მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში ზრუნავს ქვეყანა ყოფილი ჯარისკაცების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – გენერლის განმარტება

20.01.2023 • 1111
რა შემთხვევაში ზრუნავს ქვეყანა ყოფილი ჯარისკაცების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – გენერლის განმარტება

დღეს, 20 იანვარს, საგარეჯოში ყოფილმა სამხედრო პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 5 ადამიანი მოკლა, 5 კი – დაჭრა. ოთახში შესვლის დროს, როგორც შს-ს მინისტრი ამბობს, ის გარდაცვლილი იპოვეს საწოლზე. სავარაუდოდ მან თავი მოიკლა.

ითქვა, რომ ყოფილ სამხედროს, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა, ავღანეთშიც მსახურობდა და სხვა მისიებშიც, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ჯერ არ გაუვრცელებიათ.

რა სერვისებს სთავაზობს თავდაცვის სამინისტრო სამხედროებს და ყოფილ სამხედრო პირებს, თუკი მათ სჭირდებათ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ თავდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა აქ კითხვებს არ უპასუხეს და გვითხრეს, რომ კითხვები წერილობით უნდა გადავუგზავნოთ.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე გადამდგარ გენერალს, გიორგი სურმავას ესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორი იყო საქართველოში პრაქტიკა, რა სერვისები არსებობს სამხედრო პირებისთვის ფსიქორეაბილიტაციისთვის და იღებენ თუ არა რეალურად სამხედროები მსგავს მომსახურებას.

მისი თქმით, სამხედრო მისიებში მყოფი სამხედრო პირები მისიიდან დაბრუნების შემდეგ დამატებით ერთთვიანი შვებულებით სარგებლობდნენ. დაჭრის შემთხვევაში ისინი გადიოდნენ მკურნალობას როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებს კი იმ შემთხვევაში იღებდნენ სამხედროები, თუ პრობლემა რეალურად გამოხატული იყო.

„თუ ფსიქიკური პრობლემა იყო გამოკვეთილი და რომელიმე სამხედროს ამ მხრივ რაიმე დისკომფორტი ჰქონდა, მაშინ იყო მკურნალობის სერვისები. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პირდაპირ გადმოუფრენიათ მისიიდან ადამიანი და გაუწევიათ დახმარება, მაგრამ მასიურად ყველა სამხედროს, ვინც მისიაში იყო, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ღონისძიებები ჩატარებოდა, ასეთი რამ არ ყოფილა და არც არსებობს ასეთი პროგრამა.

საერთოდაც, მგონია, რომ ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა, ქვეყნის პასუხისმგებლობაა უფრო“, – ამბობს გიორგი სურმავა.

მისი თქმით, თუ ადამიანი ჩამოვიდა, ვთქვათ, მისიიდან და არ აქვს გამოხატული ფსიქიკური დარღვევის ნიშნები, მაგრამ შემდეგ გამოუვლინდა, ამას, პირველ რიგში, სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა მიაქციოს ყურადღება.

თუკი ფსიქოლოგიური პრობლემის გამო უშვებენ სამხედროს სამსახურიდან, ამ შემთხვევაში თუ ამისამართებენ მას შესაბამის ცენტრში და რამდენად შეიძლება იმავე მიზეზით გამოეშვათ სამსახურიდან ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც დღეს, სავარაუდოდ, 5 ადამიანი მოკლა?

„თუ ამ მიზეზით გამოუშვეს, ესე იგი, მოარიდეს იმ გარემოს და სწორი ქნეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრობლემა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ასეთ ადამიანზე.

თუ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ხდება პირის დათხოვნა და ეს დარღვევა დაკავშირებულია სამსახურებრივ ფაქტორთან, პენსია იქნება თუ მკურნალობა, უნდა დაენიშნოს ასეთ შემთხვევაში პირს, რა თქმა უნდა.

თუ ჯარის შემდეგ აღმოაჩნდა მსგავსი პრობლემა პირს, ამის კონტროლს თავდაცვის სამინისტრო ვეღარ გააგრძელებს“, – ამბობს გიორგი სურმავა.

მისი თქმით, სამხედროების ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმება საქართველოშიც მაღალ დონეზეა.

„სამხედრო სამსახურში მიღების დროს ის, ვისაც შენ იარაღს ანდობ, ბევრნაირად უნდა იყოს შემოწმებული, მათ შორის ფსიქოლოგიურადაც. როგორც ვიცი, ჯარში ეს კონტროლი მაღალ დონეზეა.

სხვა ქვეყნების გამოცდილებას რაც შეეხება, აშშ-ში განსხვავებული მიდგომებია, თავის დროზე მიაქციეს ამ ფაქტორს ყურადღება და მთელი რიგი ორგანიზაციები შეიქმნა, მათ შორის ცალკე შეიქმნა ვეტერანთა სამინისტრო ძალიან დიდი ბიუჯეტით და ისინი ზრუნავენ ამ ადამიანებზე. ცალკე ჰოსპიტლები აქვთ, ცალკე დასასვენებელი ცენტრები ვეტერანებისთვის. ვფიქრობ, საქართველოშიც ამ მხრივ მსგავსი სერვისებია განსავითარებელი“, – გვითხრა გიორგი სურმავამ.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსაც ესაუბრა. მათი თქმით, არ ჰქონიათ პრაქტიკაში შემთხვევა, რომ რომელიმე ყოფილ სამხედროს მათთვის ფსიქორეაბილიტაციის მოთხოვნით მიემართა.

„თავდაცვის სამინისტროს აქვს ფსიქორეაბილიტაციის დეპარტამენტი. როგორც ვიცით, ისინი უწევენ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას სამხედროებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამერიკელები იყვნენ ჩართული ამ ცენტრის ორგანიზებაში და უფრო კონკრეტულად მათ უნდა ისაუბრონ“, – გვითხრა აღნიშნული უწყების მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა შორენა სიხარულიძემ.

მისი თქმით, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს შექმნილი აქვს შშმ სამხედროებისთვის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი და ასევე ცდილობენ ფინანსურად დაეხმარონ მათ, თუკი მედიკამენტებით ან სხვა რაიმე სერვისით დახმარება დასჭირდებათ.

გვყავს შშმ სამხედროები და ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ მათ რეაბილიტაციაში ამ ფორმით. ვეტერანებს 15 000-ლარიანი ჯანდაცვის პაკეტი აქვთ. გარდა ამისა, ჩვენს სამსახურსაც მომართავენ ხოლმე და წელიწადში ორჯერ, ეს იქნება წამლების დაფინანსება თუ სხვა, ვცდილობთ დახმარება გავუწიოთ. ეს ყველაფერი უნისონშია სახელმწიფო და ჯანდაცვის პროგრამებთან“, – გვითხრა შორენა სიხარულიძემ.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, მისი თქმით, ამის საჭიროება არსებობს და სახელმწიფომ ამ მიმართულებითაც უნდა გააძლიეროს სერვისები.

„ძალიან დიდი ხანიაა ამაზე საუბარი და ჩვენი დირექტორიც იმყოფებოდა უკრაინაში, სადაც ვეტერანთა ჰაბები არსებობს. გვინდა, რომ ჩვენთანაც არსებობდეს ასეთი სერვისები, სადაც ადამიანები მივლენ, ისაუბრებენ, განიტვირთებიან ემოციებისგან, რადგან პოსტომის სინდრომი ყველგან არსებობს.

ის ადამიანიც, რომელმაც დღეს 5 ადამიანი მოკლა, ავღანეთის მისიის მონაწილე იყო, 2008 წლის ომშიც იბრძოდა.

არ ვიცით, ფსიქიკური პრობლემების გამო მოუწია თუ არა მას სამსახურის დატოვება, მაგრამ ფსიქიკური აშლილობები გლობალური პრობლემაა და მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

იგივე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილეებიც, როცა ომი დასრულდა, ქუჩაში აღმოჩნდნენ და არავის უზრუნია მათ რეაბილიტაციაზე. ამან, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი გამოიღო, ზოგმა ვერ გაუძლო და ნარკოტიკებში ჩაიძირა, ზოგი – სასმელში, ზოგი ფეხზე ვეღარ დადგა.

2008 წლის შემდეგაც გამოჩნდა ეს პრობლემა და ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, მოსმენილი მაქვს, რომ უცხოეთშიც თვითმკვლელობების 42% ყოფილ სამხედროებზე მოდის, მიუხედავად იმისა, რომ იქ ძალიან კარგად აქვთ ჩვენთან შედარებით სერვისები განვითარებული“, – ამბობს შორენა სიხარულიძე.

მისი თქმით, თუ ადამიანი ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით მიმართავს, აღნიშნული სამსახური მათ დაეხმარება, თუმცა ამის პრაქტიკა დღემდე არ ყოფილა.

„ვერავისთან ვერ მიხვალ და ვერ ეტყვი, რომ მკურნალობა სჭირდება, ან ოჯახმა უნდა მოგვმართოს, ან თვითონ იმ ადამიანმა. არასდროს მოუმართავთ ამ პრობლემით ჩვენთვის ვეტერანებს“, – გვითხრა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: