მთავარი,სიახლეები

მედვედევი რამშტაინის წინ კვლავ ბირთვული ომით იმუქრება

19.01.2023 • 991
მედვედევი რამშტაინის წინ კვლავ ბირთვული ომით იმუქრება

„რამშტაინის“ შეხვედრის წინ დიმიტრი მედვედევი ისევ ბირთვული ომით იმუქრება. მუქარის ტექსტს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საკუთარ ტელეგრამარხზე აქვეყნებს. მედვედევის მინიშნებით, უკრაინასთან მიმდინარე ომში რუსეთის დამარცხებამ შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომის პროვოცირება.

დიმიტრი მედვედევი თავის პოსტში საუბრობს ხვალ, 20 იანვარს, დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები. შეხვედრა გაიმართება გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის სამხედრო ბაზაზე.

მედვედევის შეფასებით, ამ შეხვედრაზე „დიდი სამხედრო მეთაურები განიხილავენ ახალ ტაქტიკასა და სტრატეგიას, ასევე, უკრაინისთვის ახალი მძიმე შეიარაღებისა და თავდასხმის სისტემების მიწოდების საკითხს.

და ეს ყველაფერი დავოსის ფორუმის შემდეგ, სადაც განუვითარებელი პოლიტიკური ამფსონები მანტრასავით იმეორებდნენ: მშვიდობას რომ მივაღწიოთ, რუსეთმა უნდა წააგოს“.

მედვედევის თქმით, „ბირთვული სახელმწიფოები არ დამარცხებულან მასშტაბურ კონფლიქტში, რაზეც მათი ბედია დამოკიდებული“.

მედვედევს მიაჩნია, რომ ეს ნათელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის და განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის დასავლეთში.

„არც ერთ ამ უბადრუკს თავში არ მოსვლია აზრად, რომ გამოიტანოს შემდეგი ელემენტარული დასკვნა: ჩვეულებრივ ომში ბირთვული სახელმწიფოს წაგებამ შეიძლება ბირთვული ომის დაწყების პროვოცირება გამოიწვიოს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: