მთავარი,სიახლეები

რას სთხოვენ პრემიერ-მინისტრს პეტიციით თევზსაშენი მეურნეობების მფლობელები

20.01.2023 • 1191
რას სთხოვენ პრემიერ-მინისტრს პეტიციით თევზსაშენი მეურნეობების მფლობელები

თევზსაშენი მეურნეობების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეტიციით მიმართავენ. კერძო მეწარმეები პრემიერს სთხოვენ, რომ მიმართოს საქართველოს პარლამენტს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ვალდებულებების დროებითი შეჩერების/გადავადების შესახებ.

„თევზსაშენი მეურნეობების საქმიანობა, საუბარია დაახლოებით 200-ზე მეტ სუბიექტზე, 2023 წლის პირველი მარტიდან ცხადდება კანონგარეშედ და მათი საქმიანობა იქნება უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ისინი დაჯარიმებას დაექვემდებარებიან,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე,  იქთიოლოგი, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე.

დღეს, 20 იანვარს, ორგანიზაცია „მწვანე სექტორმა“ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოში აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივებზე და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე თევზსაჭერი მეურნეობების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ახალი კანონით დაწესებული ვალდებულებების ამოქმედება აკვაკულტურის სფეროში მომუშავეთა საქმიანობას დიდ პრობლემებს შეუქმნის.

„ჩვენს მუშაობას აზრი აღარ ექნება,“ – ამბობენ ისინი.

არჩილ გუჩმანიძე

არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ აკვაკულტურის შესახებ კანონმდებლობა ისე შეიმუშავეს, განიხილეს და მიიღეს, რომ სფეროში ჩართულ ადამიანებს არაფერი ჰკითხეს – არც თევზის მომშენებლებს და არც კვალიფიციურ სპეციალისტებს.

პეტიციაში, რომლითაც აკვაკულტურაში ჩართულმა ადამიანებმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს, ტექსტის ავტორები წერენ, რომ სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლობის გამო „კანონმა არსებულ რეალობასთან კრიტიკულად შეუსაბამო ნორმები დააწესა“.

„ამოქმედდა მთელი რიგი ვალდებულებები და ახალი გადასახდელები, ჩამოყალიბდა ნებართვის გაცემის ბიუროკრატიული და ხანგრძლივი  პროცედურები, დადგინდა სანებართვო განაცხადის რთული ფორმა და განისაზღვრა იმგვარი რეგულაციები, რომელთა შესრულებას აკვაფერმების უმრავლესობა ვერ შეძლებს.

ეს განსაკუთრებით დაამძიმებს მცირე წარმადობის თევზსაშენ მეურნეობებს, რომლებიც საოჯახო-სამეზობლო ხასიათის გაერთიანებებს წარმოადგენენ. მათი ეკონომიკური მდგრადობა და ოპერირების რესურსები საკმაოდ სუსტია. ისინი მოკლებული არიან სპეციალურ კომპეტენციას, რაც აუცილებელია აკვაკულტურის სანებართვო განაცხადის და მისი ტექნიკური დანართების შესავსებად.

აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტების დაკმაყოფილება მათთვის გადაულახავ ბარიერად იქცევა და ათეულობით ოჯახს შემოსავლის წყაროს დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენებს,“- ნათქვამია პრემიერისთვის გაგზავნილ პეტიციაში.

პეტიციას ხელს აჭარაში არსებული 20 თევზსაშენი მეურნეობის მფლობელი აწერს.

ისინი კანონით დაწესებული ვალდებულებების დროებით შეჩერებას და მინიმუმ 2024 წლის პირველ იანვრამდე გადავადებას ითხოვენ.

პეტიციის ავტორები ასევე ითხოვენ, ამ დროში აკვაკულტურის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გამოსწორდეს და სისტემურად განახლდეს კვალიფიციური სპეციალისტების და თევზმომშენებლების აქტიური ჩართულობით.

რა მოხდება თუკი სახელმწიფო აკვაკულტურაში მომუშავე პირების მიმართვას არ გაითვალისწინებს? – ვკითხეთ არჩილ გუჩმანიძეს.

„ვითარება არის კრიტიკული,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე და აგრძელებს:

„რა უნდა მოასწროს ამ ხალხმა პირველ მარტამდე? პირველი მარტის მერე სახელმწიფო მათ ეტყვის, რომ ისინი უკანონოდ მუშაობენ, არც ბანკი არ მისცემს მათ სესხს, ვერც სახელმწიფო პროგრამაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ვერც გრანტს ვერ აიღებენ და სავარაუდოდ, დააჯარიმებენ კიდეც.

იმედია, ამდენი ჭკუა ეყოფათ და კარდაკარ არ ჩამოივლიან დასაჯარიმებლად, თუმცა კანონით ვალდებული არიან.

საშუალო სიდიდის მეურნეობას ნებართვის აღება საკმაოდ დიდი თანხა უჯდება. მაგალითისთვის, სანებართვო მოსაკრებელი არის 200 ლარი, ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ ემატება რეგულირების გადასახადი და ბუნებრივი რესურსის მოსაკრებელი მოცულობის მიხედვით. საშუალოდ 10 ტონიან საკალმახეს, რომელიც წვრილ საკალმახედ ითვლება, თვეში გადასახადი ექნება 1000 ლარამდე.

ცალკეა ნებართვის მიღების პროცესი. იმისთვის, რომ ამ მეკალმახემ ნებართვა აიღოს, უნდა დაიქირაოს კომპეტენტური სპეციალისტი და მას უნდა გადაუხადოს ფული. უნდა მოიყვანოს ამზომველები, შეადგინოს საკადასტრო ნახაზები და ტოპოგრაფიული რუკები.

თუ ვთქვათ, აიღო ნებართვა და გადაიხადა გადასახადი, შემდეგ მოდის სხვა მოთხოვნები,  როგორიცაა წყლის ხარისხის რეგულარული მონიტორინგი. ერთი სინჯი ჯდება მინიმუმ 500 ლარი. ამას ეუბნებიან, რომ შენ სისტემური მონიტორინგი  უნდა გქონდეს, კვირაში ერთხელ უნდა აიღო, გამწმენდი ნაგებობა უნდა გქონდესო. გამწმენდი ნაგებობა დააყენო საკალმახეზე ამისთვის კოლოსალური თანხებია საჭირო. ამას ვინ გადაიხდის?“- კითხულობს არჩილ გუჩმანიძე.

იგი ამბობს, რომ კანონით დაწესებული ვალდებულებები დროებით უნდა შეჩერდეს და გადავადდეს, იმისათვის, რომ სფერო გადარჩეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: