მთავარი,სიახლეები

ხულოში 4 სკოლა ინგლისური ენის სერტიფიცირებულ მასწავლებელს ეძებს

18.01.2023 • 3003
ხულოში 4 სკოლა ინგლისური ენის სერტიფიცირებულ მასწავლებელს ეძებს

ხულოს მუნიციპალიტეტის 4 სოფლის – ვერნების, ბაკიბაკოს, რაქვთასა და საციხურის საჯარო სკოლები ინგლისური ენის სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ეძებენ.  სკოლებმა ვაკანსიები ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადეს, თუმცა აქ ინგლისური ენის მასწავლებლები ამ დრომდე არ ჰყავთ.

ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ მიქელაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მიუხედავად ამ ფაქტისა, სკოლებში ინგლისური ენის გაკვეთილები არ ცდება. მისი თქმით, სოფელ ვერნების საჯარო სკოლას ინგლისური ენის ერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავს, თუმცა მას საგაკვეთილო საათების სრულად შეთავსება უჭირს, რადგან ახალი დადგენილებით მასწავლებელს მაქსიმუმ 25 საათი უნაზღაურდება, სკოლას კი 31-32 ინგლისური ენის საგაკვეთილო საათი აქვს.

დანარჩენ სამ სკოლაში კი ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი საერთოდ არ ჰყავთ.

„ვაკანსიები წარმოიშვა, რადგან სერტიფიცირებული პედაგოგები არ გვყავს და [საგაკვეთილო საათები] დროებით შევუთავსეთ ისევ იმ პედაგოგებს, რომლებსაც სერტიფიცირება ამ ეტაპზე არ აქვთ. ვაკანსია მიმდინარეა და თუ გამოჩნდება უფროსი ან წამყვანი მასწავლებელი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, შეგვიძლია, რომ ავიყვანოთ ეს მასწავლებლები“, – ამბობს ედუარდ მიქელაძე.

მისი თქმით, ხულოს საჯარო სკოლებში ახლა, ძირითადად, ინგლისური ენისა და ფიზიკის პედაგოგების პრობლემა დგას. ხულოს 2 საჯარო სკოლას აქვს ვაკანსია გამოცხადებული ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

„ვეძებთ სერტიფიცირებულ პედაგოგებს, მაგრამ სადაა?! მსგავსი სიტუაცია მხოლოდ წელს არ არის. გასულ წელსაც იგივე სიტუაცია იყო, იმის წინა წელსაც და ზოგადად, ყოველთვის ასეთი სიტუაციაა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში.

პედაგოგების დიდი ნაწილი, ვისაც სერტიფიცირება აქვს, ვინც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო, ქალაქში მიდის. ურჩევნიათ იმუშაონ დიდ ქალაქებში, ვიდრე, ვთქვათ, მაღალმთიან რეგიონებში. ერთ-ერთი მიზეზი არის ეს და ჩემი აზრით, ერთადერთიც“, – ამბობს ედუარდ მიქელაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: