მთავარი,სიახლეები

აშშ-ში დააკავეს კრიპტოვალუტის ბირჟის Bitzlato-ს რუსი მფლობელი

20.01.2023 • 920
აშშ-ში დააკავეს კრიპტოვალუტის ბირჟის Bitzlato-ს რუსი მფლობელი

ოთხშაბათს აშშ-ის ხელისუფლებამ მაიამიში დააკავა ჩინური კრიპტოვალუტის ბირჟის Bitzlato-ს 40 წლის რუსი მფლობელი ანატოლი ლეგკოდიმოვი, ასევე ცნობილი როგორც „Gandalf“-ი. ამის პარალელურად ევროპაში მისი ხუთი თანამზრახველი დააკავეს.

ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

ლეგკოდიმოვს, რომელიც ძირითადად ჩინეთის ქალაქ შენჟენში ცხოვრობს, ბრალად ედება სავარაუდოდ 700 მილიონი დოლარის უკანონო ბრუნვა. რუსეთის მოქალაქეს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ოფიციალური პირების განცხადებით, კრიმინალები იყენებდნენ ბირჟას, როგორც უსაფრთხო თავშესაფარს ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მოპარული ფინანსური ინფორმაციის გასაყიდად.

ამ ბირჟასთან დაკავშირებული კიდევ ხუთი კაცი, ძირითადად რუსები და უკრაინელები, დააკავეს ესპანეთში, პორტუგალიასა და კვიპროსში, საფრანგეთის პოლიციის სპეცოპერაციის ფარგლებში. დაკავებების შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ დაშალა Bitzlato-ს ციფრული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მისი სერვერები საფრანგეთში და ჩამოართვეს 17 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

პარიზის პროკურორმა ლორ ბეკიუმ განაცხადა, რომ Bitzlato კრიპტოვალუტას, მათ შორის ბიტკოინსა და ეთერიუმს, რუსულ რუბლში ცვლიდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ლეგკოდიმოვი შპს Bitzlato-ს აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი აქციონერია.

ჰონგ კონგში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Bitzlato, რომელიც გლობალურად მუშაობს, მინიმალურ იდენტიფიკაციას ითხოვდა მისი მომხმარებლებისგან.

ამავდროულად, პროკურორების თქმით, ლეგკოდიმოვმა და მისმა თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ Bitzlato-ს მომხმარებლები ფიქტიური სახელებით იყვნენ დარეგისტრირებულნი. უფრო მეტიც, „განდალფმა“ ეს ღიად აღიარა შიდა მიმოწერაში.

Bitzlato-ს ყველაზე დიდი პარტნიორი იყო Hydra, ანონიმური ონლაინბაზარი დარქნეტში, რომელიც აშშ-ის და გერმანიის სამართალდამცავებმა გაანადგურეს გასულ წელს.

ამერიკისა და გერმანიის ხელისუფლებამ Hydra მსოფლიოში ყველაზე დიდ უკანონო ბაზრად შეაფასა. თუმცა მისი მთავარი აუდიტორია თავმოყრილი იყო რუსეთში.

გერმანიის კრიმინალური პოლიციის ოფისის მონაცემებით, მხოლოდ 2020 წელს გაყიდვებმა ადგილზე მინიმუმ 1,23 მილიარდი ევრო შეადგინა – რუსულენოვანი ბაზარი ფუნქციონირებდა 2015 წლიდან და აქ შეიძლებოდა ნარკოტიკების და ზოგიერთი სახის ყალბი საბუთების შეძენა.

მიუხედავად იმისა, რომ Hydra-ს ძირითადი მიმართულება იყო ნარკოვაჭრობა, ცნობილია მინიმუმ ერთი შემთხვევა, როდესაც პირის მკვლელობა რეალურად იქნა შეკვეთილი ამ ვებგვერდის საშუალებით – გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობა მოსკოვის მახლობლად.

გერმანიის პოლიციის ცნობით, 2022 წლის აპრილში, დახურვის დროს, Hydra-ს საიტზე დაახლოებით 17 მილიონი მომხმარებლის ანგარიში და 19 000-ზე მეტი მიმწოდებელი იყო.

აშშ-ის ხელისუფლება აძლიერებს კონტროლს კრიპტოვალუტის სექტორზე.

BBC-ი წერს, რომ დიდი ხანია არსებობს ჩივილები კრიპტოვალუტით მოვაჭრე პლატფორმების გამჭვირვალობაზე.

2017 წლის ზაფხულში ყველაზე დიდი რუსულენოვანი ბირჟა BTC-ი დაიხურა საბერძნეთში მისი ერთ-ერთი სავარაუდო ადმინისტრატორის, ალექსანდრე ვინიკის დაკავების შემდეგ.

ბირჟა BTC-ი ძალიან პოპულარული იყო, რადგან მომხმარებლის რაიმე დამადასტურებელ ინფორმაციას არ ითხოვდა კრიპტოვალუტის გასაყიდად ან შესაძენად, საკმარისი იყო მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მითითება.

დასავლური ვებგვერდების პრინციპია „იცოდე ვინ არის შენი მომხმარებელი“ და ამგვარი ანონიმურობა შეუძლებელია.

ბევრი დასავლური ბირჟა მომხმარებლებს სთხოვს არამხოლოდ პასპორტის ასლს, არამედ, მაგალითად, კომუნალური გადახდების დამადასტურებელ ინფორმაციასაც.

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, სწორედ ანონიმურობამ აქცია BTC-ი პოპულარულ პლატფორმად კიბერ თაღლითებს შორის. მისი მეშვეობით, მაგალითად, იაპონური კრიპტოვალუტის პლატფორმიდან Mt.Gox-დან მოპარული 530 ათასი ბიტკოინი „გათეთრდა“.

იმავე წლის შემოდგომაზე იგივე ბირჟა ხელახლა გაჩნდა ახალი სახელით Wex-ი. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, მისი მეშვეობით სულ მცირე 4 მილიარდი დოლარი „გაათეთრეს“.

2018 წლის ბოლოს ბირჟა Wex-ი, რომელიც ასობით მილიონი დოლარის ბიტკოინებითა და სხვა კრიპტოვალუტით ვაჭრობდა, დაინგრა და 2021 წლის აგვისტოში მისი მფლობელი, დიმიტრი ვასილიევი ყაზახეთის მოთხოვნით ვარშავაში დააკავეს.

2020 წლის დეკემბერში პარიზის სასამართლომ რუს ალექსანდრე ვინიკს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამერიკის ხელისუფლებამ ის BTC-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაასახელა, საფრანგეთში კი ვინიკი დაადანაშაულეს ერთ-ერთი ყველაზე „მომგებიანი“ გამოსასყიდი ვირუსის, Locky-ის გავრცელებაში.

2021 წლის დეკემბერში კიბერუსაფრთხოების კომპანიის Recorded Future-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მოსკოვში ყვაოდა უკანონო კრიპტოვალუტის ტრანზაქციები. კომპანიის ცნობით, მოსკოვის საქმიან ცენტრებსა და უბნებში კრიპტოვალუტის 50-მდე ბირჟა იყო, რომლებიც უკანონო საქმიანობით იყვნენ დაკავებულები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: