მთავარი,სიახლეები

ფილმის გადაღება აპრილში დაიწყება – რეჟისორი, რომელმაც ვენეციის ბიენალეს გრანტი მიიღო

19.01.2023 • 2892
ფილმის გადაღება აპრილში დაიწყება – რეჟისორი, რომელმაც ვენეციის ბიენალეს გრანტი მიიღო

ქართველმა რეჟისორმა ნინო შაბურიშვილმა ვენეციის ბიენალეს პროექტის – Biennale College Cinema-ს დაფინანსება მიიღო სადებიუტო ფილმის „სიჩუმის ქაოსის“ გადასაღებად. რეჟისორი ამბობს, რომ ფილმის პროექტზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მიზნისკენ შეუჩერებელმა სწრაფვამ კი გვიან, მაგრამ კარგი შედეგი გამოიღო.

„ბათუმელები“ რეჟისორს მომავალ ფილმსა და ვენეციის კინოფესტივალზე მოხვედრის გზებზე ესაუბრა.

  • ნინო, მოგვიყევით თქვენ შესახებ, სად სწავლობდით და როგორ მოხვდით Biennale College Cinema-ში?

ვსწავლობდი საფრანგეთში, სტრასბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოს ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 2016 წელს.

2015 წელს, ჯერ კიდევ დამთავრებამდე მოვასწარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება. ეს არ იყო სტუდენტური პროექტი, არამედ იყო ჩემი დამოუკიდებელი, პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქართულ-ფრანგულ ენაზე, რომელიც გურიაში გადავიღე.  შეიძლება ითქვას, ამ ფილმმა საკმარისი წარმატება მომიტანა.

ამ ფილმის მერე მინდოდა მთლიანად მიმეძღვნა დრო იმისთვის, რომ მოკლემეტრაჟიანიდან პირდაპირ გადავსულიყავი სრულმეტრაჟიან ფილმზე, რადგან არ მინდოდა კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება. მთელი ეს წლები მოვახმარე იმას, რომ მალე უნდა გადავიღო სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმი.

რაც შეეხება კონკრეტულად Biennale College Cinema-ს, აქამდე ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე.

სამი წლის წინ დავწერე „სიჩუმის ქაოსი“, ჩემი სადებიუტო ფილმის სცენარი, რომელიც განვავითარე ჩემს პროდიუსერთან, თინათინ ყაჯრიშვილთან ერთად. ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ დაფინანსების მოპოვება საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მოწინავე ადგილზე გავდიოდით კონკურსში, დაფინანსება არ შეგვხვდა. ამიტომ პარალელურად მონაწილეობას ვიღებდით სხვადასხვა განვითარების პლატფორმაზე – საქართველოში და საზღვარგარეთ.

ერთ-ერთი აღმოჩნდა ის პლატფორმა, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, ვენეციის კინოფესტივალის განვითარების პლატფორმა – Biennale College Cinema, რომელიც ფინანსდება ფრანგული ჯგუფის მიერ.  თავიდან მოვხვდით 12 მონაწილეს შორის, აქედან იყო 3 იტალიელი მონაწილე, დანარჩენი კი ვიყავით სხვადასხვა ქვეყნიდან.  ეს უკვე ძალიან დიდი სიხარული და წარმატება იყო, რადგან ცხადი გახდა, „სიჩუმის ქაოსი“ აუცილებლად იქნებოდა წარმოებული უახლოეს მომავალში.

თუმცა კიდევ უფრო გაგვიმართლა, როდესაც ნოემბერში გვითხრეს, რომ მოვხვდით იმ ოთხეულში, რომელსაც თვითონ Biennale College Cinema აძლევს გრანტს იმისთვის, რომ სწრაფად გადავიღოთ ფილმი.

ნოემბერში უკვე ვიცოდით, მაგრამ გვთხოვეს ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა. ჩვენ დიდი ხანია უკვე ვმუშაობთ, მოსამზადებელი პერიოდი დაწყებულია. ახლა ვართ კასტინგისა და გადაღების ადგილის შერჩევის ფაზაში. უნდა გადავიღოთ აპრილში, პრემიერა კი იქნება სექტემბრის პირველ კვირაში, ვენეციის მე-80 კინოფესტივალზე.

  • როგორც ჩანს თქვენ, როგორც რეჟისორმა, გრძელი გზა გაიარეთ გამარჯვებამდე. მოთმინების გარდა კიდევ რა სჭირდება რეჟისორს, რომ საერთაშორისო პროექტში გაიმარჯვოს?

არიან რეჟისორები, რომლებიც პარალელურად სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებული. მე რაც შემეხება, მთლიანად მხოლოდ ამ საქმეზე ვარ ფოკუსირებული, ამიტომ ჩემი რესურსი მთლიანად ამაზე იხარჯებოდა.

„სიჩუმის ქაოსზე“ ძალიან ბევრი განსაცდელის და გამოწვევის გადალახვა მომიხდა. იყო ძალიან ბევრი კრიტიკა, თითქოსდა სცენარს რაღაც ისეთი ჰქონდა დრამატურგიულად, რაც გაუგებარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ კინოპროფესიონალებთან მოვხვდი, რომლებსაც ზუსტად ეს ელემენტი მოეწონათ და ზუსტად ეს გახდა წარმატების მიღწევის მთავარი ფაქტორი.

ძალიან დიდი ნებისყოფა სჭირდება და პირველ რიგში რწმენა, რომ ბოლომდე მიიყვანო დასახული მიზანი. „სიჩუმის ქაოსი“, შეიძლება ითქვას, რომ რწმენით გადარჩა. იმიტომ, რომ ყველა საფეხურზე მხვდებოდა ძალიან ბევრი წინაღობა.

ნებისმიერი სუსტი ადამიანი ძალიან ადვილად დანებდებოდა. დაწერდა სხვა სცენარს ან საერთოდ მიატოვებდა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარე რეალურად. სამი წლის განმავლობაში ბევრჯერ მქონდა იმის შეგრძნებაც, რომ იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მადლობას ვუხდი უფალს, რომ აქამდე არ მქონდა დაფინანსება, იმიტომ, რომ ამასობაში სცენარი ისე განვითარდა და დაიხვეწა, ზუსტად ისაა სათქმელი, რაც მინდოდა.

მანამდე რომ გადამეღო, ბევრი ისეთი სცენა, ბევრი ისეთი დრამატურგიული, მნიშვნელოვანი ელემენტი არ ექნებოდა, რაც ზუსტად ამ განსაცდელების გადალახვისას იბადებოდა, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩემთვის ამ ფილმში.

  • რა ჟანრის იქნება თქვენი სადებიუტო ფილმი, სად აპირებთ მის გადაღებას და რა იქნება ფილმის ორიგინალი ენა? 

ფილმი მთლიანად საქართველოში იქნება გადაღებული, ქართულ ენაზე. ჟანრობრივად არის დრამა, ასევე ქვეჟანრად თუ ჩამოვშლით, არის ფსიქოლოგიური დრამა, რომლის მოქმედება იწყება ბათუმში, გრძელდება თბილისში და დანარჩენი ფილმის ძირითადი  ნაწილი ხდება გურიაში, მიტოვებულ სოფელში, სადაც პროტაგონისტი დროებით აფარებს თავს.

შეიძლება ითქვას, რომ ფილმის ძირითად ნაწილს ვიღებთ გურიაში.

  • გადამღები ჯგუფი თუ გყავთ და მსახიობები თუ გყავთ შერჩეული?

მთავარი როლზე შერჩეული გვყავს ცნობილი ქართველი მსახიობი, უბრალოდ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული, მოლაპარაკებების პროცესში ვართ.

მსახიობების ნახევარზე მეტი იქნებიან ოზურგეთის თეატრის მსახიობები ან მსახიობები სხვა რეგიონების თეატრებიდან. ასევე ვიღებ ჩემს თბილისელ მეგობრებს ეპიზოდურ როლებში.

ბოლომდე არ გვაქვს დაკომპლექტებული გადამღები ჯგუფი. ვჯერდებით, ვინ რა პოზიციაზე იმუშავებს, ვინ რას ჩაიბარებს. ნაწილობრივ დადასტურებულია და ნაწილობრივ პასუხებს ველოდებით.

  • საქართველოდან სხვა კონკურსანტები თუ იყვნენ?

მე როგორც ვიცი, Biennale College Cinema-ში შესარჩევ ეტაპზე ყოველწლიურად უამრავი აპლიკაცია იგზავნება და დარწმუნებული ვარ, საქართველოდანაც ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ მოხვედრით არასდროს არავინ არ მოხვედრილა, სამწუხაროდ.

როგორც მითხრეს, პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ კინოგანვითარების პლატფორმაზე  მოხვდა საქართველო და პირველად მიიღო საქართველომ დაფინანსება ფილმის გადასაღებად.

  • როგორც ცნობილია 200 ათასი ევრო მიიღო ფილმმა. გარდა Biennale College Cinema-ს დაფინანსებისა, თანადამფინანსებელი თუ გყავთ?

ზუსტად ამაშია საქმე, რომ Biennale College Cinema-სთან შეთანხმებას ვაწერთ ხელს, რომლის მიხედვითაც გვაქვს  შეზღუდული რაღაც უფლებები. მათ შორის ყველაზე მომხიბვლელი რაც არის, ისაა, რომ ვალდებულები ვართ, ფილმის გადაღების შემდეგ მისი მსოფლიო პრემიერა შედგეს ვენეციის კინოფესტივალზე. ეს არის ყველაზე ლამაზი შეზღუდვა, რაც ჩემთვის ოდესმე დაუწესებიათ.

მეორე შეზღუდვა გვაქვს ის, რომ ფილმის დასაწყისში, ტიტრებამდე, პირველი ვენეციის კინოფესტივალის ლოგო გამოჩნდეს ეკრანზე. მესამე შეზღუდვა რაც გვაქვს, ეხება ბიუჯეტს. 200 ათასი ევრო, რომელიც არის გრანტის ოდენობა, უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ბიუჯეტში ჩავეტიოთ. იმიტომ, რომ ეს არის მიკრობიუჯეტიანი პროექტი. რომც გვქონდეს იმის შემოთავაზება და საშუალება ბიუჯეტის გაზრდის, არ შეგვიძლია.

გვაქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ ბიუჯეტის 15%-ის ოდენობის დახმარება მივიღოთ საჩუქრად, ნებისმიერი სახით, რაც კინოწარმოებას სჭირდება. ასევე გვაქვს უფლება, ეკონომიკის სამინისტროს მოვთხოვოთ ჩვენი გახარჯული თანხის რაღაც პროცენტის უკან დაბრუნება.

  • Biennale College Cinema-მ წელს ოთხ პროექტი დააფინანს. შერჩეული ნამუშევრები არის საქართველოდან, უნგრეთიდან, იტალიიდან და მექსიკიდან.  ცნობილია ისიც, რომ ოთხივე ფილმი წარმოდგენილი იქნება ვენეციის მე-80 საერთაშორისო კინოფესტივალზე 2023 წელს. როდესაც ამ დონის ფესტივალზე იქნება ფილმი ნაჩვენები, რა შანსი აქვს მას მომავალში?

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც ფილმს მსოფლიო პრემიერა აქვს ამ კლასის ფესტივალზე, მით უმეტეს, საუკეთესო სამეულში შესულ ფესტივალზე, შემდეგ უფრო ინტერესდებიან ხოლმე სხვა ფესტივალები, რომ ეს ფილმი მოხვდეს მათ საკონკურსო პროგრამაში ან აჩვენონ ფესტივალზე. თვითონ Biennale College Cinema-ს ქმნიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კინოპროფესიონალები. ზოგიერთი მათგანი პროდიუსერია თავის ქვეყანაში, ზოგიერთი – ფესტივალის თანამშრომელი, ზოგიერთიც – სხვადასხვა კონკურსის ჟიურის წევრი და ა.შ.

თავად ბიენალესთან თანამშრომლობაში დაინტერესებული ადამიანები უკვე დაინტერესებულები იქნებიან, რომ სხვადასხვა ფესტივალზე წაიღონ ეს ფილმი. ვენეციის კინოფესტივალზე წარდგენით ვიცით, რომ ყურადღებას მოგვაქცევენ. სხვა თუ არაფერი, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ფესტივალზე ვაჩვენებთ ამ ფილმს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: