მთავარი,სიახლეები

კირთაძე ამბობს, რომ არ იცის, რატომ გაუნაწყენდა ვარშალომიძე – რა ხდება ენმ-ს აჭარის ორგანიზაციაში

19.01.2023 • 1068
კირთაძე ამბობს, რომ არ იცის, რატომ გაუნაწყენდა ვარშალომიძე – რა ხდება ენმ-ს აჭარის ორგანიზაციაში

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ მალავენ, რომ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის გადაყენებას ითხოვდა.

ითქვა ისიც, რომ ლევან ვარშალომიძეს არც ენმ-ის ბათუმის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის პოზიციაზე ნოდარ დუმბაძის არჩევის გადაწყვეტილება მოსწონს. ნოდარ დუმბაძემ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა ლაშა კილაბერიას გადადგომის შემდეგ დაიკავა.

„მე შენ როგორც სიმართლის მთქმელ ადამიანს ისე გიცნობ და იქნებ გაგვაგებინო და მოუყვე მხარდამჭერებს, რა ხდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბათუმში, რატომ ითხოვდა ლევან ვარშალომიძე ელგუჯა ბაგრატიონის პირით ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან გიორგი კირთაძის გადაყენებას. ან მე რას მერჩის და რატომ მითხრა, რომ ჩვენი გზები გაიყო?

პოსტი, რომელიც ნოდარ დუმბაძემ გამოაქვეყნა ფეისბუქზე

თუ ამ არჩევნებით მართლა პარტიის გაძლიერება გინდა, გამოდი და თქვი სიმართლე. თუ არა და უბრალოდ იცოდე, რომ სახეზე გეტყობა, როცა სიმართლეს არ ამბობ“,  – ეს პოსტი ნოდარ დუმბაძემ [ბათუმის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე] ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც თანაპარტიელმა ბონდო თედორაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა. ბონდო თედორაძე წინა მოწვევის ქობულეთის საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან.

ბონდო თედორაძე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერია. მან „პირველის“ ეთერში ნიკა მელიას ფარული ჩანაწერის გავრცელებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დაჰბრალდა მისი გავრცელება ვანო მერაბიშვილს და არა ხელისუფლებას, რომელიც დაინტერესებულია მათი დაპირისპირებით. მან ბათუმის ორგანიზაციის ლიდერების, გიორგი კირთაძის პოზიციაზეც გააკეთა კომენტარი.

„…არავის არ უანდერძია ჩვენთვის არც პარტია და არც პოლიტიკური თანამდებობები. ახლა რომ ვისმენთ ჩვენი თანამებრძოლებისგან, რომ თუ ნიკა მელია ვერ გაიმარჯვებს, პოლიტიკურ თანამდებობაზე ვეღარ იქნებიან, მათ შორის ბათუმში ნიკა მელიას გუნდის წარმომადგენლები.

ვის რა ჯანდაბად უნდა ეს პოლიტიკური თანამდებობა, ჩვენ თუ შევედით იმ  მოცემულობაში, თუ მიხეილ სააკაშვილს ვერ ვუშველეთ და ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც რუსულ ოცნებას და როგორც პუტინს სურს, ვის რად უნდა პოლიტიკური თანამდებობა, ბონდო თედორაძე თანამდებობაზე უნახავს ვინმეს? რაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა მან.

ლევან ვარშალომიძესა და პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის უკმაყოფილებაზე ღიად საუბრის დაწყება პარტიის შიდა არჩევნებთან დაკავშირებულმა პროცესმა განაპირობა. თუმცა ამ ამბის განხილვა პირად საუბრებში გაცილებით ადრე დაიწყო.

თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში პარტიამ ლევან ვარშალომიძის ჩართულობის გარეშე ჩაატარა. რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბათუმში, ფაქტობრივად, არ გამოჩენილა და საკუთარი პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატის მიმართ ღია მხარდაჭერა, სოციალურ ქსელშიც კი არ გამოუხატავს.

გიორგი კირთაძე გვარწმუნებს, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ მისთვის დღემდე გაურკვეველია, რამ გამოიწვია ლევან ვარშალომიძის განაწყენება.

„არა, მართლა არაფერი ისეთი არ ყოფილა, რამე განსაკუთრებულს ვერ ვიხსენებ.

თვითმმართველობის არჩევნებამდე, რა თქმა უნდა, მქონდა კომუნიკაცია ლევანთან და ჩვენ ძირითად თემებზე შევთანხმდით.

რაც შეეხება გადადგომის მოთხოვნას, ეს მოხდა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. მანამდე პატარა გაუგებრობები იყო, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით საუბრით ამ ყველაფრის მოგვარებას.“

გიორგი კირთაძის თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში მისთვის, როგორც ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პარტიაში ახალგაზრდების შეყვანა, მათი დაინტერესება იყო.

„მე ყოველთვის მქონდა საუბარი, რომ ახალგაზრდები მოგვეყვანა პარტიაში. იმ დროს, როცა ფული არ გვქონდა და არ გვაქვს, მე ძალიან წარმატებით ვთანამშრომლობ „ადენაუერის ფონდთან“, IRI-თან, NDI-სთან და ვახერხებ ხოლმე, რომ ახალგაზრდებისთვის საინტერესო სემინარები დაიგეგმოს. ნახონ მათ, რომ პარტიაში არიან სწორად მოაზროვნე ადამიანები.

ამ ყველაფრის ორგანიზების მთავარი მიზანი იყო ის, რომ ბევრი ახალგაზრდა შემოსულიყო პოლიტიკურ პარტიაში, რომელსაც მე ვუყურებ როგორც მთავარ ინსტრუმენტს ავტოკრატიის დამარცხებისთვის. თუ ავტოკრატია არ ჩამოიშალა, ისე ჩვენ არათუ ვერ შევდივართ, ვერ მივდივართ ახლოს ევროპასთან და ევროპასთან ახლოს მისვლის გარეშე კიდევ ბევრად უარესად ვცხოვრობთ“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

გიორგი კირთაძე ახლაც მიიჩნევს, რომ ლევან ვარშალომიძის ჩართულობა საარჩევნო პროცესში, ოპოზიციას მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა:

„ჩვენ ლევან ვარშალომიძესთან ერთად ჩავატარეთ ყველა სხვა არჩევნები და, ბუნებრივია, ამის მოლოდინი და სურვილიც, რა თქმა უნდა, გვქონდა.

მე, პირადად, კარგად ვიცნობ ლევან ვარშალომიძეს და კარგად მესმის მისი ავტორიტეტი, გამოცდილება, მისი გაკეთებული საქმეებიც. საბოლოო ჯამში, ვინ როგორც არ უნდა შეაფასოს, ამ ქალაქისთვის ბევრი გააკეთა. ლევან ვარშალომიძის პერსონალური ჩართულობა არჩევნებზე ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. თუმცა ჩემთვის, სამწუხაროდ, გულდასაწყვეტად, გულწრფელად ვამბობ ამას, ლევანი არ იყო ჩართული. დაახლოებით 3-თვიანი კამპანია იყო – აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ჩვენ ლევანის გარეშე მოგვიწია თავიდან ბოლომდე საარჩევნო კამპანიის ჩატარება.“

პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს რეგიონის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია არც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჰქონია, მიუხედავად იმ შედეგისა, რაც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა, არც მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში და არც იმ დროს, როცა ენმ-ს არჩეული საკრებულოს წევრი გამოაკლდა:

„ურთულესი ამბავი გვქონდა, პრაქტიკულად უფულოდ ჩავატარეთ თავიდან ბოლომდე არჩევნები. გახსოვთ, რომ ჩვენ პლაკატებიც კი არ გაგვიკრია, არც კანდიდატების, არც მაჟორიტარების.

ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ შევძელით და გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში. გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ სწორად მოვახერხეთ სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა კოორდინირება. უფრო მეტიც შეიძლებოდა, რადგან იმ მასშტაბში, რაც ჩვენ გავაკეთეთ, უფრო მეტიც შეიძლებოდა იმისთვის, რომ ბათუმის არჩევნები მოგვეგო.

გახსოვთ, რომ პირველსავე ტურში ბათუმში ოპოზიცია გამარჯვებული იყო და პერსონალურად მეც გადავასწარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს. მეორე ტურში რაც მოხდა, ყველამ კარგად ვნახეთ, ჩემსა და „ოცნების“ კანდიდატს შორის სხვაობა ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე თუნდაც ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.

განსაკუთრებით ამ ფონზე, მე მიმაჩნია – ლევანს რომ ჰქონოდა შესაძლებლობა და ფიზიკურად ჩართულიყო არჩევნებში, „ქართულ ოცნებას“ გაყალბების მასშტაბებიც კი აღარ ეყოფოდა.“

არჩევნების ორივე ტურის დასრულებიდან მოკლე პერიოდში გიორგი კირთაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კარგი იქნებოდა ორგანიზაციას ბათუმში ახალი თავმჯდომარე შიდა არჩევნებით აერჩია. ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა.

მას შემდეგ, რაც ლევან ვარშალომიძემ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ლიდერთან კომუნიკაცია შეწყვიტა. ის თავის მოთხოვნებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის დახმარებით ახმოვანებდა. გიორგი კირთაძის გადადგომის გარდა, მას თავისი ხედვები ჰქონდა ენმ-ის ფრაქციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოში.

ამ საკითხზე გიორგი კირთაძე ღიად არ საუბრობს.

„ბათუმის საკრებულოში როგორ უნდა ემუშავა ჩვენს ფრაქციას, რა კონფიგურაციით, ამაშიც იყო აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ნორმალური ამბავია, მე კარგად ვიცნობ ფრაქციის წესდებასაც, დემოკრატიულ წესებსაც… იმ ადამიანებმა, რომლებმაც წარმოუდგენელ ზეწოლას გაუძლეს [ნუგზარ ფუტკარაძეზე რა ზეწოლასაც ახორციელებდა „ქართული ოცნება“, გახსოვთ], მე ნამდვილად არ ჩავრეულვარ ამ ადამიანების გადაწყვეტილებაში, არც მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება. თვითონვე გადაწყვიტეს, როგორ უნდა ემუშავათ საკრებულოში.“

კითხვაზე, იყო თუ არა ხისტი მითითებები ლევან ვარშალომიძისგან, რომელიც ბათუმის ორგანიზაციამ არ შეასრულა, გიორგი კირთაძე პასუხობს, რომ შესაძლოა. თუმცა, მისი აზრით, „ისეთი არაფერი იყო“, რაც ხელმძღვანელისთვის გადადგომის მოთხოვნის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

„შესაძლებელია ყოფილა, მაგრამ ამ დეტალების განხილვა არ მგონია სწორი. საბოლოო ჯამში, გულწრფელად გეუბნებით, თუ ასეთი ტიპის საკითხები შესაძლოა ამ მასშტაბის გადაწყვეტილებისთვის გამოდგეს, რომ ვიღაცას უბრალოდ უთხრა პარტიის ხელმძღვანელობიდან გაიწიე და მე აღარ ვაპირებ შენთან თანამშრომლობასო – მე არ მგონია ეს სწორი მართვა.

მე არ ვიცი, რა არის კონკრეტული მიზეზი, როგორც მეუბნებოდნენ, თითქოს რაღაცა ჩვენი გზები ამ შემთხვევაში, თანამშრომლობა, უბრალოდ იყო შეუძლებელი, იმიტომ, რომ სხვადასხვანაირად ვფიქრობდით. რას ვფიქრობდით სხვადასხვანაირად, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, თუ ვინმე ამას ამიხსნის… ამას ვითხოვდი, ვიხვეწებოდი პარტიაში.“

გასულ კვირას პარტიის ბათუმის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შექმნეს, სადაც გიორგი კირთაძემ, საკრებულოს ყოფილმა წევრმა ენმ-დან მირდატ ქამადაძემ, საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ნოდარ დუმბაძემ და სხვებმა მელიას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს. ამავე დღეს, მირდატ ქამადაძემ, რომელიც ბათუმში მელიას მხარდამჭერ შტაბს ხელმძღვანელობს,  განაცხადა, რომ ლევან ვარშალომიძე, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი ლევან ხაბეიშვილის უკან დგანან.

18 იანვარს კი, ტელეკომპანია პირველის ეთერში ქამადაძემ თქვა, რომ მას ვანო მერაბიშვილი დაუკავშირდა და ხაბეიშვილის მხარდაჭერა სთხოვა:

„ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მეშვეობით დამიკავშირდა. მე მას შევუთვალე, რომ ჩვენ ვართ საჯარო მმართველობის მომხრე.“

ამავე თემაზე:

ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: