მთავარი,სიახლეები

„ვაგნერი“ რუსეთში იურიდიულ პირად დარეგისტრირდა – ბრიტანეთის დაზვერვა

20.01.2023
„ვაგნერი“ რუსეთში იურიდიულ პირად დარეგისტრირდა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 20 იანვრის ანგარიში რუსეთში „ვაგნერის“ დაჯგუფების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2022 წლის 27 დეკემბერს, რუსეთის ერთიან სახელმწიფო რეესტრში „ვაგნერის“ მარიონეტული გასამხედროებული დაჯგუფება იურიდიულ პირად დარეგისტრირდა.

ამ იურიდიული პირის სახელწოდება შეიცავს სიტყვას – „ცენტრი“ [ЧВК Вагнер Центр], უკრაინაში მებრძოლ არაფორმალური დაჯგუფებას კი მოიხსენიებენ, როგორც ЧВК Вагнер. 

ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, დაჯგუფებას კომპანიის რეგისტრაციისას საქმიანობის ძირითად სფეროდ „მენეჯმენტის კონსულტაცია“ აქვს მითითებული და საბრძოლო სერვისი ნახსენები არაა.

კერძო სამხედრო კომპანიების შექმნა რუსეთში კვლავაც არალეგალურია, მიუხედავად კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებული გაჭიანურებული დისკუსიებისა. შესაბამისად, ბრიტანელი დაზვერვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ არ არის ნათელი, რა დონეზე იქნება ЧВК Вагнер Центр-ი გამოყენებული „ვაგნერის“ გასამხედროებული აქტივობების ადმინისტრირებისთვის.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ცნობით, „ვაგნერის“ მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა, ორგანიზაცია, სავარაუდოდ, ნაწილობრივ თავისი სხვა კომპანიების მიერ მიღებული სახელმწიფო კონტრაქტების მეშვეობით დააფინანსა.

„ვაგნერის“ დაჯგუფების ოფიციალური რეგისტრაცია, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ტრადიციულად გაუმჭვირვალე დაჯგუფების საჯარო იმიჯის გასაოცრად სწრაფი განვითარების გაგრძელებაა: პრიგოჟინმა მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში აღიარა თავი „ვაგნერის“ დამფუძნებლად, ოქტომბერში კი გაპრიალებული სათავო ოფისი გაუხსნა სანქტ-პეტერბურგში.

როგორც ბრიტანული დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფება უკრაინაში 50 ათასამდე მებრძოლს ხელმძღვანელობს და ამ ომის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს.

„სავარაუდოდ, რეგისტრაცია, პრიგოჟინის კომერციული მოგების მაქსიმალიზებასა და მზარდი ცნობადობის მქონე ორგანიზაციის დამატებით ლეგიტიმაციას ემსახურება“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 20 იანვრის ანგარიშში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: