„არწივებს ვაკვირდებოდი ხშირად, როგორ დაფრინავდნენ. აფრენის დროს თავი დაბლა ჰქონდათ დახრილი და ფრთებს მჭიდროდ იკრავდნენ ტანზე, აფრენის მერე ნელ-ნელა შლიდნენ ფრთებს და თავსაც მაღლა სწევდნენ. ასე ვისწავლე ბუნებისგან ფრენა“, – ამბობს 88 წლის კობა წაქაძე, საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი და სამგზის თასის მფლობელი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში.
როცა მსოფლიო პრესა წაქაძის ტრამპლინიდან ხტომის უნიკალურ სტილზე წერდა, რეპორტიორებს სწორედ მისი „არწივისებური“ ნახტომი აღაფრთოვანებდათ.
კობა წაქაძის მსგავსი სპორტსმენი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს აღარ ჰყოლია. მრავალგზის ჩემპიონი ახლა ბაკურიანში ცხოვრობს, გაზაფხულობით კარტოფილს თესავს, შემოდგომაზე ბალახს თიბავს და ბოსტანსაც უვლის მეუღლესთან ერთად.
ამბობს, რომ ამ ყოფას არაფერზე გაცვლიდა:
„ოჯახისთვის ვშრომობ, ჩემ ირგვლივ სიყვარულია: ხალხს ვუყვარვარ, ოჯახს, ჩემი სახელობის ქუჩაა ჩემს დაბაში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ყველა მიცნობს. ჩემთვის ამაზე დიდი საჩუქარი არაფერია. მეტი რა უნდა მინდოდეს? უკეთეს ადგილას, სად წავიდოდი და რატომ?
1957 წელს შემომთავაზეს მოსკოვსა და პეტერბურგში გადასვლა საცხოვრებლად. ორი მისამართი მომცეს – ორივე ქალაქის ცენტრში, აირჩიე, სად იცხოვრებო. სამოთახიან ბინას მჩუქნიდნენ, სადაც მოვინდომებდი: მოსკოვში ან პეტერბურგში.
მე კიდე სამშობლოში დედა და ძმა მელოდა. მამა ადრე დამეღუპა, პატარა ვიყავი. როგორ დავტოვებდი დედას და ძმას. აქაური მჭადი და ლობიო მერჩივნა რუსეთს. უარი ვთქვი საცხოვრებლად იქ გადასვლაზე“, – ამბობს კობა წაქაძე.
ის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო 1953, 1956, 1960, 1962, 1969, 1972 წლებში, საბჭოთა კავშირის თასები აქვს მოპოვებული 1968, 1970, 1972 წლებში.
იყო ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი 1961 წელს, მონაწილეობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში იტალიაში, აშშ-ში, ავსტრიასა და იაპონიაში. მთელ მსოფლიოში 335 სტარტია კობა წაქაძის ანგარიშზე.
დანანებით ამბობს, რომ 38 წლის ასაკში ისე წავიდა დიდი სპორტიდან, საქართველოს სახელით არ უასპარეზია:
„შეჯიბრებებზე საბჭოთა კავშირიდან ქართველი მხოლოდ მე ვიყავი. ხშირად იყო ჩემი რუსად წარმოჩენის მცდელობა, მაგრამ მე ყველგან საქართველოს დროშა დამქონდა და ყველას ვაჩვენებდი, სად იყო საქართველო, სად იყო ბაკურიანი. სამწუხაროდ, მაშინ ძლიან რთული იყო გესწავლა რომელიმე უცხო ენა, გარდა რუსულისა: სკოლაში მხოლოდ რუსულს გვასწავლიდნენ, ირგვლივ მხოლოდ რუსული ისმოდა. მეც ამ ენაზე ვეკონტაქტებოდი ადამიანებს შეჯიბრებებზე“, – იხსენებს ჩემპიონი.
კობა წაქაძემ თხილამურებზე სრიალი ბაკურიანში ისწავლა. ტრამპლინები კი, საიდან ხტომითაც მან გაითქვა სახელი, 1937 წელს აშენდა ბაკურიანში სამთო მოთხილამურისა და ალპინისტის, ალექსანდრე გვალიას ინიციატივით. კობა წაქაძის პირველი მწვრთნელიც თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში ალექსანდრე გვალია იყო.
მიუხედავად იმისა, რომ კობა წაქაძემ სპორტული კარიერა 50 წლის წინ დაასრულა, ის დღემდე იღებს საფოსტო გზავნილებს: უცხოურ წიგნებს, სადაც მისი მიღწევების შესახებ წერენ, გაზეთებს და ჟურნალებს – სადაც სპორტსმენის ფოტოებია დაბეჭდილი წარსულიდან და ა.შ.
„ჩვენ ოჯახს მიმსვლელ-მომსვლელი სტუმარი არასდროს აკლია, მაკითხავენ ხოლმე სახლშიც ხშირად, ბაკურიანში. თუ გვაქვს შესაძლებლობა სტუმრებს ღამითაც ვიტოვებთ სახლში და ვასვენებთ.
ერთხელ მომადგნენ ახალგაზრდები და მითხრეს: მოგვეცი ესა და ეს ჯილდო, აუქციონზე გავიტანოთო. გავოგნდი, როგორ-მეთქი. ეს ჯილდო არის ბაკურიანის, ჩემი სამშობლოსი, ჩემი. როგორ მოგცეთ, აქ გასაყიდი არაფერია-მეთქი, ვუპასუხე“, – ამბობს ექვსგზის ჩემპიონი.
რასაც შეჯიბრებებზე მოიპოვებდა – მედლებს, თასებს თუ სიგელებს, კობა წაქაძის ოჯახმა ერთად შეაგროვა და მუზეუმიც გახსნეს. ბაკურიანში, კობა წაქაძის მუზეუმში აქ ზამთრის მსოფლიო ოლიმპიადების ფოტოები, კობა წაქაძეზე დაწერილი წიგნები, ქართული, უცხოური ჟურნალ-გაზეთები და სპორტსმენის სამოსი, აღჭურვილობა ინახება.
„88 წლის კაცი ვარ, ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს სპორტი, თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომა – დაიკარგა.
ბაკურიანში ბევრი ახალგაზრდაა, ბავშვებს ყურადღება და განვითარებისთვის ხელშეწყობა სჭირდებათ. 40 მეტრიანი ტრამპლინებიდან დღესაც ხტებიან თხილამურებით ბავშვები, მოვლა სჭირდებათ, ტრამპლინთან ახლოს ბაზა, ახლოს მედპუნქტი – ტრავმის შემთხვევაში.
მთელ მსოფლიოში ასეა ტრამპლინების სიახლოვეს, ასეთია სტანდარტი. თხილამურები, ტანსაცმელია ბავშვებისთვის საჭირო. მართალია ეს ყველაფერი არც მაშინ იყო, ჩემ დროს, მაგრამ დღესაც აღარაფერია“, – ამბობს კობა წაქაძე.