მთავარი,სიახლეები

ამ დრომდე არასდროს ამიღია პრემია, დანამატი – დამლაგებლის შრომის ფასი

19.01.2023 • 6991
ამ დრომდე არასდროს ამიღია პრემია, დანამატი – დამლაგებლის შრომის ფასი

უკვე 22 წელია, ყოველ საღამოს, ექვსი საათის შემდეგ, 75 წლის ნორა ახალაძე ბათუმის მერიისა და საკრებულოს შენობაში შედის და  სხვადასხვა სამსახურის კაბინეტს თავისი გასაღებით აღებს. როცა აქ დასაქმებული მოხელეების სამუშაო საათები სრულდება, ამ დროს მისი სამუშაო იწყება. ოთახებში, რომელთა დასუფთავებაც ნორას ევალება, ბევრი მოვიდა და წავიდა, ბევრიც დარჩა, ნორას ყველაფერი ახსოვს.

თავად გვიყვება, რომ ამ საქმეს დღემდე გულმოდგინედ ასრულებს. მთელი ამ წლების განმავლობაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასი ბევრჯერ გაიზარდა, თუმცა ნორას შრომის ანაზღაურებამ მხოლოდ 269 ლარს მიაღწია.

2022 წლის იანვარში საარსებო მინიმუმი წლიურად 29.2 ლარით გაიზარდა და 226.2 ლარი შეადგინა.

ამ დრომდე ნორას არასდროს მიუღია პრემია, დანამატი, ჯილდო. სამსახურში, თვითმმართველობის ორგანოში, არავის უკითხავს რამდენი აქვს ხელფასი, როგორ ცხოვრობს, რამე ხომ არ სჭირდება, რა ხდება მის ქუჩაზე, მის უბანში, თუმცა არ სწყინს და ამ ყველაფრის გამართლებას ცდილობს:

„ჩვენ რომ მოვდივართ, აქ არავინ არის. ოთახები დაკეტილია, ყველა წასულია.“

ნორა მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს – საჩუქარს, რომელმაც როგორც თვითონ გვიყვება, „ძალიან გაახარა“. ახალ წლამდე, 2023 წლის დადგომამდე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს ნორასთვის 100 ლარი უჩუქებია:

„ჩემმა თავმჯდომარემ პატივი მცა, 100 ლარი მაჩუქა, მე მას რამაზის არ ვეძახი, ლამაზ ბიძიას ვეძახი. ეს კი არ გამამდიდრებს, მაგრამ სტიმულია, გაგიხარდება. ამ დროს ფიქრობ, რომ რაღაცას წარმოადგენ“, – გვიყვება ნორა. მან გვითხრა ისიც, რომ  მთელი ამ წლების განმავლობაში რამაზ ჯინჭარაძე პირველი იყო, ვინც დაინტერესდა და ჰკითხა რამდენი ჰქონდა ხელფასი:

„ვუთხარი რა ხელფასიც მაქვს და ძალიან გაუკვირდა. ჰო, მე ვუთხარი ეს გადადის შთამომავლობით, როგორც ძვირფასი საგანძური, რომ ექნება ოჯახს. მოვა ახალი, რამდენი აქვთ? – დაგვენიშნება ისევ იმდენი და ასე მივდივართ, ასე ბრუნავს-მეთქი. მე მაგას გავითვალისწინებო და ალბათ მისი დახმარებით წელს რაღაც დაგვიმატეს. მაგრამ ჯერ არ აგვიღია, რა გვექნება, ზუსტად არ ვიცით.“

ნორას კოლეგების თქმით, ამ დრომდე ხელფასის სახით 265 ლარი ჰქონდათ და ახლა 295 ლარს ელოდებიან, ანუ გაზრდილ ხელფასს.

ასე, მარტივად მოიგო რამაზ ჯინჭარაძემ ნორას და მისი კოლეგების გული. თავად საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 6050 ლარამდე გაიზარდა გასული წლის ბოლოს.

ნორა ბათუმის მერიასა და საკრებულოში 2008 წლიდან დასაქმდა, ჯერ შტატით იყო დასაქმებული, შემდეგ კი მერიამ დასუფთავების მომსახურება ტენდერით შეისყიდა. ნორას, ისევე როგორც მის კოლეგებს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესთავაზა თანამშრომლობა და ისინიც დათანხმდნენ.

ბათუმის მერიასა და საკრებულოში იმავე პოზიციასა და ხელფასზე მუშაობს ნარგიზ ირემაძეც, ისიც პენსიონერია. თვითმმართველობის ორგანოში მუშაობა 1992 წელს დაუწყია. თავიდანვე გაგვაფრთხილა მე ბევრს არ ვილაპარაკებო: „ცოტას ვიტყვი“.

„მაშინ ბათუმის მერი თენგიზ ასანიძე იყო. უბრალოდ მოვედი, ვიკითხე დამლაგებლის ადგილი თუ არის-მეთქი და მიმიღეს. მას შემდეგ ვმუშაობ აქ. კუპონებიდან რომ გადმოვედით ლარებზე, ძალიან მცირე ხელფასები იყო. ტენდერში მოვხდით 2008 წელს და ამ დროიდან კიდევ შემცირდა ჩვენი ხელფასი – 270 ლარი გვქონდა და 160 ლარზე ჩამოვიდა“.

ნარგიზ ირემაძე

მარჯვნივ ნორა ახალაძე და მისი კოლეგა ლალი ლომთათიძე

„ტენდერი ჩატარდა, ეს საქმე აიღო „სუფთა სამყარომ“. ეს უკვე კერძო სამსახურია, თუ იმ პირობებით იმუშავებ, რასაც გთავაზობენ, იმუშავებ და მოგცემენ ხელფასს, თუ არ გინდა, უნდა წახვიდე – ეს უკვე კერძოა. ახლა ხელფასი მოგვემატა, ბევრი არაფერი, მაგრამ 295 ლარი გვექნება. დატვირთვა არის, როგორც იყო ისეა. დერეფნებიც გვაქვს და ოთახებიც, საკმაოდ ბევრი, თუ ვერ მოვასწარით საღამოს დასუფთავება, დილით მოვდივართ ასე 7 საათზე. ზოგჯერ ნახევარს საღამოს ვასუფთავებთ და ნახევარს დილით. ამ შენობაში ორი დამლაგებლის შტატია. ერთი არის ბატონი არჩილის დამლაგებელი [ბათუმის მერი] და მეორე ტუალეტებს ასუფთავებს. ჩვენ გვევალება კაბინეტები, ასევე დერეფნები, დარბაზი“, – გვიყვება ლალი ლომთათიძე.

საჩუქარი საკრებულოს წევრი ქალისგან ლალისაც მიუღია: „ერთ უფროს ქალს ცოტა ჭურჭელი გავურეცხე და 50 ლარი მაჩუქა“, შემდეგ გაგვიმხილა, რომ ეს ქალი ნერიმან ცინცაძეა [საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“].

ლალი გვიყვება, რომ დამლაგებლები მერიას, ასევე საკრებულოს მაშინაც ავიწყდება, როცა დღესასწაულებზე ქალებისთვის ყვავილები მოაქვთ.

„არ მახსოვს ჯერ ვინმეს გახსენებოდა ჩვენი თავი. 22 წელია აქ ვმუშაობ. ან ყვავილებს როცა ჩუქნიან. ხანდახან მივდივარ და მე თვითონ ვართმევ. დავახტები და წამოვიღებ ერთ ცალს. ეს გოგოებისააო ერთხელ მითხრეს, ვუთხარი მე კაცი ვარ-მეთქი? – თუ მორჩება რამე… შემდეგ დამლაგებელს, მანამდე დამლაგებელს არაფერი“.

ლალის და მის კოლეგებს ვთხოვეთ გაეხსენებინათ იყვნენ თუ არა დაპატიჟებულები მერიის რომელიმე ღონისძიებაზე ან კორპორატიულ წვეულებაზე.

„არა, ჩვენ დაბალი ფენა ვართ“, – გვიპასუხა ლალიმ, ნორას მისი ნათქვამი არ მოეწონა. ლალიმ მაინც გაიმეორა: „რა, ტყუილი ვთქვი რამე? – დაბალი ფენა ვართ.“

„ეჰ, ასე ფიქრობენ, რომ ჩვენ ცოცხით დავიბადეთ. ახლა ჩვენ პენსიონერები რადგან ვართ, ვერც ვამბობთ რამეს, მუშაობა შემიძლია, რაც გვევალება, ვაკეთებ“, – კოლეგას დაეთანხმა ნორაც.

საუბრის ბოლოს ლალი ფრთხილობს: „ერთხელ უკვე დამატოვებინეს სამსახური, მაშინ მიტინგზე წასვლის გამო… მინდა გთხოვოთ, აუცილებლად დაწეროთ, რომ ახლა ძალიან კარგი ქალი უფროსი გვყავს, ხელს გვიწყობს და მადლობელი ვარ. არ არის ცუდი ჩვენი სამსახური, მე ახლოს ვცხოვრობ, ფეხით დავდივარ, გზაში ფული არ მეხარჯება.“

დამლაგებლის ანაზღაურებაზე ვკითხეთ საჯარო სკოლებში დასაქმებულებსაც. გვიყვებიან, რომ მათი ანაზღაურება 220-300 ლარია. სამუშაო კი  – მთელი დღის განმავლობაში სრული დატვირთვა, რადგან სკოლების უმეტესობა ბათუმში ორ ცვლაში მუშაობს.

„ერთ-ერთ სკოლაში ვმუშაობდი, მთელი დღე იყო სამუშაო ოთხსართულიან შენობაში, ხელფასი კი 300 ლარი. „ნაზილბეში“ გადავედი, შემდეგ იქიდანაც წამოვედი და ახლა „აგროჰაბში“ ვარ. აქ უკეთესი ხელფასია და კმაყოფილი ვარ, მაგრამ გრაფიკი არ მომწონს. სხვა მხრივ კარგია. მენეჯერი გვყავს ძალიან კარგი. ხელს გვიწყობს, გვეხმარება. ფიზიკურადაც გვეხმარება და ხან მასაც დაინახავთ ცოცხით ხელში ,“ – გვიყვება ნელი დუმბაძე.

საჯარო სექტორთან შედარებით მაღალი, თუმცა მაინც დაბალია დამლაგებლის ხელფასი კერძო სექტორში, რადგან დატვირთვა გაცილებით მეტია. სამუშაო დღე დილის რვა საათიდან იწყება და საღამოს 9-10 საათამდე გრძელდება. მაგალითად, „აგროჰაბში“ დამლაგებლების მოვალეობა კატეგორიებადაა გაყოფილი. ოთხი დამლაგებელი უშუალოდ მარკეტის სისუფთავეზეა პასუხისმგებელი და ხელფასი 600 ლარი აქვთ, მათი სამუშაო დღე დილის რვა საათზე იწყება და საღამოს 10 საათზე სრულდება. 3 დამლაგებელი კი წარმოებას ეხმარება [სადაც საკვებს ამზადებენ, ასევე აცხობენ]. მარკეტის დამლაგებლები დღეგამოშვებით ისვენებენ, წარმოების დამხმარეები კი 2 დღეს მუშაობენ და ორი დღე ისვენებენ.

„აგროჰაბს“ დასუფთავების მომსახურებას შპს „ჰიგიენ სერვისი“ უწევს, შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, დამლაგებლებიც, რომლებიც „აგროჰაბში“ მუშაობენ „ჰიგიენ  სერვისის“ თანამშრომლები არიან.

„ექვსი წელი სასტუმროში ვიმუშავე, იქ სხვა მოთხოვნები იყო. გასული წლის სექტემბერში აქ გადმოვედი, მარკეტს სხვა გამოცდილება სჭირდება. სასტუმროში განსხვავებული მიდგომაა. იქ კარგი ისიც იყო, რომ სამჯერადი კვება გვქონდა. თავიდან როცა დავიწყე მუშაობა, 500 ლარი მქონდა ხელფასი, შემდეგ 50 ლარი დაგვემატა, ახლა 600 ლარი მაქვს. შეწუხებულები ვიყავით, როცა პერსონალი არ იყო საკმარისი, დამატებას ვითხოვდით. ესეც მოგვარდა“, – გვიყვება მარგო მიქელაძე.

მანანა მეგრელიძე „აგროჰაბში“ ცოტა ხნის წინ დასაქმდა, ეს მისი პირველი სამსახურია და ამბობს, რომ მოსწონს: „კარგი ანაზღაურებაა, ძალიან კარგი მენეჯერი გვყავს და კმაყოფილი ვარ.“

მანანა მეგრელიძე და მარგო მიქელაძე

ნანა აგროჰაბში გადმოსვლამდე რესტორანში მუშაობდა, ამბობს, რომ კმაყოფილი იყო. „ხელფასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი გარემო გაქვს, როგორი თანამშრომლები არიან, იქ მეგობრები მყავდა, მაგრამ ხელი მტკიოდა და მუშაობა ვეღარ გავაგრძელე. 700 ლარი მაქვს ხელფასი, მაგრამ არ მყოფნის, ნაქირავებში ვცხოვრობ. ვფიქრობ, ჩვენზეც უნდა იფიქროს მთავრობამ, აბა, 700 ლარი რაშია საკმარისი?  – რას იყიდი ამ თანხით? ღამის 11 საათი მიხდება სახლში მისვლამდე“, – ამბობს ნანი აბუსელიძე, თუმცა ამავდროულად კმაყოფილია სამსახურით.

მარცხნიდან ნელი დუმბაძე, მანანა მეგრელიძე, მარგო მიქელაძე და ნანი აბუსელიძე.

„აგროჰაბის“ დამლაგებლების მენეჯერი მარინა გოგიტიძე [ისიც „ჰიგიენ მარკეტის“ თანამშრომელია], ვისაც ასე ემადლიერებიან თანამშრომლები, ამბობს, რომ დამლაგებლის შრომა არ არის დაფასებული საქართველოში და ხელფასი მათი შრომის შესაბამისი არ არის:

„მართლა ბევრს აკეთებენ, მაგრამ არ ფასდება. ძალიან დიდ ხანს ჩემს თანამშრომლებს 500 ლარი ჰქონდათ ხელფასი და ბევრი ვიბრძოლე, რომ ცოტა მაინც მომატებოდათ. ყველანაირად ვცდილობ, ისინი შევინარჩუნო. ხელფასი რომ არ გაზრდილიყო, ალბათ გამექცეოდნენ. საახალწლოდ ბონუსის სახით არაფერი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ახალ წელზე დატვირთვა იზრდება. თუ 12 საათია მისი სამუშაო და ერთ საათს დაუმატებენ, ამას უნაზღაურებენ, მაგრამ რამდენად დატვირთულია ის 12 საათი, ხშირად ამას აღარ ითვალისწინებენ.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: