მთავარი,სიახლეები

გალიფ ოზთურქის საქმეზე რა ვიდეო წარადგინა დაცვის მხარემ სასამართლოში

20.01.2023 • 6871
გალიფ ოზთურქის საქმეზე რა ვიდეო წარადგინა დაცვის მხარემ სასამართლოში

დღეს, 20 იანვარს, ბათუმის სასამართლოში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

წინა სხდომებისგან განსხვავებით, დისტანციურად, მაგრამ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გალიფ ოზთურქი.

ვიდრე მოსამართლე საქმის განხილვას შეუდგებოდა, ბრალდებულმა თქვა, რომ სხდომაზე დასწრება აღარ სურს.

„ეს თქვენი უფლებაა, შეგიძლიათ დაესწროთ, შეგიძლიათ – არა, თქვენი ადვოკატი ესწრება სხდომას,“ – უთხრა მას მოსამართლე ლევან ყოლბაიამ, რომელსაც თითქმის საათ-ნახევარი დააგვიანდა სხდომის დაწყება თურქული ენის თარჯიმნის დაგვიანების გამო.

სანამ სხდომას დატოვებდა ოზთურქმა განმარტა, რომ ისევ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება სხდომას.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

დღეს, 20 იანვარს, ოზთურქის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყეს. მოსამართლეს ადვოკატებმა პირველ რიგში იმ კორპუსის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აჩვენეს, სადაც გალიფ ოზთურქი  დაკავებამდე ცხოვრობდა.

კადრებში ჩანს, როგორ შედიან შენობაში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები.

– და რომელია აქ ფინანსური პოლიციის თანამშრომელი?- იკითხა პროკურორმა ლევან მურვანიძემ, თან ვიდეოკადრს გააყოლა თვალი.

– როგორ, თქვენ ვერ იცნობთ ამათ?- გაოცდა ადვოკატი თენგიზ კახიძე, – აი, მაგალითად, ეს უფროსი გამომძიებელი არჩილ სურმანიძეა.

– ასე ზურგით ვერ ვცნობ ხალხს, – პროკურორმა მოსამართლეს ანიშნა, რომ კადრებში გამოკვეთილი გამოსახულება არ არის.

– როგორ ვერ ცნობ, ერთად დავბერდით ამ ქალაქში,- აღნიშნა ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ.

ვიდეოჩანაწერებით და სხვა მტკიცებულებებით დაცვის მხარე იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ ოზთურქის აპარტამენტში გარეშე პირებსაც შეეძლოთ გადაადგილება ჩხრეკამდე ან ჩხრეკის დროს.

მერე კადრებში გამოჩნდა, როგორ ჩამოართვეს ადგილზე თავმოყრილ „მეტრო ჰოლდინგის“ თანამშრომლებს მობილური ტელეფონები – შენობაში, სადაც ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტია, განთავსებულია მისი ბიზნესკომპანიაც.

„ისინი არ დაუკავებიათ, ტელეფონები რატომ ჩამოართვეს, მე არ ვიცი,“ – კითხვა აღარ დაუსვამს ადვოკატ თენგიზ კახიძეს.

გალიფ ოზთურქის საქმე ბათუმის სასამართლოში. 20 იანვარი, 2023 წელი

ადვოკატმა მოსამართლეს მიუთითა სპეცრაზმელებზე, რომლებიც ახლდნენ ფინანსური დანაშაულის გამოსაძიებლად ადგილზე მისულ გამომძიებლებს.

გამოძიებას ფინანსურ დანაშაულზე ბრალი ოზთურქისთვის არ წარუდგენია.

ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის დასრულების შემდეგ პროკურორმა ითხოვა სიტყვა:

„დაცვის მხარე მუდმივად მიუთითებდა, რომ ადვოკატის მისვლამდე რაღაც პროცესები იყო თითქოს…. აქ კი, ნათლად ჩანს ერთი რამ, რომ იქ ადვოკატის მისვლას ელოდებიან და დგანან გამომძიებლები,“ – თქვა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

შემდეგ სხდომაზე მოსამართლე დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს მოისმენს, მათ შორის, ადვოკატის, რომელიც ოზთურქის აპარტამენტის ჩხრეკას ესწრებოდა.

გალიფ ოზთურქის წინასწარი პატიმრობის ვადა ამ საქმეზე თებერვლის ბოლოს იწურება.

__________________________

მილიონერი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ოზთურქს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: