან ბევრი წინაღობა.
ნებისმიერი სუსტი ადამიანი ძალიან ადვილად დანებდებოდა. დაწერდა სხვა სცენარს ან საერთოდ მიატოვებდა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარე რეალურად. სამი წლის განმავლობაში ბევრჯერ მქონდა იმის შეგრძნებაც, რომ იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მადლობას ვუხდი უფალს, რომ აქამდე არ მქონდა დაფინანსება, იმიტომ, რომ ამასობაში სცენარი ისე განვითარდა და დაიხვეწა, ზუსტად ისაა სათქმელი, რაც მინდოდა.
მანამდე რომ გადამეღო, ბევრი ისეთი სცენა, ბევრი ისეთი დრამატურგიული, მნიშვნელოვანი ელემენტი არ ექნებოდა, რაც ზუსტად ამ განსაცდელების გადალახვისას იბადებოდა, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩემთვის ამ ფილმში.
რა ჟანრის იქნება თქვენი სადებიუტო ფილმი, სად აპირებთ მის გადაღებას და რა იქნება ფილმის ორიგინალი ენა?
ფილმი მთლიანად საქართველოში იქნება გადაღებული, ქართულ ენაზე. ჟანრობრივად არის დრამა, ასევე ქვეჟანრად თუ ჩამოვშლით, არის ფსიქოლოგიური დრამა, რომლის მოქმედება იწყება ბათუმში, გრძელდება თბილისში და დანარჩენი ფილმის ძირითადი ნაწილი ხდება გურიაში, მიტოვებულ სოფელში, სადაც პროტაგონისტი დროებით აფარებს თავს.
შეიძლება ითქვას, რომ ფილმის ძირითად ნაწილს ვიღებთ გურიაში.
გადამღები ჯგუფი თუ გყავთ და მსახიობები თუ გყავთ შერჩეული?
მთავარი როლზე შერჩეული გვყავს ცნობილი ქართველი მსახიობი, უბრალოდ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული, მოლაპარაკებების პროცესში ვართ.
მსახიობების ნახევარზე მეტი იქნებიან ოზურგეთის თეატრის მსახიობები ან მსახიობები სხვა რეგიონების თეატრებიდან. ასევე ვიღებ ჩემს თბილისელ მეგობრებს ეპიზოდურ როლებში.
ბოლომდე არ გვაქვს დაკომპლექტებული გადამღები ჯგუფი. ვჯერდებით, ვინ რა პოზიციაზე იმუშავებს, ვინ რას ჩაიბარებს. ნაწილობრივ დადასტურებულია და ნაწილობრივ პასუხებს ველოდებით.
საქართველოდან სხვა კონკურსანტები თუ იყვნენ?
მე როგორც ვიცი, Biennale College Cinema-ში შესარჩევ ეტაპზე ყოველწლიურად უამრავი აპლიკაცია იგზავნება და დარწმუნებული ვარ, საქართველოდანაც ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ მოხვედრით არასდროს არავინ არ მოხვედრილა, სამწუხაროდ.
როგორც მითხრეს, პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ კინოგანვითარების პლატფორმაზე მოხვდა საქართველო და პირველად მიიღო საქართველომ დაფინანსება ფილმის გადასაღებად.
როგორც ცნობილია 200 ათასი ევრო მიიღო ფილმმა. გარდა Biennale College Cinema-ს დაფინანსებისა, თანადამფინანსებელი თუ გყავთ?
ზუსტად ამაშია საქმე, რომ Biennale College Cinema-სთან შეთანხმებას ვაწერთ ხელს, რომლის მიხედვითაც გვაქვს შეზღუდული რაღაც უფლებები. მათ შორის ყველაზე მომხიბვლელი რაც არის, ისაა, რომ ვალდებულები ვართ, ფილმის გადაღების შემდეგ მისი მსოფლიო პრემიერა შედგეს ვენეციის კინოფესტივალზე. ეს არის ყველაზე ლამაზი შეზღუდვა, რაც ჩემთვის ოდესმე დაუწესებიათ.
მეორე შეზღუდვა გვაქვს ის, რომ ფილმის დასაწყისში, ტიტრებამდე, პირველი ვენეციის კინოფესტივალის ლოგო გამოჩნდეს ეკრანზე. მესამე შეზღუდვა რაც გვაქვს, ეხება ბიუჯეტს. 200 ათასი ევრო, რომელიც არის გრანტის ოდენობა, უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ბიუჯეტში ჩავეტიოთ. იმიტომ, რომ ეს არის მიკრობიუჯეტიანი პროექტი. რომც გვქონდეს იმის შემოთავაზება და საშუალება ბიუჯეტის გაზრდის, არ შეგვიძლია.
გვაქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ ბიუჯეტის 15%-ის ოდენობის დახმარება მივიღოთ საჩუქრად, ნებისმიერი სახით, რაც კინოწარმოებას სჭირდება. ასევე გვაქვს უფლება, ეკონომიკის სამინისტროს მოვთხოვოთ ჩვენი გახარჯული თანხის რაღაც პროცენტის უკან დაბრუნება.
Biennale College Cinema-მ წელს ოთხი პროექტი დააფინანსა. შერჩეული ნამუშევრები არის საქართველოდან, უნგრეთიდან, იტალიიდან და მექსიკიდან. ცნობილია ისიც, რომ ოთხივე ფილმი წარმოდგენილი იქნება ვენეციის მე-80 საერთაშორისო კინოფესტივალზე 2023 წელს.როდესაც ამ დონის ფესტივალზე იქნება ფილმი ნაჩვენები, რა შანსი აქვს მას მომავალში?
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც ფილმს მსოფლიო პრემიერა აქვს ამ კლასის ფესტივალზე, მით უმეტეს, საუკეთესო სამეულში შესულ ფესტივალზე, შემდეგ უფრო ინტერესდებიან ხოლმე სხვა ფესტივალები, რომ ეს ფილმი მოხვდეს მათ საკონკურსო პროგრამაში ან აჩვენონ ფესტივალზე. თვითონ Biennale College Cinema-ს ქმნიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კინოპროფესიონალები. ზოგიერთი მათგანი პროდიუსერია თავის ქვეყანაში, ზოგიერთი – ფესტივალის თანამშრომელი, ზოგიერთიც – სხვადასხვა კონკურსის ჟიურის წევრი და ა.შ.
თავად ბიენალესთან თანამშრომლობაში დაინტერესებული ადამიანები უკვე დაინტერესებულები იქნებიან, რომ სხვადასხვა ფესტივალზე წაიღონ ეს ფილმი. ვენეციის კინოფესტივალზე წარდგენით ვიცით, რომ ყურადღებას მოგვაქცევენ. სხვა თუ არაფერი, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ფესტივალზე ვაჩვენებთ ამ ფილმს.
„არწივებს ვაკვირდებოდი ხშირად, როგორ დაფრინავდნენ. აფრენის დროს თავი დაბლა ჰქონდათ დახრილი და ფრთებს მჭიდროდ იკრავდნენ ტანზე, აფრენის მერე ნელ-ნელა შლიდნენ ფრთებს და თავსაც მაღლა სწევდნენ. ასე ვისწავლე ბუნებისგან ფრენა“, – ამბობს 88 წლის კობა წაქაძე, საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი და სამგზის თასის მფლობელი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში.
როცა მსოფლიო პრესა წაქაძის ტრამპლინიდან ხტომის უნიკალურ სტილზე წერდა, რეპორტიორებს სწორედ მისი „არწივისებური“ ნახტომი აღაფრთოვანებდათ.
კობა წაქაძე, ექვსგზის ჩემპიონი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში
კობა წაქაძის მსგავსი სპორტსმენი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს აღარ ჰყოლია. მრავალგზის ჩემპიონი ახლა ბაკურიანში ცხოვრობს, გაზაფხულობით კარტოფილს თესავს, შემოდგომაზე ბალახს თიბავს და ბოსტანსაც უვლის მეუღლესთან ერთად.
ამბობს, რომ ამ ყოფას არაფერზე გაცვლიდა:
„ოჯახისთვის ვშრომობ, ჩემ ირგვლივ სიყვარულია: ხალხს ვუყვარვარ, ოჯახს, ჩემი სახელობის ქუჩაა ჩემს დაბაში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ყველა მიცნობს. ჩემთვის ამაზე დიდი საჩუქარი არაფერია. მეტი რა უნდა მინდოდეს? უკეთეს ადგილას, სად წავიდოდი და რატომ?
1957 წელს შემომთავაზეს მოსკოვსა და პეტერბურგში გადასვლა საცხოვრებლად. ორი მისამართი მომცეს – ორივე ქალაქის ცენტრში, აირჩიე, სად იცხოვრებო. სამოთახიან ბინას მჩუქნიდნენ, სადაც მოვინდომებდი: მოსკოვში ან პეტერბურგში.
კობა წაქაძე
მე კიდე სამშობლოში დედა და ძმა მელოდა. მამა ადრე დამეღუპა, პატარა ვიყავი. როგორ დავტოვებდი დედას და ძმას. აქაური მჭადი და ლობიო მერჩივნა რუსეთს. უარი ვთქვი საცხოვრებლად იქ გადასვლაზე“, – ამბობს კობა წაქაძე.
ის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო 1953, 1956, 1960, 1962, 1969, 1972 წლებში, საბჭოთა კავშირის თასები აქვს მოპოვებული 1968, 1970, 1972 წლებში.
იყო ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი 1961 წელს, მონაწილეობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში იტალიაში, აშშ-ში, ავსტრიასა და იაპონიაში. მთელ მსოფლიოში 335 სტარტია კობა წაქაძის ანგარიშზე.
დანანებით ამბობს, რომ 38 წლის ასაკში ისე წავიდა დიდი სპორტიდან, საქართველოს სახელით არ უასპარეზია:
„შეჯიბრებებზე საბჭოთა კავშირიდან ქართველი მხოლოდ მე ვიყავი. ხშირად იყო ჩემი რუსად წარმოჩენის მცდელობა, მაგრამ მე ყველგან საქართველოს დროშა დამქონდა და ყველას ვაჩვენებდი, სად იყო საქართველო, სად იყო ბაკურიანი. სამწუხაროდ, მაშინ ძლიან რთული იყო გესწავლა რომელიმე უცხო ენა, გარდა რუსულისა: სკოლაში მხოლოდ რუსულს გვასწავლიდნენ, ირგვლივ მხოლოდ რუსული ისმოდა. მეც ამ ენაზე ვეკონტაქტებოდი ადამიანებს შეჯიბრებებზე“, – იხსენებს ჩემპიონი.
კობა წაქაძე
კობა წაქაძემ თხილამურებზე სრიალი ბაკურიანში ისწავლა. ტრამპლინები კი, საიდან ხტომითაც მან გაითქვა სახელი, 1937 წელს აშენდა ბაკურიანში სამთო მოთხილამურისა და ალპინისტის, ალექსანდრე გვალიას ინიციატივით. კობა წაქაძის პირველი მწვრთნელიც თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში ალექსანდრე გვალია იყო.
მიუხედავად იმისა, რომ კობა წაქაძემ სპორტული კარიერა 50 წლის წინ დაასრულა, ის დღემდე იღებს საფოსტო გზავნილებს: უცხოურ წიგნებს, სადაც მისი მიღწევების შესახებ წერენ, გაზეთებს და ჟურნალებს – სადაც სპორტსმენის ფოტოებია დაბეჭდილი წარსულიდან და ა.შ.
„ჩვენ ოჯახს მიმსვლელ-მომსვლელი სტუმარი არასდროს აკლია, მაკითხავენ ხოლმე სახლშიც ხშირად, ბაკურიანში. თუ გვაქვს შესაძლებლობა სტუმრებს ღამითაც ვიტოვებთ სახლში და ვასვენებთ.
ერთხელ მომადგნენ ახალგაზრდები და მითხრეს: მოგვეცი ესა და ეს ჯილდო, აუქციონზე გავიტანოთო. გავოგნდი, როგორ-მეთქი. ეს ჯილდო არის ბაკურიანის, ჩემი სამშობლოსი, ჩემი. როგორ მოგცეთ, აქ გასაყიდი არაფერია-მეთქი, ვუპასუხე“, – ამბობს ექვსგზის ჩემპიონი.
რასაც შეჯიბრებებზე მოიპოვებდა – მედლებს, თასებს თუ სიგელებს, კობა წაქაძის ოჯახმა ერთად შეაგროვა და მუზეუმიც გახსნეს. ბაკურიანში, კობა წაქაძის მუზეუმში აქ ზამთრის მსოფლიო ოლიმპიადების ფოტოები, კობა წაქაძეზე დაწერილი წიგნები, ქართული, უცხოური ჟურნალ-გაზეთები და სპორტსმენის სამოსი, აღჭურვილობა ინახება.
კობა წაქაძე საკუთარ მუზეუმში
„88 წლის კაცი ვარ, ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს სპორტი, თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომა – დაიკარგა.
ბაკურიანში ბევრი ახალგაზრდაა, ბავშვებს ყურადღება და განვითარებისთვის ხელშეწყობა სჭირდებათ. 40 მეტრიანი ტრამპლინებიდან დღესაც ხტებიან თხილამურებით ბავშვები, მოვლა სჭირდებათ, ტრამპლინთან ახლოს ბაზა, ახლოს მედპუნქტი – ტრავმის შემთხვევაში.
მთელ მსოფლიოში ასეა ტრამპლინების სიახლოვეს, ასეთია სტანდარტი. თხილამურები, ტანსაცმელია ბავშვებისთვის საჭირო. მართალია ეს ყველაფერი არც მაშინ იყო, ჩემ დროს, მაგრამ დღესაც აღარაფერია“, – ამბობს კობა წაქაძე.
მას შემდეგ, რაც სკოლებში სავალდებულო საატესტატო გამოცდები გაუქმდა, სკოლებს მოსწავლის შეფასებაში უფრო მეტი არჩევანის შესაძლებლობა მიეცათ. სკოლების ნაწილი საერთოდ უარს ამბობს გამოცდებზე, ზოგიერთი სკოლა კი იყენებს შერეულ მეთოდს. აისახა თუ არა შეფასების სისტემის შეცვლა სწავლების ხარისხზე და რა დარჩა პრობლემად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სკოლის დირექტორებს ესაუბრა.
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, ცირა ქობულაძე ამბობს, რომ სკოლამ უარი თქვა საგნის გამოცდებზე და შეფასების სისტემად კომპლექსური დავალებების შესრულება აირჩია. მისი აზრით, გამოცდები ვერც სწავლების ხარისხს ცვლის და ვერც მოსწავლის დამოკიდებულებას ცოდნასთან მიმართებაში.
„ჩემი აზრით, მოსწავლეთა შეფასების ყველაზე ობიექტური საყრდენი არის კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა, რადგან კომპლექსური დავალებების გავლენა უფრო ეფექტურია – მოსწავლე არ ფასდება მხოლოდ ფაქტობრივი, დეკლარატიული ცოდნის მიხედვით.
კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას მოსწავლე გააზრებულად მუშაობს, თვითონ აგებს ცოდნას და ორიენტირებულია გრძელვადიან მიზანზე“, – ამბობს ცირა ქობულაძე.
მისი თქმით, კომპლექსური დავალებები ყველა საგანში კეთდება და ეს არ ხდება მხოლოდ წლის ბოლოს. „შეფასება ხდება ორნაირად, ეს არის განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება, მაგრამ აქცენტი უფრო მეტად კეთდება განმავითარებელ შეფასებაზე, რომელსაც მოსწავლის ჰოლისტურ შეფასებას ვეძახით.
რამდენი საკითხიც არის წარმოდგენილი საგანში, იმდენი კომპლექსური დავალებაა. დასრულდება ერთი კონკრეტული საკითხი, თემა, დაიწერება კომპლექსური დავალება“, – გვეუბნება ის.
დირექტორის თქმით, ამ ფორმატით მუშაობა სკოლას შესაძლებლობას აძლევს, თითოეული მოსწავლის ინტერესები და ინდივიდუალური შესაძლებლობები გაითვალისწინოს. „თუ ყველა მოსწავლე არ არის ჩართული სასწავლო პროცესში, ასე თუ ისე, მისი დისკრიმინაცია მოხდება. კომპლექსური დავალებები კი ამას გამორიცხავს“, – ამბობს ცირა ქობულაძე.
მისი თქმით, პრობლემის გადაჭრის გზად მხოლოდ ნიშნის წერის ინსტრუქციები სკოლას ვერ გამოადგება, რადგან ეს ვერ ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის რეალიზებაში.
მე-16 სკოლაში, როგორც დირექტორი ამბობს, I-IV კლასში და V კლასის პირველ სემესტრში იწერება განმავითარებელი შეფასება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი.
„თუმცა ჩვენ არ ველოდებით მხოლოდ კომპლექსური დავალებების შეფასებას. მოსწავლე შეიძლება შეფასდეს ყველა ქმედებაზე, ყველა გადადგმულ ნაბიჯზე“, – ამბობს დირექტორი.
მისი თქმით, მეცხრე კლასის დასრულების შემთხვევაში, სკოლას შეუძლია შემოიტანოს გამოცდა, თუმცა, როგორც ცირა ქობულაძე ამბობს, ისინი საერთოდ უარს ამბობენ შეფასების ამ მოდელზე.
„მე, პირადად, ვეწინააღმდეგები ნიშნით სწავლებას და ვმუშაობ იმაზე, რომ უნიშნო სწავლებაზე გადავიდეთ. ეს მოდელი ყველა სკოლაში არ არის დანერგილი და თუ დაინერგება, უკეთესი იქნება.
მე არც კი განვიხილავ გამოცდის ჩანიშვნას, რადგან გამოცდებმა ვერ იმუშავა სწავლის ხარისხზე.
მეცხრე კლასის შემთხვევაშიც კომპლექსური დავალებებით ასრულებს სემესტრს მოსწავლე და არანაირი გამოცდა არ ინიშნება. მე მაქვს უფლება, სამეურვეო და პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით შემოვიტანო გამოცდა, თუმცა ამ პრაქტიკას არ ვიყენებთ.
ხშირად, მშობლების მხრიდან არის ზეწოლა, რომ აუცილებლად 10 ქულა უნდა ჰქონდეს მის შვილს და რაღაც ერთი ქულით ნაკლებით თუ შეაფასა მასწავლებელმა ბავშვი, უკმაყოფილოა.
თუ ბავშვს არ აქვს გააზრებული რატომ სწავლობს, რისთვის და ეს დღემდე ასეა, ნიშნებით შეფასებას აზრი არ აქვს“, – ამბობს ცირა ქობულაძე.
ბათუმის მე-15 სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძეც იზიარებს კოლეგის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნიშნებით შეფასება, ვერ ეხმარება მოსწავლეს გაიაზროს, რისთვის სჭირდება ამა თუ იმ საგნის ცოდნა და როგორ გამოიყენებს მას ცხოვრებაში.
„რატომ სწავლობს? – ამ კითხვაზე პასუხს ვერ სცემს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა მოსწავლეებს და ზუსტად ეს არის ჩვენი განათლების სისტემის სუსტი რგოლი.
ვერ იგებენ ბავშვები, რატომ სწავლობენ და ვერც საგანთა შორის ტრანსფერს ახერხებენ. ვერ უკავშირებენ ამ ცოდნას გარემოს და ყველაფერი ზედაპირზე რჩება“, – გვეუბნება ნინო მოდებაძე.
მისი აზრით, ამის გააზრებაში ბავშვებს პროფესიული განათლება უნდა დაეხმაროს, რაც ასევე სუსტია ჩვენს სისტემაში.
„ამერიკაში როცა ვიყავი, სწორედ იქ ვნახე, როგორ ეხმარება პროფესიული განათლება ბავშვებს მომავალი პროფესიის არჩევაში. მინიმუმ 4 პროფესიას ეუფლებოდნენ მოსწავლეები სკოლაშივე და ეს უნდა დავნერგოთ ჩვენს სისტემაშიც, რომ სადღაც დაბალ საფეხურზე უკვე მოძებნოს ბავშვმა თავისი თავი რომელიმე პროფესიაში“, – გვეუბნება ის.
რაც შეეხება შეფასების სისტემას, ნინო მოდებაძის თქმით, მისი სკოლა შერეული შეფასების სისტემას იყენებს, ატარებს გამოცდებსაც და მოსწავლეს კომპლექსური დავალებების საშუალებითაც აფასებს.
„სკოლას წლიური გამოცდის ჩატარების უფლება, რა თქმა უნდა, აქვს, თუმცა ამ გამოცდის ნიშანი შეიძლება აისახოს მოსწავლის საბოლოო ნიშანზე და შეიძლება – არა.
წლიური გამოცდა ჩვენი სკოლის შემთხვევაშიც ჩანიშნულია, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მასწავლებლებთან შეთანხმებით, იმის მიხედვით, რომელ საფეხურზე, რომელ კლასში რომელი საგანია უფრო მეტად ყურადსაღები.
მაგალითად, მე-10 კლასში საქართველოს ისტორია ისწავლება და რადგან ეროვნულ გამოცდებზეც სჭირდებათ ეს საგანი ბავშვებს, ქართულსა და ისტორიაში შემოვიტანეთ წლიური გამოცდა. საერთოდ, მე-7 კლასიდან იწყება გამოცდები და მე-12 კლასის ჩათვლით გვაქვს ჩანიშნული. გამოცდა შეიძლება იყოს ზეპირი ფორმით, ან წერითი და ასევე შეიძლება იყოს კომპლექსური დავალების სახით“, – გვეუბნება ნინო მოდებაძე.
ნინო მოდებაძის თქმით, მოსწავლეს საბაზო საფეხური დაძლეულად იმ შემთხვევაში ჩაეთვლება, თუ ყველა საგანში საშუალო ქულა 5 ან 5-ზე მეტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლეს საგნის გადაბარება მოუწევს. თუ მოსწავლემ ვერც გადაბარების შემდეგ დაძლია ბარიერი, კლასში ჩარჩება.
„2 წლის წინ იყო შემთხვევა, როცა მე-12 კლასში ჩარჩა მოსწავლე, რადგან გაცდენების გამო ექსტერნის ჩაბარება მოუწია და ვერ დაძლია მინიმუმი.
მეორე შემთხვევაც იყო, როცა მე-8 კლასში ჩარჩა მოსწავლე. ასეთი შემთხვევა იშვიათია, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე“, – გვეუბნება ის.
ნინო მოდებაძის თქმით, წლიური გამოცდა ძალიან კარგია, რადგან ამით არა მარტო მოსწავლეს, არამედ მასწავლებლის მუშაობის ხარისხსაც აფასებს.
„თუკი ვხედავ, რომ, ვთქვათ, მათემატიკაში დაბალი ქულები იწერება ყველა კლასში, ეს ხომ მარტო ბავშვის ბრალი ვერ იქნება, ეს ნიშნავს, რომ კათედრა ვერ მუშაობს კარგად.
ბავშვებსაც აქვთ ასეთი დამოკიდებულება, რომ „მე ეს საგანი არ მჭირდება გამოცდაზე და რატომ უნდა ვისწავლო?“. ის, რომ ცხოვრებაში შეიძლება დასჭირდეთ, ვთქვათ, ამა თუ იმ საგნის საბაზისო ცოდნა, ამის საჭიროებას ვერ ხედავენ.
პრობლემურია მშობლების დამოკიდებულებაც ნიშნების მიმართ. ამასწინათ ერთი მშობელი მეუბნებოდა, მერე რა თუ შემაჯამებელს ვერ წერს ან დაფასთან ვერ ხსნის, დავალებას ხომ წერს, ამით რატომ არ შეიძლება შეფასდეს ბავშვიო.
იქნებ საშინაო დავალება სხვამ დააწერინა, მარტო დეკლარატიული ცოდნა ხომ არაფერია, თუ მოსწავლეს მისი გამოყენება არ შეუძლია – აი, ამას ვერ აღიქვამენ ხშირად მშობლები“, – ამბობს ნინო მოდებაძე.
მისი თქმით, ზოგადად, სწავლის მიმართ ძალიან მაღალია მოსწავლეების პესიმიზმი, რადგან ისინი სწავლასა და რეალობას შორის კავშირს ვერ ხედავენ.
„მაღალია პესიმისტური განწყობები, რადგან მშობელს ვერ ხედავენ რეალიზებულს, საკუთარ თავს ვერ ხედავენ მომავალში, სად რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა გააკეთონ არ იციან, არც ის იციან, რა უნდათ. პროფესიასაც ვერ ირჩევენ და ვერც იმას აღიქვამენ ბოლომდე, რატომ სჭირდება, ვთქვათ, კარგ იურისტს ისტორიის ცოდნის იქეთ კიდევ ბევრი რამის ცოდნა“, – ამბობს ნინო მოდებაძე.
ზოსტერის ვირუსით (VZV) გამოწვეული, მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება ჩუტყვავილა ხასიათდება მაღალი გადამდებობით, უმეტესად ვრცელდება ბავშვთა ასაკში, თუმცა შესაძლებელია დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუ მას იმუნიტეტი არა აქვს. ექიმი ინფექციონისტი რეზო ნაკაშიძე ამბობს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს მოზრდილ ასაკში და განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა.
ბატონო რეზო რა ასაკიდან ახასიათებს ჩუტყვავილას მწვავე მიმდინარეობა?
ზოგადად ჩუტყვავილა მწვავე დაავადებაა, უფრო მძიმედ მიმდინარეობს ორ წლამდე ბავშვებში და განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს 15 წლის ზემოთ ასაკში.
როგორი გამოვლინება აქვს ჩუტყვავილას ზრდასრულ ასაკში?
ჩუტყვავილას ახასიათებს ტემპერატურის მომატება ნებისმიერ ასაკში, იშვიათია ცხელების გარეშე განვითარდეს ჩუტყვავილა. ცხელება გრძელდება 5-6 დღე. ამ პერიოდში კანსა და ლორწოვან გარსებზე ყოველდღიურად ჩნდება ახალი ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარი, ნაწილი ხმება, თუმცა ახალიც გამოდის.
5-6 დღის შემდეგ ცხელებასთან ერთად წყდება ახალი გამონაყარიც.
განსაკუთრებით უხვი გამონაყარი აქვთ 15 წლის ზევით ასაკის პაციენტებს, ძალიან მაღალი სიცხეები და ახასიათებს შემაწუხებელი ქავილი.
NCDC: ინფექციის წყარო არის ჩუტყვავილათი დაავადებული ადამიანი გამონაყარის დაწყებამდე 2 დღით ადრე და გამონაყარიდან 7 დღის განმავლობაში.
რა სახის გართულებები შეიძლება მოჰყვეს ჩუტყვავილას და რამდენად ხშირია ასეთი გართულებები?
გართულებები არის იშვიათი, მაგრამ საკმაოდ მძიმე. ჩუტყვავილას მძიმე გართულებაა კანის ჩირქოვანი ინფექცია, რომლის გამოც შეიძლება შემდგომ სეფსისი განვითარდეს.
იშვიათი გართულებაა ფილტვების დაზიანება ჩუტყვავილას დროს და კიდევ უფრო იშვიათი გართულებაა ჩუტყვავილას დროს ან ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ – ენცეფალიტი, ანუ თავის ტვინის დაზიანება.
როგორია მკურნალობა ზრდასრულებში ჩუტყვავილას დროს?
ჩუტყვავილას მძიმე შემთხვევებში, პირველი დღიდან ექიმი ნიშნავს ანტივირუსული მკურნალობას, დამოუკიდებლად ანტივირუსული მედიკამენტების მღება მიზანშეწონილი არ არის.
ტემპერატურის დასაწევად ზრდასრულების ჩუტყვავილას დროს უპირატესობა ენიჭება პარაცეტამოლს, შეიძლება იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატების მიღება; შესაძლებელია ანტიალერგიული პრეპარატების მიღებაც, ის უშუალოდ ჩუტყვავილას სამკურნალოდ არ გამოიყენება, მაგრამ ამცირებს ჩუტყვავილას გამონაყარით გამოწვეულ ქავილს.
ხშირად ამბობენ, რომ ჩუტყვავილას დროს დაბანა არ შეიძლება. ეს რამდენად მართებული წარმოდგენაა?
კანის ჰიგიენის დაცვა არის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია, რატომღაც გავრცელებულია ეს აზრი, რომ ჩუტყვავილას დროს ტანის დაბანა არ შეიძლება, როცა პირიქით, აუცილებელიც კია, თუნდაც ყოველდღიურად დაბანა [ნელ-თბილი/გრილი წყლით], რათა არ განვითარდეს მეორადი ბაქტერიული ინფექცია.
NDCD: აუცილებელია პაციენტის მიერ ჰიგიენური წესების დაცვა, რათა თავიდან იყოს აცილებული მეორადი ინფექციის განვითარების საშიშროება – კანის ბაქტერიული ინფექცია, ყოველდღიურად საჭიროა ტანსაცმლის და თეთრეულის გამოცვლა.
ჩუტყვავილას აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი, ეს იმის გამო, რომ როცა ჩუტყვავილას ვირუსი მოხვდება ორგანიზმში, ის ჯერ გადადის ლორწოვანი გარსებიდან.
როცა ჩუტყვავილას ვირუსი მოხვდება ორგანიზმში, ის გაივლის ინკუბაციურ პერიოდს [ინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე 7-21 დღე], მრავლდება ორგანიზმში და სისხლის გზით მიიტანება კანში, ამდენად კანიდან კანზე დაბანით ის ვერ გავრცელდება/გამრავლდება, ეს მოსაზრება აბსოლუტურად არასწორია.
Nemours Children’s Health: ქავილის შესამსუბუქებლად გამოიყენეთ გრილი სველი კომპრესები ან მიიღეთ ნელთბილი წყლის აბაზანა ყოველ 3-4 საათში, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. სხეული გაიმშრალეთ პირსახოცის მსუბუქი დადებით.
აუცილებელია თუ არა „ბრილიანტის მწვანეს“ გამოყენება, რა ეფექტი აქვს მას?
„ბრილიანტის მწვანე“ ჩუტყვავილას სამკურნალოდ არ გამოიყენება, მაგრამ თუ პაციენტი წაისვამს გამონაყარზე, შეიძლება ნაწილობრივ მოხდეს სტერილიზაცია იმ უბნების და არ განვითარდეს კანის მეორადი ინფექცია. მაგრამ აუცილებელი არ არის “ბრილიანტის მწვანეს” წასმა, მას არავითარი სამკურნალო ეფექტი არ აქვს უშუალოდ ჩუტყვავილას საწინააღმდეგოდ.
რა ზოგადი რეკომენდაციები არსებობს ამ დროს ზრდასრულ პაციენტებთან?
ამ დროს რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი და დიდი რაოდენობით სითხის მიღება (დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად). ზოგადად, დადებითი ემოციები და იმედიანად ყოფნა ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს საჭიროა, ამ დროს ისედაც გაღიზიანებულია ადამიანი.
ცხადია, ვერც წითელას და ვერც ჩუტყვავილას ინფექციებს ჩვენ ვერ „გავაბრაზებთ“, მაგრამ დადებითი და მშვიდი გარემოს შექმნა ეხმარება ორგანიზმს ნებისმიერი დაავადების გადატანაში.
_____________________________
CDC: თუ შემთხვევით ბუშტუკოვანი გამონაყარი მოიქავეთ და დააზიანეთ, დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.
ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით: მიმართეთ ინფექციონისტს თუ პაციენტს აღენიშნება: ცხელება, რომელიც გრძელდება 5-6 დღეზე მეტ ხანს ან აჭარბებს 38,8°C; გამონაყარი ხდება უფრო წითელი, თბილი, ხდება მტკივნეული და ჩირქოვანი; აღინიშნება ფსიქიკური მდგომარეობის ისეთი ცვლილება, როგორიცაა დაბნეულობა ან უკიდურესი ძილიანობა; სიარულის პრობლემები; კისრის გაშეშება; სუნთქვის პრობლემები ან ხშირი ხველა და ხშირი ღებინება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩუტყვავილას ვაქცინაცია სავალდებულოა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაცია რეკომენდებულია. საქართველოში ჩუტყვავილას (VZV) ვაქცინა რეგისტრირებულია და ვაქცინაცია შესაძლებელია კომერციულ ქსელში.
ბათუმში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ორი ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ორივე ტენდერში, ჯამში, 59 მილიონ 354 ათას 417 ლარია.
პირველი ტენდერის ფარგლებში იგეგმება:
გიორგი ლეონიძის ქუჩის კეთილმოწყობა
შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია – პეტრე ბაგრატიონის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთში
ასევე, მონაკვეთების: ალ. სულაბერიძისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩების კვეთიდან ალ. პუშკინის ქუჩამდე, ალ. პუშკინის ქუჩიდან იმედაშვილის ქუჩამდე და იმედაშვილის ქუჩა ბაქოს ქუჩამდე – რეაბილიტაციია.
აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი 26 032 017 ლარითაა გამოცხადებული.
წინადადებების მიღება დაიწყება 2023 წლის 15 თებერვალს და 20 თებერვალს დასრულდება. რაც შეეხება სამუშაოებს, ტენდერის პირობის მიხედვით, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 28 მარტის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.
მეორე ტენდერის ფარგლებში კი დაგეგმილია:
მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების [ალ. სულაბერიძის და მ. ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან ფრ. ხალვაშის გამზირამდე] კეთილმოწყობა.
ეს ტენდერი 33 322 400 ლარითაა გამოცხადებული.
წინადადებების მიღება ამ შემთხვევაშიც 2023 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება. რაც შეეხება სამუშაოებს, ამ ტენდერის პირობითაც, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 28 მარტის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.
ორივე ტენდერის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები ქუჩებზე, რომლებიც წითელი ხაზითაა აღნიშნული
ამ ქუჩების სარეაბილიტაციო დეტალური პროექტები თან ერთვის სატენდერო დოკუმენტებს.
ამასთან, ცალკე ტენდერებია გამოცხადებული ზემოთ აღნიშნული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაზე:
პირველი ტენდერის შემთხვევაში ზედამხედველობისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 267 319 ლარია გამოყოფილი, თუმცა ტენდერში გამარჯვებული ამ შემთხვევაში სხვა სამუშაოებსაც გაუწევს ზედამხედველობას [ხიდების მოწყობას შემდეგ მისამართებზე: ლორთქიფანიძის ქ. №116ა-ს მიმდებარედ, მიხეილ შარაშიძის ქ. №45-ის მიმდებარედ, ზედაღელის დასახლება №76-ის მიმდებარედ, თოდოგაურის დასახლება №26-ის მიმდებარედ და მახვილაურის დასახლება №31-ის მიმდებარედ].
მეორე ტენდერის შემთხვევაში კი, ზედამხედველობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დამატებით 333 224 ლარია გამოყოფილი.
„რამშტაინის“ შეხვედრის წინ დიმიტრი მედვედევი ისევ ბირთვული ომით იმუქრება. მუქარის ტექსტს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საკუთარ ტელეგრამარხზე აქვეყნებს. მედვედევის მინიშნებით, უკრაინასთან მიმდინარე ომში რუსეთის დამარცხებამ შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომის პროვოცირება.
დიმიტრი მედვედევი თავის პოსტში საუბრობს ხვალ, 20 იანვარს, დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები. შეხვედრა გაიმართება გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის სამხედრო ბაზაზე.
მედვედევის შეფასებით, ამ შეხვედრაზე „დიდი სამხედრო მეთაურები განიხილავენ ახალ ტაქტიკასა და სტრატეგიას, ასევე, უკრაინისთვის ახალი მძიმე შეიარაღებისა და თავდასხმის სისტემების მიწოდების საკითხს.
და ეს ყველაფერი დავოსის ფორუმის შემდეგ, სადაც განუვითარებელი პოლიტიკური ამფსონები მანტრასავით იმეორებდნენ: მშვიდობას რომ მივაღწიოთ, რუსეთმა უნდა წააგოს“.
მედვედევის თქმით, „ბირთვული სახელმწიფოები არ დამარცხებულან მასშტაბურ კონფლიქტში, რაზეც მათი ბედია დამოკიდებული“.
მედვედევს მიაჩნია, რომ ეს ნათელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის და განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის დასავლეთში.
„არც ერთ ამ უბადრუკს თავში არ მოსვლია აზრად, რომ გამოიტანოს შემდეგი ელემენტარული დასკვნა: ჩვეულებრივ ომში ბირთვული სახელმწიფოს წაგებამ შეიძლება ბირთვული ომის დაწყების პროვოცირება გამოიწვიოს“.
ესტონეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულებაც ჯამში 113 მილიონი ევროა.
დახმარების პაკეტში შედის რამდენიმე ათეული 155 და 122 მმ-იანი ჰაუბიცის მიწოდება შესაბამისი საბრძოლო მასალით, სატვირთო მანქანები ჰაუბიცების ტრანსპორტირებისთვის, ასევე, 100-ზე მეტი Carl Gustaf-ის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და 1000-ზე მეტი ვაზნა მათთვის.
ეს არის ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელსაც ტალინი გადასცემს კიევს ომის დაწყების შემდეგ.
„ესტონელებმა თავიანთი მტკივნეული ისტორიიდან იციან, რა ხდება, როცა ბოროტება იმარჯვებს და დიდი ქვეყანა შთანთქავს პატარებს.
თუ უკრაინა დაეცემა, მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავისუფლებასაც დაემუქრება საფრთხე.
უკრაინისთვის დამოუკიდებლობის დაცვაში დახმარებით ჩვენ ვიცავთ ყველა ქვეყნის, მათ შორის, ესტონეთის, თავისუფლებისა და დემოკრატიის უფლებას“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.
მისივე თქმით, თავისუფალმა სამყარომ უნდა გააგრძელოს უკრაინის იარაღით დახმარება ბევრად უფრო მასშტაბურად და სწრაფად.
„რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ აქვს ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით ევროში, მაგრამ უკრაინელები იხდიან თავიანთი სიცოცხლით,“ – თქვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სატეხიასთან ახლოს ხანძარია. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ხანძარი ამჟამად რომელიმე შენობაზე გადასული არ არის.
საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ცეცხლი ჩაის პლანტაციას გაუჩნდა, გაძლიერდა და ის ახლა უკვე სახლებთან ახლოსაა.
18 იანვარს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მაღალსართულიანი სახლიდან 40 წლამდე ასაკის ქალი ჩამოვარდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა.
სიმაღლიდან ჩამოვარდის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდაბათუმში 29 დეკემბერსაც, როცა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, მაღალსართულიანი სახლიდან ასევე ახალგაზრდა, 40 წლამდე ასაკის ქალი ჩამოვარდა და დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 19 იანვრის ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკის – T-14 Armata-ს გამოყენების შესაძლებლობას მიმოიხილავს.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთი, სავარაუდოდ, მცირე რაოდენობის T-14-ების უკრაინაში გადაყვანას განიხილავს.
ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, 2022 წლის გვიან დეკემბერში, სატელიტურმა გამოსახულებამ სამხრეთ რუსეთში, საწვრთნელ ტერიტორიაზე დააფიქსირა T-14 ტანკები. მანამდე კი რუსული სამთავრობო მედია ამტკიცებდა, რომ T-14-ები უკრაინაში გადასაყვანად მზადდება.
2022 წლის 23 დეკემბრით დათარიღებული სატელიტური გამოსახულების ანალიზი აჩვენებს მინიმუმ ორ T-14 Armata ტანკს რუსეთში, კუზმინკას სამხედრო ბარაკებთან ახლოს მდებარე საწვრთნელ ტერიტორიაზე. ისინი კოლონაში იდგნენ ტრანსპორტიორებს შორის საცეცხლე გამოცდის პოლიგონთან ახლოს. თეთრი ზოლით მონიშნულია საცეცხლე პოლიგონი.
მიუხედავად რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და რუსულ საწვრთნელ ბაზაზე დაფიქსირებული სატელიტური გამოსახულებებისა, ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ არაა ცნობილი, შეიყვანა თუ არა რუსეთმა ამ ტიპის ტანკები უკრაინაში.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, T-14-ების ომში ჩართვა, სავარაუდოდ, ძალიან სარისკო გადაწყვეტილება იქნება რუსეთისთვის, რადგან ამ ტანკების წარმოების პროგრამის 11 წელი გამოირჩეოდა მუდმივი გაჭიანურებითა და საწარმოო პრობლემებით. გარდა ამისა, რუსეთისთვის გამოწვევა იქნება T-14-ების გადასაყვანად ლოჯისტიკური ჯაჭვის ადაპტირებაც, რამდენადაც ეს ტანკი ბევრად დიდი და მძიმეა სხვა რუსულ ტანკებთან შედარებით.
„სავარაუდოდ, თუ რუსეთი გამოიყენებს T-14-ებს, ეს ძირითადად პროპაგანდისტული მიზნებისთვის იქნება. ამ ტანკების წარმოება ალბათ მხოლოდ რამდენიმე ათეულს მოიცავს, ხოლო მეთაურები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრძოლაში მათ ენდობოდნენ“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 19 იანვრის ანგარიშში.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ მალავენ, რომ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის გადაყენებას ითხოვდა.
ითქვა ისიც, რომ ლევან ვარშალომიძეს არც ენმ-ის ბათუმის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის პოზიციაზე ნოდარ დუმბაძის არჩევის გადაწყვეტილება მოსწონს. ნოდარ დუმბაძემ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა ლაშა კილაბერიას გადადგომის შემდეგ დაიკავა.
„მე შენ როგორც სიმართლის მთქმელ ადამიანს ისე გიცნობ და იქნებ გაგვაგებინო და მოუყვე მხარდამჭერებს, რა ხდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბათუმში, რატომ ითხოვდა ლევან ვარშალომიძე ელგუჯა ბაგრატიონის პირით ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან გიორგი კირთაძის გადაყენებას. ან მე რას მერჩის და რატომ მითხრა, რომ ჩვენი გზები გაიყო?
პოსტი, რომელიც ნოდარ დუმბაძემ გამოაქვეყნა ფეისბუქზე
თუ ამ არჩევნებით მართლა პარტიის გაძლიერება გინდა, გამოდი და თქვი სიმართლე. თუ არა და უბრალოდ იცოდე, რომ სახეზე გეტყობა, როცა სიმართლეს არ ამბობ“, – ეს პოსტი ნოდარ დუმბაძემ [ბათუმის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე] ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც თანაპარტიელმა ბონდო თედორაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა. ბონდო თედორაძე წინა მოწვევის ქობულეთის საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან.
ბონდო თედორაძე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერია. მან „პირველის“ ეთერში ნიკა მელიას ფარული ჩანაწერის გავრცელებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დაჰბრალდა მისი გავრცელება ვანო მერაბიშვილს და არა ხელისუფლებას, რომელიც დაინტერესებულია მათი დაპირისპირებით. მან ბათუმის ორგანიზაციის ლიდერების, გიორგი კირთაძის პოზიციაზეც გააკეთა კომენტარი.
„…არავის არ უანდერძია ჩვენთვის არც პარტია და არც პოლიტიკური თანამდებობები. ახლა რომ ვისმენთ ჩვენი თანამებრძოლებისგან, რომ თუ ნიკა მელია ვერ გაიმარჯვებს, პოლიტიკურ თანამდებობაზე ვეღარ იქნებიან, მათ შორის ბათუმში ნიკა მელიას გუნდის წარმომადგენლები.
ვის რა ჯანდაბად უნდა ეს პოლიტიკური თანამდებობა, ჩვენ თუ შევედით იმ მოცემულობაში, თუ მიხეილ სააკაშვილს ვერ ვუშველეთ და ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც რუსულ ოცნებას და როგორც პუტინს სურს, ვის რად უნდა პოლიტიკური თანამდებობა, ბონდო თედორაძე თანამდებობაზე უნახავს ვინმეს? რაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა მან.
ლევან ვარშალომიძესა და პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის უკმაყოფილებაზე ღიად საუბრის დაწყება პარტიის შიდა არჩევნებთან დაკავშირებულმა პროცესმა განაპირობა. თუმცა ამ ამბის განხილვა პირად საუბრებში გაცილებით ადრე დაიწყო.
თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში პარტიამ ლევან ვარშალომიძის ჩართულობის გარეშე ჩაატარა. რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბათუმში, ფაქტობრივად, არ გამოჩენილა და საკუთარი პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატის მიმართ ღია მხარდაჭერა, სოციალურ ქსელშიც კი არ გამოუხატავს.
გიორგი კირთაძე გვარწმუნებს, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ მისთვის დღემდე გაურკვეველია, რამ გამოიწვია ლევან ვარშალომიძის განაწყენება.
„არა, მართლა არაფერი ისეთი არ ყოფილა, რამე განსაკუთრებულს ვერ ვიხსენებ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე, რა თქმა უნდა, მქონდა კომუნიკაცია ლევანთან და ჩვენ ძირითად თემებზე შევთანხმდით.
რაც შეეხება გადადგომის მოთხოვნას, ეს მოხდა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. მანამდე პატარა გაუგებრობები იყო, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით საუბრით ამ ყველაფრის მოგვარებას.“
გიორგი კირთაძის თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში მისთვის, როგორც ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პარტიაში ახალგაზრდების შეყვანა, მათი დაინტერესება იყო.
„მე ყოველთვის მქონდა საუბარი, რომ ახალგაზრდები მოგვეყვანა პარტიაში. იმ დროს, როცა ფული არ გვქონდა და არ გვაქვს, მე ძალიან წარმატებით ვთანამშრომლობ „ადენაუერის ფონდთან“, IRI-სთან, NDI-სთან და ვახერხებ ხოლმე, რომ ახალგაზრდებისთვის საინტერესო სემინარები დაიგეგმოს. ნახონ მათ, რომ პარტიაში არიან სწორად მოაზროვნე ადამიანები.
ამ ყველაფრის ორგანიზების მთავარი მიზანი იყო ის, რომ ბევრი ახალგაზრდა შემოსულიყო პოლიტიკურ პარტიაში, რომელსაც მე ვუყურებ როგორც მთავარ ინსტრუმენტს ავტოკრატიის დამარცხებისთვის. თუ ავტოკრატია არ ჩამოიშალა, ისე ჩვენ არათუ ვერ შევდივართ, ვერ მივდივართ ახლოს ევროპასთან და ევროპასთან ახლოს მისვლის გარეშე კიდევ ბევრად უარესად ვცხოვრობთ“, – ამბობს გიორგი კირთაძე.
გიორგი კირთაძე ახლაც მიიჩნევს, რომ ლევან ვარშალომიძის ჩართულობა საარჩევნო პროცესში, ოპოზიციას მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა:
„ჩვენ ლევან ვარშალომიძესთან ერთად ჩავატარეთ ყველა სხვა არჩევნები და, ბუნებრივია, ამის მოლოდინი და სურვილიც, რა თქმა უნდა, გვქონდა.
მე, პირადად, კარგად ვიცნობ ლევან ვარშალომიძეს და კარგად მესმის მისი ავტორიტეტი, გამოცდილება, მისი გაკეთებული საქმეებიც. საბოლოო ჯამში, ვინ როგორც არ უნდა შეაფასოს, ამ ქალაქისთვის ბევრი გააკეთა. ლევან ვარშალომიძის პერსონალური ჩართულობა არჩევნებზე ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. თუმცა ჩემთვის, სამწუხაროდ, გულდასაწყვეტად, გულწრფელად ვამბობ ამას, ლევანი არ იყო ჩართული. დაახლოებით 3-თვიანი კამპანია იყო – აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ჩვენ ლევანის გარეშე მოგვიწია თავიდან ბოლომდე საარჩევნო კამპანიის ჩატარება.“
პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს რეგიონის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია არც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჰქონია, მიუხედავად იმ შედეგისა, რაც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა, არც მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში და არც იმ დროს, როცა ენმ-ს არჩეული საკრებულოს წევრი გამოაკლდა:
„ურთულესი ამბავი გვქონდა, პრაქტიკულად უფულოდ ჩავატარეთ თავიდან ბოლომდე არჩევნები. გახსოვთ, რომ ჩვენ პლაკატებიც კი არ გაგვიკრია, არც კანდიდატების, არც მაჟორიტარების.
ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ შევძელით და გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში. გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ სწორად მოვახერხეთ სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა კოორდინირება. უფრო მეტიც შეიძლებოდა, რადგან იმ მასშტაბში, რაც ჩვენ გავაკეთეთ, უფრო მეტიც შეიძლებოდა იმისთვის, რომ ბათუმის არჩევნები მოგვეგო.
გახსოვთ, რომ პირველსავე ტურში ბათუმში ოპოზიცია გამარჯვებული იყო და პერსონალურად მეც გადავასწარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს. მეორე ტურში რაც მოხდა, ყველამ კარგად ვნახეთ, ჩემსა და „ოცნების“ კანდიდატს შორის სხვაობა ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე თუნდაც ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.
განსაკუთრებით ამ ფონზე, მე მიმაჩნია – ლევანს რომ ჰქონოდა შესაძლებლობა და ფიზიკურად ჩართულიყო არჩევნებში, „ქართულ ოცნებას“ გაყალბების მასშტაბებიც კი აღარ ეყოფოდა.“
არჩევნების ორივე ტურის დასრულებიდან მოკლე პერიოდში გიორგი კირთაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კარგი იქნებოდა ორგანიზაციას ბათუმში ახალი თავმჯდომარე შიდა არჩევნებით აერჩია. ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა.
მას შემდეგ, რაც ლევან ვარშალომიძემ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ლიდერთან კომუნიკაცია შეწყვიტა. ის თავის მოთხოვნებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის დახმარებით ახმოვანებდა. გიორგი კირთაძის გადადგომის გარდა, მას თავისი ხედვები ჰქონდა ენმ-ის ფრაქციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოში.
ამ საკითხზე გიორგი კირთაძე ღიად არ საუბრობს.
„ბათუმის საკრებულოში როგორ უნდა ემუშავა ჩვენს ფრაქციას, რა კონფიგურაციით, ამაშიც იყო აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ნორმალური ამბავია, მე კარგად ვიცნობ ფრაქციის წესდებასაც, დემოკრატიულ წესებსაც… იმ ადამიანებმა, რომლებმაც წარმოუდგენელ ზეწოლას გაუძლეს [ნუგზარ ფუტკარაძეზე რა ზეწოლასაც ახორციელებდა „ქართული ოცნება“, გახსოვთ], მე ნამდვილად არ ჩავრეულვარ ამ ადამიანების გადაწყვეტილებაში, არც მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება. თვითონვე გადაწყვიტეს, როგორ უნდა ემუშავათ საკრებულოში.“
კითხვაზე, იყო თუ არა ხისტი მითითებები ლევან ვარშალომიძისგან, რომელიც ბათუმის ორგანიზაციამ არ შეასრულა, გიორგი კირთაძე პასუხობს, რომ შესაძლოა. თუმცა, მისი აზრით, „ისეთი არაფერი იყო“, რაც ხელმძღვანელისთვის გადადგომის მოთხოვნის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
„შესაძლებელია ყოფილა, მაგრამ ამ დეტალების განხილვა არ მგონია სწორი. საბოლოო ჯამში, გულწრფელად გეუბნებით, თუ ასეთი ტიპის საკითხები შესაძლოა ამ მასშტაბის გადაწყვეტილებისთვის გამოდგეს, რომ ვიღაცას უბრალოდ უთხრა პარტიის ხელმძღვანელობიდან გაიწიე და მე აღარ ვაპირებ შენთან თანამშრომლობასო – მე არ მგონია ეს სწორი მართვა.
მე არ ვიცი, რა არის კონკრეტული მიზეზი, როგორც მეუბნებოდნენ, თითქოს რაღაცა ჩვენი გზები ამ შემთხვევაში, თანამშრომლობა, უბრალოდ იყო შეუძლებელი, იმიტომ, რომ სხვადასხვანაირად ვფიქრობდით. რას ვფიქრობდით სხვადასხვანაირად, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, თუ ვინმე ამას ამიხსნის… ამას ვითხოვდი, ვიხვეწებოდი პარტიაში.“
გასულ კვირას პარტიის ბათუმის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შექმნეს, სადაც გიორგი კირთაძემ, საკრებულოს ყოფილმა წევრმა ენმ-დან მირდატ ქამადაძემ, საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ნოდარ დუმბაძემ და სხვებმა მელიას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს. ამავე დღეს, მირდატ ქამადაძემ, რომელიც ბათუმში მელიას მხარდამჭერ შტაბს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ლევან ვარშალომიძე, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი ლევან ხაბეიშვილის უკან დგანან.
18 იანვარს კი, ტელეკომპანია პირველის ეთერში ქამადაძემ თქვა, რომ მას ვანო მერაბიშვილი დაუკავშირდა და ხაბეიშვილის მხარდაჭერა სთხოვა:
„ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მეშვეობით დამიკავშირდა. მე მას შევუთვალე, რომ ჩვენ ვართ საჯარო მმართველობის მომხრე.“
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ რუსეთში იქმნება ახალი სივრცე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკისთვის და მის ინიციატორებს არ ეშინიათ, რომ პასუხს მოსთხოვენ.
როგორც ინსტიტუტში აღნიშნავენ, 18 იანვარს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა გააკრიტიკა თავდაცვის სამინისტროს ახალი ინსტრუქციები უკრაინაში რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლის თანახმადაც საომარი მოქმედების ზონაში აიკრძალა გარკვეული პერსონალური ელექტრონული ტექნიკის გამოყენება. ომის ზონაში მყოფ მებრძოლებს ასევე მკაცრი საიმიჯო სტანდარტი დაუწესეს.
პრიგოჟინმა დაიცვა რუსი ჯარისკაცები, რომლებიც არღვევენ საიმიჯო სტანდარტს (აღნიშნა, რომ წვერი გავრცელებულია ბევრ მუსლიმ და მართლმადიდებელ მებრძოლში) და ასევე ამტკიცებდა, რომ თანამედროვე ომში ჯარისკაცების მიერ სმარტფონებისა და პლანშეტების გამოყენება აუცილებელია.
მისი თქმით, „ომი“- ეს აქტიურებისა და მამაცების დროა და არა სუფთად გაპარსულების, რომლებმაც ტელეფონები საწყობებში შეინახეს“.
პრიგოჟინმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „ცხოვრებას მოწყვეტილი“ ჩინოვნიკები და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„პუტინის შეფმზარეული“ და სხვა პირები რუსეთში ახალ სივრცეს ქმნიან პუტინის გასაკრიტიკებლად და მათ არ ეშინიათ ანგარიშსწორების.
ანალიტიკოსების დაკვირვებით, პუტინმა გადაწყვიტა მსგავსი განცხადებები ჯერ არ დააცენზუროს.
სამხედრო ექსპერტების დაკვირვებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლამ საბჭოთა ჯარების მიერ ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის 80 წლისთავზე ერთი რამ აჩვენა – ის არ არის დარწმუნებული, რომ კვლავ შეუძლია არსებითად აკონტროლოს რუსეთის საინფორმაციო სივრცე.
მისი გუშინდელი გამოსვლა, სავარაუდოდ, მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ნაწილიცაა, რომელიც იმისკენაა მიმართული, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გადაიფუთოს რუსეთის ეროვნული მითის – დიდი სამამულო ომის (მეორე მსოფლიო ომი) გაგრძელებად, რათა ქვეყანაში გაიზარდოს მხარდაჭერა გაჭიანურებული ომისა და მობილიზაციის მიმართ.
ანალიტიკოსების აზრით, პუტინის გამოსვლას რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა. პუტინს უყვარს სიმბოლური თარიღებისა და ისტორიული ანალოგიების გამოყენება რუსი ხალხისთვის მიმართვის დროს და მსგავსი სიტყვით გამოვიდა გუშინ, 18 იანვარს, სანკტ-პეტერბურგში, საბჭოთა ჯარების მიერ ლენინგრადში ნაცისტური ბლოკადის გარღვევის 80 წლისთავზე. მან განაცხადა, რომ საბჭოთა ჯარებმა გაიმარჯვეს ნაცისტური გერმანიის მიერ „ლენინგრადის გენოციდზე“ და ეს შეადარა იმას, თუ როგორ ებრძვის თანამედროვე რუსეთი „უკრაინელ ნეონაცისტებს“ დონბასში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, გაჭიანურებული ომის მხარდაჭერის გასაზრდელად, თავის გამოსვლაში კიდევ უფრო უხეში სიტყვები გამოიყენა და პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინა და დასავლეთი ეწევიან რუსი ხალხის გენოციდს.
ამავდროულად, პუტინი და ლავროვი აგრძელებენ უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფას და ღიად ამბობენ უარს უკრაინასთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე.
ISW-ი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინი აგრძელებს ძალისხმევას აღადგინოს სამხედრო-სამრეწველო ბაზა, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინაში გაჭიანურებულ ომს.
ISW-ის სხვა ძირითადი მიგნებები:
რუსეთის ჯარები აგრძელებენ შეზღუდულ კონტრშეტევებს კრემენნაიასთან დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.
რუსები განაგრძობენ შეტევით ოპერაციებს სოლედარის, ბახმუტის, ავდეევკასა და დონეცკის მახლობლად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს სოლედარში მოპოვებულ ტაქტიკურ წარმატებაში „ვაგნერის დაჯგუფების“ პრეტენზიული როლის დაკნინებას.
უკრაინის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარები კონცენტრირებულნი არიან ზაპოროჟიეს რეგიონში, შესაძლოა ფართომასშტაბიანი თავდაცვითი ან შეტევითი ოპერაციისთვის.
რუსული ძალების მიერ სამხრეთ უკრაინაში შეტევისას ცეცხლსასროლი სამხედრო მასალების მზარდი გამოყენება, სავარაუდოდ ადასტურებს, რომ ოკუპანტები საარტილერიო ჭურვების დეფიციტს განიცდიან.
უკრაინული და რუსული წყაროები აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპატრიარქო ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.
„შეხვედრაზე საუბარი მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო“, – წერს საპატრიარქო.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მაჰმუდ აბიდი და სხვა ოფიციალური პირები.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან სტუმრებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა უმასპინძლეს.
შეხვედრას რელიგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
2022 წელს, ირანში ათიათასობით მოქალაქე ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომლებიც სავალდებულო ჩადრის ტარებას აპროტესტებდნენ. ქალები დემონსტრაციულად იხდიდნენ ჰიჯაბს და წვავდნენ საჯაროდ.
საპროტესტო მუხტი მას შემდეგ გაძლიერდა, როდესაც მორალის პოლიციამ 22 წლის ქალს ჩადრის არასწორად ტარების გამო სასიკვდილოდ სცემა.
საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების პოლიციამ არაერთი მოქალაქე მოკლა. მათ შორის არასრულწლოვანები.
საქართველოს საპატრიარქოს ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობაზე არცერთი განცხადება არ გაუკეთებია.
შეხვედრა ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებთან საპატრიარქოში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 19 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 118 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760]
ტანკი – 3 136 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 6 235 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 2 122 ერთეული [+14]
MLRS – 442 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 287 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 277 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 882 ერთეული [+6]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 896 ერთეული [+7]
სპეცტექნიკა – 190 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 19 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
374 თვითმფრინავი
200 ვერტმფრენი
2 903 უპილოტო საფრენი აპარატი
401 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 569 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
985 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 865 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
8 113 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„აღსრულების ფურცელი ჩემთვისაა მარტო?“ – კითხვას სვამს მოქალაქეშოთა დევაძე, 80 წლის კაცი, რომელმაც ორჯერ მოუგო სასამართლო ბათუმის მერიას, მაგრამ სამართალს ვერ აღწევს – ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს, აღმასრულებელი კი დუმს.
მოქალაქე შეხვედრია ბათუმის მერსაც, თუმცა არც მას შემდეგ შეცვლილა რამე.
დავის საგანია მიწის ნაკვეთი ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, სადაც შოთა დევაძე მიწის საკუთრების აღიარებას წლებია უშედეგოდ ითხოვს. შოთა დევაძეს და მის მეუღლეს შვილები არ ჰყავთ, ამიტომ ყველა დოკუმენტის მოძიება თავად შოთას უწევს. სადავო მიწა შოთა დევაძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეა.
მოქალაქეს მოსამართლემ 2021 წლის დეკემბერში იძულებით აღსრულების ფურცელიც მისცა მას შემდეგ, როცა აშკარად გამოჩნდა, რომ ნებაყოფლობით ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა.
„გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათუმში, მეჯინისწყალზე მდებარე 943 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე შოთა დევაძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, – მკაფიო ჩანაწერი გააკეთა და ე.წ. ბათუმის მიწის კომისიას მიწის საკუთრების აღიარება დაავალა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, როცა მან დაინახა, რომ 80 წლის მოქალაქემ სამივე ინსტანციის სასამართლო მოიარა ბათუმის მერიის წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი შეიცვალა.
მოსამართლის გადაწყვეტილება ბათუმის მერიას ამ დრომდე არ შეუსრულებია.
გასული წლის აპრილში შოთა დევაძემ პროკურატურას მიმართა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა უშედეგოდ – საგამოძიებო ორგანოში მოქალაქე უპასუხოდ დატოვეს.
შოთა დევაძე
„მერია თითქოს უარს არ მეუბნება, მაგრამ არც მიკანონებენ ჩემი მიწის ნაკვეთს. მეუბნებიან, რომ ახალი ნახაზია საჭირო. რამდენიმე თვის წინ მესამეჯერ წარვადგინე ნახაზი, უკვე აღმასრულებლის თხოვნით,“ – ამბობს შოთა დევაძე და ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს გადაწყვეტილების ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც მერიას უკვე აღარ უნდა მოეთხოვა დამატებით დოკუმენტაცია მოქალაქისთვის.
დაახლოებით სამი თვის წინ შოთა დევაძე ამ საკითხზე სასაუბროდ ადვოკატ ავთანდილ ავალიანთან ერთად ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს შეხვდა:
„ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი შემხვდა და მითხრა, რომ იქნებ, იმ ტერიტორიის გარეშე გავაკეთოთ და გაგიფორმებთო,“ – ბათუმის მერთან შეხვედრის შესახებ გვიყვება შოთა დევაძე და განმარტავს, რომ გასული წლის დასაწყისში სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე ბათუმის მერიამ საზოგადოებრივი ტრენაჟორები მოაწყო. შოთა დევაძე განმარტავს, რომ არჩილ ჩიქოვანი სწორედ ამ ნაწილის დათმობას სთხოვს.
„ვუთხარი, 12 წელია ვდავობ, მოსულიყვნენ ადრე და ეთქვათ, ძალით ღობე დაანგრიეს, აღსრულების ფურცელი არაფრად ჩააგდეს… რადგან უკვე აშენდა, იმის გარეშე გაგიფორმებთო, მითხრა ჩიქოვანმა… ვუთხარი, რომ აღსრულების ფურცელი გამოცემული იყო უკვე, როცა თქვენ ღობე დამინგრიეთ და იქ ტრენაჟორები მოაწყვეთ, ახლა რომ მეუბნებით ამას, ეს სწორია-მეთქი? კარგით, მოვალთ და შევხედავთო – საბოლოოდ ეს მითხრეს, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა,“ – აღნიშნა შოთა დევაძემ „ბათუმელებთან“.
მოქალაქე გრაფიკულ გამოსახულებაზე გვაჩვენებს შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, სადაც მერიამ კერძო საკუთრებაში საზოგადოებრივი სივრცე მოაწყო.
„მთლიანად მიწა 943 კვადრატული მეტრია, რაზეც არის საუბარი აღსრულების ფურცელში, 120 კვადრატულ მეტრზეა მოწყობილი ტრენაჟორები. ანუ ისეთ ნახაზს მთხოვენ, სადაც ეს სივრცე აღარ იქნება… მეორე მხარეს საბავშვო ბაღია, მე ბაღს ისედაც დავუთმე უფასოდ, სერვიტუტით მიწის ნაკვეთი, რომ ბაღმა ისარგებლოს და დავუთმე იქამდე, სანამ იქ საბავშვო ბაღი იქნება,“ – დასძინა შოთა დევაძემ.
80 წლის კაცი საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს, რაც საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლის მრავალწლიან პროცესში შეექმნა:
„მე არ მესმის, საჯარო მოხელეები რატომ უნდა გახდნენ მოძალადეები? ეს ამას ნიშნავს, საჯარო მოხელეები ძალადობენ… მე ასე ვიცი, რომ სახელმწიფოს მოვალეობაში შედის, რომ დაიცვას კანონი, ახლა რა გამოდის?!
აგრესიული გავხდი თითქოს, ვეღარ ვარ მშვიდად. აწვალებენ ყველას და მეც მაწვალებენ. აღმასრულებელს მიწის კომისიის თავმჯდომარემ მისწერა, სხდომას შოთა დევაძეც ესწრებოდაო, მოიტყუა. არ ვესწრებოდი მე სხდომას და არც ჩემი ადვოკატი იყო იქ.
გამოდის, რომ არ არსებობს სამართალი, როგორ ვიწამო?“ – კითხულობს შოთა დევაძე.
რატომ არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბათუმის მერია? – ბათუმის მერიის პრესცენტრში კითხვა უპასუხოდ დატოვეს, პროკურატურის პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ მოქალაქის წერილი შსს-ში გადაამისამართეს. შსს-შიც არ გვიპასუხეს, რატომ არ იწყება გამოძიება, როცა საჯარო უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.
აღსრულების ბიუროს პრესცენტრში კი თქვეს, რომ მესამე პირებზე ინფორმაციას ვერ გასცემენ და შეკითხვა აქაც უპასუხოდ დატოვეს.
ხულოს მუნიციპალიტეტის 4 სოფლის – ვერნების, ბაკიბაკოს, რაქვთასა და საციხურის საჯარო სკოლები ინგლისური ენის სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ეძებენ. სკოლებმა ვაკანსიები ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადეს, თუმცა აქ ინგლისური ენის მასწავლებლები ამ დრომდე არ ჰყავთ.
ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ მიქელაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მიუხედავად ამ ფაქტისა, სკოლებში ინგლისური ენის გაკვეთილები არ ცდება. მისი თქმით, სოფელ ვერნების საჯარო სკოლას ინგლისური ენის ერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავს, თუმცა მას საგაკვეთილო საათების სრულად შეთავსება უჭირს, რადგან ახალი დადგენილებით მასწავლებელს მაქსიმუმ 25 საათი უნაზღაურდება, სკოლას კი 31-32 ინგლისური ენის საგაკვეთილო საათი აქვს.
დანარჩენ სამ სკოლაში კი ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი საერთოდ არ ჰყავთ.
„ვაკანსიები წარმოიშვა, რადგან სერტიფიცირებული პედაგოგები არ გვყავს და [საგაკვეთილო საათები] დროებით შევუთავსეთ ისევ იმ პედაგოგებს, რომლებსაც სერტიფიცირება ამ ეტაპზე არ აქვთ. ვაკანსია მიმდინარეა და თუ გამოჩნდება უფროსი ან წამყვანი მასწავლებელი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, შეგვიძლია, რომ ავიყვანოთ ეს მასწავლებლები“, – ამბობს ედუარდ მიქელაძე.
მისი თქმით, ხულოს საჯარო სკოლებში ახლა, ძირითადად, ინგლისური ენისა და ფიზიკის პედაგოგების პრობლემა დგას. ხულოს 2 საჯარო სკოლას აქვს ვაკანსია გამოცხადებული ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე.
„ვეძებთ სერტიფიცირებულ პედაგოგებს, მაგრამ სადაა?! მსგავსი სიტუაცია მხოლოდ წელს არ არის. გასულ წელსაც იგივე სიტუაცია იყო, იმის წინა წელსაც და ზოგადად, ყოველთვის ასეთი სიტუაციაა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში.
პედაგოგების დიდი ნაწილი, ვისაც სერტიფიცირება აქვს, ვინც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო, ქალაქში მიდის. ურჩევნიათ იმუშაონ დიდ ქალაქებში, ვიდრე, ვთქვათ, მაღალმთიან რეგიონებში. ერთ-ერთი მიზეზი არის ეს და ჩემი აზრით, ერთადერთიც“, – ამბობს ედუარდ მიქელაძე.
19 და 20 იანვარს, კოდით *202# , აპლიკაციით My Silknet ან პირდაპირ საიტიდან, შეძლებთ გაიაქტიუროთ სასურველი პირობა, შეარჩიოთ ერთი ან რამდენიმე პაკეტი და კომბინაციით – *202# ჩაურთოთ სილქნეტის სხვა ნომერსაც ინტერნეტი და სასაუბრო დრო:
ულიმიტო მობილური ინტერნეტი – 23 ₾
5000 MB – 7 ₾
1000 ადგილობრივი წუთი – 12 ₾
250 ადგილობრივი წუთი + 8000 MB – 14 ₾
სილქფესტის აქცია, თვის განმავლობაში რამდენჯერმე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალებას აძლევს მინიმალურ ფასად გაიაქტიურონ ულიმიტო ინტერნეტი, დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები და სხვა კომბინაციები.
ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯება.
ტენდერი ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა. კომპანია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვებს, ვალდებული იქნება მთელ ქუჩაზე [2.9 კმ სიგრძეზე] შეცვალოს ტროტუარის ფილები, მოაწყოს მოაჯირი.
„პროექტით გათვალისწინებულია ახალი ტროტუარების მოწყობა დეკორატიული დაწნეხილი ფილის საფარით, რომლის სისქეა 4სმ. ასევე დამკვეთის მოთხოვნაა საპროექტო მონაკვეთის მთელ სიგრძეზე მოეწყოს ლითონის მოაჯირი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ტროტუარის იზოლირება სავალი ნაწილისგან, რაც ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს,“ – ნათქვამია საპროექტო განაცხადში.
ქუთაისი, ჭავჭავაძის ქუჩა
პროექტის თანახმად დაგეგმილია ბორდიურების მოწყობა და საპარკინგე ზონების რეაბილიტაცია. ჭავჭავაძის ქუჩაზე უნდა მოეწყოს გაზონები და „შემოიფარგლოს ჩამკეტი დაწნეხილი ბეტონის ბორდიურით“, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომ ტროტუარებზე მიერთებები იმდაგვარად მოეწყოს, რომ შშმ პირებმა გადაადგილება დაუბრკოლებლად შეძლონ.
ტენდერში წინადადებების მიღება 28 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ტროტუარი 2,9 კმ-ზე უნდა მოეწყოს
მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საგზაო-სარემონტო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2020 წლის 12 ივნისიდან დაიწყო.
ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა იგეგმება. სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამინისტრო ტენდერით შეისყიდის. მომსახურებისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტიდან, მაქსიმუმ 87 839 ლარია გათვალისწინებული.
სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.
წითლად აღნიშნულია ადგილები, სადაც უსაფრთხოების კუნძულები უნდა მოეწყოს / ფოტო ტენდერიდან
ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ ამ წრიულთან საფეხმავლო ხიდებიც უნდა აშენდეს, რომლებიც შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას გადაკვეთს და გმირთა ხეივანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს. ხიდებზე ადაპტირებული ლიფტების მონტაჟიც იგეგმება. ამ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე: რკინის თაღის ქვეშ ხიდის მშენებლობა დაიწყო – მეორე ხიდი ბათუმში იუსტიციასთან აშენდება
რაც შეეხება ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ხელოვნური კუნძულები უნდა მოეწყოს, მერიის სამმართველოს 2 325 076 ლარით აქვს გამოცხადებული.
წინადადებების მიღება 2023 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება.
ამ ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია:
იუსტიციის სახლის მიმდებარედ უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა – მაქსიმუმ 87 839 ლარით;
ბაღის ქუჩის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია – 510 044 ლარით;
ასევე დაგეგმილია ბათუმში, ფანასკერტელ ციციშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 1 727 193 ლარით [ტენდერის პირობის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით, 2023 წელს ანაზღაურდება არაუმეტეს 727 194 ლარი. ამასთან, მერიის სამმართველო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება 2023 წელს დამატებითი დაფინანსების შესახებ].
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მას შემდეგ, რაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი ბათუმს შეუერთეს. უგზოობის და უწყლობის გარდა, ბათუმის ამ ქუჩაზე არც კანალიზაციის სისტემაა მოწყობილი და არც გარეგანათება შეგხვდებათ სადმე:
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღა გამოაცხადოს უახლოეს დღეებში და შესაძლოა ეს დღეს, 18 იანვარს, გააკეთოს.
ამის შესახებ ISW-ის უახლეს ანგარიშში წერია.
ISW-ის ანგარიშში საუბარია კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ, 17 იანვარს, თქვა, რომ პუტინი 18 იანვარს სიტყვით გამოვა პეტერბურგში საბჭოთა არმიის მიერ ლენინგრადის ნაცისტური ბლოკადის გარღვევის 80 წლისთავთან დაკავშირებით.
„პუტინს უყვარს სიმბოლური თარიღების გამოყენება. ზოგიერთი ომის მომხრე რუსი ბლოგერი აღნიშნავს, რომ ის გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, გამოაცხადოს მობილიზაცია ან ომი უკრაინასთან“, – ნათქვამია ამერიკელი ანალიტიკოსების ანგარიშში.
17 იანვრის ანგარიშში ISW-ი წერს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებაზე, რომელმაც გუშინ, 17 იანვარს, გამოაცხადა ყოვლისმომცველი სამხედრო რეფორმა 2023 წლიდან 2026 წლამდე, სავარაუდოდ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის მოსამზადებლად და უფრო ძლიერი რუსული არმიის სწრაფად შესაქმნელად.
ეს და სხვა რეფორმები ადასტურებს რუსეთის განზრახვას, რუსეთის შეიარაღებული ძალები მოამზადოს ფართომასშტაბიანი ომისთვის და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომისთვის, – ვარაუდობს ISW-ი. თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გაურკვეველია შეძლებენ თუ ვერა რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდას, როგორც შოიგუმ აღწერა, სამი წლის განმავლობაში, რადგან შოიგუმ მანამდეც გააკეთა განცხადებები რუსეთის სამხედრო რეფორმების შესახებ, რომლებიც არასოდეს განხორციელებულა.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა მოუწოდა „ვაგნერის“ დაჯგუფებას, შეწყვიტოს რეკრუტირება სერბეთში. ამავე დროს, ISW-ის ცნობით, ევგენი პრიგოჟინი შესაძლოა ცდილობდეს „ვაგნერის“ დაჯგუფების იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას რუსეთში.
ISW-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ოკუპანტებმა განაგრძეს კონტრშეტევები კრემენნაიას მახლობლად და უკრაინელი ოფიციალური პირები კვლავ ვარაუდობენ, რომ რუსული ჯარები შესაძლოა ემზადებოდნენ გადამწყვეტი შეტევისთვის ლუგანსკის რეგიონში.
რუსეთის არმიამ ასევე განაგრძო შეტევა დონეცკის ფრონტის ხაზზე.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 18 იანვრის ანგარიში დონბასის ქალაქ სოლედარიდან უკრაინული ძალების სავარაუდო უკან დახევას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 16 იანვრის ბოლოსთვის უკრაინის ძალებმა დიდი ალბათობით სოლედარი რუსი სამხედროებისა და „ვაგნერის“ დაჯგუფების კონტროლქვეშ დატოვეს.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ახალი თავდაცვის ხაზი სავარაუდოდ დასავლეთით ააგეს.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, სოლედარის აღება ძირითადად „ვაგნერის“ დაჯგუფების შედეგი იყო და წარმოადგენდა ბახმუტის – უფრო დიდი დასახლების აღებაში დამხმარე ოპერაციას. ამ ეტაპზე, როგორც ბრიტანელი დაზვერვის ანალიტიკოსები იუწყებიან, ბახმუტის მომარაგების ორი ძირითადი მარშრუტიდან, რომლებსაც უკრაინელები იყენებენ, ერთ-ერთი მზარდი ზეწოლის ქვეშაა.
როგორც ბრიტანული დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული, სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ 2023 წლის იანვრიდან ბახმუტის სამხრეთი და აღმოსავლეთი კვლავაც ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის სამიზნეა.
2023 წლის 8 იანვრის გამოსახულებების ანალიზმა ბახმუტსა და ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლების დამატებითი მტკიცებულებები გამოავლინა. ბახმუტში უკრაინულ კულტურის ცენტრს აქვს მიღებული დაზიანებები, ხოლო ახალმა არაპირდაპირმა ცეცხლი მოიცვა არაერთი არეა ქალაქის გარეთ [მონიშნულია მუქ ფერებში].„თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ ქალაქის შემოგარენის დაცვას რუსული ძალებისგან“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 18 იანვრის ანგარიშში.