მთავარი,სიახლეები

საპატრიარქოში ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებთან „სულიერ გამოწვევებზე“ ისაუბრეს

19.01.2023 • 1057
საპატრიარქოში ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებთან „სულიერ გამოწვევებზე“ ისაუბრეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპატრიარქო ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.

„შეხვედრაზე საუბარი მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო“, – წერს საპატრიარქო.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მაჰმუდ აბიდი და სხვა ოფიციალური პირები.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან სტუმრებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა უმასპინძლეს.

შეხვედრას რელიგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

2022 წელს, ირანში ათიათასობით მოქალაქე ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომლებიც  სავალდებულო ჩადრის ტარებას აპროტესტებდნენ. ქალები დემონსტრაციულად იხდიდნენ ჰიჯაბს და წვავდნენ საჯაროდ.

საპროტესტო მუხტი მას შემდეგ გაძლიერდა, როდესაც მორალის პოლიციამ 22 წლის ქალს ჩადრის არასწორად ტარების გამო სასიკვდილოდ სცემა.

საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების პოლიციამ არაერთი მოქალაქე მოკლა. მათ შორის არასრულწლოვანები.

საქართველოს საპატრიარქოს ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობაზე არცერთი განცხადება არ გაუკეთებია.

შეხვედრა ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებთან საპატრიარქოში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: