ბათუმში, შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში საფეხმავლო ხიფის მშენებლობა დაწყებულია. ეს ხიდი, აქვე მდებარე რკინის თაღში გაივლის.
ხიდის მშენებლობა და მიმდებარე ხეივნების რეაბილიტაცია, როგორც „ბათუმელებს“ ადრე მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს, 2022 წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. აშკარაა, რომ სამუშაოები დარჩენილ 10 დღეში ვერ დასრულდება.

საფეხმავლო ხიდის მშენებლობა თაღის ქვეშ [ზემოთ] და ხიდის ესკიზი [ქვემოთ]

ბათუმი / 20.09.2022
შარტავას გამზირის დასაწყისში კიდევ ერთი საფეხმავლო ხიდი უნდა აშენდეს, რომელიც გმირთა ხეივანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს. ეს ხიდი ბათუმის იუსტიციის სახლთან, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გადაივლის.

საფეხმავლო ხიდები, რომლებიც გმირთა ხეივანს არდაგანის ტბასთან აკავშირებს / ესკიზი ტენდერიდან
ამ ხიდის მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცალკე ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველი არ შედგა, მეორე ტენდერი კი, შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ჩანს – „ამხანაგობა მეგობრობის ხიდი“.
ამ ამხანაგობაში კი, შპს „საბა კონსტრაქშენიც“ შედის.
ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 20 სექტემბერს დასრულდა, ამიტომ ჯერ უცნობია გამოავლენენ თუ არა ამ ამხანაგობას გამარჯვებულად.
ამასთან, ტენდერი გამოცხადებულია პრეისკურანტით, ამიტომ, რა თანხა დაიხარჯება ხიდის მშენებლობაზე, ეს გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოჩნდება.
ხიდის მშენებლობის ვადა, პირობის მიხედვით, ასეა განსაზღვრული: „ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღე – დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხოლო შემდეგი 7 თვე – სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.“
ბათუმში, შარტავას გამზირზე ხეივნების რეაბილიტაცია და საფეხმავლო ხიდების მშენებლობა, განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდში, მიმდინარე წლის დასაწყისში, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ცალკე ბათუმის პროექტის ღირებულება 10 მილიონ 600 ათასი ლარია.“
ამავე თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/423678/