ნეტგაზეთი • RU

როგორ ვუმკურნალოთ ჩუტყვავილას ზრდასრულ ასაკში – ინფექციონისტის რჩევები

ზოსტერის ვირუსით (VZV) გამოწვეული, მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება ჩუტყვავილა  ხასიათდება მაღალი გადამდებობით, უმეტესად ვრცელდება ბავშვთა ასაკში, თუმცა შესაძლებელია დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუ მას იმუნიტეტი არა აქვს. ექიმი ინფექციონისტი რეზო ნაკაშიძე ამბობს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს მოზრდილ ასაკში და განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა.

  • ბატონო რეზო რა ასაკიდან ახასიათებს ჩუტყვავილას მწვავე მიმდინარეობა?

ზოგადად ჩუტყვავილა მწვავე დაავადებაა, უფრო მძიმედ მიმდინარეობს ორ წლამდე ბავშვებში და განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს 15 წლის ზემოთ ასაკში.

  • როგორი გამოვლინება აქვს ჩუტყვავილას ზრდასრულ ასაკში?

ჩუტყვავილას ახასიათებს ტემპერატურის მომატება ნებისმიერ ასაკში, იშვიათია ცხელების გარეშე განვითარდეს ჩუტყვავილა. ცხელება გრძელდება 5-6 დღე. ამ პერიოდში კანსა და ლორწოვან გარსებზე ყოველდღიურად ჩნდება ახალი ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარი, ნაწილი ხმება, თუმცა ახალიც გამოდის.

5-6 დღის შემდეგ ცხელებასთან ერთად წყდება ახალი გამონაყარიც.

განსაკუთრებით უხვი გამონაყარი აქვთ 15 წლის ზევით ასაკის პაციენტებს,  ძალიან მაღალი სიცხეები და ახასიათებს შემაწუხებელი ქავილი.

NCDC: ინფექციის წყარო არის ჩუტყვავილათი დაავადებული ადამიანი გამონაყარის დაწყებამდე 2 დღით ადრე და გამონაყარიდან 7 დღის  განმავლობაში.

  • რა სახის გართულებები შეიძლება მოჰყვეს ჩუტყვავილას და რამდენად ხშირია ასეთი გართულებები?

გართულებები არის იშვიათი, მაგრამ საკმაოდ მძიმე. ჩუტყვავილას მძიმე გართულებაა კანის ჩირქოვანი ინფექცია, რომლის გამოც შეიძლება შემდგომ სეფსისი განვითარდეს.

იშვიათი გართულებაა ფილტვების დაზიანება ჩუტყვავილას დროს და კიდევ უფრო იშვიათი გართულებაა ჩუტყვავილას დროს ან ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ – ენცეფალიტი, ანუ თავის ტვინის დაზიანება.

  • როგორია მკუნალობა ზრდასრულებში ჩუტყვავილას დროს?

ჩუტყვავილას მძიმე შემთხვევებში, პირველი დღიდან ექიმი ნიშნავს ანტივირუსული მკურნალობას, დამოუკიდებლად ანტივირუსული მედიკამენტების მღება მიზანშეწონილი არ არის.

ტემპერატურის დასაწევად ზრდასრულების ჩუტყვავილას დროს უპირატესობა ენიჭება პარაცეტამოლს, შეიძლება იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატების მიღება; შესაძლებელია ანტიალერგიული პრეპარატების მიღებაც, ის უშუალოდ ჩუტყვავილას სამკურნალოდ არ გამოიყენება, მაგრამ ამცირებს ჩუტყვავილას გამონაყარით გამოწვეულ ქავილს.

  • ხშირად ამბობენ, რომ ჩუტყვავილას დროს დაბანა არ შეიძლება. ეს რამდენად მართებული წარმოდგენაა?

კანის ჰიგიენის დაცვა არის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია, რატომღაც გავრცელებულია ეს აზრი, რომ ჩუტყვავილას დროს ტანის დაბანა არ შეიძლება, როცა პირიქით, აუცილებელიც კია, თუნდაც ყოველდღიურად დაბანა [ნელ-თბილი/გრილი წყლით], რათა არ განვითარდეს მეორადი ბაქტერიული ინფექცია.

 NDCD: აუცილებელია პაციენტის მიერ ჰიგიენური წესების დაცვა, რათა თავიდან იყოს აცილებული მეორადი ინფექციის განვითარების საშიშროება – კანის ბაქტერიული ინფექცია, ყოველდღიურად საჭიროა ტანსაცმლის და თეთრეულის გამოცვლა.

ჩუტყვავილას აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი, ეს იმის გამო, რომ როცა ჩუტყვავილას ვირუსი მოხვდება ორგანიზმში, ის ჯერ გადადის ლორწოვანი გარსებიდან.

როცა ჩუტყვავილას ვირუსი მოხვდება ორგანიზმში, ის გაივლის ინკუბაციურ პერიოდს [ინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე 7-21 დღე], მრავლდება ორგანიზმში და სისხლის გზით მიიტანება კანში, ამდენად კანიდან კანზე დაბანით ის ვერ გავრცელდება/გამრავლდება, ეს მოსაზრება აბსოლუტურად არასწორია.

Nemours Children’s Health: ქავილის შესამსუბუქებლად გამოიყენეთ გრილი სველი კომპრესები ან მიიღეთ ნელთბილი წყლის აბაზანა ყოველ 3-4 საათში, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. სხეული გაიმშრალეთ პირსახოცის მსუბუქი დადებით.

  • აუცილებელია თუ არა „ბრილიანტის მწვანეს“ გამოყენება, რა ეფექტი აქვს მას?

„ბრილიანტის მწვანე“ ჩუტყვავილას სამკურნალოდ არ გამოიყენება, მაგრამ თუ პაციენტი წაისვამს გამონაყარზე, შეიძლება ნაწილობრივ მოხდეს სტერილიზაცია იმ უბნების და არ განვითარდეს კანის მეორადი ინფექცია. მაგრამ აუცილებელი არ არის “ბრილიანტის მწვანეს” წასმა, მას არავითარი სამკურნალო ეფექტი არ აქვს უშუალოდ ჩუტყვავილას საწინააღმდეგოდ.

  • რა ზოგადი რეკომენდაციები არსებობს ამ დროს ზრდასრულ პაციენტებთან?

ამ დროს რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი და დიდი რაოდენობით სითხის მიღება (დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად). ზოგადად, დადებითი ემოციები და იმედიანად ყოფნა ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს საჭიროა, ამ დროს ისედაც გაღიზიანებულია ადამიანი.

ცხადია, ვერც წითელას და ვერც ჩუტყვავილას ინფექციებს ჩვენ ვერ „გავაბრაზებთ“, მაგრამ დადებითი და მშვიდი გარემოს შექმნა ეხმარება ორგანიზმს ნებისმიერი დაავადების გადატანაში.

_____________________________

CDC: თუ შემთხვევით ბუშტუკოვანი გამონაყარი მოიქავეთ და დააზიანეთ, დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით: მიმართეთ ინფექციონისტს თუ პაციენტს აღენიშნება: ცხელება, რომელიც გრძელდება 5-6 დღეზე მეტ ხანს ან აჭარბებს 38,8°C; გამონაყარი ხდება უფრო წითელი, თბილი, ხდება მტკივნეული და ჩირქოვანი; აღინიშნება ფსიქიკური მდგომარეობის ისეთი ცვლილება, როგორიცაა დაბნეულობა ან უკიდურესი ძილიანობა; სიარულის პრობლემები; კისრის გაშეშება; სუნთქვის პრობლემები ან ხშირი ხველა და ხშირი ღებინება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩუტყვავილას ვაქცინაცია სავალდებულოა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაცია რეკომენდებულია. საქართველოში ჩუტყვავილას (VZV) ვაქცინა რეგისტრირებულია და ვაქცინაცია შესაძლებელია კომერციულ ქსელში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან