განათლება,მთავარი,სიახლეები

გამოცდა თუ კომპლექსური დავალება – მოსწავლის შეფასების რა სისტემას ირჩევენ სკოლები

19.01.2023 •
გამოცდა თუ კომპლექსური დავალება – მოსწავლის შეფასების რა სისტემას ირჩევენ სკოლები

მას შემდეგ, რაც სკოლებში სავალდებულო საატესტატო გამოცდები გაუქმდა, სკოლებს მოსწავლის შეფასებაში უფრო მეტი არჩევანის შესაძლებლობა მიეცათ. სკოლების ნაწილი საერთოდ უარს ამბობს გამოცდებზე, ზოგიერთი სკოლა კი იყენებს შერეულ მეთოდს. აისახა თუ არა შეფასების სისტემის შეცვლა სწავლების ხარისხზე და რა დარჩა პრობლემად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სკოლის დირექტორებს ესაუბრა.

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, ცირა ქობულაძე ამბობს, რომ სკოლამ უარი თქვა საგნის გამოცდებზე და შეფასების სისტემად კომპლექსური დავალებების შესრულება აირჩია. მისი აზრით, გამოცდები ვერც სწავლების ხარისხს ცვლის და ვერც მოსწავლის დამოკიდებულებას ცოდნასთან მიმართებაში.

„ჩემი აზრით, მოსწავლეთა შეფასების ყველაზე ობიექტური საყრდენი არის კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა, რადგან კომპლექსური დავალებების გავლენა უფრო ეფექტურია – მოსწავლე არ ფასდება მხოლოდ ფაქტობრივი, დეკლარატიული ცოდნის მიხედვით.

კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას მოსწავლე გააზრებულად მუშაობს, თვითონ აგებს ცოდნას და ორიენტირებულია გრძელვადიან მიზანზე“, – ამბობს ცირა ქობულაძე.

მისი თქმით, კომპლექსური დავალებები ყველა საგანში კეთდება და ეს არ ხდება მხოლოდ წლის ბოლოს. „შეფასება ხდება ორნაირად, ეს არის განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება, მაგრამ აქცენტი უფრო მეტად კეთდება განმავითარებელ შეფასებაზე, რომელსაც მოსწავლის ჰოლისტურ შეფასებას ვეძახით.

რამდენი საკითხიც არის წარმოდგენილი საგანში, იმდენი კომპლექსური დავალებაა. დასრულდება ერთი კონკრეტული საკითხი, თემა, დაიწერება კომპლექსური დავალება“, – გვეუბნება ის.

დირექტორის თქმით, ამ ფორმატით მუშაობა სკოლას შესაძლებლობას აძლევს, თითოეული მოსწავლის ინტერესები და ინდივიდუალური შესაძლებლობები გაითვალისწინოს. „თუ ყველა მოსწავლე არ არის ჩართული სასწავლო პროცესში, ასე თუ ისე, მისი დისკრიმინაცია მოხდება. კომპლექსური დავალებები კი ამას გამორიცხავს“, – ამბობს ცირა ქობულაძე.

მისი თქმით, პრობლემის გადაჭრის გზად მხოლოდ ნიშნის წერის ინსტრუქციები სკოლას ვერ გამოადგება, რადგან ეს ვერ ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის რეალიზებაში.

მე-16 სკოლაში, როგორც დირექტორი ამბობს, I-IV კლასში და V კლასის პირველ სემესტრში  იწერება განმავითარებელი შეფასება,  რომელიც შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი.

„თუმცა ჩვენ არ ველოდებით მხოლოდ კომპლექსური დავალებების შეფასებას. მოსწავლე შეიძლება შეფასდეს ყველა ქმედებაზე, ყველა გადადგმულ ნაბიჯზე“, – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, მეცხრე კლასის დასრულების შემთხვევაში, სკოლას შეუძლია შემოიტანოს გამოცდა, თუმცა, როგორც ცირა ქობულაძე ამბობს, ისინი საერთოდ უარს ამბობენ შეფასების ამ მოდელზე.

„მე, პირადად, ვეწინააღმდეგები ნიშნით სწავლებას და ვმუშაობ იმაზე, რომ უნიშნო სწავლებაზე გადავიდეთ. ეს მოდელი ყველა სკოლაში არ არის დანერგილი და თუ დაინერგება, უკეთესი იქნება.

მე არც კი განვიხილავ გამოცდის ჩანიშვნას, რადგან გამოცდებმა ვერ იმუშავა სწავლის ხარისხზე.

მეცხრე კლასის შემთხვევაშიც კომპლექსური დავალებებით ასრულებს სემესტრს მოსწავლე და არანაირი გამოცდა არ ინიშნება. მე მაქვს უფლება, სამეურვეო და პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით შემოვიტანო გამოცდა, თუმცა ამ პრაქტიკას არ ვიყენებთ.

ხშირად, მშობლების მხრიდან არის ზეწოლა, რომ აუცილებლად 10 ქულა უნდა ჰქონდეს მის შვილს და რაღაც ერთი ქულით ნაკლებით თუ შეაფასა მასწავლებელმა ბავშვი, უკმაყოფილოა.

თუ ბავშვს არ აქვს გააზრებული რატომ სწავლობს, რისთვის და ეს დღემდე ასეა, ნიშნებით შეფასებას აზრი არ აქვს“, – ამბობს ცირა ქობულაძე.

ბათუმის მე-15 სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძეც იზიარებს კოლეგის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნიშნებით შეფასება, ვერ ეხმარება მოსწავლეს გაიაზროს, რისთვის სჭირდება ამა თუ იმ საგნის ცოდნა და როგორ გამოიყენებს მას ცხოვრებაში.

„რატომ სწავლობს? – ამ კითხვაზე პასუხს ვერ სცემს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა მოსწავლეებს და ზუსტად ეს არის ჩვენი განათლების სისტემის სუსტი რგოლი.

ვერ იგებენ ბავშვები, რატომ სწავლობენ და ვერც საგანთა შორის ტრანსფერს ახერხებენ. ვერ უკავშირებენ ამ ცოდნას გარემოს და ყველაფერი ზედაპირზე რჩება“, – გვეუბნება ნინო მოდებაძე.

მისი აზრით, ამის გააზრებაში ბავშვებს პროფესიული განათლება უნდა დაეხმაროს, რაც ასევე სუსტია ჩვენს სისტემაში.

„ამერიკაში როცა ვიყავი, სწორედ იქ ვნახე, როგორ ეხმარება პროფესიული განათლება ბავშვებს მომავალი პროფესიის არჩევაში. მინიმუმ 4 პროფესიას ეუფლებოდნენ მოსწავლეები სკოლაშივე და ეს უნდა დავნერგოთ ჩვენს სისტემაშიც, რომ სადღაც დაბალ საფეხურზე უკვე მოძებნოს ბავშვმა თავისი თავი რომელიმე პროფესიაში“, – გვეუბნება ის.

რაც შეეხება შეფასების სისტემას, ნინო მოდებაძის თქმით, მისი სკოლა შერეული შეფასების სისტემას იყენებს, ატარებს გამოცდებსაც და მოსწავლეს კომპლექსური დავალებების საშუალებითაც აფასებს.

„სკოლას წლიური გამოცდის ჩატარების უფლება, რა თქმა უნდა, აქვს, თუმცა ამ გამოცდის ნიშანი შეიძლება აისახოს მოსწავლის საბოლოო ნიშანზე და შეიძლება – არა.

წლიური გამოცდა ჩვენი სკოლის შემთხვევაშიც ჩანიშნულია, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მასწავლებლებთან შეთანხმებით, იმის მიხედვით, რომელ საფეხურზე, რომელ კლასში რომელი საგანია უფრო მეტად ყურადსაღები.

მაგალითად, მე-10 კლასში საქართველოს ისტორია ისწავლება და რადგან ეროვნულ გამოცდებზეც სჭირდებათ ეს საგანი ბავშვებს, ქართულსა და ისტორიაში შემოვიტანეთ წლიური გამოცდა. საერთოდ, მე-7 კლასიდან იწყება გამოცდები და მე-12 კლასის ჩათვლით გვაქვს ჩანიშნული. გამოცდა შეიძლება იყოს ზეპირი ფორმით, ან წერითი და ასევე შეიძლება იყოს კომპლექსური დავალების სახით“, – გვეუბნება ნინო მოდებაძე.

ნინო მოდებაძის თქმით, მოსწავლეს საბაზო საფეხური დაძლეულად იმ შემთხვევაში ჩაეთვლება, თუ ყველა საგანში საშუალო ქულა 5 ან 5-ზე მეტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლეს საგნის გადაბარება მოუწევს. თუ მოსწავლემ ვერც გადაბარების შემდეგ დაძლია ბარიერი, კლასში ჩარჩება.

„2 წლის წინ იყო შემთხვევა, როცა მე-12 კლასში ჩარჩა მოსწავლე, რადგან გაცდენების გამო ექსტერნის ჩაბარება მოუწია და ვერ დაძლია მინიმუმი.

მეორე შემთხვევაც იყო, როცა მე-8 კლასში ჩარჩა მოსწავლე. ასეთი შემთხვევა იშვიათია, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე“, – გვეუბნება ის.

ნინო მოდებაძის თქმით, წლიური გამოცდა ძალიან კარგია, რადგან ამით არა მარტო მოსწავლეს, არამედ მასწავლებლის მუშაობის ხარისხსაც აფასებს.

„თუკი ვხედავ, რომ, ვთქვათ, მათემატიკაში დაბალი ქულები იწერება ყველა კლასში, ეს ხომ მარტო ბავშვის ბრალი ვერ იქნება, ეს ნიშნავს, რომ კათედრა ვერ მუშაობს კარგად.

ბავშვებსაც აქვთ ასეთი დამოკიდებულება, რომ „მე ეს საგანი არ მჭირდება გამოცდაზე და რატომ უნდა ვისწავლო?“. ის, რომ ცხოვრებაში შეიძლება დასჭირდეთ, ვთქვათ, ამა თუ იმ საგნის საბაზისო ცოდნა, ამის საჭიროებას ვერ ხედავენ.

პრობლემურია მშობლების დამოკიდებულებაც ნიშნების მიმართ. ამასწინათ ერთი მშობელი მეუბნებოდა, მერე რა თუ შემაჯამებელს ვერ წერს ან დაფასთან ვერ ხსნის, დავალებას ხომ წერს, ამით რატომ არ შეიძლება შეფასდეს ბავშვიო.

იქნებ საშინაო დავალება სხვამ დააწერინა, მარტო დეკლარატიული ცოდნა ხომ არაფერია, თუ მოსწავლეს მისი გამოყენება არ შეუძლია – აი, ამას ვერ აღიქვამენ ხშირად მშობლები“, – ამბობს ნინო მოდებაძე.

მისი თქმით, ზოგადად, სწავლის მიმართ ძალიან მაღალია მოსწავლეების პესიმიზმი, რადგან ისინი სწავლასა და რეალობას შორის კავშირს ვერ ხედავენ.

„მაღალია პესიმისტური განწყობები, რადგან მშობელს ვერ ხედავენ რეალიზებულს, საკუთარ თავს ვერ ხედავენ მომავალში, სად რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა გააკეთონ არ იციან, არც ის იციან, რა უნდათ. პროფესიასაც ვერ ირჩევენ და ვერც იმას აღიქვამენ ბოლომდე,  რატომ სჭირდება, ვთქვათ, კარგ იურისტს ისტორიის ცოდნის იქეთ კიდევ ბევრი რამის ცოდნა“, – ამბობს ნინო მოდებაძე.

___

მთავარი ფოტო: ნინო მოდებაძე და ცირა ქობულაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: