აჭარის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ბათუმში ცხოვრობს – სტატისტიკა

საყოველთაო აღწერის დაზუსტებული მონაცემებით აჭარაში 402 929 ადამიანი ცხოვრობს, აქედან ნახევარზე მეტი – 235 668 ადამიანი ცხოვრობს ბათუმში. ანუ აჭარის მთლიანი მოსახლეობის 58,4 პროცენტი.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, საქსტატის მიერ დაზუსტებული მონაცემები ასეთია:

  • ქედის მუნიციპალიტეტი – 14 697 ადამიანი
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი – 74 027
  • შუახევის მუნიციპალიტეტი  – 11 104
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – 51 091
  • ხულოს მუნიციპალიტეტი – 16 342

ამავე დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 0,4 პროცენტით [15 581-ით] მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ [3 914 000 კაცი] წინასწარ მონაცემთან შედარებით. აქვე აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის რიცხოვნობა იყო 3 704 500.

აღწერის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტი [2 048 577 კაცი] ქალია, ხოლო 48 პროცენტი [1 881 004 კაცი] – კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და შეადგენს 54 პროცენტს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში და შეადგენს 49 პროცენტს.

აღწერის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით აჭარაში 402 929 ადამიანიდან 196 771 კაცი და 206 158 ქალი ცხოვრობს. წინასწარი შედეგებით კი, რომელიც 2025 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა, აჭარაში 401 100 ადამიანიდან 193 700 კაცი, ხოლო 207 300 ქალი იყო.

„საქართველოში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები“ – წერს საქსტატი.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერის საბოლოო, დეტალური შედეგები [მათ შორის ეროვნებისა და მოქალაქეობის მიხედვით] გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისის ბოლოს.

საქართველოს მოსახლეობა რეგიონების მიხედვით – 2024 წლის საყოველთაო აღწერის დაზუსტებული მონაცემები / წყარო: საქსტატი

ამავე თემაზე:

რატომ მიდიან ქართველები ქვეყნიდან და რატომ მოდიან რუსები საქართველოში – ეს სახიფათოა?

„ჩემ გარშემო გოგო-ბიჭების 70%-ი ვერ ვქმნით ოჯახს“ – ქალები რეალურ მიზეზებზე, რატომაც შემცირდა შობადობა

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტესად წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15– 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 7 –12 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 24 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 25-26 აპრილს კი ბათუმში გამოიდარებს.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი მოქალაქე ბათუმში დააკავეს.

შსს-ს მიერ დღეს, 22 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ძებნილი ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლოებმა დააკავეს.

დაკავებული თურქეთის მოქალაქეა და იგი ძალადობის გამოყენებით ფულადი თანხის გატაცების ბრალდებით იძებნებოდა.

ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 321 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 885 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 436 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 40 516 ერთეული [+38]
  • MLRS – 1 749 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 350 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 251 489 ერთეული [+1 026]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 549 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 90 925 ერთეული [+162]
  • სპეცტექნიკა – 4 132 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

შოიგუ ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ემუქრება, რა არის ევროპის პასუხი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

კორუფცია – რატომ ვერ ხედავს მერია უკანონო რესტორანს და მდიდარი სტუმრების ავტომანქანებს ბულვარში

ბათუმის ბულვარში 20 ავტომანქანით შესვლის ამბის გახმაურების შემდეგ, აჭარის მთავრობამ გამოაქვეყნა კლიპი, სადაც მოქალაქეებს უამბობენ, თუ რა სამუშაო გასწიეს ქალაქის მთავარი სარეკრეაციო სივრცის იერ-სახის მოსაწესრიგებლად. ამავე კლიპის მიხედვით, ბულვარში ამ დროისთვის ასამდე კომერციული ობიექტი დაანგრიეს: მათ შორის მცირე კომერციული ობიექტი, გასართობი სივრცეები, რესტორნები და ე.წ. ბრენდირებული სანაპიროები.

დღემდე ფუნქციონირებს რესტორანი G17, მიუხედავად იმისა, რომ ისიც უკანონოა. ეს რესტორანი ახალი ბულვარის სანაპიროზე, ხიმშიაშვილის ქუჩის #13-ის მიმდებარედაა.

როგორ აგრძელებს რესტორანი G17 მუშაობას სანაპიროზე ვადაგასული საიჯარო ხელშეკრულებით, მაშინ, როცა იმავე მიზეზით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ბულვარში 50-მდე კომერციული ობიექტი დაანგრია? – მერიაში ამ კითხვას დუმილით უპასუხეს.

რესტორნის მფლობელ კომპანიას საიჯარო ხელშეკრულების ვადა 2024 წელს გაუვიდა, თუმცა ის დღემდე შეუფერხებლად მუშაობს. დაზუსტებით არც ის ვიცით, შეესაბამება თუ არა შენობა და პირსი სანაპიროზე ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის მიერ დამტკიცებულ სანებართვო პირობებს.

რესტორნის შესასვლელი

როგორ ახერხებს რესტორნის მფლობელი კომპანიის, შპს „გთემ ჰოსფითალითი გრუპის“ მფლობელი ბიზნესმენი, ედნარ პაპუნაიშვილი ბულვარში უკანონოდ მუშაობას. ამ საკითხზე მერიისა და მისი ქვემდებარე სტრუქტურების დუმილი აჩენს კითხვებს დიდი ფულის ძალასა და კორუფციაზე. 

ვისაც ბერკეტი აქვს, აგვარებს – დაახლოებით ასე ახსნა ბათუმის მერიის ქალაქმშენელობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ედნარ პაპუნაიშვილის სხვა ობიექტთან დაკავშირებული ცვლილება ბულვარის გენგეგმაში. ვისაც „ბერკეტი“ არ ჰქონდა, დაანგრიეს.

ჩვენს კითხვებს არც რესტორნის მფლობელი კომპანიის დირექტორმა უპასუხა, დაგვპირდა: „ახლა არ მცალია და დაგირეკავთ“ , თუმცა უშედეგოდ.

ამის პარალელურად, ამ დრომდე არც ერთი უწყებიდან, რომლებსაც ბულვარის, როგორც სარეკრეაციო სივრცის დაცვა ევალებათ, არ მოგვისმენია რაიმე სახის განცხადება შესაბამისი პირების პასუხისმგებლობაზე, ვისაც ბულვარში ავტომანქანების შესვლა არ უნდა დაეშვა.

ამ ამბავს საჯაროდ არც მერიის მაკონტროლებელი ორგანოდან, საკრებულოდან გამოხმაურებია ვინმე.

როგორ მოხდა, რომ ბულვარში 20 ავტომანქანა შევიდა ისე, რომ ადმინისტრაციამ კანონდარღვევა ვერ აღკვეთა, ასე იცავს ბულვარს ახალი პოლიციელი ხელმძღვანელი?

 

 

ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდებიან მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები ბულვარში, 19 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, მოქალაქემ გადაიღო და გაავრცელა. ამ ვიდეოს მიხედვით ირკვევა, რომ ავტომანქანებით ბულვარში რესტორან G17-ის სტუმრები გადაადგილდებიან.

რამდენიმე ავტომანქანას აქვს სასტუმროს და კაზინო „ბილიონერის“ ლოგო.

ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები წერდნენ, რომ ბულვარში რიგითი ადამიანი ავტომანქანით შესვლას ვერ შეძლებს და ამის გაკეთება მხოლოდ „დიდი ფულისა და გავლენის მქონეს შეუძლია“.

ბულვარში ავტომანქანების ესკორტის შესახებ განცხადება ბულვარის ადმინისტრაციამ 20 აპრილს გაავრცელა. ამ განცხადებაში განმარტეს, რომ „ბულვარის ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა სამართალდარღვევის დაფიქსირება. ინფორმაცია შს სამინისტროს გადაეგზავნა და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – ყველა პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.“

როგორც „ბათუმელებს“ შს სამინისტროში უთხრეს, მძღოლები 100-100 ლარით დააჯარიმეს. ამ განცხადებაში განმარტებული არ არის, როდის დააფიქსირეს დარღვევა, მას შემდეგ, რაც ის მოქალაქემ გადაიღო და მედიით გავრცელდა, თუ მანამდე?

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბულვარში ავტომანქანით შესვლას რიგითი მოქალაქე გადაწყვეტს, უფლებამოსილი პირი მხოლოდ დააფიქსირებს ამას და გადასცემს შს სამინისტროს რეაგირებისთვის? – აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ იქვე საპატრულო ეკიპაჟიც იმყოფებოდა. კადრში კარგად ჩანს, რომ პოლიცია ადგილზეა და არ რეაგირებს. პირიქით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ავტომანქანებში მყოფების უსაფრთხოებას იცავენ.

ბულვარში სასწრაფო დახმარების მანქანის შესვლასაც კი ყოველთვის აკონტროლებს პოლიცია, რა მოხდა ამ შემთხვევაში? – ამაზე პასუხი არავის გაუცია.

რესტორანი G17 ბულვარის სანაპიროზე მათ შორისაა, რომლის იერ-სახე და მასშტაბი ბათუმის ბულვარის გენგეგმას არ შეესაბამება. თუმცა კითხვაზე – არის თუ არა რაიმე სახის ადმინისტრაციული წარმოება მერიაში ამ რესტორანთან დაკავშირებით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში არ გვიპასუხეს.

კანონიერია თუ არა ამ რესტორნის შენობა სანაპიროზე, მოქმედია თუ არა საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც კომპანიას მერიასთან აქვს გაფორმებული? – ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ პასუხი ბათუმის მერიაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიას ამ კონკრეტულ ნაკვეთზე მოქმედი საიჯარო ხელშეკრულება არ აქვს. ამას ადასტურებს დოკუმენტებიც. ჩვენთვის ცნობილია, რომ 2024 წელს ბათუმის მერიამ იჯარის შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრს, თუმცა პროცედურის დასრულება ვერ შეძლო. 

გადაწყვეტილების დასაბუთებაში ვკითხულობთ, რომ განცხადებას, რომლითაც მერიამ რეესტრს მიმართა, თან ახლდა იჯარის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი რეესტრმა ერთი მიზეზით დაიწუნა: ელექტრონულად არის ხელმოწერილი და მისი გადამოწმება ვერ ხერხდებაო.

იმავე დოკუმენტში რეესტრი განმარტავს:

„მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან განცხადებას თანდართული დოკუმენტი/ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, დაინტერესებული პირის განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა უძრავი ნივთის იდენტიფიკაციის საშუალებას ან არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები“.

ზემოთ ნახსენები წუნის გამოსწორება მერიას უმოკლეს ვადაში შეეძლო, თუმცა აღარ უცდია – ადმინისტრაციული წარმოება აღარ განაახლა. მერიამ რეესტრს აღარ მიმართა.

ადგილი, სადაც ახლა რესტორანი G17 მდებარეობს, ბათუმის მერიამ რესტორნის მფლობელ კომპანიას შპს „გთმ ჰოსპიტალითი ჯგუფს“ საიჯარო წესით 2019 წელს ხუთი წლის ვადით გადასცა. 2024 წლის ივლისში, როცა მერიამ რეესტრს მიწის ნაკვეთის საიჯარო შეთანხმებიდან გათავისუფლება მოსთხოვა, ეს ვადა გასული იყო.

რესტორანი G17

თუ კომპანიას ხელშეკრულებას გაუგრძელებდნენ, ეს რეესტრში უნდა აესახათ, თუმცა 2024 წლის მცდელობის შემდეგ ამონაწერი განახლებული არ არის.

G17-ის მფლობელი კომპანია შპს „გთემ ჰოსფითალითი გრუპია“. ეს კომპანია მილიონერ ბიზნესმენს, ედნარ პაპუნაიშვილს ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის ასევე შპს „ხიდი 2006“, რომელიც ფლობს კაფე „სანრემოს“ ბულვარის სანაპიროზე.

„სანრემოს“ შენობა პირსის ჩათვლით [1416,7 კვ.მ] და მიმდებარე ტერიტორია [11 138 კვ.მ] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა – ეს ქონება 2067 წლამდე იჯარით აქვს აღებული კომპანია „ხიდი 2006“-ს. ამ კომპანიის 100% წილი ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წელს შეისყიდა და კომპანიას დღემდე თავად ფლობს. ბათუმის მუნიციპალიტეტმა კომპანიას ქონება 49-წლიანი იჯარით 2018 წლის მაისში გადასცა.

30 მარტს საკრებულომ „სანრემო“ ბათუმის ბულვარის გენგეგმაში ასახა, როგორც არსებული ობიექტი, თუმცა შენობა ჯერ დასრულებული არ არის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, უკანონო რესტორანთან – G17-თან მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებდნენ სახელმწიფო უწყებები და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები.

პატიმარი წამალს ითხოვს და ამის გამო კვირაზე მეტია შიმშილობს ლაითურის ციხეში – ადვოკატი

„მისთვის აუცილებელი ფსიქოტროპულ მედიკამენტის დანიშვნას მსჯავრდებული თვეზე მეტია ითხოვს… ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილი მოპყრობის გამო, მსჯავრდებული ერთ კვირაზე მეტია შიმშილობს პროტესტის ნიშნად,“ – ამბობს ადვოკატი ნესტან ანანიძე. იგი ერთ-ერთი პატიმრის ინტერესებს იცავს, რომელიც ლაითურის პირველ დაწესებულებაშია მძიმე ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ადვოკატი განმარტავს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმარს საჭირო დოზით მედიკამენტებს არ უნიშნავს, პატიმარს აქვს დანიშნული კონკრეტული მედიკამენტები, რომელსაც არასაკმარისი რაოდენობით აძლევენ. ის იღებს მხოლოდ დილის დოზას, თუმცა მას ესაჭიროება ასევე საღამოს იგივე ოდენობით წამლის მიღება. პატიმარი სწორედ ამ გრაფიკით იღებდა მედიკამენტებს ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში, ვიდრე გადმოიყვანდნენ ლაითურის N1 პენიტენციურ დაწესებულებაში.

პრობლემის მოგვარების თხოვნით ადვოკატს 2026 წლის 8 აპრილს მიუმართავს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის, მაგრამ ადვოკატს პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია. 16 აპრილს ციხეში მისულ ადვოკატისთვის კიდევ უფრო მეტად დაუძლურებულ პატიმარს უთქვამს, რომ მან თვითმკვლელობაც სცადა.

„… მითხრა, რომ ჩაამსხვრია სარკე და თავის დაზიანებას აპირებდა, რა დროსაც საკანში შევიდნენ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. ამის მიზეზი არის ლაითურის N1 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოხატული გულგრილობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმა.

მას კვლავ აღენიშნება შფოთვა და უძილობა, ღამის განმავლობაში სძინავს მხოლოდ ოთხი საათის განმავლობაში. აქვს ნევროზი და ფსიქოლოგიურად აღგზნებულია, რაც მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ აგრესიაშიც გამოიხატება. მისი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, არაერთხელ ითხოვა წამლის დოზის გაზრდა, დილით და საღამოს ერთი და იგივე დოზის მიღება, რაზეც უარი უთხრეს.

ამის ნაცვლად სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულს სთავაზობს სხვა წამლის მიღებას, რომელიც იწვევს კუნთების მოდუნებას და არა რეალურად ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ასევე, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ეხმარებოდა კვირაში ორჯერ სავარჯიშო დარბაზში ვიზიტი, რაზეც უკვე აღარ რთავენ ნებას და შესაბამისად შეზღუდული აქვს სოციალური აქტივობებით დაკავების შესაძლებლობაც. პატიმრის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაამძიმა შემთხვევამ, როდესაც მას ოჯახის წევრების მიერ მიწოდებული ტანსაცმელი შეუტანეს აშკარად განზრახ დაზიანებულ მდგომარეობაში. ტანსაცმლის გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილი მოპყრობის გამო, მსჯავრდებულმა ერთ კვირაზე მეტია დაიწყო შიმშილობა პროტესტის ნიშნად, იგი იღებს მხოლოდ წყალს, უარს აცხადებს ექიმების მომსახურებაზე. უკვე უჭირს მეტყველება, მოძრაობა, ფეხზე დგომა, აქვს თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე.

ასევე, მსჯავრდებული გადაიყვანეს სპეციალურ საკანში მარტო.

იგი ითხოვს სათანადო მოპყრობას ადმინისტრაციის მხრიდან, მედიკამენტების დანიშვნას ფსიქიატრის მხრიდან შესაბამისი დოზით და იუსტიციის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან N1 პენიტენციური დაწესებულების ფსიქიატრის მიმართ მის მიერ განხორციელებული გადაცდომების თაობაზე სათანადო რეაგირებას,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც 20 აპრილს მიუწერია ადვოკატს  სახალხო დამცველისთვის.

ომბუდსმენისთვის ადვოკატისგან გაგზავნილი წერილში ვკითხულობთ იმასაც, რომ პატიმარი ფსიქიატრს მოთხოვნიდან ერთი კვირის შემდეგ შეახვედრეს, ასევე ის, რომ ექიმი პატიმარს არ უთმობს საკმარის დროს.

ადვოკატის თქმით, ფსიქიატრმა მსჯავრდებულს დაუდასტურა, რომ მას ნამდვილად სჭირდება დამატებით დოზა.

„თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო არ აწვდის მათ წამლებს, რათა დაუნიშნოს პაციენტს ისე, როგორც ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში იღებდა. მოცემული გარემოებები მსჯავრდებულის ფსიქოლოგიურ და მენტალურ ჯანმრთელობას კიდევ უფრო ამძიმებს და აუარესებს, იმატებს შფოთვის დონეც, რაც ადვოკატისთვისაც გარეგნული შეფასებით თვალხილულია.

მსჯავრდებულს აშკარად და ნამდვილად ესაჭიროება მედიკამენტების დოზის გაზრდა თუმცა ფსიქიატრისა თუ სამინისტროს მხრიდან არ ხდება სათანადო რეაგირების,“ – აღნიშნულია წერილში.

პატიმარს ადვოკატისთვის მოუყოლია თანამესაკნის ისტორიაც, რომელიც ასევე ითხოვდა წამლების დანიშვნას, მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს და თავის დაწვა სცადაო.

„ნათელია, რომ იგნორირებულია მსჯავრდებულის რეალური საჭიროებები და ეს გრძელდება ერთი თვის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ რეაგირება უნდა იყოს დაუყოვნებლივი და სასწრაფო, რათა კიდევ უფრო არ დამძიმდეს მდგომარეობა,“ – აცხადებს პატიმრის ადვოკატი, ნესტან ანანიძე.

„ეს არის უზნეო განცხადება“ – ინტერვიუ უსახლკარო ქალის მიმართ აჭარის მთავრობის პასუხზე

„წასასვლელი არსად მაქვს, ღია ცის ქვეშ ვარ, არ ვიცი, სად წავიდე“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი. ის უსახლკარო ქალია და მარტოხელა დედა, ნაქირავებში ცხოვრობს მცირეწლოვან შვილთან ერთად და „ოცნების“ მთავრობისგან ბინით დაკმაყოფილებას უშედეგოდ ითხოვს.

გუშინ, 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც მზია მეგრელიშვილი ისევ მივიდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, აჭარის მთავრობის პრესცენტრში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ „მზია მეგრელიშვილს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2023-2026 წლებში მიღებული აქვს, ჯამში, 13 800 ლარი.“

მაშინ, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი მარტო 1 თვეში 13 600 ლარია.

„როცა ამდენი უსახლკაროა და უსახლკარო ქალს უთვლი, რომ თურმე იმდენით დაეხმარა სახელმწიფო 2023-2026 წლებში ჯამურად, რა ხელფასსაც შენ მარტო 1 თვეში იღებ, ეს არის უზნეობა, რადგან შენ ხარ პასუხისმგებელი ადამიანების, ამ ქვეყნის მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე.

…ერთეული ადამიანები გამდიდრდნენ კორუფციული გზებით. ეს მივიღეთ ნაცვლად იმისა, რომ ბათუმის მერიის საბინაო ფონდი გაიზარდა და ქალაქს შეეძლო უსახლკაროების პრობლემები გადაეწყვიტა,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი. მასთან „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო გიორგი, რას აჩვენებს თქვენთვის აჭარის მთავრობის განცხადება, რომ „აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2023-2026 წლებში მიღებული აქვს ჯამში 13 800 ლარი“ უსახლკარო ქალს და მარტოხელა დედას? ამ დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 1 თვის ხელფასი 13 600 ლარია. 

ეს არის უზნეო განცხადება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თუ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ხელფასები დავაჯამოთ: რა აქვთ ჯამში აღებული და ვნახავთ, რამხელა იქნება სხვაობა. ვიღაცები წელიწადში 100 000 ლარზე მეტს იღებენ და სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ ქალს, რომელსაც ბინა არ აქვს, სამი წლის განმავლობაში რა შემწეობაც კი მიუღია სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურიდან, ამ თანხებს უთვლიან.

ამ ყველაფერს ვუყურებთ და ამ დროს ივანიშვილი და მისი გარემოცვა გვეუბნება, რომ ქვეყანაში თურმე ეკონომიკური ბუმია, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ და ამდენი უსახლკარო გვყავს ქვეყანაში. გაზრდილია სოციალურად დაუცველების რაოდენობა, შრომისუნარიანი ადამიანები უბრალოდ გარბიან ქვეყნიდან, რომ ოჯახები არჩინონ.

ამით ჩანს, რომ თუკი რამე ეკონომიკური აქტივობა არსებობს, ერთეულების ჯიბეში მიდის. ეს აისახება ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეულ და მაქსიმუმ ასეულ ოჯახზე. სოციალური უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო ღრმავდება.

გიორგი კირთაძე

რაც შეეხება საბინაო პრობლემებს, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ ქალაქში შუქი და წყალი არ იყო, თავის დროზე ბათუმის მერიას, აჭარის მთავრობას საბინაო ფონდი ჰქონოდა და ამით, პირველ რიგში, ასეთ მოწყვლად ადამიანებს ეხმარებოდა.

მაგრამ დღეს ყველა კარგად ვხედავთ, რომ პრობლემების მოგვარების ნაცვლად, როგორ არის შესული კორუფციულ გარიგებებში „ქართული ოცნების“ სხვადასხვა თანამდებობის პირი.

  • რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როგორ მოძრაობდნენ ბათუმის ბულვარის პრომენადზე ავტომანქანები. თქვენი აზრით, ეს შემთხვევაც აჩენს კითხვას კორუფციაზე? 

ეს შემთხვევა, მათ შორის და კიდევ ბევრი სხვა შემთხვევა აჩვენებს იმას, თუ როგორ უყურებს ბიძინა ივანიშვილის  გარემოცვა ამ ქვეყანაში საკუთარ როლს. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ სხვანაირად უნდა ცხოვრობდნენ, სხვანაირად უნდა ეტყობოდეთ ფინანსური შესაძლებლობები, ხოლო დანარჩენი საზოგადოება მათ უნდა ემსახურებოდეს.

სხვაობა მეტი რა შეიძლება: როცა ბულვარში ღამის 3 საათზე მივიდნენ და ბარები დაუმსხვრიეს ხალხს ისე, რომ არც კი შეეკითხნენ, მეორე მხრივ, იმავე ბულვარში ავტომანქანებით კაზინოდან მილიარდერები მიჰყავთ…

თავგასულობას და უტიფრობას, ყველაფერს ერთად აჩვენებს ეს ფაქტი, რაც ბულვარში ვნახეთ.

კორუფციის რისკები ბათუმში ყოველი ფეხის გადადგმაზე გვაქვს: ხან ავტომანქანა ჩავარდება უხარისხოდ დაგებულ გზაზე, ხან ადამიანი აივანზე გამოდის და უცებ ხვდება ამოშენებული ყრუ კედელი. ასეთი გადაწყვეტილების და მავნებლობის უკან წარმოუდგენელია არ იდგეს კორუფცია.

  • თქვენ ახსენეთ სოციალური უთანასწორობა. უთანასწორობაა, როცა ხელფასი გაქვს თვეში 13 600 ლარი, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ამ დროს შესაბამისი პროგრამების შემუშავების ნაცვლად, უსახლკარო ქალს უჯამებ, 4 წელიწადში სულ 13 800 ლარი მოგეცითო? 

რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია, რამხელაა სხვაობა ელიტას და დანარჩენს საზოგადოებას შორის.

მაღალი ხელფასი საჯარო სამსახურში კარგია და მისასალმებელი, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ უნდა ჯდებოდეს გონივრულ ფარგლებში? ევროპის ქვეყნებშიც მაღალია თანამდებობის პირის ხელფასი, მაგრამ იქ არის შესაბამისი სოციალური პროგრამები. ევროპის ქვეყნებში წარმოუდგენელია ამხელა სხვაობა საზოგადოებას და არჩეულ, თუ დანიშნულ საჯარო მოხელეს შორის.

როცა ქვეყანაში იქნება ღირსეული პენსია, როცა სოციალური მდგომარეობა იქნება იმგვარი, რომ შესაძლებელი იქნება ასეთი მაღალი ხელფასების არსებობა, მაშინ ბუნებრივია კარგი ანაზღაურება თანამდებობის პირისთვის.მაგრამ როცა ამდენი უსახლკაროა და უსახლკარო ქალს უთვლი, როგორ დაეხმარა სახელმწიფო და თურმე იმდენით დაეხმარა 2023-2026 წლებში ჯამურად, რა ხელფასსაც შენ 1 თვეში იღებ, ეს არის უზნეობა, რადგან შენ ხარ პასუხისმგებელი ადამიანების, ამ ქვეყნის მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე.

აჭარის მთავრობა ვალდებულია შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, სამინისტროები იქნება ეს თუ საქვეუწყებო დაწესებულებები, შეიმუშაოს იმგვარი პროგრამები, რომელიც ასეთი პრობლემების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. „იაფი სახლის“ პროგრამა იყო და უბედურება დაემართათ, საბინაო ფონდზე თუ ვილაპარაკებთ, ერთი მხრივ, ჩაგვიბეტონეს ქალაქი და დაამახინჯეს საუკუნოდ, რადგან ამის გამოსწორება უძნელესი ამბავი იქნება, მეორე მხრივ, ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ერთეული ადამიანები გამდიდრდნენ კორუფციული გზებით.

ეს მივიღეთ ნაცვლად იმისა, რომ ბათუმის მერიის საბინაო ფონდი გაიზარდა და ქალაქს შეეძლო უსახლკაროების პრობლემები გადაეწყვიტა.

  • „ოცნება“ განიხილავს, რომ ოზთურქისთვის საპროცესო შეთანხმების შედეგად ჩამორთმეული კორპუსები გადასცეს უსახლკაროებს, თუმცა უცნობია, შეხვდება თუ არა ბინა სოცდაუცველ ადამიანებს, მარტოხელა დედებს… რამდენიმე უსახლკარომ გვითხრა, რომ 2028 წელს აპირებს „ოცნება“ ბინების დარიგებას, ანუ საარჩევნო წელს. 

ისე, როგორც ეს ვნახეთ „ოცნების ქალაქში“ – ჩვენი ფულით აშენებული სახლების გადაცემას სპეციალურად არჩევნებს ამთხვევდნენ. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც იმავეს გააკეთებენ.

ვიდრე ოზთურქს დალაგებული ჰქონდა საქმე „ოცნებასთან“, ყველას გვახსოვს, რომ არაფერი ხდებოდა – არ შეუჩერებიათ უკანონო მშენებლობა ქალაქში. მთელ ქალაქში იყო პროტესტი და ამის მიუხედავად მშენებლობა გრძელდებოდა.

  • თქვენ რომ იყოთ მთავრობაში, რას გააკეთებდით და რა ფინანსური შესაძლებლობებით? 

გამოსავალი არის საბინაო ფონდი, რაც ახლა აქვს მერიას, რომელსაც სჭირდება სწორად გამოყენება. სწორად გაწერილი კრიტერიუმებით შესაძლებელია ამ ადამიანების დაკმაყოფილება, რომლებიც ახლა უკიდურესად რთულ მდგომარეობაში არიან.

მთავრობის ეფექტური მუშაობით ეს პრობლემები დაძლევადია. ვერ ვიტყვით, რომ ამის შესაძლებლობა არ აქვს ქალაქს და რეგიონს. ყველა კარგად ვხედავთ, რა მასშტაბის მშენებლობებია ქალაქში. თუ ამ ყველაფერს გამოვაკლებთ კორუფციულ ინტერესებს და შემუშავებული იქნება შესაბამისი პროგრამები, ამ ადამიანების დახმარება შესაძლებელია.

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი აღარ არის, ის სახელმწიფო მინისტრი ხდება

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი აღარ იქნება. მას ამ თანამდებობაზე გეკა გელაძე ჩაანაცვლებს – შს უკვე ყოფილი მინისტრი.

საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს, 21 აპრილს, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე,“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე ასევე იქნება ვიცე-პრემიერი.

„სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას, შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა ხვალამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. გვინდა ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტი მიიღოს მომავალ სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სხვა საკადრო ცვლილებების შესახებ, ნახეთ აქ.

 

სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

ეს ინფორმაცია დღეს, 21 აპრილს გახდა ცნობილი ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგზე.

სულხან თამაზაშვილმა თანამდებობაზე 1 წელი გაატარა.

ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2025  წლის 7 აპრილს დაამტკიცეს.

არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობა დაამტკიცა

 

„ივანიშვილი ტესტავს, რამდენად მისაღებია პროცესებში მისი შვილის ჩართვა“ – ინტერვიუ

„რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს არ უნდა მომხდარიყო“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა, 18 აპრილს „ოცნების“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას. მისი თქმით, პოლარიზაციიდან გამოსავალი დიალოგი, „ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაა“.

თუმცა, ამ განცხადების პარალელურად, არ შეცვლილა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა რიტორიკა განსხვავებული აზრის დევნაზე.

რის მიღწევას ცდილობს ივანიშვილი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა სამოქალაქო აქტივისტს და პროპაგანდის მკვლევარს, შმაგი სამხარაძეს.

  • ბატონო შმაგი, ივანიშვილის უმცროს შვილს, ცოტნეს, ახალგაზრდებთან შეხვედრა მოუწყვეს, სადაც მან თქვა, რომ გმობს ძალადობას და ახსენა დიალოგი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი და რის მიღწევას ცდილობს ივანიშვილი, თქვენი აზრით?

ჩვენ ვნახეთ, რა ფონზეც გააკეთა ცოტნე ივანიშვილმა ეს განცხადება, როცა მის გვერდით ისხდნენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ ქმედებებში და ამ ძალადობას სჩადის „ქართული ოცნების“ ე.წ ხელისუფლება. ივანიშვილის შვილი კი ამ ყველაფერს ხედავს და რას აკეთებს? თითქოს გმობს ძალადობას, მაგრამ საზოგადოებისგან ეს ვერ იქნება სერიოზულად აღქმული.

საზოგადოებისგან მართლაც მოდის მოთხოვნა, რომ ახალგაზრდები ჩაერთონ პოლიტიკაში და ახლა, როგორც ჩანს, ივანიშვილი ტესტავს, რამდენად იქნება მისაღები ახალგაზრდებისთვის ამ პროცესებში მისი შვილის ჩართვა. ალბათ ჩათვალეს, რომ ყველაზე დიდი ფიგურა, ვინც ამ მესიჯს გაავრცელებდა, ივანიშვილის ვაჟია.

ჩვენ ვიცნობთ სხვა მმართველებსაც, რომლებიც დიდხანს არიან ხელისუფლებაში და გვერდით იყენებენ საკუთარ შვილებს. ლუკაშენკოსთანაც ვხედავდით მის ვაჟს, თუმცა ბოლო დროს გვერდზე გასწია. რაღაც ამის მცდელობაა, ასე დავინახე მე ეს.

  • გულწრფელია ცოტნე ივანიშვილი, როცა ამბობს, რომ ძალადობას გმობს?

ადამიანების უმრავლესობას ეჭვი ეპარება მის გულწრფელობაში. თუმცა, ზოგადად, ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც იტყვის, რომ ძალადობას გმობს, ეს საზოგადოებაში აღიქმება დადებითად. მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, როცა ვიხილეთ, რა სისასტიკე და ძალადობა ხდებოდა ამ ორი წლის განმავლობაში ქუჩებში.

ბერა ალბათ იმიტომ არ გამოიყვანეს, რომ ყველას ახსოვს ღარიბაშვილთან საუბრის ის ჩანაწერი, როცა მის თანატოლთან ანგარიშსწორებას სთხოვდა. ამიტომ, ჩათვალეს, რომ ცოტნე, რომელიც აქამდე არსად ჩანდა, გამოადგებათ ამ პროცესში. ისიც ვნახეთ, როგორ აიტაცეს „ოცნების“ პროპაგანდისტებმა, რომ აი, რა კარგია, რომ ივანიშვილის შვილი საუბრობს ამ ყველაფერზეო.

  • თუმცა, როცა კითხვა დაუსვეს, თუ რა ფორმით დაგმო ძალადობა, მან თავი აარიდა პასუხს. 

დიახ, რა თქმა უნდა. მის გულწრფელობას მაშინ დავიჯერებდით, ამ ყველაფერს რომ მოჰყოლოდა, მაგალითად, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. თუმცა ვხედავთ, რომ დიალოგის შემოთავაზების პარალელურად კვლავ აგრძელებენ პარტიების აკრძალვაზე საუბარს და ანტიდასავლურ რიტორიკას.

რომ გადაეხედათ რეპრესიული კანონები და მოჰყოლოდა ამ განცხადებებს რაიმე არსებითი ნაბიჯი, შეიძლება დაგვეჯერებინა, რომ უნდათ პოლარიზაციის შემცირება. მაგრამ ვხედავთ, მხოლოდ რიტორიკის დონეზე საუბრობენ, რომ არ უნდა ვეძახოთ ერთმანეთს „ნაცი“, ქოცი“, „რუსი აგენტი“ და ასე შემდეგ. ამიტომ, პოპულისტური, უშინაარსო და არაგულწრფელია მისი ეს განცხადება.  

ის მაინც რომ ეთქვა, ბევრი ახალგაზრდაა ნაცემი და ეს ჩემთვის მიუღებელია ან ამდენი ახალგაზრდა რომ ზის ციხეში, სიძულვილის ენა რომ დომინირებს, ეს არ უნდა ხდებოდესო, ცოტათი მაინც დატოვებდა იმის შესაძლებლობას, რომ რაიმეს ჩავჭიდებოდით.

ოდნავ გულწრფელი რომ ყოფილიყო მისი ნაბიჯი, შეეძლო ეთქვა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მომხრეა, საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენა და სასამართლო რეფორმაა საჭირო, რეპრესიული კანონების უკან წაღება და მაშინ ალბათ დავიჯერებდით, რომ გულწრფელია.

  • როცა სინდისის პატიმრები უხსენეს, ცოტნე ივანიშვილმა თქვა, რომ „ყველაფერს განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები“. არც ის გაიზიარა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ პოლიტიკას ატარებს და თქვა, რომ ეს სასაცილოა. ასეთ შემთხვევაში, რამდენად რეალურია, რომ ივანიშვილს უნდოდეს დემოკრატიის სასარგებლოდ ცვლილებები ქვეყანაში?

დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში უამრავი ახალგაზრდაა, ვინც ნორმალურ გარემოში ისურვებდა დისკუსიაში შესვლას. ოღონდ არა პროპაგანდისტული, დასანქცირებული არხების ფორმატში, არამედ თავისუფალ მედიაში რომ ყოფილიყო მსგავსი დისკუსიების შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, ეს უფრო ემსახურება „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას და არა პრობლემების მოგვარებას და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას.

„ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, დაანახოს საზოგადოებას, დასავლეთს, რომ თითქოსდა ის კონსტრუქციული ძალაა, რომ დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში და ამ ფორმით ცდილობს 2028 წლის არჩევნებისთვის მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ცოტნე ივანიშვილის ამ პროცესში ჩართვაც, ემსახურება „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის აღიარებას და სხვას არაფერს.

არსებობს youtube-ზე არხები, სადაც შეუძლია ცოტნე ივანიშვილს მოვიდეს და ამ ფორმატში გვქონდეს დისკუსია ამ რეპრესიულ კანონებზე, ძალადობაზე, დაპატიმრებებზე, ქვეყანაში არსებულ უსამართლობაზე და ეს გააჩენს საზოგადოებაში განცდას, რომ ვთქვათ ხელისუფლება არის დიალოგის მომხრე და დაიწყო პროცესის გაჯანსაღება.

მაგრამ თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მათ „დიალოგი“ უნდათ მათთვის კომფორტულ ზონაში, რომ ფასადისთვის გააკეთონ ეს ყველაფერი, ამას შედეგი არ ექნება.

მე, პირადად, ყოველთვის მივესალმები ნებისმიერ ვითარებაში სამართლიან დისკუსიას. ომი მიდის ამერიკას და ირანს შორის და ისინიც კი, რაღაც ეტაპზე მიდიან მოლაპარაკებებზე ხომ? მოლაპარაკება შეიძლება ჩაიშალოს ან შედგეს, მაგრამ ყველას აქვს თავისი შეხედულება და სიმართლე.

რა თქმა უნდა, ახლა გაბრაზებულები ვართ, ვეწინააღმდეგებით რეჟიმს, ბრძოლაში ვართ, მაგრამ როგორც ქვეყანა, დავზარალდით. ამიტომ, თუ მეორე მხარეს, რომელსაც დიდ აუდიტორიაზე აქვს წვდომა და პროპაგანდას ახვევს ამ ადამიანებს, შეიძლება ვესაუბროთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომ საზოგადოება ჩვენს სიმართლეში დავარწმუნოთ.

  • მაინც ექნება ცოტნესთან დიალოგს აზრი, თუკი მისი რიტორიკაც ისეთივე იქნება, როგორიც არის, მაგალითად, კობახიძისა და პაპუაშვილის, რომ თურმე სუვერენიტეტს იცავენ დასავლეთის ლანძღვით, რომ მურუსიძის სასამართლოში შეგიძლია იპოვო „სამართალი“ და ასე შემდეგ?

უფრო იმის გამო დავჯდებოდი ამ დიალოგზე, რომ მე მაქვს ჩემი არგუმენტები და როცა „ოცნება“ საუბრობს სუვერენიტეტზე, მე ვეკითხები მათ, ვისი ხელისუფლების დროს წავიდა ყველაზე მეტი ოჯახი ემიგრაციაში და დაინგრა ყველაზე მეტი ოჯახი? შობადობა, ისტორიულად რომელი ხელისუფლების დროს შემცირდა, როდის დაიწყო დემოგრაფიული კრიზისი, როდის გაღარიბდა მოსახლეობა, 700%-ით რომ გაიზარდა რუსული ნავთობის ექსპორტი საქართველოდან, რატომ იზრდება ბენზინის ფასი. გამოდის, რომ თვითონ მდიდრდებიან და მოსახლეობა ღარიბდება.

ყველაფერს რუსეთთან დათმობის პოლიტიკით რომ ამართლებენ, თუკი მაინც ვუთმობთ რუსეთს და აზერბაიჯანს, მაშინ რატომ გვაქვს მაღალი ფასი ბენზინსა და ფქვილზე.

ფაქტია, რომ არავითარ სუვერენიტეტს და არავითარ ოჯახის სიწმინდეს ესენი არ იცავენ და ყველაზე მეტად სწორედ მათი მმართველობის დროს დაზარალდა ქართული ოჯახები და მთელი ქვეყანა.

შმაგი სამხარაძე

ქუთაისში ვარ ახლა და ვხედავ, როგორ განახევრდა ეს ქალაქი. ადამიანები რაღაც იდეოლოგიის გამო კი არ მიდიან ქვეყნიდან, როგორც კობახიძე ამბობს, იმიტომ მიდიან, რომ სრულიად დანგრეულია ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა.

ყველამ ვნახეთ, როგორ ეგდო ქართული პასპორტი საფრანგეთის სანაპიროზე. აი, ეს პასპორტია იმის სიმბოლო, რომ აღარ მიმდინარეობს საქართველოში ჯანსაღი პროცესები. რკინის ფარდაც რომ ჩამოუშვა, მაინც გაექცევიან ადამიანები უსამართლო სისტემას. როცა მოსახლეობა მოისმენს მსგავს არგუმენტებს, დაინახავს, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა.

  • ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია დიქტატორს დემოკრატიაზე ელაპარაკო?

მე არ ვამბობ, რომ მაგათგან რაიმე სახის დათმობას უნდა ველოდეთ, მე ვსაუბრობ სიმართლეზე, რომელიც უნდა მივიდეს აუდიტორიამდე. უნდა ვაღიაროთ, რომ  მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე პროპაგანდა გავლენას ახდენს. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ უნგრეთი სხვაა და საქართველო სხვა. იქაც მიტაცებული ჰქონდა ორბანს ხელისუფლება, მედია, სახელმწიფო ბანკი შექმნა და მხოლოდ მის მხარდამჭერ ბიზნესს აძლევდა კრედიტებს, პოლიტიკური ველი გათიშული იყო და ოპოზიციამ 14 წელი ვერაფერი მოუხერხა ორბანს.

  • თუმცა მან ვერ შეძლო არჩევნების ტოტალური გაყალბება, ასე არ არის?

ვერ გააყალბა იმიტომ, რომ საარჩევნო ყუთთან მივიდა მოსახლეობის 80%. საქართველოში არ მივიდა საკმარისი რაოდენობა არჩევნებზე, რადგან ვერ დაარწმუნეს მოსახლეობა, ვერ იმუშავეს კარგად რეგიონებში.

თუკი გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებსაც ვერ გააშავებს რეჟიმი მარტივად, იქნებიან სუფთა ხელებით, გულწრფელად დაელაპარაკებიან ადამიანებს რეგიონებში, დარწმუნებული ვარ, ჩვენც შევძლებთ მეტი ადამიანის მოყვანას არჩევნებზე.

  • აუდიტორიაზე გასვლა ცოტნე ივანიშვილთან დისკუსიის გარეშე არ შეუძლია ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას?

ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ყოველდღე წამლავს ჩვენს საზოგადოებას. არიან სხვა ჯგუფებიც – რუსეთში მცხოვრები ადამიანები, მამუკა ფიფია და სხვა გარუსებული ბიზნესმენები, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ, თარგმნიან რუსულიდან ნარატივებს და კვირაში ერთ ნარატივს მაინც უდებენ თავში მოსახლეობას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავიდეთ დიდ აუდიტორიაზე.

ადამიანებს თავიანთ პრობლემებზე უნდა ვესაუბროთ. აგერ ქუთაისში ყოველდღიური პროტესტი მიმდინარეობს. ამ ხალხს გეოპოლიტიკაზე კი არ უნდა ველაპარაკოთ, რატომ მიდის ხალხი ქუთაისიდან, ის უნდა გავიგოთ. მათ სჭირდებათ კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი.

თუ ადამიანებზე ამბობ, რომ რუსები არიან, ქოცები და ბნელები, მაშინ ვისი იმედი გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, ველაპარაკოთ ხალხს და გავარღვიოთ პროპაგანდისტული მანქანა. მოსახლეობის უმრავლესობას სძულს ეს რეჟიმი და ივანიშვილი. 80%-ზე მეტს უკვე ყელში ამოუვიდა, განსაკუთრებით კორუფციული სკანდალების მერე და ადამიანებს სჭირდებათ სწორი მიდგომა, სწორი პოლიტიკა, რაღაცების გადააზრება და რაღაცების ცდა.

ერთი მასწავლებელი მეუბნებოდა, ყველა მასწავლებელს სთხოვდნენ ათი პირადობის მოწმობის მიტანას. რომ ვამხილოთ ეს ყველაფერი, ვინ დაგვიცავს? გვითხარით რა გავაკეთოთ. ქუჩაშიც ველაპარაკე ადამიანებს, ეკლესიაშიც. ყველა ამბობდა – რა გავაკეთოთ? ამიტომ მგონია, რომ ხალხმა უნდა დაინახოს, როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი მათ, როგორ აღარიბებს საქართველოს, როგორ აშიმშილებს ოჯახებს.

ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა და მათ ენაზე საუბარი. გლანდების ოპერაციის გამო მოკვდა ბავშვი ქუთაისში. გაგიგიათ, გაჟღერებულა ეს ინფორმაცია სადმე? აი, ასეთი თემები აწუხებთ ადამიანებს და ეს არის მოსახლეობის ხმა. როცა შენ არ ელაპარაკები, მერე იყენებს მათ პროპაგანდა.

იმის ნაცვლად, რომ დაიცვან უმცირესობები, ოჯახის სიწმინდეს ვიცავთო – იძახიან. ამ დროს, შენ უნდა უთხრა პროპაგანდისტებს, რომ თქვენი შვილები საერთოდ არ იბადებიან საქართველოში, ევროპაში აჩენთ, არც ერთი არ მსახურობს ჯარში და არ სწავლობენ ქართულ სკოლებში. სხვის შვილებს კი წამალს არ აძლევთ. გვაღარიბებენ, ქვეყნიდან წასვლას გვაიძულებენ, „აგენტს“ და აკაცუკს გვეძახიან.

მადიარმაც იგივე გააკეთა უნგრეთში. ხალხს დაელაპარაკა მათთვის გასაგებ ენაზე. უთხრა, რომ ხალხო, ესენი მე კი არ მაგინებენ, გაგინებენ თქვენ, რადგან მე ვსაუბრობ ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ინფლაციაზე, კორუფციაზე და იმაზე, რომ არ განადგურდეს ჩვენი ქვეყანა.

ამიტომ, ჩემი ამოცანა იქნებოდა, ვიცოდე რას ფიქრობს მოწინააღმდეგე მხარე და სადაც მივა ცოტნე ივანიშვილი, იქ მივალ მეც და ვკითხავ ხალხის თანდასწრებით – რატომ არ აძლევს მისი ხელისუფლება წამალს ბავშვებს? რატომ გარბიან ოჯახები ქვეყნიდან, რატომ წავიდნენ სკოლის ასაკის ბავშვები უცხოეთში, ემიგრაციაში, თავად რატომ არ მიდის ჯარში, რატომ არ სწავლობს საქართველოში და მერე ვეღარ მოახდენს გავლენას ამ ადამიანებზე ტყუილებით.

ჩემს სოფელში რომ ცოტნე ივანიშვილი მოვიდეს, იმას როგორ ამოვაღებინებ ხმას. პირველი მე დავდგები და სათქმელს პირში მივახლი.

აგერ, ნოქალაქევში რუსებმა იყიდეს გეიზერები და რუსულ აუდიტორიას ეპატიჟებიან ინსტაგრამით და ფეისბუქით. ამაზე უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს, როგორ ყიდიან ჩვენს ბუნებრივ რესურსებს რუსებზე და რა კორუფციული სქემები და გარიგებები აქვთ.

მე თუ გავაქირავე სახლი თბილისში და გადმოვედი ქუთაისში, რომ ველაპარაკო ამ ადამიანებს, ეს პარტიები რას აკეთებენ? მათ არ ევალებათ, რომ ჩამოვიდნენ და იმუშაონ ადამიანებთან, თუ ცოტნე ივანიშვილს უნდა დაუტოვონ რეგიონები პოპულიზმისთვის.

„მაქსიმი“: თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ტარიფების გადახედვა

„ჩვენ გავაგრძელებთ ბაზრის ცვლილებებზე ოპერატიულ რეაგირებას. თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ჩვენი ტარიფების გადახედვა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „მაქსიმში“ ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს.

„გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“ – ასეთია ტაქსის მძღოლების მოთხოვნა ტაქსის ოპერატორი კომპანიების მიმართ. აქციაზე უკვე მეორე დღეა იკრიბებიან, როგორც „ბოლტის“, ისე „მაქსიმისა“ და „იანდექსის“ აპლიკაციით დასაქმებული მძღოლები. მათი მოთხოვნა საერთოა.

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის მიმართა კომპანიებს: „მაქსიმსა“ და „ბოლტს“. ამ ეტაპზე წერილობითი პასუხი „მაქსიმისგან“ მივიღეთ:

„პროტესტის მონაწილეთა უმრავლესობა სხვა სერვისების პარტნიორები იყვნენ. მაქსიმის პარტნიორ მძღოლებს არ გამოუთქვამთ უკმაყოფილება და არ დაკავშირებიან ოფისს ასეთი საკითხებით, რადგან თანამშრომლობის ამჟამინდელი პირობები მათთვის გამჭვირვალე და სტაბილურია.

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით საწვავის ფასებს. მაქსიმი ინარჩუნებს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დაბალ საკომისიოს – 10%-ს – რაც მძღოლებს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ შემოსავლის რაც შეიძლება დიდი ნაწილი საწვავის ფასების ცვალებადობის მიუხედავად.

მაქსიმის აპლიკაციის თანამედროვე ტექნოლოგია პირდაპირ გავლენას ახდენს მომგებიანობაზე: ავტომატური დანიშვნის ფუნქცია ირჩევს შეკვეთებს ახლომდებარე რადიუსში, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს თავისუფალ გარბენს. ნავიგაციის სისტემასთან ერთად, რომელიც ადგენს უმოკლეს და ოპტიმალურ მარშრუტებს, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას და შეკვეთის შესრულების დროს.

მგზავრობის ღირებულება განისაზღვრება მრავალი ფაქტორით: არა მხოლოდ საწვავის ფასით, არამედ მსყიდველობითი უნარით, კონკურენციით, მოთხოვნით და ამინდის პირობებით. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ დელიკატური ბალანსი: ფასები უნდა დარჩეს ხელმისაწვდომი მგზავრებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მძღოლებისთვის შეკვეთების სტაბილური ნაკადი და ამავდროულად ეკონომიკურად მომგებიანი იყოს ჩვენი პარტნიორებისთვის,“ – აღნიშნულია „მაქსიმის“ წერილობით პასუხში.

ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია ბათუმში

ბათუმში რამდენიმე ხაზზე „მარშუტკით“ მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა და 80 თეთრი გახდა

ბათუმში რამდენიმე სამარშრუტო ხაზით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა.

დღეს, 21 აპრილს, მგზავრებს 70 თეთრის ნაცვლად 80 თეთრის გადახდა მოუხდათ.

ამ ეტაპზე გაძვირებულია #25, #46 და #28 სამარშრუტო ხაზებით მგზავრობა.

„გაძვირება უკავშირდება საწვავის გაზრდილ ფასს და სხვა ხარჯებიც მომატებულია. დიდი ხანია თავს ვიკავებთ გაძვირებაზე, მაგრამ ბოლოს მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. გაუჭირდა ხაზებს მუშაობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნუგზარ ფარტენაძემ, შპს „სონაგოს“ დირექტორმა. მისი კომპანია ორ სამარშრუტო ხაზს – 25 და 46 ნომრებს ფლობს.

ვიდრე კერძო სამარშრუტო ხაზებით მგზავრობა გაძვირდებოდა , მიმდინარე წლის იანვარში ბათუმის საკრებულომ გააძვირა მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა და 30 თეთრის ნაცვლად 70-თეთრიანი ტარიფი დაადგინა.

ამავე თემაზე:

მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობას აძვირებს

აყრილი იატაკი ბოლნისის სიონში – რა ხდება მე-V საუკუნის ძეგლზე

ბოლნისის სიონში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სამუშაოები მიმდინარეობს. კადრები, რომელიც გუშინ, 20 აპრილს გავრცელდა ფეისბუქში, ჩანს, რომ V საუკუნის ქართული სასულიერო არქიტექტურის საეტაპო ძეგლში აყრილია იატაკი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ განცხადება, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ძეგლზე, მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, როცა ადამიანებმა კითხვები დასვეს სოციალურ ქსელებში.

დღეს, 21 აპრილს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ განაცხადა, რომ ბოლნისის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება სააგენტოს დაკვეთით და „კანონმდებლობით დადგენილი წესით“, გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

„მიმდინარე სამუშაოები მოიცავს, მათ შორის, ტაძრის ინტერიერში 1970-იან წლებში მოწყობილი ბაზალტის იატაკის დემონტაჟს, რომელიც განთავსებულია ბეტონის დუღაბზე. ჩატარებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, ინტერიერში განხორციელებული შურფირების შედეგად, სამხრეთი კედლის პილასტრის ძირში და სამხრეთი მინაშენის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აგრეთვე პილასტრის ბაზა სრულყოფილი სახით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს 1970-იან წლებში მოწყობილი  იატაკის დემონტაჟს არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში და ახალი, ღია ფერის ქვით იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობის გამოყენებით. ამასთან, არსებული იატაკის ნიშნული დაიწევა რამდენიმე სანტიმეტრით, რაც უზრუნველყოფს გამოვლენილი სვეტებისა და პილასტრების პროპორციების სრულფასოვან აღქმას.

გვიანდელი ბეტონისა და ბაზალტის ფენების მოხსნის პროცესში, ტექნოლოგიური აუცილებლობიდან გამომდინარე, გარკვეულ, ძნელად მოსახსნელ ადგილებში, გამოყენებულია შესაბამისი მექანიკური საბურღ-სატეხი საშუალება, რაც დასაშვებია პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, რომელიც არ  უქმნის საფრთხეს ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობასა და არ იწვევს მის დაზიანებას.

სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგისა და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს არ გაუსაჯაროებია პროექტი, თუ რა სახეს მიიღებს სამუშაოების დასრულების შემდეგ ძეგლი. როგორც სპეციალისტები წერენ ფეისბუქში, არც ეს საკითხი განუხილავთ წინასწარ, სამუშაოების დაწყებამდე.

______________

მთავარი ფოტო: ბოლნისის სიონში იატაკის აყრის სამუშაოები მიმდინარეობს.

„3-ლარიან გამოძახებაზე 100 ლარს ჯარიმას რომ მიწერ, სადაა სამართალი?“ – ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში

დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს.

„გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“- ასეთია ტაქსის მძღოლების მოთხოვნა ტაქსის ოპერატორი კომპანიების მიმართ.

აქციაზე შეკრებილი იყვნენ როგორც „ბოლტის“, ისე „მაქსიმისა“ და „იანდექსის“ აპლიკაციით დასაქმებული მძღოლები.

მათი მოთხოვნა საერთოა – გაძვირდა ფასები საწვავზე, პროდუქტზე, მათი შემოსავალი კი არ გაზრდილა.

„70 თეთრი ღირს მარშუტკა. 3 ლარზე რომ ხუთი კაცი ჩაგიჯდება, მარშუტკაზე იაფად დავდივართ ჩვენ. 4-ლარიან ბენზინს რომ ჩაასხამ და სამლარიან კლიენტს მიიყვან, რაღა უნდა დაგრჩეს?

საწვავი ღირს 3,50 – 4 ლარი. და შეკვეთები? შეკვეთები შემომდის 2,50 ლარიანი. 1,80-ადც მივსულვართ.

მთელი დღე რომ იმუშაო, სუფთად არ დაგრჩება 50 ლარი. ცალკე მანქანის ნაწილების ცვეთას თავი დაანებე,“ – ამბობს ტაქსის მძღოლი რუსლან რესულიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას.

გარდა ტარიფის მომატებისა, დღეს გამართულ აქციაზე მძღოლებმა ისაუბრეს გაზრდილ ჯარიმებზეც.

საქმე იმაშია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც გაიზარდა ჯარიმები.

ბათუმში არ არის საკმარისი ადგილები პარკირებისათვის და მძღოლებს, რომლებიც მგზავრის ასაყვანად ყოვნდებიან სხვადასხვა ადგილას, აჯარიმებენ.

„არასამართლიანი დამოკიდებულება აქვთ. მგზავრი რომ გიძახებს, 2 წუთი ხომ უნდა დაელოდო? 3-ლარიან გამოძახებაზე 100 ლარს რომ მიწერ, სად არის სამართალი? ყველა მძღოლს აქვს ჯარიმა.

აქ ყველა გამოსული ვართ იმისთვის, რომ ჩვენი გულისტკივილი მიიტანონ სახელმწიფო იქნება, კომპანიის უფროსი იქნება თუ ვინც იქნება. სამართალი ვერ ვნახეთ, ვეძებთ აგერ, გამოსული ვართ, რაღაცის იმედად ვართ და შედეგი ნული,“ – თქვა აქციაზე ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა.

ბათუმელი ტაქსის მძღოლები მასშტაბური აქციის მოწყობას გეგმავენ პირველ მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს.

ბათუმში მეორე დღეა ტაქსის მძღოლების გაფიცვა მიმდინარეობს - „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა

ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 21 აპრილს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.

ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფოს ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა / 21.04.2026

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

17-19 აპრილს “ექსპო ჯორჯიამ” სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენას, Caucasus Build 2026-ს უმასპინძლა. ყოველწლიურმა ღონისძიებამ 200-მდე კომპანია გააერთიანა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. Caucasus Build-ი საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით ჩატარდა და სხვადასხვა ფორმატს მოიცავდა.

თიბისის მხარდაჭერით, ღონისძიებაზე პანელური დისკუსია გაიმართა – „როგორ შენდება მსხვილი პროექტები საქართველოში – შესყიდვები და გადაწყვეტილებები“.  კონფერენციაზე მსხვილმა სამშენებლო კომპანიებმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და მცირე და საშუალო მწარმოებლებს რეკომენდაციები გაუზიარეს, რაც მათ ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარებათ.

„თიბისი, როგორც ბიზნესის N1 პარტნიორი, მხარს უჭერს სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენას, რომელიც აერთიანებს კომპანიებს საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. მშენებლობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები საქართველოს ეკონომიკის მსხვილი და სწრაფად მზარდი მიმართულებაა. გასულ წელს ქვეყნის მშპ-ს 17% სწორედ ამ სექტორზე მოდიოდა, თიბისის წილი კი ამ ბაზარზე 45%-მდეა და ლიდერის პოზიცია გვიჭირავს. ბოლო წლებში სწრაფად გაფართოვდა სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარიც – გაორმაგდა თიბისის დაფინანსებაც და ბანკის პორტფელმა 730 მილიონ ლარს მიაღწია. თუმცა, ჩვენი მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით: Caucasus Build-ის პლატფორმით ვაძლიერებთ ბიზნესკავშირებს, ვაზიარებთ გამოცდილებას და ვქმნით რეალურ შესაძლებლობებს კომპანიებისთვის. ამით ხელს ვუწყობთ სექტორის ზრდას და ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას”, – გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

„Caucasus Build არის პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს სამშენებლო სექტორის მთავარ მოთამაშეებს და ქმნის სივრცეს ახალი პარტნიორობებისა და რეალური ბიზნეს შესაძლებლობებისთვის. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მრავალფეროვნება და მასშტაბი, რასაც გამოფენა სთავაზობს როგორც პროფესიონალებს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ სამშენებლო თუ სარემონტო პროექტებს გეგმავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ექსპო ჯორჯია იყოს ადგილი, სადაც ყალიბდება თანამშრომლობა კომპანიებს შორის  და იწყება ახალი პროექტები”,- რესან ქიქავა, “ექსპო ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.

რა დაუჯდება მთავრობას წამლის ყიდვა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის – ყოფილი მინისტრი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო ურუშაძე ფეისბუქზე ეხმიანება მშობლების მიერ ბავშვებისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლების მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ ამ ბავშვების მკურნალობის დაფინანსება არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტის საკითხია. 

ყოფილი მინისტრი წერს ის პრეპარატებზე, რომლითაც აღნიშნულ დაავადებას მკურნალობენ და ფასსზე, რაც შეიძლება სახელმწიფოს ამ წამლების შეძენა დაუჯდეს.

„ძნელია გულგრილი დარჩე იმ ოჯახების და ბავშვების მიმართ, რომლებიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობისთვის წამლის დაფინანსებას ითხოვენ.

რა პასუხი უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სამინისტროს? ჩემი აზრით, ამ ბავშვების მკურნალობის დაფინანსება საქართველოსთვის არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტების საკითხია. ბიუჯეტის 1%-ზე მცირედით მეტი დანახარჯით სახელმწიფოს შეუძლია ათეულობით ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნოს და აარიდოს ისინი მძიმე ინვალიდიზაციას. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ინფორმაცია, რაც ჩემთვის არის ხელმისაწვდომი და თქვენც გაგიზიარებთ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების პროგრესულ განლევას. დაავადება ძირითადად ბიჭებში ვლინდება. ცილა „დისტროფინის“ ნაკლებობის გამო, კუნთები თანდათან კარგავს ფუნქციას, რაც საბოლოოდ იწვევს გადაადგილების უნარის დაკარგვას და სუნთქვისა თუ გულის უკმარისობას. საქართველოში ამ დიაგნოზით დაახლოებით 60-80 პირი ცხოვრობს.

გათვლები იმის შესახებ, რომ წამალი დაახლოებით 60-დან 80 პაციენტს ჭირდება ეყრდნობა სამ ძირითად წყაროს:

1. პრევალენტობის (გავრცელების)საერთაშორისო სტატისტიკა. დიუშენის სინდრომი იშვიათი დაავადებაა, თუმცა მისი გავრცელების სიხშირე მსოფლიოში საკმაოდ სტაბილურია. სტატისტიკურად, ეს დაავადება გვხვდება ყოველ 3,500 – 5,000 ცოცხლად დაბადებულ ბიჭში ერთხელ.

საქართველოში ბოლო წლებში ბიჭების შობადობის საშუალო მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 20,000-ია. თუ ავიღებთ ამ გავრცელების კოეფიციენტს და გადავამრავლებთ პოტენციური პაციენტების ასაკობრივ ჯგუფზე (0-დან 20 წლამდე), მათემატიკურად საქართველოში დიდი ალბათობით 60-დან 80-მდე პაციენტი უნდა ფიქსირდებოდეს.

2. საქართველოში მოქმედებს პაციენტთა ორგანიზაცია („ფონდი დიუშენი“), რომლებიც აწარმოებს შიდა რეესტრს. ამ ორგანიზაციებში გაერთიანებული არიან მშობლები, რომელთა შვილებსაც უკვე აქვთ დადასტურებული გენეტიკური დიაგნოზი. ამ დროისთვის, მათ ბაზებში რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობა სწორედ ამ დიაპაზონშია (დაახლოებით 60-მდე აქტიური პირი, პლუს ის პაციენტები, რომლებიც შესაძლოა ჯერ არ არიან გაწევრიანებულები ორგანიზაციაში).

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფლობს მონაცემებს იმ პაციენტების შესახებ, რომლებიც სარგებლობენ იშვიათი დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამით. პაციენტების ნაწილი ჩართულია სარეაბილიტაციო თუ დამხმარე სახელმწიფო ქვეპროგრამებში. ეს მონაცემები მიუთითებს პაციენტთა ამ რაოდენობაზე.

რატომ არის ეს ციფრი მნიშვნელოვანი? ამ რაოდენობის ცოდნა სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, დაგეგმოს ბიუჯეტი. 80 პაციენტი არის ის „ზედა ზღვარი“, რომლის მიხედვითაც ხდება მაქსიმალური ხარჯის გათვლა, რათა არცერთი ბავშვი არ დარჩეს მკურნალობის გარეშე (ამ კითხვაზე ზუსტი პასუხისთვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს ამ პაციენტების ერთიანი ელექტრონული რეესტრი).

რაც შეეხება მკურნალობას. აშშ-ის (FDA) და ევროპის (EMA) მარეგულირებლებმა ბოლო პერიოდში რამდენიმე რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღეს:

გივინოსტატი (Givinostat (Duvyzat): ახალი პრეპარატია, რომელიც აშშ-მა ის სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) 2024 წლის მარტში დაამტკიცა, ხოლო ევროპის წამლის სააგენტომ ავტორიზაცია 2025 წლის ივნისში გასცა. ეს არის პირველი არასტეროიდული პრეპარატი, რომელიც მიემართება ყველა ტიპის მუტაციის მქონე პაციენტს 6 წლის ასაკიდან.

ვამოროლონი (Vamorolone (Agamree): აშშ-მა 2023 წლის ოქტომბერში, ხოლო ევროპამ იმავე წლის ბოლოს დაამტკიცა. ეს არის სტეროიდების უახლესი ალტერნატივა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს ისეთ მძიმე გვერდით მოვლენებს, როგორიცაა ზრდის შეფერხება და ძვლების დასუსტება.

ელევიდისი (Elevidys (გენური თერაპია): აშშ-ში 2023-2024 წლებში მიიღო დასტური. ეს არის ერთჯერადი ინიექცია, რომელიც ორგანიზმს აწვდის გენს კუნთების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად (ფინანსდება მხოლოდ აშშ ში).

 როგორ აფინანსებს ევროპა მკურნალობას? ევროპული ქვეყნებიდან გივინოსტატით მკურნალობის დაფინანსების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს იტალიამ, ესპანეთმა და შოტლანდიამ, განხილვის პროცესშია დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, გერმანიაში.

მაგალითად, პოლონეთი გივინოსტატის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დისტრიბუციის შეთანხმების ნაწილია, ისევე როგორც რუმინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ბალტიის ქვეყნები, ხორვატია, სლოვენია. ეს შეთანხმება საფუძველია სამომავლო ხელმისაწვდომობის და გამოცხადებულზე დაბალი ფასის შესყიდვისას, მაგრამ ჯერ არ ნიშნავს დაფინანსებას.

რაც შეეხება ვამოროლონს, უმეტეს ქვეყანაში ან უკვე ფინანსდება (გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი), ან განხილვის ბოლო ეტაპზეა.

ბევრ ქვეყანაში საყოველთაო დაფინანსებამდე იყენებენ ინდივიდუალური/კონკრეტული პაციენტისთვის დაფინანსების მოდელსაც.

საყურადღებოა, რომ ევროპის ქვეყნები იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიას, რათა მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახადონ. მაგალითად, იტალია მსოფლიოში ცნობილია „შედეგზე ორიენტირებული გადახდის“ მოდელით — სახელმწიფო მწარმოებელს უხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პაციენტზე წამალი ეფექტურად მუშაობს.

საბიუჯეტო გათვლები საქართველოსთვის: საქართველოში 80 პაციენტის მკურნალობა წელიწადში დაახლოებით 30-35 მილიონ ლარს შეადგენს.

ეს ციფრი არ არის მხოლოდ თეორიული დაშვება, ზუსტი გათვლა უნდა ითვალისწინებდეს პაციენტთა საშუალო წონასა და დოზირებას (დაახლოებით 75-80 ფლაკონი წელიწადში ერთ პაციენტზე). თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო, როგორც წესი, არ იხდის წამლის გაცხადებულ“ ფასს და გათვლაში რეალურია ფასდაკლების გათვალისწინებაც (დაახლოებით 35-40%), რომელსაც მწარმოებლები საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის აწესებენ. ამ გათვლებით, ერთი პაციენტის წლიური ხარჯი საშუალოდ 420,000 ლარამდე ჩამოდის, რაც 80 პაციენტის შემთხვევაში 33.6 მილიონ ლარს უტოლდება. (ამ ციფრების დაზუსტება სამინისტროსა და ამ დარგის სპეციალისტების თანამშრომლობით უნდა მოხდეს).

გავლენა ბიუჯეტზე: სამედიცინო პროგრამების ბიუჯეტში (2.22 მლრდ): ეს თანხა ბიუჯეტის მხოლოდ 1.58%-ს შეადგენს. ქვეყნის მთლიან ხარჯებთან მიმართებით: წილი 0.11%-მდეა.

ჯანდაცვის სამედიცინო ბიუჯეტი 2026 წელს 200 მილიონით გაიზარდა. ამ ნამატის მხოლოდ 17.5% საკმარისია ყველა დიუშენის პაციენტის სრული მკურნალობისთვის.

ეს ხარჯი შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდება, თუ შევძლებთ რეგიონალური შესყიდვების მიღწევას. მეზობელ ქვეყნებთან გაერთიანება და ერთიანი მოცულობით შესყიდვა მწარმოებელს აიძულებს ფასის კიდევ უფრო კლებას. ასევე, „შედეგზე ორიენტირებული გადახდის“ დანერგვა დააზღვევს სახელმწიფოს არაეფექტური ხარჯვისგან.

ამას ყველაფერს ჭირდება თანამშრომლობა, საზოგადოების ინფორმირება და რაც მთავარია იმ ოჯახების პატივისცემა და მხარდაჭერა ვისთვისაც ამ პრობლემის მოგვარება სასიცოცხლოდ აუცილებელია“ – წერს სანდრო ურუშაძე.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 320 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 884 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 24 429 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 40 478 ერთეული [+82]
  • MLRS – 1 749 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 350 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 250 463 ერთეული [+1 905]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 549 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 90 763 ერთეული [+192]
  • სპეცტექნიკა – 4 132 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

შოიგუ ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ემუქრება, რა არის ევროპის პასუხი

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„აქ ცხოვრება გაუსაძლისია, ტაქსიც კი არ შემოდის“ – რეპორტაჟი ბათუმის ერთი ქუჩიდან

„აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია: გუბეები, ტალახი, მზეში კიდევ საშინელი მტვერია… მთავრობა ყურადღებას არ გვაქცევს, მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით,“ – ამბობს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები მანანა ბერიძე.

ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში კარგი გზა და მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა წლებია არ აქვთ. ამ ქუჩაზე გვითხრეს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, როცა ამ ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მოსახლეობას ამ ქუჩებზე გადაადგილება ტალახის და გუბეების გამო განსაკუთრებით წვიმიან ამინდში უჭირს. ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას უთხრეს, რომ სამუშაოები 2026 წლის მაისში დასრულდება, თუმცა რამდენიმე დღის წინ აქ მძიმე ტექნიკას სამუშაოები შეუჩერებია. ადგილზე მძიმე ტექნიკა „ბათუმელებსაც“ გაჩერებული დახვდა.

ქეთევან წამებულის ქუჩა, ბათუმი
მანანა ბერიძე

„ბავშვთან ერთად გადაადგილება კიდევ უფრო დიდი პრობლემაა,“ – გვიყვება მანანა ბერიძე, – „ხელში აყვანილი მიმყავს… ბავშვები ეზოში ვერ თამაშობენ. სიცხეში გაუსაძლისი მტვერია. ტალახიანი ფეხსაცმლით მივდივართ სახლში. გვითხრეს, რომ აქ ეს სამუშაოები დასრულდა უკვეო, მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ასე?“ – ამბობს მანანა ბერიძე და გუბეებითა და ტალახით სავსე ქუჩას გაჰყურებს.

„ნამეტანი კაი მთავრობა რომ გვყავს იმის ბრალია“ - რეპორტაჟი ქეთევან წამებულის ქუჩიდან

„ეს ვისი საქმეა და მთავრობის, უნდა მოვიდნენ და გაგვიკეთონ,“ – მანანა ბერიძეს არ ერიდება ღიად თქვას სათქმელი მაშინ, როცა მისი მეზობლების ნაწილი გაუსაძლისი ცხოვრების და ყოველდღიურად ტალახში სიარულის მიუხედავად, დუმილს არჩევს.

„ხალხი ვინმეს არ აინტერესებს და მაგია. სახელმწიფო ზრუნავს მისთვის, მისი კომფორტისთვის, ხალხისთვის არა. ხალხისთვის რომ ზრუნავდეს, ამ დღეში არ იქნებოდა ქვეყანა,“ – ქეთევან წამებულის ქუჩაზე კიდევ ერთ მოქალაქეს ვაჩერებთ, მერაბ მჟავანაძეს.

მერაბ მჟავანაძე

მოქალაქეებისთვის არავის აუხსნია, რატომ გართულდა ამ ქუჩაზე მდგომარეობა მას შემდეგ, რაც აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

„ალბათ ვერ ასწრებენ გაკეთებას, არ არის ტექნიკა… ზედამხედველობა ყურადღებას არ აქცევს სამუშაოებს, მერიის პასუხისმგებლობის საკითხია,“ – თავის მოსაზრებას გვიზიარებს მოქალაქე და დამშვიდობებამდე დასძენს: „მერია ზრუნავს ხალხისთვის, მარა – ვითომ“.

ქეთევან წამებულის ქუჩა, ბათუმი. 2026 წლის 20 აპრილი

„ფაქტი სახეზეა, რა პრობლემაცაა, მე რა უნდა გითხრათ?“ – შეკითხვაც აღიზიანებს მზევინარ აბაშიძეს. მოქალაქე პარკით ხელში გუბეებზე შემოვლას ცდილობს, მერე გუბეებს შორის ჩერდება და იწყებს:

„საერთოდ არ ზრუნავს მთავრობა ხალხზე… არც მერია ზრუნავს და არც „ოცნება“. „ოცნება“ ზრუნავს თავის ჯიბეებზე. ნუ მალაპარაკებ, თორე მერე მომადგებიან“, – ასრულებს მზევინარ აბაშიძე და გზას განაგრძობს.

„ვისი ბრალია ეს?“ – ვეკითხებით მოქალაქეს.

„ნამეტარი კაი მთავრობა რომ გვყავს, იმის,“ – გაღიმებას ცდილობს მზევინარ აბაშიძე.

მზევინარ აბაშიძე

მოქალაქეს ირაკლი კობახიძის განცხადებასაც ვახსენებთ: ეკონომიკა 10%-ით გაიზარდაო.

„ჩვენს სახელმწიფოს ხალხი არ ახსოვს საერთოდ, ადამიანს ადამიანად არ თვლის,“ – გვითხრა მოქალაქემ.

ქეთევან წამებულის ქუჩა
ქეთევან წამებულის ქუჩა

„ტაქსი არასდროს არ შემოდის ჩვენს ქუჩაზე. როცა ვიძახებ ტაქსის, სულ მეუბნებიან, რომ წამებულზე ტაქსი ვერ შემოვა.

ტრასაზე როცა გავდივართ [გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა], მერე ვიძახებთ ტაქსის,“ – ეს წამებულის ქუჩაზე მცხოვრებმა ნატალია ჩენიავსკაიამ გვითხრა.

ნატალია ჩენიასვკაია

„2 წელია აქ ვცხოვრობ და 2 წელია პრობლემაა აქ გადაადგილება, ბავშვები ეზოში ვერ თამაშობენ, ეტლში მყოფი ადამიანი აქ როგორ უნდა გაატარო… ახლა იმედია გააკეთებენ ამ გზებს,“ – ავტომანქანით ჩაგვიარა და ჩვენთან გასაუბრება გადაწყვიტა კიდევ ერთმა მოქალაქემ, გოგიტა პაქსაძემ.

„რაღაც მილია დარჩენილი, ჩამოსხმა დასჭირდა და ამიტომ შეჩერდა სამუშაო, მაგრამ მაისის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ასე ვიცით ჩვენ… აქ არ იყო საერთოდ სანიაღვრე სისტემა, კანალიზაციაც არ იყო მოწესრიგებული და ახალი მილები გაიყვანეს,“ – გვითხრა გოგიტა პაქსაძემ.

გოგიტა პაქსაძე

როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები ქეთევან წამებულის ქუჩაზე? რატომ შეჩერდა სამუშაოები? რატომ გართულდა ქუჩების მდგომარეობა ამ დასახლებაში? – კითხვებით ბათუმის მერიის პრესცენტრს მივმართეთ. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

განახლებული ინფორმაცია:

მასალის გამოქვეყნების შემდეგ ბათუმის მერიიდან მოგვწერეს, რომ ქეთევან წამებულის ქუჩაზე პროექტის ფარგლებში სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.

„უახლოეს პერიოდში დაიწყება ასფალტის საფარის დაგება. სამუშაოები მოცულობითია, მოიცავს 4 მთავარი და 15 მეორეხარისხოვანი გზის რეაბილიტაციას, მათ შორის სანიაღვრე სისტემის სრულად განახლებას. პროექტის განხორციელება ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

რაც შეეხება გადაადგილებისას გამოწვეულ დისკომფორტს, რეაბილიტაციის პროცესის თანმდევია და სამუშაოების დასრულების შემდგომ სრულად აღმოიფხვრება“ – აცხადებენ მერიაში.

ქეთევან წამებულის ქუჩა, ბათუმი

მოქალაქემ ნანადირევის დამუშავების მოზარდებისთვის სწავლება გააპროტესტა – ის ორგანიზაციიდან გაუშვეს

„ვეგანობის ნიშნით გაგვრიცხეს სამი პირი „აისის“ მმართველმა პირებმა უსაფუძვლოდ, ასევე გენდერული და პირადი, რეპროდუქციული შეხედულებების მიზეზით,“ – ამბობს მოქალაქე ნინი ტურიაშვილი.

იგი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან მას შემდეგ გაუშვეს, როცა გააპროტესტა ნანადირევის ხორცის და ტყავის დამუშავების სწავლება მოზარდებისთვის.

ნანადირევის დამუშავებას მოსწავლეებს „გარისა“ ასწავლის. ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ახალგაზრდებს, მათ შორის, მოსწავლეებს ასწავლოს თვითგადარჩენა და ექსტრემალურ პირობებში ბრძოლა. ამ ორგანიზაციასთან მეგობრობს და, მათ შორის, ცხოველის ხორცის დამუშავების სწავლებას ეთანხმება, „აისიც“, რომლის წევრიც იყო ნინი ტურიაშვილი.

„აისი“ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც არის საქართველოს სამოქალაქო თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. ეს ორგანიზაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა და მოხალისეობრივად მუშაობს, მართავს სასწავლო კურსებს, ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას.

„ჩემთვის „აისი“ სოლიდარობასთან, თანასწორობასთან და სამართლიან თავდაცვასთან ასოცირდებოდა,“ – გვიყვება ნინი ტურიაშვილი, რომელმაც ვეგანური შეხედულებების გამო „აისიდან“ გარიცხვის გამო უკვე მიმართა სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით.

„უმკაცრესი დისციპლინა, ტალახში ცურვა, კურსელების საკაცით ტარება, დაცემამდე ვარჯიში, ღამის მარშირება და დიდგორზე მოპოვებული ბეიჯი ჩემთვის მაღალი მნიშვნელობის იყო, თუმცა, საკუთარ ღირსებასა და პრინციპებზე მაღალი არაფერია…

მე „აისის“ კურსდამთავრებული ვარ, თუმცა კურსის დასრულების შემდეგ ჩართული ვართ კონკრეტულ აქტივობებში, მაგალითად, კლდეზე ცოცვა, ლაშქრობა.

თებერვალში ორგანიზაცია „გარისას“ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ასახულია, როგორ ასწავლიან მოზარდებს ცხოველებზე ძალადობას, ცხოველების მკვლელობას და გატყავებას… მე ეს გავაპროტესტე „აისის“ ჯგუფის წევრებთან, მათაც მოვუწოდე ეს გვერდი დაერეპორტებინათ. ზუსტად აქ დაიწყო კონფლიქტი,“ – გვითხრა ნინი ტურიაშვილმა.

„ადამიანმა დაარეპორტა ისეთი რაც, რაც ჩვენც გაგვიკეთებია და სამომავლოდ შეიძლება გავაკეთოთ ისევ. თუ ამბობ, რომ ისინი ცუდი ხალხი არიან იმიტომ, რომ თვითგადარჩენის კურსს აწყობენ, ჩვენთან რაღა გინდა მაშინ?! ვუთხარი, რომ აცდენილი ვართ იდეოლოგიურად და ამიტომაც, სამომავლო თანამშრომლობა გაგვიჭირდებოდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ნაზღაიძემ, ორგანიზაცია „აისის“ გამგეობის წევრმა.

რამდენად საჭიროა თვითგადარჩენის უნარების სწავლების დროს მოზარდებმა, ბავშვებმა ისწავლონ ნანადირევი ხორცის, ან ტყავის დამუშავება? – ჰკითხა მას „ბათუმელებმა“.

„ეს არის თვითგადარჩენის ისეთივე განუყოფელი ნაწილი, როგორც, მაგალითად, წყლის გაფილტვრა, ან ცეცხლის დანთება.

ეს არის სხვა ქვეყნების პრაქტიკაც, რომ ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან, არაურბანულ გარემოში როგორ ნადირობენ, ვინ არის ამაში ჩართული და როგორ ამუშავებენ ნანადირევს. ეს ჩვეულებრივი თემაა.

ვინმემ თუ იცის საქართველოში თვითგადარჩენის თემა და ამას ასწავლის, ერთ-ერთი მე ვარ. ვერ დამისახელებთ ვერცერთ უცხოურ საიტს: ბრიტანელებიდან დაწყებული, ამერიკელების და სკანდინავიელების ჩათვლით, რომლებსაც ყველაზე მეტი ლიტერატურა აქვთ ამ თემაზე, სადაც თვითგადარჩენის სწავლება არ მოიცავს ცხოველური საკვების მოპოვებას, ხაფანგებს, ტყავის, ხორცის დამუშავებას და ასე შემდეგ,“ – ამბობს გიორგი ნაზღაიძე. მისივე თქმით, საჭირო დაფინანსების შემთხვევაში, თვითონაც მოაწყობს იგივე სწავლებას „აისში“.

„მოვუწოდე აისელებს, დაერეპორტებინათ ეს გვერდი, სადაც გამოქვეყნებული იყო მოზარდების ფოტოები გატყავებულ კურდღელთან, გიორგი ნაზღაიძემ გამოაქვეყნა მკვდარი ბაყაყების ფოტოები…

განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ საქართველოში ცხოველთა უფლებების უგულებელყოფის პირობებში. ახალი რეგულაციით ხდება ათასობით ცხოველის ქუჩიდან გაქრობა სასტიკი მეთოდებით. ცხოველთა მოძულეობა პირდაპირ ასაზრდოებს ამ სასტიკ პრაქტიკას და მისდამი საზოგადოების დამოკიდებულებას.

წევრების, ანუ ჩვენი გარიცხვის შემდეგ რამდენიმე წუთში გამოაქვეყნეს წესდება, რომელიც წევრობის უფლებას უზღუდავს ადამიანს, რომელიც არის „ანტინატალისტური იდეოლოგიის“ [ხედვა, რომელიც უარყოფითად აფასებს რეპროდუქციას] და „ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას“ .

ეს იყო კონსტიტუციით დაცული ჩემი აზრის თავისუფლებაში ჩარევა,“ – მიიჩნევს ნინი ტურიაშვილი. იგი სამოქალაქო ორგანიზაციის „ვეგან ჯორჯიას“ დამფუძნებელია.

დავუშვათ, აუცილებელია თვითგადარჩენის სწავლების დროს, მათ შორის მოზარდებისთვის ნანადირევის დამუშავების სწავლება, მაგრამ რამდენად სწორია განსხვავებული მოსაზრების გამო დაატოვებინო წევრს საზოგადოებრივი ორგანიზაცია? – ვკითხეთ „აისის“ წარმომადგენელს. 

„ჩვენთან კონტრაქტი არ ფორმდება, დაახლოებით კლუბური სისტემაა… მას [ნინი ტურიაშვილს] აღარ აქვს წვდომა ფეისბუქჯგუფზე, სულ ესაა.

ჩემი განმარტება ეს არის:

„გარისამ“ სწავლება ჩაუტარა ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, მშობლების თანხმობით, როგორ უნდა დაამუშაო კურდღლის ტყავი, ეს აუხსნეს და აჩვენეს მოსწავლეებს… მას [ნინი ტურიაშვილი] შეიძლება რაღაც არ მოეწონა და ეს ღიად დააფიქსირა, მაგრამ ყველა მეთოდით დაიწყო ამ ორგანიზაციის, „გარისას“ გაშავება, დარეპორტება. ეს რა გამოდის?!“ – უთხრა გიორგი ნაზღაიძემ „ბათუმელებს“.

ნინი ტურიაშვილი ამბობს, რომ „აისი“ სოლიდარობის ნიშნად 10-მდე წევრმა საკუთარი სურვილით დატოვა. იგი „აისთან“ უთანხმოების სხვა მიზეზებზეც საუბრობს:

„ჩემს პირად მიმოწერაში გიორგი ნაზღაიძესთან იყო არაპირდაპირი, განმეორებადი ზეწოლა და პასუხის მოთხოვნა კითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება მქონდა შვილის ყოლაზე. კონსტიტუციით და ევროპული კონვენციით, დაცულია ქალის რეპროდუქციული უფლებები, პირადი ფილოსოფიური შეხედულებების გამჟღავნების იძულება აკრძალულია.

იდეოლოგიურად ვეწინააღმდეგები ძლიერის მხრიდან სუსტის ჩაგვრას. მჯერა, რომ რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს კურსი ევროპულია, მოქალაქეებს კი, თავდაცვის უნარის გაუმჯობესება გვმართებს. ამასთან, მაქვს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული ეთიკური მოსაზრება – მჯერა, რომ ცხოველთა ჩაგვრა არასწორია, ქალს კი საკუთარ სხეულზე ავტონომია გააჩნია,“ – ამბობს ნინი ტურიაშვილი. ის ასევე დასძენს, რომ „აისის“ კურსზე ლექციებზეც ისმოდა საჯარო მოწოდებები გამრავლებაზე.

რა გვითხრა ამავე საკითხზე გიორგი ნაზღაიძემ:

„ცნობილი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში მიგრაცია და დაბალი შობადობა. ვუხსნით ჩვენს კურსდამთავრებულებს, წევრებს, რომ ოჯახური ღირებულება, ოჯახი, ბავშვი და ასე შემდეგ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია. როდესაც ეს საკითხი დავაყენე პრეზენტაციაზე, ამ გოგონამ თქვა, რომ ანტინატალისტია და არაა გამართლებული მორალურად ბავშვების ყოლაზე საუბარიო.

ეს არის იდეოლოგიური აცდენა და ეს ვუთხარით ამ ადამიანს, თუ ასეთ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით, რაც არის ჩვენი ღირებულება, ვერ ვითანამშრომლებთ-მეთქი,“ – თქვა „ბათუმელებთან“ გიორგი ნაზღაიძემ.

ნინი ტურიაშვილის თქმით, მისი საქმის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველმა.

_______________

მთავარ ფოტოზე: ნინი ტურიაშვილი/facebook

ბათუმის მერია საპატრიარქოს მეორად ქვაფენილს უსასყიდლოდ გადასცემს

ბათუმის მერია საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ 3 300 კვადრატულ მეტრ ქვაფენილს გადასცემს მუდმივ სარგებლობაში. ქონების გადაცემის საკითხს ქალაქის საკრებულო 2026 წლის 22 აპრილს სხდომაზე განიხილავს.

საკრებულოს განკარგულების პროექტი და განმარტებითი ბარათი მერიამ მოამზადა. პროექტის მიხედვით საპატრიარქოს „მეორადი ქვაფენილი“ მუდმივ სარგებლობაში გადაეცემა აჭარაში მდებარე ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოსაწყობად. კონკრეტულად:

800 კვ.მ. – სოფელ ზემო აგარის (მტირალას მთის) ჯვართამაღლების სახელობის ტაძრისა და მონასტრისათვის;

250 კვ.მ. – სოფელ ქობულეთის წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძრისათვის;

800 კვ.მ. – სოფელ აჭყვისთავის აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისათვის;

1200 კვ.მ. – ბათუმის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძრისათვის;

250 კვ.მ. – განთიადის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრისათვის.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეკლესია/მონასტრების ეზოებისთვის მეორადი ქვაფენილის გადაცემაზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივნის წერილი ბათუმის მერიაში 2026 წლის 10 მარტს შევიდა.

„მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი არაა მუნიციპალიტეტის ქონება სარგებლობაში გადასცეს უშუალოდ ეკლესია/მონასტრებსა და გიმნაზიას.

ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, შესაბამისი მომართვის შემთხვევაში მუდმივ სარგებლობაში გადასცეს სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“…

შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მოთხოვნილი მეორადი ქვაფენილები [3300,00 კვ.მ.] ეკლესია/მონატრების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით მუდმივ სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცეს სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“. – წერია განმარტებით ბარათში.

განმარტებით ბარათში არ არის მითითებული, თუ რა ღირებულებისაა საპატრიარქოსთვის მუდმივ სარგებლობაში გადასაცემი ქონება. თუმცა, 3 წლის წინანდელი ფასი რომ ავიღოთ, ამ ქონების ღირებულება მინიმუმ 132 ათასი ლარია. საქმე იმაშია, რომ სამი წლის წინ მერიას 1 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი 40 ლარად ჰქონდა შეფასებული.

უცნობია, მერია საპატრიარქოს ქვაფენილს საკრებულოს მიერ საკითხის განხილვის შემდეგ გადასცემს, თუ უკვე გადასცა, რადგან, მაგალითად, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მერიამ ქვაფენილი ჯერ აყარა და შემდეგ შეუთანხმა ეს საკითხი საკრებულოს.

ამ თემაზე ვრცლად: უკანონო სამუშაოების დაკანონება – როგორ „აგვარებს“ ბათუმის მერია აბაშიძეზე ქვაფენილის აყრის საკითხს

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.

შესაბამისად, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მერია საპატრიარქოს ქვაფენილს უსასყიდლოდ გადასცემს.

ამ თემაზე:

ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს – მინიმუმ 300 ათასი ლარის ქვაფენილი

 

„სკამზე გავათენებთ, ბავშვების სიცოცხლეზეა საუბარი“ – დედის ბრძოლა შვილის წამლისთვის

თამარ კოხოძე ორი შვილის დედაა. ამჟამად მესამე შვილს ელოდება. ფეხმძიმე ქალი ქუთაისიდან უკვე ყოველდღე დადის თბილისში იმისთვის, რომ მისი 7 წლის შვილის, გაბრიელის სიცოცხლე გადაარჩინოს.

7 წლის გაბრიელს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს. მისი მკურნალობისთვის საჭიროა მედიკამენტი, რომელიც საქართველოში არ იყიდება. ასამდე მშობელი ორ წელზე მეტია სახელმწიფოს სთხოვს შემოიტანონ წამალი, რადგან მედიკამენტი ძვირადღირებულია და ოჯახები მის შეძენას ვერ ახერხებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო კი არ რეაგირებს. დუმს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც. უფრო მეტიც, მშობლებს, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გადასარჩენ წამალს ითხოვენ, პროტესტს უზღუდავენ. „ხმა არ ამოიღოთო, გვითხრა მინისტრმა“ – ამბობს თამარ კოხოძე.

მშობლები, რომლებიც 24-საათიანი პროტესტის რეჟიმზე გადავიდნენ, არ აძლევენ მთავრობის კანცელარიასთან კარვების დადგმის უფლებას. „ტურისტები შეწუხდებიან და ვერ დადგამთო. სკამზე დავჯდები და ისე გავათენებ ღამეებს ჩემს შვილისთვის“ – ამბობს თამარ კოხოძე.

თამარ კოხოძე

თამარი ოჯახთან ერთად 2023 წელს საფრანგეთში წავიდა, რომ შვილისთვის ემკურნალა. თუმცა, როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, უკან დაბრუნება მოუხდათ, რადგან საფრანგეთში წამლის დაფინანსება უარი უთხრეს.

„ნეკერის კლინიკაში ვიყავით, სადაც იშვიათ დაავადებებზე მუშაობენ. 8 თვის შემდეგ ექიმმა გვითხრა, რომ სამწუხაროდ ვერ მოგცემთ ამ მედიკამენტს, რადგან ძალიან ძვირია და ის მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეებისთვის გვაქვსო.

წადით, მოთხოვეთ თქვენს ქვეყანას, რადგან გადავხედეთ თქვენი ქვეყნის მონაცემებს და აქვს თქვენს ქვეყანას რესურსი, რომ აიღოთ ეს მედიკამენტიო. დავბრუნდით და უკვე წელიწადნახევარია ბრძოლის რეჟიმში ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, არანაირი გამოხმაურება არ არის მთავრობის მხრიდან.

ძალიან უხეშად გვექცევიან. ახლა პაპუაშვილი გამოვიდა და თქვა, დაფიქრდნენ მშობლები რა წამალს ითხოვენო, თითქოს ჩვენ არ გვქონდეს გააზრებული რას ვითხოვთ და არ ვიცოდეთ, რომ ეს წამალი უკეთეს მდგომარეობას მოუტანს ჩვენს შვილებს.

1%-ი უკუჩვენება ნებისმიერ წამალს აქვს. სიცხის დამწევსაც აქვს უკუჩვენება. კოვიდი რომ იყო, იმ ვაქცინას არ ჰქონდა უკუჩვენება? ხომ შემოიტანეს.

დღეს რასაც იღებენ ჩვენი შვილები, თუნდაც იმ ჰორმონს, გაცილებით მეტი აქვს უკუჩვენება, ვიდრე იმ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც ვითხოვთ.

ან საერთოდ რა მოსატანია უკუჩვენება, როცა ბავშვების სიცოცხლეზეა საუბარი. საქართველოს მოქალაქეები იღებენ ამ მედიკამენტებს საზღვარგარეთ და აქვთ ძალიან კარგი შედეგი. მაგალითად, ბავშვი, რომელიც ამერიკაში წაიყვანეს მშობელმა, ახლა დამოუკიდებლად დადის. ფულის დახარჯვა და ჩვენი შვილების გადარჩენა ან სიცოცხლის გახანგრძლივება არ უნდათ, ეს არის უბრალოდ მიზეზი“ – ამბობს თამარ კოხოძე.

მისი თქმით, თუ ბავშვებს ადრეულ ეტაპზე დაეხმარებიან, მათი მდგომარეობა ბევრად უმჯობესდება. დაავადება არ პროგრესირებს, ეტლში მყოფ ადამიანებს კი სიცოცხლეს უხანგრძლივებს ეს წამალი.

„ხომ იძახიან ევროპას ვუსწრებთ ეკონომიკით, ვვითარდებითო, მაშინ მოგვხედონ და შემოიტანონ წამალი ჩვენი შვილებისთვის.

გაბრიელს უკვე უჭირს გადაადგილება, ფეხების ტკივილი აქვს. თანატოლმა რომ ხელი ჰკრას, შეიძლება დიდი ტრავმა მიიღოს. ამის გამო სკოლაში ვერ დაგვყავს, საზოგადოებაში ვერ გაგვყავს, ვერ ადაპტირდება.

სახელმწიფო ვალდებულია მიხედოს ნებისმიერ მოქალაქეს, ჯანდაცვის მინისტრმა კი ის გვითხრა, თქვენ რომ დაგეხმაროთ, სხვაც მოითხოვს მერე წამალსო. ემპათიისგან და ადამიანობისგან რომ საერთოდ შორსაა ეს მთავრობა ვხედავთ, მაგრამ ისიც კი გვითხრეს, არც კი გაბედოთ ხმის ამოღება, ჩუმად იყავით მშობლები, ნუ ხმაურობთო. ჩვენ, განწირულ დედებს არ გვაინტერესებს წამალი ძვირია თუ არა“-ამბობს თამარ კოხოძე.

მისი თქმით, სამინისტროს არც წამლის შემოტანა უნდა ბავშვებისთვის და არც იმ გეგმიური კვლევების დაფინანსება, რომელიც აუცილებელია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის.

„მულტიდისციპლინური გუნდიც კი არ ჩამოუყალიბებიათ ამ ბავშვებისთვის. წელიწადში ორჯერ კვლევები სჭირდებათ, პათოლოგიები, რომ არ გამოგვეპაროს. კუნთი ყოველდღე იცვლება და იშლება, ამიტომ აუცილებელია ეს კვლევები. თითო ჩამოსვლა თბილისში 2000 ლარი მიჯდება, ყველას ხომ არ აქვს ამის საშუალება?

ამასაც კი არ გვპირდებიან, რომ გაგვიკეთებენ. არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან. თან უნდა გაჩუმდე თურმე“ – ამბობს თამარ კოხოძე.

მშობლების საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან ერთი კვირაა მიმდინარეობს და გრძელდება დღესაც, 20 აპრილს.

„პოლიციის კორდონი გვიდგას წინ და იცავენ მთავრობას, ჩვენ არ გვიცავენ. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი“- ამბობს თამარ კოხოძე.

საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ასამდე ბავშვი და მოზარდია. ბოლო დრომდე არ არსებობდა მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადების პროგრესს შეაჩერებდა, ახლა კი საერთაშორისო ბაზარზე არსებობს მედიკამენტი, რომელიც ხელს უშლის დაავადების განვითარებას და დაავადების საწყის ეტაპზე მკურნალობის დაწყების შემთხვევაში, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს.

მშობლები ამბობენ, სანამ მათი შვილები არ მიიღებენ წამალს, პროტესტი არ შეწყდება.

მშობლების პროტესტი:

„მზიას ეფექტი – როგორ შეგვცვალა მზია ამაღლობელის საქმემ“ – შეხვედრა თბილისის წიგნის ბაზრობაზე

24 აპრილს, პარასკევს, 16 საათზე, თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი სცენა მზია ამაღლობელის შესახებ დისკუსიასა და შეხვედრას დაეთმობა.

შეხვედრის ორგანიზატორი „სინათლე მედიაა“. 

შეხვედრის მოდერატორია თამარ რუხაძე, მონაწილეები: ნანა კვაჭაძე [„ბათუმელები“/ნეტგაზეთი], ზურა ვარდიაშვილი და ლიკა ზაკაშვილი [„პუბლიკა“].

„მზია ამაღლობელის საქმე ცხადად აჩვენებს, როგორ ექცევა სისტემა თავისუფალ მედიას, ჟურნალისტებს და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებს. მზიას საქმე ასევე ააშკარავებს, თუ როგორ ეშინია სისტემას წესიერების, სიმამაცის და თავისუფლების იდეისადმი ერთგულების.

მზია ამაღლობელის დაკავება და პატიმრობა გარდამტეხ მომენტად იქცა დამოუკიდებელი ქართული მედიისთვისაც. მის მრავალშრიან გავლენას ერთ-ერთი მედიაკვლევის ავტორებმა „მზიას ეფექტი“ უწოდეს: მზიას პიროვნებამ, მისმა შეუდრეკელმა სიმტკიცემ გატეხა შიში, გამოიწვია უპრეცედენტო სოლიდარობა და შექმნა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში.

ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ შეიქმნა ეს ერთიანი წინააღმდეგობა, როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, რედაქტორებზე, მედიამენეჯერებზე მზიას საქმის, მისი მაგალითის გავლენის გაერთიანებული შედეგი; როგორ გარდაქმნა მზია ამაღლობელმა გამიზნული „მსუსხავი ეფექტი“ მედიის პროფესიულ და მორალურ ვალდებულად – „იბრძოლო,  სანამ გვიანი არ არის“ – ნათქვამია პრესრელიზში.

მზია ამაღლობელი გამოცემების  – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 15 თვე რჩება უკანონო პატიმრობაში.

2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

ანაპასთან ჩაღვრილმა ნავთობმა შესაძლოა საქართველოს სანაპიროს მოაღწიოს – კომენტარი

შავ ზღვაში 7 აპრილს ჩაღვრილი ნავთობი შესაძლოა საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს.

„თუ აღმოსავლეთიდან შავი ზღვის ტიპიური დინება არ ფორმირდა და არ გაძლიერდა (ბოლო პერიოდში ის პირიქით მოძრაობდა), ლაქა საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთს მიაღწევს.

ლაქის დრეიფის სიჩქარეა 3-3.5 მ/წამში, პერიოდულად – 5 მეტრი წამში, ანუ დაახლოებით 10-12 კილომეტრი საათში.

საქართველომდე მოღწევას (დისტანცია 105 კილომეტრია) ამ მოცემულობით ხვალისთვის უნდა ველოდოთ,“ – ამბობს ბიოლოგიის დოქტორი, იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე.

ნავთობპროდუქტები შავ ზღვაში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩაიღვარა რუსეთის ქალაქ ანაპასთან. ნავთობით ზღვის დაბინძურების სავარაუდო გამომწვევია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი „სოფია“.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 350 ტონამდე ნედლი ნავთობი მოხვდა შავ ზღვაში.

„ეს ძალიან დიდი, კატასტროფული ოდენობაა, ამხელა ნავთობის ზღვაში მოხვედრა. თანამგზავრული გამოსახულებებით დადგინდა, რომ ანაპის აკვატორიაში მოხდა ჩაღვრა. პირველსავე დღეებში ლაქის ფართობმა მიაღწია 200 კვადრატულ კილომეტრამდე, რაც ძალიან დიდი ფართობია.

შემდგომ დაიწყო ნავთობის ლაქამ გავრცელება. ერთი ნაწილი უტრიშის ნაპირებთან (ანაპის რაიონი) გაირიყა, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა.

უტრიში არის ნაკრძალი, დაცული ტერიტორია. გამოირჩევა თავისი უნიკალური მრავალფეროვნებით, მათ შორის ეს ადგილი მნიშვნელოვანია თევზების ბიომრავალფეროვნების და ზღვის ძუძუმწოვრებისთვის. მოკლედ, შავ ზღვაში ერთ-ერთი გამორჩეული ცხელი წერტილია ბიომრავალფეროვნების კუთხით.

იქ ამხელა ოდენობის ნავთობის ჩაღვრა არის ძალიან მძიმე შავი ზღვის ეკოსისტემისთვის.

ანაპის შემდეგ ნავთობის ლაქამ დაიწყო დრეიფი შავი ზღვის აღმოსავლეთით, ანუ ჩვენი მიმართულებით.

ეს გარკვეულწილად უჩვეულოა, რადგან ყველას კარგად მოეხსენება შავ ზღვაში გაბატონებული დინება როგორია.

ჩვენთან დინება მოძრაობს აღმოსავლეთ ნახევარში, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. მაგრამ ბოლო პერიოდში დავინახე, რომ დინება უკუღმა იყო შემობრუნებული შავ ზღვაში. ეს ძალიან კარგად ჩანდა ბათუმიდანაც, ბინძური ზღვა მდინარესავით მიედინებოდა უკუმიმართულებით. როგორც ჩანს, ამან გავლენა იქონია,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელებთან“

19 აპრილის მონაცემებით, ჩაღვრილი ნავთობის ერთი ნაწილი, დაახლოებით 7 კილომეტრი სიგრძით და 1.5 კილომეტრი სიგანით, ტუაფსეს [ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში] სანაპიროს მიუახლოვდა.

„დინების და ქარის მეშვეობით მოიწევს აღმოსავლეთით. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩაღვრის ადგილიდან ტუაფსემდე 200 კილომეტრზე მეტია.

წარმოიდგინეთ, რომ 200 კილომეტრი ამ ლაქამ აღმოსავლეთით, ანუ ჩვენი მიმართულებით უკვე გამოიარა და დარჩა გამოსავლელი კიდევ 100-105 კილომეტრი, რომ მოაღწიოს ჩვენს ნაპირებთან. მე ვგულისხმობ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს, აფხაზეთის უბანს.

ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ იქამდე მოაღწევს, ეს იქნება კატასტროფა მთელი ჩვენი ზღვისპირეთისთვის. სატელიტური ფოტოებით რაც გავთვალეთ, ნავთობის ლაქას ჩვენს სანაპირომდე მოსაღწევად დაახლოებით 10 საათი დასჭირდება, რა თქმა უნდა, თუ ამ მიმართულებით იდრეიფა,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

არჩილ გუჩმანიძე

ის იმედოვნებს, რომ შავ ზღვაში აღმოსავლეთის დინება ფორმირდება, შედეგად ნავთობის ლაქის ბლოკირება მოხდება და მანამ გაირიყება ნაპირზე, სანამ საქართველოს ტერიტორიას მოაღწევს.

„სავარაუდოდ, გარიყვის ადგილი იქნება სოჭის რაიონი. ყველაფერი ისე რომ დამთავრდეს, რომ ჩვენს ნაპირებს არ შეეხოს, გავლენა შავი ზღვის ეკოსისტემაზე მაინც ძალიან დიდი იქნება, რადგან მნიშვნელოვანი სანაპირო უბანია, გამორჩეული თავისი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით. ეს სანაპირო უბანი დიდ როლს ასრულებს თევზების მარაგების, მაგალითად, ქაფშიის მარაგის ფორმირებაში.

ეს არის ქაფშიის სამიგრაციო გზა, ზუსტად იმ გზით მოდის ჩვენთან ქაფშია, რა გზაც ნავთობის ლაქამ გამოიარა.

თუმცა ამ გავლენას შესწავლა და სამეცნიერო კვლევები სჭირდება,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს სანაპიროს მოაღწევს ნავთობის ლაქა? – ვკითხეთ არჩილ გუჩმანიძეს.

„ჩვენი სანაპიროს აფხაზეთის უბანი დაახლოებით 200 კილომეტრია. ამის შემდგომ არის უშუალოდ ის უბანი, რომელსაც დღეს საქართველო აკონტროლებს. თუ აქეთ წამოიღო, პირველ რიგში შეეხება ანაკლიას. მოგეხსენებათ, ანაკლიიდან 2-3 კილომეტრში სამხრეთით გვაქვს კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორი, დაცული ტერიტორია. რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი უბანი ჩვენი ბიომრავალფეროვნებისთვის, განსაკუთრებით ზუთხისებრი თევზებისთვის, რომლის ყველა სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, ასევე შეტანილია მსოფლიო წითელ ნუსხაში.

გარდა ანაკლიის უბნისა, მნიშვნელოვანია ოჩამჩირის და გუდაუთის უბნები, როგორც ზუთხისებრი თევზებისთვის, ისე ზოგადად შავი ზღვის ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მისი თქმით, ხვალ, 21 აპრილს, უფრო ნათელი გახდება, მოაღწევს ნავთობის ლაქა საქართველოს ტერიტორიამდე თუ ვერა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შავი ზღვა ნავთობპროდუქტებით ბინძურდება.

__________________________

მთავარი ფოტო: ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ანაპის პლაჟის დასუფთავება

ბათუმის ბულვარში მანქანით მოძრაობისთვის 20 მძღოლი დააჯარიმეს

20 პირი დააჯარიმეს ბათუმის ბულვარში ავტომანქანითა და მიკროავტობუსით გადაადგილების გამო.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაჯარიმებულები ბულვარში დაფიქსირებული ავტომანქანების მძღოლები არიან.

მძღოლები დაჯარიმდნენ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და 6/2 ნაწილით.

კერძოდ, ასკ-ს 125-ე მუხლის მე-13 ნაწილი გულისხმობს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომის დარღვევას, რაც იწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით.

ხოლო 125-ე მუხლის 6/2 ნაწილი, გულისხმობს გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევას. ამ დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

ვიდეო, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები ბათუმის ბულვარში 19 აპრილს, დაახლოებით 2:00 საათზე გადაიღო მოქალაქემ.

ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ მოძრაობენ ეს ავტომანქანები საპატრულო პოლიციის თვალწინ – საპატრულოს მანქანა იქვე, ბულვარის ერთ-ერთ შესასვლელთანაა გაჩერებული.

რამდენიმე ავტომანქანას აქვს სასტუმროს და კაზინო „ბილიონერის“ ლოგო.

დღეს, 20 აპრილს, განცხადება გაავრცელა „ბათუმის ბულვარმაც“.

„ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა სამართალდარღვევის დაფიქსირება.

სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს გადაეგზავნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა აღნიშნული ავტომობილები და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – ყველა პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა,“ – განმარტა ბათუმის ბულვარმა.

ავტომანქანები ბათუმის ბულვარის პრომენადზე

ამავე თემაზე:

ავტომანქანები ბათუმის ბულვარის პრომენადზე [ვიდეო]

 

ავარია ბათუმში – დაიღუპა 70 წლის კაცი

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული პირი დაახლოებით 70 წლის იყო. ის ქვეითად გადაადგილდებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი.

საქართველოში ავარიების შედეგად დაღუპულთა რიცხვი საგანგაშოდ მაღალია. მაგალითად, გასულ წელს, მარტო 6 თვეში, საქართველოში 216 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად.

ამავე პერიოდში ავტოავარიაში დაშავდა 3816 ადამიანი.

____________

ამ თემაზე:

წელს ავტოავარიის შედეგად 216 ადამიანი დაიღუპა – ექვსი თვის მონაცემები

რუსეთიდან საქართველოში 592 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა – სამი თვის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2026 წლის პირველ კვარტალში [იანვარ-მარტში] საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 5,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი – 4,1 მილიარდ აშშ დოლარს.

2026 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან გატანილია:

ჩინეთში – 203.2 მლნ. აშშ დოლარი;
ყირგიზეთში – 190.9 მლნ. აშშ დოლარი;
რუსეთში – 145.5 მლნ. აშშ დოლარი.

აღნიშნულ პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 364.5 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 208.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 169.9 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყველაზე მეტი პროდუქცია შემოტანილია:

თურქეთიდან – 657.3 მლნ. აშშ დოლარი;
რუსეთიდან – 592.5 მლნ. აშშ დოლარი;
ჩინეთიდან – 487.6 მლნ. აშშ დოლარი.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 632.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15.3 პროცენტი შეადგინა.

მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 338.6 მლნ. აშშ დოლარით [მთელი იმპორტის 8.2 პროცენტი], ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 204.1 მლნ. აშშ დოლარით [მთელი იმპორტის 4.9 პროცენტი].

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან რუსეთში გატანილ პროდუქციას შორის ყველაზე მეტი იყო ღვინო, სპირტიანი სასმელები და წყალი [მინერალური და მტკნარი], ხოლო რუსეთიდან საქართველოში იმავე პერიოდში შემოტანილი პროდუქციიდან ყველაზე მეტი იყო ნავთობპროდუქტები და ხორბალი:

წყარო: საქსტატი

საქსტატი ცალკე აქვეყნებს მონაცემებს ადგილობრივი ექსპორტის შესახებ [ეს არის ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე].

ამ შემთხვევაში გამოქვეყნებულია მიმდინარე წლის მხოლოდ 2 თვის, ანუ 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები.

ამ მონაცემებით კი, აღნიშნულ ორ თვეში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ [არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე] 1 მილიარდ 26 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.9 პროცენტით მეტია გასული წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტის კუთხით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი [143.9 მლნ. აშშ დოლარი], რუსეთი [84.9 მლნ. აშშ დოლარი] და თურქეთი [76.1 მლნ. აშშ დოლარი].

საქსტატის ამავე მონაცემებით მიმდინარე წლის 2 თვის ადგილობრივ ექსპორტში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 125.6 მლნ. აშშ დოლარით.

მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 88.1 მლნ. აშშ დოლარით; ხოლო მესამე ადგილს იკავებს თხილი და სხვა კაკალი 34.2 მლნ. აშშ დოლარით.

____________________

ფოტოზე: რუსეთ-საქართველოს საზღვარი, ლარსი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA//ZURAB KURTSIKIDZE

ამ თემაზე:

რუსეთი უკვე EU-ში გაწევრიანების გამოც ემუქრება საქართველოს – ინტერვიუ რუსეთში ყოფილ ელჩთან

ბათუმში ორი პირი დააკავეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი.

დაკავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი – უცხო ქვეყნის.

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და დადეს ერთგულების ფიცი, ეგრეთ წოდებული „ბაიათი“, რაც ასახეს ვიდეოფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს. რითაც უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ. ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა შეერთებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს”, – აცხადებენ სუს-ში.

უწყების თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმ-ბარათები, მობილური ტელეფონები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტაცია და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები.

სუს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„საწვავის ფასი გარბის და მგზავრობის ტარიფი იგივე დარჩა“ – ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სამგზავრო ტარიფების გაზრდა და საკომისიოების შემცირება მოითხოვეს. აქციაში სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული ტაქსის მძღოლები მონაწილეობდნენ.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ტარიფების გადახედვა. საწვავი გაძვირდა, მგზავრობის ტარიფი იგივე დარჩა. ერთი მგზავრობის საფასური ერთი ლიტრი საწვავის საფასურს მაინც უნდა გვიტოვებდეს.

აქ არიან ადამიანები, რომლებიც „ბოლტზეც“ მუშაობენ, „მაქსიმზეც“ და „იანდექსზეც“. თუ ადრე, ვთქვათ, 30 ლარის საწვავი გჭირდებოდა დღეში, ახლა 40-45 ლარის საწვავი გვჭირდება.

2.60 ლარია ერთი მგზავრობა, ამიტომ, ტარიფები ისე უნდა დადგინდეს, რომ ხალხიც კმაყოფილი იყოს და კომპანიაც. საწვავი გარბის და რაღაც მისაღებ ტარიფზე უნდა შევჯერდეთ. თუ არა, მაშინ გავჩერდებით“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი ფეიზიშვილმა.

ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მიმართეს თუ არა კომპანიების წარმომადგენლებს, ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ კომპანიებს ადგილზე არ აქვთ ოფისები, თუმცა ელექტრონული კომუნიკაციისას დამსაქმებლებისგან პასუხს ვერ იღებენ.

„სმს-ზე პასუხს 24 საათი სჭირდება ხშირ შემთხვევაში. ყველა აპლიკაციას რობოტ-ჩატი აქვს დაყენებული და ეს რობოტი გვწერს. 3-4 კილომეტრზე 2.60 ლარს წერს და აქედან 23,4% მიაქვს კომპანიას და ხშირ შემთხვევაში, ისეთი საკომისიო აქვს, რომ ჩვენც ვერ ვთვლით.

ბათუმის აეროპორტიდან რომ კოპიტნარის აეროპორტში ჩავიდეთ, 30 ლარი გვრჩება. აქ, ძალიან ბევრს, ავტომანქანები სესხით აქვთ ნაყიდი და ზოგიერთი ერთი შემომტანია ოჯახში. 44 შეკვეთაში 180 ლარს რომ აკეთებს, აქედანაც 30% „ბოლტს“ მიაქვს და 100 ლარის საწვავი სჭირდება.

გასაგებია, რომ საწვავი ყველგან გაძვირდა, რადგან მსოფლიოში ომია, მაგრამ ჩვენც არ უნდა დავზარალდეთ“ – ამბობს ბექა ცინცაძე.

ტაქსის მძღოლების თქმით, რადგან კომპანიებთან კომუნიკაციის სხვა ფორმა არ არსებობს, ამიტომ გამართეს აქცია. მათი თქმით, ქვეყანაში ყველაფრის ტარიფი გაიზარდა, ამიტომ ტაქსის მომსახურების ტარიფიც უნდა გაიზარდოს.

_________________

ფოტოზე: კადრები მძღოლების აქციიდან, 2026 წლის 20 აპრილი

ბათუმში ახალდაგებული ასფალტი ჩავარდა – რას ამბობს მერია

ბათუმში, რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩების კუთხეში, სადაც ცოტა ხნის წინ ქვაფენილი აყარეს და ასფალტი დააგეს, გზა ჩავარდა და ავტომანქანა ჩაიყოლა.

სამუშაოებს კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს.

ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამაა.

26 მაისის ქუჩაზე ჩავარდნილი მანქანა ამწეს საშუალებით ამოიტანეს.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ჩავარდა ასფალტი, „ბათუმელებმა“ ეს კითხვა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელს ბაქარ ჩიტაიას დაუსვა.

„ბათუმის წყლის მილი დაზიანდა, რომელმაც დააზიანა გზის სავალი ნაწილი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბაქარ ჩიტაიამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

კითხვაზე, სანამ გზის რეაბილიტაციას დაიწყებდნენ და ასფალტს დააგებდნენ, იქნა თუ არა შესწავლილი 26 მაისის ქუჩაზე არსებული მდგომარეობა და განხორციელდა თუ არა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ბაქარ ჩიტაიამ უპასუხა:

„კომუნიკაციები შეიცვალა, გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა, მაგრამ მოხდა ტექნიკური დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სავალი ნაწილის დაზიანება“.

ბათუმში, რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩების კუთხეში ახლადდაგებული გზა ჩავარდა და მანქანა ჩაიყოლა

26 მაისის ქუჩაზე მიმდინარე წლის 17 მარტამდე ქვაფენილი იყო დაგებული.

ბათუმის მერიამ ქუჩის რეაბილიტაცია 18 მარტს დაიწყო.

ქუჩაზე ჯერ ქვაფენილი აყარეს, შემდეგ კი ასფალტი დააგეს.

20 აპრილს კი ახსლდაგებული ასფალტი ჩავარდა. 

26 მაისის ქუჩის ეს მონაკვეთი იმ 15 ქუჩას შორისაა, რომელთა რეაბილიტაციისათვის ბათუმის მერია ჯამურად 5 649 994 ლარს ხარჯავს.

ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი 2009“-სთან მერიამ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 28 იანვარს გააფორმა.

„ბონდი-2009“ ბათუმში 2009 წელს რეგისტრირებული კომპანიაა.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის წილებს [თითოეული 25%-ს] ფლობენ: ბადრი ჭაღალიძე, ოთარ ფუტკარაძე, ნუკრი დოლიძე და დავით დევაძე. კომპანიის დირექტორია მამუკა დოლიძე.

კომპანიის ოთხი დამფუძნებლიდან სამი „ოცნების“ შემწირველია.

ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას“ 2021-2025 წლებში ჯამში 207 ათასი ლარი შესწირა, დავით დევაძემ [2023-2025 წლებში] – 170 ათასი ლარი, ხოლო ნუკრი დოლიძემ [2021-2025 წლებში] – ჯამში 228 ათასი ლარი.

ამასთან, ნუკრი დოლიძის შვილი, ლევან დოლიძე ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია [„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარული სიით]. ასევე არის საკრებულოს ფრაქციის – „ევროპელი სოციალისტების“ წევრი.

განახლება:

ახალდაგებული ასფალტის ჩავარდნის გამო განცხადება გაავრცელა ბათუმის მერიამ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„26 მაისის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა 355 მმ დიამეტრის მილი. წყლის ამოხეთქვის შედეგად დაზიანების ადგილზე მიწის მასა ჩაიშალა, რამაც იქ მდგომი ავტომობილის ჩავარდნა გამოიწვია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილის დაზიანების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპანია „ბათუმის წყალი“ ზარალს აანაზღაურებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების შედეგად წყალმომარაგება არ შეზღუდულა.

პირველადი ინფორმაციით, ფაქტი არ უკავშირდება 26 მაისის ქუჩაზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რეაბილიტაცია არ მოიცავდა წყალმომარაგების მილების განახლებას. დაზიანების გამომწვევ საბოლოო მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს“, – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

ჯგუფურად ცემა, დარბევა, წამება – საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა 2024 წლის აქციების საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს.

საია საჩივარში ამტკიცებს, რომ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა.

ასევე, საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, არამედ, ეს არის ძალაუფლების სასტიკი ბოროტად გამოყენება, რომელიც მიმართული იყო პრო-ევროპული პროტესტების ჩახშობისკენ და სცდება დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს (კონვენციის მე-17 მუხლი).

„საჩივრის მთავარი სტრატეგიაა, სასამართლომ დაინახოს და შეაფასოს, რა მოხდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს. კერძოდ, ეს არ იყო მხოლოდ ინდივიდუალური გადაცდომა ან არასათანადოდ ჩატარებული აქციის დაშლის ოპერაცია, არამედ, აქციის დარბევა იყო ორგანიზებული ძალადობა და საწყისი ათვლის ნიშნული იმ მწვავე ადამიანის უფლებების კრიზისისა, რომელიც სწორედ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არის ქვეყანაში შექმნილი. ამის გაკეთება სასამართლოს კონვენციის მე-17 მუხლისა და მის მიღმა, სხვა სადავო მუხლების ქვეშ არსებული არგუმენტაციის გათვალისწინებით შეუძლია“ – წერს საია. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მტკიცებულებებით დასტურდება ნიღბიანი ოფიცრების მიერ განხორციელებული მიზანმიმართული სისტემური წამება/არასათანადო მოპყრობა, კერძოდ:

  • აქციების დარბევის პარალელურად, როგორც წესი, სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა, ხშირად ჯგუფურად, შემდეგ კი გადაჰყავდა პოლიციის კორდონის მიღმა, მედიის კამერებისგან მოშორებით, სადაც ძალადობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა.
  • ძალადობა, როგორც წესი, გრძელდებოდა სპეციალურად მოწყობილ სადამსჯელო მიკროავტობუსებში. სპეცრაზმის წევრები, სპეციალური ხელთათმანების საშუალებით, ფეხით, ზოგ შემთხვევაში, კეტით ან სხვა ხელსაწყოს გამოყენებით, ჯგუფურად სცემდნენ მსხვერპლებს.
  • ფიზიკურ ძალადობას, როგორც დაკავების შემდეგ, ისე მიკროავტობუსში, თან ახლდა ნივთების წართმევა, შეურაცხყოფა, დამცირება და მუქარა, მათ შორის, გაუპატიურებით დამუქრება. როგორც წესი, სპეცრაზმელები მსხვერპლებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავისა და სახის არეში.
  • მიკროავტობუსში ცემის შემდეგ, რაც, ხშირად, რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, მსხვერპლებს გადასცემდნენ საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ისინი პოლიციის განყოფილებებში მიჰყავდათ და დაკავების შესახებ ყალბ ოქმებს აფორმებდნენ.
  • ხშირად, ფსიქოლოგიური ძალადობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობა გრძელდებოდა როგორც ტრანსპორტირების დროს, ასევე პოლიციის განყოფილებაში.

„ის, რომ ეს არ იყო ინდივიდუალური გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული სახელმწიფო სტრატეგია, დასტურდება მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის განმახორციელებელთა საჯარო დაჯილდოებითა და დამნაშავე ოფიცრების დაუსჯელობითაც“ – წერს საია და მიუთითებს, რომ დაუსჯელობას ხელს უწყობს გამოძიების პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევაც, მათ შორის:

ინსტიტუციურ დონეზე საგამოძიებო ორგანოს გაუქმება და საქმის პროკურატურისთვის გადაცემა,  დანაშაულზე არასწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმოება, მტკიცებულებების მოპოვებისთვის შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები და ა.შ.

საიას ცნობით, გასაჩივრებულია:

ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) (არსებითი და პროცედურული ნაწილი);

მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება);

მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-3 მუხლის არსებით ნაწილთან და მე-11 მუხლთან ერთობლიობაში;

მე-17 მუხლი (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა) და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების დაცვა).

___________________________

ფოტოზე: ბრიფინგი საიაში, 2026 წლის 20 აპრილი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 319 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 884 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 422 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 40 396 ერთეული [+72]
  • MLRS – 1 748 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 350 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 248 558 ერთეული [+1 427]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 549 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 90 571 ერთეული [+174]
  • სპეცტექნიკა – 4 132 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

შოიგუ ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ემუქრება, რა არის ევროპის პასუხი

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ურნები გვაქვს, მაგრამ ნაგვის გატანა არ ხდება“ – მოქალაქე ხელვაჩაურის სოფლიდან

„დიდი პრობლემაა ნაგვის მართვა – სოფელში ნაგვის ურნები განთავსებულია, თუმცა ნაგვის გატანა ფაქტობრივად არ ხდება, რის გამოც ტერიტორია  დაბინძურებულია და ეს საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობას,“ – მოგვწერეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ავგია ახალსოფლიდან.

მოქალაქე, რომელმაც „ბათუმელებს“ ნაგვის ურნების მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნა, საუბრობს იმაზე, რომ „გზის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“. მისი თქმით, სოფლის გზაზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულია ფეხით.

მოქალაქის თქმით, სარემონტო სამუშაოები ამ სოფელში 2025 წელს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრს. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

განახლებული ინფორმაცია: ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ ავგია ახალსოფელში გზის სარემონტო სამუშაოებს გზების დეპარტამენტი ახორციელებს, მისი შეჩერების მიზეზი კი არის წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გზის რეაბილიტაცია წყლის სისტემის გამართვის შემდეგ დასრულდება.

რაც შეეხება ნარჩენების გატანას: ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ნარჩენები სოფლებიდან ინტენსიურ რეჟიმში გააქვთ, ამ კონკრეტული სოფლის პრობლემას კი, დაუყოვნებლივ მიაქცევენ ყურადღებას.

297 ათასი ლარი ბათუმის გაფორმების კონცეფციისთვის – მერია ახალი წლისთვის ემზადება

ბათუმის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის თადარიგს უკვე იჭერს და ქალაქის გაფორმების ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 297 ათას ლარს დახარჯავს. ჯამში, საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის კი, ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ახალი კონცეფცია ქალაქის გაფორმებისთვის უნდა ითვალისწინებდეს როგორც არსებული საახალწლო აქსესუარების გამოყენებას, ასევე ახლის შეძენას.

ახალი კონცეფციის საფუძველზე უნდა მომზადდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც.

მომსახურებას მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2026 წლის 24 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება.

კონცეფცია და ხარჯთაღრიცხვა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მომზადდეს.

ტექნიკური დავალების მიხედვით ტენდერში გამარჯვებულს ევალება:

  • „შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში ქალაქ ბათუმის გაფორმების კონცეფციის შემუშავება [ახალი საშობაო-საახალწლო აქსესუარების შეძენით და არსებულის გამოყენებით], რომელიც შექმნის წინასადღესასწაულო ბათუმის საერთო ატმოსფეროში დადებით განწყობასა და კეთილსასურველ პირობებს როგორც ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისათვის;
  • შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, რომელიც საშუალებას მისცემს შემსყიდველ ორგანიზაციას, ოპტიმალურად განსაზღვროს, გაითვალისწინოს და დაგეგმოს მოსალოდნელი სავარაუდო ხარჯები;
  • საშობაო-საახალწლო გაფორმების ფარგლებში ქალაქში არსებული ზოგიერთი შენობის და ნაგებობის ფასადის, გზაგამყოფი ზოლის, ქუჩის, სკვერის [ან პრეტენდენტის შეხედულებისამებრ რომელიმე სხვა ელემენტის] დიზაინის შექმნა, სადაც გათვალისწინებული იქნება დეკორაციული და ილუმინაციის სისტემის ახალი განათებით გაფორმება;
  • საახალწლო სკულპტურების და მათი განთავსების ადგილების შერჩევა; საახალწლო გაფორმება უბნების მიხედვით;
  • ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული საახალწლო აქსესუარების ჩართვა საერთო კონცეფციაში და გამოყენება საშობაო-საახალწლო გაფორმებისას“.

ამასთან, მიმწოდებელი ვალდებული იქნება გაითვალისწინოს ბათუმის მერიის შენიშვნები, მითითებები და რეკომენდაციები.

მერიის გადაწყვეტილებით არ იგეგმება არსებული მთავარი საახალწლო ნაძვის ხის შეცვლა, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან 2022 წელს 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდეს.

„ყველა საშობაო-საახალწლო აქსესუარი, ეფექტური კონსტრუქცია, ილუმინაცია, სკულპტურა უნდა ქმნიდეს სადღესასწაულო ატმოსფეროს და სტილიზირებული უნდა იყოს დღესასწაულის თემატიკაში.

არსებული საშობაო-საახალწლო აქსესუარის ნახვა შესაძლებელია, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N257-ში, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ სატენდერო განცხადებაში“ – წერია ტექნიკურ დავალებაში

2026 წლის საახალწლო ღონისძიებებში ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯა. აქედან 1.3 მილიონზე მეტი ლარი – ბათუმში ახალი წლის ორგანიზებისთვის [მათ შორის 976 ათასი ლარი საახალწლო ნაძვის ხის და განათებების აწყობა-დაშლაში]. 428 ათასი ლარი კი – ჰონორარებში:

ამ თემაზე: ვინ რა ჰონორარი მიიღო 428 ათასი ლარიდან

ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში 3 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი. აქედან

  • 300 ათასი ლარი – საახალწლო დიზაინის/კონცეფციის შეძენა;
  • 999 ათას 200 ლარი – ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობების შესყიდვა;
  • 941 ათას 294 ლარი – ქალაქ ბათუმში, საშობაო-საახალწლო დღეებში [2026-2027 წელს] ქალაქის გაფორმების სამუშაოები;
  • 790 ათას 100 ლარი – ქალაქის საახალწლო-სადღესასწაულო ღონისძიებები [ორგანიზება/ჰონორარები].

 

მთავარი ფოტო: ევროპის მოედანი, ბათუმი, 2025 წლის დეკემბერი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

ავტომანქანები ბათუმის ბულვარის პრომენადზე [ვიდეო]

რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, პრომენადზე, სადაც ავტომანქანებით გადაადგილება აკრძალულია, უპრობლემოდ მოძრაობენ.

ავტომანქანების ბულვარში გადაადგილების ვიდეო 19 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე გადაიღო მოქალაქე ხათუნა ბერიძემ. ვიდეოში ჩანს, რომ ავტომანქანებს ბულვარში მდებარე რესტორან G 17-დან სტუმრები გამოჰყავდა.

ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ მოძრაობენ ეს ავტომანქანები საპატრულო პოლიციის თვალწინ – საპატრულოს მანქანა იქვე, ბულვარის ერთ-ერთ შესასვლელთანაა გაჩერებული.

რამდენიმე ავტომანქანას აქვს სასტუმროს და კაზინო „ბილიონერის“ ლოგო.

როგორ გადაადგილდებიან ავტომანქანები ბულვარის პრომენადზე? რატომ არ რეაგირებენ ამ შემთხვევაზე სამართალდამცველები?  – „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

ავტომანქანები ბათუმის ბულვარის პრომენადზე

 

პირადი ცხოვრების ვიდეოჩანაწერით დაზარალებულს სქესობრივ კავშირს აიძულებდა – პროკურატურა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.

პროკურატურის ვერსიით, „ბრალდებულმა მუქარის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეოჩანაწერები და მისი გამოყენების მუქარით, დაზარალებულს აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას და სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორცილებას,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 19 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით [პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და გამოყენება] და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით [სქესობრივი კავშირის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება]

Exit mobile version