მთავარი,სიახლეები

სასამართლო მოვიგე, მაგრამ არჩილ ჩიქოვანი მიწის დათმობას მთხოვს – 80 წლის კაცი

18.01.2023 • 3007
სასამართლო მოვიგე, მაგრამ არჩილ ჩიქოვანი მიწის დათმობას მთხოვს – 80 წლის კაცი

„აღსრულების ფურცელი ჩემთვისაა მარტო?“ – კითხვას სვამს მოქალაქე შოთა დევაძე, 80 წლის კაცი, რომელმაც ორჯერ მოუგო სასამართლო ბათუმის მერიას, მაგრამ სამართალს ვერ აღწევს – ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს, აღმასრულებელი კი დუმს.

მოქალაქე შეხვედრია ბათუმის მერსაც, თუმცა არც მას შემდეგ შეცვლილა რამე.

დავის საგანია მიწის ნაკვეთი ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, სადაც შოთა დევაძე მიწის საკუთრების აღიარებას წლებია უშედეგოდ ითხოვს. შოთა დევაძეს და მის მეუღლეს შვილები არ ჰყავთ, ამიტომ ყველა დოკუმენტის მოძიება თავად შოთას უწევს. სადავო მიწა შოთა დევაძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეა.

მოქალაქეს მოსამართლემ 2021 წლის დეკემბერში იძულებით აღსრულების ფურცელიც მისცა მას შემდეგ, როცა აშკარად გამოჩნდა, რომ ნებაყოფლობით ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა.

„გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათუმში, მეჯინისწყალზე მდებარე 943 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე შოთა დევაძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, – მკაფიო ჩანაწერი გააკეთა და ე.წ. ბათუმის მიწის კომისიას მიწის საკუთრების აღიარება დაავალა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, როცა მან დაინახა, რომ 80 წლის მოქალაქემ სამივე ინსტანციის სასამართლო მოიარა ბათუმის მერიის წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი შეიცვალა.

მოსამართლის გადაწყვეტილება ბათუმის მერიას ამ დრომდე არ შეუსრულებია.

გასული წლის აპრილში შოთა დევაძემ პროკურატურას მიმართა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა უშედეგოდ –  საგამოძიებო ორგანოში მოქალაქე უპასუხოდ დატოვეს.

შოთა დევაძე

„მერია თითქოს უარს არ მეუბნება, მაგრამ არც მიკანონებენ ჩემი მიწის ნაკვეთს. მეუბნებიან, რომ ახალი ნახაზია საჭირო. რამდენიმე თვის წინ მესამეჯერ წარვადგინე ნახაზი, უკვე აღმასრულებლის თხოვნით,“ – ამბობს შოთა დევაძე და ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს გადაწყვეტილების ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც მერიას უკვე აღარ უნდა მოეთხოვა დამატებით დოკუმენტაცია მოქალაქისთვის.

დაახლოებით სამი თვის წინ შოთა დევაძე ამ საკითხზე სასაუბროდ ადვოკატ ავთანდილ ავალიანთან ერთად ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს შეხვდა:

„ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი შემხვდა და მითხრა, რომ იქნებ, იმ ტერიტორიის გარეშე გავაკეთოთ და გაგიფორმებთო,“ – ბათუმის მერთან შეხვედრის შესახებ გვიყვება შოთა დევაძე და განმარტავს, რომ გასული წლის დასაწყისში სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე ბათუმის მერიამ საზოგადოებრივი ტრენაჟორები მოაწყო. შოთა დევაძე განმარტავს, რომ არჩილ ჩიქოვანი სწორედ ამ ნაწილის დათმობას სთხოვს.

„ვუთხარი, 12 წელია ვდავობ, მოსულიყვნენ ადრე და ეთქვათ, ძალით ღობე დაანგრიეს, აღსრულების ფურცელი არაფრად ჩააგდეს…  რადგან უკვე აშენდა, იმის გარეშე გაგიფორმებთო, მითხრა ჩიქოვანმა… ვუთხარი, რომ აღსრულების ფურცელი გამოცემული იყო უკვე, როცა თქვენ ღობე დამინგრიეთ და იქ ტრენაჟორები მოაწყვეთ, ახლა რომ მეუბნებით ამას, ეს სწორია-მეთქი? კარგით, მოვალთ და შევხედავთო – საბოლოოდ ეს მითხრეს, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა,“ – აღნიშნა შოთა დევაძემ „ბათუმელებთან“.

მოქალაქე გრაფიკულ გამოსახულებაზე გვაჩვენებს შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, სადაც მერიამ კერძო საკუთრებაში საზოგადოებრივი სივრცე მოაწყო.

„მთლიანად მიწა 943 კვადრატული მეტრია, რაზეც არის საუბარი აღსრულების ფურცელში, 120 კვადრატულ მეტრზეა მოწყობილი ტრენაჟორები. ანუ ისეთ ნახაზს მთხოვენ, სადაც ეს სივრცე აღარ იქნება… მეორე მხარეს საბავშვო ბაღია, მე ბაღს ისედაც დავუთმე უფასოდ, სერვიტუტით მიწის ნაკვეთი, რომ ბაღმა ისარგებლოს და დავუთმე იქამდე, სანამ იქ საბავშვო ბაღი იქნება,“ – დასძინა შოთა დევაძემ.

80 წლის კაცი საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს, რაც საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლის მრავალწლიან პროცესში შეექმნა:

„მე არ მესმის, საჯარო მოხელეები რატომ უნდა გახდნენ მოძალადეები? ეს ამას ნიშნავს, საჯარო მოხელეები ძალადობენ… მე ასე ვიცი, რომ სახელმწიფოს მოვალეობაში შედის, რომ დაიცვას კანონი, ახლა რა გამოდის?!

აგრესიული გავხდი თითქოს, ვეღარ ვარ მშვიდად. აწვალებენ ყველას და მეც მაწვალებენ. აღმასრულებელს მიწის კომისიის თავმჯდომარემ მისწერა, სხდომას შოთა დევაძეც ესწრებოდაო, მოიტყუა. არ ვესწრებოდი მე სხდომას და არც ჩემი ადვოკატი იყო იქ.

გამოდის, რომ არ არსებობს სამართალი, როგორ ვიწამო?“ – კითხულობს შოთა დევაძე.

რატომ არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბათუმის მერია? – ბათუმის მერიის პრესცენტრში კითხვა უპასუხოდ დატოვეს, პროკურატურის პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ მოქალაქის წერილი შსს-ში გადაამისამართეს. შსს-შიც არ გვიპასუხეს, რატომ არ იწყება გამოძიება, როცა საჯარო უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

აღსრულების ბიუროს პრესცენტრში კი თქვეს, რომ მესამე პირებზე ინფორმაციას ვერ გასცემენ და შეკითხვა აქაც უპასუხოდ დატოვეს.

ამ თემაზე:

80 წლის კაცმა მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო, მაგრამ მერია მიწას მაინც არ ურეგისტრირებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: