მთავარი,სიახლეები

ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა

14.01.2023
ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა

ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა. შტაბს ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს, 14 იანვარს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციიის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მან ასევე განმარტა, რომ იმ დროს, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად პარტიამ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება შეძლო, შიდაპარტიული არჩევნების დრო არ იყო, თუმცა, რადგან არჩევნები დანიშნულია ის უნდა ჩარტარდეს, ხოლო პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე.

გიორგი კირთაძის თქმით ბათუმის ორგანიზაციაში პარტიის წევრების უმრავლესობა ნიკა მელიას უჭერს მხარს.

მირდატ ქამადაძემ თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ „პარტია უნდა იმართებოდეს დემოკრატიულად და არა კულისებიდან“.

ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ბრიფინგზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხეს.

ბრიფიგს ბათუმის საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ. საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, ნოდარ დუმბაძის განცხადებით, ფრაქცია ნიკა მელიას უჭერს მხარს.

2022 წლის 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობენ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი  გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია  უკვე დაიწყო და 26 იანვრის 10:00 სთ-მდე გაგრძელდება .

პარტიის განცხადებით, რეგისტრაცია, ისევე, როგორც ხმის მიცემა, განხორციელდება ელექტრონულად, უნიკალური ტექნოლოგიური პლატფორმის, „ბლოკჩეინის“ სისტემის გამოყენებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: