აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა გასული კვირის ბოლოს შედგა და აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელმა უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას გააცნო CIA-ს ხელთ არსებული ინფორმაცია უახლოეს კვირებში რუსეთის მიერ უკრაინაში დაგეგმილი სამხედრო ოპერაციების შესახებ.
ანონიმური წყაროების ცნობით, ზელენსკისა და მისი კაბინეტისთვის მნიშვნელოვანი იყო საკითხი, თუ კიდევ რამდენ ხანს შეუძლია კიევს აშშ-სა და დასავლეთის დახმარების იმედი ჰქონდეს, მას შემდეგ, რაც უკრაინის მხარდაჭერის დონე აშშ-ის ელექტორატის ნაწილში დაეცა, ხოლო წარმომადგენელთა პალატის კონტროლი რესპუბლიკელებმა მოიპოვეს.
ბერნსმა აღნიშნა, რომ რაღაც მომენტში უკრაინისთვის დახმარების მიღება რთული იქნება.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი და მისი გუნდი ბოლო შეხვედრიდან გამოვიდა გრძნობით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კიევის მხარდაჭერა ძლიერი რჩება, თუმცა ნაკლებად აქვთ იმედი, რომ კონგრესი წინა წლის მსგავსად, ამ გაზაფხულზეც მიიღებს უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტს.
ეს არ არის CIA-ს დირექტორის პირველი ვიზიტი კიევში. წინა ვიზიტი 15 ნოემბერს შედგა, როდესაც უკრაინის დედაქალაქი და უკრაინის სხვა მსხვილი ქალაქები რუსეთის მასიური სარაკეტო დარტყმის ქვეშ იყო.
„ბერნსი პატივსაცემი ფიგურაა ზელენსკის ახლო წრეში 2022 წლის იანვარში მისი ზუსტი გაფრთხილების გამო, რომ რუსული ძალები შეეცდებიან დაიკავონ უკრაინაში ანტონოვის აეროპორტი უკრაინაში შეჭრისას. მისი შეტყობინება, რომელიც პირადად იქნა გადმოცემული, ეფუძნებოდა აშშ-ს დაზვერვის შეფასებას,“ – წერს გამოცემა.
______________
ფოტო: EPA-EFE/SAUL LOEB / POOL